Home Blog Page 30

“მე არ გამხარებია ტრამპის მოგება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი” – გია ნოდია

პოლიტოლოგი, გია ნოდია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტრამპის გამარჯვება არ გახარებია.

“მე არ გამხარებია ტრამპის მოგება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი და ის არ შეესაბამება ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას.
მაგრამ მე რას ვფიქრობ ტრამპზე, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რატომ მისცა მას ხმა ხალხმა.
ხოდა, ამაზე მოკლე პასუხი მაქვს:
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
სამწუხაროდ, ამერიკელმა დემოკრატებმა (ან
“ლიბერალებმა”, როგორც მათ ამერიკაში ეძახიან) ეს ვერაფრით გაიგეს. ამიტომ დაიმსახურეს, რომ ყავდეთ ტრამპი”.- წერს პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძრას ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძრას ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
“მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს “მუხრანის სავანეში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასევე, დაშავდა 2 ბენეფიციარი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. დაშავებულები, მიხეილ სარჯველაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.
მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი.
ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება,” – წერია განცხადებაში.

ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონდებათ

ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს 14 პირისთვის შესაბამისი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განიხილება დამატებით ათი პირის საკითხი.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ პირებს ფართები სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ არსებული საშინაო ვალის სანაცვლოდ უკანონდებათ, რასაც ისინი 1990-იან წლებში, შესაბამისი თანხის გადახდის მიუხედავად, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

„ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრები პირებიც წარმოადგენენ ერთ-ერთი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს და მათ უფლებამონაცვლეებს, რომელთა წინაშეც სახელმწიფოს საშინაო ვალი აქვს აღიარებული. აღნიშნულ მისამართზე კოოპერატივს უნდა ჩაბარებოდა 72-ბინიანი სახლი, რომლის ძირითადი ნაწილი აშენდა და მასში ცხოვრობენ ამავე კოოპერატივის წევრები ან მათი უფლებამონაცვლეები. მათ 1990-იან წლებში გადახდილი აქვთ შესაბამისი თანხაც, თუმცა წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ თავიანთ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონებას. ვაკის რაიონის გამგეობისა და ქონების მართვის სააგენტოს ერთობლივი მუშაობით, მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საშინაო ვალის სანაცვლოდ, აღნიშნულ პირებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცემათ ის საცხოვრებელი ფართები, რომელთაც ფაქტობრივად ფლობენ, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ასევე, აღნიშნული კორპუსები დაუსრულებელი იყო და ჩვენ ვაწარმოეთ ყველა საჭირო სამუშაო მათ დასასრულებლად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად და დარჩენილი პირებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხი მომდევნო მთავრობის სხდომებზე განიხილება.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა და მის შესასრულებლად თბილისის მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სრულად მოგვარდება.

„დავიწყეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ პირთა პრობლემის მოგვარება. ათეული წლებია, კონკრეტული ოჯახები ელოდებოდნენ ამ საკითხის მოგვარებას. 2017 წელს, როდესაც ქალაქის მერად ამირჩია მოსახლეობის უმრავლესობამ, მქონდა დაპირება, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა. 2 975 ოჯახი ფართებით უკვე დაკმაყოფილდა. დაახლოებით 600-მდე ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული საკითხი მთლიანად მოგვარებული იქნება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. მადლობა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძეს. მეც მიხარია ამ ოჯახების სიხარული და ბედნიერება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას სოციალურ ქსელში X ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას. ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა. მჯერა, რომ ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვა უნდა მოხდეს ურთიერთპატივისცემის, საერთო ინტერესებისა და, რაც მთავარია, ნამდვილი საკაცობრიო ღირებულებების საფუძველზე“, – წერს პაპუაშვილი.

https://x.com/shpapuashvili/status/1854116939192238346

ელისაშვილს ცოტა „გაექცა“, ეს შეთანხმებული გადაწყვეტილება პირველად მოსამართლეს უნდა გაეჟღერებინა -კახა კალაძე

ელისაშვილს „ცოტა „გაექცა“, ეს შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიც პირველად მოსამართლეს უნდა გაეჟღერებინა, ალეკო ელისაშვილმა გააცნო საზოგადოებას. ყველაფერი ცხადი და ნათელია, ვინ როგორ მოქმედებს და როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება თუნდაც ამ კონკრეტულ საქმეში, ამ კონკრეტული მოსამართლის შემთხვევაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ალეკო ელისაშვილის მიერ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების წინასწარ გაჟღერების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, დღეს ოპოზიცია სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება და პოლიტიკური შოუების მოწყობით არის დაკავებული.

„ეს არის პოლიტიკური შოუს ნაწილი, რასაც ვხედავთ. ამ ადამიანებს როგორმე უნდათ, რომ სახე შეინარჩუნონ თავიანთ ამომრჩევლებთან. ჯერ ხომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ, ცრუ კამპანია ჰქონდათ – ვიგებთ, ვიგებთო, აზეიმეს ამ ხალხს გამარჯვება და რეალურად ჩვენ როდიდან მოყოლებული ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა დამაჯერებლად და ამის თქმის საფუძველს ქმნიდა ხალხის განწყობა. მე ასეთი განწყობა არ მახსოვს 2012 წლიდან მოყოლებული, როგორიც იყო ამ არჩევნებზე. შესაბამისად, ის განცხადებები და ქმედებები, რასაც ვხედავთ, გამოწვეულია იმით, რომ არიან სასოწარკვეთილები და იმ რეალურ მდგომარეობაში, რასაც იმსახურებენ და რაც მათი ბუნებრივი მოცემულობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს, ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები -ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის აკავშირებს პარტნიორობა, რომელიც 800 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

„გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს. ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები. ჩვენ გვაკავშირებს ჩვენი ხალხის ნამდვილი პარტნიორობა, რომელიც აერთიანებს 800 მილიონ მოქალაქეს. მოდით, ერთად ვიმუშაოთ ძლიერ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე, რომელიც მათ სარგებელს მოუტანს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას, ვაფასებ „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომისადმი მის ერთგულებას, რომელსაც შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოახლოება -ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, მოუთმენლად ელოდება ძლიერი ამერიკის ეპოქას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ტრამპთან შეხვედრას, რათა განიხილოს აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში! მახსენდება ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულების გზები.

ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომისადმი გლობალურ საკითხებში. ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოახლოება. იმედი მაქვს, ჩვენ ამას ერთად განვახორციელებთ.

მოუთმენლად ველოდებით ძლიერი ამერიკის ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინისადმი შეერთებული შტატების განგრძობად ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას.

დაინტერესებულები ვართ, განვავითაროთ ორმხრივად სასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორივე ერისთვის. უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, ერთგულია ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით.

მოუთმენლად ველოდები, რომ პრეზიდენტ ტრამპს პირადად მივულოცო და განვიხილო უკრაინის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას -შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას.

„ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს მტკიცე ალიანსი და ისტორიული კავშირი აქვთ. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას. ევროკავშირი გააგრძელებს თავის კურსს სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად, როგორც ძლიერი, ერთიანი, კონკურენტუნარიანი და სუვერენული პარტნიორი, და დაიცავს წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სისტემას“, – წერს შარლ მიშელი.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

მოსამართლე ხუჭუამ დავალებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოსამართლე როდესაც ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, როგორიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში იხილა, ის მყარ მტკიცებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რათა ყველა ინსტანციას გაუძლოს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომელსაც სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

„ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როდესაც იღებ, ყველაფერი დაფუძნებული უნდა იყოს ფაქტებსა და მტკიცებულებებზე. შემდეგ, ყველამ ვიხილეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და როდესაც დეტალებში შევედით, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, დავალებით გაკეთებული. თუკი ადამიანებმა ნახეს ამ კონკრეტული მოსამართლის ოჯახის წევრების ვიდეოები, ყველაფერი ცხადი და ნათელია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როდესაც იღებ, ისეთი მყარი მტკიცებულებები უნდა გქონდეს, რომ ყველაფერმა ყველა ინსტანციას გაუძლოს, როგორც ვიცით, გასაჩივრებულია და დაველოდოთ, როგორი იქნება შემდეგი ინსტანციების გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მის მოლოდინებს საია-ს, ISFED-ის და სხვა ორგანიზაციების სარჩელებზე, თბილისის მერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ყველაფერი განიხილონ, რათა არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.

„თუ დააკვირდებით საჩივრების რაოდენობასაც და სტატისტიკასაც, 2020 წელს უფრო მეტი საჩივარი იყო, ვიდრე 2024 წელს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ შინაარსობრივად არაფრისმთქმელია. მაგალითად, ერთ-ერთ საჩივარში წერია, რომ ერთმა დამკვირვებელმა მეორე გადაკოცნა და ამაზე დაიწერა საჩივარი. ამ ტიპის საჩივარი ბევრია. რა თქმა უნდა, ყველაფრის განხილვა მოხდება. ჩვენ ასევე მზადყოფნა გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც 2020 წელს, ახლაც, თუ ვინმეს რაიმე სურვილი აქვს გადათვლის, თუ რაიმე კითხვები არსებობს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო დღეებში რადიკალების „პოლიტიკურ კინტაურს“ ვისმენთ, მათ აქვთ ერთადერთი მცდელობა, რომ ისევ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ -კახა კალაძე

რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, ცდილობს, ქვეყანაში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებს ჩრდილი მიაყენოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ  საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ სიცრუეს და ცდილობენ, თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ.

„არჩევნებთან დაკავშირებით ვისმენთ სიცრუეს, არასწორ განცხადებებს. რეალურად გაყალბების ფაქტები და მტკიცებულებები არ არსებობს. მათ აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანაში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებს რაიმე ჩრდილი მიაყენონ. ამაში ჩართულია რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ვისმენთ სიბინძურეს და სიცრუეს, თუმცა, ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ კონკრეტული ფაქტი წარედგინა პროკურატურისთვის ან საზოგადოებისთვის. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ბოლო დღეებში რადიკალების „პოლიტიკურ კინტაურს“ ვისმენთ. კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული. მათ აქვთ ერთადერთი მცდელობა, როგორმე სახე შეინარჩუნონ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ამ ადამიანებს მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდნენ, არჩევნებს ჩვენ ვიგებთო. საზოგადოებამ მათ მიანიჭა შესაბამისი ადგილი, რასაც იმსახურებენ. დღეს კი, მცდელობა აქვთ, ისევ თავიანთ ამომრჩეველს მოატყუონ. არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, იყო მრავალპარტიული, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა, მოსახლეობას კი შეეძლო, საკუთარი არჩევანი თავისუფლად გაეკეთებინა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს მტკიცებულებებთან დაკავშირებით, თბილისის მერის თქმით, ნამდვილად არსებობს ზეწოლისა და ბულინგის ფაქტები, რომლებსაც საგამოძიებო უწყება შეისწავლის.

„არსებობს ზეწოლისა და ბულინგის კონკრეტული ფაქტები, როგორც ამომრჩეველზე, ასევე დამკვირვებლებზე. როდესაც უკვე საარჩევნო უბნები იხურებოდა, ხმების დათვლა მიმდინარეობდა, იყო კონკრეტული მუქარები, შეურაცხყოფები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პასუხის გაცემა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას – ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მისი თქმით, ის ურთიერთობები, რაც აშშ-საქართველოს შორის არსებობს, გადატვირთვას საჭიროებს, თუმცა ქართველმა ხალხმა თავისი გასაკეთებელი თავად უნდა გააკეთოს.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ, ისევე, როგორც საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და მხარი დაუჭირა მშვიდობას, განვითარებას, კეთილდღეობას, ღირსეულ, ევროპულ მომავალს. აშშ-სთან ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. არაერთხელ გვითქვამს, რომ ის განცხადებები, რაც ბოლოს კეთდებოდა, არავისთვის იყო მისაღები. არსებული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ჩვენს გასაკეთებელს ვერც ამერიკა გააკეთებს, ვერც ევროპა, ქართველმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაატაროს და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას.

„რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს, ამერიკას თავისი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს თავისი. ევროპასაც აქვს თავისი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. არც ამერიკელი ჩამოვა აქ და გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არც ევროპელი. ქართველმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზეც, ქვეყნის განვითარებაზეც და არავის დავუთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თიბისის OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზში გამართულ სამიტში მიიღო მონაწილეობა

Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის – Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო.

სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის და ინდუსტრიის ლიდერები, დეველოპერები და ანალიტიკოსები დაესწრნენ, რომლებმაც API-ს მნიშვნელობაზე ისაუბრეს ინტელექტუალური, მასშტაბური და უსაფრთხო AI გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

კონფერენცია თიბისის ტექ. გუნდის წევრებისთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა

“ვფიქრობ, სამიტზე მიღებული გამოცდილება პროგრესული იყო, როგორც ჩვენთვის, გუნდისთვის, ისე – თიბისისთვის. მიღებული ინფორმაციითა და განხილული პროდუქტებით, შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი გუნდისა და ზოგადად, კომპანიის შემოქმედებითობა გავაუმჯობესოთ და მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ”, – ამბობს ირაკლი ბაკურაძე, თიბისის ტექ.გუნდის წევრი.

“ცოდნა, რომელიც API პროდუქტების მასშტაბის შესახებ შევიძინე, ფასდაუდებელია – უფრო ნათელი გახდა, რა მასშტაბებს შეიძლება მისწვდეს API პროდუქტები, თუ რამხელა პოტენციალი აქვს და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ის ჩვენთვის სასარგებლოდ”, –   ამბობს ელენე ჩოთალაშვილი, ტექ. გუნდის წევრი.

სამიტზე, თიბისის ტექ. გუნდის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტექნოლოგიურ სფეროში წარმატებული ადამიანები გაეცნოთ და ახალი კონტაქტები შეეძინათ. საქართველოში დაბრუნებული გუნდი პარიზში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების თიბისიში იმპლემენტაციისთვის მზად არის.

თიბისის ხელშეწყობა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში მხოლოდ ორგანიზაციული სტრატეგია არ არის – ეს კომპანიაში ინოვაციების დანერგვის პასუხისმგებლობაა. თანამშრომლების უნარების განვითარებაზე ზრუნვით, თიბისი ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია ქვეყანაში.

(R)