Home Blog Page 3

დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას – მიხეილ ყაველაშვილი

ქართული ენა ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი წინაპრები თავდადებით იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

აღნიშნული პოსტით იგი დედაენის დღეს ეხმიანება.

„1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ზუსტად 47 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება.

ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მდგომი ქართველი ხალხის ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულ ენას შეუნარჩუნა კონსტიტუციური სტატუსი, არამედ დიდი ბიძგი მისცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილის მიმართ.

დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას.

ჩვენი ვალია, ერთობლივი ძალისხმევით ვიზრუნოთ წინაპრების დანატოვარი მემკვიდრეობის დაცვაზე და ამით განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, – წერს ყაველაშვილი.

14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.

პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

დღეიდან ვნების კვირა დაიწყო – რა უნდა ვიცოდეთ შვიდეულის დღეებზე?

ვნების შვიდეული აღდგომის წინა კვირას ეწოდება და ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, მაცხოვრის ჯვარცმას და შემდეგ ქრისტეს აღდგომისთვის მზადებას ეძღვნება.

ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია.
მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.
დიდმარხვის პერიოდი განსაკუთრებული დროა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში. ეს არის დრო საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა, დრო სინანულისა და ცოდვებისაგან განწმენდისა, დრო ლოცვისა და მარხვისა, ქველმოქმედებისა თუ სხვა სათნოებათა აღსრულებისა.

დიდი მარხვა საპასექო წლის მესამე, ბოლო პერიოდს მიეკუთვნება და იგი პირობითად სამ ქვეპერიოდად იყოფა:

I პერიოდი – დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, ოთხ კვირა დღეს და სამ შვიდეულს მოიცავს. იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით იწყება და ყველიერის კვირით სრულდება.

II პერიოდი, ანუ საკუთრივ დიდი მარხვის (ძირითადი) პერიოდი, ექვს კვირა დღეს მოიცავს და ბზობის კვირით მთავრდება.

III პერიოდი კი ვნების შვიდეული გახლავთ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება: საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.

ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმინდა ეკლესია განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს.

ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

ვნების კვირეული: ორშაბათი – უნაყოფო ლეღვის ხის გახმობა, სამშაბათი – იგავი ათ ქალწულზე,ოთხშაბათი – მაცხოვრის გაცემა, ხუთშაბათი – საიდუმლო სერობა, პარასკევი – ჯვარცმა, შაბათი – მართალთა აღმოყვანება, კვირა – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

ვნების შვიდეულში იკითხება: დილა – საღამოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება შაბათ დილის ჩათვლით,ხოლო ოთხშაბათს დილას წყდება კითხვა ეფრემ ასურისა. მუხლდრეკა და მეტანიები სრულდება შაბათს დილის ჩათვლით. შაბათს საღამოს და კვირას დილას მუხლდრეკა არ აღესრულება, ვინაიდან კვირა სწორია აღდგომისა.

აღდგომის მარხვა  3 მარტს დაიწყო  და დასრულდება 20 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით!

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მუშაობა და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და რუტინული მოვალეობების შესრულებას. სანამ ბიზნესწინადადებას დათანხმდებით, გირჩევთ ყველა წვრილმანი განიხილოთ და გამოცდილ ადამიანებს რჩევა სთხოვოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ წინადადებას დათანხმდეთ.

კურო

თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად გრძნობთ და რთული საკითხების გადაჭრა გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მუშაობის ძველ გზაზე უარი თქვათ და ინოვაციური მეთოდები გამოიყენოთ. ეს საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ, არ გადაიღალოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. გახსოვდეთ, რომ თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოგდით, მეორედ უნდა სცადოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და, შესაბამისად, საქმიანი აქტივობა მოიკლებს. ახალი ადამიანების გაცნობა და მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს თავში მოგივათ იდეა, რომელსაც მალე მოგებიანად გამოიყენებთ. პლანეტების განლაგება მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ, რაც თავდაჯერებას შეგმატებთ და ოპტიმიზმით დაგმუხტავთ. სავარაუდოდ, უცნობ გარემოში აღმოჩნდებით, რომელთანაც სწრაფი ადაპტაცია უნდა შეძლოთ.

ლომი

მოემზადეთ რთული და დაძაბული დღისთვის. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, საკუთარი პასუხისმგებლობას სხვებს არ გადააბაროთ – სავარაუდოდ, კოლეგები ან ახლობლები თქვენს იმედს არ გაამართლებენ და მათი საქმის თავიდან კეთება მოგიწევთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, ამ დღეს ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ.

ქალწული

პრობლემები უკან დარჩა, ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული და მივიწყებული საქმე დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის.

სასწორი

მთლიანობაში, ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, თუმცა სამსახურში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დაძლევა და უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. მიზნის მისაღწევად უფრო მეტი უნდა მოინდომოთ და რაც მთავარია, არ უნდა იზარმაცოთ. სასურველია, საღამოს საყვარელ ადამიანებს სამომავლო გეგმები შეუთანხმოთ.

მორიელი

ამჟამად ყველაზე კარგად ორგანიზებასა და დაგეგმვასთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით. თქვენი ყურადღების მიღმა უმცირესი წვრილმანიც კი არ დარჩება. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა და პრეტენზიებია, რასაც შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი რთული საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დროა. ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენთვის უცნობ სფეროში მუშაობა მოგიწიათ – ინტუიცია და გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ სიახლეებში ადვილად გაერკვიოთ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დაძაბულმა მუშაობამ დიდი ძალა წაგართვათ, ამიტომ იმუნიტეტის აღდგენაზე უნდა იზრუნოთ. ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი ძილი და დასვენება გჭირდებათ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში უხეშობას უნდა მოერიდოთ.

მერწყული

ეცადეთ, სრულად გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომლებსაც ბედი გთავაზობთ და არ ინერვიულოთ, თუ მოულოდნელად გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ამ დღეს ემოციური დონე ამაღლებულია, ამიტომ შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კოლეგებთან და ხელქვეითებთან მეგობრული დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოთ.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თუ დროს უსარგებლო საუბრებში არ დაკარგავთ, ბევრი რთული და მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას შეძლებთ. საყვარელი ადამიანები მზად არიან გულწრფელად და უანგაროდ დაგეხმარონ, მთავარია, სიამაყე დაძლიოთ და დახმარება სთხოვოთ.

„როდესაც რუსი გეძახის, რომ „ნაცი“ ხარ, მისთვის მიუღებელია, მაშინ კმაყოფილი უნდა იყო, რომ „ნაცს“ გეძახიან” – ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალი“ გახარია არ წარმომიდგენია, გახარიას „გაშავება“ კი არ უნდათ, ბიძინას სათამაშო ოპოზიციაა ჩემთვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას „ნაციონალს“ იმიტომ ეძახიან, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმები არ წაართვას.

„როდესაც რუსი გეძახის, რომ „ნაცი“ ხარ, მისთვის მიუღებელია, მაშინ კმაყოფილი უნდა იყო, რომ „ნაცს“ გეძახიან. გახარიას „გაშავება“ კი არ უნდათ, „ნაციონალი“ გახარია არ წარმომიდგენია. ჩემთვის ბიძინას სათამაშო ოპოზიციაა. „ქართული ოცნებისთვის“ შესაძლებლობაა, როდესაც „ნაციონალს“ ეძახიან გახარიას, რათა „ქართულ ოცნებას“ ხმები არ წაართვას.

ჩემი არგუმენტები მაქვს: თუ პრობლემები იყო, 14 წელია ხელისუფლებაში არიან და მოეგვარებინათ. ვიღაც დაეკავებინათ, ასე შემდეგ. ახლა რატომ ებრძვიან „ნაციონალურ მოძრაობას?! იმიტომ, რომ მთავარი გამწევი ძალაა. რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, „მოქოცოებს“ არც საყდრისზე ამოუღიათ ხმა და არც მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე. გომელაურის მოადგილემ თქვა, რომ რუსი გენერლები ჩამოჰყავდა გომელაურს ხაჭაპურის საჭმელად“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„სააკაშვილის აქციებზე, “free mishaს“ აქციაზე 100 000 ადამიანი გამოსულა რუსთაველზე. როდესაც 50-100 000 ადამიანი გამოდის პოლიტიკური ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით, დემოკრატიული სახელმწიფო ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ დაფიქრდება, იქნებ რაიმეს არასწორად ვაკეთებთ. რუსული რეჟიმი, რომელმაც ფარცხალაძის ხელით შეთითხნა ბრალი და ამერიკის მიერ დასანქცირებულმა მუსურიძის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, არ დაფიქრდება, უკან არ დაიხევს. “ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების უმრავლესობა ყოველდღიურად არის წინააღმდეგობაში“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ სუმზე მიტანილ იერიშს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ სუმზე მიტანილ იერიშს ეხმაურება.

მარკო რუბიოს განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აშშ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას სუმში რუსეთის საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რატომ ხარჯავენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და სამართლიანი, მყარი მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 84 ადამიანი.

,,არა ის, რომ „რომელიღაცა ძებნილი იყო და უნდა დაგვეჭირა“, „განადგურების ბრძანება გავეციო“, – ეს არის მათი ხელწერა”- სოზარ სუბარი

არა ის, რომ „რომელიღაცა ძებნილი იყო და უნდა დაგვეჭირა“, „განადგურების ბრძანება გავეციო“, – ეს არის მათი ხელწერა. აქედან კარგად ჩანს, რა იყო მათი პოლიტიკა და ეს პოლიტიკა დღესაც ცოცხალია, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა.

მან ამგვარად შეაფასა ის ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხეომებზე ისმენს.

„დღეს ვერ აკეთებენ ამ ყველაფერს საქმით, თუმცა ამას აკეთებენ სიტყვით, ცილისწამებით, რითაც შეუძლიათ. დღეს რომ ისინი ხელისუფლებაში მოუშვა, რაც მათ შეცდომად მიაჩნიათ, რომ ვიღაცები ცოცხლები გადარჩნენ, დღეს რომ ამდენს ბედავენ და ლაპარაკობენ, თუნდაც კომისიის წვერები, არავის ცოცხალს აღარ დატოვებენ და ამ თავის „შეცდომებს“ გამოასწორებენ იმით, რომ სისხლის კალოს გალეწავენ ქვეყანაში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა და ითხოვდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო,,- ირაკლი ჭეიშვილი

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ არაფერია გასაკვირი, როდესაც ისინი ასანქცირებდნენ თავის ქვეყანას წლების განმავლობაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის მტრებისგან სხვა არაფერია მოსალოდნელი, თუ არა მოღალატეობრივი საქციელი. 

„ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეღო ქვეყანას. კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერებულიყო. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნის მტრებისგან სხვა რას უნდა ველოდოთ, თუ არა მოღალატეობრივ საქციელს“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

კირ სტარმერი – პუტინი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე.

სტარმერი ეხმაურება რუსეთის სარაკეტო დარტყმას ქალაქ სუმიზე და პლატფორმა X-ზე წერს, რომ რუსეთის „საშინელი თავდასხმებით“ შეძრწუნებულია.

“შეძრწუნებული ვარ რუსეთის საშინელი თავდასხმებით მშვიდობიან მოსახლეობაზე სუმში. ჩემი ფიქრები ამ ტრაგიკულ დროს მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთანაა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა თავისი ერთგულება მშვიდობისადმი. პუტინი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე”, – წერს ის.

ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო, დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – მკაცრი ზომებია საჭირო – ემანუელ მაკრონი

ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს დილით, ორი რუსული რაკეტა უკრაინის ქალაქ სუმის გულში დაეცა, რამაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, იმსხვერპლა. ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით“, – წერს მაკრონი.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, ცეცხლი შეწყვიტოს, მკაცრი ზომებია საჭირო.

„რუსეთისთვის ცეცხლის შეწყვეტის დასაწესებლად მკაცრი ზომებია საჭირო. საფრანგეთი დაუღალავად მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად, თავის პარტნიორებთან ერთად. მივმართავ მსხვერპლებს, დაჭრილებს და მთელ უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობას აგრძელებს: ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა, ჩვენი ურყევი ერთგულება თქვენ“, – წერს მაკრონი.

პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს.

ამ მიმართულებით “ქართული ოცნების” უმრავლესობამ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები წარადგინა, რომელსაც 14 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

ამავე ცვლილებების ფარგლებში “ქართული ოცნება” პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის, ასევე, ამ პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადების შემჭიდროებას გეგმავს.

ცვლილებების გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.

საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

პარტიის საქმიანობა, ასევე, შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს. პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.