Home Blog Page 3

ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას ხაბეიშვილი, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე-ირაკლი კობახიძე

ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას ხაბეიშვილი, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, ვიღაცებს ჰქონდათ სუბიექტური ინტერესები და ამ სუბიექტური ინტერესების რეალიზებისათვის უხდიდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დანარჩენზე შესაბამისი უწყებები ისაუბრებენ.

„მთავარი არის ის, რომ ჩვენთან მოქმედებს სამართლისა და კანონის უზენაესობა. ეს პრინციპია მთავარი, რასაც მაქსიმალურად მკაცრად ვამკვიდრებთ ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის უწყებებზე. რაც შეეხება კავშირს ბურჭულაძისა და ხაბეიშვილის დაკავებას შორის, ასეთი პირდაპირი კავშირი, არ ვიცი, მე არ ვარ უფლებამოსილი უარვყო ან დავადასტურო ასეთი რამ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ თავისთავად, ლევან ხაბეიშვილიც არის კორუფციის, კონკრეტულად პოლიტიკური კორუფციის გამოვლინება. ის წლების განმავლობაში იღებდა შავ ფულს, კონკრეტული წყაროდან და მოგვიანებითაც აგრძელებდა, ბოლო პერიოდის განმავლობაშიც. ჯერ იყო 3000 ლარი, შემდეგ გახდა 5000 და სახელფასო უწყისში იყო გამოყენებული მის მიმართ სახელი – ანიტა. მე არასდროს მიფიქრია შეურაცხყოფისთვის ამ სახელის ხსენება. შავი ფულის უწყისში ეწერა ეს სახელი და 3 000 ლარიდან ბოლო პერიოდში 5 000 ლარამდეც გაუზარდეს მას ხელფასი. ახლა რამდენს იღებს, არ ვიცი. ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა ის ამ თანხას. აქაც შეიძლება მხოლოდ შესაბამისმა უწყებებმა ისაუბრონ. ეს ბრალდება ხაბეიშვილთან მიმართებით გაისმა საპარლამენტო დარბაზშიც. დაახლოებით სამი წლის წინ. ყველამ ყველაფერი იცის. ვიღაცები დამწუხრებულები იყვნენ იმის გამო, რომ აგენტი გაიშიფრა. ხაბეიშვილს ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა ალბათ საქმე“, – განაცხადა პრემიერმა.

“როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი”-ალა პუგაჩოვა

რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, ინტერვიუ მისცა „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) კორესპონდენტს კატერინა ანდრეევას, რომელიც გამოქვეყნებულია BBC-ის ვებ-საიტზე სათაურით: „როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი“.

ეს ინტერვიუ არის ალა პუგაჩევას პირველი ვრცელი საუბარი ჟურნალისტთან მას შემდეგ, რაც იგი რუსეთიდან საზღვარგარეთ წავიდა, უკრაინასთან ომის გაპროტესტების გამო.

3,5-საათიანი ინტერვიუს მთავარ თემაა მომღერლის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და საერთოდ, იმ ყველაფერთან, რაც რუსეთში ხდება. ალა პუგაჩოვა განმარტავს საზღვარგარეთ წასვლის მიზეზებს, საუბრობს ახლობლებზე, სხვადასხვა დროის პოლიტიკოსებზე, თავისი ქმრებზე და პირად ურთიერთობებზე. „და ეს, საუბარი ხალხისათვის დოკუმენტად დარჩეს ჩემს შესახებ“, – ასეთი სახით ჩამოაყალიბა ინტერვიუს მიზანი მომღერალმა.

როგორც ცნობილია, ალა პუგაჩოვამ და მისმა ამჟამინდელმა ქმარმა მაქსიმ გალკინმა, რომელიც „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდა თავისი პოზიციის გამო, რუსეთი უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ალა პუგაჩოვამ ქვეყნის ხელისუფლებას მიმართა, რომ ქმრის მსგავსად, „უცხოეთის აგენტად“, ისიც გამოეცხადებინათ, მაგრამ კრემლმა მისი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.
როგორც მომღერალი ამბობს ჟურნალისტთან საუბარში, საზღვარგარეთ წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება თანდათან მომწიფდა. როცა მან რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, მას შეატყობინეს, რომ „შენთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს სერგეი კირიენკოს სურს საუბარიო“. ალა პუგაჩოვა შეხვდა და ესაუბრა. კირიენკომ უთხრა, რომ თავი შეეკავებინა, ნუ იღელვებდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ არ გასულა ორი დღე და მაქსიმ გალკინი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს.

როცა ბავშვები სკოლაში წავიდნენ, მათ თანაკლასელებმა ყვირილი და ბულინგი დაუწყეს – „თქვენი მშობლები ჯაშუშები არიან“. ზუსტად ისე, როგორც ანატოლი რიბაკოვის რომან „არბატის შვილებშია“, 1930-იანი წლების რეპრესიების დროს ხდებოდა.

როცა რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმა მიაყენა კიევის ბავშვთა საავადმყოფოს 2024 წლის ივლისში, ალა პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში დაწერა: „უფალი მომთმენია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი“.

„მუხლებში უკვე ცოტა სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ ხელები ჯერ კიდევ მაგრად მაქვს, არ მიკანკალებს“, – ამბობს ინტერვიუში ალა პუგაჩოვა საკუთარ თავზე, რომელსაც აშკარად მხედველობაში აქვს არა იმდენად თავისი ჯანმრთელობა და ასაკი, რამდენადაც მტკიცე განწყობა – თქვას და დაწეროს ის, რასაც ფიქრობს და როგორც საჭიროდ თვლის.

„არსებობს სინდისი, რომელიც დიდებაზე და ქონებაზე, ყოველგვარ სიმდიდრეზე უფრო ძვირფასია“, – ამბობს ალა პუგაჩოვა, – „იცით, პატრიოტიზმი რა არის? როცა სამშობლოს ეტყვი, რომ ის მართალი არ არის“.

რა თქმა უნდა, ხანგრძლივი ინტერვიუს უდიდესი ნაწილი ალა პუგაჩოვას მოგონებებია ესტრადაზე გამოსვლებისა და მუსიკის შესახებ. იგი კოლეგა მომღერლებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოველთვის აქვს სიმპათია ტატიანა ბულანოვას მიმართ, უყვარს მანიჟა და ნადეჟდა კადიშევა, რომლებსაც ამჟამად შემოქმედების რენესანსის ეტაპი აქვთ.

ალა პუგაჩოვას კომპლიმენტები მხოლოდ მომღერალ შამანის მიმართ არ უთქვამს, თუმცა არა იმიტომ, რომ მისი მუსიკა და ტალანტი არ მოსწონს, არამედ უფრო იმიტომ, რომ შამანის პირადი პოზიციები მისთვის მიუღებელია (როგორც ჩანს, პუგაჩოვა გულისხმობს შამანის მხარდაჭერას რუსეთის ხელისუფლებისა და უკრაინის ომის მიმართ).

მომღერალი ამბობს, რომ მას ძალიან სძულს, როცა „პრიმადონას“ ეძახიან. „პრიმადონა ჩემი სიმღერის სახელია, მე კიდევ ქალი ვარ, რომელიც მღერის“, – ამბობს იგი, თან ეღიმება, – თუმცა ერთ-ერთ ჩემს სიმღერასაც ასეთი სახელი აქვს“.
ალა პუგაჩოვა იხსენებს, რომ თავის დროზე იგი ვლადიმერ პუტინის ფანატი იყო და პრეზიდენტს ყველაფერში მხარს უჭერდა: „თავდაპირველად იგი საოცრად მართლად და სწორად ლაპარაკობდა, უკრაინის შესახებაც კი. ზოგჯერ მეჩვენებოდა კიდეც, რომ იგი ჩემს ფიქრებს და აზრებს აჟღერებდა… მაგრამ „კურსკის“ ტრაგედიის შემდეგ პოზიცია თანდათან შევიცვალე“.

ალა პუგაჩოვამ, როცა თავის თაყვანისმცემლებს მიმართა, ცრემლები ვერ შეიკავა: „დიდი მადლობა იმ სიყვარულისა და პატივისცემისათვის, რასაც ჩემს მიმართ ამჟღავნებთ და ყველგან ჩემს გვერდით ხართ, სადაც არ უნდა იყოთ“.
მომღერალმა იმავდროულად გაკვირვება გამოხატა რუსეთში მყოფ თაყვანისმცემლების მიმართ: „მიკვირს, იქ როგორ ცხოვრობენ… თავიანთი ისტორია არ იციან, მაგრამ წარსულით მაინც ამაყობენ… ცუდი სამედიცინო მომსახურებაა, მაგრამ იმ ცუდითაც ამაყობენ“.

„ისწავლეთ კარგისადმი სწრაფვა, სიკეთისადმი, სილამაზისადმი… არაფერს არ დაანგრიოთ, პირიქით, უნდა აშენოთ. მშვიდობისათვის უნდა ილოცოთ და ომით არ უნდა დატკბეთ“, – ამბობს ალა პუგაჩოვა. ინტერვიუს დასასრულს მან ირონიულად გაიხსენა საბჭოთა ანეკდოტი: „მთავრობამ ყველას უბრძანა მოსკოვში წითელ მოედანზე შეკრებილიყვნენ თავის ჩამოსახრჩობად. მოსახლეობას მხოლოდ ერთი კითხვა გაუჩნდა: „თოკი წამოვიღოთ თუ ადგილზე მოგვცემენ?“.

წყარო:

რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ მოქმედი, ყველამ დაიმახსოვროს, რომ ქრთამის აღება იქნება, თანხის მითვისება თუ გაფლანგვა, კანონის წინაშე ყველანი აგებენ პასუხს -არჩილ გორდულაძე

ყველამ დაიმახსოვროს, რომ ქრთამის აღება იქნება, თანხის მითვისება თუ გაფლანგვა, კანონის წინაშე ყველანი სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლას მამუკა მდინარაძის ხელი უკვე დაეტყო.

„რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ მოქმედი, ვინც კი გაბედავს და შეეცდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ ხალხის თანხის მითვისებას და საკუთარ ჯიბეში ჩადებას, საკუთარი კეთილდღეობის აწყობას, ყველამ ძალიან კარგად დაიმახსოვროს, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ამას აკეთებს კიდეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. კორუფციასთან ბრძოლას ბატონი მამუკა მდინარაძის ხელი უკვე დაეტყო. ყველამ დაიმახსოვროს, რომ ქრთამის აღება იქნება თუ თანხის მითვისება, გაფლანგვა, კანონის წინაშე ყველანი სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

“როგორია ვლადიმერ პუტინის გეგმები ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ? -Financial Times

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “როგორია ვლადიმერ პუტინის გეგმები ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ? რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა გვაჩვენებს, თუ რამდენად მოუმზადებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კრემლის მოულოდნელი შეტევებისათვის” (ავტორები – ჰენრი ფოი, უივერ კორტნი და ჩარლზ ქლოვერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინს რომ განზრახული ჰქონოდა დრონების რეიდი განეხორციელებინა პოლონეთის წინააღმდეგ ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის შესამოწმებლად, რუსეთის პრეზიდენტი შედეგებით კმაყოფილი დარჩებოდა. ექსპერტების გაფრთხილებით, შემდეგისათვის პუტინი მზად იქნება უფრო შორს წავიდეს.

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრამ ნატოს ავიაესკადრილიის ჰაერში აფრენა გამოიწვია – თვითმფრინავებმა სროლა აუტეხეს რუსულ დრონებს და ჩამოაგდეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეიარაღებული ძალები, აშშ-ის ლიდერობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეეჯახა უკრაინის ომის დაწყების მომენტიდან. ეს ნიშნავს, რომ სამწლინახევრიანი სამხედრო კონფლიქტში ახალი ფურცელი გადაიშალა – ესკალაციის სახით.

თუმცა, ოფიციალური პირებისა და სამხედრო ექსპერტების თქმით, ამ ინციდენტმა ასევე აჩვენა ისიც, თუ რამდენად არ არის მზად ევროპა იმ მასირებული ავიადარტყმებისათვის, რასაც რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ სამწუხარო ფაქტმა დაადასტურა ის მოსაზრება, რომ ნატოს დიდი ინვესტიციები დასსჭირდება ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გასამაგრებლად.
„[მოსკოვმა] ალბათ შენიშნა, რომ ჩვენ უკრაინის ომიდან ჯერ კიდევ არ გაგვიკეთებია დასკვნები და ის ჩვენთვის გაკვეთილი არ არის“, – განაცხადა გადამდგარმა გენერალმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, – ჩვენ სრულიად არ ვართ მზად ამისათვის… და ახლა ისინი [რუსები] ჩვენს ზღურბლთან არიან მოსულები“.

გენერალმა ხაზი გაუსვა, რრომ ევროპას ამჟამად მრავალიარუსიანი ინტეგრირებული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა ჭირდება – ისეთი, რომელიც დროულად შეაფასებს მოწინააღმდეგის შეტევის მასშტაბს და სწრაფად მონახავს რესურსებს მის საწინააღმდეგოდ. „ისე არ უნდა გამოვიდეს, როგორც პოლონეთში მოხდა – იაფფასიანი დრონების ჩამოსაგდებად ძვირადღირებული ავიაგამანადგურებლები F-35-ები იქნა გამოყენებული. „პოლონეთში რუსული დრონების შეჭრა რეპეტიცია იყო, რომ შემოწმებულიყო – როგორი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა გვაქვს და როგორი იქნებოდა ჩვენი რეაქცია“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომრუსული დრონის შეჭრას „წინასწარგანზრახული იერიში“ უწოდა, რომელსაც ორი მიზანი ჰქონდა: „პროვოცირება და შემოწმება“. „მოსკოვი წინასწარგანზრახულად აღვივებს ესკალაციას, რომელიც არავის არ უნდა, – თქვა გვიდო კროზეტომ, – „აშკარაა, რომ კრემლი არ არის დაინტერესებული არც დაზავებით და არც მშვიდობის დამყარებით“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, დაახლოებით 19 უპილოტო საფრენი აპარატიდან, რომლებიც პოლონეთის საზღვარი დაარღვიეს და მის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ, მხოლოდ 4 იქნა ჩამოგდებული, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდნენ. მათი უმეტესი ნაწილი ე.წ. „ხაფანგებს“ ანუ შეუიარაღებელ დრონებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს – ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის დასაბნევად და დასასუსტებლად. იმ დროს, როცა უკრაინელი მეზენიტეების ყურადღება დრონებით არის დაკავებული, მათ უკან უკვე რაკეტები მოფრინავენ.

ნატომ აღიარა, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ძალიან სუსტ ადგილად ითვლება და მისი განმტკიცებისათვის ინვესტიციებია აუცილებელი. ნატოს გენმდივანმა მარკ რუტემ მაღალ დონეზე შეაფასა „ნატოს ოპერატიული რეაგირება და პირობა დადო, რომ ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი მკაცრად იქნება დაცული“.

როგორც პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტს, რუსული დრონების უმეტეს ნაწილს „ჰერბერები“ წარმოადგენდნენ – ირანული დრონები, „შაჰედების“ მსგავსი, რომლებსაც საბრძოლო შეაიარაღება არ აქვთ და მხოლოდ მისატყუებელ სამიზნეებად გამოიყენებიან.

პოლონელი პოლიტიკოსები ეჭვობენ, რომ შორს არ არის ის დღე, რომ ქვეყნის სივრცეში უკვე შეიარაღებული დრონები შეიჭრებიან და ეს ყველაფერი შემთხვევითობა კი არ არის, არამედ სპეციალურად იყო ჩაფიქრებული. „ერთი ან ორი დრონის შემოფრენა, რასაც აქამდე ვხედავდით, შეიძლება შეცდომა იყოს, მაგრამ ერთბაშად 19 დრონის მიერ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა შეცდომა არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა ერთ-ერთმა სამხედრო ექსპერტმა.

თავისი შეშფოთება გამოხატა გერმანიამაც: როგორც თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც პოლონეთის საზღვართან ახლოს არიან განლაგებულები. „ეს ინციდენტი ჩვენთვის ჭკუის სასწავლი უნდა იყოს იმისთვის, რომ გვახსოვდეს – ჩვენ მუდმივად ვართ პროვოკაციების საფრთხის ქვეშ რუსეთის არმიის მხრიდან“, – თქვა მინისტრმა პარლამენტში ყოფნისას.

ანალიტიკოსების თქმით, მიმდინარე წელს ბელარუსის ტერიტორიაზე დაწყებულ რუსულ-ბელარუსული ერთობლივ სამხედრო წვრთნებს კოდური სახელწოდებით „ზაპადი“, სამი მიზნის მიღწევა აქვთ დაგეგმილი: პირველი – ესაა ნატოს რეაქციის შემოწმება რუსეთის პროვოკაციებზე (მაგალითად, დრონების შეჭრაზე), მეორე – უკრაინაში წარუმატებლობის მიუხედავად, მოახდინოს იმის დემონსტრაცია, რომ რუსეთის არმია ისევ დიდ ძალას წარმოადგენს და აიძულოს ნატოს წევრი ბალტიისპირა ქვეყნები, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსს ესაზღვრებიან, მუდმივად შეშფოთებულნი იყონ.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს თავიანთი რიტორიკა გააქტიურეს ნატოელი მეზობლების წინააღმდეგ და ისინი მოსკოვის მიმართ ბოროტგანზრახვებში დაადანაშაულეს, რათა საკუთარი აგრესიული მოქმედება გაამართლონ. ასე იქცევა მაგალითად, ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც ფინეთი რუსეთის მიმართ „ავ ზრახვებში ამხილა“, ხოლო ნიკოლაი პატრუშევმა – ყოფილმა მზვერავმა და ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთმა უახლოესმა თანაშემწემ – დასავლეთი ჰიბრიდული ომების მომზადებაში დაადანაშაულა.

როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი სიტუაცია „ომის მდგომარეობას“ არ წარმოადგენს, ის მაინც ყველაზე უფრო საშიშია იმ ინციდენტებთან შედარებით, რომლებიც დღემდე მომხდარა: „ეს შეტევა ნატოში განხეთქილების შეტანას და ეჭვების დათესვასაც ემსახურება. ჩვენ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება უნდა მოვახდინოთ. იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ „არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, ნუ იძაბებით და არ შეგეშინდეთ“, უნდა ვუთხრათ, რომ თვითდამშვიდებას ნუ მიეცემიან“.

ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, რუსული დრონების შეჭრა კრემლის დივერსიის მცდელობას წარმოადგენს, რომელსაც რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში მიმართავს: „რუსები აქტიურად ცდილობენ დასავლური ერთიანობისათვის ძირის გამოთხრას და განხეთქილების შეტანას. ისინი ამოწმებენ როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე მთლიანობაში ალიანსის მზადყოფნას, რომ მოსახერხებელ დროს ისარგებლონ და უფრო ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელონ მოსახლეობის დასაშინებლად. შესაძლოა ეს მოხდეს არა მარტო პოლონეთის, არამედ, ვთქვათ, რუმინეთის, ან ლიეტუვის მიმართაც“, – თქვა ექს-მინისტრმა „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბრის დროს.

წყარო:

იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა, თავდაცვის მინისტრი ბრალდებულია ჯარის თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია -ირაკლი კირცხალია

x

იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა, თავდაცვის მინისტრი ბრალდებულია ჯარის, თავდაცვის ძალების თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობა ეტაპობრივად ცნობილი გახდება.

„ბატონი ბურჭულაძის დაკავებას რაც შეეხება, უპირველესად, არასასიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც საუბარი არის შენი გუნდის ყოფილ წევრზე და ადამიანზე, რომელიც იკავებდა უმაღლეს თანამდებობას და კერძოდ თავდაცვის მინისტრის პოზიციას. თუმცა, მეორე მხრივ, წარმოუდგენელია ის ფაქტი, როდესაც ვხედავთ ასეთ ბრალდებას თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. წარმოუდგენელია, რადგან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, რომელ პერიოდში იკავებდა ეს ადამიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას.როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით ხდებოდა ღია და უხეში შეტევა ჩვენი ქვეყნის მიმართ და პირდაპირი მნიშვნელობით გავდიოდით დანის პირზე და იდგა ქვეყნის გადარჩენის საკითხი. დღესაც ეს საფრთხე არსად წასულა.

ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა საქართველო. ამ ურთულეს პერიოდში, ზეწოლა მიმდინარეობს ქვეყანაზე, ყველა ინსტიტუციაზე, თანამდებობის პირზე, კარგად გახსოვთ მარტო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა, მათ შორის ჩვენი გუნდის თითოეულ წევრზე, იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება. ასეთ დროს კი იკავებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოზიციას და ბრალდებაში ვისმენთ, რომ ბრალდებულია ჯარის, თავდაცვის ძალების თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ყველა ვხედავთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ვიცით ის, რაც გაჟღერდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე, დარწმუნებული ვარ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობასაც ეტაპობრივად, რაც საჭირო იქნება, გააცნობენ საზოგადოებას შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, სუს-მა ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6921 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1502 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1651 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს.

„გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ უწყებას შორის. მისივე თქმით, ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ინსტიტუციებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, კომუნიკაციის გაძლიერებასა და საარჩევნო პრაქტიკის განვითარებას. თავის მხრივ, უსკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და  საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

სამუშაო შეხვედრისას ცესკო- ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ჩართულობა, განსაკუთრებით საარჩევნო პროცედურების ადმინისტრირებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით. ამასთან, გიორგი კალანდარიშვილმა უსკო-ს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მიღებული გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და მის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის სტრატეგიაზე.

ამასთან, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიასა და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც ორი უწყება ამომრჩევლებისთვის მასშტაბურად ახორციელებს.

სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები და საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა საარჩევნო რეგულაციის შესახებ და განიხილეს ამ მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. სამუშაო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ორგანიზებით 10-12 სექტემბერს საირმეში გაიმართა“, – ნათქვამია ცესკო-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა

სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.

აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანის სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე. ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.

ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაჰპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც.

ლევან ხაბეიშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად. ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი, სისტემატური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით. იგი დაკავებულ იქნა ჩვენ მიერ, ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.

სუს-მა მურთაზ ზოდელავა დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლევან ხაბეიშვილთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავაც დააკავა.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი, აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანაშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და პრიორიტეტულად გააგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს იმ დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ატარებს კორუფციულ ხასიათს“, – განაცხადეს სუს-ში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.

სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ვ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ – გ.ხ-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა – ვ. ღ. – მ, მინისტრის ახლო ნათესავის – ვ. მ.-ის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი.

ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას იგი ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები:
2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება. ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, – განაცხადეს სუს-ში.

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2021-2024 წლებში იკავებდა.

სუს-მა ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა

მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა, MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად, ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.

„საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ასაფეთქებელ ნივთიერება „ტროტილზე“ ძლიერმოქმედ ნივთიერებას. გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ზემოთ ხსენებული ავტომანქანის მძღოლს მ.ს.-ს, უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა  გადასცა შენიღბულ კასრებში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდგომ, მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი გამოართმევდა აღნიშნულ ნივთიერებას.უკვე დაკავებულია, ასევე უკრაინის მოქალაქე დ.ჟ., რომელმაც მიაკითხა მძღოლ მ.ს.-ს და გამოართვა, სამალავებში განთავსებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო  შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, გამოძიება  გაგრძელდება საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად – მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად თუ სხვა. შესაბამისად მოხდება დაკავებული პირების მიმართ სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების შემდგომი ინფორმირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებს ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

“მეგობარი აქტი” რეალურად იყო მტრული და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა-კახა კალაძე

„მეგობარი აქტი“ რეალურად მტრული იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ ჰელსინკის კომისიაში გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი „მეგობარი აქტის“ მიღებას არ აპირებს.

კახა კალაძის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი სიცრუით იყო გაჯერებული.

„რეალურად მტრული აქტი იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა. მხოლოდ და მხოლოდ იყო მტრული, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ყველაზე მძიმე და მთავარი რაც არის, დოკუმენტი გაჯერებული იყო ტყუილებით, ცილისწამებაზე იყო დაფუძნებული. მაშინ, როდესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, გადაიტვირთოს, რომ მეგობრობა, პარტნიორობა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის აქტის მიღება ძალიან მძიმე იქნება – აქტის, რომელიც მხოლოდ ტყუილებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.