Home Blog Page 3

ქართველმა ათლეტებმა კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვეს

ნორვეგიის ქალაქ დრამენში გამართულ კლასიკური წოლჭიმის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს. ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და ღია ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ნაკრებმა სულ ცხრა მედალი მოიპოვა.

ჭაბუკთა შორის ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გოდერძი ქარცივაძე (74 კგ) და თორნიკე მარტაშვილი (120 კგ), ნიკოლოზ მამულაძემ (120+ კგ) კი ბრინჯაოს მედალი მიიღო. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

ახალგაზრდებს შორის ჩემპიონობა იზეიმა ზურა ღვინიანიძემ (59 კგ), ვერცხლის მედლებს კი ანდრია მიქაუტაძე (53კგ) და ალეკო სიდანოვი (66 კგ) დაეუფლნენ. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაიკავა პირველი ადგილი.

ღია ასაკობრივ კატეგორიაში ჯაბა სეფიაშვილმა (59 კგ) მეორე, ხოლო ცოტნე ბეჟაშვილმა (66 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.

ქართველი ათლეტები ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს ექსპოზიცია „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების შესახებ საარქივო დოკუმენტების ორიგინალები – დამოუკიდებლობის აქტები, გერბის, დროშისა და შტანდარტის ესკიზები, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმი, ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები. ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს 1918-1921 წლების საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ამსახველ სხვასაარქივო მასალას.

გამოფენა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

გახარია როდესაც აცხადებს პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი – დავით მათიკაშვილი

გახარია როდესაც აცხადებს ჩვენ პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გიორგი გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა გააკეთეს, ანუ სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ჩაუხსნიათ, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, კი, დაწერეს მათ განცხადებები, რომ ისინი პარლამენტში არ აპირებენ შემოსვლას, მაგრამ ეს სია, რომელიც მათ წინასაარჩევნოდ წარადგინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არის აქტუალური და აქტიური.

„შესაბამისად, წესს რაც შეეხება, რეგლამენტით დადგენილ პროცედურას, თუკი ერთი სესიის ნახევარზე მეტს გააცდენს კონკრეტული პარტია, მას, რა თქმა უნდა, შეუწყდება მანდატები, მაგრამ ამ ყველაფრის განხილვა და მსჯელობა ხდება სესიის ამოწურვის შემდეგ ათ დღეში. სესიის ნახევრის შემდეგაც თეორიული შანსი არის, ზოგადად, დარჩენილი, რომ შესაძლოა ჩაინიშნოს სესიები და ა.შ. რაღაცნაირად შეივსოს ეს სივრცე. ამიტომ, წესი იქნება ასეთი, ჩვენ დაველოდებით სესიის ბოლოს, იქნება მოკვლევა რა საფუძვლით არ მონაწილეობდნენ ეს დეპუტატები საპარლამენტო სხდომებში, კომიტეტებსა და სესიებში და შემდგომ მოხდება მათი უფლებამოსილების შეწყვეტა, მაგრამ წესის მიხედვით, რადგანაც ჩახსნილი არ აქვს სია გახარიას პარტიას, შემდგომ წევრებზე მოხდება ცესკოს მხრიდან შეთავაზება და მათი, ანუ გახარიას თანხმობის შემთხვევაში უკვე შემდეგი 12 ადამიანი ჩაითვლება გახარიას პარტიიდან იმ წინა 12-ის უფლებამონაცვლედ. ეს შეგნებულად გააკეთა გახარიამ, რა თქმა უნდა, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მას არ შეეწყვიტოს იმიტომ, რომ საბიუჯეტო დაფინანსება ყველა იმ პარტიას შეუწყდა, რომლებმაც მთლიანად ჩახსნეს სია ცესკოში და ამით უარი განაცხადეს საბოლოოდ პარლამენტში შემოსვლაზე. ესეც რაღაც გარკვეული ფანდი იყო იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან ფინანსები გახარიას მიეღო“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე-შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს. ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს მსხვერპლსა და რადიკალიზაციაზე.

„არ ვიცი, ვინ ვის ხვდება, თუმცა მართლაც ვაკვირდები, რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს. ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ მსხვერპლზე საუბრობს ოპოზიცია და საუბრობს რადიკალიზაციაზე. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, კარგს არაფერს გვაფიქრებინებს მათზე და ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ საინტერესო არის ცალსახა პოზიცია ზოგიერთი ელჩისა. ჩვენ ვნახეთ, რომ 9 აპრილს მოძალადე ჯგუფებმა, „ენჯეოების“ და პარტიების მოძალადე ჯგუფებმა როგორ სცადეს რადიკალიზაცია. იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე. არ უშვებდნენ მათ მემორიალთან. ამას ყველაფერს უყურებდნენ ამ „ენჯეოების“ დამფინანსებელი ელჩები და ხმა არ ამოუღიათ. 9 აპრილიდან გავიდა თვეზე მეტი და ერთი დაგმობაც არ გვინახავს დონორებისა, როდესაც მათმა დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ 9 აპრილს მემორიალთან ძალადობის აქტი ჩაიდინეს. ასე რომ, ახლაც ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ აანონსებენ პროვოკაციებს, აანონსებენ ძალადობას. შესაბამისად, მინდა, ერთი რამე ვთქვა: თუკი რომელიმე „ენჯეო“ გაერევა კიდევ ერთხელ ძალადობაში, პირდაპირ ეს იქნება იმ დონორის ბრალი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს. ასე რომ, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, სიძულვილს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 ზურაბ ჯაფარიძის დაკავება არაპროპორციული ზომაა და მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას, ეს არის საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური -დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით, მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც დიპლომატიური მისიის განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური.

„დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევრო-ატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს ვენის კონვენციას, ახლა წაიკითხონ 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში -შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას, ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი.

„ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი წუხილიც გამოთქვა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ. განემარტათ, რომ ამ თანამშრომელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შემოვიდეს. თუმცა, ერთი ნიშანდობლივი საკითხი იყო ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში და მივესალმები, რომ საელჩომ მიუთითა ვენის კონვენციის დარღვევაზე. მართალია, აკრედიტებული დიპლომატის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, ვენის კონვენციიდან გამომდინარე არის მასპინძელი სახელმწიფოს ვალდებულება. მიხარია, რომ ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში. ამ პუნქტსაც თუ წაიკითხავენ და შეასრულებენ, ვენიის კონვენციის გარშემო ჰარმონიული თანაარსებობა იქნება. იმ მომენტშივე განიმარტა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, გარკვეული ხარვეზი, მათ შორის, არც ის მოგვერიდა, რომ ბოდიში მოგვეხადა, ვინაიდან იყო ეს ხარვეზი და გამოსწორდა კიდეც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. როგორც უწყებაში განმარტეს, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას და საკითხი ამოწურულია.

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7376 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7383 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1061 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0924 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0137 ლარი შეადგინა.

ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში აქვთ წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი საკუთარ ოჯახში და საექსპორტო სტანდარტი მესამე სამყაროსთვის, ასე გვიყურებს ზოგიერთი -შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში აქვთ წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი საკუთარ ოჯახში და საექსპორტო სტანდარტი მესამე სამყაროსთვის, ასე გვიყურებს ზოგიერთი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოცდამეერთე საუკუნეში ევროპის პოლიტიკური ელიტაში არსებობენ პირები, რომლებიც ერებსა და ქვეყნებს სხვადასხვა კატეგორიად ყოფენ.

„ეს არის ბანალური ჭეშმარიტება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ბრიუსელში ამ ჭეშმარიტებას არ აღიარებს. აბსოლუტურად მიმყარდება აზრი, რომ ბრიუსელსა თუ ზოგ დედაქალაქში ზოგიერთს ღირებულებებთან, სტანდარტებთან დაკავშირებით აქვთ ასეთი წარმოდგენა: არსებობს სტანდარტი, რომელიც უნდათ საკუთარ ოჯახში და არსებობს საექსპორტო სტანდარტი, რომელიც უფრო დაბალი, ბანანის რესპუბლიკებისთვის და მესამე სამყაროსთვისაა გათვალისწინებული. ასე გვიყურებს ზოგიერთი ჩვენ, ახლა ამ დამოკიდებულებებს ყოველდღიურად ვხედავთ. გახსოვთ, ვიდეოც კი დავდე, ბერლინში ადამიანი მაშხალას ისვრის, ვარდება ოთახში, ფეთქდება, ის ადამიანი დაიჭირეს და მიუსაჯეს რაღაცა. თბილისში ისვრიან მაშხალებს, ვარდება პარლამენტის შენობის ოთახში, ფეთქდება, გამოდიან ელჩები, მათ შორის იმ ქვეყნების, სადაც ეს ხდება, გერმანია, საფრანგეთი თუ სხვა, და ამბობენ, რომ ეს იყო მშვიდობა. საქართველოში ოთახის აფეთქება არის მშვიდობა და გერმანიაში არის ომი – ეს არა ორმაგი სტანდარტია, არამედ ესაა, რომ არ მიგვიჩნევს ზოგიერთი იმ დონედ, ჩვენზე რომ გავრცელდეს რაღაც ნორმალური შეხედულებები. ზოგიერთს ვგონივართ ბანანის რესპუბლიკა, მესამე სამყარო, რაც სამწუხაროა. კიდევ ერთხელ, ოცდამეერთე საუკუნეში ევროპის პოლიტიკური ელიტაში არსებობენ პირები, რომლებიც უბრალოდ ადამიანებს ყოფენ სხვადასხვა დონედ, კატეგორიად, ერებს ყოფენ კატეგორიებად და ქვეყნებს ყოფენ კატეგორიებად, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ვროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ „ევრონიუსზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა: „უცხოური გავლენის შესახებ კანონები ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა შემოწმდეს, რაც მიუღებელია საქართველოში ან უნგრეთში, ასეთნაირად უნდა შეფასდეს გერმანიასა და რუმინეთშიც“.

ევროკავშირის დელეგაციის წევრ საიმონ ვანდერბრუკთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, საკითხი ამოწურულია -საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრის, საიმონ ვანდერბრუკის საქართველში შემოსვლასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ევროკავშირის მხარესთან ჰქონდათ კომუნიკაცია და საკითხი ამოწურულია.

„ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას. აღნიშნულზე ევროკავშირის მხარესთან გვქონდა კომუნიკაცია, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია“, – აცხადებენ სამინისტროში.

მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

19-20 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო სივრცე „ექსპო-ჯორჯია“ წელს პირველად ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიება „ექსპო-ჯორჯიასა“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ლოგისტიკის გამოფენა გააერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.

ღონისძიება დარგისთვის მნიშვნელოვან ძირითად საკითხებს მოიცავს და ჩართულ მხარეებთან ერთად შექმნის პლატფორმას დისკუსიებისთვის არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ. ლოგისტიკის გამოფენა სხვადასხვა ფორმატში ჩატარდება და გააერთიანებს როგორც პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციებისა და კომპანიების ჩართულობით.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სექტორი მკაფიო ზრდას აჩვენებს, მხოლოდ გასულ წელს 14%-იანი მატება დაფიქსირდა, მთლიანმა გამოშვებამ კი 9.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ლოგისტიკა, როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სექტორი, თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის დაფინანსებაც წლიდან წლამდე იზრდება.

„თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ლოგისტიკის სფეროს განვითარებას: ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი პორტფელი ამ სექტორში 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, საბანკო პროდუქტების პარალელურად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას შეუწყოს ხელი და მხარი დაუჭიროს დარგის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაა“-, გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

“ბოლო წლებში ლოგისტიკის სექტორი საქართველოში დინამიკურად ვითარდება და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება – შევქმნათ ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია, რომელიც გახდება პლატფორმა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების, საერთაშორისო ინვესტორებისა და სფეროს ექსპერტების შეხვედრებისთვის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციასა და ლოგისტიკური ეკოსისტემის სისტემურ გაძლიერებას რეგიონში”, – რესან ქიქავა, “ექსპო-ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.

®

“პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჩერქეზთა გადასახლების ხსოვნის შესახებ”-TRT

თურქულმა ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის  – TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჩერქეზთა გადასახლების ხსოვნის შესახებ“, რომელშიც მოცემულია თურქეთის ტრადიციული შეფასება ცნობილი ისტორიული მოვლენის – რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩერქეზთა გადასახლებასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ გამოქვეყნებულ მასალას:

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გააკეთა ჩერქეზების კავკასიიდან გადასახლების 161-ე წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც მე-19 საუკუნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფურცლად – უსამართლოდ და არაადამიანურად – ითვლება.

ოთხშაბათს, X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში რეჯეფ ერდოღანმა დაწერა: „კავკასიაში საკუთარი სამშობლოდან უსამართლოდ, უკანონოდ და არაადამიანურად გადასახლებული ჩერქეზი ძმების ხსოვნის დღეს, დაღუპულებს ალაჰის წყალობას ვუსურვებ და გულწრფელად ვიზიარებ მათ განუზომელ ტკივილს“.

21 მაისი ჩერქეზთა გადასახლების 161-ე წლისთავი იყო. ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთ-ჩერქეზების ომის დასრულების შემდეგ მოხდა. რუსეთის იმპერიის ბრძანებით, ასობით ათასი ჩერქეზი ჩრდილოეთ კავკასიიდან იძულებით გადაასახლეს და უმეტესობა ოსმალეთის იმპერიაში, სხვადასხვა ადგილებში გაგზავნეს. ძალადობითა და არაადამიანურ პირობებში განხორციელებული ეს გადასახლება, რომელსაც მასობრივი სიკვდილიანობა მოჰყვა, მე-19 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ეთნიკურ წმენდად ითვლება.

ჩერქეზთა გადასახლება მოიცავს 1864 წელს რუსეთ-ჩერქეზების ომის შემდეგ რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე წინაპართა მიწებიდან იძულებით გადაადგილების მოვლენებს. ამ პერიოდში 800 ათასიდან 1,5 მილიონამდე ჩერქეზი გადაასახლეს და უმეტესობა ოსმალეთის იმპერიაში გაგზავნეს. ხანგრძლივმა ლაშქრობებმა, გადატვირთულმა გემებმა, შიმშილმა და ავადმყოფობამ ათი ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

დღეს ჩერქეზული წარმოშობის ბევრი ადამიანი ცხოვრობს თურქეთში, სირიაში, იორდანიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებში. ეს ტრაგედია ყოველწლიურად, 21 მაისს, მსოფლიოს ყველა ჩერქეზულ თემში აღინიშნება.

წყარო:

“ტრამპმა პუტინს მორიგი გამარჯვება მოუტანა”-The Atlantic

„წლების განმავლობაში დონალდ ტრამპი ტრაბახობდა, რომ მას წარმატებით შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება – ყველას ახსოვს მისი ქადილი: „მე ამას 24 საათში შევძლებ“. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მან მრჩევლებს დაავალა უმაღლეს დონეზე მოემზადებინათ შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან იმ იმედით, რომ იგი საჯაროდ, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში ოფიციალურად გამოაცხადებდა ცეცხლის შეწყვეტას“, – ნათქვამია აშშ-ის ერთ-ერთი უძველეს ჟურნალ  The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპმა პუტინს მორიგი გამარჯვება მოუტანა“ (ავტორი – ჯონათან ლემირი).

პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო შეწყვეტასთან დაკავშირებული მოვლენები. კერძოდ, გაანალიზებულია სიტუაცია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ინაუგურაციიდან სამიოდე თვის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის გეგმები შეიცვალა: სარწმუნო პირების თქმით, დონალდ ტრამპს უკრაინის გარეშე სურს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის განმტკიცება და აპირებს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის მომზადების საკითხს ისევ დაუბრუნდეს, მაგრამ ამჯერად მათი სამიტის დროს უკრაინის თემატიკა – ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების პერსპექტივა განხილული არ იქნება.

შთაბეჭდილება ისეთია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის რამდენიმეთვიანი სამშვიდობო მცდელობა – მიაღწიოს ზავს მოსკოვსა და კიევს შორის –  უშედეგო აღმოჩნდა. დონალდ ტრამპმა  თავისი სტრატეგიის ცვლილებაზე ნათლად მიანიშნა მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები დაასრულა და განაცხადა, რომ აღარ სურს პირადად შუამავლის როლის შესრულება საზავო შეთანხმების მისაღწევად.

რუსეთმა გაიმარჯვა: კრემლმა თავიდან აიცილა (დროებით მაინც) არასასურველი სანქციები თეთრი სახლისგან ისე, რომ უკრაინასთან ომს არ შეწყვეტს და გააგრძელებს. ვლადიმერ პუტინისათვის ფრიად სასიამოვნოა დონალდ ტრამპის სიტყვები: „იმედი მაქვს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება. და თუ არ მოხდება, მე, უბრალოდ, უკან დავიხევ და მათ ომის გაგრძელება მოუწევთ. ბოლოსდაბოლოს, ეს ევროპული სიტუაციაა და ევროპულ სიტუაციად დარჩება“.

ალბათ, ასეთი შედეგი გარდაუვალი იყო. დონალდ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს პატივისცემით ექცეოდა, სკეპტიკურად უყურებდა ევროპას და დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული ყურადღება უნდა დასთმობოდა ბიზნესის და ვაჭრობის განვითარებას. იგი ხშირად ადასტურებდა და იმოწმებდა რუსულ ვერსიას ომთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის პროვოცირება უკრაინამ მოახდინა და ამიტომ დათმობებს უმეტესად კიევისაგან მოითხოვდა, მოსკოვს კი ნაკლებ პრეტენზიებს უყენებდა. დონალდ ტრამპის დამოკიდებულება თავისი რუსი კოლეგის მიმართ უფრო ლოიალური და მომთმენი იყო, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტისადმი. იგი იშვიათად ავლენდა თავის უკმაყოფილებას კრემლის მიმართ: ერთადერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული ანტიპუტინური განცხადება ტრამპმა რომის პაპის ფრანცისკას დაკრძალვის დროს გააკეთა, როცა იგი რუსეთს სანქციებით დაემუქრა, ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე კრემლის უარის გამო, თუმცა მის ნათქვამს გაგრძელება არ მოჰყოლია – სანქციები დღემდე არ არის შემოღებული.

ვლადიმერ პუტინისათვის მომგებიანია დონალდ ტრამპის სტრატეგიის შეცვლა ომის მიმართ. რუსეთის ლიდერმა მიიღო ის, რაც სურდა – მოლაპარაკების უსასრულოდ გაჭიანურება. ცხადია, რომ რუსეთის არმია დარტყმებს გააგრძელებს და სულ უფრო მეტ ტერიტორიებს დაიპყრობს, რითაც კრემლი მდგომარეობა განიმტკიცებს სამომავლო მოლაპარაკებისათვის. ადრე თუ გვიან, საზავო შეხვედრა მაინც გაიმართება – ასე რომ, ვლადიმერ პუტინის გამბიტი მომგებიანია. რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტისათვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის იმის აღიარება, რომ მისი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

ევროპას ძალიან გაუჭირდება უკრაინისადმი სრულყოფილი დახმარების გაწევა და უსაფრთხოების გარანტიით უზრუნველყოფა ამერიკის გარეშე. დიდი სურვილის მიუხედავად, ევროპა ამერიკას ვერ ჩაანაცვლებს და ვერც ევროპული  არმიები ვერ შეედრებიან ამერიკის არმიას. და თუ აშშ თავის ჯარებს ევროპიდან გაიყვანს, ამით რუსეთი კვლავ მოგებული დარჩება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: