Home Blog Page 3

აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ბურბონ სტრიტზე სატვირთო მანქანა ხალხს შეეჯა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების განცხადებით, შემთხვევა პოპულარულ ტურისტულ უბანში მოხდა, სადაც ახალი წლის აღსანიშნავად უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც CBS News-სს თვითმხილველებმა განუცხადეს, თეთრი სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში ბურბონ სტრიტზე, შემდეგ მძღოლი გადმოვიდა და იარაღიდან სროლა დაიწყო, რასაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

ნიუ ორლეანის მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებული 30 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში და, სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული.

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 63 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 63 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 111 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 63 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 46 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 2 რუსეთსა და ბელარუსში გაფრინდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკის, კიროვოგრადისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.

2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება

2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება, შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან, 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10 დეკემბერს პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2025 წლიდან გაიზრდება კომპენსაციების მოცულობაც. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 8 მილიარდ 820 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 990 მილიონ ლარზე მეტით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია: „მოსახლეობის სოციალური დაცვა – 6 მილიარდ 353 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის: საპენსიო უზრუნველყოფა – 4 მილიარდ 498 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და 2025 წლის იანვრიდან განისაზღვრება 350 ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია, ასევე, იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20 პროცენტიანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;

პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციის ოდენობები, რომელთა დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე. სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 035 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 235 ლარით. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება – 1 მილიარდ 639 მილიონ ლარამდე;

აღნიშნული თანხის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების, ასევე, დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ასევე, გათვალისწინებულია 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დაფინანსება;

სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში – 113,0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება შეადგენს 95,0 მილიონ ლარს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა – გათვალისწინებულია 1 მილიარდ 859 მილიონი ლარი, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 220 მილიონ ლარს.

პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების ზრდა; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა – 100 მილიონი ლარი; დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა – 112 მილიონ ლარზე მეტი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა – 268 მილიონი ლარი“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა

უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორის ცნობით, კიევის დროით 7:00-ზე კომპანიასა და „გაზპრომს“ შორის 2019 წლის 30 დეკემბერს დადებული შეთანხმების ვადა ამოიწურა.

„ოპერატორმა საერთაშორისო პარტნიორებს დადგენილი წესით აცნობა. ამრიგად, 1-ელი იანვრიდან უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა რუსული გაზის ტრანზიტის რეჟიმში არ მუშაობს“, – აცხადებს უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას ისტორიული მოვლენა უწოდა. „რუსული გაზის ტრანზიტი შევაჩერეთ. ეს ისტორიული მოვლენაა. რუსეთი ბაზრებს კარგავს, ფინანსურ ზარალს განიცდის. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ გაზზე უარი თქვას”, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის გაფართოების ტემპსა და ხარისხს უზრუნველყოფს, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით.

ამასთან, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობისას მიზანი თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ევროკავშირის ინსტრუმენტების გამოყენება იქნება.

პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა

გზისპირა ზონებში გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება

2025 წლიდან, გზისპირა ზონებში, გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. იანვრიდან ძალაში შედის “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას “M2“, “M3“, “N1“, “N2“, “N3“, “O3“, “O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.

შემოწმდება შემდეგი საკითხები: – სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა; მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება; სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; საკონტროლო მოწყობილობის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა; სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.

გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დარღვევის ხარისხის შესაბამისად – 500 ლარიდან 5 000 ლარის ოდენობით.

საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო – სალომე ზურაბიშვილი

საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო, ერთად აღვნიშნეთ 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია”.

„საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო. ერთად აღვნიშნეთ (ქართულ სტილში, კილომეტრის სიგრძის სუფრის გარშემო) 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი. თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია“, – წერს ზურაბიშვილი.

საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა

საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა – 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა ის ნორმა ამოქმედდა, რომლის გათვალისწინებით, მწარმოებელ კომპანიებს სალიცენზიო სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, პირობების დარღვევისთვის კი, ჯარიმები დაეკისრებათ.

ახალი წლიდან თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა 50 000 ლარი იქნება.

თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის პირობების დარღვევით ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით.

პარლამენტმა 2024 წლის ივლისში დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქართველოში თამბაქოს პროდუქტების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარია.

1-3 იანვრის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

1-ელ იანვარს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და 1 იანვარს იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 31 დეკემბერს და 1 იანვარს ზოგან იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 2 იანვრამდე ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, შემდგომში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 31 დეკემბერს და 1 იანვარს ზოგან მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 31 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, 1-3 იანვარს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 2 იანვრამდე ზოგან მოთოვს, შემდგომში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2 იანვრამდე ზოგან მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა, მჯერა, 2025 წელი გარდამტეხი წელი იქნება ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაშია აღნიშნული, გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ, მისი თქმით, 2025 წელი საქართველოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება.

„ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებო თანამოქალაქეებო, ყველას გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. გილოცავთ ახალი, იმედითა და გამარჯვებით აღვსილი წლის დადგომას. ახალ წელს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს განსაკუთრებით მინდა, ვუსურვო ორი რამ – მშვიდობა და ერთობა. ჩვენი სამშობლოს ისტორიული გზა არასდროს ყოფილა იოლი, მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ და მსოფლიომ ურთულესი პერიოდი გაიარა, გლობალური პანდემია, დამანგრეველი ომები ჩვენ გარშემო, საშიში გეოპოლიტიკური დაპირისპირება.

განვლილმა წლებმა განსაკუთრებით დაგვანახა მშვიდობის, სიმტკიცის, სიბრძნის, სიფრთხილისა და წინდახედულების ფასი. ჩვენ გავაცნობიერეთ და აღვიქვით, რას ნიშნავს გქონდეს პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდე ღვთისგან ბოძებულ და წინაპართაგან დატოვებულ საუნჯეს, ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიას, წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ერთადერთი სწორი და ბრძნული არჩევანი მშვიდობის პოლიტიკაა. ამავე დროს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ, მშვიდობასთან ერთად, წარმატება საქართველოსთვის მოაქვს ერთადერთ პრინციპს, რომელიც ასევე დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ძალა ერთობაშია – ეს მარტივი ფორმულა იტევს მთელი საქართველოს ისტორიას, ჩვენს აწმყოსა და მომავალს. ერთად როდესაც ვართ, მაშინ ვართ მტკიცედ და როდესაც ვართ მტკიცედ, ყოველთვის ვიმარჯვებთ. სწორედ ერთობამ, თანხმობამ და სიმტკიცემ განაპირობა საქართველოს გადარჩენა, წინსვლა და განვითარება. გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ ჩვენი დიდი და მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა. მჯერა, დამდეგი 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება. ჩვენ გავიმარჯვეთ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ჩვენ გავიმარჯვეთ ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერებისთვის, ჩვენ გავიმარჯვეთ მშვიდობისთვის. ახალი წლიდან კი ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი კეთილდღეობისთვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის.

გილოცავთ ახალ წელს! ღმერთმა დაიფაროს საქართველო და დალოცოს ჩვენი ოჯახები!“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, მშვიდობა თქვენ ყველას, ღმერთს მადლობა შევთხოვოთ -ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

ილია მეორეს თქმით, ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ერის მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი.

„მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობა თქვენ ყველას. ღმერთს მადლობა შევთხოვოთ“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

მჯერა, 2025 წელი იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი -მიხეილ ყაველაშვილი

მჯერა, 2025 წელი იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანების წელი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის საახალწლო მილოცვაში.

ყაველაშვილის თქმით, სწორედ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დაფუძნდეს მომავალი ერთობა.

„ჩემო ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და სიხარულს. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით  მივულოცო ჩვენს პატარებს. ვისურვებ, სწორედ დღევანდელი ახალი წლის ჯადოსნური ღამე ყოფილიყოს მათი ოცნებებისა და სურვილების ასრულების დასაწყისი.

სიყვარული, სითბო და სიხარული შემოსულიყოს 2025 წელს თითოეული ჩვენგანის ოჯახში. სწორედ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა, მივულოცო ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო, ბედნიერი მომავლის საწინდარი.

მე მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება.

დაე, ყოფილიყოს 2025 წელი ქართველების დიდი სიყვარულისა და  ერთიანობის წელი.

დაე, გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ ცდუნებაზე, რაც შეიძლება გვყოფდეს და გვაპირისპირებდეს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.