Home Blog Page 3

ეუთო/ოდირის დასკვნა ხელახალი არჩევნების საფუძველია -ოთხი ოპოზიციური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

„ძლიერი საქართველოსთვის,“ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ოპოზიციური გაერთიანებების განცხადებაშია აღნიშნული, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ უზრუნველყო
მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზაცია.

„ეუთო/ოდირი უკვე მრავალი წელია, აკვირდება საარჩევნო პროცესს საქართველოში. 2024 წლის არჩევნების შეფასება ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა, რომელიც ამ ორგანიზაციას ოდესმე დაუწერია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ უზრუნველყო მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზაცია. დასკვნის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვისაა აუცილებელი.

საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, 26 ოქტომბრიდან ატყუებს ქართველ ამომრჩეველს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას შეეძლო „ქართლი ოცნების“ მიერ ძალაუფლების უზურპაციისთვის ლეგიტიმურობის მინიჭება. ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებულმა დასკვნამ და რეკომენდაციების ერთობლიობამ თავის შინაარსით დაადასტურა საარჩევნო შედეგის არალეგიტიმურობა, რაც ხელახალი არჩევნების საფუძველია. კერძოდ, ეუთო/ოდირის დასკვნა განმარტავს, რომ ორგანიზაციის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას. მას შეუძლია მხოლოდ საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. თავისთავად ამ ფაქტის ხაზგასმა დოკუმენტში და ლეგიტიმურობის საკითხის ამგვარად დაყენება ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც სტანდარტულად ამ ტერმინოლოგიას დასკვნებში არ იყენებს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს ლეგიტიმაციის დეფიციტი.

რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესს, რომლის შეფასებაც არის ეუთო/ოდირის მანდატით განსაზღვრული, იგი შეფასებულია, როგორც მკვეთრად უარყოფითი, მრავალი დარღვევებით, მათ შორის ისეთი ფუნდამენტური პრინციპის, როგორიცაა არჩევანის ფარულობა. ეუთო-ს დასკვნა ცალსახად აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ არ არსებობდა ნდობა ამომრჩევლის მხრიდან, რაც აისხა არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომელიც სასტიკად იქნა დარბეული, მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევით. კონკრეტულად დასკვნა ხაზს უსვამს შემდეგ დარღვევებსა და ნეგატიურ გარემოებებს:

1. უახლესი კანონმდებლობა, რომელიც ე.წ. რუსულ კანონს გულისხმობს და რომელმაც ნეგატიური ეფექტი იქონია ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე;

2. საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების პოლიტიზება საარჩევნო მიზნებისთვის;

3. ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, სადაც არჩევნების დღეს ამომრჩეველს ეზღუდებოდა შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემა;

4. ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა, ამომრჩევლის ნების კონტროლის მიზნით ხმის მიცემის პროცესის ვიდეო ჩაწერა, რამაც შეარყია საზოგადოების ნდობა არჩევნებისადმი;

5. არჩევნების შემდგომ პერიოდში, საჩივრების არასათანადოდ განხილვა და შეზღუდული სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობა;

6. საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, მათ შორის მონაწილეების დაპატიმრება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა;

7. მედიის პოლარიზება და ინსტრუმენტალიზება, ამომრჩევლისთვის ინფორმირებული არჩევანის შეზღუდვა;

6. პოლიტიკური დაფინანსების არასათანადო მონიტორინგი და რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ;

8. განსაკუთრებული ზეწოლა საჯარო მოხელეებზე;

9. საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების არაეფექტიანობა.

ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად“, – წერია განცხადებაში.

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა, ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 80-მდე ადამიანი

გერმანულმა მაუწყებელმა MDR-მა გაავრცელა კადრები, როგორ დააკავეს სამართალდამცველებმა ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. ის 50 წლის ექიმია საუდის არაბეთიდან.

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. მედიის ცნობით, დაღუპულია, ორი ადამიანი, ხოლო 80-მდე პირი დაშავდა.

ადგილობრივი მაღალჩინოსანი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს იყო განზრახ თავდასხმა.

შემთხვევას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

„ჩემი ფიქრები დაღუპულთან და მათ ახლობლებთან არის. ჩვენ მათ და ყველა მაგდებურგელის ვერდით ვდგავართ“, – ამბობს შოლცი.

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 დეკემბერი ასტროლოგიურად აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. მთვარე ვერძის ნიშანში იმყოფება, რაც ხელს უწყობს ახალი საქმეების დაწყებასა და ფინანსური საკითხების მოგვარებას.

ზოგადი რეკომენდაციები:

ახალი წამოწყებები: დღე ხელსაყრელია ახალი პროექტების დასაწყებად, უძრავი ქონების შესაძენად და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.
სწავლა და გამოცდები: სწავლისა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ.
ურთიერთობები: მოერიდეთ კამათსა და სასამართლო საქმეებს. სასურველია საოჯახო კონფლიქტების მოგვარება და ნათესავებთან შეხვედრა.
ჯანმრთელობა: მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი და შეამცირეთ ეკრანთან გატარებული დრო.


ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

ვერძი: თუ თქვენი ჩვეული სისტემა არ მუშაობს, ნუ შეგეშინდებათ რაიმე განსხვავებული სცადოთ. სამსახურში ყოფნისას ნუ იფიქრებთ საყოფაცხოვრებო საქმეებზე, რათა შეცდომები აირიდოთ. შესაძლოა, მიიღოთ კარგი ამბები შორიდან.

კურო: ნერვიულობა არ გაგიუმჯობესებთ განწყობას. ეცადეთ დაისვენოთ და არ გაბრაზდეთ ადამიანებზე, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო თქვენს ცუდ განწყობასთან. შესაძლოა, შეცვალოთ თქვენი თვალსაზრისი მნიშვნელოვან საკითხზე.

ტყუპი: სამსახურში ფხიზლად იყავით, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. დაურეკეთ საყვარელ ადამიანს ან მეგობრებს და ერთად გაატარეთ დრო, რაც შესაძლოა, საინტერესო აზრებს გაგიჩენთ.

კირჩხიბი: მოერიდეთ სამსახურში საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას ან ცვლილებებს. მეგობრებთან ურთიერთობამ შეიძლება სარგებელი მოგიტანოთ. გაატარეთ რომანტიკული საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და მოერიდეთ ალკოჰოლს.

ლომი: შესაძლოა, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, მაგრამ ნუ შეხედავთ მას ვარდისფერი სათვალით. სამუშაო დღე პროდუქტიული იქნება; შესაძლოა, ხელმძღვანელობამ შეგამჩნიოთ და შეგაქოთ.

ქალწული: შესაძლოა, გაუგებრობებისა და კონფლიქტური სიტუაციების მომსწრე გახდეთ; ეცადეთ, მინიმალურად ჩაერთოთ მსგავს პროცესებში. დაისვენეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

სასწორი: მოაწესრიგეთ პირადი სივრცე და გამოიჩინეთ კეთილგანწყობა ახლობლების მიმართ.

მორიელი: დაიცავით ზომიერება და დღე მშვენივრად ჩაივლის. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. შეგიძლიათ, საკუთარი თავის განებივრებაც პატარ-პატარა შენაძენით.

მშვილდოსანი: კარგი იქნება, თუ დღეს ჩვეული საქმიანობით დაკავდებით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად კი არასასურველი პერიოდია.

თხის რქა: ნუ გადაიტვირთებით; გადაანაწილეთ საქმეები დღის ბოლომდე და მოახდინეთ დელეგირება. პირად თემებში იყავით მეტად აქტიური და დაკვირვებული.

მერწყული: დღის მთავარი რეკომენდაციაა სიმშვიდე. ნუ აჰყვებით ქაოსს; გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი.

თევზები: ნუ გაღიზიანდებით წვრილმანებზე. გაითვალისწინეთ, რომ მიმდინარე პერიოდი არასტაბილურია და ეცადეთ, ყველაფერს გაგებით მოეკიდოთ.

ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო – ცესკო

26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო – ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი) საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად. ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა რომ ამის ვალდებულება არ ყოფილა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის  აუდიტი.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. მათ შორის ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია, სწავლებები, რომლებიც ჩატარდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიზნით განხორციელებული აქტივობები. ხაზგასმულია, რომ ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას  არ  გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ცესკოს მხრიდან პარტიების რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად წარიმართა. ამასთან ანგარიშში საუბარია, რომ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს საარჩევნო ადმინისტრაცია მყისიერად აქვეყნებდა, ხოლო ცესკოს სხდომების ნახვა შესაძლებელი იყო ლაივ რეჟიმში, რაც ინფორმაციაზე  ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი, რაც ადასტურებს რომ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში ამ თემაზე დაინტერესებული მხარეების მიერ განხორციელებული  ბრალდებისა და ზეწოლის კამპანია იყო უსაფუძვლო და საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პრაქტიკისა და კანონის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და საყურადღებო  რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობასთან მიმართებაში სადამკვირვებლო მისია გასცემს საარჩევნო მასალების დახვეწის, საუბნო საარჩევნო კომისიების შენობების შერჩევისა და კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების რაოდენობის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად გაეცნობა და შეისწავლის დასკვნაში ასახულ ყველა რეკომენდაციას, და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მოსაზრებებს ამა თუ იმ რეკომენდაციასთან მიმართებაში. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის მოსაზრებების გაცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს ორგანიზაცია რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესს საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ეუთო/ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით.

მთლიანობაში, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული.

როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რაც ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა.

კობახიძის თქმით, მოსალოდნელია ოპოზიციის მხრიდან ეუთო/ოდირის მიმართ თავდასხმები.

„მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს. თქვენ ნახეთ, როგორი მძიმე რექცია ჰქონდა ოპოზიციას საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტზე, იხილეთ აგრესიული თავდასხმები ალენ ბერსეს მიმართ. ჩვენ ველოდებით კიდევ ერთხელ ასეთ აგრესიულ თავდასხმას ეუთო/ოდირის მიმართ. ეს დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იქნა არჩევნების შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია დიდი გაღიზიანება რადიკალურ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც.

რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირთან თანამშრომლებისთვის, ამ დასკვნაში არის კონკრეტული რეკომენდაციებიც წარმოდგენილი და მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ყველა რეკომენდაციის სათანადოდ განხილვისთვის და შესაბამისად გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაციები, სადაც ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს – ეუთო/ოდირი

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

“აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“.

„არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასების დროს ODIHR-მა აღმოაჩინა, რომ საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა, რაც სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზღუდავდა, ხოლო პროტესტების ძალისმიერმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა მშვიდობიანად შეკრების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გააჩინეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

„მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა პასუხი გასცენ ყველა წუხილს,” – განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევის შედეგად, თუმცა ბრიუსელი კვლავ მის ხელშია – ორბანი

J

სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევის შედეგად, თუმცა ბრიუსელი კვლავ მის ხელშია, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„სოროსის ქსელს ორი შტაბ-ბინა ჰქონდა, მაგრამ სოროსის ქსელმა დაკარგა ამერიკა. ახლა ის კონცენტრირდება ბრიუსელში. ასე რომ, ჩვენი მომავლის გასაღებია, შეძლებენ თუ არა „პატრიოტები“ [ევროპული პოლიტიკური გაერთიანება] უმრავლესობის მოპოვებას და სოროსისგან ბრიუსელის დაბრუნებას. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და დღითიდღე ვძლიერდებით“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

პარლამენტის წინ აქცია დაიწყო – აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

პარლამენტის წინ აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ცოტა ხნის წინ აქციას მსვლელობით იურისტთა მარში შეუერთდა, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო სტარტი და მსვლელობით რუსთაველის გამზირამდე მივიდა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საპროტესტო მსვლელობით მოგზაურობის მოყვარულთა მარშიც შეუერთდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერებით მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყეს.

პარალელურად, აქციას შეუერთდნენ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები და ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ასევე მსვლელობით მოვიდნენ პარლამენტთან.

მოქალაქეები უკვე 23-ე დღეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნა.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა – გივი ჩხარტიშვილი

მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და მიმდინარე პროცესებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და მათ ქვეყნის გამყიდველები უწოდა.

„თქვენ რომ ქვეყანა გიყვარდეთ, თქვენ რომ ღირსება გაგაჩნდეთ, მოსახლეობას შეცდომაში არ შეიყვანდით, არ მოატყუებდით, თითქოს ქვეყნის ბედი გადარდებთ. იმედს ვიტოვებ, ოპოზიციაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოიჩენენ გონიერებას და ამ არეულობას სამუშაო რეჟიმში გადაიყვანენ. უპასუხისმგებლობაა, რომ არ ერთვებით სამუშაო პროცესებში, არაფერზე შეგტკივათ გული და ამის ფონზე ჩვენ გვიყენებთ ბრალდებებს. მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და მიმდინარე პროცესებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდა“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს მიმართა.

„მე პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, თუმცა აქვე მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო, რომ არ აჰყვნენ სიცრუის იმ პროპაგანდას და საზოგადოების ბულინგს, რაც გამუდმებით ისმის პარტიული ტელევიზიების ეთერებიდან’’, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, მიუღებელია ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების რუსეთუმეებად მოხსენიება მაშინ, როდესაც სწორედ არსებული ხელისუფლების დროს მოხდა უვიზო მიმოსვლის შემოღება, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის.

„თქვენ რა გააკეთეთ ქვეყნისთვის – რუსეთს ჩააბარეთ ტერიტორიები, მიატოვეთ ქვეყნისთვის გმირულად დაღუპული ბიჭები და ამ ყველაფრის მერე გამოდიხართ და ამბობთ, რომ ქვეყნის წინსვლა და ევროკავშირში შესვლა გინდათ“, – აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია – მაჭარაშვილი გვარამიაზე

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის განცხადება მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია თაღლითია.

„როდესაც გვარამია „რუსთავი2“-ში მუშაობდა და სასამართლომ ის გაამტყუნა თანხის მითვისებაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატყდა ჟრიამული, რომ როგორ შეიძლებოდა მედია მენეჯერის დაკავება, ეს იყო ტყუილი და ა.შ. ახლა, კიდევ ერთხელ, ხომ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია. ოქუაშვილმა აღიარა, რომ 100 ათას ლარამდე ხელფასი აქვს რაში, იმაში რომ ერთი წუთით შევიდეს კარავში და მერე სახლში თბილად დაიძინოს, მერე წავიდეს ბრიუსელში და ა.შ. ამაში იღებს 100 ათას ლარს.

მინდა ვკითხო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციებზე იყინებოდნენ და ვკითხო იმ თანამშრომლებს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებაში ხელს უწყობენ დეზინფორმაციის მანქანას, როგორიც არის „მთავარი არხი“, რატომ იღვწიან?! იმისთვის, რომ გვარამიამ 100 ათასები ჩაიდოს ჯიბეში და თვითონ დეზინფორმაცია გაავრცელებინოს ამ ახალგაზრდებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, რომ გვარამიამ და გაბუნიამ, საკუთარი დანაშაულების გადასაფარად ქვეყნისთვის მწვავე პერიოდი აირჩიეს, შეეცადნენ, საკითხი ისე წარმოეჩინათ, თითქოს გიორგი ქურდაძემ შეუქმნა დაბრკოლებები

საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს – კაია კალასი

საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი X-ზე წერს.

კაია კალასის განცხადებით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერების გარდა, ასევე განიხილება დამატებითი ზომები.

„საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს. დღეს მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ – შემოგვაქვს წინადადება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. ასევე დამატებით ზომებს განვიხილავთ“, – წერს კაია კალასი.

,,გვარამია და გაბუნია, „მთავარ არხზე“ საკუთარ ფინანსურ დანაშაულთა ჩადენით, ივანიშვილის და მისი ჯგუფის დავალებების შემსრულებლები გახდნენ”- ზაზა ოქუაშვილი

„ჯერ კიდევ არაშორეულ წარსულში, 2004 წელს, პირველად მე გავასაჯაროვე ხელისუფლების მიერ ბიზნესის შევიწროების, კერძოდ, „ომეგა“ ჯგუფისთვის წილების გამოძალვის ფაქტები, ტვ „იბერიას“ ჩათვლით. ასევე 2018 წელს, მე პირველმა გამოვამჟღავნე ივანიშვილის რეალური სახე, ისევ ჩემი „ომეგა“ ჯგუფისა და ტვ „იბერიას“ გამოძალვის მაგალითზე და დღეისთვის, ივანიშვილისა და მისი ჯგუფის წინააღმდეგ მაქვს ოთხი მიმდინარე საერთაშორისო სამართლებრივი დავა, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სასამართლოებში.

დღეს ბიძინა ივანიშვილზე, ნიკა გვარამიასა და „მთავარ არხში“ მისი პროტეჟე გიორგი გაბუნიაზე მიწევს საუბარი. ტელეკომპანია „მთავარი არხი“, ტვ „იბერიას“ ბაზაზე დავაფუძნე. გახსნისთანავე ნიკა გვარამიამ, ჯერ იყო და 88,500 ლარი დაინიშნა ყოველთვიური ხელფასის სახით, შემდეგ კი, ფულის გათეთრებით დაკავდა – მილიონობით არადეკლარირებული ნაღდი დოლარის გათეთრებით, საქართველოდან საერთაშორისო საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვით, ევროპისა და ბრიტანეთის ჩათვლით. როგორც დირექტორმა, ხელოვნურად გაკოტრების პირას მიიყვანა “მთავარი არხი“ წლების მანძილზე სახელმწიფო საბიუჯეტო დავალიანებით, რომელიც დღესდღეობით 13 მილიონი ლარია. ამავდროულად ომეგა ჯგუფის კუთვნილი თანხები, ნიკა გვარამიამ, როგორც დირექტორმა, არამიზნობრივად გახარჯა და ომეგა ჯგუფი, როგორც „მთავარი არხის“ მფლობელი, დამატებით 6 მილიონამდე ლარით დააზარალა.

გვარამია და გაბუნია, „მთავარ არხზე“ საკუთარ ფინანსურ დანაშაულთა ჩადენით, ივანიშვილის და მისი ჯგუფის დავალებების შემსრულებლები გახდნენ. ნიკა გვარამიამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ოპოზიციის დასანაწევრებლად, მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

ცხრა თვეა, რაც „მთავარ არხზე“ ჩემ მიერ წარდგენილმა დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ „მთავარი არხის“ ძველი და ახალი გენერალური დირექტორების დანაშაულები გამოავლინა. მას 50-ზე მეტი გაფრთხილების წერილი აქვს მიწერილი გიორგი გაბუნიასა და სხვა პასუხისმგებელი პირებისთვის, ნიკა გვარამიას ჩათვლით, „მთავარ არხზე“ დანაშაულებრივი მაქინაციების შეწყვეტის მოთხოვნით.

„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ცხრა თვის განმავლობაში, მათი მხრიდან ყოველმხრივი ზეწოლისა და წერილობითი მუქარის მიუხედავად, არ აწერს ხელს კანონშეუსაბამო დოკუმენტაციას და მოითხოვს ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან, რომ ტელევიზიის საქმიანობა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. ტელევიზია განთავისუფლდეს ერთპიროვნული კონტროლისგან ნიკა გვარამიასი, რომელიც დღეისთვის თვითონ არის ივანიშვილის და მისი ჯგუფის ინსტრუქტაჟისა და მფარველობის ქვეშ, უკანონოდ მითვისებული მილიონობით ლარისა და დოლარის გამო.

ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ, ქვეყნისთვის ყველაზე მწვავე პერიოდი აირჩიეს საკუთარი დანაშაულების გადასაფარად და შეეცადნენ საკითხი ისე წარმოეჩინათ, თითქოს გიორგი ქურდაძემ შეუქმნა დაბრკოლებები და თანაც ახლა. ეს იმ ფონზე, როდესაც, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიმდინარეობს გიორგი ქურდაძის, როგორც დირექტორის ხელმოწერის კანონგარეშედ უგულებელყოფა. ტელეკომპანია „მთავარ არხში“ არაფერი იცვლება, იმის მიუხედავადაც, რომ სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, შემოსავლების სამსახური და გენერალური პროკურატურა, ფლობენ აღნიშნულ ფაქტებს.

საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ გამოსავალი „მთავარი არხის“ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთია: შეწყდეს „მთავარი არხის“ ფინანსური მაქინაციებით დაზიანება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებისთვის. ამისთვის აუცილებელია, ნიკა გვარამიას პროტეჟე გიორგი გაბუნიამ დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა. ტელეკომპანიაში კი, ვაკანტურ ადგილას უნდა დაინიშნოს „მთავარი არხის“ თანამშრომლებთან ერთად შერჩეული პირი, აგრეთვე აირჩეს ბორდი საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, რათა ტელეკომპანიამ კანონიერად იმუშაოს, მაუწყებლობა იყოს დაბალანსებული და ობიექტური. არხის თანამშრომლების პროფესიული და თავდადებული შრომა კი არ უნდა იქნას გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური სარგებლისთვის, ნიკა გვარამიას მართული როლით.

ჩემ გარდა „მთავარი არხის“ მსხვილი წილის მეორე რეალურ მფლობელს მოვუწოდებ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და ნეიტრალური პოზიციის ნაცვლად, ჯერ კიდევ სანამ დროა, აქტიურად ჩაერიოს პროცესში, რომ „მთავარი არხი“ არ შეეწიროს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს, ნიკა გვარამიას გამოყენებით. ისინი „მთავარ არხზე“ კონტროლის დაკარგვას და დამოუკიდებლად დატოვებას, „მთავარი არხის“ დახურვას ამჯობინებენ. დღეისთვის, დროული მოქმედებით, ჩვენ ორს ერთად, „მთავარი არხის“ ყველაზე დიდი წილის მფლობელებს, შეგვწევს ძალა, ჩავაყენოთ ტელევიზია საზოგადოების სამსახურში“, – წერს ზაზა ოქუაშვილი.