Home Blog Page 3

ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია, თავისი მოკლე ჭკუით გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს “ქართულ ოცნებას”-გია ვოლსკი

ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია. თავისი მოკლე ჭკუით მან გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოდან რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა“.

„სანჩესს კარგად ვიცნობ და განცხადება როგორი გულუბრყვილოცაა, ისეთი გულუბრყვილო, მსუბუქი და ზედაპირული ადამიანია. ვერ ვიტყოდი, რომ სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ის ჩვეულებრივი კონიუქტურული ადამიანია, „სოციალ-დემოკრატია“, ვისაც თავისი მოსაზრებები მაშინ აქვს, როცა „სახალხო პარტიასა“ და „სოციალისტებს“ შორის თანამდებობის გადანაწილებაზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, მას ასეთად ვიცნობდი და, რასაკვირველია, მისი განცხადება სულელურია, სხვა შეფასებას ვერ მივცემ. ისეთი გულუბრყვილო ადამიანი არ არსებობს, ვინც მათ მიმართავდა სანქციების სიიდან ამოღების თაობაზე. ასეთი ადამიანები არ არსებობენ არც „ქართულ ოცნებაში“ და არ მგონია, თუნდაც ოპოზიციაში იყოს ადამიანი, ვინც ასეთ ნაბიჯს გადადგამს. ვფიქრობ, სანჩესმა თავისი მოკლე ჭკუით გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას““, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კოალიციები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამ შემთხვევაში ანა დოლიძეს სურს, დამოუკიდებლად განავითაროს თავისი პარტია, მაგრამ ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად -ბადრი ჯაფარიძე

ვხედავთ, რომ ანა დოლიძეს სურს, დამოუკიდებლად განავითაროს თავისი პარტია, მაგრამ ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, პარტნიორებად, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძეს კითხვა დაუსვეს ანა დოლიძის მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ დატოვებაზე.

„ანა დოლიძემ თავად ძალიან მკაფიოდ თქვა. ანა არის ჩვენი პარტნიორი, მეგობარი. კოალიციები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. დანარჩენი უკვე პარტიის გადასაწყვეტია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მას სურს, დამოუკიდებლად განავითაროს თავისი პარტია, მაგრამ ჩვენ ვრჩებით მეგობრებად და პარტნიორებად.

ბადრი ჯაფარიძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს: „ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერობის კანდიდატობა სურდა ანა დოლიძეს და ამის გამო დატოვა კოალიცია. თანამდებობებს ვერ იყოფენ თქვენს პარტიაში?“ – რაზეც ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს სულელური შეკითხვაა.

„აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის. ეს არის სულელური შეკითხვა, სრულიად იდიოტური კითხვაა. რა თანამდებობებზეა ლაპარაკი? ეს არის თქვენი შეთხზული კითხვა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან. იმიტომ წავიდა, რომ სურს, თავისი პარტია განავითაროს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობას, საკითხის კომენტირებისას ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აპირებენ, ხალხთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან ერთად განიხილონ შემდეგი ნაბიჯები.

„ჩვენ ახლა მოსული ვართ პოლიტიკური რეპრესიების ჯაჭვის შემადგენელი ერთ-ერთი პროცესის განხილვაზე. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მკაფიოდ მოგახსენეთ, რომ ვაპირებთ, ჩვენს ხალხთან, პოლიტიკურ მეგობრებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები, რათა „ქართულ ოცნებას“ არ დავუთმოთ არცერთი სფერო წინააღმდეგობის და ბრძოლის გარეშე. ეს არის ჩვენი პოზიცია. შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ გადაწყვეტილებას როდესაც მივიღებთ, პირველებს თქვენ გეტყვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7315 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7315 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7318 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1202 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1203 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

გენერალ-მაიორმა გიორგი ყარყარაშვილმა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი – „სამშობლოს ამარა” გენერლებსა და თანამებრძოლებს წარუდგინა

მიმდინარე წლის 6 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ-მაიორ გიორგი ყარყარაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის – „სამშობლოს ამარა“ წარდგენა.

„სამშობლოს ამარა“ არის ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები, რომელიც ავტორის თვალით გადმოსცემს 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს საქართველოში განვითარებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. ავტორი, ნაშრომზე, 2005 წლიდან მუშაობდა და როგორც შეხვედრაზე განაცხადა, ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ამ წლის ბოლომდე, წიგნის მეორე ნაწილიც გამოსცეს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს გენერლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ომში დაღუპულ იმ მეომართა ოჯახის წევრები, რომელთა შესახებაც წიგნშია მოთხრობილი. ავტორის სურვილით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, წიგნი მოწვეულ სტუმრებს უსასყიდლოდ დაურიგდათ.

აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისაო – ნათქვამია. ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან მოვდივართ, რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. ყველაზე კრიზისული პერიოდი 92-93 წლებისა, ის ეტაპი, ის მონაკვეთი, თითოეული ჩვენგანისთვის იყო ახალგაზრდობის წლების ჩვენი ქვეყნის მსახურებაში გატარების პროცესი. გიორგის ამ ნაშრომმა, თავისი პლუს-მინუსებით, ახლიდან განგვაცდევინა ეს დინამიკა და კიდევ ერთხელ მონაწილენი გაგვხადა იმ პროცესებისა, რაც აქ მყოფებმა გამოვიარეთ“, – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.

გიორგი ყარყარაშვილის წიგნმა „მუზა 2024“-ის საუკეთესო დოკუმენტური პროზის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ხელისუფლებაში მოსვლა უნდა სისხლიან რეჟიმს, ვერ დაბრუნდებიან, ან როგორ ითხოვენ, მორალური უფლება აქვთ? რამდენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა ადევთ -გიული ავალიშვილი

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიული ავალიშვილმა თავისი ძმის კლინიკაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.

როგორც ავალიშვილმა აღნიშნა, კლინიკის დერეფანი ბადრაგით იყო სავსე და იმის უფლებაც არ ჰქონდა, დიალიზზე მყოფი ძმისთვის საჭმელი მიეტანა.

„ღუდუშაურის კლინიკაში ჰყავდათ ორი-სამი კვირა, ძალიან მძიმედ იყო. ხომ შემეძლო, როგორც პატრონს, იქ მაინც მიმეტანა საჭმელი, რაც შეიძლებოდა დიალიზზე მყოფი ავადმყოფისთვის. სადაც იწვა, იმ პალატამდე დერეფანში რომ გამევლო, იმის შიშიც კი მქონდა, ბადრაგით იყო სავსე. ვინმე თუ იცნობდა, არ უნდა გამევლო იქ. გავლაც კი არ შემეძლო, რომ კარი თუ იქნებოდა ღია, შორიდან დამენახა ჩემი ძმა. რომელ საჭმელზეა საუბარი? იმ ხელისუფლების მეთაურს საკუთარი დედა აწვდის საჭმელს, მე რატომ არ შემეძლო? არ მომცეს უფლება, მიმეტანა საჭმელი ჩემი ძმისთვის და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო. საკვების შეტანის უფლებას არანაირად არ გვაძლევდნენ. მერეც, კვირაში სამი დღე დაჰყავდათ ღუდუშაურში და შემდეგ – გაგუას კლინიკაში და იქაც არ შეგვეძლო, ახლოს მიკარების უფლება არ გვქონდა. ეზოში ვიდექით და უნდა დაგვენახა, მანქანიდან რომ ჩამოიყვანდნენ. სიარული არ შეეძლო და ერთი სართულით ქვემოთ ლიფტით ჩაჰყავდათ. ვხედავდი, ჩემი ძმა ხელიდან მეცლებოდა, მაგრამ შველა არ შემეძლო. რატომ არ შემეძლო? ხომ იყო ქვეყანა, ხომ უნდა ყოფილიყო სამართალი?“ – განაცხადა გიული ავალიშვილმა.

როგორც კომისიის სხდომაზე გიული ავალიშვილმა აღნიშნა, „სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება“.

„ძალიან გამწარებული ვარ ჩემს ყოფილ პრეზიდენტზე, რომელიც ვითომ მე ავირჩიე. ხელისუფლებაში მოსვლა უნდა სისხლიან რეჟიმს – ისინი ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ან როგორ ითხოვენ, მორალური უფლება აქვთ? რამდენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა ადევს მათ ზურგს, ამ ცოდვებს ვერასოდეს მოინანიებს, მაგრამ პირადად მე, როგორც ჭეშმარიტი ადამიანი, მაინც ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. მინდა, გამცეს პასუხი, რატომ მომიკლა მისმა რეჟიმმა უდანაშაულო ძმა? მხოლოდ ჩემი ძმა არ იყო ეს, ჩემი ძმის მსგავსი ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი დედა არის ატირებული, ბევრი ოჯახი ისეა ამოწყვეტილი, როგორც ჩემი ოჯახი. მას გვარის გამგრძელებელი არ დარჩა, მომისპო ძმა, რატომ? მინდა მიპასუხოს“, – განაცხადა გიული ავალიშვილმა.

გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება – კანდიდატურას საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი ექსკლუზიურად დაასახელებს

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება. პარლამენტში ცვლილებების ინიცირება მომავალ კვირას მოხდება, პროექტის განხილვა კი დაჩქარებული წესით წარიმართება.

ცვლილებების მიხედვით, გენერალური პროკურორის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვის, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატის პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესს დაუყოვნებლივ იწყებს, რომელიც ერთი კვირის ვადაში დასრულდება. პროექტის თანახმად, გენერალური პროკურორის კანდიდატის დასახელების უფლება ექნება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს, რომელსაც უფლება ექნება, მხოლოდ ერთი კანდიდატი დაასახელოს. ამის შემდეგ, პროცედურის მიხედვით, გენერალური პროკურორის კანდიდატს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ეყრება. კენჭისყრა ღია იქნება, კანდიდატი მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემდგენლობის უმრავლესობა.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ წარდგენის პროცესში, ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა დაიწყება. თუ ორი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა დაიწყება. თუ ორზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს არანაკლებ სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო ერთი კვირის ვადაში, ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესით, კანდიდატის წარდგენის პროცედურას ხელახლა დაიწყებს. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი საჭირო რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტი იქნება საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭო მხარდაჭერილ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. თუ წარდგენილმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, საპროკურორო საბჭო, ამ მუხლის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული წესით, კანდიდატის წარდგენის პროცედურას ხელახლა დაიწყებს.

დღეს მოქმედი კანონით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატს კონსულტაციების საფუძველზე ერთი თვის ვადაში არჩევდა, რომელსაც პარლამენტს წარუდგენდა.

გენერალური პროკურორის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

“ტრამპი კერძო საუბრებში აღტაცებას ვერ მალავდა უკრაინული დრონების “მაგარი” შეტევის გამო, თუმცა შიშობს, რომ ამით რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა გართულდება”-The Independent

დიდი ბრიტანეთის გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ტრამპი კერძო საუბრებში აღტაცებას ვერ მალავდა უკრაინული დრონების „მაგარი“ შეტევის გამო, თუმცა შიშობს, რომ ამით რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა გართულდება“ (ავტორი – ენდრიუ ფაინბერგი, კორესპონდენტი ვაშინგტონში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იყო დრო, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას მკაცრად უთხრა, რომ რუსეთთან მრავალწლიანი ომისათვის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელში „კოზირები“ არ ჰქონდა, მაგრამ ახლა იგი ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს იმას, თუ რა შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინელი ლიდერის ხელში.

რუსეთის რამდენიმე ავიაბაზაზე უკრაინული დრონების წარმატებული თავდასხმის გამო, დონალდ ტრამპი, როგორც იტყობინებიან, კმაყოფილი და აღტაცებული დარჩა კიევის შეტევის გაბედული და იმავდროულად თავზეხელაღებული ხასიათით. დრონები კალიის გუნდივით ირეოდნენ აეროდრომების თავზე და ზედიზედ აფეთქებდნენ ბირთვულრაკეტმზიდ შორი რადიუსით მოქმედ სტრატეგიულ ბომბდამშენებს.

ამერიკული გამოცემის Axios-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა კერძო საუბრებში უკრაინული დრონების მიერ რუსული თვითმფრინავების განადგურების ფაქტი „ძლიერ“ და „მაგარ“ მოვლენად შეაფასა. პრეზიდენტის ერთ-ერთმა  მრჩეველმა კი კიევის მიერ შემუშავებული ოპერაციაში გამოყენებული დრონების როლი შეადარა „პატარა ძაღლს ჩიუაუას, რომელიც თავისზე უფრო დიდ ძაღლს სერიოზულად ჯაბნის“.

უკრაინის ხელისუფლებამ ეროვნული დაზვერვის მიერ განხორციელებულ ოპერაციას „აბლაბუდა“ („ობობას ქსელი“) უწოდა, რომლის შედეგად, კიევის მონაცემებით, 40-ზე მეტი სტრატეგიული დანიშნულების თვითმფრინავი განადგურდა, რაც შორი მოქმედების ავიაციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის განცხადებაში რუსეთის აეროდრომებზე შეტევის ოპერაცია ძალიან მაღალ დონეზე შეაფასა. როგორც ჩვენი გაზეთი წერდა, დონალდ ტრამპი, რომელიც ყველაფერზე სწრაფად აკეთებს ხოლმე კომენტარს,  იმ დღეებში საეჭვოდ დუმდა და არაფერი უთქვამს, სანამ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით არ ელაპარაკა.

აშშ-ის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების ვარაუდით, საბჭოთა კავშირსა და აშშ-ის შორის მიმდინარე ცივი ომის დროინდელი მსოფლმხედველობის გავლენა დონალდ ტრამპში დიდი ხნის განმავლობაში იწვევდა იმის აღქმას, რომ რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა, ხოლო ვლადიმერ პუტინი ძლიერ პიროვნებას – „გამარჯვებულს და ძლევამოსილს“-  წარმოადგენს, მისი გამონათქვამის თანახმად.

მაგრამ გასულ კვირას უკრაინელების წარმატებულმა შეტევამ, არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკიზე წარმოდგენა შეუცვალა. ალბათ, ამის მიზეზი ისაა, რომ უკრაინის წარმატების გამო რუსეთის და მისი ლიდერი უკვე ნაკლებად ჰგავს „ძლევამოსილს და გამარჯვებულს“ და უფრო მეტად ემსგავსება ისეთ პიროვნებას, როგორიც დონალდ ტრამპს ამქვეყნად ყველაზე მეტად ეჯავრება – „წაგებულ ადამიანს“.

თუმცა, ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპი მაინც შეშფოთებულია იმით, რომ მისი ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტაზე (ზავის დადებაზე) ჯერ-ჯერობით წარუმატებელია. არადა, იგი რუსეთ უკრაინის ომში მშვიდობის მიღწევას ამერიკელ ამომრჩევლებს (და არა მარტო მათ) თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღეს ჰპირდებოდა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც პრეზიდენტს უშუალოდ ეკონტაქტება, დონალდ ტრამპი შიშობს, რომ ვლადიმერ პუტინი მართლაც შეიშლება და რაღაც საშინელებას ჩაიდენს, რუსეთის ბომბდამშენი ავიაციის პარკისათვის მიყენებული დიდი და აუნაზღაურებელი ზარალის მიყენების გამო. კიევის მოქმედებამ სიტუაცია ძალიან სახიფათო ზღვრამდე მიიყვანა:  დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ამგვარი გაბედული, მაგრამ იმავდროულად ძალზე სახიფათო და სარისკო მოქმედებებით ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. „ჩვენს პრეზიდენტს საომარი მოქმედებების სწრაფი შეწყვეტა სურს, ამიტომაც ყოველთვის იმედგაცრუებული რჩება, როცა მსგავსი მოვლენები ხდება“, – ამბობს წყარო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყრო:

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

კინოპრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები 14 ივნისს გამოვლინდებიან.

წარმოგიდგენთ 2025 წლის ნომინანტებს:

საუკეთესო ფილმი:

ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე)

წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი)

გზაჯვარედინზე (ლევან აკინი)

პანოპტიკონი (გიორგი სიხარულიძე)

საუკეთესო რეჟისორი:

მაკა გოგალაძე – რაც თავი მახსოვს

ლევან აკინი – გზაჯვარედინზე

ტატო კოტეტიშვილი – წმინდა ელექტროენერგია

გიორგი სიხარულიძე – პანოპტიკონი

საუკეთესო მსახიობი:

დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი)

მზია არაბული (გზაჯვარედინზე)

ნიკოლო ღვინიაშვილი (წმინდა ელექტროენერგია)

ია სუხიტაშვილი (პანოპტიკონი)

საუკეთესო ოპერატორი:

ოლეგ მუტუ (პანოპტიკონი)

ლისაბი ფრიდელი (გზაჯვარედინზე)

ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია)

მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)

საუკეთესო მონტაჟი:

ნოდარ ნოზაძე (წმინდა ელექტროენერგია)

მაკა გოგალაძე  (რაც თავი მახსოვს)

იანიკ ლეროი, ფილიპ ბუკი (ლურჯი მოცვი)

ლევან აკინი, ემა ლაგრელიუსი (გზაჯვარედინზე)

 

საუკეთესო მხატვრული გაფორმება

ქეთევან ნადიბაიძე – პანოპტიკონი

როჯერ როზენბერგი – გზაჯვარედინზე

სალომე სხირტლაძე – ჰაერი ლურჯი აბრეშუმია

ნატო ბაგრატიონი, ანუკა კალანდარიშვილი – წმინდა ელექტროენერგია

 

ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდი დაასახელებს 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატს.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები და ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა.

სწორედ, 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე შევიტყობთ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიის საერთაშორისო, ვარსკვლავურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან – კარლოს რეიგადასი, ელენე ნავერიანი, სალომე კიკალეიშვილი, აგნეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, ანგელიკი პაპულია და ტომას ჰაკიმი.

დაარსების დღიდან, პრემია “ელისოს” ერთგული მხარდამჭერი და გენერალური პარტნიორია თიბისი. მთავარი მხარდამჭერები არიან: კოკა-კოლა, სიტროენი, ვაზისუბნის მამული, ენკენი ფილმს, ბლუტაბლა, სარაჯიშვილი და რუმს ჰოტელი.

(R)

შსს კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას-ალექსანდრე დარახველიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ. როგორც საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული.

დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი „კოკაინის“ კრისტალები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო ნივთები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია და თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი „მცენარე  კანაფი“.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და მათი რეალიზაციისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ასევე დამატებით დაწესდა ადმინისტრაციული პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის.

ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ გამოვლენილია ნარკოდანაშაულის – 2 370 ფაქტი. ასევე, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში მიცემულია – 1 712 პირი, მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია – 157 პირი.

პოლიციის მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 4 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“; 2,5 კგ „მეთადონი“; 1 კგ „ალფა პვპ“; 2,7 კგ „პრეგაბალინი“ იგივე „ლირიკა“; 72 კგ „მარიხუანა“; 150 კგ „მცენარე კანაფი“. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

თიბისის, ვიზას და VELI ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, ინდივიდუალურ მეწარმეებს, მათ შორის თვითდასაქმებულებს და ფრილანსერებს, შესაძლებლობა აქვთ, ველი ბიზნესის ონლაინ პლატფორმაზე მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შეიძინონ და ღირებულების 30%, მაქსიმუმ 200 ლარი დაიბრუნონ.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას ინდივიდუალური მეწარმეები 1 თვის განმავლობაში, 2025 წლის 6 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში შეძლებენ. იმისათვის, რომ თვითდასაქმებულმა ადამიანებმა აღნიშნული პირობით ისარგებლონ, აუცილებელია, გადახდა თიბისის ბიზნესბარათით განხორციელდეს.

თიბისის, ვიზას და VELI ბიზნესის ერთობლივი ინიციატივის მიზანია, ინდივიდუალური მეწარმეების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა იმისთვის, რომ მარტივად მიიღონ წვდომა სხვადასხვა საჭირო ინვენტარზე, აღჭურვილობასა თუ ტექნიკაზე, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და იყვნენ “ერთი ნაბიჯით წინ”.

“ინდივიდუალური მეწარმეების მხარდაჭერა თიბისი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. კარგად გვესმის, რა გამოწვევების წინაშე დგანან თვითდასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვნერგავთ ისეთი მომსახურებას თუ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობის გამარტივებაში დაეხმარებათ და შესაძლებლობას მისცემთ, იყვნენ ერთი ნაბიჯით წინ. ვაგრძელებთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობას და მათ, უახლოეს პერიოდში, კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტს თუ მომსახურებას შევთავაზებთ”, – ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნესის ლიდერი.

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე , ასევე, თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: (032) 2 2727*3 .

(R)

 “ტრამპისა და მასკის კავშირი თავიდანვე ჩასაშლელად იყო განწირული, მაგრამ არავის ეგონა, რომ ასე დრამატულად და სისასტიკით მოხდებოდა”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) დღევანდელ, 6 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით:  „ტრამპისა და მასკის კავშირი თავიდანვე ჩასაშლელად იყო განწირული, მაგრამ არავის ეგონა, რომ ასე დრამატულად და სისასტიკით მოხდებოდა“ (ავტორი – მაიკლ ლინდი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ურთიერთობა და მათი „მეგობრობის“ დრამატული ფინალი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ეჰ, როგორ ბედნიერ წყვილად გამოიყურებოდნენ…

თუმცა სინამდვილეში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის „საჯარო განქორწინება“ არავის არ უნდა გაუკვირდეს. დონალდ ტრამპს, შოუ-ბიზნესის ოსტატს, ასეთ სიტუაციებში არ უყვარს საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნა – მას თავის ყოფილ მოკავშირეებთან და დაქვემდებარებულ პირებთან უთანხმოება-დაპირისპირების დიდი ხნის ისტორია აქვს. ტყუილად კი არ არის ყველაზე ცნობილი ფრაზა მისი რეალითი-შოუდან „მოსწავლე“ – „შენ გათავისუფლებული ხარ!“.

დატოვა რა თეთრი სახლი, ილონ მასკმა, იმწუთშივე გამოხატა თავისი პრეტენზიები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. მან თეთრი სახლის მიერ კონგრესში შეტანილ კანონპროექტს თანამდებობაზე ყოფნისას „დიდი და ლამაზი“ უწოდა, ახლა კი, როცა პოსტიდან გადადგა, კანონპროექტი „საზიზღარი და საძაგელი“ გახდა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი  მილიარდერი იმასაც ამბობს, რომ სექსუალურ დანაშაულში მხილებული ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის დოსიე მთავრობამ იმიტომ არ გამოაქვეყნა, რომ მასში დონალდ ტრამპიც არის მოხსენიებული.

კაცმა რომ თქვას, პრეზიდენტის და მილიარდერის ურთიერთობის ერთადერთ სიურპრიზად ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მათი მეგობრული დამოკიდებულება საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, ახლა კი უეცრად შეწყდა. მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა დონალდ ტრამპის მხარდაჭერა გადაწყვიტა 2024 წლის ივლისში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მილიარდერმა მის სასარგებლოდ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა. მართალია, იგი თავის „იქს-ქსელში“ წერს, რომ მისი დახმარების გარეშე დონალდ ტრამპი ვერ გაიმარჯვებდა და პრეზიდენტი ვერ გახდებოდაო, მაგრამ სინამდვილეში საეჭვოა, რომ მილიარდერის ფულებს რაიმე გავლენა მოეხდინათ არჩევნებზე, თუ დემოკრატების კანდიდატის კამალა ჰარისის არაპოპულარობას გავიხსენებთ და იმასაც, რომ ამომრჩევლები „მოყოყმანე შტატებში“ რესპუბლიკელებისაკენ გადაიხარნენ. ასე იყო თუ ისე, დონალდ ტრამპმა ილონ მასკს დახმარება დაუფასა – „სპეციალური სახელმწიფო მოსამსახურის“ სტატუსი მისცა და მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) თავმჯდომარის პოსტი ჩააბარა.

ისევე როგორც დონალდ ტრამპს გაპრეზიდენტებამდე, ილონ მასკსაც არ ჰქონდა სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება, რაც გამოვლინდა მილიარდერის სრულ უცოდინარობაში სახელმწიფოს მოწყობისა და სხვა ოფიციალური პროცედურების საკითხებთან მიმართებით. იგი თავისი თაობის ბიზნეს-მაგნატების მსგავსად თვლიდა, რომ მთავრობის პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს ორგანოები ბიზნესივით არ იმართება. ილონ მასკმა თავისი საქმიანობა იმ გაუგებარი მოქმედებით დაიწყო, რომელიც მიმართული ყო სახელმწიფო მოსამსახურეების შემცირებისაკენ – თითქოსდა იგი საკუთარი კომპანიების Tesla-ს, PayPal-ის ან SpaceX-ის თანამშრომლებს ათავისუფლებდა. ისიც ცნობილია, რომ ილონ მასკმა  სოციალური ქსელი „ტვიტერი“ (ამჟამინდელი „იქს-ქსელი“) რომ შეიძინა, თანამშრომლებს ელფოსტით წერილი გაუგზავნა და იმის ანგარიში მოსთხოვა, თუ რა გააკეთეს გასულ კვირაში. ანალოგიურად მან, როცა თანამდებობა დაიკავა და DOGE-ში პერსონალის მართვის სამმართველო შექმნა (უფლებამოსილების დარღვევით), დაახლოებით ორ მილიონ ფედერალურ სახელმწიფო მოსამსახურეს ელფოსტით წერილები გაუგზავნა და მათ მოსთხოვა, რომ თავიანთი ხელმძღვანელებისათვის ყოველკვირეული საქმიანობის ანგარიშები ჩაებარებინათ – ხუთი ყველაზე კარგი მიღწევის თაობაზე და ვინც ამას არ გააკეთებს, დაუყოვნებლივ იქნება გათავისუფლებული სამსახურიდან.

საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელსაც ყოფილი სენატორი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს, აგრეთვე პენტაგონისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელებმა თავიანთ თანამშრომლებს უთხრეს, რომ ილონ მასკის წერილები უყურადღებოდ დაეტოვებინათ და მისი მოთხოვნა არ შეესრულებინათ. ეს ამბები დონალდ ტრამპის ყურამდეც მივიდა, მაგრამ იგი არ იმჩნევდა და საჯაროდ ილონ მასკს მხარს უჭერდა. თავის მხრივ მილიარდერი უფრო შორს წავიდა და იმავე ნიადაგზე შეხლა-შემოხლა მოუხდა ფინანსთა მინისტრთან სკოტ ბესენტთან.

მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს ასეთი გარემოება: ერთია, როცა ილონ მასკი დონალდ ტრამპის კადრებს კულისებში ებრძოდა, მეორეა – როცა ბრძოლა საჯაროდ და სააშკარაოზე გამოიტანა. მას შემდეგ, რაც ორ აპრილს დონალდ ტრამპმა თავისი მცდარი სატარიფო გეგმები გამოაქვეყნა, ილონ მასკმა პრეზიდენტის მრჩეველს ვაჭრობის საკითხებში პიტერ ნავაროს „ნამდვილი იდიოტი“ და „აგურებით სავსე ტომარა“ უწოდა.

როგორც ამბობენ, ილონ მასკმა თავისი ურთიერთობა დონალდ ტრამპთან იმითაც გაიფუჭა, როცა ვისკონსინის შტატის უმაღლესი სასამართლოს სპეციალურ არჩევნებში 20 მილიონი დოლარი ჩადო და განაცხადა, რომ ამომრჩევლებს დააჯილდოებდა. ეს უხეში იდეა რესპუბლიკელებს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ (იდეა ამომრჩევლების მოსყიდვად იქნა შეფასებული) და საბოლოო ჯამში არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

პრეზიდენტისა და ბიზნესმენის ურთიერთობის გაწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად იქცა ილონ მასკის აქტიურობა თავის სოციალურ „იქს-ქსელში, როცა მან კონგრესმენებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეტანილი „დიდი და ლამაზი“ კანონპროექტის (გადასახადებისა და ასიგნებების შესახებ) წინააღმდეგობისაკენ მოუწოდა. დოკუმენტის ერთ-ერთი დებულებაა სახელმწიფო სუბსიდიების შემცირება ელექტრომობილების წარმოებასა და შესყიდვაზე და თუ მართლაც ასე მოხდება, საეჭვოა, რომ ძვირი ელექტრომობილი ვინმემ იყიდოს. ილონ მასკი კი იმ კომპანიის (Tesla) გენერალური დირექტორია, რომელიც ელექტრომობილებს ამზადებს.

დონალდ ტრამპმა მილიარდერის მიმართ განაცხადა, რომ იგი მისი ქცევით იმედგაცრუებულია და აღნიშნა, რომ ისინი ოდესღაც კარგი მეგობრები  იყვნენ, ახლა კი არ იცის, აღდგება თუ არა მათი კეთილი ურთიერთობა.

უკმაყოფილო მილიარდერმა თავის „იქს-ქსელში“ ისიც კი თქვა, რომ არჩევნების დროს მისი ფინანსური დახმარების გარეშე დონალდ ტრამპი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, ხოლო კონგრესში დემოკრატები გაბატონდებოდნენ, რესპუბლიკელების ნაცვლად. ანუ ამით დონალდ ტრამპი უმადურობას ამჟღავნებს მის მიმართ.

პრეზიდენტმა კი მწვავედ შენიშნა თავის სოციალურ პლატფორმაზე – Truth Social-ში, რომ ილონ მასკს ის ეწყინა, მისი ელექტრომობილების წარმოებაზე და გაყიდვაზე სახელმწიფო დახმარება რომ გავაუქმეო. „იგი ყველას თავისი ელექტრომობილების შეძენას აძალებდა… ჭკუიდან იყო შეშლილი!“, – დაწერა ტრამპმა და ილონ მასკს ყველა სუბსიდიის შეწყვეტით დაემუქრა: „ძალიან მიკვირს, თუ რატომ არ გააკეთა ეს ჯო ბაიდენმა“.

დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის ურთიერთობის ასეთი სახით დასრულებამ, რასაკვირველია, დემოკრატები ძალიან გაამხიარულა. (…) თუმცა მთავარი გაკვეთილი ამ ამბებიდან მაინც ის არის, რომ ცნობადი სახეები – ისეთები, რომლებსაც სახელმწიფო საჯარო თანამდებობებზე არასოდეს არ უმუშავიათ და პრეზიდენტები გახდნენ, ვთქვათ, გენერალი ულის გრანტი, დუაიტ ეიზენჰაუერი, ან ბიზნესმენები ჰერბერტ გუვერი, დონალდ ტრამპი და თუნდაც იგივე ილონ მასკი, როგორც წესი, არასახარბიელოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს აშშ-ის მთავრობის მართვის საკითხებში იმ პრეზიდენტებთან შედარებით, რომლებსაც ფართო გამოცდილება ჰქონდათ პოლიტიკურ საქმიანობაში – ვთქვათ, ჯორჯ ვაშინგტონთან, აბრამ ლინკოლნთან და ფრანკლინ რუზველტთან შედარებით.

როცა გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი (მეტსახელად „აიკი“) 1953 წელს აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, მისმა წინამორბედმა ჰარი ტრუმენმა გაიხუმრა: „იგი დაჯდება და ბრძანებს: ეს არ გააკეთოთ, ის არ გააკეთოთ… მაგრამ იგი ვერაფერს მიაღწევს. საწყალ აიკს წარმოდგენა არ აქვს, რომ [თეთრი სახლი] მის არმიას არ ჰგავს“.

და არ ჰგავს არც „ტესლას“ და არც „ტვიტერს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ანა დოლიძემ კოალიცია “ძლიერი საქართველო” დატოვა

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც დოლიძე წერს, ახლა დროა, პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს.

„მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან” და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას.

დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და ამავე დროს ენდო „ძლიერ საქართველოს“.

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის, მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული.

ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა ახლა დრო არის, რომ პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა „ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია, გავხდეთ „ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დამკვირვებელი წევრი.

ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია „ხალხისთვის“, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს“, – წერს ანა დოლიძე.