Home Blog Page 3

“ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კავკასიური ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას ცდილობს“ – რას წერს „ფაინენშელ თაიმსი“

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 7 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართველი მარიონეტული მმართველი მოსკოვისაკენ შებრუნდა: ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კავკასიური ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას ცდილობს“ (ავტორები – ანასტასია სტოგნეი თბილისიდან და ბენ ჰოლი ლონდონიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

თბილისში თითქმის ვერ იპოვით ისეთ ადგილს, საიდანაც ვერ დაინახავთ მთაწმინდაზე განლაგებულ მინა-ფოლადისაგან აგებულ სასახლეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებას წარმოადგენს. ამავე დროს, ამ შთამბეჭდავი ქონების მფლობელი, საქართველოს ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანი, დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა საზგადოების ყურადღების მიღმა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, 2013 წლიდან, ოლიგარქი, რომლის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1/3-ის ექვივალენტია, იშვიათად გამოდიოდა მოსახლეობის წინაშე და ხელისუფლებაზე გავლენას ძირითადად კულისებიდან ინარჩუნებდა.

მაგრამ გასულ კვირაში იგი მთიდან დაბლა ჩამოვიდა და საკმაოდ უცნაური [და საბრალმდებლო] ანტიდასავლური სიტყვით გამოვიდა, რომელშიც მან საქართველო „ომის გლობალური პარტიისა“ და მისი სავარაუდო აგენტების „მსხვერპლად“ წარმოსახა [ამაში ბრალი დასდო სამოქალაქო უფლებების დამცველთა ჯგუფებს].

პროსამტავრობო მიტინგზე თავის გამოსვლის დროს ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაუჭირა საკმაოდ საკამათო კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის (ანუ უცხოური აგენტების) შესახებ, რომლის ინიციატორია მისი პარტია „ქართული ოცნება“ და რომლის მიხედვით, ის არასამათავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომელთა ბიუჯეტის 20% უცხოეთიდან ფინანსდება, რეგისტრიაცია იუსტიციის სამინისტროში გაიარონ, საწინააღმდეგო შემთხვევებში მათ ჯარიმები ემუქრებათ.

კრიტიკოსების აზრით, ქართული კანონპროექტი, თავისი შინაარსითა და მიზნებით, ძალიან ჰგავს რუსულ კანონს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ არის მიმართული, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მას საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიღებს, ოქტომბერში ეს სამართლებრივი აქტი „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად დაეხმარება.

კანონპროექტის განხილვის დაწყებამ ქვეყნის მასშტაბით ბოლო ათწლეულებში უდიდესი საპროტექტსო აქციები გამოიწვია: ბევრი ქართველი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას და, შესაბამისად, საქართველოს სწრაფვას და იმედებს ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.

რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების დაახლოების პროცესი, მოსკოვის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების მიუხედავად, უკვე სამი წელია გრძელდება, მაგრამ, როგორც ანალიტიკოსები და მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერით ბიძინა ივანიშვილმა კრემლთან ინტეგრირება ახალი ტემპით დაიწყო და ახლა აშკარად ჩანს, რომ თბილისი მოსკოვის ორბიტას უბრუნდება.

 „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის მთავრობა დასავლეთთან მუდმივად ცდილობდა, – ამბობს „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ამჟამად კი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის „ჩეთემ ჰაუსის“ (Chatham House) თანამშრომელი, – თუმცა ბოლო მოვლენები ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციიდან დიდ და დრამატულ გადახვევას წარმოადგენს.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში გაატარა, იქ დააგროვა ქონება და მილიარდერი გახდა – ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აქტივების პრივატიზების შედეგად. მოსკოვში ყოფნის დროს იგი დაუახლოვდა რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეს ვიტალი მალკინს და მასტან ერთად ჰონკონგის წარმოების კომპიუტერებითა და  ტელეფონებით ვაჭრობა დაიწყო, მოგვიანებით მათ თავიანთი საქმიანობა საბანკო სფეროზეც გაავრცელეს.

ქართველი ოლიგარქი არის „შვიდი ბანკირის“ ჯგუფის წევრი – გავლენიანი რუსი ფინანსისტების ა და ბიზნესმენების გაერთიანებისა, რომელშიც ადრე ბორის ბერეზოვსკი, მიხეილ ხოდორკოვსკი და მიხეილ ფრიდმანიც შედიოდნენ – სწოირედ მათ გადაარჩინეს ბორის ელცინის საპრეზიდენტო კამპანია კრახისაგან 1996 წელს.

2003 წელს ბიძინა ივანიშვილი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა, თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. იგი პოლიტიკის მიღმა 2011 წლამდე რჩებოდა, შემდეგ კი დააარსა თავისი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ – იმ პოლიტიკური ძალების კოალიცია, რომლებიც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. შექმნიდან ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რის შედეგადაც, პირველად საქართველოში, ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მეორისათვის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა განხორციელდა. მილიარდერი პრემიერ-მინისტრი გახდა.

საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის დროს მან აუცილებელი, მაგრამ იმავდროულად მტკივნეული რეფორმები განახორციელა. იგი ცდილობდა საქართველოს გაყვანას რუსეთის ორბიტიდან, დასავლეთისაკენ, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას.  მისმა ნაბიჯებმა რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც 2008 წლის ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს რეგიონების ოკუპაცია განახორციელა. თვითონ მიხეილ სააკაშვილი კი მმართველობის ბოლო წლებში სულ უფრო ავტორიტარული მეთოდებით სარგებლობდა: ახშობდა კრიტიკულ აზრს, ებრძოდა სხვაგვარად მოაზროვნეებს, საკუთარი ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

„ხალხი იმდენად დაიღალა მიხეილ სააკაშვილის მმართველობით, რომ მზად იყო ხმა მიეცა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც პრეზიდენტი პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გაბედულად გამოვიდოდა“, – ამბობს ვიქტორ ყიფიანი, თბილისის იურიდიული კომპანიის MKD-ის პარტნიორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა 5 წლის განმავლობაში, სანამ 2023 წელს ოლიგარქმა მასთან ურთიერთობა არ შეწყვიტა. ეს მოხდა მას შემდეგ, როცა ვიქტორ ყიფიანმა გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ.

ბიძინა ივანიშვილი, დასავლეთის თანხმობით, ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობა სტაბილური ყოფილიყო და იმავდროულად პრიორიტეტად თვლიდა საქართველოს კავშირებს ევროკავშირთან და ნატოსთან, – ამბობს ნატალია საბანაძე, – მაგრამ ბალანსირება შეუძლებელი გახდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის სემდეგ, 2022 წელს.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, თუ ბიძინა ივანიშვილი კრემლის წინააღმდეგ იმოქმედებს, ისევე როგორც სხვა რუსი ოლიგარქების შემთხვევაში, მისი საქმიანი ინტერესებიც საფრთხის ქვეშ დადგება. ამასთან, ევროკავშირი თბილისისაგან ითხოვს, რომ მან მკვეთრად უნდა შეზღუდოს რუსეთთან ურთიერთობა, სანამ ევროკავშირში საქართველოს მიღების მიზნით მოლაპარაკება დაიწყება.

ბიძინა ივანიშვილს „ფაინენშელ თაიმსის“ თხოვნაზე კომენტარები გაეკეთებინა, ჯერ-ჯერობით არ პასუხი არ გაუცია.

როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს (ეს თანამდებობა მისთვის სპეციალურად შეიქმნა), ბიძინა ივანიშვილს არანაირ სახელმწიფო თანამდებობა არც ხელისუფლებაში და არც პარტიაში არ აქვს დაკავებული, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მას აქვს უფლება თავისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრად წამოაყენოს. „ეს უფლება ბიძინა ივანიშვილს თითქმის აბსოლუტური ხელისუფლების შესაძლებლობას აძლევს, რაიმე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულობის გარეშე“, – ამბობს ეკა გიგაური,  რომელიც Transparency International-ის ქართულ სტრუქტურას ხელმძღვანელობს.

ბიძინა ივანიშვილის ორიენტაცია რუსეთზე შეიძლება კიდევ ერთი გარემოებით აიხსნას – იგი ბაძავს უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს, განგებ ახდენს საშინაოპოლიტიკურ სიტუაციის პოლარიზებას, ადგილობრივ ოპონენტებს უცხოური ქვეყნების ლაქიებად თვლის და კარგად სარგებლობს მოსახლეობის კონსერვატიული განწყობით, განსაკუთრებით პროვინციებში, სოფლის მცხოვრებლებს შორის.

„ადამიანები მხარს იმიტომ უჭერენ ევროპულ ინტეგრაციას, რომ მათ რწმენა აქვთ – იქ ცხოვრება უკეთესია“, – ამბობს კორნელი კაკაჩია, ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, – მგრამ როცა საქმე ფასეულობებს ეხება, ბევრი ევროპის მიმართ უკვე უნდობლობას გამოხატავს“. იგი ამის მაგალითად „ლგბტ-საზოგადოების“ მიმართ ქართველთა ნეგატიურ დამოკიდებულებას ასახელებს.

თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა, რომ საქართველოს მიზანი არ შეცვლილა – ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ბრიუსელი თბილისს აფრთხილებს, რომ „ლგბტ-საზოგადოების“ შესახებ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ბარიერებს უქმნის.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ევროკავშირში ქვეყნის მიღებას მხარს ქართველების 88% უჭერს. აპრილის დასაწყისიდან იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებშიც ევროპული ფასეულობების მიმართ ნეგატიური მიდგომაა გამოხატული, თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშებით ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა, მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და პროტესტი გამოხატეს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნების მცდელობის მიმართ. „ამრიგად, ბიძინა ივანიშვილი „სავარაუდო თვითმკვლელობის“ რისკზე მიდის“, – აცხადებს ნატალია საბანაძე. სხვათა შორის, ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების შემოღებაც კი მოითხოვა.

„ქართული ოცნება“ სიტყვით მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას, რომ საერთაშორისო და საშინაო ლეგიტიმაცია „იყიდოს“, იმავდროულად კი ქვეყანაში თანდათან დემოკრატიას ძირს უთხრის“, – აცხადებს ანასტასია მგალობლიშვილი, რომელიც გერმანული მარშალის ფონდის ანალიტიკურ ცენტრში მუშაობს, – „როგორც ჩანს, დღევანდელი მოვლენების კვალობაზე, მის პროევროპულობას ფარდა საბოლოოდ აეხდება“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა – საია

სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საია 14:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

„საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება.

დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება 26 პირის საქმეზე მიიღო, საიდანაც 22 პირის ინტერესებს საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად აწარმოებდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – თბილისის მერია

უხვი ნალექის შედეგად, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში ეზოები დაიტბორა, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები გამოიწვია. განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს.

ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222“, – აცხადებენ მერიაში.

ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს – დეტალები

მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარეში 2 მაისს გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში სამი მოსწავლე, ერთი გოგო და ორი ბიჭი იმყოფებოდა. მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი იპოვეს.

ფოტო: რადიო ათინათი

მთავარი პრობლემა სინამდვილეში არა „რუსული კანონი“, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა – იაგო ხვიჩია

ჩემი აზრით, მილერის განცხადებამდე ოლაფ შოლცის განცხადების შემდეგ ცხადი იყო, საით მიდიოდა ეს სიტუაცია, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.

ხვიჩიას თქმით, მთავარი პრობლემა სინამდვილეში არა “რუსული კანონი” არამედ ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც 83 დეპუტატს აიძულებს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს.

„ჩემი აზრით, მილერის განცხადებამდე [ოლაფ] შოლცის განცხადების შემდეგ ცხადი იყო, საით მიდიოდა ეს სიტუაცია. როცა მთელი დასავლეთი გეუბნება, რომ ეს არ არის დასავლური საქციელი, ევროპაში ასე ვერ შევალთ, ჩვენ იმავეს ვაგრძელებდით. მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთი კარგი რამ მივიღეთ, რომ მთავარი პრობლემა სინამდვილეში არა „რუსული კანონი”, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც ჩვენს 83 დეპუტატს აიძულებს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, რაც სინამდვილეში ქართველი ხალხის ნების მოპარვას ნიშნავს, რადგან ქართველ ხალხს არავისთვის მიუცია უფლება, რომ ერთპიროვნულად გადაეწყვიტა ქვეყნის საგარეო კურსი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას ხვიჩიამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული “შეთქმულების თეორია” თავისი შინაარსით ანტიევროპული და პრორუსულია, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება მას შემდეგ რაც ზუსტად შეარჩიეს სამიზნე „თუ ვინ მიათრევს მათ არასწორი თუ არასასიამოვნო მიმართულებით“.

„მე მგონი „ქართული ოცნების“ შეგნებული არჩევანია, რომ დასავლეთს დაშორდეს. მათ მიაჩნიათ, რომ დასავლეთი აგენტების ერთობლიობაა, რომლებმაც ერთი რევოლუცია ჩვენ მოგვიწყვეს, შემდეგ სადღაც ომი დაგვაწყებინეს, შემდეგ უკრაინა აცდუნეს და ა.შ. ეს შეთქმულების თეორია, რომელიც შემოგვთავაზეს, თავისი შინაარსით ანტიევროპული და პრორუსულია, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება მას შემდეგ რაც ზუსტად შეარჩიეს სამიზნე თუ ვინ მიათრევს მათ არასწორი თუ არასასიამოვნო მიმართულებით”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ

„თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს”.

მისი თქმით, “განსხვავება ამ კანონების ბუნებაში მდგომარეობს”.

ამასთან, როგორც მილერმა აღნიშნა, ცრუ შედარებები წარსულშიც უნახავს.

„წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს, თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მასთან ერთად საქართველოში ჩამოდის გერმანული კერძო კომპანიების დელეგაცია.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები (მაგ. საჰაერო მიმოსვლა, გადახდის ოპერაციები, როუმინგი).

დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე.

აქცია გულწრფელი ადამიანების რესურსით მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას გაეხსნას გზა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად – გიორგი ვოლსკი

აქცია გულწრფელი ადამიანების რესურსით მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას გაეხსნას გზა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, – „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

„არ აქვთ დღეს ეს რესურსი ხელში რომ განავითარონ, აწამონ, დახოცონ და იმ რესურსით სარგებლობენ, რასაც ახალგაზრდული გულწრფელი დამოკიდებულება ჰქვია. თავად გეგმავენ, ამ აქციების უკან, მშვიდობიანი მოქმედებების უკან მიმდინარეობს ეს ბნელი პროცესი, რომელიც ყველასთვის ცნობილი არ არის და ზუსტად შეესაბამება იმ სახელმძღვანელოებში ჩამოყალიბებულ სტრატეგიას, რომლის წასაკითხადაც ამ სტრატეგიის ავტორი ახლახან იყო საქართველოში ჩამოსული“, – აღნიშნაა ვოლსკიმ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 მაისს ქუთაისში +16 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +15 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში თოვლჭყაპია, დღე +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია ომალოში. დღისით +4, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +17 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს სამხედრო ატაშესთან, შალვა ჯაბახიძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქართულმა დელეგაციამ ყვავილებით შეამკო მაუთჰაუზენსა და მის ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალური დაფა, რომელიც 2018 წელს, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით გაიხსნა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს კონსული, თამთა კინწურაშვილი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები და მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა შთამომავლები.

მაუთჰაუზენის ბანაკი, ავსტრიის ტერიტორიაზე არსებული,მთავარი საკონცენტრაციო ბანაკი იყო და მიეკუთვნებოდა მესამე, განსაკუთრებით მძიმე პირობების მქონე ბანაკთა კატეგორიას. მის დაქვემდებარებაში შედიოდა 49 საკოცენტრაციო ბანაკი.

1938-1945 წლებში, აქ,დაახლოებით 190 00 ადამიანი იმყოფებოდა ტყვეობაში, მათგან, დაახლოებით 90 000 ბანაკის მკაცრ რეჟიმს შეეწირა. 1945 წლის 5 მაისს, აშშ-ს არმიამ მაუთჰაუზენისა და გუზენის ბანაკები და იქ მყოფი დაახლოებით 40 000 ტყვე გაათავისუფლა.

1949 წელს, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე, რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა.

FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას ეხმიანება, რომ თითქოს ,,FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ”.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, FARA-ში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია “ფორმულა”, რომლებიც უკვე 12 წელია აღარ არიან საქართველოს “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”.

მისი განცხადებით, სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში.

,,FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია “ფორმულა”. ალბათ, ეს მაინც არ არის სადავო, რომ არც ერთი და არც მეორე, ღმერთის წყალობით, უკვე 12 წელია აღარ არიან საქართველოს “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”.

სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში.

გვახსოვდეს, რომ გამჭვირვალების ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით – არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ა.შ.,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია, დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და კიდევ, რაც უნდათ – ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა – ლევან ხაბეიშვილი

ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა – გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მიზანმიმართული დაშინება, დაორგანიზებული თავდასხმები, რომ შემდეგ მედიაში იტრიალოს, ხალხი შეშინდეს, დაიზაფროს.

არასდროს შეშინებია ქართველს, როცა თავისი სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს იცავდა. არანაირი შფოთვა და შიში! თუ ვინმე დამფრთხალია, ეს არის ევროპაზე, დასავლეთზე უარის განმცხადებელი ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.

ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა – გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ

არა რუსულ კანონს! კი ევროპას!” , – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შეიძლება პასუხი მიიღოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გაღელვებთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს – მოსმენილი გაგახარებთ. გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად ყველა ხერხი არ გამოდგება.

კურო

გინდათ თუ არა, ამ დღეს მოგიწევთ საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ და მათი პრობლემები მოაგვაროთ. იყავით სამართლიანი და გულისხმიერი და ნუ გაბრაზდებით, თუკი მადლიერებით არ გიპასუხეს. გირჩევთ, საღამო მშვიდად გაატაროთ და რთული სამუშაო კვირის წინ ძალები აღიდგინოთ.

ტყუპები

დღის პირველი ნახევარი ემოციურად რთული იქნება. შეეცადეთ, თქვენი უადგილო შენიშვნებით და კრიტიკით ახლობლები არ გააღიზიანოთ. სადილის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და ახლობელ ადამიანებთან საერთო ენის პოვნას შეძლებთ. მოერიდეთ ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანებს, დაიცავით თავი არასასურველი სიტუაციებისა და გავლენებისგან. ბიზნესპარტნიორებთან მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.

კირჩხიბი

დაეხმარეთ ადამიანს, რომელიც დახმარებას ითხოვს. ეცადეთ, გარშემო მყოფები შთააგონოთ – ეს თქვენს თვითშეფასებაზე დადებითად აისახება. ახლა თქვენი ქმედება თქვენს მომავალს განსაზღვრავს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ, ფეხით იაროთ და ენერგიით დაიმუხტოთ.

ლომი

შესაძლოა, ამ დღეს დაიწყოთ საქმე, რომელიც საერთოდ არ გაინტერესებდათ, ახალი გატაცება იპოვოთ ან ახალ ცოდნას დაეუფლოთ. თქვენი ცნობისმოყვარეობა შეიძლება ძალიან გამოგადგეთ. დროა, საკუთარი ცხოვრება თავად მართოთ. ყველაზე კარგად თქვენ იცით, რისი მიღება გსურთ და ვისი იმედი გაქვთ. ეცადეთ, ფულის ხარჯვის დროს ზომიერება გამოიჩინოთ.

ქალწული

7 მაისს ოპონენტების ემოციებსა თუ მინიშნებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ და მათი განწყობა ამოიცნოთ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, რათა ვინმე უნებლიეთ არ შეურაცხყოთ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ.

სასწორი

ემოციურად არასტაბილური დღეა. გირჩევთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა ან მოლაპარაკება ერთი დღით გადადოთ. ნუ გადაიღლებით. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ. სახლის დალაგება და ნივთების მოწესრიგება სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

მორიელი

დღის პირველ ნახევარში მორიელებს ყურადღების კონცენტრირება და მუშაობა უჭირთ, ამიტომ სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა შუადღისთვის დაგეგმოთ. ნუ მოგერიდებათ, რომ საკუთარ უნარებზე და მიღწევებზე საჯაროდ ისაუბროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი პროექტები დაგეგმოთ. შედარებით მარტივად გაუმკლავდებით ყველაფერს, თუ ინტუიციას დაეყრდნობით და წინდახედულობას გამოიჩენთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ. გეგმა ისე შეადგინეთ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამოტოვოთ. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებასა და შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მცირე რუტინულ საკითხებს ყურადღება მიაქციოთ – 7 მაისს მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარეთ ფინანსური სირთულეები და შეასრულეთ დაპირებები.

მერწყული

მზად ხართ ნებისმიერ საკითხზე იკამათოთ და საკუთარი სიმართლე ამტკიცოთ. ეცადეთ, კრიტიკული შენიშვნები და კომენტარები მშვიდად მოისმინოთ და კონფლიქტს თავი აარიდოთ. მთავარია, ძველი შეცდომა არ გაიმეოროთ და უმნიშვნელო კამათის გამო ახლობელი არ დაკარგოთ. ნერვული დაძაბულობის მოხსნა ფიზიკური აქტიურობით ან ვარჯიშით უნდა სცადოთ.

თევზები

გირჩევთ, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ამოცანები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ, როცა ენერგიის დონე მოიმატებს. დღის პირველ ნახევარში კი უმჯობესია ის აკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. ხელსაყრელი დროა მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად.