Home Blog Page 3

განსხვავებული აზრი, რომლის შინაარსიც სამშობლოს ღალატი და რუსეთის მხარდაჭერაა, ყველაფერს იმსახურებს -ნიკა მელია

პარტია „ახალი“ ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, რუსული ხელისუფლება საქართველოდან წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ, – ამის შესახებ „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გადარჩენის ვალდებულება მედასავლეთე ქართველებს აქვთ.

„ჩვენ ვართ ერთი სამშობლოს შვილები და ჩვენი სამშობლო საფრთხეშია. მისი გადარჩენის ვალდებულება გვაქვს ჩვენ, მედასავლეთე ქართველებს. მკაფიოდ კოორდინირებული ქმედებებით – არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართველი საზოგადოების, ქართველი პატრიოტების, საქართველოს მომავალზე მზრუნველი ადამიანების, მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი რუსული ხელისუფლების დამარცხება. სისტემა უნდა დაინგრეს, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. სამშობლო საფრთხეშია და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ. პარტია „ახალი“ ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოდან წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ“, – განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება გუშინდელი სახალხო შეკრების მონაწილეების მიმართ ბულინგის შესახებ დასმულ კითხვას, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „განსხვავებული აზრი, რომლის შინაარსიც სამშობლოს ღალატი და რუსეთის მხარდაჭერაა, ყველაფერს იმსახურებს“.

„განსხვავებული აზრი აქვთ მანიაკებსაც ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფასებთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ და რას ლაპარაკობდნენ ეს ადამიანები იქ. პირდაპირ ვამბობ, შეფასების უფლება აქვს ყველას, ამ დროს თავისთავად ცხადია, ადამიანის ხელშეუხებლობის უფლებები არ უნდა დაირღვეს. თუმცა, ქმედება, რაც გუშინ ჩაიდინეს რუსთაველის გამზირზე, იმსახურებს ყველაზე მწვავე და მძიმე შეფასებებს“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

“თუ ასე დააყენებთ საკითხს: პუტინი თუ მიშა, ქართველი ხალხი დაფიქრდება, რომ მიშა სჯობს!” – იაგო ხვიჩია უმრავლესობას

თუ ხელისუფლება აყენებს საკითხს, მიშა თუ პუტინი, ჩვენ [ოპოზიციამ] რატომ უნდა დავაყენოთ ზუსტად ასევე საკითხი? მოდი, ჩვენ გავანეიტრალოთ მიშას საფრთხე, ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ არ ვემზადებით ერთპიროვნული მმართველობისთვის, – ასე მიმართა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

მან კოლეგა ოპოზიციონერებს დისკუსიის გახსნისკენ მოუწოდა.

ამასთან, ხვიჩიამ „ქართულ ოცნებასაც“ მიმართა და თქვა, რომ გუშინ მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები „ერთი დიდი შეშინების მცდელობა“ იყო.

„რა მოვისმინეთ გუშინ, რა ვერსიაც შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ამ ქვეყანას ემუქრება და რომლისგან დამცველადაც, ვითომ თვითონ უნდა მოგვევლინოს „ქართული ოცნება“ – ქართველი ხალხისთვის ეს ეგზისტენციალური საფრთხეებია. თურმე – გეები შტურმზე გადმოვიდნენ, თურმე მასონები გვებრძვიან, თურმე „გლობალური ომის პარტია“ ბრძოლაში მიგვათრევს და თან რევოლუციას გვიწყობენ. ითქვა, რომ მიშა მოჰყავთ – ამათ ეს უნდათ. სინამდვილეში მე მგონია, რომ მიშა თქვენ მოგყავთ. მიშას მოსვლის ერთადერთი გზა საბოლოო ჯამში არის ის, თუ ასე დააყენებ საკითხს – პუტინი თუ მიშა; რუსეთი თუ მიშა. ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხალხი დაფიქრდება იმაზე, რომ ამას მიშა ჯობია. თქვენ ამას აკეთებთ შეგნებულად, თქვენი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ. ყველაზე მეტად თქვენ რისკავთ მიშას დაბრუნებით და სწორედ ამით აშანტაჟებთ თქვენს ამომრჩეველს. თქვენი გუშინდელი გამოსვლა – ბიძინა ივანიშვილის და მანამდე აქ, „ქართული ოცნების“ ლიდერების, იყო ერთი დიდი შეშინების მცდელობა, საქართველოს მოსახლეობის, ამომრჩევლის. ადამიანებს, თქვენ რომ გუშინ მოიყვანეთ, თქვენ თვითონ აშინებდით. ერთადერთი, შიშის დანერგვაა ის, რაც შეგიძლიათ უთხრათ საკუთარ ამომრჩეველს. მეტი სათქმელი არაფერი დაგრჩათ.

მაგრამ, მთავარი პრობლემა და ჩემი მიმართვის ძირითადი ნაწილი არის ოპოზიცია და რატომ – თუ თქვენ, ოპოზიციას, გესმით რისკები, რომელიც გუშინდელი დღის მერე საქართველოს ემუქრება, როგორ შეიძლება აგრძელებდეთ ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა? როგორ შეიძლება ოპოზიცია ახლა არ ხსნიდეს პოლიტიკურ დისკუსიას თავის შიგნით?! ხომ ძალიან გასაგებია, რას გიპირისპირებს ხელისუფლება – გიპირისპირებს ლგბტ პროპაგანდას, მასონებს, „გლობალური ომის პარტიას“ და მიშას – მთავარ დამხმარეს, როდესაც გაუჭირდება. ისევ მიშას იმედი აქვს ხელისუფლებას. რატომ არ ვსაუბრობთ ოპოზიციაში იმაზე, როგორ დავაზღვიოთ შემდეგში ერთპიროვნული ხელისუფლების და მმართველობის საფრთხე?! შეიძლება, ქართველმა ხალხმა თქვას: მიშას ერთპიროვნული ხელისუფლება მირჩევნია, პუტინის ერთპიროვნულ ხელისუფლებას. მაგრამ თუ ხელისუფლება აყენებს საკითხს, მიშა თუ პუტინი – ჩვენ რატომ უნდა დავაყენოთ ზუსტად ასევე საკითხი? მოდი, ჩვენ გავანეიტრალოთ მიშას საფრთხე, ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ არ ვემზადებით ერთპიროვნული მმართველობისთვის. გავანეიტრალებ იმისთვის, რომ მინდა, ჯერ თქვენ გათავისუფლდეთ მიშას ბატონობისგან. „ქართული ოცნება“ ხომ ვერ გათავისუფლდება ბიძინას ბატონობისგან, რადგან მთავრობაში არიან. როდესაც მთავრობაში იყავით, თქვენ ხომ მიშას ბატონობისგან ვერ გათავისუფლდით. მოდი, ახლა მართლა გათავისუფლდით მიშას ბატონობისგან და მართლა გახსენით პოლიტიკური დისკუსია.

კატეგორიულად ვითხოვ ტელეკომპანია „მთავარის“ და „ფორმულას“ გახსნას დისკუსიებისთვის. თუ ეს არ მოხდება და თუ ოპოზიცია ისევ მიშას რისკს დატოვებს ძალაში ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, თქვენ იქნებით მთავარი პუტინისტები, არაქართველები, თქვენ იქნებით ყველაფერი, ვინც ხელისუფლების შეცდომას არ იყენებს და ასევე, ცდილობს ერთპიროვნული ხელისუფლებით მოსვლას ოპოზიციას მხრიდან. ხელისუფლების ეს შეცდომა, ეს ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიქართული ნაბიჯი, უნდა იყოს გამოყენებული ერთხელ და სამუდამოდ ერთპიროვნული მმართველობის დასამთავრებლად არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

ვნახეთ დაშინებული და მომტყდარი ივანიშვილი, მისი მუქარები შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა-სააკაშვილი

გუშინ, ჩვენ ვნახეთ დაშინებული და ძალიან მომტყდარი ივანიშვილი. მისი მუქარები შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში   საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” გუშინდელ საყოველთაო – სახალხო შეკრებას.

მისი თქმით,  ივანიშვილი უახლოეს თვეებში ქვეყანას ზიანს კიდევ მიაყენებს“.

„გუშინ, ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, შესაბამისად, ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა. საბოლოოდ გაცხადდა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ოლიგარქი ასე თუ ისე ნიღბავდა. მან იცის, რომ აგებს არჩევნებს და არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი პროტესტის გასანეიტრალებლად მასობრივ რეპრესიებს წინასწარ აანონსებს. მან „ვარდების რევოლუციაზე“ პუტინის ნარატივი სიტყვასიტყვით გაიმეორა. რა უნდა ქნას თითოეულმა ჩვენგანმა? პირველ რიგში, კარგად გავითვალისწინოთ ბელარუსის 2020 წლისა და მოსკოვის 2012 წლის გამოცდილება. უნდა გვესმოდეს, რომ ზედმეტი ენის მოჩლექა რუსულ რეჟიმს ესმის როგორც სისუსტე. საზოგადოებამ რეჟიმისგან საკუთარი თავის დაცვის მექანიზმები უნდა შექმნას. ძალადობის პროფილაქტიკისთვის უახლოესი კვირები იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ბედისთვის, არამედ საქართველოს ყოფნა არ ყოფნისთვის. დაბოლოს, გუშინ ჩვენ ვნახეთ დაშინებული და ძალიან მომტყდარი ივანიშვილი. მისი მუქარები არის შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულება. ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს – უნდა ვიყოთ ერთიანები, უშიშრები და მივაწვეთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ივანიშვილი უახლოეს თვეებში ქვეყანას ზიანს კიდევ მიაყენებს და ბევრ ჩვენგანს, მაგრამ რაც უფრო შეუპოვრები ვიქნებით, მით უფრო მინიმალური იქნება ეს ზიანი და რაც მთავარია, მომავალში მთლიანად განეიტრალდება“, – წერს სააკაშვილი.

ომი უკრაინაში: რუსეთის არმია უკრაინის აღმოსავლეთში შეტევას ავითარებს – სად არიან ამერიკული ტანკები?

ფრანგული სამაუწყებლო ტელეარხის LCI-ის (TF-1 – La Chaîne Info) ეთერში გადაიცა საუბარი ფრანგ გენერალ ფრანსუა შოვაბსისთან, რომელსაც ტელეჟურნალისტი ფლორან ო’კელი რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრება. ვიდეოსიუჟეტი გამოქვეყნებულია სათაურით „ომი უკრაინაში: რუსეთის არმია უკრაინის აღმოსავლეთში შეტევას ავითარებს, უკრაინის არმია კი უკან იხევს. სად არიან ამერიკული ტანკები?“.

გთავაზობთ პუბლიკაციას.

– ორი წლის ბრძოლებით გამოწვეული დაღლილობა შეცდომებსაც იწვევს, ზოგჯერ ძალიან უხეშ შეცდომებს, რომლებსაც ადრე გენერლები არ უშვებდნენ. ამას წინათ ამერიკული ჟურნალის „ფორბსის“ ჟურნალისტმა რუსეთ-უკრაინის ომში შექმნილი სიტუაციის დეტალური ანალიზი გამოაქვეყნა. „უკრაინაში მილიარდობით დოლარის ახალი იარაღი შედის, მაგრამ იარაღი უსარგებლო იქნება, თუ მას დასვენებული ქვედანაყოფი არ მიიღებს და მათ არ მოუვლიან. გენერალო, თქვენი აზრით, იქნებ ამაში არის დამალული უკრაინის არმიის პრობლემა, რომელიც დღეს უკან იხევს, უპირატესობას კი რუსეთის არმია ფლობს?

– დიახ, ამაშია და კიდევ არასაკმარის სამხედრო მომზადებაში. ამასთან, მე ვფიქრობ, რომ ცუდად არის საქმე ქვედანაყოფების როტაციის თვალსაზრისითაც. სამხედრო მოსამსახურეების სრულყოფილი მომზადება ომში დიდ როლს ასრულებს, თუმცა, რასაკვირველია, იოლი არ არის და რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინის მაგალითზე ჯარის მომზადება გენერალური შტაბის პრობლემას წარმოადგენს, უკანდახევაში ჯარისკაცების ბრალი არ არის. პრობლემებს ჯარისკაცები კი არ ქმნიან, არამედ ბრძანების გამცემი ოფიცრები..

მეორე მომენტია ის, თუ როგორ იყენებს უკრაინის არმია დასავლეთისაგან მიწოდებულ იარაღს. მაგალითად, ცნობილ ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“, რომელთაგან რუსებმა ექვსი უკვე გაანადგურეს. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იმ 31 „აბრამსიდან“, რომელიც ამერიკამ უკრაინას გადასცა, ექვსი ტანკის განადგურება მაინცდამაინც ბევრი არ არისო, მაგრამ „აბრამსი“ დღეს მსოფლიოში უძლიერეს ტანკად არის ცნობილი და ერთიც რომ განადგურდეს, ესეც რეპუტაციას უფუჭებს… გარდა ამისა, მინდა ვიკითხო – სად არიან დანარჩენი „აბრამსები“? რატომ არ იყენებენ მათ უკრაინელები?

მე ვფიქრობ, რომ საკითხი ეხება ტანკების ტექნიკურ მომსახურებას, რაც, პრინციპში, ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს. „აბრამსი“ ძლიერი ტანკია, მაგრამ მისი ძლიერების უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. მას რთული აგებულება აქვს და მომსახურე პერსონალი მექანიზმებს კარგად უნდა იცნობდეს. არიან თუ არა სათანადოდ უკრაინელი სპეციალისტები მომზადებული? იციან თუ არა მათ ტანკის ძრავის მუშაობის სრული დროს, გავლილი მანძილი? გარკვეული დროის შემდეგ ზოგიერთი დეტალი აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ეს არ მოხდება, ტანკი მწყობრიდან გამოვა მოწინააღმდეგის მიერ ჭურვის სროლის გარეშეც.

– გენერალო, რასაც თქვენ ამბობთ, ძალიან საინტერესოა. ომში აუცილებელია ტექნიკის მომსახურე მაღალკვალიფიციური პერსონალი, გამოცდილი სპეციალისტები… შესაძლოა, ჩვენ დღეს სწორედ იმის მოწმენი ვართ უკრაინაში, როცა დასავლურ ტექნიკას სათანადოდ არ უვლიან…

– მე სწორედ ასეთი ახსნისაკენ ვიხრები, რაც ლოგიკური იქნება: როგორც ფრონტის წინა ხაზზე შექმნილი ვითარებიდან ჩანს, ძალიან ეჭვი მეპარება იმაში, რომ დასავლურ ტექნიკას, მათ შორის ფრანგულ სამხედრო ტექნიკასაც უკრაინელები სათანადოდ უვლიან და პატრონობენ. ძალიან ვეჭვობ, რომ უკრაინელი შემკეთებლები ყურადღებით ამოწმებენ ბრძოლის ველიდან დაბრუნებული ტანკების მდგომარეობას, რომლებიც რემონტს საჭიროებენ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ რაღაც დროის შემდეგ ტანკი თავისი როლის შესრულებას შეწყვეტს, ექსპლუატაციიდან გამოვა და უბრალოდ, ჯართად გადაიქცევა.

მოამზადა – სიმონ კილაძემ

წყარო

“თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”-ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას, ყურადღება ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე გაამახვილა და მათ ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადებით, მომავალში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება.

„მსურს, მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელსა და საზოგადოებას თავდაცვის ძალების დაარსების დღე ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე მიულოცა.

მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება რუსული აქტივების კონფისკაციისა და მათი უკრაინისათვის გადაცემის ნებას არ იძლევა – უცხოური პრესა

RUSSIA - SEPTEMBER 01: World War II. Battle of Stalingrad. Russian soldiers, September 1942 - February 1943. (Photo by Roger Viollet via Getty Images)

იმ დროს, როცა აშშ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების (300 მილიარდი დოლარი, რომელიც უკრაინის ომის დაწყებიდან გაყინულია) კონფისკაციის წინადადებით გამოდის – მოსკოვის მიმართ რეპარაციის სახით, გერმანია კატეგორიულად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინიციატივას. ბერლინი შიშობს, რომ გაყინული ფასეულობების კონფისკაციამ შეიძლება პრეცედენტი შექმნას და სასამართლოებში ახალი სარჩელების წარდგენის საფუძველი გახდეს, მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება რუსული აქტივების კონფისკაციისა და მათი უკრაინისათვის გადაცემის ნებას არ იძლევა“ (ავტორი – ბოიან პანჩევსკი).


აშშ და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, რომ რუსეთის აქტივების კონფიკაციას უდიდესი პოზიტიური მნიშვნელობა ექნება უკრაინის გამარჯვებისათვის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ევროპის ერთიანი მხარდაჭერის გარეშე ვაშინგტონისა და ლონდონის ჩანაფიქრი ფაქტობრივად ვერ განხორციელდება.


რუსეთის კუთვნილი ფულის ორი მესამედი ევროპის კლირინგულ ცენტრებში არის განთავსებული. გერმანია მხარს უჭერს მხოლოდ აღნიშნული თანხიდან მიღებული პროცენტული შემოსავლების გამოყენებას, უკრაინისათვის იარაღის შეძენის მიზნით. ბერლინის მსგავსად, პარიზი, რომი და ევროპის ცენტრალური ბანკიც ყოყმანობენ მხარი დაუჭირონ აშშ-ის ინიციატივას – ისინი შიშობენ, რომ რუსული რეზერვების კონფისკაცია ძირს გამოუთხრის საერთაშორისო ნდობას ევროს მიმართ.


„დიდ შვიდეულშიც“ (G7) თვალსაზრისი იმაზე, საჭიროა თუ არა რუსული აქტივების კონფისკაცია, ერთნაირი არ არის. წინააღმდეგია, მაგალითად, იაპონია. რატომ? იმიტომ, რომ მას რეპარაციულ პრეტენზიებს უყენებენ სამხრეთ კორეა და სხვა მეზობლები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში იაპონიას მიერ იყვნენ დაპყრობილი.


რუსული ფულის კონფისკაციის საკითხის მიმართ ბერლინის მკვეთრ ნეგატიურ პოზიციას თავისი მიზეზები აქვს – იმიტომ, რომ რეპარაციების გადახდა გერმანიისათვის ძალიან მწვავე საკითხს წარმოადგენს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ათეულობით წელია გასული, ეს პრობლემა კი გერმანიის მეზობლებს დღემდე არ ასვენებთ – ისინი პერმანენტულად მოითხოვენ ბერლინისაგან ფაშისტური რეიხის მიერ გაჩაღებული ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.


მაგალითად, პოლონეთი, რომელიც ნაცისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიპყრო, 2022 წლიდან ბერლინისაგან 1,3 ტრილიონი დოლარის გადახდას ითხოვს, ხოლო საბერძნეთი 2019 წლიდან – 300 მილიარდ დოლარზე მეტს. დაახლოებით იმდენივეს მოითხოვს იტალიაც.
გერმანიის მტკიცებით, რეპარაციების გადახდის საკითხი უკვე მოგვარებულია 1990 წლის აშშ-სსრკ-გერმანიის ხელშეკრულებით ორი გერმანიის (გფრ-გდრ) გაერთიანების შესახებ, თუმცა პოლონეთი, საბერძნეთი და იტალია აცხადებენ, რომ რადგანაც მათ ხელშეკრულებისათვის ხელი არ მოუწერიათ, ამიტომ რეპარაციების საკითხი ღიად რჩება.


(…)


ბოლო წლებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა იტალიის სასამართლოებმა მოქალაქეები გერმანიის ოკუპაციის მსხვერპლად ჩათვალეს და მათთვის კომპენსაციის გადახდა დაადგინეს. საქმე იმაშია, რომ 1943 წელს გერმანიის ვერმახტმა, ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, ჩრდილოეთისა და ცენტრალური იტალიის ოკუპირება განახორციელა და ბევრი იტალიელი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. სასამართლოების გადაწყვეტილებით, იტალიის ტერიტორიაზე არსებული გერმანიის ქონება კონფისკაცია უნდა მოხდეს და ფული იტალიელებს გადაეცეთ.


თავის მხრივ გერმანიამაც სარჩელი შეიტანა იტალიის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, იტალიის მთავრობამ უარი განაცხადა საქმეების შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევას არ დაუშვებს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული აქტივების კონფისკაცია „21-ე საუკუნის მეკობრეობის“ გამოვლენა იქნება. კრემლმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს რუსეთის ტერიტორიაზე და რუსულ ბანკებში არსებული დასავლეთის აქტივების მიმართ.


(…)


როგორც ამერიკელი იურისტები აცხადებენ, საერთაშორისო სამართლის დებულებების მიხედვით, ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ კონტრზომები გამოიყენონ იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლებიც საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევენ – თანაც ისეთი კონტრზომების მიღება, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამასთან, იმავე იურისტებსა და პოლიტიკოსებს შორის უთანხმოებაა იმაზე, აქვს თუ არა ასეთი უფლება სხვა ქვეყნებს, უკრაინის გარდა, რომელიც რუსეთის აგრესიის პირდაპირ ობიექტს (მსხვერპლს) წარმოადგენს.


თავდაპირველად აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ რუსეთის აქტივების კონფისკაციის ნეგატიური შედეგები შეიძლება ამერიკას და მის მოკავშირეებს (მაგალითად, ისრაელს) ბუმერანგივით უკან დაუბრუნდესო. ამიტომაც ისინი უპირატესობას აძლევენ იმას, რომ კონფისკაციის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ უკრაინის სპონსორებს, რომლებიც თვითონაც ზარალდებიან უკრაინის ომით (ანუ კიევს იარაღს და ფულს აძლევენ).
ბარტ შევჩიკი, ამერიკელი იურისტი, რომელიც ადრე საერთაშორისო სასამართლოში მუშაობდა, აცხადებს, რომ გერმანიის შიშები ზიანის ანაზღაურების საკითხში პრეცედენტის შექმნაზე უსაფუძვლოა. „ლოგიკა მიგვანიშნებს, რომ კონტრზომები (ამ შემთხვევაში – კონფისკაცია) გამოყენებული უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის დღევანდელი დამრღვევების მიმართ და არა მათ წინააღმდეგ, რომლებმაც 80 წლის წინ რაღაც ჩაიდინეს“, – განაცხადა მან.


მაგრამ როგორც გერმანელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც თვითონ არის იურისტი და რომელიც ოდესღაც საკუთარ იურიდიულ კომპანიას ხელმძღვანელობდა, რისკის გაწევა არ სურს. მისი ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, თუ გერმანია რუსული აქტივების კონფისკაციაზე დათანხმდება, მაშინ სხვა სახელმწიფოებს [ძირითადად „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს] საბაბი მიეცემათ ევროპულ დედაქალაქებს პრეტენზიები წაუყენონ მონობისა და კოლონიალიზმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.


წყარო

ჩვენ ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ისტორიას, ერთად ვიბრძოდით, ერთად ვმარცხდებოდით და ერთად ვიმარჯვებდით! ერთად უნდა ვიდგეთ მომავალშიც -კობა კობალაძე

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. დღეს ქართული არმია დაარსებიდან 33-ე წლისთავს აღნიშნავს.

“დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა! მინდა, თითოეულ ვეტერანს, მოქმედ სამხედროს, ოფიცერს, ყველა ფორმიან ადამიანს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე! პირველ ყოვლისა, ჩვენს თანამებრძოლებს ვულოცავ, რამეთუ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ისტორიას, ერთად ვიბრძოდით, ერთად ვმარცხდებოდით და ერთად ვიმარჯვებდით! ერთად უნდა ვიდგეთ მომავალშიც, რადგან ჩვენ, ყველას, განურჩევლად ჩვენი ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური, თუ რელიგიური მრწამსისა, ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი მიწა, რომელსაც ათასობით ჩვენმა თანამებრძოლმა შესწირა თავისი ლამაზი სიცოცხლე! მათ გმირობის უამრავი ფურცელი შემატეს ჩვენი სანუკვარი სამშობლოს ისტორიას! ბევრი კი, ომის შემდგომი ტკივილით შეუერთდა მარადისობას! ქედს ვიხრი თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე! დღეს, შეიარაღებული ძალები 33 წლის გახდა! კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო, დებო, ძმებო, თანამებრძოლებო, შვილებო, თანამოქალაქენო! ჩვენ, ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის, ერთიანობისთვის, მშვიდობისთვის; სწორედ ამას გვავალდებულებს ჩვენი გენი და ჩვენი სამშობლოს წარსული, წინაპართა მიერ გადახდილი ბრძოლები; ვალდებულნი ვართ, ვუერთგულოთ ფიცს, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშე დავდეთ! დღეს, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, რამეთუ სხვა გზა და სხვა ხსნა, ”არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გაგვაჩნია!” ერთიანი ძალებით უნდა ვაშენოთ ძლიერი სახელმწიფო ისევ და ისევ საქართველოს სადიდებლად! ღმერთი გვფარავდეს ჩვენ და ჩვენს სამშობლოს! გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი”

“ბიძინა ივანიშვილი არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა ისევ მუქარას დაუთმო” – გიორგი ვაშაძე

ბიძინა ივანიშვილი არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა ისევ და ისევ მუქარას დაუთმო, ემუქრება ქართველ ხალხს, ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, „ქართული ოცნების“ მიერ გამართული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ „გამდიდრებული ელიტის ბოლო გაბრძოლება იყო“.

„დახარჯული მილიონები იმისთვის, რომ ეს ხალხი იძულებით თბილისში ჩამოეყვანათ, ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის სახით არაფერი შერჩენია. უფრო მეტიც, ეს არის ხელისუფლება, რომლის მოშორება ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა ისევ და ისევ მუქარას დაუთმო, ემუქრება ქართველ ხალხს, ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს. ამით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატა ამოცანა, რაც ჩვენ გაქვს – ის ჩვენ სწრაფად უნდა მოვაშოროთ ქვეყანას იმისთვის, რომ ევროკავშირისკენ წავიდეთ, განვვითარდეთ, წინ წავიდეთ. აქეთ ელიტა, ზემდიდარი ადამიანები სცენიდან მიმართავდნენ ღარიბ, გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც იძულებით ჩამოიყვანეს. აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების… გუშინდელი დღე მართლა საბოლოო სიტყვა იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ და არც მათ რუსულ კანონებს აქვთ მხარდაჭერა. თუ შევადარებთ 28-29 რიცხვს, ქართული, ეროვნული ღირსების ზეიმი იყო, გუშინ კი, გამდიდრებული ელიტის ბოლო გაბრძოლება იყო, რომელსაც ჩვენ დავასრულებთ.

ივანიშვილი გუშინ აბსოლუტურად ყველას ემუქრებოდა, მან თქვა, არა ევროკავშირს, კი – ბიძინას. მისი საგარეო და საშინაო კურსი ბიძინა ივანიშვილია და ამბობს, რომ ამ ქვეყანამ მხოლოდ ეს ადამიანი უნდა აქოს და ადიდოს, რომელიც რეალობას სრულიად მოწყვეტილია და ძალიან სუსტია. 20230 წელზე რომ მისვამთ კითხვას, რანაირად უნდა შევიდეს საქართველო ბიძინა ივანიშვილის პირობებში ევროკავშირში, კაცი პირდაპირ ამბობს, ევროპა ჩემი მტერიაო, რანაირად შეიძლება მტერს გაუერთიანდე? გუშინ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ყველა ჩვენი მტერია, მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ვიცი, რა უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაშიო. მის პირობებში ქვეყანა არათუ შევა ევროკავშირში, არამედ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მკაფიოდ ამბობენ, რომ რაც მოპოვებული გვაქვს, იმასაც დავკარგავთ. შეიძლება საფრთხე დაემუქროს უვიზო მიმოსვლას, შეიძლება საფრთხე დაემუქროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს და იმ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას, რასაც ევროკავშირისგან ვიღებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

„პროფესიები მომავალში“ – თიბისის შეხვედრების ახალი სერია

„პროფესიები მომავალში“ თიბისის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ შეხვედრებზე, კონკრეტული სფეროსა და ტექნოლოგიების ექსპერტების მონაწილეობით, ვსაუბრობთ თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგიების განვითარებას არსებულ პროფესიებზე.

პირველი შეხვედრა – როგორ ცვლის შემოქმედებით ინდუსტრიას ტექნოლოგიები – კანის ლომების კრეატიული ფესტივალის ახალგაზრდულ კონკურსის პანელის მთავარი თემა იყო.

როგორ შეიძლება, შეიცვალოს საქმიანობები და პროფესიები და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? მოკლავს თუ არა შემოქმედებითი სფეროს პროფესიებს გენერაციული AI ინსტრუმენტები? ამ თემების ირგვლივ შეხვედრაზე ისაუბრეს: „დიზაინ ინსტიტუტის” დამფუძნებელმა ნინო ეგაძემ, ზაალ გაჩეჩილაძემ – AI Lab დამფუძნებელმა და კოკა ქამუშაძემ Playmakers დამფუძნებელმა.

სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. ხშირად ვისმენთ, იმასაც რომ AI სხვადასხვა პროფესიებში ადამიანებს ჩაანაცვლებს. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები პროფესიას არათუ „გვართმევს“, არამედ პირიქით, ეს არის შესაძლებლობა ვეძებოთ ახალი ინტერესები და გვქონდეს მრავალფეროვანი კარიერა.

თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.

(R)

“ქართული ჯარი ყველა პატრიოტისთვის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლოა” – თავდაცვის მინისტრი

ქართული ჯარი ყველა პატრიოტისთვის არის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საქართველოს თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე მიულოცა.

„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან ქართული ჯარი ყველა პატრიოტისთვის არის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლო. ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების ურყევი მხარდაჭერით სარგებლობს. ქართული ჯარი ისტორიულად მთელ საზოგადოებასთან, ჩვენს ეკლესიასთან ერთად იცავდა ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს ღირებულებებს, სამშობლოს, ჩვენს მიწა-წყალს, ის ნიჭიერ და ტოლერანტ ხალხს, მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურასა და იდენტობას. სწორედ ეს ქართული იდენტობა გვეამაყება თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მხედრობას და ის მუდამ იქნება ჩვენი თვითმყოფადობის და განვითარების სიმბოლო. განსაკუთრებით გილოცავთ დღევანდელ დღეს თქვენ, სამხედროებს, თითოეულ ჯარისკაცს, ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოს ემსახურებით. თქვენს პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე. თქვენი შრომა და ყოველდღიური ძალისხმევა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის. მრავალმა თქვენგანმა არაერთხელ გამოავლინეთ სიმამაცე და მებრძოლი სული ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში. სწორედ ამ ბრძოლებში კარგად გამოჩნდა, რომ დღევანდელი ქართული ჯარი ამაყად აგრძელებს ჩვენი წინაპრების მხედრულ ტრადიციებს. კიდევ ერთხელ, დღევანდელ დღეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს სამსახურისთვის, თავდადებისთვის და სამშობლოს ერთგულებისთვის. მინდა თქვენთან ერთად დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს, რომლებიც გაძლიერებენ, ზურგს გიმაგრებენ და თქვენს წარმატებებს იზიარებენ. მადლობა თქვენს მშობლებს პატრიოტების აღზრდისთვის“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

“იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა”

იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველას გვევალება მოვძებნოთ ერთიანობის გზა, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი.

მასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარისა და სამშობლოს წინააღმდეგაა.

„ვინ თუ არა ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვიჭირდა და როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ. დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა, არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარისა და სამშობლოს წინააღმდეგაც არის. ვინც ქადაგებს ერთობას, ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის.

„თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის. მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება, თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ. გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა, მათი ხსოვნა უკვდავია. გაუმარჯოს ყველას, ვინც საუკუნეების განმავლობაში იქ იდგა, სადაც თქვენ დღეს დგახართ, ვისაც სწამდა ის, რაც თქვენ გწამთ დღეს და ვინც დაიცავს ხვალინდელ ძლიერ, ერთიან, ევროპულ საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს, გილოცავთ დღევანდელ დღეს!“-განაცხადა პრეზიდენტმა.