Home Blog Page 3

„შავი ფულის” გარანტირებულად დამკარგავი ნაცკონგლომერატი ყველანაირ სიბინძურეს იკადრებს” – გია აბაშიძე

„შავი ფულის” გარანტირებულად დამკარგავი ნაცკონგლომერატი ყველანაირ სიბინძურეს იკადრებს, მათ შორის ვითომ „მოძალადე პოლიციელად” წარმოჩენას, რათა შეასრულოს დაკვეთა ე.წ. „მაიდანაზიაციაზე” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე ეხმიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, აპირებდნენ ჩაეცვათ შსს-ს ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა

„შავი ფულის” გარანტირებულად დამკარგავი ნაცკონგლომერატი ყველანაირ სიბინძურეს იკადრებს, მათ შორის ვითომ „მოძალადე პოლიციელად” წარმოჩენას, რათა შეასრულოს დაკვეთა ე.წ. „მაიდანაზიაციაზე”. მაინც არაფერი გამოუვათ. ყველა ნაცკრიმინალს გაეცემა კანონიერი პასუხი, მათ შორის რუსთაველზე არაპოლიციური მხუთავი აირის ბალონებისა და რეზინის ტყვიების სროლაზე. არანაირი მნიშვნელობა აქვს ავაზაკებს სახე ჰქონდათ დროებით დაფარული ჰქონდათ თუ არა.
შსს-ს ინფორმაციით, გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, აპირებდნენ ჩაეცვათ შსს-ს ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა“ – წერს გია აბაშიძე

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, გამოიყენეთ ამისთვის სოციალური ქსელებიც, შესაძლოა, გაიცნოთ ძალიან საინტერესო იდეების მქონე ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ახლებურად შეხედოთ ცხოვრებას.

კურო

დიდია ალბათობა, დახმარებისთვის მოგმართონ, რამაც შესაძლოა, დიდი დრო და ენერგია წაგართვათ. ნუ მოგერიდებათ უსარგებლო კავშირებზე უარის თქმა, მალე ახალი ადამიანები შეავსებენ ამ სიცარიელეს.

ტყუპები

მატულობს თქვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობები, მაგრამ იზრდება სარგებლის დონეც. გაიხალისეთ ცხოვრება და იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე.

კირჩხიბი

შეგიძლიათ, გულღიად ისაუბროთ თქვენს გეგმებზე, იყავით უშუალო, თუმცა, არც თქვენი ღირსების წარმოჩენა დაგავიწყდეთ.

ლომი

ნუ აჰყვებით ჭორებსა და ინტრიგებს, იყავით მომთმენი, თავდაჭერილი და წარმატება გარანტირებულია.

ქალწული

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რათა სხვათა შეცდომების გამო, თქვენ არ დაგჭირდეთ მათ გამოსასწორებლად დიდი ძალისა და ენერგიის ხარჯვა.

სასწორი

არის ალბათობა, დიდი ცვლილებები შეიტანოთ ყოველდღიურობაში. კარგი იქნება, თუ საკუთარი თავისთვისაც გამოძებნით დროს.

მორიელი

შეეცადეთ, გაუგებრობები და საკამათო სიტუაციები არ გააღრმავოთ და დროულად გაარკვიოთ, რათა შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

მშვილდოსანი

ენდეთ ინტუიციას და ყველაფერს გაუმკლავდებით, რაც უნდა რთული იყოს ვითარება.

თხის რქა

სასურველია, მეტი სიფრთხილე საიდუმლოსთან დაკავშირებით და ნუ ენდობით მათ, ვინც ერთხელ უკვე გიღალატათ, არის მოტყუების ალბათობა.

მერწყული

ფინანსურ სფეროში, წარმატების შანსები მატულობს, კარგი პერიოდია ოჯახური იდილიის შესაქმნელადაც.

თევზები

წარმატება თან გდევთ. ვარსკვლავები ყოველი მხრიდან მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას გპირდებიან.

“შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის” – ირაკლი კობახიძე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული.

“გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზეც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული.
ამასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის – ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის”,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

“გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, აპირებდნენ ჩაეცვათ შსს-ს ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა”

შსს-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა, – ამის შესახებ შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე, სხვადასხვა მედიის საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს.

იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს იმის თაობაზე თუ როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სატელეფონო საუბარი გამართეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. კვლავ დავადასტურე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისაკენ უნდა იყოს გათვალისწინებული. აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი. საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

“არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს „მშვიდობიანი”’ უწოდა” – შალვა პაპუაშვილი

ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა.

“ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი,

პოლიცია, ძირითადად, პარლამენტის შენობის დაცვით შემოიფარგლებოდა. ძალას მხოლოდ პარლამენტის შესასვლელების დაცვისა და შენობაში შეჭრის აღსაკვეთად იყენებდა. ოთხშაბათს კი, როდესაც პარლამენტზე თავდასხმა განსაკუთრებულად ძალადობრივი იყო, პოლიცია მხოლოდ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე მოქმედებდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლებისათვის წინააღმდეგობა არავის შეუქმნია, ისინი მაინც უტევდნენ და ვანდალურად აზიანებდნენ პარლამენტს, რომელიც ქართული დემოკრატიის ყველაზე მთავარი ინსტიტუტი და სიმბოლოა.

საჭირო გახდა რვა პოლიციელის ჰოსპიტალიზება, ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

სამწუხაროდ, არც ერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. მეტიც, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს “მშვიდობიანი”’ უწოდა.

სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს.

ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

„ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარედ მყოფი აქციის მონაწილეები განვლილი დღეების განმავლობაში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები განვლილი დღეების განმავლობაში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები კვლავ „ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებიან და როგორც ისინი აცხადებენ, პოლიციელებს, რომლებიც შსს-ს ბრძანებას არ შეასრულებენ და ამის გამო “თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ისინი შესაბამის ხელფასს აუნაზღაურებენ”.

“პოლიცია, თუნდაც ბოლო წამს, თუ დაიჭერს ხალხის მხარეს, იქნება მართალი. ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც არ შეასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებას და თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ჩვენ შესაბამის ხელფასს ავუნაზღაურებთ. მათ უნდა გაიაზრონ ის, რომ პოლიციელის პროფესიის მთავარი მიზანი ხალხის დაცვაა. ჩვენ უკანონოდ დაკავებული ხალხის გათავისუფლებას ვითხოვთ”, – განაცხადეს აქტივისტებმა.

“მონებო”, – სკანდირებენ აქციაზე შეკრებილები.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართებიან

პარლამენტის წინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობას სასტუმრო “პარაგრაფთან” შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

„საქართველო!”, “ჩვენი გზა ევროპაშია!”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მსვლელობით ჯერ „ქართული ოცნების” ოფისთან, შემდეგ იუსტიციის სახლთან, ხოლო ბოლოს ქაშვეთის ეკლესიასთან მივლენ.

რაც კარგია შტატებში და ევროპაში, საშინელება საქართველოში – ეს მოცემულობა არ იმუშავებს – მამუკა მდინარაძე

“ნაცმოძრაობას” და მდიდარ ენჯეოებს ახალი მდაბიო, ფაშისტური და გაღმა შედავების კამპანია წამოუწყიათ – ოღონდ ჩვენ არ გავასაჯაროოთ, რამდენ ათეულ მილიონებში ვყიდით ქვეყანას და ვინც ამის გასაჯაროებას კანონით მოითხოვს, იმას მოღალატეს დავარქმევთ და 30-30 თეთრს ჩავურიცხავთო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ის მიმართავს ახალგაზრდებს, კარგად გაარკვიონ, ვინ აახლოებს ევროპასთან და ვინ პირიქით – აშორებს, რათა თავი არავის მოატყუებინონ.
მდინარაძის თქმით, გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული, ხოლო, შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა – ევროპული.

“ნაცმოძრაობას” და მდიდარ ენჯეოებს ახალი მდაბიო, ფაშისტური და გაღმა შედავების კამპანია წამოუწყიათ – ოღონდ ჩვენ არ გავასაჯაროოთ, რამდენ ათეულ მილიონებში ვყიდით ქვეყანას და ვინც ამის გასაჯაროებას კანონით მოითხოვს, იმას მოღალატეს დავარქმევთ და 30-30 თეთრს ჩავურიცხავთო.

რასაც რუსული ეძახეს, განხილვებზე ყველაფერი ამერიკული აღმოჩნდა და რაღა მოიფიქრონ აღარ იციან.
ის რაც კარგია შტატებში და ევროპაში (თან უფრო მკაცრი ფორმით), საშინელება საქართველოში – ეს მოცემულობა არ იმუშავებს, დამიჯერეთ.

არა რუსულ კანონს, კი ევროპას – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში – ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოებთ ევროპას. ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც თავი არავის უნდა მოატყუებინოთ. გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა – ევროპული!

#მამული,ენა,სარწმუნოება
#ღირსებითევროპისკენ” – წერს მამუკა მდინარაძე.

“სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის.

„საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით”

მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დიდ პარასკევს, იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, იესო ქრისტემ გასწირა თავისი სხეული და დაღვარა თავისი სისხლი იმისთვის, რომ მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე და „აღგვადგინოს მან უკანასკნელსა დღესა, როგორც თავისი შვილები”.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ახლა გამოვაბრძანეთ თქვენ წინაშე წმინდა გარდამოხსნა, რომელიც არა მხოლოდ წმინდაა, არამედ საშინელიც არის, რადგან მასზე გამოსახულია ძე ღმერთის შიშველი და მკვდარი სხეული, რომელიც სიკვდილით დასაჯეს მისმა მტრებმა.

როგორ შეიძლება მომხდარიყო კაცობრიობის დანაშაულთა შორის ეს ყველაზე საშინელი დანაშაული? რატომ არ სთხოვა ძე ღმერთმა თავის მამაზეციერს, რომ ანგელოზთა ლეგიონები მოევლინა და შეემუსრა მისი მტრები, რომლებსაც მისი სიკვდილი სწყუროდათ? ჩვენი გონებით ვერასდროს ავხსნიდით, ვერასდროს ვუპასუხებდით ამ შეკითხვას. ვის შეიძლებოდა აეხსნა ჩვენთვის ეს აუხსნელი საკითხი?

გვახსენდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები თავის საიდუმლო მოწაფესთან, ნიკოდიმოსთან საუბარში, იგი ამბობს: „ისე შეიყვარა ღმერთმან ქვეყანა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა მას, რათა მისი ყოველი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო“ (იოანე, 3:16). ეს ნიშნავს, რომ მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე.

ასევე გვახსენდება უფალ იესო ქრისტეს იდუმალებით სავსე სიტყვები, რომლებიც სრულიად მიუწვდომელია ამა სოფლისთვის. უფალი ბრძანებს: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ, უკეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკვდეს, არამედ ცხონდეს უკუნისამდე. და პური რომელი მე მივცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივცემ ცხორებისათვის სოფლისა… ამინ, ამინ გეტყვით თქვენ, უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სვათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორება თავთა შორის თქვენთა, ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორება საუკუნო და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა, რამეთუ ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არს. და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა“ (იოანე, 6:51, 53-56).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დიადი მნიშვნელობა ქრისტეს მსხვერპლისა – მან გასწირა თავისი სხეული და დაღვარა თავისი სისხლი იმისთვის, რომ ჩვენ წმინდა ზიარების საიდუმლოში ვჭამდეთ მის ხორცს და ვსვამდეთ მის წმინდა სისხლს; რომ მისი სხეული გახდეს ჩვენი სხეული და ჩვენს ძარღვებში, ჩვენს სისხლთან ერთად, ჩქეფდეს ასევე მისი სისხლი და ამგვარად ვეზიარებოდეთ ღმერთკაცს, მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე და როგორც ამ სიტყვებში იყო ნათქვამი, აღგვადგინოს მან უკანასკნელსა დღესა, როგორც თავისი შვილები.

ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ მას ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის. ამ კითხვაზეც პასუხს გვცემს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იგი ამბობს: „თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები“.

ამრიგად, დღეს დავღვაროთ ჩვენი სიყვარულის ცრემლი ჩვენ წინაშე მდებარე ძე ღმერთის სხეულზე და ჩვენი სულის მთელი ძალები, უპირველეს ყოვლისა, მივმართოთ იქითკენ, რომ დავიცვათ მისი მცნებები, ამინ”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქციას მართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ არიან შეკრებილები.

აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა.

„დღეს, არის აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე კონფერენცია. ძალიან დიდი წარმომადგენლობითი კონფერენციაა, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია ამ ადამიანებამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, ავუხსნათ რა ხდება ამ ქვეყანაში და თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს კანონი. 2007 წლიდან აზიის განვითარების ბანკისგან ქვეყანას სესხის სახით მიღებული აქვს 3,9 მილიარდი დოლარი სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის. ძალიან კომიკურია, რომ ახალგაზრდებს არბევენ, იჭერენ ამ კანონის გაპროტესტებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციაზე დამსწრებმა ადამიანებმა იცოდნენ რის გამო ვდგავართ და დაგვეხმარონ გაპროტესტებაში და მთავარი მესიჯების გაჟღერებაში”,- განაცხადა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა მარიამ გეგუჩაძემ.

შეკრებილები სკანდირებენ – „არა რუსულ კანონს!“

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აპირებენ კონფერენციის ბოლომდე, 21:00 საათამდე იყვნენ სასტუმრო „პარაგრაფთან“, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გადავლენ მსვლელობით.

სასტუმროს მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები დგანან „პარაგრაფის” ორივე შესასვლელთან.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მშვიდ ვითარებაში გამოხატონ პროტესტი.

“ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს კონფერენცია. აქციის მონაწილეები უკვე მოსულები არიან. მათ მოვუწოდებ, რომ მშვიდ ვითარებაში გამოხატონ თავიანთი პროტესტი”, – განაცხადა სირაძემ.