Home Blog Page 3

გზის გადაკეტვის განზრახვა არ ჰქონიათ უგულავას და დაკავებულებს, პოლიციამ გადაკეტა რამდენიმე წუთით – სახელდახელოდ მოფიქრებული მუხლი გამოყენებული იქნა სადამსჯელოდ – ადვოკატი

სახელდახელოდ მოფიქრებული მუხლი გამოყენებული იქნა სადამსჯელოდ, – ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული გიგი უგულავას ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, გიგი უგულავას გზის გადაკეტვის განზრახვა არ ჰქონია და ეს პირდაპირ ეთერში ყველამ ნახა.

„სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდზე ვსაუბრობთ, ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში, რომ იქ გზის გადაკეტვის განზრახვა არავის ქონია, მით უმეტეს არ ჰქონია უგულავას და დაკავებულებს. თუ გზის გადაკეტვაზე ვსაუბრობთ, პოლიციამ გადაკეტა რამდენიმე შემთხვევაში და რამდენიმე წუთით.

სახელდახელოდ მოფიქრებულია მუხლი, როდესაც ორი დღით ადრე სტრატეგიულ ობიექტად აქციეს [მაგისტრალი]. სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად შეუსაბამოა ორი დღით ადრე კრიმინალიზებული ქმედებისთვის ადამიანს იჭერდე და ბრალს უყენებდე. ეს მუხლი გამოყენებული იქნა სადამსჯელოდ. ჩვენ ვართ მომსწრე კანონით დევნის, კანონით ძალადობის ადამიანებზე. ვხედავთ ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ ძალადობას, ადამიანების დამცირების მცდელობას პოლიციელების მხრიდან და თვალს ვადევნებთ სამართლებრივ ძალადობას ე.წ. ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ჩემთვის უცნობია რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში – თავად პოლიციამ მისცა გზის გადაკვეთის, გზაზე გავლის ნებართვა – დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი

დაცვის მხარეს გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავად პოლიციამ მისცა გზის გადაკვეთის, გზაზე გავლის ნებართვა, – ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, საათ-ნახევარზე მეტია ადვოკატებს არ ეძლევათ დიმიტრი ბიძინაშვილთან შეხვედრისა და საქმის მასალებთან წვდომის საშუალება.

„დაახლოებით საათნახევარზე მეტია არ გვეძლევა შეხვედრის საშუალება, არ გვეძლევა საქმის მასალებთან წვდომის საშუალება. შესაბამისად ჩემთვის უცნობია რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში. თუმცა ჩვენ, დაცვის მხარეს გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავად პოლიციამ მისცა გზის გადაკვეთის, გზაზე გავლის ნებართვა. ეს გავიდა მათ შორის ტელეეთერებში და ჩვენ ამას დავამატებთ აუცილებლად საქმეზე“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათივე განცხადებით, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„ხალხის ძალა“ USAID-ისა და იქიდან წამოსული შავი ფულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ვაწვდიდით – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალა“ USAID-ისა და იქიდან წამოსული შავი ფულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ვაწვდიდით. ჩვენი განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით ერთი-ერთში ჩაჯდა რუბიოს, ტრამპისა და მასკის განცხადებების შინაარსთან, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, აუცილებლად დადგება ის დრო, როცა, მათ შორის, ევროკავშირში, ყველა ბიუროკრატს მოუწევს ან თანამდებობიდან წასვლა, ან იმ რეალობის აღქმა, რომ ყველა ქვეყანას თავისი სუვერენიტეტი აქვს.

„USAID-ი არის სახელმწიფო სააგენტო აშშ-ში, რომელიც ამერიკელების მიერ გადახდილ ფულს სხვა ქვეყნებში აგზავნის არეულობებისა და რევოლუციების მოსაწყობად.

ოპონენტებს მინდა მივმართო – ჩვენს, „ხალხის ძალის“ განცხადებებზე რომ ამბობდნენ, ანტიამერიკულიაო, ახლა იმავეს და უფრო მკაცრ განცხადებებს რომ აკეთებენ მასკი, ტრამპი და რუბიო, მათზე რატომ არ ამბობენ იმავეს? მეტიც, დღეს ურუსლა ფონ დერ ლაიენმა ანტიამერიკული განცხადება გააკეთა, რომ აშშ-დან თუ იქნება თავდასხმები ევროკავშირზე, ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთო. ეს რა არის? გამოვიდნენ ახლა და დაგმონ ეს მართლა ანტიამერიკული განცხადებები.

მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, აუცილებლად დადგება ის დრო, როცა, მათ შორის, ევროკავშირში ყველა ბიუროკრატს მოუწევს ან თანამდებობიდან წასვლა, ან იმ რეალობის აღქმა, რომ ყველა ქვეყანას თავისი სუვერენიტეტი აქვს, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად -კახა კალაძე

სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

მისი თქმით, პოლიციის დისკრედიტაცია და სამართალდამცველების შეურაცხყოფა მიუღებელია.

„სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მივესალმებით, რადგან ის, რაზეც ვსაუბრობთ – პოლარიზაცია, დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციები, მიზანმიმართულად მიმდინარეობს თუნდაც პოლიციის დისკრედიტაცია, თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია;

პირდაპირ ეხებიან პოლიციას, აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის გამკაცრება ამ მიმართულებით მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს

5 თებერვალს, პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

დღის წესრიგში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” წევრებისთვის – ჯამში, 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას. მათ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა “ქართულ ოცნებას” შესაბამისს წერილობით განცხადებებზე ამ დრომდე არ უმსჯელია.

აღნიშნული საკითხი ხვალ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე გადის, რომელიც საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას წარუდგენს.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად “ძლიერმა საქართველომ” 14 მანდატი მიიღო, “კოალიციამ ცვლილებებისთვის” პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო “ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ” 16 მანდატი მოიპოვა.

პარლამენტში 12 მანდატი აქვს პარტიას “გახარია საქართველოსთვის”. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინტერესების გამო შედგეს ერთობა – კახა კალაძე

„პრეზიდენტმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, რა სირთულეები გამოვიარეთ, თუმცა აღნიშნული სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს. ხედავთ, თუ როგორი შემოტევები მიმდინარეობს, როგორი უსამართლო დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და ამის მთავარი მიზეზებიც საზოგადოებამ იცის, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ბევრი რამე გამოჩნდა და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. კერძოდ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში – რატომ ჰქონდათ ამხელა ინტერესი საქართველოსთან მიმართებით; ის, რაზეც პირდაპირ ვამბობდით, რომ ქვეყნის ჩართვა უნდოდათ ომში, მეორე ფრონტის გახსნა, ამისკენ მოწოდებებიც კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა „დიფ სთეითთან“ ბრძოლის მნიშვნელობაზე.

„როდესაც ვნახეთ ტრამპის არჩევა, პირველი, რაზეც მან ისაუბრა, იყო „დიფ სთეითის“ დამარცხება. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას და მადლობას იმსახურებს.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყნის ინტერესების გამო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა და პოლიტიკური შეხედულებისა. ის, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ რადიკალიზმი და ფაშიზმი კატეგორიულად მიუღებელია და ის ერთად უნდა დავამარცხოთ“ , – განაცხადა კახა კალაძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8378 ლარი გახდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8378 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8403 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9317 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9090 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0227 ლარი შეადგინა. 

ევროპელი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს მეგობრები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ – ამის შესახებ განცხადებას, რომელსაც ხელს ევროპელი პარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსები აწერენ, ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

ევროპელი პარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ ჟურნალისტის მდგომარეობის გამო და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე მიყენებულ შედეგებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, 52 ჟურნალისტისა და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა.

ვინაიდან მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება და სიცოცხლისთვის საშიშ კრიტიკულ და შეუქცევად საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ შეშფოთებულები ვართ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვების ცნობებით, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას არ იღებს და ტყვეობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპელი პოლიტიკოსების თქმით, „არ ტყუვდებიან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მცდელობებით, დაამახინჯონ ის გარემოებები, რამაც მზია ამაღლობელის დაკავება გამოიწვია და მისი პროფესიული რეპუტაცია „უცხოეთიდან დაფინანსებულის“ კვალიფიკაციის მინიჭებით შელახონ“.

პოლიტიკოსები ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

„ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური გზის ირგვლივ ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადასატანად. ევროატლანტიკური გზის, რომელიც დაფიქსირებულია არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაში, არამედ იმ ხალხის ნებაშიც, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების შედეგად უღალატა. ქართველი ხალხი არ გაჩუმდება და არც მისი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც დამოუკიდებელი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, საჭირო ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიის სასწრაფოდ აღდგენის შესახებ, დაწყებული ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით, ბოლოდროინდელი არალეგიტიმური კანონების გაუქმებით, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებასა და ახალი არჩევნების ორგანიზებას დამოუკიდებელი ზედამხედველობის ქვეშ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებსა და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ სანქციების შენარჩუნებით ან დაწესებით პასუხისმგებელ პირებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ვახტანგ გომელაურსა და სულხან თამაზაშვილზე“, – აცხადებენ პარლამენტარები.

განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის სენატის წევრი პაველ ფიშერი; პოლონეთის პარლამენტის წევრი რადოსლავ ფოგელი; ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი; შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოთბერგი; ევროპარლამენტარი ბერნარდ გეტა; ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე; საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი; ევროპის სტაბილურობის ინიციატივის დამფუძნებელი ჯერალდ კნაუსი; ევროპარლამენტარი რიჰადს კოლსი; ფინეთის პარლამენტის წევრი იუკა კოპრა; ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი; უკრაინის პარლამენტის წევრი ევგენია კრავჩუკი; ესტონეთის პარლამენტის წევრი ეერიკ-ნილს კროსი; ყოფილი ევროპარლამენტარი მიაპეტრა კუმპულა-ნატრი; ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო; უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსანდრე მერეჟკო; უკრაინის პარლამენტის წევრი მარია მეზენცევა-ფედორენკო; ესტონეთის პარლამენტის წევრი მარკო მიხელსონი; ლატვიის პარლამენტის წევრი ინარა მურნიეცე; ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი; საფრანგეთის პარლამენტის წევრი ფრედერიკ პეტი; იტალიის პარლამენტის წევრი ლია კვარტაპელე; ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი; Orion Strategies-ის პრეზიდენტი რენდი შონემანი; შვედეთის პარლამენტის წევრი კატარინა ტოლგფორსი; დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ტომ ტაგენდატი; ევროპარლამენტარი სებასტიან ტინკინენი; ევროპარლამენტარი რეინიე ვან ლანშოტი; ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი; ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი; ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი. განცხადებას უერთდება ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონიც.

ეკლესიას შეფარებულო ზენონ, ეროვნულ ხელისუფლებას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ დაბრუნებულიყო და მტკიცედ არ დაეჭირა ეროვნული პოზიცია, ახლა ქვეყნის ნაცვლად ნანგრევებიც აღარ გვექნებოდა  -ზურაბ ქადაგიძე

ეკლესიას შეფარებულო ზენონ, ეროვნულ ხელისუფლებას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ დაბრუნებულიყო და მტკიცედ არ დაეჭირა ეროვნული პოზიცია, ახლა ქვეყნის ნაცვლად ნანგრევებიც აღარ გვექნებოდა – ეს პასუხი კითხვაზე, ვის მოაქვს მშვიდობა. ამის საპირწონედ, შენ საყვარელ „ნაცმოძრაობას“ მოაქვს ომი და ნგრევა, როდესაც ხელისუფლებაში იყო – ეს კარგად ვნახეთ 2008 წლის აგვისტოს თვეში. ოპოზიციიდან კი შენნაირი მეტასტაზების მეშვეობით მუდმივად ცდილობს ქვეყნის რყევას და დესტაბილიზაციას, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მეუფე ზენონის განცხადებას, რომლის თქმითაც, „რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ – თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ“.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მათ შორის მეუფე ზენონის „მამაცურ საქმეებზე“ და სანამ ქვეყნის ერთგულ ადამიანებს, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ტალახს ესვრის, კარგად უნდა დაფიქრდეს – რის ფასად ასრულებს დავალებებს და უღირს თუ არა, ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჯაშუშურ საბოტაჟში პაიკის ფუნქცია შეასრულოს.

„გამორიცხულია ამ ანაფორიან მწვალებელს ეს უტიფრობა გავუტარო! მოდი დავიწყოთ იმით, რომ დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რა პროცესები გაიარა საქართველომ ბოლო 4 წლის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ თავად რუბიომ პირდაპირ თქვა, რომ უსინდისობა იყო იმის მტკიცება, თითქოს ამ ომს უკრაინა იგებდა. არადა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გლობალური ომის პარტიის პროპაგანდა ყველას ურეცხავდა ტვინს, უკრაინა იგებს და ამ ქვეყნის გვერდით დგომა ომში ისტორიის სწორ მხარეს დგომააო. ჰოდა ეკლესიას შეფარებულო ზენონ, ეროვნულ ხელისუფლებას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ დაბრუნებულიყო და მტკიცედ არ დაეჭირა ეროვნული პოზიცია, ახლა ქვეყნის ნაცვლად ნანგრევებიც აღარ გვექნებოდა – ეს პასუხი კითხვაზე, ვის მოაქვს მშვიდობა. ამის საპირწონედ, შენ საყვარელ ნაცმოძრაობას მოაქვს ომი და ნგრევა, როდესაც ხელისუფლებაში იყო – ეს კარგად ვნახეთ 2008 წლის აგვისტოს თვეში. ოპოზიციიდან კი, შენნაირი მეტასტაზების მეშვეობით მუდმივად ცდილობს ქვეყნის რყევას და დესტაბილიზაციას. ამიტომ, სანამ ენას ამოიდგამ პირიდან, კარგად დაფიქრდი, რად გიღირს იმ დავალებების შესრულება, რომელიც ნაცმოძრაობის ოფისებიდან ან უფრო უარესი, ქვეყნის ფარგლებს გარედან მოდის… და ბოლოს, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მათ შორის შენს “მამაცურ საქმეებზე” და სანამ ქვეყნის ერთგულ ადამიანებს, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ტალახს ესვრი, კარგად დაფიქრდი – რის ფასად ასრულებ დავალებებს და გიღირს თუ არა, ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჯაშუშურ საბოტაჟში პაიკის ფუნქცია შეასრულო!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

“დარღვევა არ გამოვლენილა” -კომპანია IDS ბორჯომი საქართველო განცხადებას ავრცელებს

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, რომელიც წყალ “ბაკურიანი ციდას” აწარმოებს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან წყლის დალევის შედეგად მცირეწლოვან ბავშვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს აცხადებს, რომ მათ მიერ მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა ნიმუშები კონკრეტულ მაღაზიაში  და დარღვევა არ გამოვლენილა.

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.“ – ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

გამორიცხულია, “ნაცებმა? არ იცოდნენ, რომ აღმაშენებლის ხეივანის გადაკეტვა დანაშაულია, მათი მიზანია, გაწირონ პროტესტის მონაწილეები -მამუკა მდინარაძე

გამორიცხულია, „ნაცებმა“ არ იცოდნენ, რომ აღმაშენებლის ხეივანის გადაკეტვა დანაშაულია. მათი მიზანია, გაწირონ პროტესტის მონაწილეები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღმაშენებლის ხეივანი ცენტრალურ მაგისტრალს განეკუთვნება და მისი გადაკეტვა დანაშაულია.

„როგორც ვიცი, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ, თუ არ ვცდები, ხვალ აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ პროტესტის მონაწილეებს, მომიტინგე ადამიანებს. მათ ეუბნებიან, მოვასწროთ იქამდე, ვიდრე დანაშაული არ არისო. გამორიცხულია, არ იცოდნენ, რომ ეს დანაშაულია, რადგან ცენტრალურ მაგისტრალში გადის, ცენტრალური მაგისტრალი კი სტრატეგიული ობიექტების ნუსხაშია შესული. აქედან გამომდინარე, დღეს ეს დანაშაულია. ვინაიდან ეს იციან, მათი მიზანია, გაწირონ პროტესტის მონაწილეები – გადააკეტინონ, შემდეგ დააკავონ ადამიანები, დააჭერინონ პოლიციას და თქვან, რომ რეჟიმის პატიმრები არიან.

პირდაპირ ეუბნებიან, რომ ეს არ არის დანაშაული. პროტესტის ყველა მონაწილეს ვთხოვ – იმ 400 დატრენინგებული ადამიანის იქით ხომ არის 200, 500 ადამიანი, ხომ ემატებათ ხოლმე – ყველას ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ, რას უკეთებდნენ აქციების რეალური ორგანიზატორები. ატყუებდნენ, რომ არ არის დანაშაული, დააკეტინებდნენ გზას, რასაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა მათი დაკავება  სისხლისსამართლებრივი წესით. შემდეგ იტყოდნენ, რომ ხალხმა არ იცოდა, უდანაშაულოები და რეჟიმის პატიმრები არიანო“, – განაცხადა მდინარაძემ.

აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე, სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია – შალვა პაპუაშვილი

აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე, სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, უნდა გადამოწმდეს და გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი.

,,აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის აღიარების შემდეგ, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ შიდა პოლიტიკაში მავნე ჩარევა ფინანსდებოდა, გასაკვირი აღარაა, რატომ ააჯანყეს დონორებმა მათი ენჯეოები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ.

აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე, სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია.

უნდა გადამოწმდეს და გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.