Home Blog Page 3

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვერძებისთვის ჭეშმარიტების გაცნობიერების პერიოდი დგება. დღეს შეიძლება იმ ადამიანების ქცევის მოტივები გაიგოთ, რომლებიც თქვენ მიმართ გულგრილები არ არიან. დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ და კრიტიკაზე გამძაფრებული რეაქცია გაქვთ. არავის მისცეთ უფლება, რომ გული გატკინოთ. სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს.

კურო

თუ ოჯახში პრობლემები და უთანხმოებები გაქვთ, ახლა საუკეთესო დროა მათ მოსაგვარებლად. ვარსკვლავები ოჯახში ჰარმონიული გარემოს შექმნაში დაგეხმარებიან. ერთობლივი გასეირნება ან შოპინგი იდეალური გადაწყვეტილება იქნება, მით უმეტეს, რომ სასურველი ნივთის შეძენას შეძლებთ, რომელიც დიდხანს მოგემსახურებათ. გამოიჩინეთ მზრუნველობა ახლობლების მიმართ და მიეცით საშუალება, რომ თქვენზე იზრუნონ.

ტყუპები

ამ დღეს კოლეგებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, რადგან შეიძლება თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. უმჯობესია, უსამართლო კრიტიკას ყურადღება არ მიაქციოთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და არც შურისძიების გეგმა შეადგინოთ. ეცადეთ, არაკეთილმოსურნე ადამიანებს მშვიდი ღიმილით უპასუხოთ. მათ დამარცხებას მხოლოდ ასე შეძლებთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, აქტიური პოზიცია დაიკავოთ და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა აიღოთ – ამ დღის შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ რაღაც საქმე დიდი ხნის წინ დაიწყეთ და დაივიწყეთ, ახლა მისი დასრულების დროა. შეეცადეთ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ცხოვრების მიმართ დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ.

ლომი

ამ დღეს ოპტიმიზმი თქვენი მთავარი იარაღი იქნება და ნებისმიერ ვითარებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ თამამად წახვიდეთ წვეულებაზე ან სრულიად უცნობ საზოგადოებაში, რადგან ყველგან სასურველი სტუმარი იქნებით. ნუ გერიდებათ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების – ეს მხოლოდ დაგეხმარებათ. ყურადღება არ მოადუნოთ, რათა სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს.

ქალწული

ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების მწვერვალზე ხართ. განსაკუთრებით თვალშისაცემია თქვენი ლიდერის უნარები და მზადყოფნა, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. გარშემომყოფები რჩევისთვის მოგმართავენ – ეცადეთ, დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. შესაძლოა, ამ დღეს დაიწყოს მეგობრობა, რომელიც დროთა განმავლობაში გაძლიერდება. გახსოვდეთ თქვენი პასუხისმგებლობა და ნუ გაუცრუებთ იმედს მათ, ვინც გენდობათ.

სასწორი

სამსახურში დილიდან პრობლემები და გაუგებრობები გელით. ეცადეთ, მოქმედებისთვის საჭირო დრო სწორად შეარჩიოთ და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნება შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ. საყვარელ ადამიანებს თქვენი სითბო და მზრუნველობა დაანახვეთ და პასუხისმგებლობას თავი არ აარიდოთ.

მორიელი

გირჩევთ, ეს დღე მთლიანად ოჯახს მიუძღვნათ. განსაკუთრებული ყურადღება შვილების აღზრდას დაუთმეთ – ამ დღეს ისინი თქვენს სიტყვებს განსაკუთრებულად შეიგრძნობენ. თუ ბოლო დროს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბათ, ეს დღე ნდობის აღსადგენად გამოიყენეთ. ფინანსური სიძნელეები ნუ შეგაშინებთ – მალე მდგომარეობა გაუმჯობესდება.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობაში გახსნილი და კეთილგანწყობილი იყოთ – ეს მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და განსხვავებული შეხედულებებისა და მიდგომების გამო კონფლიქტებს თავიდან აგაცილებთ. სხვის მიღწევებს ნუ დააკნინებთ და სხვის საქმეებში ნუ ჩაერევით, თუ დახმარება არ გთხოვეს. ეცადეთ, პროფესიული ზრდა განაგრძოთ და თანამოაზრეები მოიზიდოთ.

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე მეტად ნერვულ სისტემას უნდა გაუფრთხილდეთ. გახსოვდეთ, რომ ბევრი დაავადება სწორედ გადაჭარბებული მგრძნობიარობისა და ნერვიულობის გამო იწყება. ეცადეთ, რომ სტრესისგან გათავისუფლდეთ და საკუთარი ცხოვრება უფრო ხალისიანი გახადოთ. ფიზიკური აქტივობა, თუნდაც უბრალო სეირნობა მოდუნებასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს წარმატებას თანდაყოლილი ოპტიმიზმი და ენერგიულობა მოგიტანთ. როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, დაუფიქრებლად არ იმოქმედოთ და მოსალოდნელი შედეგი წინასწარ გათვალეთ. გახსოვდეთ, რომ უმცირესი შეცდომა შეიძლება ფინანსური პრობლემებისა და ახლობლებთან დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

თევზები

ამ დღეს პროფესიული საქმიანობის სფეროში ბევრი ახალი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ. ამ პერიოდში მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორი ნაბიჯების შემთხვევაში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. ფრთხილად – წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგახვიოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ქიმიკატებთან და მომწამვლელ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

ვინ იქნებიან საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

2027 წლის კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ესპანეთი, უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული და ხორვატია/დანია/ნორვეგიის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორეადგილოსანი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასასვლელად საქართველოს ორი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოუწევს. პირველი ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გავა და მეწყვილე B ჯგუფის 3 საუკეთესოს დაუპირისპირდება. B ჯგუფში მოხვდნენ: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და ჩრდ.მაკედონია/უნგრეთი/რუმინეთის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული.

საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი გავა. სწორედ ეს გზა გაიარა საქართველოს ნაკრებმა 2021-2023 წლებში, როცა პირველად, ისტორიაში გავიდა მსოფლიოზე და იაპონიაში გამართული ტურნირის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის 3 სათამაშო ფანჯარა იქნება გამოყოფილი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება. მეორე ეტაპის თამაშები კი 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1092842509534888&set=a.628713469281130&type=3&ref=embed_post

აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს -ლევან მაჭავარიანი

იგრძნობა, რომ ჩვენ აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი და მოცულობა არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს. სუვერენიტეტს განსაზღვრავს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ატარებს არჩეული ხელისუფლება, საქართველოს შემთხვევაში – “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე საუბრისას, „პოს ტვ“-ის ეთერში განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარისხი ისეთი არასდროს ყოფილა, როგორიც დღეს არის და მმართველი გუნდი უამრავი წნეხის და ზეწოლის მიუხედავად, არ აპირებს ეს პოლიტიკა შეცვალოს, ვინაიდან, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესი.

„რა პოლიტიკას ატარებს “ქართული ოცნება” მით უმეტეს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში – ის ღირებულებები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ, ქართველებმა მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენს სულიერ თავგადასავალთან ჯერ კიდევ საუკუნეების წინ და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა – ეს არის ჩვენი მამული, ენა და სარწმუნოება, რომელსაც კბილებით ვიცავთ. სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხი, მსუბუქად რომ ვთქვათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი არასდროს ყოფილა და ჩვენ ეს ძალიან ძვირი გვიჯდება, ეს კომფორტი ნამდვილად არ არის, ვინაიდან, ამის გამო, ჩვენ ვუძლებთ უამრავ წნეხს, ზეწოლას, უამრავ უსამართლობას, მაგრამ მაინც, უკან ერთ ნაბიჯსაც არ ვდგამთ და მივიწევთ წინ, ვინაიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ჩვენი პატრიოტი მოსახლეობის ინტერესი. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამ პოლიტიკას ვატარებთ და არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ, კიდევ რომ გაიზარდოს შანტაჟი, სანქციები და ა.შ. – ჩვენ ყოველთვის ამ პოლიტიკის გარანტორები ვიქნებით საქართველოში, ანუ, “ქართული ოცნება” არის მშვიდობის, სტაბილურობის და ჩვენი ღირებულებების შენარჩუნების მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერების მთავარი გარანტია “ქართული ოცნება” საქართველოში,“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ღია წერილი დროული იყო, ვინაიდან, ტრამპის ადმინისტრაცია უკვე ოთხი თვეა, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და ამ დროის მანძილზე, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.

მაჭავარიანის თქმით, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის დუმილი კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს იმ ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლების შეხედულებებს, განცხადებებს და პოლიტიკურ ნაბიჯებს მათი გზავნილები ემთხვევა.

„წერილი, რა თქმა უნდა, დროული იყო. ოთხი თვეა გასული, რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში და სამწუხაროდ, მათი მხრიდან საქართველოსთან მიმართებით განცხადება არ მოგვისმენია. მიუხედავად იმისა , რომ ის გზავნილები, პოლიტიკური ნაბიჯები, შეხედულებები, ის სიფრთხილით გაჟღერებული ფრაზები, რაც ჩვენი მხრიდან კეთდებოდა, აბსოლუტურად თანხვედრაშია აშშ-ის ადმინისტრაციასთან. ღირებულებითი ნაწილიც, ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებით როგორი ღია ბრძოლა გამოვაცხადეთ, ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონი მივიღეთ, პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ხმამაღლა დავიწყეთ USAID-ის და NED-ის კრიმინალურ საქმიანობაზე საუბარი; უკრაინის ომთან მიმართებით სრული თანხვედრაა ჩვენსა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის, თუ რა იყო ერთ-ერთი გამომწვევი ამ პროქსი ომის და რომ გამოიყენეს უკრაინა. მინდა მოვიშველიო მარკო რუბიოს სიტყვები, როდესაც ეს ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში – ჩვენთვის, ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობა ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც წინა პლანზე აქვთ წამოწეული თავიანთი ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტიო – ანუ, რაც ჩამოვთვალე, სრულ თანხვედრაში ვართ ყველა პუნქტში.

ჩვენ, ჩვენმა ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრმა, საჯაროდ, სხვადასხვა პლატფორმაზე ძალიან ბევრჯერ გამოვხატეთ დიდი სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს აშშ-თან ნამდვილი მეგობრობა, რეალური სტრატეგიული პარტნიორობა და არა ის, რომელიც უბრალოდ ფარატინა ფურცელზე იყო. [გვსურს] ისეთი ტიპის პარტნიორობა, როგორიც მაგალითად, ჩინეთთან გავაფორმეთ – გაფორმდა პარტნიორობა და ჩაინიშნა პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ. ჩვენ აშშ-ს ძალიან ღიად ვთავაზობთ, რომ შეგვიძლია კონკრეტული გზამკვლევიც კი დავაწესოთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, აეწყოს რეალური პარტნიორობა. საქართველო ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველი პარტნიორია – არ აქვს მნიშვნელობა ეს დიდი ქვეყანაა თუ პატარა ქვეყანა. ჩვენ არასდროს არავისთვის გვიღალატია, არასდროს ვღალატობთ ჩვენს პრინციპებს და ყოველთვის განსაკუთრებულად ვუდგავართ გვერდში ჩვენს მეგობრებს და ვართ სერიოზული დასაყრდენი ნებისმიერი გაერთიანების თუ კონკრეტული ქვეყნისთვის. იმავე აშშ-ის მაგალითზე რომ ვთქვათ, ავღანეთის და ერაყის მისიებში, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტინგენტით ვიყავით წარმოდგენილები და ათასობით მებრძოლს როცა ვაგზავნიდით, ლატვია-ლიეტუვა-ესტონეთს, დღეს რომ ძალიან ხმაურიანად საუბრობენ, 50-კაციანი შემადგენლობები ჰყავდათ გაგზავნილი. ნატო-ს ქვეყნებს შორისაც მე-4 ადგილს ვიკავებდით და ამით კიდევ ერთხელ დამტკიცებული გვაქვს, რამდენად სერიოზული და სანდო პარტნიორები ვართ. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც არის დუმილი, ეს გასაკვირია და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ.“ –  განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ევროსაბჭოს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა ქვეყანაში -მაკა ბოჭორიშვილი

ევროსაბჭოს მინისტერიალის პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც საქართველოს დღის წესრიგში დგას. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროსაბჭოს მინისტერიალი არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მონაწილეობს მასში.

„ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც საქართველოს დღის წესრიგში დგას. ის გამოწვევები, რომლებიც აქვს ქვეყანას ერთი – უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეორე, რაც სტაბილურობის თვალსაზრისით უქმნის ქვეყანას საფრთხეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით და გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა ქვეყანაში და არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესების უგულებელყოფა, ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი ევროსაბჭოს ფარგლებშიც მუდმივად დგას დღის წესრიგში და ამ შემთხვევაშიც, მინისტერიალის დოკუმენტებშიც ასახული იქნება.

„ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ოკუპაციის შედეგებზე, ადამიანის უფლებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ვგულისხმობთ საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალურად გამოყენებას, საერთაშირისო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, რათა ყურადღება გავამახვილოთ სწორედ ამ პრობლემაზე. რა თქმა უნდა, ევროსაბჭოს ფარგლებშიც მუდმივად დგას საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში და ჩვენ ამას განსაკუთრებით ვიყენებთ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ გამოწვევევებზე ყურადღების გასამახვილებლად. ამ შემთხვევაშიც, მინისტერიალის დოკუმენტებშიც ასახული იქნება ეს საკითხი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

13-14 მაისს ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესია გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, ასევე მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ქსავიე ბეტელის მიწვევით, რომელიც მიეძღვნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივას „დემოკრატიის ახალი პაქტი ევროპისთვის”.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიის წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ტრამპის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, მოჰამენ ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრების შემდეგ მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნა “მათ [სირიას] სიდიადისთვის შანსს მისცემს”.

“სირია – მათ ბევრი წლის განმავლობაში ჰქონდათ აბსურდის, ომის, მკვლელობების საკუთარი წილი. სწორედ ამიტომ ჩემმა ადმინისტრაციამ პირველად ათწლეულზე მეტის განმავლობაში უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები შეერთებულ შტატებსა და სირიას შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენისკენ,” – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო “მოგვიანებით ამ კვირას” თურქეთში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

“სანქციები სასტიკი და დამაზიანებელი იყო, და ამისად მიუხედავად, თავის დროზე, მნიშვნელოვან – ნამდვილად მნიშვნელოვან – ფუნქციას ემსახურებოდა. მაგრამ ახლა მათი დროა გაიბრწყინონ. ასე რომ, მე ვამბობ ‘წარმატებები, სირია’. რამე ნამდვილად განსაკუთრებული გვაჩვენეთ”, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა იმედ გამოთქვა, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა “იმედია წარმატებას მიაღწევს მშვიდობის შენარჩუნებისთვის ქვეყნის სტაბილიზაციაში”.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით -მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„საქართველოსთვის აშშ-თან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მოველით გარკვეულ გზავნილებს აშშ-ის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვაზე და სამართლიან დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებაში. საქართველომ წლების განმავლობაში არაერთხელ აჩვენა, რომ ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ „არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, საქართველოში კი აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას -პაპუაშვილი

გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“. საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე.

„გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“, „ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში“, „ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება“. საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ საქართველო ოკუპანტი ძალის მიერ იმართება. ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გერმანიაში მემარჯვენე-ექსტრემისტული დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ აკრძალეს, დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი პეტერ ფიტცეკი.

ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დამოკიდებულია იმაზე, ჩავა თუ არა პუტინი – CNN

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, დაესწრება თუ არა ვლადიმირ პუტინი შეხვედრას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახლა ყველაფერი ძალიან დინამიურია. ბევრმა არაფერი იცის იმის შესახებ, როგორი იქნება ხუთშაბათი“, – აღნიშნა წყარომ.

წყაროს თქმით, ტრამპის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესაძლებლობა დიდ ზეწოლას ახდენს პუტინზე.

აღინიშნება, რომ მიუხედავად იმისა, ტრამპი ჩავა თუ არა სტამბოლში, მისი სპეციალური წარმომადგენლები კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი გეგმავენ, დაესწრონ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს დამკვირვებლების სტატუსით.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას – ვოლოდიმირ ზელენსკი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუ პუტინი ნამდვილად მზად არის შეხვედრისთვის არა მხოლოდ მედიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. და მაშინ, ლიდერების დონეზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ცეცხლის შეწყვეტაზე შევთანხმდეთ. ვინაიდან სწორედ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან მხოლოდ ის წყვეტს ამას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ მოლაპარაკებების დროს პუტინი ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის მზაობას გამოთქვამს, ეს გზას გახსნის მთლიანად ომის დასრულებისთვის უფრო დეტალური მოლაპარაკებებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც შეუერთდება.

“პრეზიდენტ ტრამპს შეერთება შევთავაზეთ. არ ვიცი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის თავის მონაწილეობას დაადასტურებს, ვფიქრობ, ამას დამატებითი იმპულსი ექნებოდა იმისთვის, რომ პუტინი ჩამოფრინდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა – პროკურორი

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა ერთ-ერთ ბრალდებულს, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთხში და ყოველგვარი მოტივის გარეშე ხელთარსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები, – ამის შესახებ „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა დაჭრილი მიატოვა და მეორე ბრალდებულთან ერთად ტერიტორია დატოვა.

„ერთ-ერთმა ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ, უმოტივოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, “რატის ბარში” ყოფნისას, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთახში და ხელთარსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. დაზიანებების მიყენების შემდეგ, დაჭრილი მიატოვა იქვე, გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან, მეორე ბრალდებულთან, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეუტყობინებლობისთვის, უთხრა ჩადენილი ქმედების შესახებ, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული მიიმალა შემთხვევის ადგილიდან”, – განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორეს – დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

პროკურატურის ცნობით, 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციითვე, მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა – აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

ევროპის მთავარი ამოცანა საკუთარი უსაფრთხოების დაცვაა – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი აცხადებს, რომ ევროპის მთავარი ამოცანა საკუთარი უსაფრთხოების დაცვა.

რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას მინისტრი ამას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპრომისებით მიღწეული ზავი მხოლოდ პაუზა იქნება.

ლიპავსკი ამბობს, რომ ევროპისთვის რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თავდასხმის საშიშროება კი უკრაინაში ომის დასრულებით არსად გაქრება, ამიტომ ჩეხეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს.

სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ შესაძლო შედეგები უნდა გავიაზროთ – ვლადიმერ პუტინი

სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ შესაძლო შედეგები უნდა გავიაზროთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„შიში არ შეიძლება. ვისაც შიშის გრძნობა გაუჩნდება, მაშინვე ყველაფერს დაკარგავს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა შეიძლება მოხდეს“.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებისთვის“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.