დონალდ ტრამპის ზოგიერთი თანაშემწე პრეზიდენტს ურჩევს, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს, – ნათქვამია ამერიკული გაზეთის „უოლ სთრით ჯორნელის“ (The Wall Street Journal) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპის თანაშემწეები პრეზიდენტს მოუწოდებენ მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს“ (ავტორი – ალენ კალისონი). თეთრი სახლის ადმინისტრაციის ის წევრები, რომლებსაც მოსკოვის მიმართ პრეზიდენტისაგან განსხვავებული თვალსაზრისები აქვთ, არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი უკრაინის საქმეებში კიტ კელოგი“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპის რიგი მაღალჩინოსანი „არაოფიციალური თანაშემწეები“ პრეზიდენტს ურჩევენ და რეკომენდაციებს აძლევენ, რომ უფრო მეტი სკეპტიკურობით მიუდგეს მოსკოვის განცხადებებს უკრაინასთან ზავის დადებასთან დაკავშირებით. მათი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯერ-ჯერობით არანაირი გულწრფელი დაინტერესების დემონსტრირებას არ ახდენს საომარი მოქმედებების შეწყვეტის მხრივ.
„არაოფიციალურ თანაშემწეების“ რიცხვში შედიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საქმეებში კიტ კელოგი, რომლებიც პრეზიდენტს რეკომენდაციებს აძლევენ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს კრემლის მიმართ და უფრო ხისტი პოლიტიკა განახორციელოს სავარაუდო ტერიტორიული დათმობების საკითხში, რომლის მოთხოვნებს მოსკოვი აყენებს.
მაგრამ დონალდ ტრამპს უფრო მეტად სჯერა თავისი სპეციალური დესპანის სტივ უიტკოფის ნათქვამისა, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ორი შეხვედრის შემდეგ თვლის, რომ რუსეთის ლიდერს ნამდვილად უნდა მშვიდობის დამყარება.
რუსეთმა უარყო დონალდ ტრამპის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და აყოვნებს მოქმედების დაწყებას, არ სურს ნაწილობრივ მაინც შეწყვიტოს (შეასუსტოს, შეანელოს) საომარი მოქმედებები. მოსკოვი დროს აჭიანურებს და მაქსიმალურ დათმობებს ითხოვს კიევის მხრიდან ამასობაში კი მისი არმია წინ მიდის, უკრაინის მეტ მიწა-წყალს იკავებს… მოკლედ, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ მაქსიმალურ დათმობებს მიათწიოს და სურს ხელში ისეთი კოზირი ჰქონდეს, რომლითაც სამშვიდობო მოლაპარაკების დროს უპირატესობა ექნება.
დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევს და ამით გაანეიტრალებს იმ სერიოზულ დაბრკოლებას, რომელიც ხელს უშლის მისი სურვილის – რუსეთთან აშშ-ის მასშტაბური დაახლოების რეალიზებას. დროდადრო იგი მოუთმენლობას ამჟღავნებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ასრულებს თავის მუქარებს რუსული ნავთობის ექსპორტზე ახალი სანქციების დაწესებაზე.
დონალდ ტრამპის ის მრჩევლებიც კი, რომლებიც მოსკოვის მიმართ უფრო ხისტი მიდგომის მომხრედ გამოდიან, მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიზანს სამწლიანი ომის შეჩერების შესახებ, მაგრამ 13 აპრილს ქალაქ სუმის სარაკეტო დაბომბვამ მათი აღშფოთება გამოიწვია. (კიევი აცხადებს, რომ რუსეთმა სამიზნედ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა გამოიყენა, მოსკოვი კი ხაზს უსვამს, რომ დაბომბა უკრაინის არმიის ქვედანაყოფი, რომელიც ქალაქში იმყოფებოდა).
კიტ კელოგი კვირას წერილობითი განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმა „ნორმალური ქცევის ყოველგვარ საზღვრებს სცილდება“, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი დაბომბვა „საშინელ“ და „ტრაგიკულ“ ფაქტად შეაფასა.
რაც შეეხება თვითონ დონალდ ტრამპის რეაქციას, მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს სარაკეტო დაბომბვის ფაქტს „რუსეთის მიერ დაშვებული შეცდომა“ უწოდა, ხოლო როცა მას კითხვა დაუსვეს, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მომხდარის გამო, პრეზიდენტმა ბრალი დასდო თავის წინამორბედს ჯო ბაიდენს, „რომელსაც ხელი არ შეუშლია ომის დაწყებისათვის“.
მოკლედ, ამ განცხადებებსა და კომენტარებში ნათლად ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვისადმი დამოკიდებულების საკითხში პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს შორის უთანხმოება არსებობს.
როცა ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს (რაც დონალდ ტრამპისათვის საკმაოდ იშვიათია), აშშ-ის პრეზიდენტი ასეთნაირად აცხადებს ხოლმე: რა თქმა უნდა, ომის გაჩაღებაში პუტინიც დამნაშავეა, მაგრამ არანაკლებ დამნაშავეები არიან ჯო ბაიდენიც და ვოლოდიმირ ზელენსკიც.
თეთრ სახლში იმ საკითხის განხილვის დროს, საჭიროა თუ არა სანქციების გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ, რომ მოსკოვი იძულებული გახდეს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, მარკო რუბიომ და კიტ კელოგმა პრეზიდენტს ურჩიეს, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ნაკლებად ენდოს და სიფრთხილე გამოიჩინოს კრემლის დიპლომატიის მიმართ.
დონალდ ტრამპის პოზიციისადმი გარკვეული უთანხმოება ჩანს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს-მდივნის ბარიან ჰიუზის განცხადებაშიც, რომელმაც დაგმო რუსეთის მოქმედება და ღრმა თანაგრძნობა გამოხატა ვლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.
როგორც ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი ამბობს, სახელმწიფო დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტრო ერთმანეთისაგან განსხვავებულ ვარიანტებს ამუშავებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხში, რომლებიც გამოყენებული იქნებიან იმის შესაბამისად, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი.
სენატორმა ლინდსი გრემმა და სხვა რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა აპრილის დასაწყისში კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ არის მიმართული. მათ არ შეასრულეს თეთრი სახლის თხოვნა, რომ ამ კანონის შეტანა არ დაეჩქარებინათ და გადაედოთ. ეს ფაქტიც იმას აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპის ლოიალობა კრემლის მიმართ ბევრ რესპუბლიკელს არ მოსწონს.
„დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა. მსგავსი მცდელობები ბევრ მის წინამორბედ ლიდერს ჰქონდათ, თუმც ყველა მათგანი საბოლოოდ იმედგაცრუებულები დარჩნენ“, – ამბობს თომას გრემი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რუსეთის საქმეების ყოფილი დირექტორი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, – „მოსკოვს ყოველთვის სურდა უკრაინის ტერიტორიის ანექსირება და პრორუსული რეჟიმის დამყარება. კრემლის მიზნები დღესაც არ შეცვლილა“.
დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ შეძლებს პუტინი და ზელენსკი დაითანხმოს 24 საათში ცეცხლის შეწყვეტაზე. მოგვიანებით კიტ კელოგმა ეს ვადა 100 დღემდე გააგრძელა, რომელიც 30 აპრილს მთავრდება.
„საკმაოდ მალე, რამდენიმე კვირაში გავიგებთ, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი რუსეთი მშვიდობის მიღწევაზე“, – განაცხადა მარკო რუბიომ ბრიუსელში, – ვიმედოვნებ, რომ კრემლი სერიოზულობას გამოიჩენს. მსოფლიოსათვის ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ომი დასრულდება, მაგრამ მოგვიწევს ჩვენივე იმედების გადამოწმება“.
წყარო