Home Blog Page 3

გარემოს ეროვნული სააგენტო 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში – ირაკლი ქარსელაძე

წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ – შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ გაგრძელდება , – ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს და რევაზ სოხაძეს, რომელიც მინისტრის თანამდებობაზე ქარსელაძეს შეცვლის და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„პირველ რიგში, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ და ბუნებრივია ამ შესაძლებლობებისთვის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, ბიძინა ივანიშვილს, მთლიანად “ოცნების” გუნდს. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც მივიღეთ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც რა თქმა უნდა კიდევ გაგრძელდება, კიდევ უფრო დაწინაურებული და წარმატებული იქნება. ბუნებრივია შეუძლებელი იქნებოდა ამ მიზნის მიღწევა და ამოცანების შესრულება, რომ არა ერთიანი ძალისხმევა და გუნდი. ბუნებრივია, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თითოეულ ჩემს კოლეგა მინისტრს, მათ მოადგილეებს. ამასთან, სამინისტროების ყველა იმ ადამიანის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ამ ძალისხმევით ხდებოდა სწორედ ამ შედეგის მიღება. დიდი მადლობა საპარლამენტო გუნდს, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით და თითოეულ დეპუტატს, რომელიც ასევე, ძალიან აქტიურად იყო ჩართული. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ პროფესიონალს, რომელიც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა, მუშაობს და მხარდამხარ ვახორციელებდით ამ საქმეს. რა თქმა უნდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მუნიციპალური განვითარების, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, ყველა კონტრაქტორს და ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც ასრულებდა ღირსეულად, წესიერად და პატიოსნად ყველა იმ საქმეს, რომლის შედეგადაც ჩვენ ასეთი უპრეცედენტო პროექტების განვითარების ეტაპი გადავლახეთ. გრძელდება ეს ყველაფერი, რაშიც ბუნებრივია, ბატონ რევაზს მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. გამომდინარე იმ დიდი მნიშვნელობიდან, რომელიც ამ პროექტებს გააჩნია. ბევრი მიმდინარეა, ბევრია ახალი პროექტი, შესაბამისად, დიდი წარმატება თქვენ, ჩვენს ქვეყანას და მთლიანად ჩვენს გუნდს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მგულშემატკივრობდა და ასევე, ობიექტური კრიტიკით გვავსებდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესები ვყოფილიყავით”,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინდა ირაკლი ქარსელაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის – პრემიერი

ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ქარსელაძეს გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა საზოგადოებას გავუზიარო ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში, ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი ამ წლების განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. მინდა ბატონ ირაკლის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ძალიან ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა“, – განაცხადა პრემიერმა.

ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7492 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7492 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7496 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1300 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1354 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის სტანდარტს არ შეესაბამება – გია ვოლსკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენებზე

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას გააჩნია. ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩის, ალხას კვიცინიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ადრე თუ გვიან აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არა მხოლოდ დე-იურედ, არამედ დე-ფაქტოდ იქნება და ამის შემდეგ ფრენების საკითხიც შეიძლება იქნეს ოფიციალურად განხილული”.

“მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მთავრობამ აბსოლუტურად გამიზნულად თქვა, რომ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებაში დამნაშავეა და შემდეგ უკვე განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ისეთი შედეგი უნდა მოჰყოლოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდებოდა და ამაში მოულოდნელი არაფერია; დღესასწაული გამოაცხადა, როდესაც საერთაშორისო დონეზე უარი თქვა აფხაზეთის და თუნდაც ცხინვალის რეგიონის სტატუსის განხილვაზე, როდესაც დაიჩემა, რომ თითქოს, მან გადაუღობა რუსეთის არმიას გზა, რომელიც თბილისისკენ მოემართებოდა; როდესაც მიატოვა სამხედროები, ცხედრები, ცოცხლები თუ გმირულად დაღუპულები – ამის შემდეგ როგორ შეიძლება მორალურად ვინმეს იმისი უფლება ჰქონდეს, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულოს. პირიქით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე რამდენიმე სასამართლო მოიგო. დამტკიცებულია, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას გააჩნია. ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა. ეს არის მოცემული სურათი, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ადრე თუ გვიან აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არა მხოლოდ დე-იურე, არამედ დე-ფაქტო იქნება, შემდეგ ფრენების საკითხიც შეიძლება იქნეს ოფიციალურად განხილული”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ალხას კვიცინიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა ოფიციალურად 1-ელი მაისიდან დაიწყება.

ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მიზანია, დაიგეგმოს “საზოგადოების და არა მხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი”.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არის “არალეგიტიმური ხელისუფლების” გამო, უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა – რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც “ყოველთვის ვზეიმობთ”.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა ჩვენ დავგეგმოთ ჩვენი, საზოგადოების და არამხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი. ეს არის ჩვენი, ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, რუსთაველზე, ამას დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტების წარმომადგენლები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აპრილი თიბისის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებებით სრულდება 


ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებისთვის აპრილი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და გრძელვადიანი შეთავაზებებით სრულდება.  

25 აპრილიდან თიბისის მომხმარებლები სხვადასხვა კატეგორიის ყველაზე მოთხოვნად სავაჭრო ობიექტებში არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით, გამორჩეული შეთავაზებებით ისარგებლებენ:

25-27 აპრილი – დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 15%, მაქსიმუმ 500 ლარი, გალერია თბილისში მდებარე, iSpace-ის ფილიალში;

25-27 აპრილი – დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 200 ლარი, Redberry-ის ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში;

მხოლოდ 28 აპრილს – მინიმუმ 50 ლარის შენაძენზე, დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 30 ლარი, ავერსის ფიზიკურ და ონლაინ აფთიაქებში;

29-30 აპრილი – დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 150 ლარი, Veli.store-ზე.

ამასთან, ისარგებლეთ მიმდინარე, გრძელვადიანი შეთავაზებებით:

თიბისისა და მაგთის შეთავაზების ფარგლებში, 17 აპრილიდან – 17 ივნისის ჩათვლით,ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით აპლიკაციაში MyMagti,  პაკეტების  “ყველაფერი ულიმიტო” შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 15 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

28 აპრილიდან – 24 მაისამდე ონლაინ პლატფორმებზე:  myhome.ge, mymarket.ge, myauto.ge, myparts.ge განცხადების განთავსების ფასიანი სერვისების შეძენისას, გადახდილი თანხის 100%-ს, მაქსიმუმ 10 ლარს დაიბრუნებთ.

28 აპრილიდან – 28 მაისამდე, ყოველ კვირა დღეს, “ქონექთის” ბენზინგასამართ სადგურებზე შესაძლებლობა გექნებათ გადახდილი თანხის 10%, ჯამში მაქსიმუმ 50 ლარი დაიბრუნოთ.

შეთავაზებების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

ახალი თიბისი ბარათი სრულიად უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ, როგორც ფიზიკურად, თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ისე მობაილბანკიდან.

აიღეთ, ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლეთ გამორჩეული უპირატესობებით.  

ყირიმი, სანქციების გაუქმება და ფრონტის ხაზის „გაყინვა“ – BBC

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბიბისიმ“ (BBC) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ყირიმი, სანქციების გაუქმება და ფრონტის ხაზის „გაყინვა“: როგორია აშშ-ის გეგმა და რა მოჰყვება მის სავარაუდო რეალიზებას“. პუბლიკაციაში გაანალიზებულია სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მცდელობების ფონზე, მოცემულია „ამერიკული გეგმის“ შინაარსი  და განხილულია მხარეთა პოზიციები.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ლონდონში შეხვედრამ, რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გარეშე ჩაიარა. როგორც კი მასმედიაში მთავარი ამერიკელი დიპლომატის უარი გავრცელდა, სამიტის მესვეურებმა შეხვედრის სტატუსი დააქვეითეს და მოლაპარაკება ძირითადად ელჩების და წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.

ექსპერტების და დამკვირვებლების აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უარი გამოიწვია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამ გაზეთ The Wall Street Joumal-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომ იგი „ყირიმის რუსეთისადმი კუთვნილებად აღიარების საკითხს არ განიხილავს“.

დასავლური პრესა: აშშ-ის სამშვიდობო გეგმის დებულებები

დასავლურ პრესაში, კერძოდ, ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომლის თანახმად, აშშ-მა უკრაინას 7-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა. მისი ძირითადი დებულებები ასეთნაირად გამოიყურება:

პირველი – დაუყონებლივი დაზავება;

მეორე – პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება რუსეთსა და უკრაინას შორის;

მესამე – უკრაინის უარი ნატოში გაწევრებაზე, მაგრამ მას ექნება შესაძლებლობა გაერთიანდეს ევროკავშირში;

მეოთხე და მეხუთე – ეს პუნქტები ეხება სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხებს: აშშ იურიდიულად აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, მხარეები ფრონტის ხაზს „გაყინავენ“. დოკუმენტში ნათქვამი არ არის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები ფორმალურად რუსეთის კუთვნილად გამოცხადდება, მაგრამ, „დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, აშშ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ისინი რუსეთის მთავრობის მიერ იქნებიან გაკონტროლებული. უკრაინის ტერიტორიის ნაწილი (ხერსონის ოლქში – დნეპრის შესართავი) კიევს დაუბრუნდება, ხოლო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს – ევროპაში უდიდეს აეს-ს – აშშ გააკონტროლებს.

მეექვსე – უკრაინა ხელს აწერს აშშ-სთან შეთანხმებას სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივად მოპოვების თაობაზე;

მეშვიდე – აშშ-ს და რუსეთს შესაძლებლობა ექნებათ აღადგინონ ეკონომიკური კავშირები. აშშ მთლიანად აუქმებს (ხსნის) ანტირუსულ სანქციებს. იწყება ფართო თანამშრომლობა ენერგეტიკულ სფეროში.

„დეილი ტელეგრაფის“ მონაცემებით, აშშ-ის მიერ შემუშავებული გეგმა არ შეიცავს რაიმე მკაფიო გარანტიებს უკრაინის უსაფრთხოებისათვის აშშ-ის მხრიდან. ასევე დოკუმენტში არაფერი არ არის ნათქვამი აშშ-ის მონაწილეობაზე „უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციაში“ – იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც მზად არიან უკრაინაში სამშვიდობო ძალების გასაგზავნად (აქვე შევნიშნავთ, რომ აშშ-ის გეგმის თაობაზე მასალები გამოაქვეყნეს რიგმა ამერიკულმა და ევროპულმა გაზეთებმაც და გამოცემებმაც).

სარგებელი კრემლისათვის: რას იტყვის ევროპა?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) კორესპონდენტი ელისაბედ ფოქსი აანალიზებს შექმნილ სიტუაციას და წერს: დასავლურ პრესაში მასალების მოზღვავება აშკარად მოწმობს იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს. თეთრ სახლში იგი რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფი შეწყვეტის დაპირებით მოვიდა, მაგრამ რეალობა უფრო რთული აღმოჩნდა: მოსკოვისა და კიევის დაპირისპირების „ცხელი ფაზა“, რომელიც ათი წლის წინ დაიწყო და რომელიც 2022 წლის თებერვლის ბოლოს სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა, თურმე აშშ-ის პრეზიდენტის სურვილით არ დამთავრდება. არსებობს უამრავი საკითხი, რომელთა სწრაფი გადაჭრა არ ხერხდება. მოკლედ, ომის სწრაფი შეწყვეტა შეუძლებელია, რადგან „ეშმაკი დეტალებში იმალება“.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღის შესრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირაღა რჩება. ტრადიციულად, პრეზიდენტობის ასდღიანი ვადა მმართველობის ის პერიოდია, რომლის შედეგადაც დასკვნა კეთდება, თუ როგორ მუშაობს თეთრი სახლი. დონალდ ტრამპს ომის შეწყვეტის საკითხში ჯერ-ჯერობით სატრაბახო არაფერი აქვს, ამიტომ დარჩენილ დროში რაღაც წარმატების დემონსტრირება აუცილებელია.

აშშ-ის საზავო ფაცი-ფუცი კრელმლს აშკარად ხელს აძლევს: ყირიმის იურიდიულად აღიარება რუსეთის ტერიტორიად, ოფიციალური უარი უკრაინის ნატოს წევრად მიღებაზე, ანტირუსული სანქციების მოხსნა ისეთი პირობებია, რომლებიც სწორედ რუსეთის მოთხოვნებში შედის და რომლებსაც ვლადიმერ პუტინი გასული წლის ზაფხულიდან აყენებს. აშშ-ის პირობები არ უთავსდება უკრაინის „წითელ ხაზებს“, რომელთა თანახმად, კიევი კატეგორიულად უარს აცხადებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარების თაობაზე.

თეთრი სახლი დიპლომატიური პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს – მოსკოვიც და კიევიც. უკრაინის პოზიცია აშშ-სათვის მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია, მაგრამ დათანხმდება თუ არა მოსკოვი? მიუხედავად იმისა, რომ კრემლი, ტრამპის გეგმის მიხედვით, დონბასს და ყირიმს იღებს, მისთვის მაინც მტკივნეული იქნება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დარჩენილი ტერიტორიების კიევის კონტროლქვეშ დატოვება. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, აღნიშნული ოლქების ტერიტორიები სრულად შედის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს უკანდახევა მოუწევს.

აშშ-ის მცდელობებს, რომ როგორმე პოზიტიურ შედეგებს მიაღწიოს, წინ კიდევ ერთი პრობლემა ეღობება. დიახ, გასაგებია, რომ ევროპა და უკრაინას არ შეუძლიათ რაიმე გავლენა მოახდინონ დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფზე, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს (და ამბობენ, პუტინის მიმართ კეთილად არის განწყობილი), მაგრამ აშშ-ის ნატოელ (ევროპელ) მოკავშირეებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ნატოს განცხადება, რომ უკრაინას ალიანსის რიგებში არ მიიღებს, ანდა ანტირუსული სანქციების მოხსნა-გაუქმება ვერ მოხდება დასავლეთის ქვეყნების ფართო კოალიციის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. მხედველობაშია მისაღები, რომ ევროპელები დონალდ ტრამპის პოლიტიკის ბევრ მიმართულებას არ იზიარებენ და საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილნი.

მარკო რუბიოს ვიზიტი: რა მოჰყვება მის გაუქმებას

როგორც უკრაინაში „ბიბისის“ კორესპონდენტი სვიატოსლავ ხომენკო აღნიშნავს, კიევის მოქმედების ლოგიკა „ამერიკული გეგმის“ მიმართ სრულიად გასაგებია, მაგრამ რჩება კითხვა: რა იქნება შემდეგ?

თუ ამერიკელები „უკრაინულ ტრეკს“ მართლაც მიატოვებენ, ამით დონალდ ტრამპის პირველ მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ მარცხს აღიარებენ და დაადასტურებენ იმას, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მომლაპარაკებელი არ არის. ბუნებრივია, სიტუაციის ასეთი განვითარება თეთრ სახლს არ აწყობს. მაგრამ რას იზამს ვაშინგტონი, ამერიკელები კიევისათვის უფრო პოზიტიურ და მისაღებ გეგმას მოამზადებენ?

რას მოიმოქმედებენ ევროპელები? განა ისინი მოკლე დროში შეძლებენ  ამერიკელთა ჩანაცვლებას სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, თუ თეთრი სახლი, თავისი სამშვიდობო მისიის წარუმატებლობის შემდეგ, უკრაინას მიატოვებს? შეეცდებიან ევროპელები კიევსა და ვაშინგტონს შორის ხიდის აღდგენას? ან საკუთარ ფარგლებში ჩაიკეტებიან და მოემზადებიან შტორმისათვის, რომელიც ევროპას ელოდება ამერიკელების წასვლის შემდეგ?

დღეისათვის ისე ჩანს, რომ ამ სიუჟეტებში შესაძლოა მოულოდნელი მოვლენები მოხდეს. მაგალითად, ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართოს არა ლონდონში ან ერ-რიადში, არამედ… რომში, პაპ ფრანცისკას დაკრძალვის დროს, სადაც შაბათს გაემგზავრებიან როგორც დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი პირველი პირები, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

შესაძლოა, ვიღაცეებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი უცნაური ინციდენტისა და აშშ-უკრაინის ურთიერთობების კრიზისის შემდეგ კიევი დარწმუნდება, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებაში ჭირვეულობით თვითონ ზარალდება და ამიტომ შეეცდება თავი აარიდოს კონფრონტაციას… მაგრამ ლონდონის მოლაპარაკებების ჩაშლამ აჩვენა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ აქვს უნარი ამერიკას შეეწინააღმდეგოს და მის გეგმას „არა“ უთხრას.

„დონალდ ტრამპის გეგმა“, რომლის პრეზენტაციას ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ელოდნენ, ინაუგურაციის მომდევნო დღეებში, როგორც აღმოჩნდა, უფრო მეტად ომში რუსეთის მიზნების რეფერატს მოგვაგონებს, ვიდრე ურთიერთდათმობების დაფიქსირებას. მოკლედ, თეთრი სახლის შეთავაზება უფრო მეტად კრემლისთვისაა მომგებიანი, ამიტომაც კიევის ნეგატიური რეაქცია გასაკვირი არ არის.

აშკარაა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება აშშ-ის გეგმას დაეთანხმება, ზიანს მიიღებს როგორც მთლიანად სახელმწიფო, ასევე კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული გეგმა, როცა უკრაინას უსაფრთხოების გარანტია არ აქვს და თანაც ამერიკელები, ალბათ, დახმარებას შეამცირებენ, კიევისათვის მომგებიან პირობებს არ შეიცავს. და საერთოდ, უკრაინა დონალდ ტრამპის გეგმას რომც დაეთანხმოს, სადაა იმის გარანტია, რომ გეგმა მოსკოვისთვისაც მისაღები იქნება? ვლადიმერ პუტინმა რომ ტრადიციულად თქვას – „ჩვენ, ცხადია, ვეთანხმებით, მაგრამ…“ – და შემდეგ ნათქვამს ახალი მოთხოვნების გრძელ ჩამონათვალს მოაყოლებს, მაგალითად, კიევმა ოფიციალური უარი უნდა თქვას ოთხ ოლქზე და დემილიტარიზება უნდა განახორციელოსო, რას გააკეთებს ტრამპი?

წყარო

ვშიშობ, ბიძინა ივანიშვილს კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან – თინა ბოკუჩავა

ბიძინა ივანიშვილს, ვშიშობ, კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი განიხილება,- ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ საფრანგეთის საელჩომ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ირაკლი ხვადაგიანი და გიორგი კანდელაკი არიან, გრანტი გასცა, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ საფრანგეთს გამჭვირვალობის თაობაზე თავისი წესები აქვს ნებისმიერ გრანტთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი გასცემენ, რათა „მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას“.

„ბიძინა ივანიშვილი, თუ ამით ძალიან შეშფოთებული და იმედგაცრუებულია, ვშიშობ, მას კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ განიხილება სანქციების საკითხი მის წინააღმდეგ, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ბატონი ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და შესაბამისად, საფრანგეთი განსაკუთრებით ინტერესდება, როდესაც მისი მოქალაქეები მოქმედებენ საფრანგეთის, დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ და ხელს უწყობენ რუსული გავლენების გაძლიერებას ევროპული ცივილიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შესახებ.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, იცით, რომ 31 მარტის აქციის შემდეგ, სადაც არსებობდა ძალიან მაღალი მოლოდინი მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული განაცხადის შესახებ, რამაც ჩემი აზრით, ხალხში საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ საკითხების აუცილებლობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე სიტუაციურად დაგვეტოვებინა თანამშრომლობის შესაძლებლობა. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ დრომდე ასეთია აუცილებლობა არ დამდგარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე და იმ საკითხებზე,რომელიც შეეხება საქართველოს დემოკრატიული ძალების პოზიციონირებას ქართველი ხალის სახელით საგარეო მიმართულებით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი – ლევან დავითაშვილი

საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით, აშოკ პინტოს შეხვდა.

„შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ინიციატივებზე, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესოა როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-ისთვის-ეს ეხება ვაჭრობის კიდევ უფრო წახალისებას. საქართველო არ არის მხოლოდ მცირე სამომხმარებლო ბაზარი და სავაჭრო პარტნიორი ამერიკისთვის, სადაც ამერიკული პროდუქცია იყიდება, არამედ საქართველო და ამერიკა შეიძლება თანამშრომლობდნენ უფრო ფართო მასშტაბით – საქართველო არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბი და ამერიკული პროდუქცია, რეექსპორტის სახით, ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო – კახა კალაძე

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაძლო გადახედვა შანტაჟის მორიგი მცდელობაა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით.

„თუ ვინმეს მართაც ობიექტურად აქვს სურვილი ნახოს, რა გააკეთა საქართველომ ამ მიმართულებით ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, დარწმუნდება, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით. ყველა მიმართულებით გაცილებით წინ ვართ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც, მაგალითისთვის, ჩვენზე ადრე მოიპოვეს კანდიდატის სტატუსი, გაუხსნეს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ არის სხვა მოცემულობა, საქართველოსთან მიმართებაში აქვთ სხვა დამოკიდებულება – ის გაზულუქებული, კორუმპირებული ევრობიუროკრატები, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, საქართველოს არჩევნებში დამარცხდნენ, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა – არა, რაც მათ აგიჟებთ და სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ გვაშანტაჟონ სხვადასხვა თემით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები და ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეესაბამება ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.

„საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფლად. არჩევნებში დამარცხდა გაზულუქებული კორუმპირებული ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი, ის, ვინც ამ ფორმულირებას აბსოლუტურად შეესაბამება, ასევე დამარცხდნენ რადიკალები, ქვეყნის მტრები, აგენტები, ვინც ქვეყნის გაყიდვაში იღებდნენ ფულს. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, აქ ორმაგი სტანდარტი ვლინდება. კერძოდ, მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა და ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო კლავდნენ, ქონებას ართმევდნენ, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ციხეებში იბარებდნენ სწორედ ის ადამიანები, ვინც დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრება, მაშინ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი. დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა ტელევიზია, ყველა საინფორმაციო სააგენტო. დღეს არის მედიათავისუფლება და ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საკითხზე შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია და გააკეთოს სწორი ანალიზი და შედარება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თიბისის და გიორგი მამარდაშვილის სტრატეგიული პარტნიორობა იწყება

ქართული და ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავის – გიორგი მამარდაშვილის შთამაგონებელ ისტორიას თავდაუზოგავ შრომაზე, მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე, თიბისი ადამიანებთან კიდევ უფრო ახლოს მიიტანს, რათა ეს ისტორია მოტივაციის წყაროდ იქცეს ახალი თაობისთვის და არამხოლოდ.

საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბანკსა და სპორტსმენს შორის მსგავსი ტიპის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა. მიზანი ცხადია და გვჯერა, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოცდილება როგორც თიბისისთვის, ისე – მამარდასთვის.

თიბისი x მამარდა – კოლაბორაცია ორივე მხარის ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენთვის პრიორიტეტია ახალი თაობის მხარდაჭერა, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, წარმატებების ისტორიების გაზიარება და რწმენა, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია.

გიორგი მამარდაშვილის ევროპულ კარიერაში, სულ მალე, ახალი ეტაპი ლივერპულში დაიწყება; ახალი მიზნების მიღწევისთვის ბრძოლის ახალი საფეხური, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან ერთად, ლეგენდარულ „ენფილდზე”, სადაც არაერთ ფეხბურთელს კარიერის მწვერვალისთვის მიუღწევია. კლუბი, რომელიც თავის თავში აერთიანებს გუნდურობას, მიზანსწრაფულობას, მოუსვენრობასა და გაბედულებას. იქ, სადაც ნებისმიერი წინააღმდეგობის დასაძლევად მზად ხარ.

გულწრფელად გვიხარია, რომ კარიერის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, თიბისი მამარდას მხარდამჭერი და პარტნიორი იქნება.

გვინდა, რომ ადამიანებს გავუზიაროთ წარმატების შთამაგონებელი ისტორიები, ვაჩვენოთ გზები და ვიყოთ მათი გზამკვლევი, გავუმყაროთ რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს.