Home Blog Page 3

პრემიერი – ჩვენი მთავრობა არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც საქართველომ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება 

2022 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ არსებობს არაფორმალური ძალები, რომლებიც სარგებლობენ უზარმაზარი გავლენით, თუნდაც ოფიციალურ ინსტიტუტებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გლობალური ომის პარტია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაზე დიდი გავლენით სარგებლობდა.

„2022 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ არსებობენ არაფორმალური ძალები, რომლებიც სარგებლობენ უზარმაზარი გავლენით, თუნდაც ოფიციალურ ინსტიტუტებზე. ევროკავშირში და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაზე ისინი დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ბოლოს და ბოლოს, არსებობენ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმით უწყობდნენ ხელს ომს და ასე დაიწყო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ასე, რომ წარმოიქმნა უზარმაზარი კონფლიქტი და, რა თქმა უნდა, მთელი დასავლეთი იყო ჩართული ამ კონფლიქტში, აწვდიდა უკრაინას შესაბამის სამხედრო მასალებს და ა.შ. ასე, რომ არავინ ზრუნავდა რეალურად უკრაინაში ომის დასრულებაზე ან უკრაინაში ამ ომის არდაშვებაზე, რაც, რა თქმა უნდა, ბევრ შეშფოთებას იწვევს. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო თავიდანვე, რომ ეს ომი არ მომხდარიყო, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ დანგრეულ ქვეყანას, მეგობარ ქვეყანას და ძალიან ვღელავთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ,,ჩვენი ხედვაა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობას და სტაბილურობას ”- ირაკლი კობახიძე 

საქართველო ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს არის ჩვენი ხედვა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობას, სტაბილურობას რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ჟურნალის მთავარ რედაქტორსა და მფლობელ როჯერ კოპელთან ინტერვიუში მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მშვიდობის აუცილებლობას ქვეყნების განვითარებისთვის. 

„ჩვენი სახელმწიფო დღეს უკვე 20 საუკუნეზე მეტი ხნისაა და ამდენად, ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან რთულ გარემოში გადარჩენის უზარმაზარი გამოცდილება. საქართველო ყოველთვის არსებობდა იმპერიების გზაჯვარედინზე და ინტერესების დამაბალანსებელ გზაზე, ასე რომ, ეს ყოველთვის ჩვენი ისტორიის ნაწილი იყო.

და ასევე, ახლა ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ამდენი ინტერესები ჩვენს ირგვლივ, ჩვენ უნდა ვიარსებოთ ძალიან რთულ რეგიონში.

ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული.

ასევე, ჩვენს ირგვლივ რეგიონში კონფლიქტებია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს არის ჩვენი ხედვა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობას, სტაბილურობას რეგიონში, რადგან ჩვენი ისტორიიდანაც ვიცით, რომ მშვიდობის გარეშე განვითარება ვერ მოხდება.

ეს არის ზოგადი ხედვა, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, კონცენტრირებულნი ვიყოთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც ასევე არის საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების გასაღები და ჩვენ ვაპირებთ მომავალშიც იგივე პოლიტიკის გატარებას”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სავალალო სურათი ჩამოყალიბდა საქართველოში, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო თუ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პირდაპირ ქართული საარჩევნო კამპანიის თანამონაწილე ხდება – ირაკლი ქადაგიშვილი

ძალიან სავალალო სურათი და პრაქტიკა ჩამოყალიბდა საქართველოში, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო თუ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პირდაპირ ქართული საარჩევნო კამპანიის თანამონაწილე ხდება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი უხეში დარღვევა, ქვეყნის სუვერენიტეტის და დიპლომატიის მცნების, საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლური პრინციპებისა და დემოკრატიის შელახვა, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ეს იწვევს არა მარტო ცუდ შედეგებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ მერე ეს აისახება უკვე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. ამის კონკრეტული მაგალითია ის, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ჩართული იყვნენ საქართველოში ამ წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც მხარე, დამარცხების შემდეგ იქცევიან ისე, როგორც დამარცხებული მხარე. ერთგვარი სამაგიეროს გადახდის პროცესში არიან გადასული. მსგავსი საკითხის პოლიტიზება გადადის და აისახება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში.

ეს პრაქტიკა, რომ მე დღეს მაწყობს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და ჩავერევი არა უშავს, სინამდვილეში გრძელვადიანად აზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ამცირებს ნდობას საზოგადოებაში დემოკრატიული პროცესის მიმართ და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ არის აღმოსაფხვრელი.

საქართველო არ უნდა წარმოიდგინოს ჩვენმა მოქალაქემ ისე, რომ რახან ჩვენ საერთაშორისო ინტეგრაციისკენ მოწოდებული სახელმწიფო ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა შეილახოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისოდ აღიარებული კანონები საქართველოში ნაწილობრივ უნდა მოქმედებდეს.

საქართველო არსებობს, მუდმივად იარსებებს, ბუნებრივია საქართველოს ექნება უფრო მზარდი ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან მათ შორის ევროკავშირთან და მის წვერ სახელმწიფოებთან, მაგრამ ყველა ამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მათ მიერვე მიღებული საერთაშორისო ურთიერთობის და თამაშის წესები და ეს წესები უნდა გავრცელდეს საქართველოზეც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მთავრობა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს

მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. პროექტი მთავრობამ მოამზადა.

მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო საბიუჯეტო სახსრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გასცემს.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე, გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება.

“საზოგადოებრივი ორგანიზაციები დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. ამგვარი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში თავიანთი საზედამხედველო (ე.წ. watchdog), ანალიტიკური (ე.წ. think tank) თუ სერვისების მიმწოდებელი (ე.წ. service provider) პროფილიდან გამომდინარე. ისინი აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას სხვადასხვა სფეროებში, სთავაზობენ მას საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს, ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის სპეციალიზებული მომსახურებების შეთავაზებით, ხელისუფლების დამხმარე ფუნქციებს ითავსებენ.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია, ევროპის არაერთ ქვეყანაში სახელმწიფო ფინანსებით მათი განვითარების ხელშეწყობისა და წახალისების წარმატებული პრაქტიკა არსებობს.

რიგ ქვეყნებში ამგვარ ორგანიზაციათა სახელმწიფო მხარდაჭერის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, მათ შორის მათი ფინანსური მხარდაჭერისთვის საჯარო კონკურსების გამოცხადების გზით, უზრუნველყოფილია კონკრეტულად ამ მიზნისთვის შექმნილი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროდ მეტწილად უცხოური აქტორები გვევლინება, რომლებიც ძალაუნებურად განსაზღვრავენ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს, საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, შეიქმნას საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 პირი, მათ შორის ნინო ქათამაძე, ლადო აფხაზავა, მაია ცირამუა და ჟურნალისტები სამართალდამრღვევად ცნო და 5000-5000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს ცხრავე პირის, სამართალდამრღვევად ცნობას და მათ მიმართ ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები და მათი ადვოკატები.

სასამართლოში სოლიდარობის ნიშნად შეკრებილი იყვნენ, მათი კოლეგები და ახლობლები. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებილები “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ.

საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7813 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7813 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7940 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0127 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8736 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9010 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0274 ლარი შეადგინა.

შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი – გიორგი ვაშაძე

შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან – ჩავთვალოთ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა ერთიანობისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სიაში შევა ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში.

„შეხვედრას შევაფასებ პოზიტიურად. ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეულწილად ეს ფორმატი იქნება, რომელსაც გინდათ პლატფორმა უწოდეთ და სადაც სისტემურად, ყოველკვირეულად, ან ორ კვირაში ერთხელ შევხვდებით და შევაჯერებთ პოზიციებს, რაც არის ძალიან კარგი. ჩვენს ერთიან ქმედებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვოთ და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოთხოვნაც ესაა. ვისაუბრეთ ევროპარლამენტში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც საქართველოს შეეხება. ასევე მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი მიემგზავრება. შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან. იქნება ეს გამომძიებელი, მოსამართლე, ცრუ მოწმე, მტკიცებულებების გამყალბებლები – ყველას გვაქვს ეს მონაცემები მოგროვებული. შევაჯერებთ ამას და ჩვენს პარტნიორებთან გვექნება ამ სახელობითი სიებით მუშაობა იმისთვის, რომ მათი სანქცირება, გადაადგილების შეზღუდვები დაისვას, თავისი მტკიცებულებებით. სიაში შევა ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში. მაგრამ ამ შეხვედრიდან პოზიტიურია ის, რომ შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი. აქედან ვეუბნები კობახიძეს, მდინარაძეს, პროკურატურას – არ გიშველით ხალხო ეს ყალბი ძალის დემონსტრირებები, იმიტომ, რომ თქვენი დრო მძიმედ დასრულდება. ჩავთვალოთ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა ერთიანობისკენ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

2024 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 701.0 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე – „საქსტატი“ 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 701.0 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.6 ათასი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 373.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 0.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.2 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31- 50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45.0 პროცენტი შეადგინა. 2024 წლის IV კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 34.2 პროცენტი, განხორციელდა საყიდლების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 200.0 ათასი და 110.9 ათასი ვიზიტი. 2024 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.3 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.6 ღამე) 9.9 პროცენტით მეტია. ვიზიტების 97.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს2024 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 541.6 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 2.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 4.8 პროცენტით გაიზარდა და 962.6 ლარი შეადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის დახმარების ფაქტზე“ გამოძიების დაწყება დაშინებისა და შევიწროვების ახალ ტალღაზე მიანიშნებს – თინა ხიდაშელი

„ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა, წამება, პატიმრობა საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად საკმარისი არ არის და გაბრაზებულ ადამიანებს ვერც ახალ-ახალი რეპრესიული კანონების მიღება აჩერებს – სწორედ ამიტომ რეპრესიების კიდევ უფრო მძიმე ფორმა შემოგვთავაზეს, რომლის საშუალებითაც ათეულობით ადამიანის უმძიმესი ბრალდებებით დაპატიმრების შესაძლებლობას ქმნიან, – ასე ეხმაურება პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი.

ხიდაშელის შეფასებით, პროკურატურის განცხადება „საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე“ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების თაობაზე მორიგ გამოძიებად ჩაითვლებოდა, რომ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული, აღვირახსნილი კამპანია „ჩანერგილი ჯაშუშების“ გამოსავლენად.

„პროკურატურის დღევანდელი განცხადება, კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია იმისა, თუ როგორ იყენებს ერთი პოლიტიკური პარტია მთლიან სამართალდამცავ სისტემას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ეს ნათლად მიანიშნებს დაშინებისა და შევიწროვების ახალი ტალღის დაწყებაზე. „ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა, წამება, პატიმრობა არ არის საკმარისი საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად, ვერც ე.წ. პარლამენტის მიერ ყოველდღიურად ახალ-ახალი რეპრესიული კანონების მიღება აჩერებს გაბრაზებულ ადამიანებს.

სწორედ ამიტომ, შემოგვთავაზეს რეპრესიების კიდევ უფრო მძიმე ფორმა, რომლის საშუალებითაც ათეულობით ადამიანის უმძიმესი ბრალდებებით დაპატიმრების შესაძლებლობას ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ აბსურდული ბრალდებების საფუძველი, დიქტატურის დამყარების პროცესში მყოფი რუსული ძალისგან არაფერია გამორიცხული, ვინაიდან სამშობლოს სიყვარულისთვის, რამდენიმე ათეული ჩვენი თანამებრძოლი უკვე იმყოფება საპატიმროებში.

პროკურატურის შეთითხნილი ბრალდებების არავის ეშინია!

ყველა მსგავი ქმედება, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ჩვენი ბრძოლის არა მხოლოდ სამართლიანობას, არამედ, აუცილებლობას, რომ არ დავკარგოთ სამშობლო და გასული საუკუნის ოციანი წლების 25 თებერვლის ტრაგედია კიდევ ერთხელ რომ არ დატრიალდეს საქართველოში“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის, პროკურატურამ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პროკურატურის ცნობით, გამოძიება მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყეს.

რანაირად წარმოგიდგენიათ გახარიას ერთიანობა ვაშაძესთან, ან ჩემი ერთიანობა მიშა სააკაშვილთან?! – თამარ ჩერგოლეიშვილი

არარეალისტური ამოცანების დასახვა და ამ არარეალისტურ ამოცანებთან სასახელოდ დამარცხება, კიდევ დამატებით ფრუსტრაციას გამოიწვევს – რანაირად წარმოგიდგენიათ გახარიას ერთიანობა ვაშაძესთან, ან ჩემი ერთიანობა მიშა სააკაშვილთან?! – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ერთიანობას შეეხებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული „აბსოლუტურად არარეალისტურია“.

„არარეალისტური ამოცანების დასახვა და ამ არარეალისტურ ამოცანებთან სასახელოდ დამარცხება, კიდევ დამატებით ფრუსტრაციას გამოიწვევს. აბსოლუტურად არარეალისტურია. რანაირად წარმოგიდგენიათ გახარიას ერთიანობა ვაშაძესთან, ან ჩემი ერთიანობა მიშა სააკაშვილთან?! ამომრჩეველს დავკარგავ მე რომ სააკაშვილთან [გავერთიანდე]. ჩვენი ამოცანა ხომ ბევრი ამომრჩევლის მოზიდვაა. მე ჩემს ამომრჩეველს დავკარგავ ვაშაძეს რომ გავუერთიანდე“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

როგორც ჩერგოლეიშვილმა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინ განაცხადა, „ზურაბიშვილს საგარეო ფრონტზე სასაუბროდ გამაერთიანებელ ფიგურად განვიხილავთ“.

„სალომე ზურაბიშვილი, როგორც ვიცი, საერთაშორისო ღონისძიებას უნდა დაესწროს და მინდა ვუთხრა ჩვენი გზავნილი, რას ვთვლით სწორად საერთაშორისო ასპარეზზე. სალომე ზურაბიშვილს საგარეო ფრონტზე სასაუბროდ გამაერთიანებელ ფიგურად განვიხილავთ. ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ. რაც შეეხება [ქვეყნის] შიგნით კრიზისის დაძლევას, ამაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. ამას სჭირდება ოპოზიციურ პარტიებს შორის თავისუფალი კონკურენცია, შინაარსის გამოკვეთა. ამასთან, იმ საკითხებზე საუბარი, რაც მათივე, ანუ „ენჯეოების“ კვლევით ხალხს აწუხებს. მათ შორის, ომის შიშის პასუხი, რადგან ვხედავთ, რომ ამ კვლევაში 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და ამდენივე ნატო-ში, მაგრამ 53% საუბრობს ნეიტრალიტეტზე. ეს არის ომის შიშის გამოხატულება. თუ ოპოზიციას რამე წარმატება უნდა, ამ შიშს უნდა უპასუხოს ყველა შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქცია, პროტესტი არ გარდაიქმნება ცვლილებებად. ჩვენ ხომ ცვლილებები გვინდა“,- აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, გააკრიტიკა საკუთარი ბიუჯეტიდანვე დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ და გაამჟღავნა სქემები – პაპუაშვილი

უცხოური დახმარების სამყარო უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ის იყო ორი კვირის წინ. ის მხილებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან, თავდაყირა აყენებს იმ წარმოდგენას, რომელიც შესაძლოა არსებობდა ზოგიერთი ადამიანის თვალში საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას.

„აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, ცხადად და მკაფიოდ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, გააკრიტიკა საკუთარი ბიუჯეტიდანვე დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ და ფაქტობრივად გაამჟღავნა სქემები, რომელსაც ისინი უწოდებენ თაღლითურს, კრიმინალურს, მავნებლურს და თავად ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაშიც საფუძვლად გადახედვისა იყო მოცემული, რომ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა ეს თანხები.

ამის ფონზე, დღეს უკვე ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ აშშ-ის ბიუჯეტის ხაზით დახარჯულ ფულზე. სხვა ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩართული, აქაც უკვე გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ შესაძლოა ყოფილიყო ზუსტად ისეთივე მავნე მიზნები, რომელიც გაცხადდა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით.

ამიტომ მიუღებელია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ სხვა საელჩოების თუ დონორების მხრიდან, მცდელობას, რომ არც კი შეიმჩნიონ, თითქოს არაფერი მომხდარა საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით. სამყარო შეიცვალა და აღარ არის ის ტაბუ, რომელიც აქამდე ჰქონდათ დადებული საგარეო დახმარებაზე. ამიტომ თითოეული დონორი ქვეყანა ახლა არის ეჭვმიტანილი და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით ქართველ ხალხს აჩვენონ, თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები.

მითუმეტეს ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს, რომ ამერიკული ფონდების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თუ ევროპული ფონდებისაც იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის საქართველოში. ევროპის დემოკრატიის ფონდი არის ამასთან დაკავშირებით ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდით, იატაკქვეშ აფინანსებს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს თუ რადიკალურ ჯგუფებს.

მე ევროკავშირის ელჩისთვისაც მქონდა მიმართული წერილობით, რომ გაესაჯაროებინათ EED-ის დაფინანსება, თუმცა მივიღე ამაზე უარი რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ. თუ ხელი არ მიუწვდებოდათ, მაშინ სამი თვე ფიქრი რაში სჭირდებოდათ. როგორც ჩანს ამას ათანხმებდნენ რაღაც წრეებში და ბოლოს გადაწყდა, რომ ქართველი ხალხისთვის არაფერი ეთქვათ.

ჩემი მოლოდინია, რომ ყველა დონორი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო, რომელიც საქართველოში ხარჯავს ფულს, ახლა თავად მოიქცევა ისე, როგორ მაგალითსაც იძლევა აშშ – ის ახალი ადმინისტრაცია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როცა კრიმინალი, წამების სისტემის შემქმნელი გყავს ლიდერად, გასაგებია რა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე – შალვა პაპუაშვილი

რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს ექსპრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ საკმარისი ასოებითაა ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და ეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტია. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს სააკაშვილის იმ განცხადებაზეც, სადაც ასევე მოუწოდა ოპოზიციას გააქტიურებისკენ, რამაც მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. როცა კრიმინალი, წამების სისტემის შემქმნელი გყავს ლიდერად, გასაგებია რა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი მე რაიმე შიდა დინებები აქვთ თუ არა, მაგრამ ერთი უბედურებაა საერთო ჯამში ჩვენი ოპოზიცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.