Home Blog Page 3

თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა

თიბისი აგრძელებს მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას, ამჯერად სიახლეა თიბისის მობაილბანკში, სადაც ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა, რომლითაც შესაძლებელია ნაკრების ფარგლებში ბარათის დამატება.

თუ ნაკრების გამომწერი ხარ, დღეიდან შეგიძლია ახალი ბარათი უფასოდ დაიმატო.  მაგალითად, თუ გაქვს მხოლოდ ვიზა, შეგიძლია შეუკვეთო მასტერქარდი ან პირიქით. შესაძლებელია როგორც ფიზიკური ისე ციფრული ბარათის შეკვეთა.

მობაილბანკიდან ბარათის შეკვეთა ძალიან მარტივია, შემდეგ კი მომხმარებელი უთითებს სასურველ მისამართს, სადაც უნდა რომ ბარათი მიიღოს.

ციფრული ბარათის შეკვეთის შემთხვევაში ბარათის გააქტიურება ხდება მომენტალურად.

(R)

“ჯო ბაიდენი ევროპელი ლიდერებისათვის, ნატოსა და უკრაინის საკითხებში, ერთგვარ დამრიგებელს წარმოადგენდა- რა ხდება დღეს?”-The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ჯო ბაიდენი ევროპელი ლიდერებისათვის, ნატოსა და უკრაინის საკითხებში, ერთგვარ დამრიგებელს წარმოადგენდა. რა ხდება დღეს?“ (ავტორი – მატინა სტევის-გრიდნეფი). მასში განხილულია აშშ-სა და ევროპის სამომავლო ურთიერთდამოკიდებულების საკითხები, დემოკრატთა საარჩევნო კამპანიაში მომხდარი ცვლილებების ფონზე, რომელიც ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლებაში გამოიხატა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპელი ლიდერებისათვის ჯო ბაიდენი ერთგვარ საყრდენს წარმოადგენდა. მართლაცდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლო ათწლეულის ყველაზე უმძიმეს პერიოდში ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერები, შეიძლება ითქვას, ზურგზე მოკიდებულებივით ატარა.

როცა რუსეთმა თავისი არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანა 2022 წლის თებერვალში, ჯო ბაიდენი მათთვის ერთგვარი მოძღვრის როლის შემსრულებელი იყო, რომელმაც ისინი კიევის ირგვლივ დარაზმა და რუსეთის აგრესიაზე ერთიანი პასუხის ჩამოყალიბებაში დაეხმარა.
ჯო ბაიდენმა მოუწოდა ევროპელ კოლეგებს დაუყოვნებლივ შემოეღოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო მისმა ადმინისტრაციამ მათ საექსპერტო შეფასება მიაწოდა, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი აშშ-ის მსგავსად. ჯო ბაიდენმა უბიძგა ევროპელ ლიდერებს იმისკენ, რომ თავდაცვის საკითხში ერთობლივად ემოქმედათ და ნატოში თავიანთი წვლილი გაეფართოებინათ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები დაარწმუნა, რომ გაეზიარებინათ მისი რიტორიკა დემოკრატიის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო მზარდი საფრთხის ფონზე.
ევროპელი ლიდერებისათვის, რომლებიც რუსეთს მთელი კონტინენტის უსაფრთხოების მიმართ რეალურ გამოწვევად და აგრესორად თვლიან (რომელიც მუდმივად მზადაა უკრაინის შთანთქმისათვის), ჯო ბაიდენი ნამდვილი დამრიგებელი და მისაბაძი პიროვნება იყო, თუმცა თავისი მინუსებით და არასახარბიელო მოქმედებით: ევროპელებზე ჯოზეფ ბაიდენმა განსაკუთრებით ცუდი შთაბეჭდილება დატოვა დონალდ ტრამპთან დებატების დროს.
შესაბამისად, ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, რომ იგი მეორე ვადით არჩევნებისთვის ბრძოლაზე უარს ამბობს, ევროპელმა ლიდერებმა, ალბათ, მეტ-ნაკლებად შვებით ამოისუნთქეს: იქნებ დემოკრატიული პარტიამ ისეთი კანდიდატი წამოაყენოს, რომელიც რესპუბლიკურ ტანდემს (დონალდ ტრამპის და ჯეიმს ვენსის სახით) დაამარცხებს და არ დაუშვებს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მსხვრევას და აშშ-ის უარს ევროპის დაცვაში ტრადიციული როლის შესრულებაზე.
მაგრამ მათ ისიც იციან, რომ ჯო ბაიდენი ერთ-ერთი „უკანასკნელი მოჰიკანიც“ იყო – ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც – როგორც საგარეო პოლიტიკურ წრეებში ამბობენ ხოლმე – – ატლანტიზმისა და ტრანსატლანტიზმის იდეების მტკიცე ერთგულებას ამჟღავნებდა. იგი დარწმუნებულია, რომ ატლანტის ოკეანის ორივე ნაპირი – აშშ და ევროპა – ერთმანეთთან ღრმა და განუწყვეტელ კავშირში არიან.
„ევროპაში არსებობს მტკიცე გაგება იმისა, რომ ჯო ბაიდენი მტკიცე და ტრადიციული ტიპის ატლანტისტების უკანასკნელი წარმომადგენელია (ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1970-იანი წლებიდან) და რომ აშშ-ის პოლიტიკაში ასეთი ტიპაჟი სულ უფრო იშვიათად გვხვდება“, – ამბობს კამილ გრანდი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე, ამჟამად კი საერთაშორისო საქმეთა ევროპული საბჭოს თავდაცვითი ინიციატივების ხელმძღვანელი, – „ამერიკაში თაობათა ცვლა ევროპელებისთვის სრულიად გასაგებია. მათი უმრავლესობა ამ გარდაუვალობას აცნობიერებს, მაგრამ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე თავიანთი მომავალი ვერ წარმოუდგენიათ“, – დონალდ ტრამპმა და ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადეს, რომ მათ განზრახული აქვთ როგორც აშშ-სა და ნატოს ურთიერთობის, ასევე ალიანსში ამერიკის წვლილის გადასინჯვა: თუ ორივე მიაღწევენ მიზანს – გახდებიან პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ზე დაყრდნობილი ევროპული უსაფრთხოების ერა სრულიად შესაძლებელია დასრულდეს.

უფრო მეტიც – დონალდ ტრამპმა ისიც რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს სწრაფად დაამთავროს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელსაც, დიდი ალბათობით, რუსეთისადმი უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის გადაცემა მოჰყვება.

ამრიგად, ევროპა ძალიან რთული დილემის წინაშე დგება: მას შეუძლია შეასრულოს დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული პირობები სამშვიდობო შეთანხმების დადების მიზნით და უარი თქვას უკრაინისადმი მხარდაჭერაზე რუსეთის წინააღმდეგ. ან შეუძლია დღევანდელი კურსი გააგრძელოს აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე და უკრაინის ომის მთელი ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს. თანაც არავინ არაფერი არ იცის, ეყოფა თუ არა ევროპას ნება და რესურსები კიევის დასახმარებლად.
უკრაინელები შეშფოთებით უმზერენ უკვე მომხდარ და მიმდინარე მოვლენებს. „ბოლო წლის განმავლობაში, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ვაშინგტონის პოლიტიკა უკრაინის მიმართ შესამჩნევად შეიცვალა და კიევის მთავარ ევროპელ მეგობრებს იმედები გაუცრუა“, – ამბობს კამილ გრანდი და იქვე აღნიშნავს: „ევროპის მიმართ აშშ-ის ვალდებულების გასაუქმებლად ნიადაგი გარკვეულწილად უკვე მომზადებულია“.
„პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა ნატოში უკრაინის გაწევრიანების თვალსაზრისით. იგი ამითაც აღიზიანებდა ალიანსის ევროპელ წევრებს – კიევის მთავარ მეგობრებს (ვარშავას, რიგას, ვილნიუსს, ტალინს და სხვებს) გავიხსენოთ: უკრაინისათვის გარკვეული ტიპის ამერიკული შეიარაღება რომ მიწოდებულიყო, ევროპას დიდი ძალისხმევა დაჭირდა და ევროპელები ხშირად ინიციატივას საკუთარ თავზე იღებდნენ“, – ამბობს კამილ გრანდი.

ალექსანდრე კრაევი, რომელიც კიევის კვლევითი ჯგუფის „უკრაინული პრიზმის“ ჩრდილოამერიკული პროგრამის ხელმძღვანელია, თვლის, რომ აშშ-ი საპრეზიდენტო რბოლის პერიპეტიები ქვეყანას „პოლიტიკური ბრძოლის გაჭიანურებულ პერიოდს უმზადებს, რომელიც მომავალ პრეზიდენტს, ალბათ აიძულებს, რომ თუნდაც ის დემოკრატი იყოს, ყურადღების კონცენტრირება საშინაო პრობლემებზე მოახდინოს და საგარეო პოლიტიკა (ანუ უკრაინის პრობლემატიკაც) უკანა პლანზე გადაიტანოს“.
„ამერიკა საკუთარი პრობლემების გადაწყვეტით იქნება დაკავებული“, – დარწმუნებულია ალექსანდრე კრაევი.
მაგრამ, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შიშით, უიმედო რეიტინგის მქონე ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას საარჩევნო რბოლიდან გასვლის თაობაზე და მის ნაცვლად კამალა ჰარისის წამოყენებას ევროპელები შვებით შეხვდნენ.

„ისეთ ეტაპზე, როცა ევროპელთა უმრავლესობა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებით, კამალა ჰარისის კანდიდატურა ევროპამ დადებითად მიიღო – იქნებ მან მაინც შეძლოს დემოკრატების ტრადიციული წარმატებების აღდგენა და მათი შანსების ამაღლება არჩევნებში. გარდა ამისამ კამალა ჰარისის საგარეო პოლიტიკურ გუნდში სწორედაც ატლანტისტები ჭარბობენ“, – ამბობს იან ლესერი, ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი, ამჟამად კი გერმანული მარშალის ფონდის ბრიუსელის ფილიალის ხელმძღვანელი.
„ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ევროპული ქვეყნების ლიდერები ვაშინგტონისაგან განსაზღვრულ და პროგნოზირებად ნაბიჯებს ელოდებიან ვაჭრობისა და თავდაცვის საკითხებში, – აღნიშნავს იან ლესერი, – მხოლოდ ამგვარი გადაწყვეტილებების შემდეგ დაიჯერებს ბრიუსელი, რომ აშშ მემკვიდრეობითობას გააგრძელებს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე დაკავებული იქნა 2 პირი.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 ივლისს, დილის საათებში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი მანუჩარ მჟავანაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ სუფსაში, ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ, რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა ვ.ი-მ, მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე დროს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ.ი-ს ძმამ ა.ი-მ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება ტუჩის არეში. ა.ი-მ, ასევე, დააზიანა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვიდეო კამერა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტსა და ოპერატორს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის 26 ივლისს, სოფელ სუფსაში მცხოვრები მოქალაქეები ვ.ი. და ა.ი. სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ-შალვა პაპუაშვილი

დადგა მომენტი, როდესაც ოპოზიციას მოუწევს ხალხთან დალაპარაკება. განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?

„ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციის მხრიდან ახალი არაა, ეს მათი ნირი და წესია.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც მათ მოუწევთ, მოსცილდნენ საკუთარ ფეისბუქგვერდებს, გამოვიდნენ საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან და ხალხს დაელაპარაკონ. და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? დაბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისა და სიკვდილისთვის სწირავდნენ?“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხალხის რისხვის პირველი ტალღა ოპოზიციამ ამ დღეებში უკვე მიიღო.

„დაინახეს, რომ ხალხი ხელისუფლების წინდახედულ პოლიტიკას უჭერს მხარს და სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ყველა, ვინც ომში მიგვაქანებდა, მშვიდობაზე ალაპარაკდა, ყველა, ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა. მაგრამ ქართველმა ხალხმა მათი ფარისევლური სახე, დიდი ხანია, ამოიცნო. ბოლო ორი წელი საუკეთესო ლუსტრაცია იყო იმისთვის, სად დგება ოპოზიცია კრიტიკულ მომენტებში. დრომ დაადასტურა, რომ არცერთ საბედისწერო მომენტში ოპოზიციას და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერია. ყოველ ჯერზე ისინი უყურებდნენ არა იმას, რა სჭირდებოდა ჩვენს ხალხს, არამედ იმას, რა სჭირდებოდათ სხვებს და რომელ სიტყვას თუ ნაბიჯს შეუქებდნენ გარედან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის დედაქალაქში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფება.

პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში  28 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 250 ათას ლარს მიიღებს.

კეზერაშვილი, როგორც კრიმინალი და გასამართლებული ადამიანი, თავს აფარებს სხვა ქვეყანას და მისი საარჩევნო აქტიურობა უკვე არის გარე ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში-შალვა პაპუაშვილი

კეზერაშვილი, როგორც კრიმინალი და გასამართლებული ადამიანი, თავს აფარებს სხვა ქვეყანას და მისი საარჩევნო აქტიურობა უკვე არის გარე ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დიმიტრი ჩიქოვანი მასთან შესახვედრად გაემგზავრა და როგორ ხედავს კეზერაშვილის როლს ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაში.

„დავით კეზერაშვილზე როდესაც ვსაუბრობთ, კრიმინალზე, რომელმაც ომამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ ჯარს მოჰპარა ხუთი მილიონი ევრო და ადამიანი, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას, რა თქმა უნდა, ამას უნდა შევხედოთ, როგორც გარე ჩარევას ქართულ არჩევნებში. ეს აღარ არის შიდა პოლიტიკური საკითხი, არამედ მას შემდეგ, რაც, როგორც კრიმინალი და გასამართლებული ადამიანი, თავს აფარებს სხვა ქვეყანას, სხვა სივრცეს, ეს არის უკვე გარე ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ამიტომაც გასაკვირია, რომ დღემდე ეს კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე. მართალია, იმ ღირებულებებით, რომლებზეც ჩვენ გვესაუბრებიან ხოლმე ევროპელი ბიუროკრატები თუ დიპლომატები, დავით კეზერაშვილი უნდა გადმოცემულიყო ქართული მართლმსაჯულებისთვის. სამწუხაროდ, ეს არ ხდება. ისევე, როგორც ეს არ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც ასევე  საუკეთესო პირობები ჰქონდა შექმნილი საზღვარგარეთ, ევროპაში თუ აშშ-ში და თავისუფლად გადაადგილდებოდა, როგორც კრიმინალი. ასევე ეს არ ხდება ზურაბ ადეიშვილის შემთხვევაში, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე. კრიმინალი, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა და გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, მას უმაღლესი თანამდებობის პირები ხვდებიან, ევროკავშირის წარმომადგენლები ხელს ართმევენ და მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბრობენ ადამიანთან, რომელმაც საქართველოში ადამიანების წამების სისტემა შექმნა და არის სიმბოლო ყველაფრისა, რაც კი ეწინააღმდეგება ჩვენს წარმოდგენას მართლმსაჯულებაზე. ასეთ ადამიანს ართმევენ ხელს ევროკომისრები და ასეთი ადამიანი ხანდახან ჰყავთ მაგალითად, მართლმსაჯულებაში. ასე რომ, პირველ რიგში, ეს არის უცხოური ჩარევა, ასე უნდა შევხედოთ ამ პროცესს. შესაბამისად, მოვითხოვოთ, მათ შორის ევროკავშირისგან, რომ ეს კრიმინალი გადმოეცეს საქართველოს.

რაც შეეხება თავად გავლენებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა მარიონეტული წარმონაქმნია ზოგადად ოპოზიცია, თავისი ყველა სხვადასხვა დანაყოფით. ვიცით, რომ დავით კეზერაშვილი აფინანსებს არაერთ პარტიას, რამდენიმე პარტიას. ის აფინანსებს რამდენიმე მედიას და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას. ზუსტად ეს აჩვენებს ოლიგარქიულ და კლანურ სტრუქტურას ოპოზიციაში, რომელიც დღემდე გრძელდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ომი ღაზაში უნდა დასრულდეს -კამალა ჰარისი

აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში ომის დასრულების დროა.

„ამ ომის დასრულების დროა. დროა ომი დასრულდეს ისე, რომ ისრაელი დაცული, ხოლო ყველა მძევალი გათავისუფლებული იყოს და პალესტინელების ტანჯვას ღაზაში ბოლო მოეღოს. პალესტინელმა ხალხმა უნდა გამოიყენოს საკუთარი უფლება თავისუფლებაზე, ღირსებასა და თვითგამორკვევაზე“, – თქვა ჰარისმა.

ჰარისმა თავის გამოსვლაში აგრეთვე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა, იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. მისი თქმით, ცხრათვიანი ომის შედეგები დამანგრეველია.

გარემოს ეროვნული სააგენტო, 26- 27 ივლისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდს აქვეყნებს

28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი. 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან და 27 ივლისს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან და 27 ივლისს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივლისს აგრილდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 26 ივლისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, ხოლო 27 ივლისს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 26 ივლისს დღისით  +26, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 27 ივლისს დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 26 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 ივლისს აგრილდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +26, +28 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 26-27 ივლისს დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გსურთ თუ არა, ამ დღეს მოვლენათა განვითარებას უნდა დაემორჩილოთ, რადგან მაინც ვერაფერს შეცვლით. შესაძლოა, ვიღაცამ ინიციატივა წაგართვათ ან, უბრალოდ, მოვლენებზე გავლენის მოხდენა ვერ შეძელით. ვარსკვლავები გირჩევენ, ბედს შეეგუოთ და დინებას მიჰყვეთ – ახლა ეს ყველაზე გონივრულია.

კურო

მოულოდნელობებით სავსე დღეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ახალი ხერხების გამოყენებით მიზანს მიაღწიოთ. ხელსაყრელი დღეა თამამი ნაბიჯების გადადგმისთვის. საეჭვო პროექტებიც კი შეიძლება თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს. გარდა ამისა, ძალიან ხელსაყრელი დღეა შეყვარებულებისთვის – ამ დღეს შეგიძლიათ პარტნიორი სასიამოვნოდ გააოცოთ.

ტყუპები

თქვენი ლიდერული და ორგანიზაციული უნარებით გარშემო მყოფებს მიიზიდავთ. ახლა მათი მართვა უნდა შეძლოთ. სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებში მენეჯმენტისთვის საკუთარი უპირატესობის ჩვენებას შეძლებთ, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ბუნებაში მხიარული წვეულება მოაწყოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები სიურპრიზებისა და აღმოჩენების დღეს გპირდებიან! მოვლენების განვითარებამ შეიძლება რამე საკითხზე აზრის შეცვლა გაიძულოთ. გამორიცხული არ არის, კარგად ნაცნობ ადამიანში სრულიად ახალი თვისებები აღმოაჩინოთ ან თავად გააკეთოთ ისეთი რამ, რასაც თქვენგან არავინ ელოდა. ისე, ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენი წარმოგვიდგენია და დღეს საშუალება გექნებათ, რომ ამაში დარწმუნდეთ.

ლომი

თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია მოვლენები და სიახლეები, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. ეს შეიძლება იყოს შეხვედრა, მოგზაურობა, გაცნობა ან ახალი სამსახურის შეთავაზება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სიტუაცია თვითდინებაზე არ მიუშვათ და ნებისმიერ საკითხში კარგად გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოთ.

ქალწული

ამ დღეს როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ლოგიკის ნაცვლად, ინტუიციით იხელმძღვანელებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით უსმინოთ შინაგან ხმას – ეს სიტუაციის გააზრებაში დაგეხმარებათ. ყურადღებით იყავით და არ გამოტოვოთ წამი, როდესაც ბედი მზად იქნება, სასიამოვნო სიურპრიზი გაგიკეთოთ.

სასწორი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება დაძაბულობა წარმოიშვას. ვარსკვლავები გირჩევენ, მომხდარის დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად შეაფასოთ – იქნებ, ადამიანების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ხართ? იქნებ ბუზიდან სპილოს ქმნით?

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, თავისუფალი დრო გაატაროთ იქ, სადაც ცხოვრება ჩქეფს და ბევრი მხიარულებაა. სად წახვალთ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, მთავარია, სახლში არ ჩაიკეტოთ, რადგან გარეთ გასული ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენთ. კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და საჭირო ადამიანებთან კავშირი დაამყაროთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე საკუთარ თავს, ასევე ოჯახს და მეგობრებს მიუძღვნათ. ხანმოკლე მოგზაურობა კარგად ჩაივლის – სასიამოვნო შთაბეჭდილებების გარდა, შეიძლება მოგებიანი შესყიდვა განახორციელოთ ან საინტერესო შეთანხმებას მიაღწიოთ.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება რთული გადაწყვეტილების მიღება მარტო მოგიწიოთ. დაბრკოლების გადალახვას და მიზნის მიღწევას ადვილად შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს პრობლემებს თქვენზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება. დღეს ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხსაც სწრაფად და სწორად მოაგვარებთ.

მერწყული

ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდება. შესაძლოა, დღის განმავლობაში საინტერესო შეთავაზება მიიღოთ ან დიდი ხნის წინ დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ. გირჩევთ, ნებისმიერი ფინანსური იდეა ყურადღებით განიხილოთ, თუნდაც ერთი შეხედვით უცნაურად მოგეჩვენოთ.

თევზები

დილიდან ცვალებად განწყობაზე ხართ და ემოციების კონტროლი გიჭირთ. თუ წინდახედულობას არ გამოიჩენთ და ემოციების გავლენით იმოქმედებთ, შესაძლოა, საკუთარ თავს პრობლემები შეუქმნათ. ახლობლებს თქვენი არ ესმით, მაგრამ, გაღიზიანების ნაცვლად, ეცადეთ, კრიტიკა მშვიდად მიიღოთ და გასაგებად აუხსნათ, რისი გაკეთება გსურთ და რატომ.

ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი-ტრამპი

ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

„[ვუთხარი], რომ ეს [რუსეთი] სამხედრო მანქანაა, რომ თქვენ წინაშე სამხედრო მანქანაა. ისინი [რუსები] ომებს აწარმოებენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი. მათ დაამარცხეს ნაპოლეონი. და [უკრაინის შეიარაღებული ძალების] საგაზაფხულო კონტრშეტევა არც შემდგარა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო.

„ჩემი პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი რამე არ მომხდარა“, – დასძინა მან.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით პარიზში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

26 ივლისს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება. პარიზის ცენტრალურ ქუჩებში მზადების პროცესი მიმდინარეობს.

ცერემონიის ფარგლებში 7 000-მდე სპორტსმენი 85 ნავით პარიზის შუაგულში, მდინარე სენაში წინასწარ შედგენილ მარშრუტს გაივლის. ცერემონია დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზატორების განცხადებით, შოუს 80-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება, ასევე მდინარის ნაპირებიდან სანახაობას თვალს მიადევნებს 300 000-ზე მეტი მაყურებელი.

ცერემონიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2 000 კერძო დაცვის თანამშრომელი და 45 000 პოლიციელია მზადყოფნაში. სპორტსმენების მიერ გასავლელი მარშრუტის გასწვრივ შენობების თავზე სნაიპერები განლაგდებიან. დაკეტილი იქნება მიმდებარე მეტროსადგურები, ასევე რამდენიმე ხიდი. პარიზის თავზე არ დაიშვებიან არც თვითმფრინავები, თუ ისინი არ იქნებიან ცერემონიის ნაწილი.

ირაკლი კობახიძე პარიზში სპორტის სამიტს და ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარიზში, ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, დაესწრო სამიტს „სპორტი მდგრადი განვითარებისთვის“. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით გამართული ღონისძიება AFD-ის გენერალური დირექტორის, რემი რიუს სიტყვით გაიხსნა. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ღონისძიებამ 500-მდე მონაწილეს უმასპინძლა, რომელთა შორის, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრო საზეიმო მიღებას, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის სახელით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სტუმარი სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად, ლუვრში გაიმართა.