Home Blog Page 3

ჯო ბაიდენი მოუწოდებს დონალდ ტრამპს, შეუერთდეს საიმიგრაციო საკითხის მოგვარებაში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს დონალდ ტრამპს, შეუერთდეს საიმიგრაციო საკითხის მოგვარებაში. ამის შესახებ ბაიდენმა აშშ-მექსიკის საზღვართან, ქალაქ ბაუნსვილში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აი, რას ვეტყოდი დონალდ ტრამპს: პოლიტიკის თამაშის ნაცვლად, შემომიერთდით, თორემ მე შემოგიერთდებით და ვეტყვი კონგრესს, მიიღოს ეს კანონპროექტი საზღვრის უსაფრთხოების შესახებ. რატომ არ ვიკრიბებით და არ ვასრულებთ ამას? ჩვენ შეგვიძლია ეს ერთად გავაკეთოთ”,- აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, სასაზღვრო აგენტებს სჭირდებათ მეტი რესურსი, მეტი თანამშრომელი, მეტი შესაძლებლობები და საიმიგრაციო მოსამართლეები.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა სენატს, გადახედონ ორპარტიულ კანონპროექტს.

„აშშ-ს სენატმა უნდა გადახედოს ამ კანონპროექტს და იმ სენატორებმა, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან, უნდა გადადონ გვერდით პოლიტიკა და დაამტკიცონ ის არსებითად და არა იმის გამო, რომ სარგებელი მოუტანოს რომელიმე მხარეს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. დროა, სპიკერმა და ზოგიერთმა ჩემმა რესპუბლიკელმა მეგობარმა კონგრესში, რომლებიც ამ კანონპროექტს ბლოკავენ, ცოტა სიმტკიცე გამოაჩინონ”,- განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვართან თითქმის ერთდროულად ჩავიდნენ. ბაიდენი ქალაქ ბაუნსვილში, ხოლო ტრამპი ქალაქ იგლ ფასში.

როგორც „ბიბისი“ წერს, ტეხასში ვიზიტი არის მხოლოდ დასაწყისი საარჩევნო დებატების მთავარი თემის, რომელიც, გამოცემის ცნობით, საიმიგრაციო პოლიტიკა იქნება.

პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ მოერგოთ ცვლილებებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იწყება. თუ ემოციურ დისკომფორტს ან გაღიზიანებას გრძნობთ, ყველაფერი გვერდით გადადეთ და სასიამოვნო საქმით დაკავდით. მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება მალე სანანებელი გაგიხდეთ.

კურო

დილიდან შინაგან მოუსვენრობას გრძნობთ და მუშაობასა თუ ურთიერთობებში სიცხადის, სტაბილურობისა და თავდაჯერების მიღწევას ცდილობთ. ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სამომავლოდ გადადოთ და თავი იმით გაინებივროთ, რისთვისაც დრო არასოდეს გყოფნიდათ.

ტყუპები

დილიდან აქტიური მუშაობისთვის და ინიციატივის აღებისთვის უნდა მოემზადოთ. თუ დროს უსარგებლო საუბრებში არ დაკარგავთ, შეძლებთ დაწყებული საქმე დროულად და წარმატებით დაასრულოთ. ყველაზე მეტად კამათს უნდა მოერიდოთ და კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნა სცადოთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.

კირჩხიბი

თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს დააკვირდთ და ეცადეთ, ყურადღებიდან უმცირესი წვრილმანიც არ გამოგეპაროთ. ის, რაც დღეს უმნიშვნელო ხარვეზად მიგაჩნიათ, ხვალ შეიძლება მტკივნეულ პრობლემად იქცეს, რომლის მოგვარება გაგიჭირდებათ. საღამოს მხიარულ და კეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობა ემოციური სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, ეცადეთ, უფრო მოქნილად იმოქმედოთ.

ლომი

რთული და ემოციურად დატვირთული დღეა. სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, იუმორის გრძნობა და პლანეტების კეთილგანწყობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. უსიამოვნო ამბისგან ტრაგედიას ნუ შექმნით, მით უმეტეს, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება. მარტოხელა ლომებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მთელ დღეს ოთხ კედელში არ გაატარებთ.

ქალწული

პირველ მარტს რთული ამოცანების შესრულებისთვის უნდა მოემზადოთ. ნუ შეშინდებით, იღბალი თქვენს მხარეზეა. ეცადეთ ახალ გარემოებებს, მოერგოთ და შესაძლებლობით ისარგებლოთ. სავარაუდოდ, თქვენს მონდომებას მენეჯმენტი შენიშნავს და ფინანსური წახალისება ან დაწინაურება მიიღოთ. თუ რაღაცის შეცვლა გსურთ, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და თუ ვერაფერს ცვლით – მოთმინება.

სასწორი

გამუდმებით კამათის და საკუთარი სიმართლის მტკიცების სურვილმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ და განწყობა გაგიფუჭოთ. დაპირისპირების ნაცვლად, ეცადეთ გარემოებებს მოერგოთ და კომპრომისები ეძებოთ. ამ დღეს გამოცდილი პროფესიონალების რჩევა ძალიან გამოგადგებათ. თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული უნდა იყოს, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებთ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, დამატებითი მოვალეობების აღებას მოერიდოთ და ყურადღება თქვენს უშუალო პასუხისმგებლობებზე გადაიტანოთ. ამ დღეს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ამიტომ შრომატევად საქმეებს უნდა მოერიდოთ და მეტი დაისვენოთ. თავი შეიკავეთ საყვარელ ადამიანებთან კამათისგან და ეცადეთ, საუბარი ნეიტრალურ თემებზე გადაიტანოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს უჩვეულოდ მშვიდი, მიზანდასახული და საქმიანი ხართ და ნებისმიერ სამუშაოს შესანიშნავად უმკლავდებით. ერთადერთი, რის კეთებასაც უნდა მოერიდოთ, შემოქმედებაა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჩვეულის საზღვრებს არ გასცდეთ. ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი არაეფექტური.

თხის რქა

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ მოვლენების შუაგულში იტრიალოთ და ყურადღებიდან არაფერი გამოგეპაროთ. ურთიერთობებში უკიდურესად ფრთხილად უნდა მოიქცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებრობა და კონფლიქტი გელით. ემოციური სტრესის მოხსნას საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრით შეძლებთ.

მერწყული

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გელით, თუმცა რჩევასა და დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით მათ, ვინც ამას ითხოვს. მზად იყავით, რომ ზოგი სიახლე არ მოგეწონებათ და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ უკმაყოფილების გამოხატვით და ბუზღუნით სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით.

თევზები

ამ დღეს უპირატესობა სასწრაფოდ მოსაგვარებელ საქმეებს უნდა მიანიჭოთ. გირჩევთ, დამატებით მოვალეობებზე უარი თქვათ – მეტის გაკეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. არ დაივიწყოთ პირობა, რომელიც ოჯახის წევრებს მიეცით.

„ქართული ოცნების“ ინიციატივა ლგბტ პიარის აკრძალვაზე აუცილებლად გახდება ენჯეოების თავდასხმის საგანი” – ედიშერ გვენეტაძე

„ქართული ოცნების” ახალი, ისტორიული ინიციატივა ლგბტ პიარის აკრძალვაზე აუცილებლად გახდება ენჯეოების თავდასხმის საგანი. ახლა ვნახავთ ყველა ერთად – ვინ დგას ქვეყნის მხარეს და ვინ დგას აგენტურის და თავსმოხვეული ლგბტ თემის მხარეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

ექსპერტის თქმით, ახლა მოხდება ყველაფრის ლუსტრაცია და ყველა აგენტი და ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტი გაშიშვლდება ქვეყნის და ერის წინაშე.

„ქართული ოცნების” ახალი, ისტორიული ინიციატივა ლგბტ პიარის აკრძალვაზე აუცილებლად გახდება ენჯეოების თავდასხმის საგანი. ახლა ვნახავთ ყველა ერთად – ვინ დგას ქვეყნის მხარეს და ვინ დგას აგენტურის და თავსმოხვეული ლგბტ თემის მხარეს. ახლა მოხდება ყველაფრის ლუსტრაცია. ყველა აგენტი და ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტი გაშიშვლდება ქვეყნის და ერის წინაშე!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

“სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს გააზრებული, რა არის ეკლესია და მართლმადიდებლობა” – ირმა ინაშვილი

იძულებული ვარ, ქალბატონ სალომეს ავუხსნა, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და ქრისტეს სხეული ვერ იქნება ვერც პრორუსული და ვერც პროფრანგული – ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ნათელია, რომ სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს გააზრებული, რა არის ეკლესია და რა არის მართლმადიდებლობა.

“როდესაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად ირჩევდნენ, სააკაშვილის მომხრე ტელეარხები გვიმტკიცებდნენ,- რუსეთის აგენტი ხდება საქართველოს პრეზიდენტიო. ვფიქრობ, ეს ყველას გვახსოვს. ორი თვის წინ, სააკაშვილის შეწყალების თემა მორიგჯერ დატრიალდა და სააკაშვილის მომხრე ტელევიზიებმა სალომე ზურაბიშვილს “ქართული ოცნებისა” და რუსი ოლიგარქის აგენტი ეძახეს. ესეც კარგად გვახსოვს. 20 წელია სააკაშვილები ცდილობენ, რომ ეკლესიაც ჩააბან ბინძური იარლიყების მიწებების პროცესში და ახლა ამ საქმეში, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთო.

ქალბატონმა პრეზიდენტმა ლონდონში განაცხადა, რომ თურმე, იმედი აქვს, მომავალი პატრიარქი პრორუსი არ იქნება. იძულებული ვარ, ქალბატონ სალომეს ავუხსნა, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და ქრისტეს სხეული ვერ იქნება ვერც პრორუსული და ვერც პროფრანგული. ქრისტეს სხეულში ყველა თანასწორია: ქალიც, მამაკაციც, თეთრკანიანიც და შავკანიანიც, ქართველიც და ფრანგიც. ნათელია, რომ სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს გააზრებული, რა არის ეკლესია და რა არის მართლმადიდებლობა, თორემ ამგვარ აბსურდს არ და ვერ იტყოდა, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტი პოლიტიკურ იარლიყს აწებებს ეკლესიასაც და ზოგადად, მართლმადიდებლობასაც, იძულებული ვარ, შევახსენო მას: პატრიარქი ზრუნავს ერზე და ბერზე, ეკლესიაზე და მამულზე, ის არასდროს არაა და ვერ იქნება პრორუსული ან პროფრანგული… თუმცა, არა მგონია, რომ ქალბატონი პრეზიდენტი შეძლებს ამ ყველაფრის გააზრებას, “- წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, Chatham House-ში საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას.

“ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.

ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“იცოდით რომ საქართველოში პირველად მიღებულ საქმიან შეთავაზებას სალომე ზურაბიშვილი არ დათანხმდა და მას ჩვეულებრივი მინისტრის ჯამაგირის ნაცვლად უპრეცედენტო შეღავათები დაუწესდა?”

იცოდით რომ საქართველოში პირველად მიღებულ საქმიან შეთავაზებას სალომე ზურაბიშვილი არ დათანხმდა და მას ჩვეულებრივი მინისტრის ჯამაგირის ნაცვლად უპრეცედენტო შეღავათები დაუწესდა? კერძოდ, მას შეუნარჩუნდა ელჩის სტატუსი, ის ყველა პრივილეგიით სარგებლობდა, მათ შორის იღებდა ელჩის ჯამაგირს, რომელსაც მას საფრანგეთის მთავრობა უხდიდა, ეს კი რამდენიმე ათას ევროს აღემატებოდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ასევე, მის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს არაქმედითი პოზიციით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ხმის უფლება ჩამოართვეს, რაც გაეროს მიმართ საქართველოს ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვა.

მისივე თქმით, როცა სალომე ზურაბიშვილის კვალიფიკაციაზეა საუბარი ეს მძიმე ფაქტი განა დასამალი არაა?!

„საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, დღეს პოლიტიკური გონორით გვესაუბრება.

ისევ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევით,

ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაპარულმა,

დღეს მოხუცი პატრიარქი პრორუსად შეგვირაცხა და მისი დროულად ჩანაცვლებაც შემოგვთავაზა.

შორიდან ანტიმართლმადიდებლური და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები თამამად გამოგვიგზავნა, მაგრამ რას იზამს აქ ჩამოსული?! როგორ შეხვდება ქართველ ხალხს?! – ამაზე მას არ უფიქრია.

ეს იქეთ იყოს და მასზე

ერთი საინტერესო რამ გამახსენდა- იცოდით რომ საქართველოში პირველად მიღებულ საქმიან შეთავაზებას სალომე ზურაბიშვილი არ დათანხმდა და მას ჩვეულებრივი მინისტრის ჯამაგირის ნაცვლად უპრეცედენტო შეღავათები დაუწესდა?

კერძოდ, მას შეუნარჩუნდა ელჩის სტატუსი, ის ყველა პრივილეგიით სარგებლობდა მათ შორის იღებდა ელჩის ჯამაგირს,

რომელსაც მას საფრანგეთის მთავრობა უხდიდა, ეს კი რამდენიმე ათას ევროს აღემატებოდა.

ასევე მის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს არაქმედითი პოზიციით

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ხმის უფლება ჩამოართვეს.

რაც გაეროს მიმართ საქართველოს ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვა.

როცა სალომე ზურაბიშვილის კვალიფიკაციაზეა საუბარი ეს მძიმე ფაქტი განა დასამალი არაა?!

ქართული სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის დასრულებულია ეს ქალი, აქ მისი დასაწყისიც მარცხი იყო და ბოლოც დიდი სირცხვილია სხვა რაა?“-წერს თამთა მეგრელიშვილი.

“ეთიკას მოკლებულია პრეზიდენტის საუბარი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა” – ანდრია ჯაღმაიძე

ეთიკას მოკლებულია პრეზიდენტის საუბარი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე წერს, ეკლესიასთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ბევრ კითხვას აჩენს.

„ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით. პირველ რიგში, პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც თავი მიაჩნია ეკლესიის მრევლად, მოქმედი პატრიარქის სისუსტესა და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი ეთიკას მოკლებულია. სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.

გაუგებარია, რას გულისხმობდა პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისევე როგორც ეკლესიის მხრიდან „პროდასავლური რიტორიკის მიყოლის“ შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს, ეკლესია „ახლოსაა ძალასთან“? პრეზიდენტის სიმაღლიდან ასეთი ზედაპირული, შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა სამწუხაროა. ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს, აკნინებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე, ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

“ძალიან ადრეა თქმა, შედგება თუ არა შეთანხმება მძევლების გათავისუფლებაზე” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ძალიან ადრეა იმის თქმა, შედგება თუ არა მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მან უზრუნველყო ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების „მოქმედების თავისუფლება“, რაც „უპრეცედენტოა“ სახელმწიფოს ისტორიაში. მისივე თქმით, ეს გაგრძელდება „სრულ გამარჯვებამდე“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზეწოლა იზრდება „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შეჩერების თაობაზე, მაგრამ ის წინააღმდეგობას გაუწევს ამ ზეწოლას. მისივე თქმით, ისრაელი ყველაფერს აკეთებს თავისი მძევლების დასაბრუნებლად, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, შედგება თუ არა დაგეგმილი შეთანხმება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ დავემორჩილებით „ჰამასის“ მოთხოვნებს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავიბრუნოთ ყველა მძევალი, ჩარჩოებით ან მის გარეშე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, მანამდე „ჰამასში“ განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის გამო, შესაძლოა, ისრაელთან მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტონ.

“უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ ჩემი განცხადებები კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო”

უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ ჩემი განცხადებები კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი ყველა განცხადება, უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის ჩათვლით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, კარგად გააზრებული იყო.

„ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხზე ვამბობ, არის კარგად გაზომილი, გააზრებული და აწონ-დაწონილი“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

“ISFED-ი, გამყალბებელი ორგანიზაცია დღეს უკვე დაკავებულია რეალობის გაყალბებით, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ”

არადემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც არ არის დემოკრატიული წყობა და ეს ქვეყნები ვერ დაიკვეხნიან დემოკრატიის ხარისხით, იმ ქვეყნებშიც კი არ გვახსენდება, რომ NGO სექტორის წარმომადგენლებს გაეყალბებინათ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ISFED-მა საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს.

„როდესაც დემოკრატიის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით ჩატარდა არჩევნები საქართველოში, მოხდა ისტორიული უპრეცედენტობა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა ამ ორგანიზაციამ [ISFED] და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღესაც მუშაობს და არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ შექმნია. ეს ერთ ადამიანს რომ გადააბრალეს, ასე კი არ იყო, ორგანიზაციის პრობლემა იყო. დღეს კი ცდილობენ, შეცდომა დაარქვან, მაგრამ ასეთი შეცდომები არ ხდება. თვეების განმავლობაში რომ არ გაამხელ ელემენტარულ საკითხს, ეს არის გაყალბება. საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ეს უმძიმესი ცოდვა ადევს იმ ორგანიზაციას, რომელიც ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს, იმსჯელოს და აკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება, როგორ ატარებს არჩევნებს, ან ცესკო როგორ ატარებს არჩევნებს. შესაბამისად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო ის კანონმდებლობა და ის მექანიზმები, რომლებიც აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას სჭირდება. ცესკო ასე იქცევა, მაგრამ ISFED-ი, სხვებთან ერთად, გამყალბებელი ორგანიზაცია დაკავებულია რეალობის გაყალბებით დღეს უკვე, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დააყენონ ეჭვქვეშ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ვაიტაშვილმა გამოაცხადა.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხაძე სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.

მისი თქმით, მოკლულს 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყოველი მათგანი სიცოცხლისდროინდელია.

მისივე განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არსებობს.

“ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად. ოთარ ცინდელიანი. გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყველა ორგანოზე. ყოველი ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია.

ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა. 19 :21 წუთზე ეს ადამიანი სამეგრელოში დაიჭირეს. ის თავად გამოცხადდა სამართალდამცავ დაწესებულებაში. მისი გამოცხადების მიზანი იყო, რომ იქნებ მართლმსაჯულება შეემსუბუქებინა.

ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა და ქურთუკი, რომლებიც სისხლითაა გაჟღენთილი, დანაშაულს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ასევე, სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი შარვალი.

სამივე საფუძველი სახეზეა, როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე ნივთმტკიცებულებების განადგურების. თუ როგორ ჩაიდინა მან დანაშაულებრივი ქმედება, ნამდვილად ქმნის იმის წარმოდგენას, თუ როგორ შეიძლება ის მოიქცეს მომავალში, თუ მას არასათანადო სასჯელს მივცემთ.

ის, რომ გენდერული ნიშნით ჩაიდინა მკვლელობა, ეს მიუთითებს მის ფეთქებად ხასიათზე, სტერეოტიპულ აზროვნებაზე, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების სტილს.

ჩვენ გუშინ, დაახლოებით 4 საათისთვის მისი ვინაობა ვიცოდით, თუმცა ვაზუსტებდით მტკიცებულებებს, რათა ასეთ მძიმე დანაშაულზე მისთვის ბრალი წარგვედგინა.

გამოძიება გრძელდება და ჯერ კიდევ არ ვიცით ბრალდებულის წინააღმდეგ რა მტკიცებულებებს აღმოვაჩენთ.

მას საზღვარგარეთ აქვს კონტაქტები. დედა ჰყავს საზღვარგარეთ და ქვეყნის საზღვარიც არაერთხელ აქვს დატოვებული, შესაბამისად მიმალვის საფრთხე ნამდვილად არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი ამოღებულია, მას ყველა მიმოწერა წაშლილი აქვს და ეს ამტკიცებს, რომ მტკიცებულებების განადგურებასაც ცდილობდა.

ერთადერთი სასჯელი, რომელიც ამ სამივე საფრთხეს აღკვეთს, არის პატიმრობა. ბრალდების მხარე არც პირად თავდებას და არც გირაოს საკითხს არ განიხილავს. ბრალდებულს არც რაიმე პირადი საკუთრება არ გააჩნია. გირაოს ვერცერთი ოდენობა მისთვის შემაკავებელი ვერ იქნება.

ბრალდების ფსიქიატრიულ მდგომარეობას ჩვენ აუცილებლად შევისწავლით, რათა კიდევ მეტ დეტალს მოეფინოს ნათელი”, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძე.

“ერთადერთი, რაც სალომე ზურაბიშვილს დღემდე არ უკადრია, იყო პატრიარქის მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიასა და პატრიარქზე, დღეს ესეც მოახერხა”

სალომე ზურაბიშვილმა ესეც მოახერხა, პატრიარქს დაესხა თავს, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და, მინიშნების კონტექსტში, საპატრიარქოში მართვის პროევროპულ და რუსულ განსხვავევებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით თავს დაესხა ეკლესიასა და პატრიარქს, რაც ამ დრომდე რადიკალურ ოპოზიციაშიც კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იკადრა.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ თავისუფლად შეიძლება, კომენტარის გარეშე დაგვეტოვებინა, რადგან მგონია, რომ ზედმეტი კომენტარიც არ სჭირდება ამას. რა იყო ის, რაც ქალბატონ სალომეს არ უკადრია დღემდე? ერთადერთი იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა. ეს ადასტურებს იმ მიდგომას, რომ მას შეეცვალა აზროვნება, მართლა ასე ფიქრობს თუ ვიღაც ავალებს, ეს ვიღაც „ნაცმოძრაობაა“ ან მისი პატრონი, არ ვიცი. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ქალბატონმა სალომემ ესეც მოახერხა, პატრიარქს დაესხა თავს. ცოცხალ ადამიანზე, რომელმაც ძალიან დიდი ხანი უნდა იცოცხლოს კიდევ და ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და, მინიშნების კონტექსტში, საპატრიარქოში მართვის პროევროპულ და რუსულ განსხვავევებზე. სად დადგა ეს დღის წესრიგში, რა პროევროპული მართვა? რამე შეამჩნია ისეთი, რომ იყო მართვა, სადაც რუსული ელემენტები იკითხებოდა და ამას პატრიარქს აბრალებს თუ რა ხდება? მგონია, რომ რბილი ნათქვამიც კია – სიბინძურე – თუ ამ კომენტარს დავარქმევთ ამ ტერმინს, თუ ამ სიტყვას გამოვიყენებთ, რადგან აქამდე მას ეს არ უკადრია და იკადრა ის, რაც ყველაზე რადიკალური ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა იკადრა, რამდენიმე ადამიანმა, და ეს არის პატრიარქზე თავდასხმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე, ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი პარლამენტში უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება.

როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, “არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა” არის ის, რასთან დაპირისპირებაც ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე პასუხისმგებლობაა.

როგორც მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ინიციატივის აუცილებლობაზე საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდა, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც “მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას”.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე, განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველანი ვთანხმდებით პრინციპზე, რომ არავის და მით უმეტეს ხელისუფლების საქმე არ არის ვინმეს განსჯა. ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ადამიანის, მათ შორის არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აღმოფხვრა ასეთ ადამიანებზე ზეწოლის, მათი შანტაჟის, პირადი ცხოვრების ხელყოფის უხეში პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების გამორჩეული ხელწერა იყო. ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა, ქართული საზოგადოება არ არის და ვერ იქნება ტოლერანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ. ვხედავთ მძიმე ტენდენციებს მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით. ეს პროპაგანდა სულ უფრო უხეშ ფორმებს იძენს. რაც მთავარია, პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს. შემაშფოთებელია, რომ ეს მაჩვენებელი 7 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, ზრდა კი ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ეს პროპაგანდა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გაქტიურდა.

2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შევზღუდეთ და საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამის მიუხედავად, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას. ჩვენ უკვე გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც უცხოელების მხრიდან ადგილი ქონდა ტერმინოლოგია „ქალისა და მამაკაცის და გენდერული თანასწორობის“ შემოღების მოთხოვნას და ჩვენ ამის უარსაყოფად საკმაოდ სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიხდა (ამის ჩაწერა ნიშნავდა, რომ მდედრობითისა და მამრობითის გარდა, სხვა სქესიც უნდა გვეღიარებინა) დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ. ითხოვენ ე.წ. „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ. ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მაგალითად პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება. ისინი საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია. მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე.

წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. მთელ რიგ სახელმწიფოებში დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც. აქტიურად გამოიყენება ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ. მათ შორის ამის მაგალითები საქართველოშიც გვქონდა გახსოვთ ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თუ სხვა მიმართულებით. ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კი სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.

ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე. ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის მიმართული”, – დასძინა მან.