ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სასაზღვრო კედელი უნდა ააშენოს“ (ავტორი – მარკ ტისენი). პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის პერსპექტიული უსაფრთხოების საკითხი – რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისა და სადემარკაციო ხაზის დადგენის შემთხვევაში: „ახალ საზღვარზე“ კედლის მშენებლობა.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ სასაზღვრო კედლების მშენებლობა სასარგებლოა. „კედლები მუშაობენ“, – თქვა მან. დონალდ ტრამპს ძველებურად გადაწყვეტილი აქვს აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე, მექსიკასთან, კედელი ააშენოს, რასაც ადრე ხელს დემოკრატები უშლიდნენ, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში.
ახლა კი ახალი იდეა გაჩნდა: რა მოხდება, თუ დონალდ ტრამპი კედელს რუსეთსა და უკრაინას შორისაც ააშენებს?
ამჟამად პოლონეთი სასაზღვრო კედელს აგებს რუსეთთან (კალინინგრადის ოლქი) და ბელარუსთან, რომლის საერთო სიგრძე 650 კილომეტრზე მეტია. პოლონელმა ჩინოვნიკებმა კარგად შეისწავლეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დეტალები და შეიმუშავეს სასაზღვრო ბარიერის, რომელიც მოსკოვ-მინსკის ჯარების პოლონეთზე შეტევას ხელს შეუშლის და სავარაუდოდ, მათ შეაჩერებს. პროექტის სახელმწოდებაა „აღმოსავლეთის ფარი“ და მისი განხორციელება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. სასაზღვრო კედელი წარმოადგენს ფიზიკურ ბარიერს და მოიცავს დაკვირვების მაღალტექნოლოგიური სისტემის კომპონენტებს.
ფიზიკური ბარიერია ლითონის კედელი, რომლის ზემოთა ნაწილზე მავთულხლართია გაბმული და რომელიც რიგ მონაკვეთებზე გამაგრებულია ღრმა ტანკსაწინააღმდეგო თხრილით. შემდეგ არის 200-მეტრიანი ველი ტანკსაწინააღმდეგო ბოძკინტებით და ნაღმებით, რომელსაც მოსდევს ტრანშეა – საიდანაც ნატოელი და პოლონელი ჯარისკაცები მომხდურ მტერს შეუტევენ. თუ თავდამსხმელის შეჩერება ვერ მოხერხდება, ასეთ შემთხვევაში ჯარისკაცები მომდევნო გამაგრებულ ადგილზე გადაინაცვლებენ, სადაც არის ტანკსაწინააღმდეგო ხელოვნური ჭაობები, სადრენაჟო თხრილები, სამხედრო ბუნკერები ტყვიამფრქვევებით, ჰაუბიცებით და მიწისქვეშა თავშესაფრებით.
ეს მრისხანე ფიზიკური დაცვა განმტკიცებულია მაღალტექნოლოგიური ელემენტებით, რომლებიც შეუარაღებელი თვალით არ ჩანს. პოლონეთი საზღვრის გასწვრივ ამონტაჟებს საბაზო დამკვირვებელ სადგურებს, რომლებიც სიგნალის სახით ვიდეო და ფოტოინფორმაციებს იღებენ კოსმოსური თანამგზავრებიდან, ასევე აკუსტიკური სენსორები. ინფორმაციები მიიღება აგრეთვე სადაზვერვო თვითმფრინავებიდან და დრონებიდან, დიდი აეროსტატ-რადარებით და დირიჟაბლებით, რომლებიც პერმანენტურად გააკონტროლებენ საჰაერო სივრცეს საზღვართან ახლოს (ხელოვნური ინტელექტის დახმარებით). ეს სისტემები პოლონეთმა აშშ-ის კომპანიებს შეუკვეთა და მათი დამონტაჟების შემდეგ დაკვირვება და თვალთვალი საზღვრის მიღმა ასეულ კილომეტრზე გავრცელდება.
პროექტმა „აღმოსავლეთის ფარი“ პოლონეთში დიდი მხარდაჭერა მიიღო ყველანაირი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან. თავის დროზე პროექტი შეიმუშავა და მისი რეალიზება დაიწყო იმ დროს, როცა პარტია „კანონი და სამართალი“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო. თუმცა კედლის მშენებლობას მისი მემკვიდრეც – „სამოქალაქო პლატფორმაც“ აგრძელებს. „ჩვენი საზღვარი მშვიდობიან დროს უსაფრთხო იქნება, ხოლო ომის დროს – გადაულახავი“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ერთი წლის წინათ.
მაშ განა არ შეიძლება მსგავსი სასაზღვრო ბარიერის აშენება უკრაინაშიც? თუ პოლონეთს აქვს რთული ბარიერის აგების შესაძლებლობა რუსეთის არმიის შესაჩერებლად, განა უკრაინა ვერ ააგებს დასავლეთის დახმარებით მსგავს ბარიერს იმ ტერიტორიაზე, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებისა და შეთანხმების დადების შემდეგ სადემარკაციო ხაზი გაივლის? და რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონის მსგავსად, უკრაინასა და რუსეთს ერთმანეთისაგან დააშორებს?
პროექტი თავისი უპირატესობებით მომგებიანი გარიგება იქნებოდა. პოლონეთის ხარჯები, როცა 650-კილომეტრიანი ლითონის კედლის აგება დასრულდება მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, მიაღწევს 2,5 მილიარდ დოლარს. შესაბამისად, თუ მას უკრაინა-რუსეთის საზღვრისთვის გადავიანგარიშებთ, შესაძლოა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით მეტი დაჯდეს. თუმცა ეს თანხა არაფერი არ იქნება იმ ფულთან შედარებით, რომლის დახარჯვას უკრაინა იარაღის შესაძენად აპირებს – 50 მილიარდ დოლარს. დიახ, იარაღი აუცილებელია, მაგრამ საზღვრის საიმედოდ დაცვა კიდევ უფრო მეტად აუცილებელი, მით უმეტეს, რომ მტკიცედ გამაგრებული საზღვარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მაღალ გარანტიას ნიშნავს.
აქვე შევნიშნავთ, რომ უკრაინის კედლისათვის ამერიკელი გადასახადის გადამხდლები არცერთ ცენტს არ დახარჯავენ. აშშ შეძლებს უკრაინას დაეხმაროს იმ კრედიტების პროცენტებით, რომლის დაფარვისას პოლონეთი ამერიკას გადაუხდის. გარდა ამისა, უკრაინას შესაძლებლობა ექნება „დიდ შვიდეულს“ კრედიტი სთხოვოს (50 მილიარდი დოლარი), რომელსაც იმ ფულით დაფარავს, რომელსაც, სავარაუდოდ, გაყინული რუსული აქტივების პროცენტების სახით მიიღებენ. ასევე, თუ ევროკავშირი დათანხმდება, მშენებლობის ფულად თვითონ აქტივების გამოყენებაც შეიძლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის სასაზღვრო კედელი მაინცდამაინც ძვირი არ დაჯდება, ხოლო მისი ხარჯების გადახდის მექანიზმიც საკმაოდ ბევრია. ყველაფერი, რაც ამისთვის იქნება საჭირო, ესაა სამშვიდობო ხელსეკრულების დადება და პოლიტიკური ნება კედლის მშენებელობისათვის.
უკრაინული საზოგადოების ნაწილი, ალბათ, არ მოიწონებს კედლის აგებას უკრაინის თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებს შორის და მას ერთგვარ თანამედროვე „რკინის ფარდა“ ჩათვლიან. სხვათა შორის, მაგრამ უკრაინელებს უნდა ახსოვდეთ: ბერლინის კედელი დაეცა აშენებიდან 20 წლის შემდეგ. ცივი ომი დასრულდა და გერმანია გაერთიანდა. იგივე შეიძლება მოხდეს უკრაინის შემთხვევაშიც: რადგანაც რუსეთი მის არსებობას სასიკვდილო საფრთხეს უქმნის, ამის გამო სასაზღვრო კედელი – პოლონური „აღმოსავლეთის ფარის“ მგავსად, უკრაინელ ხალს კრემლის მუქარა-საფრთხეებისაგან დაიცავს. დონალდ ტრამპმა კედლის მშენებლობას ხელი უნდა შეუწყოს. იგი მართალია: კედლები მართლაც მუშაობენ.
მოამზადა – სიმონ კილაძემ