Home Blog Page 3

მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები “დარიალის” სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად -ალექსანდრე დარახველიძე

მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის თქმით, შსს მზადაა, დაეხმაროს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მათ შორის აანაზღაუროს ამ პირების დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები და ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით. უპირველესად, მოგახსენებთ, რომ ამ დროისათვის სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფება 87 პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, მათ არ აქვთ
საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.

შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად, რაც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფ პირთა სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს, ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, ასევე, გამოყენებულ იქნა პოლიციის ატაშეების ქსელი, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია შედგა უკრაინაში საქართველოს პოლიციის ატაშესა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება სამშობლოში, უკრაინაში. მათ შორის, ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები.

უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფ პირთა საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე. ხოლო, დღემდე არ მიგვიღია საბოლოო, ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მსგავსი პირების გადაყვანის პრეცედენტები გვქონია – უკრაინული მხარის ჩართულობით, 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან, 37-მა პირმა საქართველო დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით.

აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შესაძლებელია ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება. პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი 15-მდე პირი შიმშილობდა, ყველა მათგანს სურდა, რომ პროტესტის ამ სახით ხმა მიეწვდინათ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებისთვის, რათა უკრაინული მხარის მხარდაჭერითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ნებისმიერი გზით დაბრუნდნენ სამშობლოში, უკრაინაში. მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მათ შორის მზად ვართ ავანაზღაუროთ აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო სამინისტროსთან და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს საჭირო ზომებს, რათა ერთი მხრივ დაცული იქნეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მეორე მხრივ დროულად მოხდეს ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში“ მყოფი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება“, – განაცხადა დარახველიძემ.

ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ გაფორმებულ დეკლარაციას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მოაწერა ხელი.

გარდა ამისა, აშშ-მა ასევე გააფორმა ორმხრივი შეთანხმება თითოეულ ქვეყანასთან ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ეკონომიკური თანამშრომლობის, საზღვრის უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის შესახებ.

შეთანხმება ასევე მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებას, განავითაროს სტრატეგიული ტრანზიტული დერეფანი სამხრეთ კავკასიაში.

გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 პირი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს, ხოლო, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია: 1981 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული ლ.მ., 1992 წელს დაბადებული დ.წ., 1992 წელს დაბადებული ბ.თ. და 1991 წელს დაბადებული გ.შ.

„დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ქალაქ გორში, ბრალდებულმა დ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2003 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს. წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, დაპირისპირებული მხარეები, თანმხლებ პირებთან ერთად მოგვიანებით კვლავ შეიკრიბნენ. განმეორებით მომხდარი დაპირისპირებისას, დანაშაულში ბრალდებულმა პირებმა ლ.ნ.-სა და მისი თანმხლები პირების მიმართ ჯგუფური ძალადობა განახორციელეს, რა დროსაც დ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და ქვედა კიდურების არეში დაჭრა ლ.ნ.-ს ძმა, დ.ნ. და მისი მეგობარი, ე.ნ. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარის შემდეგ, ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დ.გ.-ს სარდაფში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – „Molot Arms”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 236-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში დასრულდა ტრენინგი — „ღია პერიმეტრზე საძიებო-სამაშველო სწავლების პროგრამა”

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში დასრულდა ტრენინგი — „ღია პერიმეტრზე საძიებო-სამაშველო სწავლების პროგრამა”.

5 დღის განმავლობაში, თურქეთიდან სპეციალურად მოწვეული ინსტრუქტორები — იბრაჰიმ ნავრუზი, კონიის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი და გამოცდილი სპეციალისტები: იუსუფ იოზელი, ერდემ იოზთეფე, ჰასან ჰუსეინ გიულთექინი და ჯელალეთთინ სიზირი — ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” სპეციალურად შერჩეულ, სულ 29 კაციან გუნდს უტარებდნენ სხვადასხვა ტიპის საძიებო-სამაშველო თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

კურსის მსმენელებმა თეორიულად და პრაქტიკულად შეისწავლა კატასტროფებზე რეაგირებისთვის აუცილებელი ისეთი საკითხები, როგორიცაა რუკისა და GPS-ის გამოყენება , ძიების ტექნიკა , პირველი დახმარება , თოკის სისტემები , საკაცით ევაკუაცია. წვრთნების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა რელიეფზე ოპერაციული ამოცანებისთვის მზადება, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ევაკუაცია. ჩატარდა სცენარით განსაზღვრული ტაქტიკური წვრთნები.

პროგრამის დასრულების დღეს, გაიმართა საჩვენებელი სავარჯიშო — თოკებისა და სპეციალური სამაშველო სისტემების გამოყენებით მეხუთე სართულიდან დაშვების პრაქტიკული დემონსტრაცია, რომელსაც ესწრებოდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) კოორდინატორი საქართველოში, ქალბატონი ზეინეფ ბაირაქი.

ამის შემდეგ, გაიმართა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია, რომელშიც ქალბატონმა ზეინეფ ბაირაქმაც მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი განხორციელდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერითა და ორგანიზებით.

მოხალისეთა ორგანიზაცია გულითად მადლობას უხდის TİKA-ს როგორც ტრენინგის უზრუნველყოფისთვის, ასევე მნიშვნელოვანი საძიებო-სამაშველო ინვენტარისა და ეკიპირების გადმოცემისთვის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ცენტრის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში.

ცესკო იმ პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ს რეგისტრაციისთვის მიმართეს

ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო-ს რეგისტრაციისთვის მიმართეს.

ცესკო-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ცესკო-ს 17-მა პარტიამ მიმართა, მათგან 14 უკვე რეგისტრირებულია, სამი კი განხილვის პროცესშია.

არჩევნებისთვის უკვე რეგისტრირებული არიან პარტიები: „ქართული ოცნება“, „ძლიერი საქართველო – ლელო“; „გახარია საქართველოსთვის“; „გირჩი“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „კონსერვატორები საქართველოსთვის“; „მამული, ენა, სარწმუნოება“; „სახალხო ხელისუფლება“; „საქართველო“; „მემარცხენე ალიანსი“; „ქართველ ერთობა“; „მწვანეთა პარტია“; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; „თავისუფალი საქართველო“.

რეგისტრაციის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება სამი პარტიისთვის. ესენია: „მესამე გზა“; „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“; „დემოკრატთა ალიანსი“.

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე-12-13 დღე. ამ დღეს მთავარია, ხშირად ისაუბროთ. არაფერს გააფუჭებინოთ კარგი განწყობა. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებელია კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ახალ შემოთავაზებებს  მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ დარწმუნებული ხართ ყველა დეტალში.

გახსოვდეთ, ემოციების კონტროლი მთავარია. ახლა ყველაზე მეტად ერიდეთ პრობლემებს.

ვერძი

იმისათვის, რომ მომავალში სანანებელი არ გახდეს თქვენი დღევანდელი ქმედება, კარგად გააკონტროლეთ ყოველივე. ნუ გადაერთვებით საქმიანობის ერთი სფეროდან მეორეზე, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ დაწყებულს.

კურო

მიზნის მისაღწევად, საჭიროა არ გათქვათ წინასწარ თქვენი გეგმები. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია პოზიტიური ტენდენციები, თუმცა, არაკეთილმოსურნე ადამიანებთანაც მოგიწევთ გამკლავება.

ტყუპები

იზრუნეთ სულიერი სამყაროს გაჯანსაღებაზე, იყავით ყურადღებით და ფხიზლად, რათა არ გამოგეპაროთ თქვენი დრო, როცა სამყარო შანსს მოგცემთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ დაუფიქრებელ სიტყვებსა და გადაწყვეტილებებს. ემოციების კონტროლი გამარჯვებას მოგიტანთ ყველგან და ყველაფერში. წარმატების აღსანიშნავად გამართეთ საოჯახო მხიარული ვახშამი.

ლომი

მნიშვნელოვანი და კარიერული საკითხების გადასაწყვეტად, სასიკეთო დრო დგება. საქმიან სფეროში არსებული სირთულეების მიუხედავად, საკმარისი ძალები გექნებათ წარმატების მისაღწევად.

ქალწული

შესაძლოა, ახალმა პერსპექტივამ თავბრუ დაგახვიოთ, გამოიჩინეთ გონიერება და თავმდაბლობა.

სასწორი

საქმიან სფეროში, შესაძლოა, გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ იჩინოს თავი. სჯობს, კარგად გააანალიზოთ თითოეული შემოთავაზება და დეტალურად გაიაზროთ სავარაუდო შედეგი.

მორიელი

წარმატებული დღეა. კარგად წარიმართება მოლაპარაკებები, შეხვედრები. 

მშვილდოსანი

თუ წინდახედულად და სწრაფად იმოქმედებთ, თქვენ გაიმარჯვებთ. შესაძლოა, ახალი მნიშვნელოვანი შემოთავაზებაც მიიღოთ.

თხის რქა

სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები და თანმიმდევრული გეგმით მიჰყევით საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგიისგან დაიცლებით, გააკონტროლეთ კვების რაციონი.

მერწყული

შეეცადეთ, მოაწესრიგოთ ურთიერთობები კოლეგებთან და არ აჰყვეთ კამათსა თუ კონფლიქტურ შემოტევებს. იზრუნეთ მშვიდი და პოზიტიური გარემოს შექმნაზე.

თევზები

თუ გარკვეული უთანხმოებები ან პრეტენზიები გაქვთ უფროსობასთან, შეეცადეთ, მოაგვაროთ და გარკვეულობა შეიტანოთ ურთიერთობებში. იმოქმედეთ მშვიდად და თავდაჯერებულად.

მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება – ამინდი იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:

8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ცესკოში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დასრულდა.

კანდიდატების შერჩევის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51- მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე.

კონკურსანტებთან გასაუბრება დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ. ასევე ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა ლაივ რეჟიმში ენახა იმ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ლაივში ჩართვაზე.

რაც შეეხება კონკურსს – 73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. 254 კონკურსანტიდან ბოლო სამ საერთო არჩევნებზე და ასევე 2022 და 2023 წლების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება აქვს 183 კონკურსანტს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება – 27 კონკურსანტს. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა მიღებული აქვს 178 კონკურსანტს.

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს ცესკო სხდომაზე ხვალ, 9 აგვისტოს აირჩევს, რის შემდეგაც არჩეულ პირთა შესახებ ინფორმაცია განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე.

პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადდება გარიგება, რომელიც უკრაინას არ მოეწონება – Bloomberg

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ და რუსეთი მუშაობენ უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციას გაამყარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის პირადი შეხვედრის დროს, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.

ამჟამად ვაშინგტონი ცდილობს მიიღოს კიევისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა ამ გარიგებისთვის.

პუტინი მოითხოვს, რომ უკრაინამ სრულად გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, ასევე უარი თქვას ოკუპირებულ ყირიმზე. ამის სანაცვლოდ, მოსკოვი შეაჩერებს შეტევით მოქმედებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, „ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება პუტინისთვის, რომელიც დიდი ხანია ცდილობს აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს უკრაინისა და მისი პარტნიორების გვერდის ავლით.

ამასობაში, ევროპა შიშობს, რომ სწორედ მას მოუწევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გაკონტროლება, ვიდრე რუსეთი საკუთარ სამხედრო პოტენციალს აღადგენს.

სააგენტო Bloomberg-ის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ შესაძლო შეთანხმების პირობები და დეტალები ჯერ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული და შეიძლება შეიცვალოს. მისი მიზანია ომის აქტიური ფაზის გაყინვა, ზავისა და საბოლოო მოგვარების შესახებ შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნა.

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“; „მეთადონი“; „ალფაპევეპე; „ბუპრენორფინი“, „ფენტალინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, „კოკაინი“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ), 265-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება ნასამართლევი პირის მიერ); 260-ე მუხლის პირველით და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის, დიდი ოდენობით). 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაცია), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (არაერთგზის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს.

საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გაატარებს“, – აცხადებენ პროკურტურაში.

ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, საქართველომ პირველად წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე პეკინში და პირველივე წელს მედლის მოპოვებაც შეძლო.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი თემიკო მაჭავარიანი გახდა. საპატიო სიგელი კი ანტონ ინგოროყვამ მოიპოვა. საპატიო სიგელი იმ მონაწილეებს გადაეცემათ, რომლებიც ოლიმპიადის ორი დღიდან რომელიმე დღეს მონაწილეების ნახევარზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ოლიმპიადაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ოლიმპიადის ამოცანები საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტმა შეადგინა და საქართველოს ნაკრებმა კონკურენტულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, წელს კი მას პეკინმა უმასპინძლა.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარების კულტურას, პროფესიონალების განვითარების პროცესსა და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ ტექნოლოგიური განათლების პროგრამებს სთავაზობს.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირთულია უდიდესი გულისტკივილით, რაც უკავშირდება 17 წლის წინ განხორციელებულ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას – ახვლედიანი

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, გამოხატა თანაგრძნობა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

თეა ახვლედიანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო გორშიც. სახელმწიფო მინისტრმა გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა – მეუფე ანდრიამ აღავლინა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირთულია უდიდესი გულისტკივილით, რომლითაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იმ უმძიმეს დანაკარგს, რაც უკავშირდება 17 წლის წინ განხორციელებულ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას და ჩვენი განუყოფელი ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციას. დღესაც, ტრადიციულად გორიდან მსურს განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩვენი სახელოვანი გმირების ხსოვნას, ნამდვილად სიმამაცით და სულიერი სიმტკიცით გამორჩეულ ჩვენს მამულიშვილებს, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომში თავი შესწირეს ქვეყნის ერთიანობის და ღირსების დაცვას; და მსურს თანაგრძნობა გამოვუცხადო მათ ოჯახებს. შეიარაღებული მოქმედებების და ჩვენი ქვეყნის ორ რეგიონში დღემდე მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი უმძიმესი შედეგების დაძლევა ჩვენი ხელისუფლების მთავარ ამოცანად და გამოწვევად რჩება, რაც განსაკუთრებით დღეს, ცხადჰყოფს, რომ მშვიდობის დაცვას და მის განმტკიცებას ალტერნატივა არ გააჩნია! სწორედ ამ პრინციპის განუხრელი დაცვით, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვაგრძელებთ სამშვიდობო ძალისხმევას იმ მიზნითა და რწმენით, რომ აუცილებლად შევძლებთ ომით დროებით გაყოფილი ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგებას და ხალხის გაერთიანებას ძლიერ, განვითარებულ და გამთლიანებულ საქართველოში,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.