Home Blog Page 3

ლევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა

„საქართველოს რკინიგზას“ ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს – გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა წარადგინეს. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ლაშა აბაშიძეს აქვს რკინიგზის სექტორში და საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, რაც ნიშნავს, რომ ადაპტაციის ეტაპი მოკლე და ეფექტური იქნება. მან წარმატება უსურვა ლაშა აბაშიძეს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის პოსტზე და მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს გაწეული საქმიანობისთვის.

„რკინიგზის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომისთვის. განსაკუთრებით, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. ჩვენი ინტერესია, გაიზარდოს როგორც გადაზიდვების მოცულობა, ისე შემოსავლები,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლაშა აბაშიძეს „საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2006-2009 წლებში კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის იყო შესყიდვების სააგენტოს უფროსი, სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე და ოპერაციათა მართვის ხელმძღვანელი. ლაშა აბაშიძე პროფესიით იურისტია, ხოლო მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს საჯარო ადმინისტრაციის მართვის მიმართულებით.

2015-2017 წლებში ლაშა აბაშიძე თბილისის ვიცე-მერი იყო, 2014-2015 წლებში – ვაკის გამგებელი, ხოლო 2013-2014 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ლაშა აბაშიძემ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით ფერაძე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მაისის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი  ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი. 

მაისის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი 16 მაისს, ონლაინ ფორმატში, სტრატეგიული მენეჯმენტის თემატიკაზე ჩატარდება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება.
  • მეორე შეხვედრა 20 და 23 მაისს, ასევე, ონლაინ ფორმატში გაიმართება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა – SOE და AI ციფრულ მარკეტინგში. ტრენინგს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე ჩაატარებს.
  • მესამე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში,  22 მაისს გაიმართება და ის ESG თემატიკას  – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი” დაეთმობა. შეხვედრას  საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.
  • 22 მაისს გაიმართება კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მაისის  თვის ბოლო, მეხუთე ტრენინგი, 27 და 28 მაისს, საცალო ქსელებთან მოლაპარაკების სტრატეგიების შეეხება  და მას ბიზნესკონსულტანტი, ია ნადირაშვილი გაუძღვება.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education ,სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

R

დაკავებულია პირი, რომელიც 62 წლის ქალს ფსიქოლოგიური ძალადობითა და მუქარით, ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 1963 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საფრანგეთი და გერმანია ფრანკო-გერმანულ თავდაცვით და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან – Euronews

საფრანგეთი და გერმანია ფრანკო-გერმანულ თავდაცვით და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკრონის თქმით, საბჭო სტრატეგიულ გამოწვევებზე ოპერატიული რეაგირებისთვის რეგულარულად შეიკრიბება. გარდა ამისა, ორი ქვეყანა თავდაცვაში ინვესტირებას მაქსიმალურად გააგრძელებს.

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა გაუთვალისწინებელ ხარჯებზე ან დაგროვილ დავალიანებაზე მთელ შემოსავალს დახარჯავთ. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, თქვენი ნიჭი და უნარები გამოავლინოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა. თუ ამ დღეს მსხვილი გარიგება ან ან მოგებიანი შეთანხმება შემოგთავაზეს, უყოყმანოდ დათანხმდით. სწრაფი შედეგების იმედი ნუ გექნებათ – გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ, შეფერხდება, მაგრამ საბოლოო შედეგი ძალიან სასარგებლო იქნება. მეგობრებისა და ახლობლების დახმარებაზე უარი არ უნდა თქვათ- ეს თქვენი პრობლემების გადაჭრის გასაღებია. ფრთხილად იყავით – მოულოდნელი შეხვედრა ან ახალი ამბავი გელით, რომელმაც შეიძლება, მწყობრიდან გამოგიყვანოთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციები აკონტროლოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი სამუშაო დღეა, აქტიური ბრძოლისა და ახალი მიღწევების პერიოდი. პლანეტები გირჩევენ თავი შეიკავოთ უსარგებლო კამათისგან. წვრილმანები დათმეთ, რათა მთავარი მოიგოთ.

კირჩხიბი

მოემზადეთ ბედის უეცარი შემობრუნებისთვის და ძალები დაზოგეთ. ახლა ყველაზე მეტად მეგობრების მხიარული კამპანია, საინტერესო მოგზაურობა და გასართობი გჭირდებათ. ფრთხილად იყავით – დღეს ემოციების შეკავება გაგიჭირდებათ.

ლომი

ვარსკვლავების ხელსაყრელი მდებარეობა ფინანსურ მდგომარეობაში სასიკეთო ცვლილებებს გპირდებათ, მაგრამ მოულოდნელი ხარჯები ან ახლობელი ადამიანის მიმართ გამოჩენილი გულუხვობა მთელ შემოსავალს წაიღებს. სიამაყე და სიზარმაცე ამ დღეს საშუალებას არ მოგცემთ, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინოთ.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დაწყებული სამუშაოს ბოლომდე მისაყვანად ეცადეთ, ძალები გონივრულად გაანაწილოთ. დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან შეხვედრა გელით.

სასწორი

ხელსაყრელი დღე აქტიური ბრძოლისა და ახალი მიღწევებისთვის. ეცადეთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თანმიმდევრულად მიჰყვეთ. ეს დღე თქვენს სიმტკიცეს და საქმიან უნარებს გამოცდას მოუწყობს. გირჩევთ, ურთიერთობებში ზომიერება დაიცვათ, ზედმეტი დავა და პრეტენზიები თავიდან აიცილოთ.

მორიელი

სავარაუდოდ, ამ დღის პრობლემები და გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები ნანატრი მოგზაურობის დაწყებაში ხელს შეგიშლით. მოვალეობისა და საკუთარი ღირსების გრძნობა თქვენი ქცევის საფუძველია. მოსალოდნელია სექსუალური პოტენციალისა და მომხიბვლელობის ზრდა, რაც მიზნების მიღწევას და ბიზნესში ახალი პარტნიორების მოზიდვას გაგიადვილებთ.

მშვილდოსანი

აქტიური ბრძოლისა და ახალი მიღწევების პერიოდია. წარმატებისთვის მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა გმართებთ. პლანეტები გირჩევენ, უსარგებლო და არაპრინციპული კამათისგან თავი შეიკავოთ. მოზღვავებულმა ემოციებმა და ფეთქებადმა ხასიათმა შეიძლება, უახლოეს ადამიანებთან კონფლიქტი გამოიწვიოს, რაც თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევს.

თხის რქა

ამ დღეს ძალების გონივრულად განაწილება გმართებთ, რათა დაწყებული სამუშაო ბოლომდე მიიყვანოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დაწყებისა და შემოსავლის ახალი წყაროების მოძებნისთვის. მშვენიერი შანსი მოგეცემათ, რომ პირად ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.

მერწყული

მოულოდნელი გარემოებები ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას და სრულიად უცხო საქმის კეთებასაც კი გაიძულებთ. თქვენი საქმიანობის საბოლოო შედეგი მხოლოდ სწრაფი რეაგირების უნარზეა დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის უმნიშვნელო გაუმჯობესება.

თევზები

ეს დღე ცხოვრების ახალ ეტაპის დაწყებას განასახიერებს. სავარაუდოდ, ის სასიამოვნო სიახლით დაიწყება, დიდი მოულოდნელობით გაგრძელდება და საყოველთაო აღიარებით დასრულდება. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმე დროულად დაასრულოთ და ნათესავებთან ხანგრძლივი დავა შეწყვიტოთ.

“ელჩებმა თავიანთი დიპლომატიური მანტიები მოიხსნეს, ჩამოკიდეს და პირდაპირ ჩაერთნენ არჩევნებში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ” – შალვა პაპუაშვილი

“ის, რომ ჩვენ არ გვყავს, რეალურად ქმედითი ოპოზიცია და არის გარედან მიღებული დაკვეთების შემსრულებელი ინსტრუმენტი, ეს, საერთო ჯამში, ვნებს ქართულ დემოკრატიას, რადგან დემოკრატია საჭიროებს ოპონირებას სხვადასხვა ძალებს შორის,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერი მოსახლეობა ფრუსტრირებულია, რადგან მათ გამარჯვებაზე არარეალისტური მოლოდინები შეუქმნეს.

“ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ სად არის პრობლემა და როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ დავიბრუნებთ იმ მოქალაქეებს, დავაბრუნებთ რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში, ვგულისხმობთ ამომრჩეველს, რომელიც შეიძლება იყოს კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ხმა მისცა ოპოზიციას და ამ ამომრჩეველმა განიცადა იმედგაცრუება. როდესაც ელჩებმა თავიანთი დიპლომატიური მანტიები მოიხსნეს, ჩამოკიდეს და პირდაპირ ჩაერთნენ არჩევნებში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, ყველას აძლევდნენ იმედს, რომ თითქოს იქნებოდა მათი გამარჯვება. გახსოვთ 27 ოქტომბერი – ვიდეოებსაც კი დებდნენ აქტივისტები, აბსოლუტური ტრაგიზმით, ტირილით, იმის გამო, რომ შეუქმნეს არარეალისტური იმედები ზოგიერთმა ელჩმა, დიპლომატმა და უცხოელმა პოლიტიკოსმა.

აქ ჩამოდიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და მიტინგებს ატარებდნენ – წარმოგიდგენიათ, რა გადაიტანა ჩვენმა საზოგადოებამ? ფაქტობრივად, ჩათვალეს, რომ შეეძლოთ ხაზი გადაესვათ ჩვენი სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ხან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხან ლიეტუვის, ხან რომელი და ხან რომელი, აქ მიტინგებს გვიმართავდნენ. ელჩები გამოდიოდნენ და საარჩევნო ბანერებს გვიფასებდნენ – ასე სჯობდა თუ ისე სჯობდა. ასეთ აბსურდში გვაცხოვრეს, მისცეს იმედები და არის ფრუსტრირებული ეს ამომრჩეველი.

ის, რომ ჩვენ არ გვყავს, რეალურად ქმედითი ოპოზიცია და არის გარედან მიღებული დაკვეთების შემსრულებელი ინსტრუმენტი, ეს, საერთო ჯამში, ვნებს ქართულ დემოკრატიას, რადგან დემოკრატია საჭიროებს ოპონირებას სხვადასხვა ძალებს შორის,” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ჯეი დი ვენსი – ვფიქრობთ, რომ რუსები ზედმეტად ბევრს ითხოვენ

მიგვაჩნია, რომ რუსები ახლა ზედმეტად ბევრს ითხოვენ. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.

“ერთ-ერთი რამ, რაშიც პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის კარგი იყო და ბევრი უსამართლო კრიტიკა მიიღო როგორც ამერიკული, ისე ზოგიერთი ევროპული მედიისგან, არის სტრატეგიული რეალიზმი ან სტრატეგიული ჩახედულობა.

სხვა სიტყვებით, აუცილებელი არაა ეთანხმებოდე რუსეთის მიერ ომის გამართლებას და ნამდვილად მეც და პრეზიდენტმაც გავაკრიტიკეთ ფართომასშტაბიანი შეჭრა, მაგრამ უნდა ეცადო გაიგო, საიდან გამოდის მეორე მხარე, რათა ომი დაასრულო. და, ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ცდილობდა, რომ რუსებს ეთქვათ: “ეს არის რაც გვსურს, რათა კონფლიქტი დავასრულოთ”.

და, კიდევ ერთხელ, აუცილებელი არაა ამას დაეთანხმო, შეგიძლია იფიქრო, რომ მათი მოთხოვნა ზედმეტად დიდია. და ნამდვილად, პირველი სამშვიდობო შემოთავაზებაზე, რომელიც რუსებმა მაგიდაზე დადეს, ჩვენი რეაქცია იყო, რომ ზედმეტად ბევრს ითხოვთ. მაგრამ მოლაპარაკებები ასე ვითარდება.

ახლა ძალიან პესიმისტური არ ვარ ამაზე, ვერ ვიტყვი, რომ რუსები დაინტერესებული არ არიან ამის მოგვარებაში, მაგრამ ვიტყვი, რომ რუსები ახლა გარკვეულ მოთხოვნებს, გარკვეულ დათმობებს მოითხოვენ კონფლიქტის დასასრულებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი ზედმეტად ბევრს ითხოვენ.

რა თქმა უნდა, უკრაინელებს აქვთ დიდი მნიშვნელობა. ისინი არიან ამ პირდაპირი კონფლიქტის მეორე მხარე. და უნდა ვკითხოთ, რა სჭირდებათ მათ, რათა ეს კონფლიქტი წარმატებულ დასასრულამდე მივიყვანოთ. და გავაგრძელებთ ამ საუბარს”, – განაცხადა ვენსმა.

დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

“ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, რის გამოც, გადაუდებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

საპრევენციო ღონისძიებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ, 12-მეტრიანი ავტობუსები N323, N317, N370 და N395 მოძრაობენ დავით გურამიშვილის გამზირიდან თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, ხოლო წერეთლის გამზირის გავლით უკავშირდებიან სადგურის მოედანს; N323 და N395 სადგურის მოედნიდან მოძრაობას ფიროსმანის ქუჩით განაგრძობენ და უერთდებიან გიორგი ჩიტაიას ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან დადგენილი სქემით, ორივე მიმართულებით.

რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, N333, N362 და მიკროავტობუსები – N416, N436, N507 და N517, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობისას, შედიან რევაზ ურიდიას ქუჩაზე, საიდანაც გადაადგილდებიან ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე. ამის შემდეგ, ხუდადოვის ქუჩაზე მარჯვნივ მოხვევით, ისევ უკავშირდებიან დადიანის ქუჩას (ე.წ. გადასასვლელ ხიდთან) და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი მარშრუტებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,არავის დავუკავებივარ და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – დავით რიჟვაძე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

ის აჭარის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო და თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც “პრაიმტაიმთან“ დავით რიჟვაძემ განაცხადა, ის არავის დაუკავებია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“სამწუხაროა, რომ ზოგიერთი თქვენი კოლეგა გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. არავის არ დავუკავებივარ, ვიმყოფები ოჯახში, არც არავის არ დავუბარებივარ. პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე დაკავებული თანამდებობა. ამ ეტაპზე არაფრით არ ვარ დაკავებული. მეტი ყურადღება და დრო მინდა დავუთმო საკუთარ თავს და ოჯახს.

32 წელი ღირსეულად, ჩემს ღირსეულ კოლეგებთან ერთად, ვემსახურე ამ რეგიონს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულიად საქართველოს. ამაყი ვარ იმ 32 წლით, რაც ვიმსახურე შინაგან საქმეთა ორგანოებში”, – განაცხადა დავით რიჟვაძემ.

მან ასევე ისაუბრა თორნიკე რიჟვაძის მიერ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დატოვებასთან დაკავშირებითაც.

“როდესაც თანამდებობაზე იყო, პოლიტსაბჭოს წევრობა მაგას უკავშირდებოდა. თანამდებობა დატოვა, შესაბამისად დატოვა პოლიტსაბჭოს წევრობაც.

წარმატებას ვუსურვებთ მეც და ჩემი ოჯახიც განახლებულ პოლიტსაბჭოს და ვრჩებით ერთგულ ჯარისკაცებად. მეც და ჩემმა შვილმაც პირად საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება. 32 წელი ვიმუშავე, ვიმსახურე და გადავწყვიტე, მეტი დრო დავუთმო საკუთარ თავს და შვილიშვილებს”, – განაცხადა დავით რიჟვაძემ.

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აშშ-ის საელჩოს მიერ სავარაუდო ბომბების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.

მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

ინფორმაცია სავაჭრო ცენტრებში ბომბების სავარაუდო არსებობის შესახებ აშშ-ის საელჩომ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და საკუთარ მოქალაქეები გააფრთხილა.  

,,სანქციები უკვე გაცვეთილია და რაც უფრო მეტად გაზრდიან მასშტაბს, მით უფრო ექნება უკუეფექტი”- გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს მიმართ სანქციები არ მოქმედებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სანქციები უკვე გაცვეთილია და რაც უფრო მეტად გაზრდიან მასშტაბს, მით უფრო ექნება უკუეფექტი.

„ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა თქვა, რომ სანქციები და უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკუეფექტს იწვევს და თავი ხომ არ შევიკავოთო. მიხვდნენ, რომ ქართულ საზოგადოებაში მათი პოლიტიკის მიმართ უკუეფექტი ჩნდება, რადგან საქართველოს ევროკავშირში იმიტომ უნდა, რომ მშვიდობა, ეკონომიკა და მეგობრობა გაიზარდოს. იმას თუ ამბობენ, რომ ვიდრე კაცების ქორწინება არ დაკანონდება და ომს არ დაიწყებთ ქვეყანაში, მანამდე ევროკავშირში არ შემიგიშვებთო, რა თქმა უნდა, ამაზე ქართული საზოგადოება უარს იტყვის, რადგან რეალურ ევროპულ ღირებულებებს კარვად ვიცნობთ. სანქციები უკვე გაცვეთილია და რაც უფრო მეტად გაზრდიან მასშტაბს, მით უფრო ექნება უკუეფექტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის“ და „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას” – ლევან კოღუაშვილი

რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ეხმიანება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის შინაარსს ატარებს.

მისი განცხადებით, „ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის“ და „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას”.

„არ ვიცი რატომ გააკეთა ეს. ფულის გამო, კომპლექსების გამო, სკანდალის სიყვარულის გამო, რომ ნამდვილი შემოქმედების ნაკლებობა გადაიფაროს. შეიძლება უგემოვნების გამო, რადგანაც რაც ვნახეთ, ყველაფერთან ერთად ძალიან ზედაპირული, ვულგარული, სასაცილო და პროვინციული ცირკია.

შეიძლება მიზეზი ქედმაღლობასა და მარტივად უზრდელობაშია. იმიტომ, რომ შეიძლება მართლმადიდებლობა გძულდეს, მაგრამ ელემენტარული ზრდილობაა და აღზრდაა, რომ იმ ქვეყანას, რომელშიც ცხოვრობ, ოდნავ მაინც პატივი სცე და მისი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ყველაზე ძვირფასს ასეთი უხამსი ფორმით არ აგინო.. ამის ცოდნას დიდი განათლება არ უნდა. თუმცა აქ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ უზრდელობა…

ერთი რამეა კარგი ამ ყველაფერში. როგორც ვიცი, ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის, ხოდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას, რამდენად პატივს სცემენ მის ხალხს, ფასეულობებს, რწმენას.. წარმოიდგინეთ ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდენენ რეებს დაატრიალებენ “თავისუფლების” და პროგრესის სახელით… თუმცა არაფერი ახალი არ არის ამაში. გაიხსენეთ ბოლშევიკები… ჯერ რელიგიას დასცინოდნენ, მერე ხატებს წვავდნენ და ტაძრებს ანგრევდნენ, მერე კიდევ სისხლის მდინარეები დააყეენეს..

ამით ცხადია, ვერც რწმენას დააკლებენ რამეს და ვერც ამ ქვეყანას.. თავის თავს მტრობენ და ეს არის ყველაზე ცუდი.. რატომ? რისთვის? რაში ხარჯავენ ნიჭს, ენერგიას, ცხოვრებას? ყველაზე მეტად თვითონაა ცოდვა და ისინი, ვინც ამ საქმეში ჩაითრია. ერთია, როცა მარტო შენ თავს ვნებ, მაგრამ გაცილებით უარესია, რომ სხვებსაც ხდი თანამონაწილეს. მთელი გულით ვუსურვებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიხვდეს რა გააკეთა”, – აცხადებს რეჟისორი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო.