Home Blog Page 3

ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო – ცესკო

26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო – ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი) საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად. ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა რომ ამის ვალდებულება არ ყოფილა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის  აუდიტი.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. მათ შორის ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია, სწავლებები, რომლებიც ჩატარდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიზნით განხორციელებული აქტივობები. ხაზგასმულია, რომ ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას  არ  გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ცესკოს მხრიდან პარტიების რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად წარიმართა. ამასთან ანგარიშში საუბარია, რომ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს საარჩევნო ადმინისტრაცია მყისიერად აქვეყნებდა, ხოლო ცესკოს სხდომების ნახვა შესაძლებელი იყო ლაივ რეჟიმში, რაც ინფორმაციაზე  ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი, რაც ადასტურებს რომ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში ამ თემაზე დაინტერესებული მხარეების მიერ განხორციელებული  ბრალდებისა და ზეწოლის კამპანია იყო უსაფუძვლო და საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პრაქტიკისა და კანონის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და საყურადღებო  რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობასთან მიმართებაში სადამკვირვებლო მისია გასცემს საარჩევნო მასალების დახვეწის, საუბნო საარჩევნო კომისიების შენობების შერჩევისა და კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების რაოდენობის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად გაეცნობა და შეისწავლის დასკვნაში ასახულ ყველა რეკომენდაციას, და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მოსაზრებებს ამა თუ იმ რეკომენდაციასთან მიმართებაში. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის მოსაზრებების გაცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს ორგანიზაცია რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესს საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ეუთო/ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით.

მთლიანობაში, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული.

როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რაც ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა.

კობახიძის თქმით, მოსალოდნელია ოპოზიციის მხრიდან ეუთო/ოდირის მიმართ თავდასხმები.

„მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს. თქვენ ნახეთ, როგორი მძიმე რექცია ჰქონდა ოპოზიციას საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტზე, იხილეთ აგრესიული თავდასხმები ალენ ბერსეს მიმართ. ჩვენ ველოდებით კიდევ ერთხელ ასეთ აგრესიულ თავდასხმას ეუთო/ოდირის მიმართ. ეს დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იქნა არჩევნების შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია დიდი გაღიზიანება რადიკალურ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც.

რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირთან თანამშრომლებისთვის, ამ დასკვნაში არის კონკრეტული რეკომენდაციებიც წარმოდგენილი და მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ყველა რეკომენდაციის სათანადოდ განხილვისთვის და შესაბამისად გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაციები, სადაც ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს – ეუთო/ოდირი

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

“აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“.

„არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასების დროს ODIHR-მა აღმოაჩინა, რომ საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა, რაც სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზღუდავდა, ხოლო პროტესტების ძალისმიერმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა მშვიდობიანად შეკრების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გააჩინეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

„მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა პასუხი გასცენ ყველა წუხილს,” – განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევის შედეგად, თუმცა ბრიუსელი კვლავ მის ხელშია – ორბანი

J

სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევის შედეგად, თუმცა ბრიუსელი კვლავ მის ხელშია, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„სოროსის ქსელს ორი შტაბ-ბინა ჰქონდა, მაგრამ სოროსის ქსელმა დაკარგა ამერიკა. ახლა ის კონცენტრირდება ბრიუსელში. ასე რომ, ჩვენი მომავლის გასაღებია, შეძლებენ თუ არა „პატრიოტები“ [ევროპული პოლიტიკური გაერთიანება] უმრავლესობის მოპოვებას და სოროსისგან ბრიუსელის დაბრუნებას. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და დღითიდღე ვძლიერდებით“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

პარლამენტის წინ აქცია დაიწყო – აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

პარლამენტის წინ აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ცოტა ხნის წინ აქციას მსვლელობით იურისტთა მარში შეუერთდა, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო სტარტი და მსვლელობით რუსთაველის გამზირამდე მივიდა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საპროტესტო მსვლელობით მოგზაურობის მოყვარულთა მარშიც შეუერთდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერებით მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყეს.

პარალელურად, აქციას შეუერთდნენ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები და ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ასევე მსვლელობით მოვიდნენ პარლამენტთან.

მოქალაქეები უკვე 23-ე დღეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნა.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა – გივი ჩხარტიშვილი

მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და მიმდინარე პროცესებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და მათ ქვეყნის გამყიდველები უწოდა.

„თქვენ რომ ქვეყანა გიყვარდეთ, თქვენ რომ ღირსება გაგაჩნდეთ, მოსახლეობას შეცდომაში არ შეიყვანდით, არ მოატყუებდით, თითქოს ქვეყნის ბედი გადარდებთ. იმედს ვიტოვებ, ოპოზიციაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოიჩენენ გონიერებას და ამ არეულობას სამუშაო რეჟიმში გადაიყვანენ. უპასუხისმგებლობაა, რომ არ ერთვებით სამუშაო პროცესებში, არაფერზე შეგტკივათ გული და ამის ფონზე ჩვენ გვიყენებთ ბრალდებებს. მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და მიმდინარე პროცესებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდა“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს მიმართა.

„მე პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, თუმცა აქვე მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო, რომ არ აჰყვნენ სიცრუის იმ პროპაგანდას და საზოგადოების ბულინგს, რაც გამუდმებით ისმის პარტიული ტელევიზიების ეთერებიდან’’, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, მიუღებელია ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების რუსეთუმეებად მოხსენიება მაშინ, როდესაც სწორედ არსებული ხელისუფლების დროს მოხდა უვიზო მიმოსვლის შემოღება, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის.

„თქვენ რა გააკეთეთ ქვეყნისთვის – რუსეთს ჩააბარეთ ტერიტორიები, მიატოვეთ ქვეყნისთვის გმირულად დაღუპული ბიჭები და ამ ყველაფრის მერე გამოდიხართ და ამბობთ, რომ ქვეყნის წინსვლა და ევროკავშირში შესვლა გინდათ“, – აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია – მაჭარაშვილი გვარამიაზე

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის განცხადება მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია თაღლითია.

„როდესაც გვარამია „რუსთავი2“-ში მუშაობდა და სასამართლომ ის გაამტყუნა თანხის მითვისებაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატყდა ჟრიამული, რომ როგორ შეიძლებოდა მედია მენეჯერის დაკავება, ეს იყო ტყუილი და ა.შ. ახლა, კიდევ ერთხელ, ხომ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია. ოქუაშვილმა აღიარა, რომ 100 ათას ლარამდე ხელფასი აქვს რაში, იმაში რომ ერთი წუთით შევიდეს კარავში და მერე სახლში თბილად დაიძინოს, მერე წავიდეს ბრიუსელში და ა.შ. ამაში იღებს 100 ათას ლარს.

მინდა ვკითხო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციებზე იყინებოდნენ და ვკითხო იმ თანამშრომლებს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებაში ხელს უწყობენ დეზინფორმაციის მანქანას, როგორიც არის „მთავარი არხი“, რატომ იღვწიან?! იმისთვის, რომ გვარამიამ 100 ათასები ჩაიდოს ჯიბეში და თვითონ დეზინფორმაცია გაავრცელებინოს ამ ახალგაზრდებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, რომ გვარამიამ და გაბუნიამ, საკუთარი დანაშაულების გადასაფარად ქვეყნისთვის მწვავე პერიოდი აირჩიეს, შეეცადნენ, საკითხი ისე წარმოეჩინათ, თითქოს გიორგი ქურდაძემ შეუქმნა დაბრკოლებები

საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს – კაია კალასი

საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი X-ზე წერს.

კაია კალასის განცხადებით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერების გარდა, ასევე განიხილება დამატებითი ზომები.

„საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს. დღეს მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ – შემოგვაქვს წინადადება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. ასევე დამატებით ზომებს განვიხილავთ“, – წერს კაია კალასი.

,,გვარამია და გაბუნია, „მთავარ არხზე“ საკუთარ ფინანსურ დანაშაულთა ჩადენით, ივანიშვილის და მისი ჯგუფის დავალებების შემსრულებლები გახდნენ”- ზაზა ოქუაშვილი

„ჯერ კიდევ არაშორეულ წარსულში, 2004 წელს, პირველად მე გავასაჯაროვე ხელისუფლების მიერ ბიზნესის შევიწროების, კერძოდ, „ომეგა“ ჯგუფისთვის წილების გამოძალვის ფაქტები, ტვ „იბერიას“ ჩათვლით. ასევე 2018 წელს, მე პირველმა გამოვამჟღავნე ივანიშვილის რეალური სახე, ისევ ჩემი „ომეგა“ ჯგუფისა და ტვ „იბერიას“ გამოძალვის მაგალითზე და დღეისთვის, ივანიშვილისა და მისი ჯგუფის წინააღმდეგ მაქვს ოთხი მიმდინარე საერთაშორისო სამართლებრივი დავა, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სასამართლოებში.

დღეს ბიძინა ივანიშვილზე, ნიკა გვარამიასა და „მთავარ არხში“ მისი პროტეჟე გიორგი გაბუნიაზე მიწევს საუბარი. ტელეკომპანია „მთავარი არხი“, ტვ „იბერიას“ ბაზაზე დავაფუძნე. გახსნისთანავე ნიკა გვარამიამ, ჯერ იყო და 88,500 ლარი დაინიშნა ყოველთვიური ხელფასის სახით, შემდეგ კი, ფულის გათეთრებით დაკავდა – მილიონობით არადეკლარირებული ნაღდი დოლარის გათეთრებით, საქართველოდან საერთაშორისო საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვით, ევროპისა და ბრიტანეთის ჩათვლით. როგორც დირექტორმა, ხელოვნურად გაკოტრების პირას მიიყვანა “მთავარი არხი“ წლების მანძილზე სახელმწიფო საბიუჯეტო დავალიანებით, რომელიც დღესდღეობით 13 მილიონი ლარია. ამავდროულად ომეგა ჯგუფის კუთვნილი თანხები, ნიკა გვარამიამ, როგორც დირექტორმა, არამიზნობრივად გახარჯა და ომეგა ჯგუფი, როგორც „მთავარი არხის“ მფლობელი, დამატებით 6 მილიონამდე ლარით დააზარალა.

გვარამია და გაბუნია, „მთავარ არხზე“ საკუთარ ფინანსურ დანაშაულთა ჩადენით, ივანიშვილის და მისი ჯგუფის დავალებების შემსრულებლები გახდნენ. ნიკა გვარამიამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ოპოზიციის დასანაწევრებლად, მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

ცხრა თვეა, რაც „მთავარ არხზე“ ჩემ მიერ წარდგენილმა დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ „მთავარი არხის“ ძველი და ახალი გენერალური დირექტორების დანაშაულები გამოავლინა. მას 50-ზე მეტი გაფრთხილების წერილი აქვს მიწერილი გიორგი გაბუნიასა და სხვა პასუხისმგებელი პირებისთვის, ნიკა გვარამიას ჩათვლით, „მთავარ არხზე“ დანაშაულებრივი მაქინაციების შეწყვეტის მოთხოვნით.

„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ცხრა თვის განმავლობაში, მათი მხრიდან ყოველმხრივი ზეწოლისა და წერილობითი მუქარის მიუხედავად, არ აწერს ხელს კანონშეუსაბამო დოკუმენტაციას და მოითხოვს ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან, რომ ტელევიზიის საქმიანობა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. ტელევიზია განთავისუფლდეს ერთპიროვნული კონტროლისგან ნიკა გვარამიასი, რომელიც დღეისთვის თვითონ არის ივანიშვილის და მისი ჯგუფის ინსტრუქტაჟისა და მფარველობის ქვეშ, უკანონოდ მითვისებული მილიონობით ლარისა და დოლარის გამო.

ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ, ქვეყნისთვის ყველაზე მწვავე პერიოდი აირჩიეს საკუთარი დანაშაულების გადასაფარად და შეეცადნენ საკითხი ისე წარმოეჩინათ, თითქოს გიორგი ქურდაძემ შეუქმნა დაბრკოლებები და თანაც ახლა. ეს იმ ფონზე, როდესაც, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიმდინარეობს გიორგი ქურდაძის, როგორც დირექტორის ხელმოწერის კანონგარეშედ უგულებელყოფა. ტელეკომპანია „მთავარ არხში“ არაფერი იცვლება, იმის მიუხედავადაც, რომ სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, შემოსავლების სამსახური და გენერალური პროკურატურა, ფლობენ აღნიშნულ ფაქტებს.

საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ გამოსავალი „მთავარი არხის“ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთია: შეწყდეს „მთავარი არხის“ ფინანსური მაქინაციებით დაზიანება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებისთვის. ამისთვის აუცილებელია, ნიკა გვარამიას პროტეჟე გიორგი გაბუნიამ დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა. ტელეკომპანიაში კი, ვაკანტურ ადგილას უნდა დაინიშნოს „მთავარი არხის“ თანამშრომლებთან ერთად შერჩეული პირი, აგრეთვე აირჩეს ბორდი საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, რათა ტელეკომპანიამ კანონიერად იმუშაოს, მაუწყებლობა იყოს დაბალანსებული და ობიექტური. არხის თანამშრომლების პროფესიული და თავდადებული შრომა კი არ უნდა იქნას გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური სარგებლისთვის, ნიკა გვარამიას მართული როლით.

ჩემ გარდა „მთავარი არხის“ მსხვილი წილის მეორე რეალურ მფლობელს მოვუწოდებ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და ნეიტრალური პოზიციის ნაცვლად, ჯერ კიდევ სანამ დროა, აქტიურად ჩაერიოს პროცესში, რომ „მთავარი არხი“ არ შეეწიროს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს, ნიკა გვარამიას გამოყენებით. ისინი „მთავარ არხზე“ კონტროლის დაკარგვას და დამოუკიდებლად დატოვებას, „მთავარი არხის“ დახურვას ამჯობინებენ. დღეისთვის, დროული მოქმედებით, ჩვენ ორს ერთად, „მთავარი არხის“ ყველაზე დიდი წილის მფლობელებს, შეგვწევს ძალა, ჩავაყენოთ ტელევიზია საზოგადოების სამსახურში“, – წერს ზაზა ოქუაშვილი.

ვალუტის კურსი შეიცვალა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8082 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8082 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8091 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9174 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9248 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0074 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ევროკომისია ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს

ევროკომისია დღეს ევროპულ საბჭოს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ შეთავაზებას წარუდგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

„თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ყოფნისთვის ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

ინფორმაციის თანახმად, ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე მოგზაურობის დროს.

„ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე. გარდა ამისა, საქართველოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის მაისში) და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის სექტემბერში), ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ფასეულობების ბირთვს წარმოადგენს. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, გადამწყვეტი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკომისია განმარტავს, რომ ახლა გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.

„ახლა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ საბჭო მიიღებს წინადადებას და ის ძალაში შევა, წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ საჭირო ზომების მიღება. ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის შესაბამისად, მათ მოუწევთ საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის მიმართონ სავიზო მოთხოვნას და აცნობონ ეს ზომები სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას”- პრემიერი

დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნესგარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის შეხვდა 20-ზე მეტი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს. 

„ყველაფერი არის ძალიან კარგად, იყო დროებითი რყევები, მათ შორის ეს რყევები შეეხო ლარის კურსსაც, თუმცა ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას, ეკონომიკური აქტივობაც განახლდა. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენთვის მთავარია ყველა თემაზე გვქონდეს კონსულტაციები ბიზნესთან. 

ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში ეფექტიანად მართავს პროცესებს. ჩვენ გვქონდა აქამდე 4 ასეთი მოვლენა და ოთხივე შემთხვევაში გვქონდა მოკლევადიანი რყევა, თუმცა ძალიან მალე დავუბრუნეთ ქვეყანა განვითარების სწორ მიმართულებას, კონკრეტულად ბიზნესი დავუბრუნეთ განვითარების სწორ მიმართულებას. აქაც მოხდება იგივე, როგორც იყო მცირე რყევა რამდენიმედღიანი ლარის კურსის შემთხვევაში, ასევე ძალიან მალე დაუბრუნდა თავის ნიშნულს ლარის კურსი და კიდევ უფრო დასტაბილურდება და იგივე ეხება ბიზნეს აქტივობებსაც. მაშინაც იყო მოკლევადიანი რყევები და იმის გამო, რომ საერთო მაკროეკონომიკური გარემო არის ჯანსაღი,  ყველაფერი ძალიან მალე და მარტივად უბრუნდება ხოლმე პირვანდელ მდგომარეობას. აქაც მოხდება ზუსტად იგივე, უკვე დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნესგარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.