Home Blog Page 3

,,გუშინდელ აქციაზე არავითარი დარბევა მომხდარა”- კობახიძე

ირაკლი კობახიძე – გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა იყო 2011 წლის 26 მაისს, როდესაც რამდენიმე ცხედარი განათავსეს ჯიხურების თავზე

გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა როდის იყო იცით? – 2011 წლის 26 მაისს, როდესაც რამდენიმე ცხედარი განათავსეს ჯიხურების თავზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

„შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება დაზიანებებს, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ეფუძნება ექიმების მიერ შედგენილ დასკვნებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია”- კობახიძე

გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჯობდა, ელჩს გადაემოწმებინა არასწორად გავრცელებული ინფორმაცია.

„ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებსაც პასუხი გავეცით. პრეზიდენტს რეაგირებაც არ ჰქონია. უბრალოდ კითხვა დასვა, მიიღო პასუხი და არ გაგვიგრძელებია საუბარი, შემდეგ გადავედით ორმხრივ ურთიერთობებზე. რაც შეეხება ბუნდესტაგის პრეზიდენტს, მან დასვა კითხვები. თქვა, რომ ბუნდესტაგში მის კოლეგებს ჰქონდათ შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, პრინციპებთან და ა.შ. ამის შემდეგ მე გავუზიარე ჩემი არგუმენტები, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ჩადიხართ გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან. მილიონი საკითხი აქვთ ჩვენს კოლეგებს სხვა ქვეყნებში. ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც კანცლერი მით უმეტეს, კანონს ვერ წაიკითხავს. ქართულ კანონს ვერ წაიკითხავს. მას მიაწოდეს ინფორმაცია და მან ამის საფუძველზე დასვა კითხვა.

რაც შეეხება კანცლერს, მან განაცხადა, ამას ვადასტურებ. რაც იყო არასწორად გავრცელებული ელჩის მხრიდან, ჯობდა, გადაემოწმებინა, მათ შორის ჩემთან, რადგან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, არ ვიცი. კანცლერმა ნამდვილად ბრძანა, რომ მისი აზრით, კანონი ევროკავშირის პრინციპებთან არ იყო შესაბამისობაში. რაც არ მომხდარა ორ დანარჩენ შეხვედრაზე, ეს თქვა ნამდვილად გერმანიის კანცლერმა. რაზეც ერთი არგუმენტი მე ვუთხარი, რომ თვითონ ევროკომისიამ მოიწონა და ა.შ. მან მიპასუხა, რომ მას თვითონ ევროკომისიის და ფრანგული კანონიც არ მოსწონს. არ მოსწონს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიღო და რჩება ევროკავშირის წევრ ქვეყნად. არავის გაუკრიტიკებია საფრანგეთი ამისთვის. ანუ გასაგებია, რომ ეს არგუმენტი არ არის.

რაც შეეხება შინაარსს. შოლცს განვუმარტე, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული გაცვლა მოსაზრებების. შემდეგ იყო საერთო შეხვედრა დელეგაციასთან ერთად, სადაც კიდევ ერთხელ წარვადგინე არგუმენტები. იქ საერთოდ არ ყოფილა დისკუსია. არსებობდა წინასწარ გამზადებული ტექსტი, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა, ვერავის გაამტყუნებ ამისთვის და ბუნებრივია, ეს ტექსტი წაკითხული იქნა ამ ბრიფინგზე. ამიტომ ვამბობ, საჯარო დისკუსია არის მნიშვნელოვანი. არ არის სწორი, როდესაც ცალმხრივად ხდება განცხადებების გავრცელება, მით უმეტეს, როცა ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ალეკო ელისაშვილი გვერდიდან მიეპარა ერთ-ერთ დეპუტატს და დაარტყა. გვერდიდან მიპარვა არ არის სწორი. ვინმეს თუ არგუმენტები აქვს და აქვს საკუთარი პოზიცია წინ უნდა დაგიდგეს და შემოვიდეს შენთან ღია დისკუსიაში. ანუ ელისაშვილივით არ შეიძლება მოქცევა. ამიტომ ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ ერთად დავსხდეთ. ელჩები არიან აქ წარმოდგენილი. თუ არსებობს არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს ყველაფერი ღია დისკუსიის რეჟიმში. იმედია, ელჩები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან. თვითონ გერმანიის ელჩი გაჰყვა ბოლნისში „ლელოს“ ლიდერებს, როცა მათ ჰქონდათ პარტიული ვიზიტი. ცუდი შემთხვევაა. მე არ მინდა, ისეთი გადახვევა გავაკეთო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასწორია, პირველ რიგში, როცა თან ხაზარაძის სახლი გაქვს ნაქირავები და მერე თან დაჰყვები ხაზარაძეს ბოლნისში პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში. ეს უბრალოდ არასწორია. შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ერთ-ერთი სახე ჰყავდათ მათ დაქირავებული თარჯიმნად“, – განაცხადა პრემიერმა.

გარე ჩარევით აქ რევოლუციას ვერავინ დაუშვებს და ვერც მოაწყობს და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ეს კანონი ემსახურება, არის სწორედ ასეთი პროცესების თავიდან აცილება ”- პრემიერი

უხეში მცდელობები, ჩაერიონ ჩვენს სუვერენიტეტში, მოითხოვონ აქ რევოლუცია და ა.შ. არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, თუ რატომ არის საჭირო საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან რევოლუციაზე მოწოდებებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გარე ჩარევით საქართველოში რევოლუციას ვერავინ მოაწყობს და ამას არ დაუშვებს ხელისუფლება.

„თუ ვინმეს რევოლუცია მოუნდება ამ ქვეყანაში, თქვენ გახსოვთ, 2012 წელს პრაქტიკულად რევოლუციური არჩევნები ჩატარდა და ქართველი ხალხის მიერ შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერავის გარე ჩარევით ვერავინ აქ რევოლუციას ვერ დაუშვებს და ვერც მოაწყობს. თუმცა ამისთვის ნაბიჯებიც არის გადასადგმელი და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ეს კანონი ემსახურება, არის სწორედ ასეთი პროცესების თავიდან აცილება. ეს შესაბამისი ძალებისთვისაც დამზღვევია. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს ცდუნება, რომ საქართველოში სცადოს ვითარების არევა, მაგრამ გამჭვირვალე თუ იქნება უცხოური გავლენა, ამ შემთხვევაში ეს ცდუნება შემცირდება და ძალიან ბევრი თვალსაზრისით დადებით როლს შეასრულებს ეს კანონი,”- განაცხადა პრემიერმა.

,,დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყურადღებას მივიღებთ, რომელიც საჭიროა” – პრეზიდენტი

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყურადღებას მივიღებთ, რომელიც საჭიროა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე

ზურაბიშივლმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ისაუბრა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე, კერძოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს საკითხი სამიტის ფორმალურ დღის წესრიგში არ არის.

“კომუნიკაცია მაქვს ზოგიერთ ლიდერთან და ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აქ ვითარება დაძაბულია და ყურადღებას იმსახურებს. ნათელია, რომ უმთავრესი პრიორიტეტი არ ვართ და ეს ძალიან კარგი ნიშანია, არ მინდა, რომ საქართველო უმთავრეს პრიორიტეტში იყოს, ამას სულ სხვა მნიშვნელობა ექნებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყურადღებას მივიღებთ, რომელიც საჭიროა, რათა არჩევნებამდე მივიდეთ და ევროპულ მომავალზე კონსოლიდაცია მოვახდინოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

,, სად არის რუსული ჩვენს კანონში, სააკაშვილმა დაამკვიდრა ეს სტანდარტი”- კობახიძე

სად არის რუსული ჩვენს კანონში, სააკაშვილმა დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება საერთოდ არ გქონდეს არგუმენტი, მაგრამ ურცხვად მოიტყუო, ცრუპენტელობა უნდა შევამციროთ ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არსებობს რუსულ და ქართულ კანონებს შორის.

„ეს არ არის რუსული კანონი. არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არის ამ კანონსა და რუსულ კანონს შორის. მათ შორის, შემიძლია, დეტალურად განგიმარტოთ, რა წერია რუსულ კანონში. მაგალითად, რუსეთში რაც მოქმედებს, ამ კანონის საფუძველზე შეიძლება შევიდეს სახელმწიფო კონტროლი, პირდაპირ ჩაჯდეს შესაბამის ორგანიზაციაში და რაღაც თუ არ მოეწონება, შეუძლია, საერთოდ აკრძალოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია; გამოიყენება ტერმინი უცხოელი აგენტი. ეს ტერმინი გამოიყენება, მათ შორის ფიზიკური პირების, ადამიანების მიმართ; გამოიყენება ბრენდირების მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ, მაგალითად, შესაბამისი პირი როცა გამოდის ტელევიზიით, ეთერით, ქვემოთ, ტიტრებში მითითებული უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი, კონკრეტული ფიზიკური პირი არის უცხოელი აგენტი; შესაძლებელია აღიძრას სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი პირის თუ ორგანიზაციის მიმართ. სად არის რუსული ჩვენს კანონში? ამ კანონს რუსულს როცა ეძახით, ეს არის უბრალოდ არა ტყუილი, არამედ ცრუპენტელობა. არავითარი საერთო არ აქვს ამ კანონს რუსულ კანონთან. ეს სააკაშვილმა დაამკვიდრა თავის დროზე ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ასე სამარცხვინოდ არ იტყუებოდნენ არც პოლიტიკოსები და არც ჟურნალისტები. პირადად სააკაშვილმა დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება, საერთოდ არ გქონდეს არგუმენტი, მაგრამ ურცხვად მოიტყუო. ცრუპენტელობა არის ერთ-ერთი, რაც უნდა შევამციროთ ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის მედიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის ვინაა მტერი და ვინ პარტნიორი”- სალომე ზურაბიშვილი პესკოვის განცხადებაზე

ამ „რუსულ კანონს“ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეარხ France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომლის თქმითაც საქართველოში “ანტირუსული სენტიმენტები” გარე აქტორებისგან მოდის.

“არ ვიცი ვის გულისხმობენ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს, და სხვა არავინ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას, საქართველოს ინსტიტუტებს, საქართველოს განვითარებას წლების მანძილზე.

ძალიან გასაკვირია, რომ ამ რუსულ კანონს ამ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან-ძალიან ნათელია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

,არავის უხარია გამჭვირვალობა, როცა ფულს ხარჯავს”- პრემიერი

დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის, რომ დღეს რომ არ აქვს მოქალაქეს ინფორმაცია, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი”, „სირცხვილია” ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია, ინტერესი არის ის, რომ ხვალ გავაგებინოთ, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ფული და რაში დახარჯა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, არავის უხარია გამჭვირვალობა, როცა ფულს ხარჯავს.

„მაგალითად, ჩვენ მთავრობაში ჩვენი ინიციატივით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენც გვქონდა გაცნობიერებული, რომ გამჭვირვალობას მოსდევს თავისი რისკები. მაგალითად, როგორც კი მივიღე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა განკარგულება უნდა გასაჯაროებულიყო, ერთ კვირაში ერთ-ერთმა ტელევიზიამ, მართალია უსაფუძვლოდ, მაგრამ ააგორა სპეკულაცია ერთ-ერთ განკარგულებასთან დაკავშირებით. უხერხულობას ჩვენც გვიქმნის ეს, მიუხედავად იმისა, რომ სუფთად ვაკეთებთ ყველაფერს. არც ერთ ფულის გამცემს არ უხარია გამჭვირვალობა, შესაბამისად ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი  ინტერესები გვაქვს. დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის, რომ დღეს რომ არ აქვს მოქალაქეს ინფორმაცია, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი”, „სირცხვილია” ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია, ინტერესი არის ის, რომ ხვალ გავაგებინოთ, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ფული და რაში დახარჯა ეს ფული”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს პროექტები, რომლებიც ემსახურება მაგალითად სოფლის მეურნეობის გაძლიერებას საქართველოში და ამ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაცია, რომელიც ამ მიზნით იღებს უცხოურ დაფინანსებას, ატარებს უცხოური ძალის კეთილშობილურ ინტერესს.

„არსებობს უცხოური ძალა, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ევროკავშირი, აშშ-ის მთავრობა და ა.შ. მას აქვს ინტერესი, რომ საქართველოში განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ამ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაცია ატარებს უცხოური ძალის ამ კეთილშობილურ ინტერესს. როდესაც მთავრობა დააფინანსებს მაგალითად სოფლის მეურნეობას, ეს იქნება ჩვენი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობას გააძლიერებს ქვეყანაში, მაგრამ თუ მთავრობა დააფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც მიზნად დაისახავს მაგალითად, პირობითად რომელიმე რელიგიურ გაერთიანებაზე თავდასხმას, ესეც იქნება ჩვენი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, მაგრამ იქნება ცუდი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. გამჭვირვალობის მთავარი ინტერესი რა არის – ხალხმა უნდა გაარჩიოს, სად არის კარგი ინტერესი და სად – ცუდი ინტერესი. დარწმუნებული ვარ, ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი, პირობითად 70-80% იხარჯება სწორედ კარგ ინტერესებზე – სოფლის მეურნეობა, შშმ პირები და ა.შ. მაგრამ 20-30% სადაც ფული იხარჯება ცუდ ინტერესებზე. დღეს საქართველოს მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

,,გთხოვთ, ნუ გამოაყენებინებთ თქვენს გულწრფელ და ალალ გრძნობებს ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს, დამნაშავე ნაცბანდას ”- მამა დავით რუხაძე

როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახური, მკვეთრად ვემიჯნები იმ ბაკქანალიას, რასაც მესამე დღეა ადგილი აქვს რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ მამა დავით რუხაძე Facebook-ზე წერს.

„მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას: შვილებო, მე მჯერა თქვენი ალალი გრძნობების, მჯერა, რომ ძალიან გიყვართ სამშობლო, განმსჭვალული ვარ თქვენდამი პატივისცემით და გთხოვთ ნუ გამოაყენებინებთ თქვენ გულწრფელ და ალალ გრძნობებს ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს: დამნაშავე ნაც- ბანდას, „ტრაგედია დაღმაშენებელს“, ყაჩაღ-ბანკირთა ე.წ. „ლელოს“, შარვალჩახდილ „გირჩელებს“, და სხვა ქვეყნის გარედან მართულ აგენტ პოლიტიკოსებს, რომელთათვის მთავარია არა სამშობლო, არამედ პირადი გამორჩენა და დივიდენდების მიღება თავიანთი პატრონებისგან!

ეს ხალხი თავიანთი ბინძური მიზნების მისაღწევად იყენებს თქვენს გულწრფელ და ალალ სურვილს, იდგეთ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე! ეს კი მხოლოდ ღმერთთან და ეკლესიასთან ურთიერთობით, კარგი სწავლით, ნაკითხობით, საკუთარი პროფესიის კარგად დაუფლებით მიიღწევა! როგორც ერთ- ერთი რიგითი მღვდელი უმორჩილესად გთხოვთ არ მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის არევაში და უნებლიედ არ გახდეთ სამშობლოს გამყიდველ პოლიტიკოსთა ხელში ბრმა იარაღი!“ – წერს მამა დავით რუხაძე.

,,ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის რეზოლუციას”- „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის არასავალდებულო რეზოლუციას.

„ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა დღეს საღამოს ევროკავშირის სამიტზე არაფორმალურად დააყენოს დღის წესრიგში საქართველოში არსებული ვითარება. სავარაუდოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მას ორშაბათს განიხილავენ.

ამასთან, ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის არასავალდებულო რეზოლუციას“, – აღნიშნა რიკარდ იოზვიაკმა.

 

,,რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით”- პრემიერი

სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს.

 

„სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე ითქვა საჯაროდ. თუ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ, საჯაროდ რატომ არ ამბობენ? არ არსებობს ასეთი არგუმენტი, იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ ვერ იარსებებს. ამიტომ, როდესაც თქვენ ამბობთ რუსულ კანონს, ეს არის უბრალოდ ტყუილი.

 

ჩვენ რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კანონი არა თუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, არამედ პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს არ დავიცავთ, დაგვემართება ის, რაც უკრაინას დაემართა – უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც. თუ რაიმეს ემსახურება ეს კანონი, ეს არის სწორედ ჩვენი ევროინტეგრაციის ამოცანა. სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ევროინტეგრაციის ინტერესებს და ამას საზოგადოება დაინახავს. ჩვენ გამოვიარეთ ბრძოლები, განსაკუთრებით 2020-2021-2022 და 2023 წლებში და ამ ბრძოლებმა მოგვიტანა ჩვენ კონკრეტული შედეგები და ამას საზოგადოება აკვირდებოდა. რა არის ამ რამდენიმე წლის შედეგები ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ის, რომ ჩვენ უმძიმესი პრობლემებისა და რისკების მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა, არავის არ მივეცით ქვეყნის არევის საშუალება, ძალიან სერიოზული მცდელობა იყო. გახსოვთ, რიგგარეშე არჩევნები, რევოლუცია უნდოდათ, მერე გახსოვთ, რას ითხოვდნენ ჩვენგან, როცა უკრაინაში ომი დაიწყო. მშვიდობაც შევინარჩუნეთ და ბოლოს ქვეყანამ ჩვენს ხელში მიიღო კანდიდატის სტატუსი. მანამდეც, რაც ხელშესახები შედეგი აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის მათ შორის ასოცირების შეთანხმება, DCFTA, ვიზა ლიბერალიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსი – ყველაფერი მოხდა ჩვენი ხელისუფლების ხელში და არაფერი მოსულა მარტივად – ჩვენ ყველაფერი მოვიპოვეთ ბრძოლით და შევუნარჩუნეთ ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რაც ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა და შესაბამისად, სერიოზული პრობლემები შეექმნა. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღება ემსახურება სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, ევროინტეგრაციას და ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა. თუ არ მივიღებთ ამ კანონს, სწორედ ამ შემთხვევაში შეგვექმნება სუვერენიტეტის პრობლემა და შეგვექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.

,,არ იყო საჭირო კანონპროექტს რუსული დარქმეოდა – ეს იმპულსები რასაკვირველია, გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის”- პესკოვი

საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რუსეთის გავლენასთან დაკავშირება არ შეიძლება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“არანაირად არ იყო საჭირო ამ კანონპროექტს რუსული დარქმეოდა. საქმე იმაშია, რომ საბოლოო ჯამში, ალბათ, საკუთარ შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა პირველმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო, რომლებმაც FARA მოიფიქრეს. სწორედ მათ შემოიტანეს ეს პრაქტიკა. ამიტომ ეს არანაირი რუსული [პრაქტიკა არ არის], ბევრი სახელმწიფოსთვის ნორმალური პრაქტიკაა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა გარე ზემოქმედებისგან დაიცვან საკუთარი თავი – უცხოური გავლენისგან შიდა პოლიტიკაზე”, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით იღებს ზომებს, მაგრამ ყველა კანონპროექტი ერთ მიზანს ემსახურება.

„ამ შიდაპოლიტიკური პროცესის ანტირუსული განწყობების პროვოცირების ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ – საეჭვოა, რომ ეს იმპულსები საქართველოს შიგნიდან მოდიოდეს. ისინი რასაკვირველია გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის. და ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება”, – განაცხადა პესკოვმა.

ძალიან მკაცრად ვაფრთხილებ ყველას, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა, „ნაცმოძრაობას“ არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – ირაკლი კობახიძე

მინდა, ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ყველა – თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კარგად არის ცნობილი ზოგადად „ნაცმოძრაობის“ ხელწერა.

„მათ ყველაფერი უკადრიათ წარსულში, ყველაფერი აქვს ნაკადრები ამ პარტიას, რაც კი შეიძლებოდა ეკადრა. ის ორგანიზაციები, რომლებიც გამოდიან და დღეს მაღალ მატერიებზე გვესაუბრებიან, ბოლომდე ფუთავდნენ იმ ქმედებებს, რასაც ნაცმოძრაობა ახორციელებდა, პატიმრების წამების და მკვლელობის ჩათვლით და ა.შ. გაიხსენეთ 26 მაისს, როდესაც უტიაშვილმა ჯიხურების თავზე განათავსა ცხედრები, ნახეთ რამდენად მკაცრი იყო ამ NGO-ების განცხადებები. მაშინ ისინი იყვნენ ე.წ GONGO-ები, ანუ სამთავრობო NGO-ებში. დღეს სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ამიტომ არის გამჭვირვალობა მთავარი. გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში გააჯანსაღებს პროცესს და ამ NGO-ებს გააჯანსაღებს. თუ აქამდე მათი საქმიანობა არ იყო ჯანსაღი, გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გაჯანსაღებას“, – განაცხადა პრემიერმა.

დევი ჭანკოტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახე, რომელსაც წამოსცდა ის, რაზეც შესაძლოა, ეს პოლიტიკური ძალა ფიქრობდეს.

„არ გაბედონ არავითარი პროვოკაციის მოწყობა. ნუ იყენებენ ადამიანებს საკუთარ შიშველ იარაღად ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, მით უმეტეს, რომ არავითარი შანსი არ აქვთ. დღეს სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და 10%-ს ჩამოცდენილი „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი კოლექტიური სატელიტებით ვერავითარი მასშტაბური პროვოკაციის მომწყობი ვერ არის. სახელმწიფო დაუპირისპირდება უმკაცრესად ნებისმიერ ასეთ მცდელობას. „ნაცმოძრაობას“ არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ამას დამოუკიდებელი, სუვერენული ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.