Home Blog Page 3

,,კონსპირაციული შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ, სადაც „ხაბეიშვილის ნაირი ტიპები მონაწილეობენ“-

ხაბეიშვილის სახელი გავიდა, გასცდა საქართველოს ფარგლებს, ეს იყო მისი მიზანი, ის ნიშნა დაეკავებინა, რომელიც მისი აზრით, ქვეყანაში იყო დაუკავებელი, როდესაც რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი არ იყო სათანადოდ განვითარებული, ლიდერი არ ჰყავდა და ჩაუდგა ამ მიმართულებას სათავეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონსპირაციული შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ, სადაც „ხაბეიშვილის ნაირი ტიპები მონაწილეობენ“.

„სიტყვა – „მშვიდობიანი“ შემდეგ შემოიტანა თავის ტერმინოლოგიაში. ხაბეიშვილზე ალაპარაკდა საზოგადოება, პოლიტიკური სივრცე, ხაბეიშვილის სახელი გავიდა, გასცდა საქართველოს ფარგლებს. ეს იყო მისი მიზანი, ის ნიშა დაეკავებინა, რომელიც მისი აზრით, ქვეყანაში დაუკავებელი იყო, როდესაც რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი არ იყო სათანადოდ განვითარებული, ლიდერი არ ჰყავდა და ჩაუდგა ამ მიმართულებას სათავეში.

ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, მაშინ, როდესაც ამას გარკვეული ქმედებები ახლავს და მოწოდებები, რომელიც აკრძალულია კანონით და კონსტიტუციის მოთხოვნების.

ეს არ არის მხოლოდ პერფორმანსი ან მოწოდება, კონკრეტულ ქმედებაში აისახება. ადვოკატების პოზიცია, რომ ეს ქრთამის მიცემის თუ ფულადი ანაზღაურების მიცემის დაპირება ეხება არჩევნების ან ხელისუფლების შეცვლის მომავალ პერიოდს, სადაც გაიცემა უწყისის მიხედვით მოღალატეებისთვის რაღაც სასაჩუქრე თანხა, აზრს მოკლებულია.

შეთავაზების გარდა, არსებობს სხვა მუხლი, რომელიც უკავშირდება მოწოდებებს და ქმედებებს, რომელიც მიმართულია იქით, რომ ქვეყანა შეუქცევად პროცესში წავიდეს, ტურბულენტურ ზონაში შევიდეს, როდესაც ნგრევაა გარანტირებული ქვეყნისთვის. ამას თანამოაზრეებიც გამოუჩნდნენ, სისხლისღვრაზე თავი არ უნდა შევიკავოთო, პირდაპირ ამბობენ. სამწუხაროა, რომ გამოდიან მაღალჩინოსნები ზოგიერთი ქვეყნის ამ მიმართულებას უჭერენ მხარს. კონსპირაციული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ხაბეიშვილისნაირი ტიპები მონაწილეობენ“,- აღნიშნა ვოლსკიმ

ამასთან ის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასაც გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „რასაც მოვუსმინეთ ადვოკატებისგან, სერიოზულ დაფიქრებას განაპირობებს ყველასთვის, ვინც გადაწყვიტა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტზე შეიქმნას კეთილდღეობა“.

„წინასწარ ნურაფერს დავამტკიცებთ. იმედი გვქონდეს, იქნებ რაღაც შეცდომაა დაშვებული. სამწუხაროდ, ეს შეცდომა არ ჩანს. ბურჭულაძე ჩვენი მეგობარი, გუნდის წევრია, უნდა ვიცოდეთ, რომ დანდობა არ იქნება, თუ კორუფციასთან გვაქვს საქმე. საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მალე კიდევ დავინახავთ, რომ წინ ვართ, ეს არ უნდა მოხდეს ისეთი ადამიანები ხარჯზე, რომლისგანაც ასეთ ღალატს არ ველოდებით. თუ სადმე არსებობს კორუფცია, ამას ცხელი შანთით უნდა ამოშანთვა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ – BILD

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბილდი” ავრცელებს.

სტატიის თანახმად, სამხედრო წვრთნების, “ზაპად 2025-ის” ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ე.წ. სუვალკის დერეფნის დაკავების ოპერაციას ამუშავებენ.

60-კილომეტრიანი დერეფანი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს და კალინინგრადის ოლქს უკავშირდება.

Bild-ის სტატიის მიხედვით, წვრთნების ცენტრალური ელემენტია დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის, კერძოდ, ახალი საშუალო რადიუსის რაკეტების, “ორეშნიკის” გამოყენების იმიტაცია.

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 14 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა-კულტივირების და  ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან: 2004 წელს დაბადებული გ.ტ., 1970 წელს დაბადებული ა.კ., 1983 წელს დაბადებული მ.ო,1976 წელს დაბადებული ბ.ლ, 1995 წელს დაბადებული გ.ნ, 2002 წელს დაბადებული ბ.მ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ო.ჯ,1986 წელს დაბადებული ე.კ, 1999 წელს დაბადებული მ.ჯ, და წარსულში ნასამართლევი პირები: 1983 წელს დაბადებული მ.ბ., 1980 წელს დაბადებული გ.წ,1976 წელს დაბადებული ლ.შ,1968 წელს დაბადებული კ.გ, 2007 წელს დაბადებული ა.ჯ.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან  სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეტადონი“, „სუბოტექსი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „ლირიკა“, „გამომშრალი მარიხუანა“,  და „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან, ასევე,ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და წებოვანი ლენტები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა, მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სავარაუდოდ, მეგობრებისგან ფინანსურ შეთავაზებას მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ფულის გამომუშავების შესაძლებლობა ან სესხის მოთხოვნა თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით. უარის თქმას ნუ იჩქარებთ, ამ წინადადებაზე კარგად უნდა დაფიქრდეთ. ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. ეცადეთ ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული – ამ გზით წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ.

კურო

ეცადეთ, თქვენ სამუშაო უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოთ. ამაში პრობლემების გადაჭრის ახლებური ხედვა დაგეხმარებათ. მეგობრების გულისხმიერი დამოკიდებულება ძალიან გაგახარებთ. გირჩევთ საღამოს ქალაქგარეთ გასვლა დაგეგმოთ – გარემოს შეცვლა განწყობას გააუმჯობესებს და შთაგონებით აგავსებთ.

ტყუპები

ეს დღე აქტიური, ინტელექტუალური საქმიანობისა და სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელია. არ არის გამორიცხული, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალოთ. ახალი გამოცდილების მისაღებად შესაფერისი დროა. ეს შეიძლება იყოს ხანმოკლე მოგზაურობა ან შემეცნებითი საქმიანობა. ინტუიცია გიკარნახებთ, სწრაფად როდის იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რომ ინიციატივა სხვებს დაუთმოთ.

კირჩხიბი

ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, სახლში ცვლილებები განახორციელოთ. ეს შეიძლება ინტერიერის შეცვლა ან სახლის უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება იყოს. გამორიცხული არ არის, რომ დაასრულოთ ურთიერთობა, რომელიც უსიამოვნო და მოსაბეზრებელი გახდა. ამ დღეს იპოვით გზას, რომ საქმიანი კავშირები გააძლიეროთ და იმ ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ლომი

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობა განსაკუთრებით აქტუალური იქნება. ამ მხრივ გარკვეული სიურპრიზები გელით. არც საკუთარ თავს და არც სხვებს არ ატყუებთ და ამჩნევთ იმას, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. ადრე თუ გვიან ეს წარმატებას მოგიტანთ. მშვენიერი დღეა სასიყვარულო პაემნებისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის.

ქალწული

გირჩევთ, ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, როგორც სახლში, ისე სამსახურში მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულეთ და დაისვენეთ. ყველაზე კარგი იქნება, თუ დახმარებას ახლობლებსა და კოლეგებს სთხოვთ. სახლისთვის შეიძლება დაუგეგმავი შესყიდვები მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნება, რომ ძალები აღიდგინოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

სასწორი

მშვენიერი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის. გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ერთად, ლამაზ ადგილზე წახვიდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ეს განწყობას აამაღლებს და თქვენს შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს. საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა მოგიწევთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. შესაძლოა, რჩევამ, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, ცხოვრება გაგიადვილოთ. თანამოსაუბრის განწყობას ადვილად ხვდებით და საერთო ენას არაკეთილგანწყობილ ადამიანებთანაც კი ადვილად პოულობთ. ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

მშვილდოსანი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ხელსაყრელია ინტელექტუალური საქმიანობა, დისკუსიებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რადგან პროცესი თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ.

თხის რქა

თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებას შეძლებთ. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის. ეცადეთ ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ.

მერწყული

დროა საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყოთ. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, გარდერობზე, ჯანმრთელობაზე. გააკეთე ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ სამომავლოდ ინახავდით. ბოლოს და ბოლოს, ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ხელსაყრელი დროა სამსახურში ინიციატივების გამოჩენისა და ლიდერის თვისებების დემონსტრირებისთვის.

თევზები

ეს დღე მუშაობისთვის არის ხელსაყრელი, თუმცა მუშაობისთვის განწყობილი საერთოდ არ ხართ. შეიძლება ვიღაცის სატელეფონო ზარმა ან რაღაც სიახლემ ძალიან გაგაოცოთ. ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.

გიორგი ვოლსკი: როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს, იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა პროცედურულად საკმაოდ რთულია.

„როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს, იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით.

არ არსებობს რეიტინგი, რომლითაც რომელიმე კანდიდატ ქვეყანას ჩამოვრჩებით. წინ ვუსწრებთ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების [უვიზო მიმოსვლის შეჩერება] მისაღებად ევრობიუროკრატიის მხოლოდ პოლიტიკური ნება არ კმარა, რათა დაისაჯოს საქართველო იმისთვის, რომ ყველა არ გამოდის და არ ებრძვის იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს. ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას, ამ გზაზე შედგომა არ აწყობს, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ყველამ ვიცით“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ადგილი აქვს სერიოზულ, ინტენსიურ და გეგმაზომიერ პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოზე კონკრეტული მიზნით.

„სურთ, საქართველო ჩაერთოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს არ არის ახალი თემა და ამას არც მალავენ. ასე რომ, ამ ვითარებაში განიხილო საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რითაც ამაყობს ევროკავშირი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გერმანიის პარლამენტმა ცნობილ ულტრამემარჯვენე პარლამენტარს იმუნიტეტი მოუხსნა – პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა

გერმანიის პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრ მაქსიმილიან კრაჰს. ის პარლამენტის დეპუტატი გახდა 2025 წლის თებერვლის არჩევნების შედეგად.

ხმათა უმრავლესობით იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება მიღებულია სასამართლოს თანხმობით ჩხრეკისა და სხვა პროცედურების ჩასატარებლად.

მაქსიმილიან კრაჰი ეჭვმიტანილია ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში, რაც ჩინეთიდან გადმორიცხვებს უკავშირდება. საქმეს დრეზდენის პროკურატურა იძიებს.

პოლიტიკოსი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.

2024 წელს, როცა მაქსიმილიან კრაჰი ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, გერმანიის პოლიციამ მისი თანაშემწე დააკავა ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

,, მემფისი იქნება მორიგი ქალაქი, სადაც კრიმინალთან საბრძოლველად ეროვნული გვარდიის დანაყოფებს გავგზავნი”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის შტატის, ტენესის ქალაქი მემფისი იქნება მორიგი ადგილი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრიმინალთან საბრძოლველად ეროვნული გვარდიის დანაყოფების გაგზავნას გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, მემფისის დემოკრატი მერი და შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი მოხარული არიან ამ გადაწყვეტილების გამო.

მემფისში დანაშაულის დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ის ქალაქებს შორის. გამოძიების ფედერალური ბიუროს სტატისტიკით, ქალაქში ყოველ 100 000 მოსახლეზე 2,501 ძალადობრივი დანაშაული ფიქსირდება.

თავის მხრივ, მემფისის მერმა პოლ იონგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას არ უთხოვია ეროვნული გვარდიის ქალაქში განთავსება.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის დანაშაულის შემცირების გზა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია“, – აღნიშნა მემფისის მერმა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში მემფისის მერმა პოლ იონგმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ქალაქის პოლიციის დეპარტამენტისთვის ფედერალური მხარდაჭერის მოსაზიდად. აგვისტოში დონალდ ტრამპმა ეროვნული გვარდიის დანაყოფები ვაშინგტონში განათავსა 30 დღის ვადით. აღნიშნული ვადა მიმდინარე კვირის დასაწყისში ამოიწურა, თუმცა ეროვნული გვარდიის წევრები ჯერ კიდევ რჩებიან ადგილზე. თეთრი სახლის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ასობით ადამიანი დააკავეს. დონალდ ტრამპმა ვაშინგტონი „ფაქტობრივად დანაშაულისგან თავისუფალ“ ქალაქად გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სურს დანაშაულის დონის შემცირება ნიუ ორლენასში, ბალტიმორსა და ჩიკაგოში.

ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა იმუშავა მაღალ დონეზე“,- ლევან მაჭავარიანი  

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა „ჰექსოგენის“ საქმეზე და განაცხადა, რომ არავისთვის არ იქნებოდა გასაკვირი აღნიშნულ საქმეში კვლავ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.

მაჭავარიანის განცხადებით, „ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი და გამოსავლენია ეს განკუთვნილი იყო საქართველოსთვის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში დარჩენილიყო თუ, საქართველო გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სატრანზიტო ქვეყანად.“ „ეს არავისთვის გასაკვირი არ არის, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარებაში, კონკრეტულად ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას, რომელიც ვანო მერაბიშვილის მოადგილე გახლდათ და დღეს იკავებს ძალიან მაღალ პოზიციას, უკრაინის დაზვერვის სამსახურში და ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი და გამოსავლენია ეს განკუთვნილი იყო საქართველოსთვის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში დარჩენილიყო თუ, საქართველო გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სატრანზიტო ქვეყანად, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა იმუშავა მაღალ დონეზე“,- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.        

გულწრფელად ვამბობ, მესმის მათი, სურვილი არ აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ -კახა კალაძე ეუთო/ოდირზე

გულწრფელად ვამბობ, მესმის ეუთო/ოდირ-ის გადაწყვეტილების, ეშინიათ, რომ კიდევ ბულინგის, ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს: „ეუთო/ოდირ-მა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში დაკვირვებაზე დროის სიმცირის გამო უთხრა უარი, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მისია მიემგზავრება ჩეხეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად. ოდირ-მა ჩეხებისგან მიწვევა 2 სექტემბერს მიიღო, არჩევნები კი 3 ოქტომბერს იმართება. როგორ შეფასებას გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?“

კალაძის შეფასებით, ეუთო/ოდირ-ის მხრიდან მისიის გამოგზავნაზე უარის თქმის მიზეზად არასაკმარისი დროის დასახელება აბსურდულია.

„ძალიან დიდი აბსურდი, ჩვეულებრივი სისულელე იყო, რა განმარტებაც მოვისმინეთ. თქვენ კარგი მაგალითი მოიყვანეთ, 2008 წელს, ყველას გვახსოვს, უმოკლეს დროში მოახდინეს რეაგირება, ორგანიზება და ჩამოვიდნენ. გულწრფელად ვამბობ, მათიც მესმის, თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული, რომ არ ჩამოვიდოდნენ. რამდენიმე თვის წინ, საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, გამოაქვეყნეს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია, ქართველ ხალხს ჰქონდა ნება და შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი. ყველას გვახსოვს, როგორ დაესხნენ თავს, როგორ გადაუარეს და აბულინგებდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც. გახსოვთ, ეუთო/ოდირ-ის დასკვნასთან დაკავშირებით რა განცხადებებიც კეთდებოდა ევროპარლამენტში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პირების მხრიდან. ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს ამ ორგანიზაციას. შესაბამისად, მათ სურვილი არ აქვთ, შიში აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის, ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა 9 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლევან ხაბეიშვილი აკეთებდა მოწოდებებს სახელმწიფო დამხობასთან დაკავშირებით, არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე -კახა კალაძე

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლევან ხაბეიშვილი აკეთებდა მოწოდებებს სახელმწიფო დამხობასთან დაკავშირებით. ცხადია, ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო, საზოგადოებისთვის რომ მიეჩვიათ აღნიშნულ თემაზე საუბარი, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიასთან ლევან ხაბეიშვილის დაკავებას.

მისივე განმარტებით, ყველა მსგავს ფაქტს კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა – ეს ყველაფერი კანონით ისჯება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამ ტიპის ფაქტებს რეაგირება არ მოჰყვება, ძალიან ცდება. ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული ფაქტები. დაველოდოთ, არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე. ეს ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით აგენტურამ, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც არ ისვენებენ და ცდილობენ, საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებში არსებული კანონდარღვევის დანახვა მარტივია და არ სჭირდება იურიდიული განათლება.

„რაც შეეხება მის სავარაუდო დანაშაულს, აშკარა და ნათელია ყველაფერი – პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა დანაშაულისკენ. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. პოლიტიკური განცხადება არაფერ შუაშია, პირდაპირ ქრთამი შესთავაზა პოლიციელებს, თუ ისინი უკანონობას ჩაიდენდნენ. არქივში გექნებათ, მოუსმინეთ პირდაპირ ეთერში მის გამოსვლებს. ინგა გრიგოლიამ, ჟურნალისტმა და არა იურისტმა, უთხრა, დაგიჭერენო, ისიც მიხვდა, რომ დანაშაულს ჩადიოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კორუფციასთან ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია -კახა კალაძე

თბილისის მერი აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტი ცუდია, თუმცა კორუფციასთან ბრძოლა მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„კორუფციასთან ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბურჭულაძის დაკავებას, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო არც ჩემთვის, არც ჩემი თანაგუნდელებისთვის. მძიმე ფაქტია, როდესაც შენს თანაგუნდელს აკავებენ მაშინ, როდესაც ქვეყანას დანის პირზე სიარული მოუწია. თავად პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყველაფერი გადადო და იცით, როგორ ებრძვის იმ ბოროტებას, რომელიც ებრძვის საქართველოს, ჩვენს სამშობლოს. ამ პირობებში და ვითარებაში, როდესაც მსგავსი ფაქტები ხდება, ძალიან ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და აქტივებს ყადაღა დაადო

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ყადაღა დაედო გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და აქტივებს, რომლებიც შეძენილია ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურაში გამოძიება გრძელდება, გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად, მისი ოჯახის წევრებისა თუ სხვა პირების დანაშაულში ჩართულობის დადგენის მიზნით.

„საქართველოს პროკურატურაში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილი ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოძიების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის განაჩენით, გიორგი ბაჩიაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 8 986.86 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების და ქმედებების განხორციელების შედეგად დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი წარმოშობის წყარო, რითიც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ მსჯავრდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების თუ საწარმო სუბიექტების მეშვეობით განახორციელა სხვადასხვა აქტივის შეძენა, ფლობა და გადაცემა, რითიც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზება. საქართველოს პროკურატურაში გამოძიება გრძელდება, გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად, მისი ოჯახის წევრებისა თუ სხვა პირების დანაშაულში ჩართულობის დადგენის მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.