Home Blog Page 3

თავგამოდებით ვიცავთ მშვიდობას, რადგან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა -მაკა ბოჭორიშვილი

თავგამოდებით ვიცავთ მშვიდობას, რადგან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის შეფასებისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, როდესაც საუბარია საქართველოს როლზე, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების პროცესში, რეგიონში მშვიდობა სხვა მნიშვნელობას იძენს.

„ჩვენი დედაქალაქი საკმაოდ ბევრ სტუმარს მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფორუმის თემა არის განვითარება, და განვითარებისთვის მთავარი, რა თქმა უნდა, მშვიდობაა, რაც ჩვენთვის არის აქტუალური და ძალიან რელევანტური, როდესაც ვსაუბრობთ განვითარებაზე. დღეს არაერთხელ აღინიშნა, რომ განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია მშვიდობის გარეშე და მშვიდობა არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიდექით და მშვიდობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს საფრთხეები არსად წასულა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად უპირველესად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანასა და  რეგიონში. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის როლზე, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარებაზე, აქ, რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელობას იძენს ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობები და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილით სასიხარულო ამბებს გაიგებთ, რომლებსაც დიდი ხანია ელოდით. ამის შემდეგ დღე მხიარულად ჩაივლის. სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობაში შეიძლება მცირე გაუგებრობა წარმოიშვას, თუმცა საკუთარი პოზიციის დაცვას და კოლექტივში ავტორიტეტის შენარჩუნებას შეძლებთ. გირჩევთ საღამო ოჯახურ გარემოში გაატაროთ — ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

კურო

სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. გარემო ფაქტორებმა შეიძლება გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და მოვლენათა განვითარება სრულიად შეცვალონ. შეცდით, როცა საკუთარი ძალები გადაჭარბებულად შეაფასეთ და დახმარება არ ითხოვეთ, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გვიან. ყოველთვის შეგიძლიათ გამოცდილ მეგობრებს ან კოლეგებს მიმართოთ. დღის ბოლოს შესაძლოა იმ ადამიანს შეხვდეთ, ვისზეც დიდი ხანია ფიქრობთ.

ტყუპები

ამ დღეს ყველაზე რთულ საქმეებსაც კი იოლად და წარმატებით გაართმევთ თავს. საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ რამდენიმე ძველი სურვილიც აგიხდებათ, ოღონდ ამისთვის მაქსიმალური ძალისხმევა გმართებთ. კოლეგების მხარდაჭერა თქვენს ლიდერულ პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ კარიერული პოზიცია გაიუმჯობესოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ბასრ საგნებთან და ელექტრო მოწყობილობებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – არსებობს ტრავმის რისკი, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველი მეგობრობის სიმყარე შეამოწმოთ. დიდი ალბათობით, ეს ურთიერთობა ყველა გამოცდას გაუძლებს და შვებით ამოისუნთქავთ. სავარაუდოდ, ერთ საკმაოდ სახიფათო ავანტიურაში ჩაერთვებით, თუმცა შედეგი როგორც თქვენ, ისე თქვენს ახლობლებს გაგახარებთ და ეს გამოცდილება კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

ლომი

ამ დღეს თქვენი ემოციური ფონია არამდგრადია, რაც ურთიერთობებში პრობლემებს შეგიქმნით. გარშემო მყოფთაგან თანაგრძნობას ნუ ელით — მათ თქვენი წუხილის მიზეზი არ ესმით. ეცადეთ, ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტოობის შეგრძნება დაგეუფლებათ. სჯობს დღის მეორე ნახევარი სახლში გაატაროთ, დაისვენოთ და კარგად გამოიძინოთ.

ქალწული

ახალი პროექტი წარმატებით დასრულდება და სასურველ შედეგს სწრაფად გამოიღებს. სამსახურში თქვენი ინიციატივა კარიერულ წინსვლაზე დადებითად აისახება. ყველა დაგეგმილი შეხვედრა თუ საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება. თუ სიტყვებს ფრთხილად შეარჩევთ და საყვარელ ადამიანს უსაფუძვლო ეჭვიანობით არ გააღიზიანებთ, პირად ურთიერთობებშიც წინსვლა გელით — შესაძლოა, მომდევნო ეტაპზე გადახვიდეთ.

სასწორი

წვრილმანებზე არ ინერვიულოთ — ეს დროებითი სირთულეებია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ბევრად მნიშვნელოვანია. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ მდგომარეობას — მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. სჯობს ყურადღება საზოგადოებრივ საქმეებზე, ქველმოქმედებაზე ან ბავშვების განათლებაზე გადაიტანოთ. ეცადეთ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სითბო და მზრუნველობა უნდა გამოიჩინოთ.

მორიელი

ამ დღეს ყველაფერი სიამოვნებას განიჭებთ, რასაც აკეთებთ. გირჩევთ, პრობლემებსა და ყოველდღიურ საზრუნავზე ნაკლები იფიქროთ და ამ საკითხების მოგვარება სხვებს გადააბაროთ. ნაჩქარევ და ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ, ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ. გახსოვდეთ, ახლობელი ადამიანები თქვენგან მხოლოდ სიყვარულსა და გაგებას ელიან.

მშვილდოსანი

ამ დღეს ჰორიზონტზე პროფესიის შეცვლის მაცდური პერსპექტივა გამოჩნდება. სიახლეები და ექსპერიმენტები არ გაშინებთ და სირთულეებს თამამად ხვდებით. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება და ეცადეთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. პირადი ხასიათის შეხვედრები განსაკუთრებით წარმატებული იქნება. რაც შეეხება საქმიან მივლინებებს — ისინი, სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ.

თხის რქა

კომუნიკაციის უნარების დამსახურებით ამ დღეს საკუთარ სიმართლეში ნებისმიერ ადამიანს დაარწმუნებთ. თქვენ წინაშე ბევრი შესაძლებლობა გაჩნდება, თუმცა ნუ ეცდებით ყველა მათგანით ერთდროულად ისარგებლოთ. ეს დღე შესაფერისია სახლისა და აგარაკის მოწესრიგებისთვის. თავი შეიკავეთ ახალი ნივთების შეძენისგან, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.

მერწყული

ნუ ენდობით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს და, მით უფრო, ნუ გაუმხელთ საკუთარ საიდუმლოებებს ­– დიდი შანსია, რომ ჭორებისა და ღალატის მსხვერპლი გახდეთ, თუმცა თუ სწორად იმოქმედებთ, თქვენი ავტორიტეტი არ დაზარალდება. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად და აუჩქარებლად გაატაროთ და ყოველდღიური საზრუნავი დროებით გვერდზე გადადოთ.

თევზები

გირჩევთ ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილოთ, რომელთა გადაჭრაც ნამდვილად შეგიძლიათ. თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანისგან, ვინც თქვენში სიმპათიას არ იწვევს. თქვენი ქცევა და განწყობა დღეს შინაგანი ჰარმონიისა და სიმშვიდის მაგალითად უნდა იქცეს. გაატარეთ საღამო სახლში, ოჯახთან ერთად.

ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპს მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული ბაბუის დაბადების მოწმობის ასლი გადასცა – ეს დონალდ ტრამპის ბაბუის დაბადების მოწმობაა, მისი სახელი იყო ფრიდრიხი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული ბაბუის დაბადების მოწმობის ასლი გადასცა.

მერცის თქმით, ტრამპის გერმანული წარმომავლობის გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის ძალიან კარგი საფუძველი არსებობს.

„ეს დონალდ ტრამპის ბაბუის დაბადების მოწმობაა, მისი სახელი იყო ფრიდრიხი“, – განაცხადა მერცმა, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ძლიერი გერმანული სახელია.

ტრამპმა გერმანიის კანცლერს გულწრფელი მადლობა გადაუხადა.

“რაკეტების ანგარიში აშკარად არ არის უკრაინის სასარგებლოდ- ნიშნავს თუ არა დრონებით შეტევა რუსული სტრატეგიული ავიაციის წინააღმდეგ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე საჰაერო თავდასხმას?”- Politico

ამერიკულმა გაზეთმა „პოლიტიკომ“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რაკეტების ანგარიში აშკარად არ არის უკრაინის სასარგებლოდ: ნიშნავს თუ არა დრონებით შეტევა რუსული სტრატეგიული ავიაციის წინააღმდეგ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე საჰაერო თავდასხმას?“ (ავტორი – ჯეიმი დეტმარი).

„ალბათ, ეს იყო ყველაზე უარესი დღე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში“. სწორედ ასე შეაფასეს უკრაინელმა სამხედროებმა დრონების შეტევები რუსეთის აეროდრომებზე გასულ კვირას, რომლებიც, ეჭვგარეშეა, ძალიან გამხნევდნენ ერთდროული დარტყმების მასშტაბითა და მათი შორ მანძილზე მოქმედებით, რომლის შედეგად მწყობრიდან იქნენ გამოყვანილნი, როგორც კიევი ამტკიცებს, 40-მდე სტრატეგიული ბომბდამშენი.

უკრაინელი სამხედროების განცხადება გაბედულია, მაგრამ არცთუ ზუსტი. გავიხსენოთ, რომ გერმანულმა ლიუფტვაფემ 1941 წლის 22 ივნისს, ანუ ნაცისტური გერმანიის სსრ კავშირზე თავდასხმის პირველივე დღეს, 1200 და შესაძლოა, 2000 საბჭოთა თვითმფრინავი გაანადგურა.

მაგრამ, უკრაინის გადაჭარბებული შეფასების მიუხედავად, პირველი ივნისი, კვირა, რუსული სტრატეგიული ავიაციისათვის და საერთოდ, რუსეთის არმიისათვის მართლაც ძალიან ცუდი დღე გამოდგა. ეს იყო უკრაინის მძლავრი პასუხი რუსული რაკეტებისა და დრონების შეტევაზე გასულ კვირაში, რომელიც კრემლმა უკრაინის ქალაქებზე განახორციელა და რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რისხვა გამოიწვია. ამერიკელმა ლიდერმა ამ შემთხვევაში უარი თქვა თავის ტრადიციულ მიდგომაზე – რუსი კოლეგის უდანაშაულობის პრეზუმფციის აღიარებაზე და იგი უკვე „ჭკუიდან გადასულად“, „გადარეულად“ შერაცხა.

მაგრამ ნიშნავს თუ არა უკრაინის შეტევა უფრო რაღაც დიდს და მნიშვნელოვანს, ვიდრე წარმატებულ საჰაერო თავდასხმას? დიახ, კრემლი გაცოფებული იქნება კიევის მოქმედებით და მისი უარით თავი წაგებულად აღიაროს, მაგრამ შემდეგ რა იქნება?

გასულ კვირას რუსეთმა ძლიერი სარაკეტო დარტყმა მიაყენა უკრაინის სამხედრო-სასწავლო ცენტრს, რომელმაც მრავალრიცხოვანი მსხვერლი გამოიწვია და რის გამოც პოსტიდან  გადადგა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი მიხეილ დრაპატი. რეკორდული აღმოჩნდა რუსული დრონების რაოდენობაც, რომლებმაც კიევს და სხვა ქალაქებს შეუტიეს.

უკრაინა თანამედროვე დასავლური იარაღის რეზერვების თვალსაზრისით ძალზე არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს „პეტრიოტებს“ რუსეთის შეტევის მოსაგერიელებლად რაკეტები აღარ ჰყოფნით. უკრაინას მცირე შანსები აქვს იმისა, რომ კიევს პენტაგონი ძველებურად უხვად დაეხმარება. უყურებს რა ამ სიტუაციას, ვლადიმერ პუტინი მშვენივრად აცნობიერებს იმას, რომ უკრაინის მსხვილი სტრატეგიული ქალაქები და ქვეყნის ინფრასტრუქტურა სულ უფრო დაუცველი და მოწყვლადი ხდება. ეს აშკარად იმას ნიშნავს, რომ კრემლმა დროულად უნდა ისარგებლოს სიტუაციით და უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის მტკიცე ნებისყოფა გაუტეხოს.

ამრიგად, ასეთ არასასიამოვნო ფონზე მოხდა საოცარი მოვლენა, რასაც უკრაინელი ჯარისკაცების მორალური სულისკვეთების დიდი ხნის ნანატრი განმტკიცება მოჰყვა – სწორედ სტამბოლის მოლაპარაკების წინ, როცა უკრაინას ძალიან ჭირდებოდა ხელში რაღაც კოზირი ჰქონოდა რუსეთის წინააღმდეგ.

უკრაინიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ირკუტსკისა და მურმანსკის ოლქებში მდებარე რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბომბდამშენთა ბაზებზე შეტევის ოპერაცია „აბლაბუდა“ („ობობას ქსელი“) ნამდვილად უპრეცედენტოა. ყველაზე მეტი ზიანი მიიღო შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიასთან ახლოს მდებარე ავიაბაზა „ბელაიამ“ და კოლის ნახევარკუნძულზე, პოლარული წრის მიღმა დისლოცირებულმა  „ოლენიამ“. უკრაინის უშიშროების სამსახურმა, მეტი დარწმუნებისათვის, ინტერნეტში ბევრი ვიდეო და ფოტომასალა განათავსა, თუ როგორ იწვიან შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენები. კიევმა ასევე გამოაქვეყნა ის სცენარი, რომლითაც 18 თვის განმავლობაში მომზადებული ოპერაცია განხორციელდა – საიმედო ადამიანებით, სატვირთო ავტომანქანების მეშვეობით და დრონების დისტანციური მართვით (…).

უკრაინის უშიშროების სამსახურის შეფასებით, რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ავიაციამ 7 მილიარდამდე დოლარის ზიანი მიიღო და, როგორც ჩანს, ბომბდამშენების – ბირთვულ რაკეტმზიდ თვითმფრინავების – საერთო რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდა. უკრაინის სარდლობას, ალბათ, ძალიან გაუხარდა იმ ბომბდამშენების განადგურება, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრციდან უშვებდნენ რაკეტებს უკრაინის ქალაქების დასანგრევად. „ოჰო, რა ლამაზად გამოიყურება „ბელაიას“ აეროდრომი“, – ისმის უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, გენერალ ვასილ მალიუკის ხმა ერთ-ერთ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაღალ დონეზე შეაფასა განხორციელებული შეტევა და აღნიშნა „მისი აბსოლუტური უნიკალურობა“. შემდეგ მან რუსეთისადმი მიყენებულ „ჭრილობაზე მარილი მოაყარა“ და წაიტრაბახა: „ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსული დაზვერვის ერთ-ერთი რეგიონული ფილიალის გვერდით მუშაობდა და მათ ვერაფერი გაიგესო“.

თუმცა, ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ უკრაინის მიერ მიღწეული წარმატების მიუხედავად, სამხედრო სიტუაცია მაინც რუსეთისათვის სასარგებლოდ რჩება – სანქციებით და სანქციების გარეშე. რუსეთის არმია ისევ წინ მიიწევს და რადგანაც კრემლი სულ უფრო მეტ დრონებსა და ბალისტიკურ რაკეტებს ამზადებს, ჰაერში უპირატესობა ისევ მოსკოვს აქვს და, აქედან გამომდინარე, საერთო მდგომარეობა უკრაინას კარგს არაფერს უქადის.

დღეისათვის დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ უკრაინას ამერიკული „პეტრიოტის“ რვა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი აქვს, მაგრამ მათგან მხოლოდ ნახევარი დგას საბრძოლო პოსტზე, დანარჩენი რემონტშია. „პეტრიოტები“, პრინციპში, ერთადერთი იარაღია, რომელიც რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოიყენება, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ორი „პეტრიოტია“ საჭირო ერთი რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად.

სხვათა შორის, როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლეგ ივაშენკო ამბობს, 2025 წლისათვის რუსეთი 3000 დიდი სიშორის რაკეტების გამოშვებას გეგმავს, მათ შორის 750 „ისკანდერის“ და 560-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტის Х-101-ის დამზადებას.

სხვათა შორის, როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლეგ ივაშენკო ამბობს, 2025 წლისათვის რუსეთი 3000 დიდი სიშორის რაკეტების გამოშვებას გეგმავს, მათ შორის 750 „ისკანდერის“ და 560-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტის Х-101-ის დამზადებას.

„პეტრიოტის“ რამდენი რაკეტა აქვს ამჟამად უკრაინას? ეს მონაცემი მკაცრად დაცულ სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა ექსპერტების აზრით, ალბათ, 200-ზე ნაკლები არ აქვს, რაც საკმაოდ ცოტაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპი ნებას მისცემს უკრაინას „პეტრიოტებისთვის“ აუცილებელი რაკეტების და აკუმულატორების საჭირო რაოდენობა შეისყიდოს, კიევი მათ შეძენას მაინც ვერ შეძლებს – იმიტომ, რომ კომპანია „ლოქჰიდ მარტინს“ წელიწადში მხოლოდ… 600 რაკეტის გამოშვება აქვს დაგეგმილი. განა ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ყველა რაკეტას გადასცემს? რა თქმა უნდა, არა.

ასე რომ, რაკეტების ანგარიში უკრაინისათვის სასარგებლოდ არ არის. შესაბამისად, ქვეყნის სარდლობამ ამჟამად მზერა მიაპყრო რუსეთის ბომბდამშენების ბაზებს და რაკეტების საწყობებს, რათა ორივე – თვითმფრინავებიც და რაკეტებიც გააუვნებლოს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ კიდევ გავხდებით პირველი ივნისს მომხდარი შეტევის განმეორების მოწმე, მაგრამ ეს უკვე ძალიან რთული ამოცანა იქნება. თავის მხრივ, ალბათ, რუსეთიც გეგმავს საპასუხო ნაბიჯს…

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

უკრაინაში ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო, ჩვენ გაცილებით მეტი ფული დავხარჯეთ, ვიდრე ევროპამ, მაგრამ საქმე არა ფულში, არამედ გარდაცვლილ ადამიანებშია -დონალდ ტრამპი

J

მე მკვლელობების შეჩერების მომხრე ვარ, უკრაინაში ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა უკრაინის მხარდაჭერას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის გვერდითაა.

„დიახ, მე უკრაინის გვერდით ვარ. ჩვენ ახლახან გავაფორმეთ დიდი შეთანხმება. იცით, მე მომხრე ვარ მკვლელობების შეჩერების. სწორედ ამის მომხრე ვარ. ომი არასდროს დაიწყებოდა, ეს არასდროს უნდა დაწყებულიყო. ჩვენ ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ, გაცილებით მეტი, ვიდრე ევროპამ, მაგრამ საქმე ფულში არ არის, საქმე დაღუპულ ადამიანებშია. თქვენ მთელი კულტურა დაკარგეთ. უკრაინას აქვს ყველაზე ლამაზი კოშკები, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კოშკები, ისინი ართმევენ ქვეყანას კულტურას, ეს საშინელებაა, მაგრამ ყველაზე საშინელება მაინც სიკვდილია, კვირაში 5000 ჯარისკაცი. არ მინდა, რომ ეს ხდებოდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

მადლიერებას გამოვხატავ ტოლერანტობისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი მთავრობა იჩენთ საქართველოში ებრაული თემის მიმართ, გისურვებთ წარმატებებსა და კეთილდღეობას -ბენიამინ ნეთანიაჰუ ირაკლი კობახიძეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელსა და საქართველოს, საუკუნეებია, განსაკუთრებული კავშირები აქვთ, რაც საერთო ღირებულებებსა და ღრმა ისტორიულ კავშირებს ეფუძნება.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გულთბილად ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ისრაელსა და საქართველოს, საუკუნეებია, განსაკუთრებული კავშირები აქვთ, რაც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ღრმა ისტორიულ კავშირებს ეფუძნება. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები ტურიზმის მკვეთრი ზრდითაც ხასიათდება, რაც კულტურული გაცვლისა და ურთიერთსასარგებლო საქმიანობის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლიერებას გამოვხატავ ტოლერანტობისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი მთავრობა იჩენთ საქართველოში ებრაული თემის მიმართ. გისურვებთ წარმატებებსა და კეთილდღეობას“, – აღნიშნავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მისალოც წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ მიიღო.

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7318 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7318 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7320 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1203 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.

ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, საჭიროა ვიცოდეთ, საითკენ მივდივართ -სალომე ზურაბიშვილი

ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც დღეს ჩემგან სიცხადეს მოითხოვს. როცა ვსაუბრობთ უახლოეს მომავალზე და პოლიტიკურ განვითარებებზე, საჭიროა, ვიცოდეთ, რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ. რადგან მსჯელობა დაწყებულია, საჭიროა, მეც ვთქვა ჩემი სათქმელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი მისთვის გასაკვირი და გაუგებარია.

„ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ პლატფორმის სახელით, ჩემი სახელით ვლაპარაკობ. ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60 თუ 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ჩემთვის ცოტა გასაკვირი და გაუგებარიც კი არის. როგორ შეიძლება, შეხვიდე არჩევნებში, როდესაც ციხეში არა მხოლოდ აქტივისტები არიან, არამედ პოლიტიკური ლიდერები? პოლიტიკური ლიდერები თუ ციხეში არიან, რანაირად შეგვიძლია, ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე? ამიტომ არის, რომ პლატფორმის ფორმატში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღრიცხავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე. ასე რომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ რამეა, არის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და აუცილებელია სიტუაციის კარგად გაგება. რაც დროს გადის, უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს, მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ, თუ პროტესტი გაგრძელდა, თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს, ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის. არავის არასდროს არ უნდა, რომ შეიცვალოს რამე, რათა ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში. ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“პუტინმა მტკიცედ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რუსეთის აეროდრომებზე უპასუხოდ არ დარჩება”-The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“  (The New York Times) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პუტინმა მტკიცედ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რუსეთის აეროდრომებზე უპასუხოდ არ დარჩება“ (ავტორები – ზორან კანო-იანგსი და ჯონათან სვონი). პუბლიკაციაში კომენტირებულია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელიც 4 ივნისს გაიმართა. გარდა ამისა, მასალაში აღნიშნულია, თუ ვის მიმართ აქვს სიმპათიები აშშ-ის პრეზიდენტს და ვინ არის მისთვის „ცუდი ბიჭი“ – პუტინი თუ ზელენსკი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო დარტყმას  გეგმავს უკრაინის მიმართ – მას შემდეგ, რაც კიევმა მოულოდნელი შეტევა განახორციელა რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე. ამ საკითხზე დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს იმსჯელეს.

„პრეზიდენტმა პუტინმა ნამდვილად თქვა და ძალიან მტკიცედ, რომ მას მოუწევს რეაგირება მოახდინოს აეროდრომებზე [უკრაინის] ამასწინანდელი შეტევების გამო“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის პოსტში, რომელიც Truth-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მან სატელეფონო საუბარი  შეაფასა როგორც „კარგი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მიგვიყვანს მშვიდობასთან“. სხვათა შორის, პოსტი ცოტა ხნით საიტიდან გაქრა და შემდეგ ისევ გამოჩნდა. თეთრ სახლს ამ ფაქტის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

განცხადებაში დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, შეეცადა თუ არა იგი ვლადიმერ პუტინისათვის გადაეთქმევინებინა უკრაინისათვის საპასუხო დარტყმის მიყენების განზრახვა. ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ იმსჯელეს რიგ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ირანთან დამოკიდებულებაზე და ოპტიმიზმი გამოხატა ირანის ბირთვული პოტენციალის შეკავებასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპის რეაქცია აეროდრომებზე შეტევასთან დაკავშირებით საკმაოდ დაყოვნებული იყო იმ ფონზე, როცა იგი სწრაფად აკეთებს ხოლმე კომენტარს საერთაშორისო საკითხებზე. ეს იყო მისი პირველი განცხადება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ იმ საოცარი შეტევიდან, რომლის შედეგად რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენები – ბირთვული იარაღის მზიდი თვითმფრინავები – განადგურდნენ. უკრაინული დრონების შეტევამ მათი მნიშვნელოვანი მოწყვლადობა გამოავლინა.

უკრაინამ რუსეთს სტრატეგიული და სიმბოლური დარტყმა მიაყენა – კიევმა, სანამ აეროდრომებს შეუტევდა, თავისი დრონები რუსეთის ღრმა ზურგში განალაგა, ხუთ რეგიონში, რომლებიც სხვადასხვა სასაათო სარტყელებში მდებარეობენ. მიყენებული მატერიალური ზარალი საკმაოდ საგრძნობია – 7 მილიარდი დოლარი.

დონალდ ტრამპმა ეს ეპიზოდი თავის პოსტში ისე აღწერა, თითქოსდა იგი გარე დამკვირვებელი იყო და ისეთი ვარაუდით, რომ რუსეთის აგრესიული პასუხი უკვე გარდაუვალად მოსახდენ ფაქტად ჩათვალა.

თავის მხრივ იური უშაკოვს, პუტინის თანაშემწეს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, არაფერი უთქვამს იმის შესახებ, განაცხადა თუ არა პუტინმა რაიმე საპასუხო ნაბიჯზე, თუმცა მან აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა „ტერორისტულია“ რუსეთის რკინიგზაზე მომხდარი ხიდების აფეთქების გამო. უკრაინელების „ტერორიზმზე“ ლაპარაკის დროს იური უშაკოვმა განგებ „დაივიწყა“ ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას 2022 წლის თებერვალში, ხოლო ბოლო დროს კრემლმა უკრაინის ქალაქების დაბომბვა გააძლიერა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს ოთხშაბათს განუცხადა, რომ ოპერაცია „აბლაბუდა“ („ობობას ქსელი“) არ განხორციელდებოდა, კრემლი რომ დაზავებაზე დათანხმებულიყო: „ცეცხლი რომ შეწყვეტილიყო, განა ჩვენ ამ ოპერაციის რეალიზებას მოვახდენდით? რა თქმა უნდა, არა“.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლების თქმით, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა როგორც ვლადიმერ პუტინით, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკით, მაგრამ იგი განსაკუთრებით ვერ იტანს უკრაინის ლიდერს, ანუ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც რუსეთის აგრესიის მსხვერპლს წარმოადგენს. დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს თავისი თანაშემწეებისათვის, რომ მისტერ ზელენსკი „ცუდი ბიჭია“, რომელიც მსოფლიოს ბირთვული ომის უფსკრულისაკენ უბიძგებს. ამასთან, რიგ შემთხვევებში მას ისიც უთქვამს თავის თანაშემწეებთან, რომ სრულიად გასაგებია ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგობა – იმის გათვალისწინებით, რომ იგი ისეთ მტერს ებრძვის, რომელიც უკრაინის ქალაქებს შეუბრალებლად ბომბავს.

დონალდ ტრამპის სიმპათიები უფრო ვლადიმერ პუტინისაკენ იხრება, თუმცა ზოგჯერ იგი იმედგაცრუებას და აღშფოთებას გამოხატავს. აშშ-ის პრეზიდენტი ადრე, როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ რადგან პუტინთან ურთიერთობას „ძალიან-ძალიან კარგი“ უწოდა, ასეთი შეფასება მას ცეცხლის სწრაფ შეწყვეტაში დაეხმარებოდა. დონალდ ტრამპი საკუთარი მწარე გამოცდილებით დარწმუნდა, თუ როგორია აშშ-ის გავლენის ზღვარი, როცა მას თვითონ არ სურს უკრაინას მეტი იარაღი და ფული მისცეს. ვლადიმერ პუტინი ამას ხედავს და შესაბამისად იქცევა. კრემლი ასევე იმითაც არის დაიმედებული, რომ დონალდ ტრამპი დამატებითი სანქციების დაწესებისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა სენატის ორპარტიულ კანონპროექტს ანტირუსული სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მისმა თანაპარტიელმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა (სამხრეთ კაროლინის შტატიდან) შეიმუშავა.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „აბსოლუტურად ჭკუიდან შეშლილი“ უწოდა, მან ტონი შეცვალა და თქვა, რომ რუსეთის ლიდერს ორი კვირის ვადას მისცემს პროგრესის ნიშნების გამოსავლენად. ახლა კი ტრამპი ამბობს, რომ მას პუტინის დახმარება ჭირდება ირანთან ბირთვული გარიგების დასადებად.

„მე განვუცხადე პუტინს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და ამ საკითხში, ჩემი ვარაუდით, ჩვენ შეთანხმებამდე მივედით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში, – „პრეზიდენტმა პუტინმა თქვა,

რომ იგი, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს ირანთან დისკუსიაში და რომ იგი, ალბათ თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესის სწრაფ დასრულებაში“.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს წინადადება გაუგზავნა შეთანხმების დადების მიზნით: „გთავაზობთ გარიგებას – თუ ურანის გამდიდრებას შეწყვეტთ, მაშინ ატომური ელექტროსადგურებისთვის ურანს რეგიონული კონსორციუმისგან მოგცემთო“, მაგრამ ეს შეთავაზება თეირანმა უარყო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

 თავად დანიგანმა იცის, რამ უბიძგა თანამდებობის დატოვებისკენ, შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ უნდა დაინიშნოს ის, ვინც საქართველოსთან ურთიერთობაში ახალ ხაზს გაატარებს-თენგიზ შარმანაშვილი

სამწუხაროდ, რობინ დანიგანს საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ბოლოს გაუგებარი ნაბიჯი იყო პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილის არგამოქვეყნება, რომელიც თვითონვე პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, რამ უბიძგა რობინ დანიგანს ელჩის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებისკენ, ეს იცის თავად მან და აშშ-ის ხელისუფლებამ.

„პირველ რიგში, როგორც ყოფილი დიპლომატი, ჩემს კოლეგას, ელჩს სასიამოვნო პენსიას და მომავალში თავისი გეგმების განხორციელებას ვუსურვებ. ელჩის მთავარი მოვალეობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაა და თუ რამე გაუგებრობა არსებობს, მან უნდა იზრუნოს, რომ ეს გაუგებრობები აღმოიფხვრას, ურთიერთობები სხვა ხარისხში გადავიდეს. სამწუხაროდ, დანიგანმა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ვერ გამოიყენა. მან აქტიური ელჩის შთაბეჭდილება არ დატოვა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ბოლოს გაუგებარი ნაბიჯი იყო პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილის არგამოქვეყნება, რომელიც თვითონვე პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა. ეს ხომ დაძაბული ურთიერთობების განმუხტვისაკენ იყო მიმართული? ამიტომ გულდასაწყვეტია. ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ რამ უბიძგა, ეს თავისი ქვეყნის ხელისუფლებამ და თავად იცის“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამასთან, შარმანაშვილის თქმით, აშშ-ის მომავალმა ელჩმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაზე უნდა იმუშაოს.

„ეს არის ელჩის მოვალეობა, თორემ ურთიერთობების გაფუჭებას ელჩის თანამდებობა არ სჭირდება. ველოდები, რომ მომავალი ელჩი მიიღებს დავალებას, ორ ქვეყანას შორის არსებული გაუგებრობები აღმოფხვრას, ელჩი ამ ურთიერთობებში მხოლოდ პირად აზრს არ გამოხატავს. ერთი ელჩი მეორისგან იმით განსხვავდება, რამდენად შემართებით და ნიჭიერად ასრულებს იმ დავალებას, რომელიც თავისი ხელისუფლებისგან აქვს მიღებული. ფაქტი იყო, რომ მას წინა ადმინისტრაციის დავალება ჰქონდა გამოყოლილი და როგორც ჩანს, დღემდე მაგ ხაზს ასრულებდა – სხვა ახსნა ამას არ აქვს. შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ის ადამიანი უნდა დაინიშნოს, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებში ახალ ხაზს გაატარებს. ფაქტი ერთია – თუ ასე იქცევი და შენი ხელისუფლება არაფერს გეუბნება, ერთხელ თუ მოიქეცი და შეცდომა დაუშვი, შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებიდან მიგითითებენ, რომ მეორედ ასე არ გააკეთო, მაგრამ როცა თვეების განმავლობაში ამას აკეთებ და მიმთითებელი არავინ გყავს, მაშინ შეგიძლია დაასკვნა, რომ ეს დავალება იქიდან არის მიღებული. როგორც ჩანს, ეს დავალება ახალი ადმინისტრაციისგან ასე მთლად არ ჰქონდა მიღებული და ძველი დავალების შესაბამისად მოქმედებდა. ანუ, თეორიულად, შეიძლება, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ ყოფილიყო, სხვა ლოგიკური ახსნა არ მაქვს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

რობინ დანიგანი აშშ-ის ელჩის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. რობინ დანიგანი განცხადებაში განმარტავს, რომ „მიიღო პირადი გადაწყვეტილება, გავიდეს პენსიაზე და მისი გაწვევა აშშ-ის მთავრობას არ მოუთხოვია“.

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

თიბისი კამპუსი განათლების პროგრამაა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლია.

თიბისიმ შექმნა უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის დასრულების შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას.

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია აღნიშნავს: „თიბისი კამპუსში ვისწავლე მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება. ზოგადად, მაინტერესებს ყველაფერი, რაც სტარტაპების შექმნასა და მენეჯმენტს უკავშირდება. თიბისი კამპუსმა შემძინა რწმენა, რომ გონივრული იდეა არასოდეს უნდა დარჩეს განუხორციელებელი. სწორი დაგეგმარებისა და მოტივაციის პირობებში, ინვესტიციის მოპოვება და იდეის რეალობად ქცევა, სრულიად შესაძლებელი ხდება“.

თიბისის გუნდის სპეციალისტების და მოწვეული პროფესიონალ ლექტორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, თეორიულ ცოდნასთან ერთად, კამპუსის კურსდამთავრებულებს, აძლევს შესაძლებლობას, დარგში არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, გაუმკლავდნენ თანამედროვე საბაზრო გამოწვევებს, დასაქმდნენ და მათთვის საინტერესო იდეები რეალობად აქციონ.

როგორც ნუგო აღნიშნავს: „კურსი, რომელიც გავიარე ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. ყველაზე ღირებული ჩემთვის ის იყო, რომ ორი წარმატებული ბიზნესმენისგან მათი წარმატების ისტორია, რჩევები და მიდგომები მოვისმინეთ, რაც პირადად მე, საკუთარ საქმეში ძალიან დამეხმარა. კურსი იმდენად მომეწონა, რომ თიბისი კამპუსის ახალ ნაკადსაც შევუერთდი და ტექნოლოგიური პროექტების მართვის კურსზე ვაპირებ სწავლას“.

ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია.

განათლებით შენს ამბავს ქმნი, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების. თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

(R)

გოჩა ჩხაიძე Who is Who-მ ღვინის კულტურის გლობალურ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე ქართული ღვინის კულტურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მსოფლიოში გამორჩეულ ადამიანად დასახელდა.
აღიარება მას Who is Who International Awards-ის ფარგლებში გადაეცა, საერთაშორისო ჯილდოს, რომლის ლაურეატები წარსულში ბარაკ ობამა და რიანა იყვნენ.

როგორც გოჩა ჩხაიძე “ჯორჯიან თაიმსთან საუბარში აცხადებს ღონისძიება კვიპროსში ჩატარდა. და მას პოლიტიკის, კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, მთელი მსოფლიოდან ის იყო ერთადერთი ღვინის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა.

“ეს ჯილდო არა მხოლოდ პიროვნული, არამედ კომპანიისთვისაც მნიშვნელოვანი წარმატებაა.ჩემი ქვეყანა ძალიან კარგად წარმოვაჩინე. ფაქტობრივად, ყველა იმ ადამიანმა, ვინც იქ იყო, პირველად გაიგეს, რომ საქართველო არის ღვინის აკვანი. გარდა სიტყვით წარდგენისა, საშუალება მომეცა, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი წარმოებული ღვინის გარკვეული სახეობები გამესინჯებინა, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, რომ იქ მყოფთა 50% საქართველოში ჩამოვა, რისი პირობაც დადეს, – განაცხადა ჩხაიძემ.
გოჩა ჩხაიძის ეს წარმატება კვიპროსის საზღვრებს აუცილებლად გასცდება და საქართველოს, როგორც ქვეყნის და მეღვინეობის განვითარებას ხელს შეუწყობს.


„ჩვენი კომპანიისთვის, ამ ჯილდოს მიღება და აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ძალიან დიდ პოპულარიზაციას გაუწევს როგორც ჩემს კომპანიას, ისე ქართულ ღვინოს. რეალურად, “ასკანელი” მართლა ლიდერია საქართველოში. საერთაშორისო ბაზარზე 30-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და 1000-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო გვაქვს მიღებული. გასულ წელს, ჯამში 20 მლნ ბოთლი გავყიდეთ, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში კარგად გვიცნობენ”, -განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ,  კომპანია “ასკანელი” მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” 2023-2024 წლის ბიზნეს რეიტინგის  გამარჯვებული და   ბიზნეს რეიტინგის   XXIII-ე  დაჯილდოების ეროვნული ჯილდოს მფლობელია.   ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე,  რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, ბიზნესმენებმა  ფარული კენჭისყრის საფუძველზე თავად გამოვლინეს.