Home Blog Page 3

ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოს, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს -სალომე ზურაბიშვილი

კვირას, 20:00 საათზე ყველანი გამოვიდეთ, ეს ის დღეა, როცა უნდა გამოვიდეთ ყველანი ერთად – პარტიების წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე გამოჩნდება, რამდენად ძლიერია ერთიანობა, რამდენად ძლიერია საზოგადოება, რამდენად ძლიერია წინააღმდეგობა.

„ეს კვირა ალბათ ყველასთვის ძალიან მძიმე კვირად არის აღქმული. ამდენი პოლიტპატიმარი ერთ კვირაში არათუ საქართველოში, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს. მაგრამ, ეს არ არის იმის მიზეზი, რომ გავჩერდეთ, რადგან პირიქით, ის რაც ხდება, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ვართ უფრო ძლიერები. ის ფაქტი, რომ პლატფორმის ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს, თუ რამდენად აწუხებთ მათ წინააღმდეგობის ერთობა. პასუხი იმაზე, თუ რაც ხდება, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ და ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს ერთი ნაბიჯი ერთობაში, ყველას ერთად დგომა. ამის საშუალება გვეძლევა კვირას, 20:00 საათზე, რომ ყველანი გამოვიდეთ და ყველას, თითოეულ ადამიანს, რომელიც უყურებს დღეს საქართველოში რა ხდება, რომელსაც ესმის, ან რომელიც გრძნობს, საითკენ მიჰყავთ ეს ქვეყანა – ეს ის დღეა, როცა უნდა გამოვიდეთ ყველანი ერთად, პარტიების წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტში. მე ვიქნები იქ, თქვენ იქნებით იქ და ჩვენ დავანახებთ, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, რამდენად ძლიერია ეს საზოგადოება, რამდენად ძლიერია წინააღმდეგობა. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის -რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში”

„ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრამ ჰააგაში, სადაც პროგრამის მთავარ მშვენებად დონალდ ტრამპი გახდა, ევროპის განხეთქილება და გაუბედაობა მხოლოდ მიჩქმალა. ცხადი გახდა, რომ ალიანსი საერთოდ არაფრად არ ღირს აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გარეშე.. და ეს მხარდაჭერა რომ მიიღოს ვაშინგტონიდან, ყველა მისი დანარჩენი წევრი მზად არის მუხლებზე დაიჩოქოს“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით: „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში“ (ავტორი – ედვარდ ლუკასი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამხედრო ალიანსს სიმხდალე და მშიშრობა არ შეშვენის, მაგრამ სწორედ ეს სუფევდა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჰოლანდიურ ქალაქში შეკრებილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ დონალდ ტრამპის წინაშე უფრო მეტ შიშს განიცდიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მიმართ.
აშშ-ის პრეზიდენტისათვის რომ ეამებინათ, ნატოს ლიდერებმა შეამოკლეს დღის წესრიგი, უკან დასწიეს უკრაინა, შეარბილეს რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავი დაიძვრინეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამ მეთოდმა, სამწუხაროდ, იმოქმედა – გარკვეული დროით მაინც.

რუსი თავადი გრიგოლ პოტიომკინი ასეთ მდგომარეობას მოიწონებდა. შთაბეჭდილება რომ მოეხდინა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ზე და სასახლის მუქთამჭამელ გარემოცვაზე, 1787 წელს ოსმალეთისგან წართმეულ ყირიმისაკენ მოგზაურობის დროს, რუსმა დიდებულმა, რომელიც იმ დროს ნოვოროსიის (ყირიმის და ტავრიის) გუბერნატორი იყო, ლეგენდის თანახმად, ბუტაფორული გადასატანი სოფლების იდეა მოიფიქრა. გზის პირას ლამაზ-ლამაზი სახლები ჩაამწკრივა და დედოფალს ასიამოვნა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახლების მიღმა ცარიელი ველ-მინდვრები იყო.

დღეს გრიგოლ პოტიომკინის თანამედროვე კოლეგები ნატოს სამიტზე ცდილობდნენ შთაბეჭდილება მოეხდინათ სხვა მბრძანებელზე – იმპერატორ დონალდ I-ზე.
დონალდის თაყვანისმცემლებში ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე ლიდერობს. თავისი პირფერობა-პირმოთნეობით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ეროვნული დამახასიათებელი ნიშანი აჩვენა – პრაგმატიზმი, თანაც ჯერ არნახულ დონეზე. მისი პირადი მისალმება დონალდ ტრამპისადმი (რომელიც ძლევამოსილმა ადრესატმა ჩვეული ფორმით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში), თითქმის პაროდიად გადაიქცა პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე. მასში გენმდივანმა მადლობა უთხრა „დონალდ I“-ს იმისათვის, რომ მან მოკავშირეებს თავს მოახვია თავდაცვის ხარჯების ახალი დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის მოცულობით და აღფრთოვანებით განაცხადა: „ევროპა გადაიხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენი გამარჯვება იქნება“.


იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ (მეზობლები – ბალტიისპირეთი, პოლონეთი…), თავიანთ ბიუჯეტში დიდი ხანია 5%-იანი და მეტი ხარჯვა აქვთ სამხედრო სფეროში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფული სხვების ნაცვლად იხადონ. „ლიეტუვას შეუძლია 100%-ის გადახდაც, მაგრამ მისი ფული მაინც არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს იმ ქვეყნების ხარჯები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, – აღნიშნავს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.


მათთვის (და ვლადიმერ პუტინისთვის) საბედნიეროდ, სამანევრო სივრცე საკმარისზე მეტია: ამ 5%-ში შევიდა 1,5%-იანი თანმდევი ხარჯები უსაფრთხოებისათვის. წესით და რიგით, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის დასახმარებლად – სამოქალაქო თავდაცვის განსამტკიცებლად და რუსი ჯაშუშების გამოვლენა-დასაჭერად, რაც ნამდვილად ქება-დიდებას იმსახურებს. მაგრამ ამ თანხების ხარჯვის დროს შეიძლება საბუხჰალტრო წიგნების გაყალბებაც… და რაც ყველაზე მთავარია, 5%-იანი ხარჯების ზრდის საბოლოო ვადაა შორეული 2035 წელი, როცა დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ჰააგის სამიტში მონაწილეობდნენ, ცოტა ვინმე თუ იქნება ხელისუფლების საჭესთან.


რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები პოლიტიკურად არაპოპულარულია და ეკონომიკურად დამანგრეველი. „საბჭოთა კავშირს ძირი სწორედ ასეთმა ხარჯებმა გამოუთხარა, როცა ბიუჯეტმა, სამხედრო ასიგნებების ზრდის კვალობაზე, ვეღარ შეძლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის დონის ზრდა“, – ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა სამიტის ერთ-ერთმა მონაწილემ. კაცმა რომ თქვას, ნატოს ევროპელი წევრები ერთობლიობაში რუსეთთან შედარებით ათჯერ უფრო მდიდრები არიან. მათ რომ სწორად დახარჯონ დღეს არსებული სამხედრო ბიუჯეტები, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ან განგებ არ ამჩნევენ სახიფათო ხვრელებს თავდაცვაში და იმედს სამომავლო ხარჯებზე ამყარებენ.


სამიტის ოპტიმისტური ტონი ნაკარნახევი იყო ძირითადად იმის გაცნობიერებით, რომ თავიდან იქნა აცილებული კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. ჯერ ერთი, რომ სამიტი, პრინციპში, შედგა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; მეორე – დონალდმა კეთილი ინება და ჰააგაში ჩაბრძანდა. საბედნიეროდ, სკანდალიც კი არ აუტეხავს. ნათელი გახდა, რომ დონალდი და მისი ადმინისტრაცია ევროპის თავდაცვას ძველებურად მხარს უჭერს – უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც. ვლადიმერ პუტინთან მისი მეგობრული ურთიერთობის მიუხედავადა, სამიტის ერთობლივ კომუნიკეში რუსეთი მაინც ნეგატიურად არის მოხსენიებული – „გრძელვადიან საფრთხედ“ (თუმცა ეპითეტი „უშუალო“ რომ გამოეყენებინათ, უფრო კარგი იქნებოდა). დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა ასეთი შეფასების პირდაპირ დადასტურებას და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თქვა – „რუსეთის ლიდერი შეცდომებს უშვებსო“.


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტების დროს გამოთქმული დაფიცებები და დაპირებები ჰააგის სამიტის დეკლარაციაში აღარ განმეორებულა, თუმცა არც გაუქმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ლიდერების შეხვედრაზე უკვე აღარ დაუძახეს, მაგრამ მისთვის ტაშისკვრა არ შეუწყვეტიათ. მისი შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან ზრდილობიანად გაიმართა. „რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო სიყვარულის გამომხატველი ყოფილიყო“, – შეაფასა დონალდ ტრამპმა მისი მდგომარეობა და მიანიშნა, რომ შეიძლება მიჰყიდოს უკრაინას კიევისათვის უკიდურესად აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტის“ საზენიტო-რაკეტული კომპლექსი.


ეს სასიამოვნო ახალი ამბავი იმ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელზეც დონალდ ტრამპი პირდაპირ სხივებს აფრქვევდა თვითკმაყოფილებისაგან. მან აღიარა, რომ მისმა ნატოელმა კოლეგებმა ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და აჩვენეს, რომ „მათ ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყნები და რომ სამხედრო ხარჯები ზრდა ვიღაცის აჩემებული საკითხი არ არის“. ნატოს მიმართ მისი მრავალწლიანი უგულებელყოფა და „აბუჩად აგდება“ ამჟამად აღტაცებული მოწონებით შეიცვალა.


თუმცა მანამდე სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ევროპა თითქმის ისტერიკამდე მიიყვანა, როცა ეჭვის ქვეშ დააყენა ნატოს ძირითადი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის თაობაზე: მან თქვა, რომ აშშ-ის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ დამოკიდებულია მის ინტერპრეტაციებზე და განმარტებებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრიაო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დონალდ ტრამპის განცხადებების ირგვლივ, ამაში არის რაღაც სიმართლე₾ ატლანტიკური ქარტიის ყველაზე ხმაურიანი პუნქტი ალიანსის წევრებს მხოლოდ მოუწოდებს ერთმანეთს დაეხმარონ უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ არამც და არამც არ ავალდებულებს.
თუ განვსჯით პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბებს (და არა კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება მოხერხდა), სამიტის შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: ასეთი დაჟინებული ყურადღება დონალდ ტრამპის განწყობების მიმართ და სიტყვების გულდასმით შერჩევა ხაზს უსვამს ალიანსის მოწყვლადობას პრეზიდენტის კაპრიზების წინაშე. ნატოს მთლიანობაში მაინც აშშ-ის იმედი აქვს, მის სიმძლავრეს ეყრდნობა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს მრავალრიცხოვანი ბზარების ამოქოლვას. ეს არის საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მწირი რეზერვები, ჰაერსწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე, მცირე რაოდენობის შორსმსროლელი ქვემეხები და სუსტი ლოჯისტიკა, დაზვერვის ჩათვლით. ევროპაში რეზერვები თითქმის ფსკერზეა დასული: „ყველაფერი მხოლოდ თითო-თითო დარჩა“, – მითხრა ამას წინათ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა. მოკავშირეები გაოგნებულნი არიან დონალდ ტრამპის ქცევით და მის ჭეშმარიტ ზრახვებზე მკითხაობენ. პოზიტიური ისაა, რომ ალბათ, ვლადიმერ პუტინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფება ტრამპთან მიმართებით. სხვათა შორის, ზოგჯერ ორაზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნათლად გარკვევას.


მაგრამ საქმების გაჭიანურება და გაუბედაობა არ გამქრალა: როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შენიშნა, „უკრაინა ყურადღებიდან გამორჩათ“. სანამ სამიტზე ყვედობდნენ და ხმაურობდნენ, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმამ ათობით უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ევროპა ასეთ სიტუაციას იმდენად მიეჩვია, რომ დაბომბვის ფაქტები სტატიების სათაურებშიც აღარ ხვდება. ზოგიერთებისათვის სიმხდალე და გაუბედაობა იაფი ჯდება მაშინ, როცა მის ფასს სხვები იხდიან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

მშვიდობა, ეკონომიკის განვითარება არის პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა ხალხის მიმართ, მადლობა ამისთვის -ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა საკუთარი ქვეყნის, ხალხის მიმართ, ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ხალხის, ეროვნული ინტერესების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ამის გამოძახილია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტულ მიღწევებზე, მათ შორის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სხვადასხვა დარგის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ხალხის, ადამიანების მიმართ, ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ეროვნული ინტერესების მიმართ და ამის გამოძახილია ის შედეგები, რომლებზეც დღეს მქონდა საუბარი – დაწყებული მშვიდობის შენარჩუნებით, დამთავრებული ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. კიდევ ერთხელ მადლობა ამისათვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები – ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში, კეთილსინდისიერება არის მთავარი -ირაკლი კობახიძე

კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები, ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 პრემიერის თქმით, როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა – ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა,

 „კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები. ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში. კეთილსინდისიერება არის მთავარი. ზოგადად, როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა – ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა, პროფესიონალიზმი. თუმცა, კეთილსინდისიერება მაინც არის უმთავრესი პრიორიტეტი. პროფესიონალიზმი შეიძლება ისწავლო, მაგრამ თუ კეთილსინდისიერად არ უდგები საქმეს, პროფესიონალიზმს არ აქვს არავითარი ფასი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამთავრობო გუნდის კეთილსინდისიერებაზე და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დიდი მიღწევები ამ მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება

მზად ხართ საგულშემატკივროდ?!

29 ივნისიდან, იტალიაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება.  ბორჯღალოსნები აპენინის ნახევარკუნძულზე უკვე გაემგზავრნენ, სადაც 26 ივნისს, ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიელ თანატოლებთან ერთად ერთობლივ ვარჯიშს გამართავენ და შემდეგ, პირველი მატჩისთვის მოემზადებიან.

20-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ მსოფლიო თასისთვის 30 მორაგბე შეარჩია:

შერკინება: არჩილ ნოზაძე (აჟენი), ბაჩუკი ბარათაშვილი, ლუკა ნარსია (აია), მიხეილ ხახუბია, შოთა ხელაძე, დავით არჩვაძე, ნიკა აბესაძე (ლელო), მათე ღურწკაია (კასტრი), გიორგი ძაგანია (ნარბონი), გიორგი მესხიძე, ანდრო დვალი (პერპინიანი), თემურ წულუკიძე (ოიონა), გაგი მარგველაშვილი (რასინგი), დავით ბარამია, მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), გიორგი არძენაძე (ბათუმი).

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), თემურ ძოძუაშვილი, საბა შარვაშიძე (აია), დავით წიკლაური, ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), გიგი სირბილაძე, ნუგზარ ქევხიშვილი, დათა ახვლედიანი (ლელო), სანდრო სესიაშვილი, სანდრო მესხიძე, ლუკა კეშელავა (არმია), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები).

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში, ირლანდიასთან, ახალ ზელანდიასთან და მასპინძელ იტალიასთან ერთადაა.

ჩვენი გუნდის მატჩების განრიგი კი, ასეთია:

ირლანდია Vs საქართველო | 29 ივნისი, 20:00, კალვიზანო

ახალი ზელანდია Vs საქართველო | 4 ივლისი, 20:00, ვიადანა

საქართველო Vs იტალია | 9 ივლისი, 22:30, კალვიზანო

თიბისისთვის ქართული რაგბის მხარდაჭერა მომავალში ინვესტიციაა – იმ ახალგაზრდებში, რომლებიც არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და ენერგიის მაგალითები არიან.

#ერთადგავიმარჯვებთ

(R)

საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას -ირაკლი კობახიძე

ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას.

„ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები. 2024 წლიდან საშუალო წლიური ინფლაცია იყო 1.1 %, ბიუჯეტის დეფიციტი 1.9%, ესეც დადგენილი ზღვრის ფარგლებშია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4.4%, მთავრობის ვალი: 36.1% – აქაც გვაქვს მონაცემები დადგენილი ზღვრის ფარგლებში. 2020 წელს ჩვენმა ვალმა გადააჭარბა 60 %-ს და, ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ აღნიშნული მაჩვენებლის 36 %- მდე შემცირება, რაც, ბუნებრივია, ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია.

საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში – ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურად ლარის კურსს, იყო შემცირების ტენდენციებიც ბოლო პერიოდში, მეტიც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ბანკი ახერხებდა რეზერვების შევსებას, რამდენიმე ასეული მილიონით შეივსო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მოვამზადეთ „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-27 წლებისთვის“, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ამ პროგრამის შესრულება, ისე ყველა იმ დასახული გეგმის შესრულება, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

5 ივლისიდან, ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯის კარი მელომანებისთვის უკვე მეცხრედ გაიღება და ივლისის ყოველ შაბათ-კვირას დაუვიწყარი მოგონებების შესაგროვებლად გეპატიჟებათ.

ფესტივალის ვარსკვლავური შემადგენლობა, არაჩვეულებრივი გარემო, ულამაზესი ბუნება და მასპინძლების კეთილგანწყობა – ეს ყველაფერი წინაპირობაა იმისა, რომ ლაგოდეხში დაუვიწყარ დროს გაატარებთ.

5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე – The Kings of Blues (აშშ) – ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი.

The Kings of Blues  – ესაა ბენდი ჩიკაგოდან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კენი უეინი (ბლუზბოსად წოდებული, კლავიშები, ბუგიპლეერი), ვესტი და რასელ ჯეკსონები (რითმ და ბას გიტარა), ვალდო ვეზერსი (კომპოზიტორი, საქსაფონი) და ტონი კოლემანი (დრამი).

ძმები ჯეკსონები და ტონი კოლემანი წლების მანძილზე უკრავდნენ ბიბი კინგის ბენდში; ხოლო ვალდო – ჯეიმს ბრაუნის ბენდში.

ფესტივალი უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ყოველწლიურად მატულობს საშემსრულებლო ხარისხი, მონაწილეთა სულ უფრო მაღალი პროფესიონალური დონიდან გამომდინარე. ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი მოიხსენიება როგორც ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული ბლუზ ფესტივალი და ერთადერთი – აღმოსავლეთ ევროპაში.

წელს პირველად, მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. სიახლე ისაა, რომ ყველა მონაწილე ჩამოდის თავის ბენდთან ერთად და შესაბამისად, მსმენელს ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მუსიკას შევთავაზებთ.

უკვე რამდენიმე წელია, თიბისი ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია.

ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.

შევხვდებით ლაგოდეხში!

(R)

 

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე „ტენე“ გამოჩნდა —  კომპანია „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილი „მწვანე“ USB კაბელი. ამოსავალი წერტილი კი ის იყო, რომ ხარისხიანი მიკროელექტრონიკის პროდუქცია მიეწოდებინათ მომხმარებლებისთვის. თავდაპირველად, იმპორტს ეყრდნობოდნენ, მაგრამ მალე გადაწყვიტეს, უშუალოდ წარმოებაც დაეწყოთ.

იდეის რეალობად ქცევას საკმაოდ დიდი შრომა და სფეროში ცოდნის გაღრმავება სჭირდებოდა. როგორც „ტენეს“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ლილუაშვილი აღნიშნავს, როდესაც წარმოებაზე ფიქრობდა, ისეთი პროდუქციის შექმნა არ სურდა, რომელიც გარემოს ზიანს მოუტანდა.

„ბევრი ძიებისა და ექსპერიმენტის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ბოთლის თავსახურების გამოყენებით შეგვეძლო კაბელების შექმნა. საწყის ეტაპზე, საკმაოდ რთული იყო ტექნოლოგიურ მხარეში ბოლომდე გარკვევა და დიდი დრო დაგვჭირდა იმ ხარისხამდე მოსასვლელად, რაც ახლა გვაქვს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საჭირო გამოცდილება მოვაგროვეთ, განვვითარდით და კარგი რეპუტაციაც მოვიპოვეთ.

დღეისათვის „ტენეს“ ტექნოლოგიური განვითარება საკმაოდ მოწინავე პოზიციაზეა, როგორც ეფექტიანობის, ისე გამძლეობის თვალსაზრისით. თავის მხრივ, ამაში უდიდესი როლი ითამაშა ინოვაციურმა მიდგომებმა და მკაფიო ხედვამ, არასდროს გადაეხვიათ ეკოლოგიური გზიდან; კერძოდ, წარმოებაში მეორად მასალებს იყენებენ — მათ შორის, ზემოხსენებულ ბოთლის თავსახურებს.

საგულისხმოა, რომ „ტენეს“ სოციალური საწარმო აქვს, რომელშიც 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებულები. უშუალოდ წარმოების პროცესში კი მხოლოდ განახლებად ენერგიას ეყრდნობიან, რათა CO₂-ის ემისიებით მავნე გავლენა არ იქონიონ გარემოზე.

ცხადია, საწყის ეტაპზე, გარდა ტექნოლოგიური განვითარებისა, აუცილებელი იყო თვალსაჩინოებაც — კერძოდ, რამდენად ცნობადი გახდებოდა ბრენდი მომხმარებლებში. ამ თვალსაზრისით, ალექსანდრე თიბისის როლს გამოყოფს: „თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა და გამარჯვება, დიდ ფინანსურ დახმარებასთან ერთად, პოპულარობის მომტანიც აღმოჩნდა. რეალურად, ეს იყო ერთგვარი რეკლამა, რომელმაც ბევრ გარიგებას და აღიარებას დაუდო სათავე“.

 ამავდროულად, უნდა გამოვყოთ „ტენესა“ და თიბისის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მობილურის საკიდები შეიქმნა. მეორადი, გაფუჭებული კაბელებისგან დაამზადეს პრაქტიკული აქსესუარი — ეს არის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი პროდუქტი. „ეს ინიციატივა თიბისისგან წამოვიდა — საშუალება მოგვცეს, ჩვენს პროდუქტად გვექცია და ამ კუთხითაც გვეცადა ბედი. თანაც, ძალიან კარგი კამპანია აწარმოეს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ცნობადობა და ბევრ კომპანიას გაუჩნდა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი“.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად ეს პროექტი კიდევ უფრო პრაქტიკული გზით გრძელდება — საკიდი მობილურის დამუხტვის ფუნქციასაც შეასრულებს, რაც ყველასათვის საკმაოდ გავრცელებულ და შემაწუხებელ პრობლემას მოხსნის.

(R)

სასამართლომ გივი თარგამაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და  ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აუკრძალა  ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

სასამართლო სხდომას თარგამაძე არ ესწრებოდა.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე იყო  3 აპრილს დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას  საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით ლარიანი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროებით ნაქირავებ სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.

სამართალდამცველებმა ა.მ.-ს მიერ სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 136 ძირი ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 ივნისს ქუთაისში დღისით +32 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +30, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღეა, ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი ამინდია, +28 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +33, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღე იქნება თელავშიც, +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +32 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ჩემი ყოყმანი დამთავრდა, ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს -ალეკო ელისაშვილი

ჩემი ყოყმანი დამთავრდა, ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ყოველთვის იდგება თავისი პოლიტიკური პარტნიორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გვერდით.

„ხან ვფიქრობდი, რომ სწორი იყო, უბრძოლველად დათმობა არაფრის არ შეიძლება და მეთქი, ხომ არ შევიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში, მეორე მხრივ, ვფიქრობდი, რომ აბსოლუტურად წაგებულ თამაშში როგორ შევიდეთ-თქო და რომ გამოვალ და ვიტყვით მერე – გაგვიყალბეს, გაგვიყალბეს. ამაში ვყოყმანობდი. ჩემი ყოყმანი დამთავრდა იქ, როდესაც ხელბორკილები დაადეს ბადრის და მამუკას.

მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს. ამ ადამიანების პოზიცია იყო ეს. მე მათ გვერდით ვდგავარ და ამ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ. ეს ხალხი იძახდა, ბადრიც და მამუკაც, რომ მოდი, ვიმსჯელოთ. ეს „მოდი, ვიმსჯელოთ“ რატომღაც ჯოჯოხეთია ჩვენს ერში. რა გახდა, რომ დავსხდეთ? კი ბატონო, შენ არ მოგწონს, მეც შინაგანად ხან ვეთანხმებოდი, ხან არა. ხან მეგონა სწორი იყო და ხან არ მეგონა, რომ სწორი იყო. პოლიტსაბჭოზეც ყველა მხარეს ვუსმენდი. ხან მეგონა რომ ასე იყო სწორი, ხან ისე… ახლა ვარ ამ პოზიციაზე, რადგან ის ხალხი, ვინც არიან ჩემი პოლიტიკური პარტნიორები, არიან ციხეში. მათ გვერდზე ვდგავარ და ვიდგები.  „მჯერა-არ მჯერა“ მორჩა, გათავდა. მე შევალ ამ ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც რომ იყოს, მაინც შევალ, რადგან ეს ხალხი ამ პოზიციაზე იდგა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.