Home Blog Page 3

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ოპოზიციისა და პროტესტის ლიდერების დაკავებებისა და წინასწარი პატიმრობის, ისევე როგორც პოლიციის მიერ მათი ოფისების ჩხრეკის გამო, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც მომხსენებლები აცხადებენ, დაკავებების დროს პოლიციის ძალადობა აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტე ესტრელამ დღეს გამოხატეს ღრმა შეშფოთება ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების ლიდერების დაპატიმრებებისა და წინასწარი დაკავებების, ასევე პოლიციის მიერ მათი ოფისების ჩხრეკის გამო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, საეჭვო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საკამათო დებულებების საფუძველზე ჩატარდა, რაც მას პოლიტიკური ძალადობისგან დაუცველს ხდის. დაკავებების დროს პოლიციის მიერ ძალადობასთან და ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან ერთად, ეს აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მართლმსაჯულების შესაძლებლობის შესახებ, რომლის ადგილიც არ არის კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – ნათქვამია მომხსენებლების განცხადებაში.

განცხადებაშია ასევე აღნიშნულია, რომ მომხსენებლები გმობენ პოლიციის სისასტიკეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების მიმართ, რომელიც უცვლელად გრძელდება, რაც დაადასტურა საქართველოს სახალხო დამცველმა.

„როგორც ჩანს, არსებობს დაუსჯელობის განცდა პოლიციელების მხრიდან ძალადობისთვის და ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, რაც მიუღებელია“, – აცხადებენ მომხსენებლები, რომლებიც მოუწოდებენ ხელისუფლებას, პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, მათი ვალდებულებების შესაბამისად, როგორც ევროპის საბჭოს წევრი.

გარდა ამისა, მომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სრულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს პოლიციის მიერ ძალადობისა და ძალის გადამეტებული გამოყენების ყველა შემთხვევა და პასუხისმგებელ პირებს კანონის შესაბამისად დაეკისროთ პასუხისმგებლობა.

„ასეთი შემაძრწუნებელი საქციელის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხსენებლები თბილისში იანვრის დასაწყისში ფაქტების დადგენის მიზნით ჩავლენ.

უკრაინაში ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, ზამთარში დაიწყოს -დონალდ ტუსკი

უკრაინაში ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომავალი წლის ზამთარში დაიწყოს, – აღნიშნულის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთი აქტიურ როლს შეასრულებს კონფლიქტის დასრულებაში და აქტიურად იქნება ჩართული მოლაპარაკებებში, როდესაც 1-ელ იანვარს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

„მე მექნება მოლაპარაკებების სერია, პირველ რიგში, ჩვენს აღმოსავლეთით მდებარე საზღვრის მიღმა არსებულ ვითარებაზე. ჩვენი დელეგაცია იქნება თანაპასუხისმგებელი, სხვა საკითხებთან ერთად, იმაზე, თუ როგორი იქნება პოლიტიკური კალენდარი. ალბათ იმაზეც, როგორი იქნება ვითარება მოლაპარაკებების დროს, რომელიც შეიძლება დაიწყოს ზამთარში, თუმცა ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, – განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, ტუსკმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 12 დეკემბერს ვარშავას ეწვევა, რათა გაუზიაროს დეტალები რამდენიმე დღის წინ პარიზში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ.

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც დააზიანა და გაანადგურა რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული 112-ს ბალანსზე რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – დოკუმენტი 88 ხმით, ერთხმად მიიღეს

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 88-ხმით, ერთხმად მიიღეს.

ბიუჯეტის პროექტი, თანდართულ მასალებთან ერთად, პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.

2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,2%-ს შეადგენს.

მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ია – იგივე მაჩვენებელი შენარჩუნებულია მომდევნო წლებშიც.

საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1.0%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%).

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა, ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით 895,2 მლნ ლარით იზრდება და 27 941,7 მლნ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სამინისტროებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 8 820,0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 990.9 მლნ ლარით.

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 3 085,0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 577,0 მლნ ლარით აღემატება.

კულტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 297,6 მლნ ლარით, ხოლო სპორტის სამინისტროს დაფინანსება 298,4 მლნ ლარი იქნება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 125,0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2 405,8 მლნ ლარი, გრანტებში 18,5 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში – 700,8 მლნ ლარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808.1 მლნ ლარს შეადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947,0 მლნ ლარი, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 146,0 მლნ ლარით აღემატება.

ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 121,0 მლნ ლარს შეადგენს. იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 442,0 მლნ ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის – 215,0 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროსთვის – 1 730,0 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 350,0 მლნ ლარით აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 395,0 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 135,0 მლნ ლარით აღემატება. აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.

სალომე ზურაბიშვილმა ქართული მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა.

როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის, მედლით სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდოვდებიან: ჯონი ბაკურიძე, სერგი ბარამიძე, ნუცა ბახუტაშვილი, დავით ბერაძე, დავით ბიჭიკაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ნიკა ბუჩაშვილი, მინდია გაბაძე, მარიამ გაფრინდაშვილი, რუსუდან დუმბაძე, აკაკი ზარქუა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მალხაზ კანდელაკი, დავით კობიძე, ნიკოლოზ კოკაია, ანა ლომთაძე მდივანი, მარიამ მაკასარაშვილი, დეა მამისეიშვილი, მიხეილ მარტიაშვილი, მირიან მელაძე, გივი მჭედლიშვილი, მარიამ ნიკურაძე, გურამ როგავა, დავით ქაშიაშვილი, ნანა ქაჯაია, ალექსანდრე ქეშელაშვილი, გენადი ქვაჩახია, ბექა ყორშია, გიორგი შეწირული, მაკა ჩიხლაძე, ქეთევან ციცქიშვილი, პავლე ხაჩიძე, ირინა ყურუა, ბესარიონ გაფრინდაშვილი (რომელმაც მისვლა ვერ მოახერხა).

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვერ აჯილდოებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს მათი ეთიკის წესებიდან გამომდინარე.

„ვერ ვაჯილდოებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს, რადგან მათი ეთიკის წესები ამის უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ მათაც დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაჯილდოებამდე სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მედია არის ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ვხედავთ, რაც ხდება.

„მინდა, მოგმართოთ თქვენ, რადგან ნამდვილად დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენს ხელში აიღეთ არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ თქვენს ხელში აიღეთ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი. ამისთვის თქვენც ჩაეწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ ჩაეწერებით როგორც დღევანდელი დღის, ეპოქის გმირები. ადვილი არ არის, მიხვიდე იქ, სადაც არიან ეს მხეცები, დადგე მათ წინ და გაბედო, მათ კითხვებიც დაუსვა, გაზის გაშვების დროს მაინც იქ იდგე, არ გაინძრე და დარჩე შენს ხალხთან ერთად.

მე არ ვიცი, თქვენ მაგივრად ნამდვილად ვერ გავბედავდი, მაგრამ ვარ ძალიან ამაყი, რომ ამ ქვეყანამ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და ეს არის ის, რაც ჩანს ჩვენს საზღვრებს გარეთ და რაზეც ალბათ შურით გვიყურებენ. დღეს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც ასე ღირსეულად, ასე მშვიდობიანად იბრძვის თავისი იდენტობისთვის, ფასეულობებისთვის, ენისთვის და რწმენისთვის, მომავლისთვის, ყველაფრისთვის. ეს თქვენ ხართ. თქვენ ხართ წინა რიგებში, თქვენთან ერთად იბრძვის მთელი ქვეყნის ნამდვილი საზოგადოება.

მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, მაგრამ თქვენ მადლობისთვის არაფერს აკეთებთ. თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ ბოლომდე გესმით, რას ნიშნავს პროფესიული ვალდებულება. ხვალ ალბათ თქვენზე წამოვა კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა, თუ ესენი გააგრძელებენ ამ მდგომარეობაში ყოფნას, რადგან თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ვხედავთ იმას, რაც ხდება. თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანებს, ვინც არ არიან დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ იქ დგომა, არ ეცოდინებოდათ, რა ხდება. თუნდაც პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც ძალიან გაშლილია მთელ ქალაქში, ან სხვადასხვა ქალაქში – არ გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა მთლიანად დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ასე რომ, თქვენი ყოფნა, თქვენი ეს თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ. ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არ შეიძლება ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო და მთავარი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული – პრეზიდენტი

ალბათ, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იგივე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ყველა ქვეყნის ლიდერს მიაწოდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ამის მერე ვერ იტყვიან „არ ვიცოდი“.

„იცით, რომ მივმართე ვეღარ დავითვლი, რამდენ ჩემ კოლეგას, ევროკავშირის კოლეგას და ალბათ, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იგივე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება.

დღეს, რადგან 10 დეკემბერია და ეს ტრადიციულად ხდებოდა, სადილი მქონდა 27 ელჩთან (27 -ვე არ არის საქართველოში, მგონი 23 ელჩი იყო), ყველას ძალიან კარგი „მესიჯი“ გადავეცი თავიანთი ქალაქებისთვის, რომ დღეს ამ ყველაფრის მიმართ რეაგირებით წყდება არა მარტო საქართველოს მომავალი, არამდე დღეს წყდება ამ რეგიონის მომავალი, ვრცელი რეგიონის – ჩვენ ვნახეთ სხვა ქვეყნებში რა შეიძლება კიდე მოხდეს, და ევროკავშირის პოლიტიკის და მის მიმართ ნდობის მომავალი. არ შეიძლება ისაუბრო და დიდი განცხადებები აკეთო და მერე არ იყოს მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, რომელიც ნამდვილად ახდენს ქვეყნის მომავალზე გავლენას და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ დღეებში 30-32 ინტერვიუ მივეცი ევროპულ და ამერიკულ მედია წარმომადგენლებს, სადაც ასახულია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. ამ ყველაფრისგან ერთადერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, რომ ამის მერე ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნის მეთაურები ვერ იტყვიან, რომ არ ვიცოდი. ყველამ, ყველაფერი იცის. ეს იყო ჩემი მოვალეობა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს – ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება – სალომე ზურაბიშვილი

სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას.

როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სუს-ის განცხადება ემსახურება ადამიანების ფსიქოლოგიურ დატერორებას.

„სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს, რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს „გვამებს“, ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის, არც „ტიტუშკები“ და არც სხვები, ძალიან აქციები მშვიდობიან ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სუს-მა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს – ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი“.

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 დეკემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7938 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0185 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9564 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9365 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0199 ლარი შეადგინა.

სანქციების დაწესების მოლოდინი არ გვაქვს, მსოფლიოში შექმნილი რეალობა მიანიშნებს, რომ მომავალი არის  მოლაპარაკებების და საერთო პოზიციების პოვნის -გია ვოლსკი

უკვე ერთი წელია, კითხვა ისმება, დაწესდება თუ არა სანქციები? რასაკვირველია, სანქციების დაწესების მოლოდინი არ გვაქვს, რადგან არ ვიმსახურებთ და საკუთარ ქვეყანას ვემსახურებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, კონსტრუქციულობა და დიპლომატიური მექანიზმები გაიმარჯვებს.

„საკუთარ ქვეყანას ვემსახურებით და ამისთვის დასანქცირების მოთხოვნა იმ უზნეობას აჩვენებს, რაც ჩვენს ოპონენტ პოლიტიკურ სუბიექტებს ახასიათებთ. მსოფლიოში შექმნილი რეალობა მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალი არის მოლაპარაკებებისა და საერთო პოზიციების პოვნის და განვითარების, რადგან მსოფლიო ძალიან მძიმე გამოწვევებისა და განსაცდელის წინაშე დგას, რაც შეიძლება მხოლოდ მოლაპარაკებებით გადაწყდეს. რასაკვირველია, საქართველოც არის თუნდაც მცირე სეგმენტი ამ პროცესებში. მგონია, რომ კონსტრუქციულობა და დიპლომატიური მექანიზმები გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ადგილმონაცვლეობის პრინციპით პარლამენტს ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია, გიორგი გუგუჩია და ირაკლი ჭეიშვილი შეუერთდებიან

ადგილმონაცვლეობის პრინციპით პარლამენტს ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია, გიორგი გუგუჩია და ირაკლი ჭეიშვილი შეუერთდებიან. კენჭისყრა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გაიმართება.

მანამდე უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა პარტია „ქართული ოცნების“ 8 დეპუტატს – ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს.

როგორც ცნობილია, არჩილ გორდულაძე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებს, კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდება.

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო, შეძლონ, მოვლენების გაშუქება, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, დაუშვებელია მათზე ზემოქმედება -სახალხო დამცველი

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო, მათ შეეძლოთ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციების გაშუქებაში ჟურნალისტების როლი განუსაზღვრელად დიდია.

„გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე და ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები. შესაბამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო, შეეძლოთ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც საჭიროდ თვლიან, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, განსაკუთრებით ის, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული, ყველა ამ შემთხვევაზე ჩამდენმა პირებმა უნდა აგონ პასუხი“, განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ ისაუბრა არაფორმალური ჯგუფის შესახებ, რომელმაც, მისივე თქმით, საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

„არ დარჩა არავინ, ვინც არ დაგმო ეს მოვლენა, ეს არის საშიში მოვლენა, როდესაც ნიღბიანი ადამიანები უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები წარდგნენ კანონის წინაშე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ძალიან მძიმე პირობებში ახორციელებენ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში, ხელისუფლებას, მაგრამ ამავე დროს აქციის მონაწილეებსაც, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლა არ დაუშვან, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხო გარემოში გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მინდა, ჟიგიმანტასიდან დაწყებული ყველა, აქაური აგენტურა, იქაური დავალებების მიმცემები, დავამშვიდო, დაანებონ ჰერჩინსკის თავი, მათკენ არის, რაც შეუძლია -მამუკა მდინარაძე

მინდა დავამშვიდო ჟიგიმანტასიდან დაწყებული, აქაური აგენტურა და იქაური დავალებების მიმცემები, რომ ლეგიტიმაცია ჰერჩინსკის არ მიუცია ხელისუფლებისთვის, ლეგიტიმაცია მისცა ერმა და ბერმა, როგორც იტყვიან. საქართველოს მოსახლეობის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მიანიჭა ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნებას“,  –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო ქართველი ხალხია და არა ევროპის რომელიმე წარმომადგენელი. რაც შეეხება პაველ ჰერჩინსკის, მდინარაძის თქმით, ელჩი ევროპელი ბიუროკრატების მითითებით, ყველანაირად ეხმარება ოპოზიციას საკუთარი განცხადებებით, ამიტომ, მისი კრიტიკა გაუგებარია მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

„ჰერჩინსკის ლეგიტიმაცია აქ არ არის მთავარი. ჰერჩინსკიც შეხვდება, სხვა ელჩებიც შეხვდებიან [მაკა ბოჭორიშვილს] და გაგრძელდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში, ამიტომ, დაანებონ იმ კაცს თავი, ხომ ხედავენ, გუშინ გამოვიდა ის კაცი და რაც შეეძლო, თავიდან ბოლომდე მხარი დაუჭირა მათ? დღეს ახლა იმიტომ, რომ ხელი ჩამოართვა საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს არც ლეგიტიმაციის საფუძველია, არც უმაგისობაზეა საუბარი. შესაბამისად, ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს ქართველი ხალხი – ხალხია ლეგიტიმაციის წყარო და  არა თუნდაც ევროპის რომელიმე წარმომადგენელი, მაგრამ, ამის შემდეგ გრძელდება ცხოვრება – ევროკავშირის ელჩიც ხელს ჩამოართმევს, ითანამშრომლებს და ყველაფერი კარგად იქნება. დაანებონ იმ კაცს თავი, მათკენ არის, რაც კი შეუძლია. პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია [ჰერჩინსკი], მაგრამ რაღაც მითითებები როცა მოდის, იმას ახმოვანებს და არსებული ბიუროკრატიის იმ მითითებებში, მათი [ოპოზიციის] მხარდაჭერა ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე. ლეგიტიმაციის საფუძველი მისი შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა კი არ არის, არის ქართველი ხალხის არჩევანი.“ –  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.