Home Blog Page 3

გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად, ორივე ერთად ვერ გამოვა -ლევან ხაბეიშვილი პარტია “ლელოს” მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტია „ლელოს“ მიმართავს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიას გადასაწყვეტი აქვს, ან არის ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ან არის ქართველ ხალხთან ერთად. მისივე განცხადებით, „არჩევნებში მონაწილეობა იქნება სინდისის პატიმრების ღალატი“.

„მივმართავ პარტია „ლელოს“ – ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა. გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, ხართ მის მხარეს, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად. ვერანაირი სხვა ფორმაციები ვერ გამოვა, ეს იქნება ქართველი ხალხის ღალატი და სულ რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკოსებმა, ხალხი არ გაპატიებთ. ამიტომ, მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებში მონაწილეობა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ შეიცვლით პოზიციას, რადგან არანაირი ორი გზა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ეს არის ბოიკოტის, პროტესტის გზით უნდა გავაძლიეროთ ქუჩის პროტესტი. ივანიშვილს დავამარცხებთ მხოლოდ ქუჩის მძლავრი პროტესტით, სხვა გზით არ გამოვა. ამიტომ, მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ამ დრომდე რაც ჩანს, სამწუხაროდ, აპირებთ იქით მხარეს დაბანაკებას, რაც ძალიან მძიმე იქნება თქვენთვის, მაგრამ მაინც დავიტოვებ იმედს, რომ იქნებ ბიძინას მხარეს არ აღმოჩნდეს. ეს იქნება სინდისის პატიმრების ღალატი, რომლებიც უსაფუძვლოდ ჰყავს ივანიშვილს გამოკეტილი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას ვითარების დეესკალაციისა და ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ”- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე პორტოს დეკლარაცია მიიღო. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა“.

რეზოლუციის თანახმად, „ასამბლეა შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად არჩევნების შედეგებს“.

„რეზოლუცია გმობს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის.

ასამბლეა შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო.

გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიის“ და „გრანტების“ შესახებ ახალი კანონების მიღებით.

აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს და ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას.

ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია ევროკავშირის (EU) საწინააღმდეგო მზარდი რიტორიკის  გამო და მას სრულიად მიუღებლად მიიჩნევს.

უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების განმტკიცებით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: „სიტუაციის დეესკალაციისკენ და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად და ქართული დემოკრატიის მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად; პატივი სცენ შეკრების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ  მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან; დაუბრუნდნენ ევროკავშირის ინტეგრაციის გზას“.

ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულებას აჩვენებს და საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროპაში ხედავს.

„ასამბლეა დეკლარაციაში ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რაც შეეხება უშუალოდ დეკლარაციას, პორტოს დეკლარაციაში საქართველოს რამდენიმე პუნქტი ეთმობა.

კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაუყოვნებლივ გაყვანისკენ, დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომისკენ, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“.

ასამბლეა დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.

„ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „არჩევნებს“, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“, რომლებიც არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ და წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

ასამბლეა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, რომელიც ხასიათდება დემოკრატიული უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციის გაძლიერებით და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვებით, გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სასამართლო ჩარევას, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას და საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ევროპულ მისწრაფებებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას, ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონის გაუქმებით.

გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების განვითარების გამო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობების გამო, რომლებიც აღირიცხა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ.

ასევე, ასამბლეა მიესალმება ეუთო-ს ვენის მექანიზმის ამოქმედებას საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებიც, ODIHR-ის ააარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა. ასამბლეა აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად და მოუწოდებს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 4 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7195 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7203 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2090 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2029 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

Galt & Taggart-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ ზრდის პრონგოზს ზრდის მიმართულებით გადახედა.

საინვესტიციო ბანკი 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა, უახლესი შეფასებით, 7.5%-მდე გაიზარდა.

დოკუმენტში პროგნოზის გადახედვის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მონაცემებია დასახელებული – Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, რაც წინა თვის ზრდის ტემპს შეესაბამება. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში რეალური მშპ-ს ზრდამ წლიურად 8.8%-ს მიაღწია. მაისის ზრდა განპირობებული იყო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, წარმოების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მშენებლობის სექტორებში აქტივობით, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლება დაფიქსირდა.

ამასთან, Galt & Taggart-ის მოლოდინით: 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7% იქნება; ეროვნული ბაკნი რეფინანსირების განაკვეთს წელს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს; საშუალო კურსი დოლართან 2.78 ლარი იქნება; ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

 მანდატებზე უარი არა მარტო საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვაა, არამედ იმის დემონსტრაციაა, რა გეგმები აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომლებიც ექსტრემისტებად იქცნენ – გია ვოლსკი 

საკუთარ მანდატებზე უარის თქმა არის არა მარტო საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, არამედ აშკარა დემონსტრაცია იმისა, თუ რა გეგმები აქვთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა საერთოდ ექსტრემისტებად იქცნენ – გეგმა არის რევოლუცია, სხვა არაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და ელექტრონული არჩევნების გაყალბება შეუძლებელია.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არ იზიარებენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ შეუძლებელია არჩევნების გაყალბება და ვერც ვერაფერი დოკუმენტი მოიტანეს იმის დასამტკიცებლად, რომ რაღაც გაყალბდა, გარდა იმისა, რომ ადამიანებზე ზეწოლა ხდებოდა, შემდეგ რაღა წერტილმა გამოჟონა და ა.შ. ეს ძალიან სერიოზული დაფიქრების საფუძველს იძლევა. ხომ არ არის მთავარი მზიანი რომ რაღაცა რევოლუციური პროცესი განვითარდეს და სისხლი დაიღვაროს ქვეყანაში?! წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ მანდატებზე უარის თქმა არის არა მარტო საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, არამედ აშკარა დემონსტრაცია იმისა, თუ რა გეგმები აქვთ და რისი იმედი ჰქონდათ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა საერთოდ ექსტრემისტებად იქცნენ. ეს იყო იდეა. როგორმე ქვეყანაში დაწყებულიყო ისეთი პროცესი, რომელსაც შეუქცევადი ნგრევის ხასიათი ექნებოდა. ეს იყო იდეა და ამ იდეას, რასაკვირველია, მნიშვნელოვნად აქარწყლებს ის, რაც შვეიცარიის პარლამენტარმა განაცხადა, მით უმეტეს, ეუთოს გენერალურმა მდივანმა. ეს თემა კიდევ ერთხელ, კიდევ ათჯერ და ასჯერ უნდა იყოს გამეორებული – შეუძლებელია ელექტრონული არჩევნების გაყალბება. არჩევნები არ გაყალბებულა და გეგმა არის რევოლუცია, სხვა არაფერი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ პორტუგალიაში ეუთო-ს ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა, რომ „ქართული ოპოზიციისთვის პარლამენტში 40%-ზე მეტის ქონა და ამის არგამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც აირჩია“.

თუ ღაზას სექტორში ზავი შენარჩუნდება, ეს დონალდ ტრამპის ნამდვილი საგარეოპოლიტიკური ტრიუმფი იქნება – The Daily Telegraph

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თუ ღაზას სექტორში ზავი შენარჩუნდება, ეს დონალდ ტრამპის ნამდვილი საგარეოპოლიტიკური ტრიუმფი იქნება“ (ავტორი – სემუელ რამანი). პუბლიკაციაში განხილულია ახლო აღმოსავლეთში (ღაზას სექტორში) მშვიდობის დამყარების პერსპექტივა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი პრეზიდენტ-მშვიდობისმყფლის რეპუტაციას იმტკიცებს: მას შემდეგ, რაც ხელი შეუწყო ცეცხლის შეწყვეტას ისრაელ-ირანს შორის და განახორციელა კონგო-რუანდის კონფლიქტის დეესკალაცია, აშშ-ის პრეზიდენტმა მზერა ისრაელ-„ჰამასის“ ომს მიაპყრო.

თავის პოსტში, რომელიც პრეზიდენტმა Truth Social-ში გამოქვეყნა, განაცხადა, რომ ირაელი დათანხმდა ცეცხლის 60-დრიან შეწყვეტაზე ღაზას სექტორში და „ჰამასს“ მოუწოდა, რომ დაეთანხმოს გარიგებას, რადგან მეტი უკეთესი შეთავაზება აღარ იქნება.

ძლიერი სიტყვებია, მაგრამ რამდენად არის გამართლებული დონალდ ტრამპის ოპტიმიზმი ღაზას სექტორში მშვიდობის დამყარებაზე?

რასაკვირველია, დღეს რომ „ჰამასი“ ადრინდელზე ბევრად მოწყვლადია და რომ მისი მთავარი სპონსორი ირანი დასუსტებულია, ეს ყველაფერი დონალდ ტრამპს ხელს აძლევს. ამ პოზიტიურ პროგნოზს ისიც ემატება, რომ ისრაელის საზოგადოებრივი აზრის მშვიდობისაკენ არის მიმართული. მართალია, ჯერ-ჯერობით მშვიდობის მხარდამჭერთა რაოდენობა საკმაოდ ჩამოუვარდება კონფრონტაციის მომხრეთა რიცხვს, მაგრამ აშკარაა, რომ ღაზას სექტორის გრძელვადიანი ოკუპაციის პოპულარობა მკვეთრად დაეცა

მაგრამ პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, ისტორია აჩვენებს, რომ პესიმისტური გაწყობისათვის მიზეზები მაინც არსებობს. დაზავების ბოლო ორი შეთანხმება (2023 წლის ნოემბერში და 2025 წლის იანვარში) დაირღვა და სწრაფად გადაიზარდა უფრო მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში. ბევრი ის ფაქტორთაგანი, რომელთა გამოც აღნიშნული დაზავებები დაირღვა, დღესაც არსებობენ და ხელს უშლიან ცეცხლის სტაბილურ შეწყვეტას.

ყველაზე დიდი დაბრკოლება მშვიდობის დამყარების გზაზე ისაა, რომ შენარჩუნებულია „ჰამასის“ გავლენა ღაზას სექტორში. მართალია, ისრაელმა გაანადგურა „ჰამასის“ ლიდერები იაჰია სინვარი, მოჰამედ დეიფი, ისმაილ ხანია და მუჰამედ ალისუ, მაგრამ, ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დამშვიდებული მაინც არ არის, სანამ „ჰამასის“ ყველა მეტ-ნაკლებად ცნობად ფიგურას „თავზე სკალპს არ მოაცლის“. მას თავისი საბოლოო მიზნებისათვის ჯერ არ მოუღწევია და შესაბამისად, უკიდურესად მემარჯვენე პარტნიორების მხარდაჭერით ღაზას სექტორში ომს აგრძელებს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა განაცხადა, რომ ღაზაში ომი უახლოეს პერსპექტივაში არ დასრულდება და რომ პრემიერ-მინისტრი მზად არ არის მშვიდობის ინიციატივით გამოვიდეს. კიდევ ერთი ებრაელი რადიკალი – ეროვნული უშიშროების მინისტრი ითამარ ბენ-გვირი ასევე წინააღმდეგია, რომ სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარს უჭერს თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაციც, რომელსაც სურს, რომ ისრაელის სამხედრო ქვედანაყოფები ღაზას სექტორში დარჩნენ, რათა ებრაელთა დასახლებების დასაცავად ერთგვარი ბუფერული ზონა იყოს უზრუნველყოფილი.

ცხადია, ასეთი პირობები „ჰამასს“ არ აწყობს და მას შეუძლია ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვას. ამით, ბუნებრივია შემცირდება პერსპექტივა დარჩენილი 50 ებრაელი მძევლის გათავისუფლებაზე. არც იემენელი ჰუსიტები მოისვენებენ და თავიანთ დესტრუქციულ მოქმედებას გააგრძელებენ, ისრაელის წინააღმდეგ.

მოკლედ, დონალდ ტრამპის გულწრფელი დაინტერესება ღაზას სექტორში ომის შეწყვეტის მიზნით უდაოდ მისასალმებელია და ქებას იმსახურებს, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად ზოგჯერ მხოლოდ კეთილგანზრახულობა საკმარისი არ რის.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება – ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რომ პრეზიდენტი ზელენსკიც შემოგვიერთდეს – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს და „მშვიდობის მხარეს“ გადასვლისკენ მოუწოდებს.

ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ზუსტად ერთი წლის წინ კიევში შეხვდა და გააფრთხილა, რომ რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, ამერიკაში კი დიდი ცვლილებები იყო დაგეგმილი.

უნგრეთის პრემიერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მას არ მოუსმინა და სასცენო არტისტის თავდაჯერებით, ომის გაგრძელება დაჟინებით მოითხოვა.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაშინ არ მოგვისმინა. სცენის არტისტის თავდაჯერებულობით, ის დაჟინებით მოითხოვდა ომის გაგრძელებას.

ომი კვლავ გრძელდება, ევროპა გამოფიტულია, ხოლო ამერიკული იარაღის მიწოდება იკლებს. უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად განიცდის ომის საშინელებებს. ეს არც თეატრია და არც ტელესერიალი – ეს ცივი და მძიმე რეალობაა. უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება. ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რომ პრეზიდენტი ზელენსკიც შემოგვიერთდეს“, – წერს ორბანი.

“მიძინებული საერთო ინტერესების “გაღვიძება” – მაკრონ-პუტინის სატელეფონო საუბარი სამწლიანი დუმილის შემდეგ”- Le Parisien

„სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსმა და ფრანგმა პრეზიდენტმა ერთმანეთთან უკანასკნელად ისაუბრეს – უკრაინის ომმა კრემლი და ელისეის სასახლე დააშორა, თუმცა ამ დღეებში მოხდა მოულოდნელი კონტაქტი: ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა კვლავ მოიმარჯვეს ტელეფონები და ორი საათის განმავლობაში რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობისა და მსოფლიოს პრობლემებს იხილავდნენ.

დღის წესრიგის ცენტრში, რა თქმა უნდა, უკრაინისა და ირანთან დაკავშირებული პრობლემატიკა იყო“, – ნათქვამია ფრანგული გაზეთის „ლე პაღიზიენის“ (Le Parisien) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მიძინებული საერთო ინტერესების „გაღვიძება“ – მაკრონ-პუტინის სატელეფონო საუბარი სამწლიანი დუმილის შემდეგ“  (ავტორი – ანრი ვერნე).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თუ გავიხსენებთ ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის წინა საუბრის თარიღს – 2022 წლის 11 სექტემბერს, იოლად მივხვდებით, რომ ფრანგი პრეზიდენტი იყო ბოლო  დასავლელი ლიდერი მათ შორის, რომლებსაც კრემლთან კონტაქტი უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგაც ჰქონდათ, რისთვისაც ემანუელ მაკრონს თავისი ევროპელი [დასავლელი] კოლეგები ხშირად აკრიტიკებდნენ. შემდეგ იმის ილუზიები, რომ შეეძლო სიტუაციაზე გავლენა მოეხდინა, მაკრონს თანდათან გაუქრა. „თუმცა მოსკოვსა და პარიზს შორის ტრადიციული კავშირები საბოლოოდ მაინც არ გაწყვეტილა“, – აღნიშნავს საინფორმაციო წყარო ელისეის სასახლიდან.

„ცივი ომი“ რუსულ-ფრანგულად

რასაკვირველია, რუსულ-ფრანგული დიპლომატია ძველებურად აქტიური აღარ იყო – შეხვედრები, ვიზიტები, მოლაპარაკებები და სხვა სახის კონტაქტები მინიმუმადე შემცირდა და ასე გრძელდებოდა თითქმის სამი წელი – ცივი ფრანგულ-რუსული ურთიერთობა ცხელი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რომლის დროსაც საფრანგეთი უკრაინის მხარდამჭერად და რუსეთის მოწინააღმდეგედ გამოდიოდა (გამოდის). იგივე ხდებოდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაშიც რუსეთთან მიმართებით ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, მაგრამ როცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, მან ურთიერთობა ისე განაახლა ვლადიმერ პუტინთან, რომ ევროპელი ლიდერებისათვის, მათ შორის ემანუელ მაკრონისათვის, არაფერი უკითხავს, ანუ ევროპა გვერდზე დატოვა. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტი ხშირად იმეორებდა, რომ რუს კოლეგასთან კონტაქტებს მაშინ აღადგენდა, როცა შესაფერისი სიტუაცია შეიქმნებოდა.

კრემლი გარეგნულად თავშეკავებას იჩენდა, მაგრამ როგორც წყაროები აღნიშნავენ ფრანგი ლიდერის გარემოცვიდან, მოსკოვი ფარულ მინიშნებებს აკეთებდა ურთიერთობის რეანიმაციისათვის. მოკლედ, ორივე ლიდერი „დაინტერესებული“ იყო პირდაპირი კონტაქტების გასაახლებლად.

„დათბობის“ მიზანი – პრობლემების მოგვარება დიპლომატიით

ელისეის სასახლეში დააზუსტეს, რომ პრეზიდენტების საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რაც ძალიან ხანგრძლივია დიპლომატიური ტრადიციის გათვალისწინებით, თუნდაც საუბრის თარგმანის დროის ჩათვლით. მთავარი ყუადღება, რა თქმა უნდა, უკრაინას დაეთმო. ლიდერები ასევე შეეხნენ ირანის ბირთვულ პროგრამას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსკოვისა და თეირანის ახლო კავშირების გათვალისწინებით. ამბობენ, რომ ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან საუბარი მაშინ გადაწყვიტა, როცა იგი ჯერ გაეროს ატომური სააგენტოს („მაგატე“) ხელმძღვანელს რაფაელ გროსის ესაუბრა, შემდეგ კი ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს.

რადგანაც არც საფრანგეთს და და პრინციპში, არც რუსეთს არ სურს ირანის გადაქცევა ბირთვული იარაღის მფლობელად, ამიტომ პარიზისა და მოსკოვის ინტერესები ამ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ირანის მიერ ატომის სამშვიდობო გამოყენების გეგმების მიმართ (მონაწილეობს ბუშირის აეს-ის გაფართოებაში).

ირანის რაკეტები როგორც პარიზის თავის ტკივილი

სატელეფონო საუბრის შემდეგ ორი ბირთვული სახელმწიფოს (რუსეთისა და საფრანგეთის) ხელმძღვანელობაში ხაზი გაუსვეს ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას პრობლემების მოსაგვარებლად, „დიპლომატიის გზით“. ემანუელ მაკრონს განსაკუთრებით ირანის ბირთვული პროგრამის საკითხები აინტერესებდა – როგორც ცნობილია, ირანს უკვე აქვს ისეთი რაკეტები, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიას მისწვდებიან. შესაბამისად, თუ თეირანი თავისი რაკეტების ჩვეულებრივ საბრძოლო ქობინებს ბირთვულით ჩაანაცვლებს, ეს საფრანგეთისათვის არასასიამოვნო იქნება. დონალდ ტრამპი ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ირანის რაკეტების ფრენის სიშორეზე, ის უფრო მეტად აიათოლების რეჟიმის მიერ გამდიდრებული ურანის წარმოებით შეწყვეტით არის დაინტერესებული.

ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს, ყურადღება გაამახვილა „თეირანის კანონიერ უფლებაზე“ მშვიდობიანი ატომის კვლევის თვალსაზრისით. მან თავის ფრანგ კოლეგას შეახსენა რუსეთ-ირანის ხელშეკრულებაც სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, თუმცა ირანის სახელით არაფერი უთქვამს (…)

ნებისმიერ შემთხვევაში ეს სატელეფონო საუბარი მოწმობს იმას, რომ ევროპულ „სამეულს“ – საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს – მათგან კი განსაკუთრებით პარიზს -სურს დაიბრუნონ ამ საკითხისადმი კონტროლი, მით უმეტეს, რომ ჯერ-ჯერობით ირანი აშშ-სთან მოლაპარაკების სურვილით „არ იწვის“. ამასთან, საფრანგეთი თვლის, რომ ამერიკულმა დაბომბვებმა ირანის ბირთვული ობიექტები „სერიოზულად დააზიანა“.

უკრაინის პრობლემატიკა: ცვლილების გარეშე

უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს კვლავ დაფიქსირდა ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის აზრთა სხვადასხვაობა: საფრანგეთის პრეზიდენტმა კვლავ ხაზი გაუსვა თავის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვა. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია კომპლექსური სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, რომლითაც აღმოიფხვრება „უკრაინის კრიზისის პირველმიზეზები“. მან თავის ფრანგ კოლეგას მოუწოდა აღიაროს „ახალი ტერიტორიული რეალიები“, ანუ დონბასისა და ყირიმის არსებობა რუსეთის შემადგენლობაში, რაც [საფრანგეთისთვის და] უკრაინისათვის მიუღებელია.

მოკლედ, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის პოზიციები ძველებურად ერთმანეთისაგან შორს არიან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საუბარი ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულდა (კონტაქტები გაგრძელდება), იმედია, რომ უკრაინის პრობლემატიკაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა“ არ დაყოვნდება.

P.S. მოგვიანებით ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც, ელისეის სასახლიდან ერთ-ერთი წყაროს თქმით, „დროთა განმავლობაში მის მეგობრად გადაიქცა. ფრანგმა ლიდერმა ასევე საქმის კურსში ჩააყენა დდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირს სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ფრიდრიხ მერცი უარს ამბობს რაიმე დიალოგზე ვლადიმერ პუტინთან. ბერლინში თვლიან, კრემლის ბინადარის არცერთი სიტყვა სანდო არ არის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 4.0 პროცენტი შეადგინა -საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა.

აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-8.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.3 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: თევზეული (1.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ფასები შემცირდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-0.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (1.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს  მობაილბანკში ბიზნესოპერაციებისა და ტრანზაქციების შესრულება ახალი ფუნქციონალებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლების დროს და მათ ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

სიახლეები ბიზნეს მობაილბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა:

  • გაუმჯობესდა პაროლის აღდგენის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ბიზნეს მობაილბანკის Log in-ის გვერდიდან პაროლის აღდგენას სულ რამდენიმე წამში, ძალიან მარტივად შეძლებენ.
  • ბიზნეს მობაილბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ მობაილბანკის მომხმარებლის აქტივაციის ვადის ამოწურვის შესახებ. ახალი ფუნქციონალით, კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა ექნება, ბიზნეს მობაილბანკითვე გაუხანგრძლივოს მომხმარებელს აპლიკაციით სარგებლობის ვადა.
  • თიბისის ბიზნეს მობაილბანკს მომხმარებლების მენეჯმენტის ფუნქციონალი დაემატა. კომპანიის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, დისტანციურად, ბიზნეს მობაილბანკით გაააქტიუროს “ვადაგასული მომხმარებელი”, დაამატოს ახალი მომხმარებელი და ჩაურთოს მას სხვადასხვა უფლება. ამასთანავე, შეიცვალა როლის მინიჭების ფუნქციონალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა როლის ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.
  • თიბისის ბიზნეს მობაილბანკით შესაძლებელია სასურველი ვალუტის კურსის მოთხოვნა. შეთავაზების გაგზავნიდან რამდენიმე წუთში, პასუხის მიღების შემდეგ კი, სასურველ კურსში თანხის დაკონვერტირება. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ შეთავაზებული კურსი მომხმარებლისთვის მისაღები არ იქნება, შესაძლებელია მოთხოვნის კიდევ ერთხელ გაგზავნა, იმავე ან უფრო დაბალ კურსზე.
  • კომპანიებს, რომლებიც თიბისის მომხმარებლები არიან, მაგრამ არ სარგებლობენ ციფრული მომსახურებით, ბიზნეს მობაილ და ვებ-აპლიკაციებიდან შეუძლიათ რეგისტრაცია, რისთვისაც ფილიალში ვიზიტი საჭირო აღარ არის. რეგისტრაციის დასრულებისთანავე, მათ მომენტალურად ექნებათ წვდომა ანგარიშებზე, როგორც ინტერნეტ ისე-მობაილბანკში.

თიბისიში ბიზნესპროცესების გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს მობაილბანკში კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი იქნება ხელმისაწვდომი.

(R)

კახეთის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე 8 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე რვა პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული შ.მ., 1985 წელს დაბადებული გ.ო., 1981 წელს დაბადებული ზ.ღ., 1997 წელს დაბადებული ბ.ტ., 1986 წელს დაბადებული მ.მ., 1990 წელს დაბადებული რ.მ. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ვ.ს., ასევე, 1976 წელს დაბადებული შ.შ.

შსს-ს ცნობით, დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 1970 წელს დაბადებულ გ.გ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს. ამავე დაპირისპირებისას ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს 1994 წელს დაბადებული ა.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 225-ე და 117 -ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ

სარაგბო ზაფხული იწყება!
ტესტ-მატჩების სერიას, ბორჯღალოსნები 5 ივლისს, ირლანდიასთან უმნიშვნელოვანესი საშინაო დაპირისპირებით გახსნიან.

ეს შეხვედრა ისტორიული იმ თვალსაზრისითაცაა, რომ საშინაო კედლებში „სამყურებს“ პირველად ვმასპინძლობთ – რაგბის მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსან, უძლიერეს გუნდს.

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, ქართველებს არასდროს დაუმარცხებიათ მრისხანე მეტოქე და ახლა, ნამდვილად იდეალური შანსი და შესაძლებლობაა, როგორც მინიმუმ, სტატისტიკა გავიუმჯობესოთ. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ირლანდიელებს მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეები არ ეყოლებათ, რადგან ისინი ავსტრალიური ტურნესთვის ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების რიგებში არიან გამოძახებულნი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კი, უკვე სამი კვირაა შევარდენის ბაზაზე ემზადება. რიჩარდ ქოქრილმა ზაფხულის ტესტებისთვის სულ 37 მორაგბე გამოიძახა. მიუხედავად ტრავმირებულთა არც თუ მცირე რაოდენობისა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ამ ზაფხულს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 5 ივლისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის შანსი კვლავ გაქვთ ბმულზე – https://tkt.ge/event/481468/ragbi-saqartvelo-irlandia.

აქვე გეტყვით, რომ შეგიძლიათ დაიბრუნოთ 30%, მაქსიმუმ 30 ლარი ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე.

ასევე, აუცილებლად ეწვიეთ ფან-ზონას, სადაც თიბისი თავისი სივრცით იქნება წარმოდგენილი და მატჩამდე და მატჩის შემდეგ, ნამდვილ სარაგბო განწყობას შეგიქმნით.

#ერთადგავიმარჯვებთ

(R)