Home Blog Page 3

 ფაქტობრივად, ძალადობის მოწოდებაზე გადადიან, პასუხისმგებლობას რომელი დონორი იღებს?-მამუკა მდინარაძე

არჩევნების გამყალბებელი ISFED-ი აცხადებს, დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ პროცესებსო, ფაქტობრივად, ძალადობის მოწოდებაზე გადადიან. ვინ ეკითხება ან მოწოდებას, მით უმეტეს ძალადობისას? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ვინ ეკითხება ან მოწოდებას, მით უმეტეს, ძალადობისას? ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ISFED-ი რომ ამას აანონსებს დღეს, რომელი დონორი იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? თუ შეიძლება, ვიღაცამ გაგვცეს პასუხი, ვინც აფინანსებს, ან იმან, ან თავად ISFED-მა, ან რატომ გააყალბეს თავის დროზე, რითი გააყალბეს, რა თანხებით გააყალბეს და ახლა ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ამაზე გვითხრას ვინმემ პასუხი და მერე ვილაპარაკოთ, გამჭვირვალობა საჭიროა თუ არა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ვებგვერდებზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „თვალს მივადევნებთ, როგორ იმოქმედებს ხელისუფლება და ვიმოქმედებთ არსებული სიტუაციის შესაბამისად, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და ქართველი ხალხის გაცხადებული ნების შესაბამისად“.

“საქართველოში მიიღეს კანონი, რომელიც არის გარკვეული უკუსვლა ინტეგრაციის გზაზე” – ბელგიის საგარეო მინისტრი

მათ მიიღეს კანონი, რომელიც არის გარკვეული უკუსვლა ინტეგრაციის გზაზე. ვწუხვართ ამის გამო, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ჰაჯა ლაბიბმა ბრიუსელში განაცხადა, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა იმართება.

მისი თქმით, თუ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არ შეიცვლება, ევროკავშირის გზაზე წინსვლა არ იქნება.

„მექნება ორმხრივი შეხვედრა. მათ მიიღეს კანონი, რომელიც არის გარკვეული უკუსვლა ინტეგრაციის გზაზე. ვწუხვართ ამის გამო და გვექნება ძალიან ღია დისკუსია, ნებისმიერი ტაბუს გარეშე. ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მათ და როგორ შევცვალოთ ეს სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, წინსვლა არ ექნებათ“, – განაცხადა ჰაჯა ლაბიბმა.

პირობას ვდებთ, რომ როგორც კი 26 ოქტომბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ, “ნაციონალური მოძრაობა” სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება-სოზარ სუბარი

შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს ომის დღეების სატელევიზიო არქივები. გააქრეს, რადგან ამ არქივებში, იმ პირდაპირ ეთერებში, რომლებიც უწყვეტად გადაიცემოდა ყველა ტელევიზიაში, კარგად ჩანს სამშობლოს ღალატის ის უპრეცედენტო მასშტაბი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სუბარმა გაიხსენა ის საერთაშორისო დოკუმენტები, სადაც, მისი თქმით, „2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარეა დადანაშაულებული და რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე თავის დიდ გამარჯვებად ასაღებდა“.

„ქართულ ჯარს, ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. ამ თარიღთან დაკავშირებით არ შემიძლია არ გავიხსენო 2008 წლის ომი და ის ღალატი, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა – მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს. მე აღარ ვილაპარაკებ ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზე, „1633-ის“ სახელით რომ არის ცნობილი, რომელზეც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა რატი იონათამიშვილმა ვრცლად ისაუბრა და სადაც ამ ღალატის დოკუმენტური გაფორმება მოხდა ომის დამთავრებიდან ორ თვეში.

სამაგიეროდ, წავიკითხავ ერთ ციტატას, რომელიც ეკუთვნის ოპოზიციის დღევანდელ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილს: „იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე, ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა. გამოიწვია მოსალოდნელი და წინასწარ გამოცხადებული რუსეთის სამხედრო რეაქცია. მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებასა და ტერიტორიების გეგმურ დაკარგვას. სააკაშვილი ამ დანაშაულისთვის ჯერ კიდევ არ არის გასამართლებული და სანამ არ გასამართლდება, მანამდე საქართველო სააკაშვილის დანაშაულისგან ვერ გათავისუფლდება და ვერც რუსეთს მოვთხოვთ პასუხს ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე“.

დღეს ამ სიტყვების ავტორი იმ ძალებთან ერთად, რომელთაც ომის დაწყებასა და ქვეყნის გაყიდვაში ადანაშაულებდა, სათავეში უდგას საქართველოს და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 30 სექტემბერს, გამოქვეყნდა აგვისტოს ომის გარემოებათა დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის, ე.წ ტალიავინის კომისიის დასკვნა, რაც სააკაშვილმა პირდაპირ გამოაცხადა საქართველოსა და პირადად მის უდიდეს გამარჯვებად. არადა, ამ დასკვნაში წერია, რომ „ომი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველო თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე, 2008 წლის 7-8 აგვისტოს.

უფრო მეტიც, მისიამ განაცხადა, რომ როდესაც საქართველომ ცხინვალის დაბომბვა დაიწყო, არავითარი მასობრივი რუსული სამხედრო შემოჭრა არ მიმდინარეობდა, რომლის შესაჩერებლადაც თითქოსდა საჭირო იყო ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა. ამ სიტყვებს რომ საქართველოს დიპლომატიურ გამარჯვებად გამოაცხადებ, ამას ერთადერთი სახელი აქვს – სამშობლოს ღალატი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რამდენად დამაზიანებელი იყო ეს დასკვნა საქართველოსთვის. ამიტომ მათ უარი თქვეს მის თარგმნასა და გამოქვეყნებაზე, რათა ის, რაც იცოდა მთელმა მსოფლიომ, არ გაეგო ქართველ ხალხს.

წავიკითხავ, რას წერს იმდროინდელი მსოფლიო პრესა ამ დასკვნის შესახებ. სააგენტო „როიტერსი“: „საქართველო მთავარი წაგებული მხარეა ევროკავშირის ომის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ევროკავშირის ანგარიში თბილისს ბევრად უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მოსკოვს“. „უოლ სტრიტ ჯორნალი“: „საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან“. ეს არის სტატიის სათაური, ტექსტში კი წერია, რომ „მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ანგარიშის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაისროლა პირველმა“.

შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს ომის დღეების სატელევიზიო არქივები. გააქრეს, რადგან ამ არქივებში, იმ პირდაპირ ეთერებში, რომლებიც უწყვეტად გადაიცემოდა ყველა ტელევიზიაში, კარგად ჩანს სამშობლოს ღალატის ის უპრეცედენტო მასშტაბი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს.

სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მიატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის, ფრონესა და კოდორის ხეობებში, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა. ამ ღალატს წინ უსწრებდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრების აღდგენა; ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება; კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა; 2008 წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება და უამრავი პროვოკაცია, რამაც საბოლოოდ რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ამ ოკუპაციის გაფორმება შესაძლებელი გახადა.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პირობას ვდებთ, რომ როგორც კი მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება და ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6849 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6849 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6849 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6835 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8804 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8762 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

რვა არჩევნები წააგეთ და ისევ წააგებთ მეცხრე არჩევნებსაც -გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას

საქართველოში ხალხის ძალით მოპოვებული თავისუფლება და სუვერენიტეტი დღესაც ისევ არის ხალხის ძალის დასაცავი, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა, საქართველოს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ მიმართა ყველაფერი გაკეთდეს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც სასტიკი რეჟიმის გასასამართლებლად.

მაჭარაშვილის თქმითვე, გუშინ რუსთაველისა გამზირზე საერთო – სახალხო შეკრებაზე მისულმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ მისცა ხელისუფლებას ლეგიტიმაცია, გააგრძელონ ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის განსამტკიცებლად.

„მინდა მივმართო ოპოზიციას, რატომ ნერვიულობთ ვერ გავიგე. რვა არჩევნები წააგეთ და ისევ წააგებთ მეცხრე არჩევნებსაც. 200 ათასი კაცი გამოვიდა გუშინ საერთო – სახალხო შეკრებაზე, დღეს კი თქვენ მთელ დღეს უძღვნით ამ შეკრებას. რა განერვიულებთ? რაშია პრობლემა? გუშინ გამოვიდა 200 ათასი ადამიანი და მილიონზე მეტი ადამიანის სახელით ხელახლა მოგვცა ლეგიტიმაცია იმაზე, რასაც ვაკეთებთ და შემდგომში გავაკეთებთ საქართველოს სუვერენიტეტისთვის. დამშვიდდით და შეირგეთ მეცხრე წაგება არჩევნებზე.
ახლა მინდა მათ მივმართო, ვინც აქ დადიან ილია ჭავჭავაძის სურათიანი მაისურებით. დიდი ილია ბრძანებდა, ზოგიერთი საგანი ისეთი რამაა, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, მაგრამ არსებობს ისეთი რამ, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ამიტომ ვერ ხედავენ ვაშაძე და ბოკუჩავა იმას, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე ხდებოდა.
დიახ, თუ არ ირწმუნებ ვერ დაინახავ, ვერ შეიყვარებ, არც გეტკინება და სწორედ ამიტომ არ გტკივათ საქართველო და მისი სუვერენიტეტი. სწორედ ამიტომ არ გიყვართ საკუთარი ერი, რომელსაც დასცინით იმის გამო, რომ უყვარს სამშობლო, პატივს სცემს ტრადიციებს და სარწმუნოებას იცავს.
ქართველ ხალხს ყოველთვის სწამდა ეკლესიის, რწმენის და სამშობლოს სიყვარულის, ამიტომაც მოვიდა დღემდე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ისტორიულად საქართველოს წინააღმდეგ უცხოური ძალა სწორედ სარწმუნოებას უცხადებდა ბრძოლას, რადგან ხედავდა, რომ სარწმუნოებაში იყო ხალხის ძალა. თუ ხალხს ამ ძალას წაართმევ, ადვილად დაამარცხებ, რადგან თუ ადამიანს მუდმივად აწმყოში აცხოვრებ და წარსულს დაავიწყებ, მომავლის რწმენას დაუკარგავ. სწორედ ეს რწმენა დაუკარგეთ ზოგიერთ ახალგაზრდას და სიტყვა სარწმუნოება ამოაღებინეთ ილია ჭავჭავაძის დანაბარებიდან. ამიტომაც გითხრათ გუშინ მთელმა საქართველომ უარი, უარი უთხრა თქვენს ურწმუნოებას, თქვენს მონურ აზროვნებას, შეურაცხყოფას და დაცინვას საკუთარ ერზე.

დღესაც სწორედ ამიტომ ებრძვის სარწმუნოებას უცხოური ძალა რადიკალური ოპოზიციის დახმარებით. ებრძვის ყველა ხერხით – აგინებს პატრიარქს, ლანძღავს ეკლესიას, შეურაცხყოფს ხატებს და ხელს უწყობს ლგბტ პროპაგანდას. მე შეგახსენებთ თქვენს „ბრძნულ გამონათქვამებს“. „საპატრიარქო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა და რუსეთის გაგრძელებაა“, თქვა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გვარს შეგნებულად არ დავასახელებ; „საპატრიარქო ოკუპანტთან არის ჩახუტებული“ – გირჩი – ჯაფარიძე, შავი ფულის ამღები ამბობს ამას; „კარგი იქნება პედოფილ, მრუშ მღვდლებს მიხედონ“ – გიორგი მშვენიერაძე, შავი ფულის ჩამჯიბავი; „ეკლესია სტალინისტებით არის სავსე, პატრიარქის თამადობით და განახლებას საჭიროებს“ – ეს სიტყვები ეკუთვნის დავით მეოთხე ბერძენიშვილს (ჭყონდიდელობა მოუნდა, რუის – ურბნისის კრების ჩატარებას სურს ალბათ). ამათ არ ჩამორჩა ხალხის შეურაცხმყოფელი და სამშობლოს სიამაყით გამყიდველი ზურაბიშვილი „პატრიარქი მოძველდა და შეცვლაა საჭირო“ – რამდენს მოინელებს პატრიარქი ზურაბიშვილისნაირს, ამას ვნახავთ.

იცით რატომ იღებთ მარცხს? იმიტომ, რომ რწმენა არ გაქვთ. ამიტომ ხართ დაბოღმილები და ამიტომ არ გიხარიათ ქართველი ხალხის სიხარული. როცა ყველა უცხოელი გვაქებს გამჭვირვალობაში, თქვენ მაშინ გელანდებათ შავი ლენტები ნაძვის ხეზე და შავი ხვრელები საქართველოში. გელანდებათ შავი ფული, რომლის გამოც მზად ხართ ქართველისთვის უღირსი საქციელი ჩაიდინოთ – ცალ ფეხზე დაუდგეთ პატრონს, შარვალი ჩაიხადოთ ოკუპანტის წინაშე და ქვეყნის სუვერენიტეტი დაუთმოთ პატრონებს. ამიტომ უთხრა უარი ქართველმა ხალხმა შავ ლენტებს, შავ ხვრელებს, შავ ფულს და აირჩია თეთრი შავის ნაცვლად, სარწმუნოება ურწმუნოების ნაცვლად, სუვერენიტეტი მონობის ნაცვლად, არჩევნები რევოლუციის ნაცვლად, ტრადიციები ლგბტ პროპაგანდის ნაცვლად და სიყვარული, რომელიც, თქვენს სამწუხაროდ საერთოდ არ გაგაჩნიათ.
ამ ყველაფრის გამო ამბობს „ხალხის ძალა“, რომ გასასამართლებელია რეჟიმი, სახელად „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოს ხელისუფლებას და „ქართული ოცნებას„ მივმართავ, რომ ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი, თორემ ჩვენ სულ ასეთ რეჟიმში ვიქნებით.
საქართველოში ხალხის ძალით მოპოვებული თავისუფლება და სუვერენიტეტი დღესაც ისევ არის ხალხის ძალის დასაცავი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. კალანდარიშვილი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. ასევე, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 117-მა წევრმა.

დღევანდელ სხდომაზე ხმები ასე განაწილდა: გიორგი კალანდარიშვილი 85 მომხრე, 16 წინააღმდეგი; მაია ზარიძე –  81 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი; გიორგი შარაბიძე – 81 მომხრე, ორი წინააღმდეგი; გია ცაცაშვილი – 81 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ასარჩევად კენჭისყრა 16 აპრილსაც გაიმართა, თუმცა კანდიდატებმა საჭირო ხმები ვერ მოაგროვეს. როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანდიდატებს პარლამენტის 91 წევრის მხარდაჭერა ჰქონდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, უმრავლესობის რამდენიმე წევრი სხდომას ვერ ესწრებოდა. შალვა პაპუაშვილმა დღესაც განმარტა, რომ მივლინების გამო, აღნიშნული 91 დეპუტატიდან ყველა ახლაც არ იმყოფება დარბაზში.

ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსში“ დამტკიცებული ცვლილებები ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე საჭიროა 90 ხმა, იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, კანდიდატებს 76 ხმით აირჩევენ. წარდგენილი კანდიდატებისთვის შესაძლებელია 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ, რის შემდეგაც 76 ხმით არჩეული კანდიდატი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში 76 მხარდამჭერი ხმა ვერ მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

“ძალიან მკაფიოდ თქვა ბელადმა, რომ თქვენ მონურად ყველა შეასრულებთ დავალებებს” – წითლიძე ოხანაშვილს

ბატონო ანრი, გუშინ დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა კომიტეტიდან და ახლოს დაგაყენეს ბიძინა ივანიშვილთან. იმედი მაქვს, დღეს ამის გამო ცოტა უკეთეს ხასიათზე ხართ და კიდევ თავს არ გამოიჩენთ ჩვენი გაყრით, რომ კიდევ უფრო ახლოს არ დაგაყენონ ბიძინა ივანიშვილთან – [ივანიშვილმა] ძალიან მკაფიოდ თქვა ბელადმა, რომ თქვენ მონურად ყველა შეასრულებთ დავალებებს, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა წითლიძემ უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, გუშინდელი სახალხო შეკრებისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, „მგონი, არ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, სად მიდის „ქართული ოცნება“.

„ბატონო ანრი, გუშინ, დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა კომიტეტიდან და ახლოს დაგაყენეს ბიძინა ივანიშვილთან. იმედი მაქვს, დღეს ამის გამო ცოტა უკეთეს ხასიათზე ხართ და კიდევ თავს არ გამოიჩენთ ჩვენი გაყრით, რომ კიდევ უფრო ახლოს არ დაგაყენონ ბიძინა ივანიშვილთან. პირველ რიგში, მაგ განცხადების შემდეგ, რა განცხადებაც გააკეთა თქვენმა ბელადმა ივანიშვილმა, საერთოდ კითხვები იმასთან დაკავშირებით, სად მიდიხართ მგონი არ არსებობს. ძალიან მკაფიოდ თქვა ბელადმა, რომ თქვენ მონურად ყველა შეასრულებთ მათ დავალებებს. როგორც მონებივით პირველ მოსმენაზე ხელი მიაჭირეთ და შემდეგ ისევ მოგიწიათ, რომ ეს კანონპროექტი ჩაგეგდოთ, ზუსტად იმავეს იზამთ ახლა. იმიტომ, რომ თქვენი დეკლარირებული და გაცხადებული კურსი არის ის, რაც თქვა გუშინ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა. უარი ევროპას და უარი ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და საქართველოს ევროპულ არჩევანს. ამიტომაც, ამასთან დაკავშირებით გასაგებია“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, ოპოზიციის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, ოპოზიციის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტრანსპარანტები მიიტანეს წარწერით: „არა რუსულ კანონს“, მმართველი გუნდის წევრებმა კი ოპოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

სხდომაზე თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციასაც გამოეხმაურნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გაჭირვების დაძლევისა და სოციალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მუქარის შემცვლელი განცხადებები გააკეთა.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მოვისმინეთ. მთავარი, რაც ქართველ ხალხს სურს, რომ გაჭირვებას თავი დააღწიონ, ქვეყანა რეგრესისკენ მიდის, ამაზე არ უსაუბრია.

ბიძინა ივანიშვილი რას უპირებს ათასობით გადახვეწილ ადამიანს ქვეყნიდან?

დღეს ბიძინა ივანიშვილის ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეშია“, – აცხადებს რეზო ხარაზი.

„ენა, მამული სარწმუნოება, ყველამ დავიმახსოვროთ”, ევროპაში კი ღირსეულად შევალთ”, -ასე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ კოლეგებს.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე – ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო! აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო!”

გუშინ, ტრიბუნასთან იდგა პუტინის მსახური რუსი ივანიშვილი – ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო! აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, მას არასდროს დაუმალავს, რომ 2012 წელს მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერდა, რადგანაც ცვლილებას ემხრობოდა.

„ქართული ოცნების“ წევრი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვემხრობოდი შეცვლას. გუშინ, რაც მოვისმინეთ ივანიშვილის სიტყვა, ეს ინფორმაცია მივიღე იმ წლებში და მხოლოდ ამან განაპირობა ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა. რაც გუშინ მოვისმინე, რუსული „სფიჩი“, მის გამო წავედი ოპოზიციაში. გუშინ პუტინის მსახური რუსი ივანიშვილი ტრიბუნასთან, რუსი ივანიშვილი! ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე. მე შენგან სხვა სიტყვები მაქვს მოსმენილი გორში, 2012 წელს, პირადი საუბრის დროს. ყველაფერი მომატყუე და ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო. აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ვინც ევროპას უყურებს და მარტო ჭიანი ვაშლის ჭამას ხედავს, რუსია, რადგან ამას რუსები აკეთებენ-რაქვიაშვილი

პრობლემა „ქართული ოცნების“ ნარატივსა და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში მდგომარეობს, რომელშიც ევროპის ყველა მინუსია დანახული, მაგრამ იგნორირებულია მთავარი დადებითი მხარეები, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, პრობლემები, როგორებიცაა: სიტყვის თავისუფლება და განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ოპოზიციაშიც არსებობს.

„ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრს ვსაუბრობთ რუსეთსა და ევროპაზე. არის რაღაცები, რაც ევროპისთვის დამახასიათებელია ან არ არის დამახასიათებელი. მაგალითად – ბელადობა და ერთპიროვნული მმართველობა არ არის ევროპულობა, ეს რუსობაა იმიტომ, რომ ევროპაში ბევრი ადამიანის მმართველობა უფრო გავრცელებულია. შეთქმულების თეორიით მართვაც არ არის ევროპულობა, მაგრამ რუსეთში ამის მეტს არაფერს აკეთებენ. ურაპატრიოტიზმიც არ არის ევროპულობა, მაგრამ წესრიგი, რომელიც მართლა გიყვარს და გინდა დაიცვა, ეს ევროპულობაა. თავისუფალი ვაჭრობა – ევროპაა. ჭიანი ვაშლის ჭამის მოწოდება, ეს ევროპულობა არ არის – ეს სინამდვილეში რუსობაა. განსხვავებული აზრის პატივისცემა ევროპულობაა, მაგრამ ცენზურა და განსხვავებული აზრის ჩახშობა კი რუსობა.

პრობლემა იმაშია, რომ ბელადსაც იპოვით ევროპაში, ცენზურასაც, შეთქმულების თეორიასაც და ურაპატრიოტიზმსაც, რადგან, თითქმის, ყველა ბოროტი იდეა ევროპიდანაა წამოსული, თუმცა ევროპა ისეა აწყობილი, რომ თვითონ შეძლო ამ ბოროტი იდეების გადახარშვა, დაძლევა და წინ წასვლა. ამიტომ, ვინც ევროპას უყურებს და მარტო ჭიანი ვაშლის ჭამას ხედავს, ეს რუსობაა, რომელსაც რუსები აკეთებენ.

სინამდვილეში ეს არის ცივილიზაციის ცენტრი, რომელიც მოგვწონს და რომელშიც ბევრი სიკეთეა – სასამართლო, კერძო საკუთრება, ადამიანის ღირსების დაცვა. ამიტომ, შინაარსობრივად, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, პრობლემა „ქართული ოცნების“ ნარატივსა და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში მდგომარეობს, რომ მათ გამოსვლაში ევროპის ყველა მინუსია დანახული, მაგრამ იგნორირებულია მთავარი დადებითი მხარეები. ვინ გვიშლის ხელს სასამართლო რეფორმისთვის? ის ევროპულობა გადმოვიღოთ და ცუდ იდეებზე უარი ვთქვათ, რომელიც გავრცელებულია რუსეთში, ჩინეთსა და ტირან სახელმწიფოებში. ოპოზიციაშიც პრობლემა გვაქვს. ნუთუ სიტყვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის მიუღებლობა ოპოზიციაში არ არის – არის! როგორც ბევრი სხვა პრობლემა. თუ გვინდა პოლიტიკური ვექტორის შემოტრიალება შევაჩეროთ, ოპოზიცია პროდასავლურები მოქმედებებითაც უნდა გავხდეთ და არა მარტო სიტყვების დონეზე”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

“ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო გუშინდელი ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ, რაც შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას”

მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ემზადებოდით მილიარდერის ბიუჯეტით, მაინც ვერ მოიპოვეთ ამ „რუსული კანონის“ სათანადო მხარდაჭერა. ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო ამ ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ, რაც დარჩა და შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან მმართველ გუნდს მიმართა, რომ სიყალბით რეალობის შეცვლა არ გამოუვათ და ძალიან მალე, პატრიოტი ახალგაზრდები „რუსულ კანონს“ უკან წააღებინებენ.

„არმიის დღეს ვულოცავ ყველა სამხედრო მოსამსახურეს. მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ემზადებოდით მილიარდერის ბიუჯეტით, მაინც ვერ მოიპოვეთ სათანადო მხარდაჭერა ამ „რუსული კანონის“ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა თქვენი აქციის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში. ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო ამ ყველაფრის, ამ ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ, რაც დარჩა და შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას. ეს არის სიყალბე, რომელიც გახასიათებთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“ და თქვენ ცდილობთ სიყალბით შეცვალოთ რეალობა, რაც ნამდვილად არ გამოგივათ.

რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ დარბაზში გააჟღერა, რომ იმ ახალგაზრდებს, გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად გამოდიან თავისი ქვეყნის სიყვარულით და აპროტესტებენ „რუსულ კანონს“, თითქოს ვინმემ რამე ჩაუსწორა, თითქოს ვინმემ რაიმე სიტყვა ჩაუსწორა მათ გამონათქვამებში. ძალიან ცუდად იცნობთ ამ ახალგაზრდებს, ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ მათზე, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათ ვინმე რამეს უსწორებს და თუ თქვენ გგონიათ, რომ მათ გარდა საკუთარი ოჯახისა და თავისი ქვეყნის სიყვარულისა სხვა რამე ამოძრავებთ. დიახ, მათ გააკეთეს საკუთარი არჩევანი, ყოველდღიურად ხედავთ მათ თავდადებას და ის, რომ მათ თქვენ არ იმჩნევთ, არ ნიშნავს არაფერს. ძალიან მალე პატრიოტი ახალგაზრდები უკან წაგაღებინებენ „რუსულ კანონს“.

დიახ, მამული, ენა და სარწმუნოება – ეს თქვა ილია ჭავჭავაძემ და ჩვენი მამულის 20% დიახაც, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. დიახ, ჩვენს ენას ემუქრებოდა რუსეთი და თქვენ კარგად გახსოვთ და თუ არ გახსოვთ, გაიხსენეთ 1978 წელი, თუ ვინ ემუქრებოდა საქართველოს ენის წართმევით. დიახ, ჩვენს სარწმუნოებას არ ჰყოლია იმაზე დიდი მტერი, ვიდრე არის რუსეთი და უამრავი ეკლესია-მონასტერი, რომელიც არის გადაღებილი, კარებდაჭედილი არის რუსეთის დამსახურება და დიახ, სწორედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ისტორიული ეკლესია-მონასტრები აღდგენილი იყოს მათ მიერ გამოყრილი თანხებით და თქვენი სამსახურები ამ საქმეშიც არ უქნია ღმერთს და კარგად იცით, რა მდგომარეობამდე მიიყვანეთ გელათიც. ეს არის რეალობა, რომელთანაც თვალის გასწორება არ გინდათ.

ჩვენს მამულსაც, ენასაც და სარწმუნოებასაც ებრძვის რუსეთი და თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა მიაბრუნოთ რუსეთისკენ. ეს არ გამოგივათ და ამაში უნდა დარწმუნებულიყავით გუშინაც, როდესაც თქვენს მიერ ჩამოყვანილმა ადამიანებმაც კი გაქციეს ზურგი. მე არ ვარ მომხრე, რომ რაიმე სახის ცინიკური ეპითეტებით შევამკოთ ადამიანები ან დავყოთ ისინი, განსხვავებით თქვენგან. ყველა ადამიანის აზრი არის პატივსაცემი, მოსასმენი და პირველ რიგში ამას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება.

სამწუხაროდ, ნაცვლად ამისა, ხელისუფლებიდან ვხედავთ დაყოფას, ზიზღს, დაპირისპირების მცდელობას და ეს ნამდვილად არ გავა. ეს ნახა ამ ქვეყანამ, ეს გაიარა ამ ქვეყანამ და სწორედ ის ახალგაზრდები და ის პატრიოტები, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ჩვენს ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში ნამდვილად შეძლებენ იმას, რომ არ მოგცენ თქვენ საშუალება ჩვენი ქვეყანა შეაბრუნოთ რუსეთისკენ, დიახ, ეს კანონი, რომლის მიღებასაც დღეს მეორე მოსმენით აპირებთ, არის რუსული დაწყებიდან დასრულებამდე. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქ, ისევე როგორც უამრავი ჩვენი თანამოქალაქე საქართველოს ქუჩებში, შეწყვიტეთ ამ კანონპროექტის განხილვა, დაასრულეთ საქართველოს რუსეთისკენ შეტრიალება. ჩვენი ხალხის არჩევანს ეცით პატივი და ჩვენი ხალხის არჩევანი არის უკეთესი, ძლიერი საქართველო ერთიან დიდ ევროპულ ოჯახში,“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ეს დავალება შესრულდება-მამუკა მდინარაძე

ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინდელ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რადგან არ მოიშალეს რაოდენობაზე ლაპარაკი და თავების თვლა, ცდილობენ თქვან, რომ თურმე ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე. ათჯერ ნაკლებ [რაოდენობასთან] დაკავშირებით, ხომ უნდა იყო თავხედი, რომ ეს მოახერხო [თქვა]. როგორ ჰკადრებთ ერთ ქართველს მაინც, სულ რომ რაღაც შეცდომაში იყოს შეყვანილი, ცხვრებს რომ ეძახით. იმერეთში კოლორიტი ადამიანი რომ გარდაიცვლება ხოლმე, სამგლოვიარო პროცესია 500-600 კაციანი ერთ კილომეტრზე იწელება. გაწელილ პროცესიას დაარქვეს 100 ათასი ადამიანი. შემდეგ იქ [პარლამენტთან] მართლაც 200 ათასი ადამიანი რომ დადგა, ამასაც 100 ათასი ადამიანი დაარქვეს. პიარული თავხედობა ჰქვია ამას, თუ რა ჰქვია არ ვიცი. ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ დაარქმევთ ყველაფერს თავის სახელს. ეს დავალება შესრულდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.