Home Blog Page 3

„გახარია – საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს

ახალგაზრდებზე სისტემური, სასტიკი ძალადობისთვის არც ერთი პირი დღემდე დასჯილი არ არის. რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, გამარჯვება არის გარდაუვალი.

„ახალგაზრდებზე სისტემური, სასტიკი ძალადობისთვის არც ერთი პირი დღემდე დასჯილი არ არის. რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც. რეპრესიების მასშტაბურობა მიუთითებს პროტესტის მასშტაბურობაზე, რასაც რეჟიმი თავისი რესურსებით ფიზიკურად ვერ გასწვდება. გამარჯვება არის გარდაუვალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე

თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი –  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. 

ახალი თიბისი ბარათი, თავისი უნიკალური უპირატესობებით, უპრეცედენტო საბანკო პროდუქტია  ბაზარზე და  ის ერთადერთი ბარათია, რომელიც დაგჭირდება, რადგან: 

  • ახალი თიბისი ბარათით  გადახდისას, ყველაზე მეტ თანხას აგროვებ. ბარათით შეგიძლია გადაიხადო ნებისმიერი ბანკის პოს ტერმინალზე ან ონლაინ გადახდის სისტემაში და თანხის 0.5% ავტომატურად დაგიბრუნდება.  
  • ახალი თიბისი ბარათით აგროვებ სტანდარტულზე ორჯერ ან სამჯერ მეტს (1%). ამისთვის, საკმარისია, მობაილბანკში აირჩიო სასურველი კატეგორია:სურსათი, ფარმაცია, საწვავი. კატეგორიების შეცვლას ყოველთვიურად შეძლებ. 
  • ახალი თიბისი ბარათით გადახდისას, აგროვებ თანხას, ქულების ნაცვლად. დაგროვილი თანხა შენს ერთგულ ყულაბაში შეგროვდება. თანხის განკარგვა ნებისმიერ დროს შეგიძლია, ერთგული ყულაბიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით.  
  • ახალი თიბისი ბარათით თანხის განაღდებას, კონკრეტული ლიმიტის ფარგლებში,  ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან უფასოდ შეძლებ. 
  • ახალი თიბისი ბარათით თვეში 5 კომუნალურ გადასახადს საკომისიოს გარეშე გადაიხდი.  
  • ახალი თიბისი ბარათით, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ბანკში ლარის გადარიცხვას საკომისიო გადასახადის გარეშე შეძლებ. 

ბარათის გააქტიურება შესაძლებელია თიბისის მობაილბანკში, სრულიად უფასოდ. 

ახალი თიბისი ბარათის გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა – სამმაგი დაგროვება, სამოგზაურო უპირატესობები და სხვა თიბისის კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებითაა შესაძლებელი. 

ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

https://beta.tbcbank.ge/ge/tbc-card

გაიცანით საქართველო: ჰოისვერდელი მოსწავლეების მოგზაურობა კავკასიაში – Sächsische Zeitung

გერმანიის საქსონიის მხარის გაზეთ „ზეკსიშე ცაითუნგში“  (Sächsische Zeitung – იბეჭდება დრეზდენში, 300 ათასიანი ტირაჟით) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო: ჰოისვერდელი მოსწავლეების მოგზაურობა კავკასიაში“ (ავტორები – პაულა ულმანი და ლეონორ ზოხი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ჰოიესვერდის ლესინგის სახელობის გიმნაზიის მე-11 კლასის 14 მოსწავლისა და 4 რუსული ენის მასწავლებლის ყოფნა საქართველოში, გასული წლის ოქტომბერში.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

გერმანელ მოსწავლეებს, რომლებიც რუსულ ენას ეუფლებიან, კავკასიის მომხიბლავ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა დოქტორი ფილიპ მენდე, რომელიც ადრე რამდენჯერმე არის ნამყოფი საქართველოში და კარგად იცნობს ადგილობრივ კულტურულ და ენობრივ სპეციფიკას. 

„რუსეთ-უკრაინის ომის გამო იმ გერმანელ მოსწავლეებს, რომლებიც რუსულ ენას ეუფლებიან, სამწუხაროდ, რუსეთში, უკრაინაში და ბელარუსში წასასვლელად, ენობრივი პრაქტიკის მიზნით, გზა ჩაეკეტათ. ამიტომაც ჩვენ შევარჩიეთ საქართველო – კავკასიური სახელმწიფო, სადაც რუსული ენა საკმაოდ გავრცელებულია და ადამიანების ურთიერთობაში კვლავ იყენებენ. გარდა ამისა, ამ ქვეყნის ბუნება, გეოგრაფია, ეთნოგრაფია, ისტორია და კულტურა იმდენად საინტერესოა, რომ ამ მხრივაც საქართველო რეგიონის ცენტრალურ ქვეყნად მოიაზრება. საქართველო, სომხეთთან ერთად, ძალიან მრავალფეროვან ქრისტიანულ ქვეყანას წარმოადგენს.. ჩვენი მოგზაურობას შეიძლება საგანმანათლებლო ტური ეწოდოს“, – აღნიშნავენ „ზეკსიშე ცაითუნგის“ ჟურნალისტები, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად იყვნენ თბილისში.

„2 ოქტომბერს, 20 საათსა და 50 წუთზე ბერლინიდან გამოფრენილი ჩვენი ავიალაინერი დედამიწის ზღაპრული ქვეყნის – საქართველოს  დედაქალაქში დაეშვა და ჩვენ პირველად დავადგით ფეხი ქართულ მიწას“, – ასე ემოციურად არის აღწერილი გერმანელი ჟურნალისტების მიერ თბილისში ჩამოფრენა.

პუბლიკაცია მოიცავს თბილისურ შთაბეჭდილებებს, რომელიც გერმანელებმა ძველი ქალაქში გასეირნებით მიიღეს. საკმაოდ ფართოდ არის აღწერილი საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები. აღნიშნულია ქართველების ღრმა რელიგიური რწმენა და პატივისცემა ქრისტიანული წეს-ჩვეულებებისადმი.

„მესამე დღეს მოვინახულეთ მცხეთა, საქართველოს ყოფილი დედაქალაქი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ რელიგიურ ცენტრსაც წარმოადგენს თავისი მრავალი ეკლესია-მონასტრით, გავიარეთ ბაზარში და დავაგემოვნეთ ქართული „ჩურჩხელა“ – საკონდიტრო ნაწარმი თხილის, ნიგვზისა და სხვა შიგთავსით, შესქელებული ყურძნის წვენისაგან მომზადებული. ვიყავით გორში, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა, ვნახეთ უფლისციხე – მღვიმური ქალაქი“, – წერენ ავტორები.

არანაკლები შთაბეჭდილებები მიიღეს გერმანელმა სტუმრებმა სტეფანწმინდაში, სადაც ისინი თბილისიდან  ავტობუსით გაემგზავრნენ, „რუსეთთან საზღვრის ახლოს“: „ჩვენს თვალწინ მთელი თავისი დიდებულებით გამოჩნდა გერგეტის სამების ეკლესია, თალუწვდენელი კავკასიის მთების ფონზე. ეს ნამდვილად ზღაპრული სანახაობა იყო… არასოდეს მსგავსი გრანდიოზული რამ არ გვინახავს“.

„მოვინახულეთ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ისტორიულ-რელიგიური ძეგლი – დავით გარეჯის მღვიმური მონასტერი,რომელიც  აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. შემდეგ გავემართეთ სიღნაღში, შუასაუკუნეების გალავნით შემოსაზღვრულ ქალაქში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ცნობილ ტურისტულ და კულტურულ-ეთნოგრაფიულ ცენტრს წარმოადგენს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გერმანელები იყვნენ წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე დაშბაშის კანიონში, ტურის  ბოლო დღეს კი ისევ თბილისში გაისეირნეს, იყვნენ კუს ტბაზე და შეიძინეს სუვენირები ხალხმრავალ ბაზარზე.

„ჩვენი თვალსაწიერი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ჩვენ არამარტო გავეცანით კავკასიური ქვეყნის კულტურას და თანამედროვე ცხოვრებას, არამედ გაგვიმტკიცდა გერმანელი და ქართველი ხალხების ისტორიული ურთიერთობების შენარჩუნების სურვილი“, – აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.

წყარო

ჩემი ძმის „ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაში“ მოხვედრა მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს – ნიკა გილაური

ჩემი ძმის „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაში“ მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ „კაგებეშნიკური“ ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური რადიო „თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაზე“, სადაც ნიკა გილაურის ძმაც არის მოხსენიებული.

როგორც ნიკა გილაურის განცხადებაშია ნათქვამი, მისი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. მისივე აზრით, „არც „სასარგებლო იდიოტების“ გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი.

ამასთან, ნიკა გილაურის თქმით, მისი არხებით დაუკავშირდა აშშ-ს კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებულია, რომ ეს შეცდომა მალე გასწორდება.

„რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაზე“, სადაც ჩემი ძმაც არის მოხსენიებული, არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, სანამ „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო არ გააკეთებდა განცხადებას. გუშინ დაიდო ეს განცხადება, სადაც ძალიან კარგად არის განმარტებული, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭო (რომელიც სრულად ევროპელი და ამერიკელი დამოუკიდებელი დირექტორებისგან შედგება) უცხადებს სრულ ნდობას ირაკლი გილაურს და „არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას.”

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიაა, რომელიც მართავს ამერიკული და ევროპული უმსხვილესი ფონდების ფულს. ჩემი ძმა კი არის „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორი, რომელსაც ამ დასავლურმა ფონდებმა თავისი ფული ანდეს იმისათვის, რომ მას საქართველოში ინვესტიციები გაეკეთებინა. ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც ასეთ ნდობას უცხადებენ დასავლური ფონდები და ვისაც ამხელა თანხების მოტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება, მას აქვს ძალზედ მკაცრად გაწერილი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში არ-მონაწილეობის წესები, რაც საქართველოში ხანდახან არასწორად „ითარგმნება“ ხოლმე – თითქოს სიჩუმე თანხმობის ნიშანია.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ვთქვა, რომ ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ “კაგებეშნიკური” ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა. ეს ხომ სწორედ რომ „კაგებეშნიკური“ მიდგომაა – თუ ვერ აჩერებ პროცესს, რომელიც შენ წინააღმდეგ მუშაობს, მაშინ ამ პროცესის დისკრედიტაცია უნდა მოახდინო. ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. არც “სასარგებლო იდიოტების” გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა “არა არს დაფარული, რაიც არ გაცხადდეს,” და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.

საქართველოს კაპიტალის განცხადებაში ასევე წერია შემდეგი: „დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.“

მინდა აქვე დავამატო რომ მეც, ჩემი არხებით დავუკავშირდი აშშ-ს კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება. ხოლო ის ადამიანები, ვისზეც მართლაც დგას ეს რეჟიმი, აუცილებლად დასანქცირდებიან. როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, „ეს სია დასაკალიბრებელია – შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა (სხვადასხვა მიზეზების გამო და ესეც გაირკვევა) და ვიღაც კი დასამატებელი იყოს“, – აცხადებს ნიკა გილაური.

ცნობისთვის, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ამავე წერილში, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

გამოცემის თანახმად, სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან: „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“: ეკატერინა ხვედელიძე – ბიძინა ივანიშვილის ცოლი; ალეკო ივანიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ძმა; უჩა მამაცაშვილი – ივანიშვილის დეიდაშვილი; შმაგი კობახიძე – ივანიშვილის დისშვილი. სიაში მოხსენიებულია, როგორც „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“.

„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები: ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი; კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე; თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის მეთაური; გრიგოლ ლილუაშვილი – სუს-ის უფროსი; ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გახდა აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის სანქციების“ დაწესების შემდეგ; კახა კალაძე – თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე – წერილში მოხსენიებულია, როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“; ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი – მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“; ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. სიაში მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“.

„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან: ირაკლი რუხაძე – „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე); სოსო ფხაკაძე – „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი; ხვიჩა მაქაცარია – „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ. ირაკლი გილაური – „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი; ვანო ჩხარტიშვილი – „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი; სულხან პაპაშვილი; გიორგი კაპანაძე („რიჟა“), რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების ნაწილს ფლობს და დე ფაქტო განკარგავს; ილია წულაია – „არქის“ დამფუძნებელი; ნოშრევან ნამორაძე – „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი; ვიქტორ ჯაფარიძე – „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი. მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე; ლევან მურუსიძე.

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი მაშინ იმსჯელებს, როცა საჭიროდ ჩათვლის – დავით მათიკაშვილი

მმართველ გუნდში ვერ აკონკრეტებენ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისას, დღის წესრიგში დადგება თუ არა პარლამენტის იმ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რომლებმაც შესაბამისი განცხადებებით XI მოწვევის პარლამენტს, შეკრებისთანავე – ნოემბრის თვეში მიმართეს.

როგორც ამ თემაზე “ინტერპრესნიუსს“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განუცხადა, “აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი მაშინ იმსჯელებს, როცა საჭიროდ ჩათვლის“. დამატებითი განმარტების გაკეთებისგან დავით მათიკაშვილმა თავი შეიკავა.

პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით სამი პოლიტიკური სუბიექტის: – “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ძლიერი საქართველოსა“ და “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ნოემბერში მიმართეს.

დეპუტატის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადებს თავად კანონი ადგენს – რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება, ის ამ განცხადებას დაუყოვნებლივ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს, ხოლო კომიტეტი არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამის დასკვნას ამზადებს. ამის შემდეგ საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოესს პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს და პარლამენტი ვალდებულია უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა დეკემბრის თვეში სადეპუტატო უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელს შეუწყვიტა. მათ შორის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს შეუწყდათ, თუმცა ოპოზიციის განცხადებები განხილვის საგანი არ გამხდარა.

ცნობისთვის, ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად და არალეგიტიმურად აცხადებენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას არ აპირებენ. პარლამენტის გარდა, მათ ასევე მიმართეს ცესკოს ე.წ. სათადარიგო-საარჩევნო სიების გაუქმების მოთხოვნით, რა მოთხოვნაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა.

მსგავსი მიმართვა პარტიას “გახარია – საქართველოსთვის“ არ გაუკეთებია.

საქართველო: პროტესტი ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ – Jungle.world

გერმანულ გამოცემა Jungle.world-ში გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით „საქართველო: პროტესტი ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ“ (ავტორი – ერიკ ლი, ამერიკელი ჟურნალისტი და მკვლევარი, თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იმის გასაგებად, თუ რა ხდება ამჟამად საქართველოში, ჯერ რუსეთს უნდა შევხედოთ და გავიგოთ, იქ რა ხდება. ხოლო რუსეთის მოვლნების გასაგებად კარგი იქნებოდა კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის სტატიები წაგვეკითხა, რომლებიც 1952 წელს აშშ-ში გამოქვეყნნდა, გაგანია ცივი ომის პერიოდში, საერთო სათაურით „რუსული საფრთხე ევროპისათვის“ (The Russian Menace to Europe), რომელთა შესავალში ყურადღება ეთმობა თეზისს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთვარ მიზანია მსოფლიო ბატონობა“. მარქსი და ენგელსი ამტკიცებდნენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართავს რუსეთს – მეფე-იმპერატორი თუ მომავალში სხვა ვინმე, მეფის დამხობის შემდეგ. „რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის ერთნაირია“, – ამტკიცებდნენ „კომუნისტური პარტიის მანიფესტისა“ და „კაპიტალის“ ავტორები.

მარქსი და ენგელსი, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ალბათ, დაინახავდნენ, თუ როგორ წინააღმდეგობას უწევნ რუსეთის მცდელობას „მსოფლიო ბატონობისათვის“ დემოკრატიულ საქართველოში, სადაც ქუჩებში უამრავი ხალხია გამოსული. საქართველოს მთავრობა, რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი, ამტკიცებს, რომ ქვეყნის პოლიტიკაში რუსეთის არანაირი ჩარევა არ ხდება, პირიქით, საქართველოს მომავალი გზის განსაზღვრაში სწორედ აშშ და ევროკავშირი ერევიან. ხელისუფლება ეყრდნობა შეთქმულების თეორიას“ და იმოწმებს რაღაც წარმოსახვით „გლობალური ომის პარტიას“, რომელიც ფინანსდება ამერიკული სამხედრო მრეწველობის მაგნატების, ჯორჯ სოროსისა და დასავლელი ნეოლიბერალების მიერ, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი. „ქართული ოცნება“ მათ მსოფლიოს მასშტაბით რევოლუციის გაჩაღებისა და საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.

მსგავსი იდეები საკმაოდ ჰგავს ანტისემიტიზმს, თუმცა საქართველოში ანტისემიტიზმის არასდროს შემჩნეული არ ყოფილა და პრაქტიკულად, ანტიებრაელური ტრადიციები არ არსებობს. სამაგიეროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამოირჩევა სექსისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური ხედვებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ჩამოშორებაში დასავლეთის სახელმწიფოებისაგან. სწორედ ეკლესია მონაწილეობდა „ლგბტ“ საზოგადოების წევრებისა და „პრაიდის“ აღლუმის მონაწილეთა დევნაში.

მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნების“ მესვეურთა საქმიანობა აშკარად რუსეთის გავლენის ქვეშ მოიაზრება. პარტია ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა და მას მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს – რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენი. კითხვა – ასრულებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის მითითებებს თუ იგი მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თვითონ სურს – ჯერ-ჯერობით ღიად რჩება.

არჩევნები, ოპოზიცია და ბიზნესი

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნების“ დეპუტატები შეადგენდნენ, რიგი კანონები მიიღო, რომლებსაც ოპოზიციონერები „რუსულ კანონებს“ უწოდებენ – იმიტომ, რომ ისინი იმეორებენ კრემლის მიერ მიღებული კანონების დეპულებებს, რომელთა დახმარებით ვლადიმერ პუტინმა რუსული სამოქალაქო საზოგადოება  დაანგრია და რეჟიმის ძალაუფლება გაზარდა. ოქტომბრის ბოლოს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში“ისევ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა – ხმების 54%-ით. თუმცა ბევრმა დასავლელმა დამკვირვებელმა  ეჭვი შეიტანა ცესკოს მიერ დამტკიცებულ მონაცემებში და შედეგები გაყალბებულად მიიჩნია. ოპოზიციურად განწყობილი ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ და არჩევნების განმეორებით ჩატარება მოითხოვეს, თუმცა ცოტა ხნის სემდეგ საპროტესტო მუხტი განელდა. ნოემრის ბოლოს აქციები ისევ განახლდა – მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს. ამ გადაწყვეტილებამ ევროპული ორიენტაციის მქონე მრავალი ქართველის რისხვა გამოიწვია.

დასუსტებულმა და დაშლილმა ოპოზიციამ მოახერხა ძალების მოკრება, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩარევის წყალობით, რომელიც ანტისამთავრობო აქციების ფაქტიური ლიდერი აღმოჩნდა. მას თავისი უფლებაოსილების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა არ აღიარებს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. სალომე ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტი არალეგიტიმურია და ამიტომ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები განმეორებით უნდა განხორციელდეს.

ამჟამად საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციები თითქმის ყოველდღიურად იმართება და მასში სტუდენტური ახალგაზრდობა აქტიურობს. რაც შეეხება ფაბრიკა-ქარხნბის და დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეებს, აქციებში ისინი ბევრად ნაკლებად მონაწილეობენ. ამასთან ბიზნესის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ავტორიტეტული ბანკირები, „ქართული ოცნების წინააღმდეგ გამოვიდნენ – ისინი თვლიან, რომ დასავლური ფინანსური ბაზრებიდან დაშორება ქართული ბიზნესისათვის მავნე და წამგებიანია.

მთავრობა აქციის მონაწილეებს დაპატიმრებებითა და ძალადობით პასუხობს, ხშირად ჟურნალისტების წინააღმდეგაც.

სავარაუდო სცენარები: რა იქნება ხვალ?

მოვლენების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, არსებობს სამი სავარაუდო სცენარი.

პირველი – მთავრობამ შეიძლება კრიზისი გადაიტანოს და ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩეს. აკონტროლებს რა საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სასამართლოებს, ასევე ძალოვან სტრუქტურებს, „ქართული ოცნება“ სულ უფრო მტკიცედ მოაქცევს ძალაუფლებას საკუთარ ხელში, დემოკრატიული თავისუფლებები შეიზღუდება. დასავლეთის კრიტიკა და სანქციები მაინცდამაინც დიდ შედეგს არ მოიტანს – ისევე როგორც ბელარუსში, სადაც ალექსანდრე ლუკაშენკომ მასობრივი გამოსვლები ჩაახშო.

მეორე – ქვეყანაში შეიძლება სამოქალაქო ომი დაიწყოს. საქართველოში მსგავსი მოვლენები უკვე მოხდა 1990-იანი წლების დასაწყისში, რომელიც დასრულდა ქვეყანაში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებით მოსკოვიდან (იგი ადრე საბჭოთა საქართველოს ლიდერი იყო). თუ საქართველოში სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა თავისი „მშვიდობისმყოფლები“ შეიყვანოს.

მესამე სცენარის თანახმად, ქვეყნის პროდასავლური, დემოკრატიულად განწყობილი მოსახლეობა გამარჯვებას მიაღწევს. საქართველოში ამის პრეცედენტიც არსებობს: 2003 წელს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა. არ არის კიდევ ერთი მსგავსი რევოლუცია მოხდეს და თუ ასე განვითარდება მოვლენები, მაშინ იმედია არჩევნები ისევ ცატარდება და ქვეყნა პროევროპულ გზას დაუბრუნდება. ამ შემთხვევაში დემოკრატიულ ოპოზიციას მასობრიობა დაჭირდება – მუშა-მოსამსახურეები და მემარცხენე ძალები. თუმცა საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დემოკრატიული ოპოზიციის პერსპექტივას შანსები არ აქვს.

წყარო

ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.

საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

„თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. ასევე, დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და მოხდება ტერიტორიის დასუფთავება.

მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრებისა და რეისების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა – 25 %-ით გაიზარდა. (2023 წელი – 5,986,754 მგზავრი, 25,607 რეისი).

„2024 წელი ქართული ავიაციისთვის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ისტორიული წელი იყო. ჩვენ შევძელით და 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც წინა წელთან შედარებით 24 %-იან ზრდას წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და 2024 წელს წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები 10 ავიაკომპანიასთან 13 ახალი მიმართულებით. რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს ველოდებით კიდევ უფრო მეტ მგზავრთნაკადს და კიდევ უფრო მეტ მიმართულებას “, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, 2024 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში – 4,750,830 მგზავრი დაფიქსირდა. რაც ასევე, რეკორდული მაჩვენებელია და შესრულდა 22,715 რეისი. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და რეისები 30%-ით გაიზარდა. (2023 წელი – 3,693,942 მგზავრი, ⁠17,456 – რეისი).

რაც შეეხება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041-რეისი).

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი – 621,506 მგზავრი, 3,110-რეისი).

2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს. 9 აპრილიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით Edelweiss იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ახალი ავიამიმართულებების დაწყების მიზნით.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყნის განვითარების ერთადერთი პირობაა – ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ! – ზაზა შათირიშვილი

რასაც ლიბერალი ფაშისტები დღეს კადრულობენ, ოპტიკური ილუზიაა, ასე მაგალითად, ხალხის მწამებელი გვარამია დღეს თავისუფლებაზე გვესაუბრება, მწამებელი ახალაიების მშობელი მამა – როლანდი, ადამიანის უფლებებზე, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, უსამშობლოები, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ნაცვლად, სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევთ გულის ჯიბეში, საქართველოს სიყვარულს გვასწავლიან, ამიტომ, აუცილებელია, ჯაშუშები გასამართლდნენ.

„რასაც ლიბერალი ფაშისტები დღეს კადრულობენ, ოპტიკური ილუზიაა.

ასე მაგალითად…

ხალხის მწამებელი გვარამია დღეს თავისუფლებაზე გვესაუბრება;

მწამებელი ახალაიების მშობელი მამა – როლანდი, ადამიანის უფლებებზე;

ნაც-მედია-ზონდერი ნანული ჟორჟოლიანი მედიის თავისუფლებაზე გვწერს;

უნიჭო დოი გვასწავლის ხელოვნების თავისუფლებას;

მწამებელი რეჟიმის არქიტექტორი მიშა პალატიდან სახელმწიფოს როლს გვიხსნის;

მისი მონა ბარამიძე, აფრასიძეების მკვლელი, ჰუმანურობაზე საუბრობს;

თაღლითი ხაზარაძე ადამიანურ ფასეულობებზე მორალს გვიკითხავს;

ღალატის ფორმულა, გიორგი გახარია „კაცობას“ აწვება.

ყველა ერთად, ამდენი უსამშობლო კი საქართველოს სიყვარულს გვასწავლის, თან ამ დროს, გულის ჯიბეში ყველას სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევს.

ამიტომ, ქვეყნის განვითარების ერთადერთი პირობაა – ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ!“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 იანვარს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღეს თოვს. დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

ბორჯომში თოვლი და +5 იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში 2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს. დღისით +2, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. სიღნაღში დღისით წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა – მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხელ სარჯველაძის განცხადებით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა და ისინი კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობენ.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზი გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება რომ ვთქვათ. სავარაუდოდ, საუბრობენ გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც აფეთქება გამოიწვია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულისაა, ძირითადად, ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ, ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! – მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

„საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს!

საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სიმტკიცის უმთავრესი ეროვნული სიმბოლო.

ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა.

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას და ეროვნულ სიმტკიცეს“, – წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი.

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.