Home Blog Page 3

როგორც ჩანს, მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შემოიტანონ და მხოლოდ მიტინგებით და ქალაქის დარბევებით ფონს ვერ გავლენ – გია ვოლსკი

როგორც ჩანს, მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შემოიტანონ და მხოლოდ მიტინგებით და ქალაქის დარბევებით ფონს ვერ გავლენ – ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ტრიუკია, გარკვეული ნაბიჯია, რათა ხალხს პროცესი დაანახოს და ამაში არანაირი შინაარსი არ დევს, გარდა დესტრუქციისა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება“.

ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს კონსტიტუციური უფლება, არჩევნები დანიშნოს და თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ეს „ხელისუფლების დამხობის მცდელობა“ იქნება.

„სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა წინადადება, რომ შეექმნა ტექნიკური მთავრობა, ჩრდილოვანი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარედგინა, მთელი რიგი ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო შეთავაზებული ოპოზიციის მიმართ და იქნა უარყოფილი. ახლა, როგორც ჩანს, მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შემოიტანონ და მხოლოდ მიტინგებით და ქალაქის დარბევებით ფონს ვერ გავლენ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დაუჭირა მხარი კონკრეტული მიზნების განხორციელებისთვის. რა ფორმატი და პლატფორმაც არ უნდა შექმნან, რასაკვირველია, მთავარი ისაა, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აწყობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ტრიუკია, გარკვეული ნაბიჯია, რათა ხალხს პროცესი დაანახოს და ამაში არანაირი შინაარსი არ დევს, გარდა იმ დესტრუქციისა, რასაც სალომე ზურაბიშვილი და ყველა ის რადიკალური პოლიტიკური სუბიექტები მიჰყვებიან, რომლებიც გაერთიანებული არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახელის ქვეშ.

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს კონსტიტუციური უფლება, არჩევნები დანიშნოს, გარდა იმის შემთხვევისა, თუ პარლამენტმა მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა. თუ ეს ნაბიჯი გადაიდგა, რიტორიკიდან კონკრეტულ ქმედებაზე გადავა, რასაც ჰქვია ხელისუფლების დამხობის მცდელობა. რასაკვირველია, ეს მცდელობა შეესაბამება გარკვეულ დანაშაულს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსშია აღწერილი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გარდა ამისა, ვოლსკის თქმით, ოპოზიციაში ერთიანი აზრი არ არსებობს, უნისონია იმის თაობაზე, რომ „სალომე ზურაბიშვილი წამოწიონ როგორც მშვიდობის მტრედი“.

„ერთიანი აზრი არ არსებობს. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას გულისხმობს. ამ გეგმას უპირისპირდება ნებისმიერი სხვა, რომელსაც რაღაც პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა ჰქვია. მიუხედავად ამ განსხვავებისა, მაინც მგონია, რომ სერიოზული უნისონია, შეთანხმებული პოზიციაა, რომ სალომე ზურაბიშვილი წამოწიონ როგორც მშვიდობის მტრედი და თუ ამ საკითხებთან მიმართებით ხელისუფლებას სერიოზული და საფუძვლიანი პრეტენზია ექნება, წამოწიონ აზრი, რომ მშვიდობიანი შეთავაზება უარყოფილი იქნა „ქართული ოცნების“ მიერ, ხოლო სიმართლე და სწორი გზა არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია გვთავაზობს და რასაც ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა ჰქვია. ეს არის სცენარი, რომელიც უნდათ, საზოგადოებას შემოაპარონ და ქუჩაში დამატებითი ძალები გამოიყვანონ, რაც რთული იქნება იმ ვითარებაში, როდესაც ხალხს კარგად ესმის, რასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.

ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი არჩევნებისთვის ალბათ, „გამოჩნდებიან ახალი ძალებიც და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“.

თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს – დედაქალაქის მერია

თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბიუჯეტიდან, კერძოდ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი, 535 მილიონს.

„2025 წელს დედაქალაქი გაზრდილი ბიუჯეტით ხვდება. თბილისის მთავრობამ საკრებულოს ახალი ბიუჯეტი წარუდგინა, რომელიც 2 მილიარდ ლარს შეადგენს. საკუთარი შემოსავლების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია.

2-მილიარდიან ბიუჯეტს ასევე, დაემატება გარდამავალი ნაშთი, რომელიც დაახლოებით 150 მილიონი ლარი იქნება. მნიშვნელოვანია დონორებიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, რისი მოცულობაც 100 მილიონი ლარი იქნება.

საერთო ჯამში, თბილისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები შეადგენს 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს, რაც სხვადასხვა მიმართულებით იქნება გამოყენებული.

კერძოდ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით – 535 მილიონს.

ცნობისთვის, 2017 წლის ბოლოს დამტკიცებული დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 815 მილიონ ლარს. ბიუჯეტის ყოველწლიურმა ზრდამ შესაძლებელი გახადა, განხორციელდეს კიდევ უფრო მეტი პროექტი თბილისში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით – კახა კალაძე

მიიწურა გამოწვევებით სავსე 2024 წელი, რომელმაც მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, გარე თუ შიდა ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაციებისა, ქვეყანაში არეულობის დათესვის მცდელობისა, მოგვიტანა თვალსაჩინო შედეგები როგორც დედაქალაქის, ისე ზოგადად ქვეყნის განვითარების კუთხით. რასაკვირველია, ყველასთვის იქნებოდა საუკეთესო, დღეს მხოლოდ ამ შედეგებზე გველაპარაკა და სამომავლო გეგმები გაგვეცნო მოსახლეობისთვის, მაგრამ ვიდრე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები არ შეფასდება და თუნდაც ერთ მოქალაქეს მაინც დარჩებება კითხვები, ვალდებულები ვართ პასუხები გავცეთ ამ კითხვებს, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში, სადაც დეპუტატებმა 2025 წლის ბიუჯეტს უნდა უყარონ კენჭი.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს არეულობას.

„ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა, იყო სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა, რომელიც არ დაწყებულა დღეს ან გუშინ. წლებია მზადდება ნიადაგი ამისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინის მოვლენები, უცხო ძალებს გაუჩნდათ განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ, საქართველო გამოყენებული უნდა ყოფილიყო მათი ინტერესების პოლიგონად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებდა საქართველოს დასუსტების და უფრო მეტიც, მისი განადგურების ხარჯზე შეესრულებია ე.წ. მეგობრების მითითებები, აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი.

ჩვენს ქვეყანაზე და ხელისუფლებაზე უპრეცენდენტო ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა გვემოქმედა არა ჩვენი ქვეყნის, მისი მშვიდობიანი მომავლის ინტერესებით, არამედ სხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, რაც აშკარა რისკებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

ყველა ეტაპზე „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოვდიოდით და მოსახლეობას ღიად ვუყვებოდით, რა პროცესები მიმდინარეობდა ქვეყანაში და რა გამოწვევების წინაშე ვიდექით.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოავლინა მაღალი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური სიმწიფე და მთელს მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ პრინციპულები ვართ და ვიქნებით ყოველთვის, როცა საქმე საკუთარი ქვეყნის და სახელმწიფოს დაცვას ეხება.

საქართველოს მოსახლეობამ ნახა, სწორად აღიქვა ჩვენი პრინციპული პოზიცია, სრულად გაიაზრა, თუ რა გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ 4 წლით მოგვანდო ქვეყნის მართვა, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს, მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს და განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს ამ გამარჯვებაში თქვენი წვლილის შეტანისთვის.

ეს ზეწოლა დღესაც გრძელდება. ჯერ კიდევ ბევრს აქვს სურვილი ქართველ ხალხს არჩევანი წაართვას და ხელისუფლება არა თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, არამედ მათ მიერ ხელდასმულ და ქართველი ხალხის მიერ უარყოფილ ძალებს გადაეცეთ, მაგრამ პირობას ვაძლევ საქართველოს მოსახლეობას, ეს ვერ და არ მოხდება! რამდენიც არ უნდა ეცადონ, ჩვენ სამშობლოს არავის დავუთმობთ!

ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით. ეს არასდროს მოხდება, კარგად უნდა შეიგნონ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მათმა პატრონებმა.

აქვე მოსახლეობის გასაგონად კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავ, „ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია! „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქვეყანა ყველაზე მეტად დაახლოვა ევროპასთან.

ცხადია, ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას ამ მიზნის ვიწროპოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მოახდინოს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის საშუალებად გამოიყენოს.

ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას, რომლის მეშვეობითაც ჩვენს გაბითურებას შეეცდებიან პატარა ბავშვებივით.

სამწუხაროდ, დღეს საქართველო ისევ დასაჯეს, ახალი მოიფიქრეს- მოლაპარაკებების გახსნა- არგახსნა. თეთრზე შავით გვიმტკიცებენ, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა ნათელ ფერებშია, საქართველო კი- ბნელში (ბორელის განცხადება.)

ეს არის ევროპული სამართლიანობა? კითხვა რიტორიკულია, პასუხი კი გახლავთ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირის უწყებებს. ჩვენ ღიად ვთქვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული მოლაპარაკებების გახსნის ბედი და ეს არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად.

მაშინ რამ გამოიწვია აქციების ტალღა? რასაკვირველია, ეს არის ისევ და ისევ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც წინასწარ გათვლილი და დაკვეთილი იყო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება მოსახლეობის პრიორიტეტების გამოძახილია – მშვიდობა, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი! სწორედ ამიტომ გვენდო საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ და გვანდო ამ ქვეყნის ბედი. ამ ნდობას ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით და არავის მივცემთ უფლებას ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ხალხის უდიდესი ნაწილი არჩევანი.

არჩევნები შედგა და ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა- 1 მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“.

ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, რომელიც იმეორებს წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა „ფართო არჩევანი“, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „კამპანიის თავისუფლად წარმოება“, შექებულია ცესკო არჩევნების „კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის“, ხაზგასმულია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდი გარემო.

რასაკვირველია, არის შენიშვნები და ხარვეზები, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიების მისამართით, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

და რას ვხედავთ ამ დროს რუსთაველის გამზირზე? კარგად ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, ექსტრემისტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერად გარე ძალებმა დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ზიზღით, აგრესიით, ბულინგით ესხმიან თავს ყველას, ვისაც უნდა მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და მისი ევროპული მომავალი.

ნახეთ, რა ხდება სოციალურ ქსელებში, რა მასშტაბის ფინანსური რესურსია ჩადებული იმაში, რომ სოკოებივით მომრავლებულმა ათასგვარმა გაურკვეველმა ჯგუფებმა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ცხადია ეს არ გამოსდით და ძალადობით, ლანძღვა-გინებით ესხმიან თავს ყველას და ყველაფერს.

აბულინგებენ ყველას- მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბებია-ბაბუებს, სკოლებში უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებს. სიძულვილის კამპანია, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა რევოლუციური სცენარის ნაწილია.

მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. უახლესი ისტორიიდან ვიცით რა მოუტანა საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებამ, რისკენაც ასე ისწრაფიან ჩვენი გარე თუ შიდა მტრები. ეს იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც არ დავუშვებთ. დღეს სახელმწიფო ძლიერია, ძლიერია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და რაც მთავარია, დღეს ხელისუფლება სარგებლობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით.

მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ მეწარმეს, პედაგოგს თუ რიგით მოქალაქეს, ვინც მაღალ სამოქალაქო შეგნებას და პასუხისმგებლობას იჩენს ამ რთულ პერიოდში. ვემსახუროთ საკუთარ საქმეს და ჩვენს ქვეყანას კეთილსინდისიერად ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დადგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულ ოცნებას“ ევროპული გზიდან არ გადაუხვევია! – კახა კალაძე

„ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია! -თეთრზე შავით გვიმტკიცებენ, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა თურმე ნათელ ფერებშია, საქართველო კი ბნელში. გახსოვთ, ეს განცხადება, რომელიც ბორელმა გააკეთა. ეს არის ევროპული სამართლიანობა?! – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

როგორც კალაძემ განმარტა, ამ თემით მუდმივი შანტაჟი და მანიპულაციები მიუღებელია.

„ცხადია, არ დავუშვებთ არეულობას, ომს, ქვეყნის ინტერესების გაყიდვას, არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით. ეს არასდროს მოხდება, კარგად უნდა შეიგნონ ეს როგორც ქვეყნის შიგნით ამ წვრილფეხა რადიკალებმა, ასევე ქვეყნის გარეთ მათმა პატრონებმა. მოსახლეობის გასაგონად კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია. „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომელმაც ყველაზე მეტად დაგვაახლოვა ევროპასთან. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდს. ცხადია, გვინდა ევროპა. ეს არავის აძლევს უფლებას ამ მიზნის ვიწრო პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მოახდინოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას, რომლის მეშვეობით ჩვენს გაბითურებას შეეცდებიან პატარა ბავშვებივით.

გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემის საკითხი. როგორ გვაშანტაჟებდნენ და გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. ტყუილით გაჯერებული შეტყობინებები, რომელსაც ვისმენდით გარედან კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სიმართლეს მოწყვეტილი განცხადებები იყო. სამწუხაროდ, დღეს საქართველო ისევ დასაჯეს. ახალი მოიფიქრეს, მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნა. თეთრზე შავით გვიმტკიცებენ, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა თურმე ნათელ ფერებშია, საქართველო კი ბნელში. გახსოვთ, ეს განცხადება, რომელიც ბორელმა გააკეთა. ეს არის ევროპული სამართლიანობა?! რიტორიკული კითხვაა, პასუხი პრემიერის განცხადებაა, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირის უწყებებს.

დღეს მათ შეუძლიათ თავისუფლად გახსნან მოლაპარაკებები, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს. თუმცა, ამ თემით მუდმივი შანტაჟი და მანიპულაციები მიუღებელია“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს – სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტიც უნდა დამტკიცდეს

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

ამასთან, სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტიც განიხილება გასამტკიცებლად.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე უძღვება.

როგორც სხდომის დაწყებამდე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღეს მერის წლიურ ანგარიშთან ერთად მოისმენენ 2025 წლის დასამტკიცებელ ბიუჯეტს, რომლის ოდენობაც 1 მილიარდ 983 მილიონ ლარს შეადგენს.

„დღეს ვაჯამებთ 2024 წელს თბილისში განხორციელებული პროექტების მიმართულებით. ჩვენ მოვისმენთ მერის ანგარიშს და ასევე განვიხილავთ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს. 2024 წელი ქალაქის განვითარების მიმართულებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, განხორციელდა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე. სატრანსპორტო და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენ ამ თემაზე დეტალური განხილვა გვექნება, მოვისმენთ მერის ანგარიშს.

ასევე, 2025 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც არის 1 მილიარდ 983 მილიონი და რომელიც, ვვარაუდობთ, რომ იანვრის ბოლოსთვის დაახლოებით 150 მილიონი ლარით, გარდამავალი ნაშთის შესაბამისად გაიზრდება გაიზრდება. ეს უპრეცედენტოდ მაღალი ნიშნულია თბილისის ბიუჯეტის”, – განაცხადა ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა თემაზე, რომელიც ოპოზიციონერების ბოიკოტს შეეხებოდა და აღნიშნა, რომ წელს კი არა 8 წლის განმავლობაში ოპოზიციურ კოლეგებს არცერთი ბიუჯეტისთვის მათ მხარი არ დაუჭერიათ.

„არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს მათ პასუხისმგებლობა არ აუღიათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მათი დღის წესრიგია და აგრძელებენ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას“, – განაცხადა ტყემალაძემ.

WeChat-ში, ჩინეთის ყველაზე პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური ანგარიში გაიხსნა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ პოპულარულ ჩინურ პლატფორმა WeChat-ზე ანგარიში გახსნა, რათა საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალი ჩინელ მომხმარებლებს გააცნოს.

WeChat, რომელიც 1.3 მილიარდზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, მრავალფუნქციური პლატფორმაა და კომუნიკაციის, სერვისებისა და მარკეტინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ახალი ანგარიშის საშუალებით, სააგენტოს შეუძლია მარტივად და ეფექტიანად გაავრცელოს ინფორმაცია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ, გააუმჯობესოს ტურისტებთან და სააგენტოებთან კომუნიკაცია და გააღრმავოს ცნობადობა ჩინურ ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ WeChat Facebook-ის მსგავსი სოციალური პლატფორმაა, რომელიც ჩინეთში ფართოდ არის გავრცელებული და ჩინელი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძირითად საკომუნიკაციო ქსელს წარმოადგენს.

WeChat-ის ანგარიშის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალური მიმართულების პოპულარიზაციას, ჩინელი ტურისტების დაინტერესებას და, შესაბამისად, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას.

ამორალური და ამაზრზენი მოწოდებები კეთდება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან – ლევან მაჭავარიანი

ამორალური და ამაზრზენი მოწოდებები კეთდება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. უმრავლესობის დეპუტატი ოპონენტებს მოუწოდებს, რომ სახელმწიფოებრივ საკითხებს მეტი სერიოზულობით მოეკიდონ.

„იქ ვაშაძის განცხადებას გავიხსენებდი, შვილებს რომ მოუწოდა, მშობლებს გამარჯობა არ უთხრათო, სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, რომ პოლიტიკა სკოლებში შევიტანოთ და იქნებ, რამენაირად არასრულწლოვანები გამოვიყვანოთ აქციებზეო, ახლა ბატონი ხაზარაძის მოწოდება ჯართან მიმართებით, რომ არ დაემორჩილოთ ახალ პრეზიდენტსო და თქვენთვის პრეზიდენტი ისევ სალომე ზურაბიშვილი იყოსო. ჩვენი მოწოდება იქნება, რომ ცოტა სერიოზულად შეხედონ სახელმწიფოებრივ საკითხებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კახა კალაძე დღეს საკრებულოში ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, ჩვენ აღნიშნულ სხდომას არ დავესწრებით – „კოალიცია ცვლილებისთვის“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენას არ დაესწრებიან.

როგორც კოალიციაში განმარტავენ, კახა კალაძესთან „ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი“.

„დღეს, 24 დეკემბერს, თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს.

“ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები აღნიშნულ სხდომას არ დავესწრებით. დარბაზში ისხდებიან მხოლოდ კალაძე და მისი ხელქვეითები.

კორუფციით სახელგანთქმულ თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, შესაბამისად – არალეგიტიმური ხელისუფლების, ერთ-ერთი მთავარი სპიკერი და ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ქმედებებისა და რეჟიმის გამმართლებელი დაუშვებლად მიგვაჩნია მასთან ერთად საკითხების განხილვაში მონაწილეობა.

ახლა, როცა არჩევნების გაყალბება, საარჩევნო მანიპულაციები, ხმის ფარულობის დარღვევა, მოქალაქეთა დაშინება და ხელისუფლების მხრიდან სხვა უხეში ჩარევა არჩევნებში უკვე დადასტურდა ეუთო-ოდირის დასკვნითაც, მაგრამ ამ ფონზე ის კვლავ განაგრძობს მისთვის ჩვეულ რიტორიკას გამოვრიცხავთ მასთან ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას და მასთან ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი.

ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ პროტესტს და ვიდგებით ჩვენი თანამემამულეების გვერდით, ვიდრე არ გათავისუფლდებიან რეჟიმის პატიმრები და არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.

თბილისის საკრებულოს წევრები:

ცოტნე კობერიძე

ნინო კვიტაიშვილი

ანა გოგოლაძე

გიორგი ონიანი

თორნიკე ბიკაშვილი

მამუკა გუგეშაშვილი”,- აღნიშნულია განცხადებაში.

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა მარჩელ ჩოლაკუს ახალი მთავრობა, რის შემდეგაც მინისტრებმა პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადეს.

მანამდე სამმა პროევროპულმა პარტიამ, ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატებმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ლიბერალებმა და ეთნიკურმა უნგრულმა პარტიამ UDMR, კოალიციის დეტალები შეათანხმეს.

ახალ მთავრობაში 16 მინისტრი იქნება. ამასთან, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას რვა პორტფელი ერგო, მისი ამჟამინდელი მინისტრების უმრავლესობა თავიანთ თანამდებობებზე დარჩება.

თავდაცვის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა ანჯელ ტილვარმა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ყოფილი ჟურნალისტი და მწერალი, დიპლომატი ემილ ჰურეზიანუ.

ახალმა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების კალენდარი მას შემდეგ, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ კალინ ჯორჯესკუს კამპანიის გარშემო სკანდალის გამო.

რუმინეთის მმართველ კოალიციაში შემავალი სამი პარტია შეთანხმდა, მხარი პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატს დაუჭიროს.

ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა პირველად აღიარა, რომ ივლისში თეირანში “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია ისრაელმა განახორციელა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელ კაცმა ეს კომენტარი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, როდესაც პირობა დადო, რომ მათი სამიზნე იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ხელმძღვანელები იქნებიან. მისი თქმით, ისრაელი ძლიერად დაარტყამს ჰუსიტებს.

„როგორც ჩვენ გავაკეთეთ ჰანიესთან, [იაჰია] სინვართან და [ჰასან] ნასრალასთან თეირანში, ღაზასა და ლიბანში, ჩვენ ასე მოვიქცევით ჰოდეიდასა და სანააში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევის მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა არ დაუსახელებია ვადები, როდის მოხდება შეთანხმების მიღწევა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოში 29 დეკემბრამდე ზამთრის თბილი ამინდებია მოსალოდნელი.

გვაზავას თქმით, ღამის ყინვის გამო, შედარებით ეციება აღმოსავლეთ საქართველოში.

 გასული კვირა იყო ძალიან რთული მეტეოროლოგიური სიტუაციებით. განსაკუთრებით, ძლიერი ნალექი აღინიშნა დასავლეთ საქართველოში, ნაკლები ნალექი მოვიდა აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, ეს არის ბაკურიანი, ახალციხის მიდამოები. ნალექი თითქმის არ აღნიშნულა კახეთის რეგიონში. დედაქალაქში, შედარებით, მცირე ნალექი დაფიქსირდა.

დღეიდან, 29 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ზამთარი თბილი ამინდებია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში, მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში, დაახლოებით, 19-20 გრადუსს მიაღწევს, მთიან რაიონებში 11-13 გრადუსს და მაღალ მთაში 8-10 გრადუსს. ტემპერატურა გათბება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთიან რაიონებში.

ღამის საათებში, დასავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ყინვა. ყინვიანი ამინდები მოსალოდნელია, ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს როგორც ბარში და მთაში, ასევე მაღალ მთაშიც.

ამ კვირას, განსაკუთრებით 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში აღინიშნოს მცირე ნალექი თოვლის სახით.

ხვალ,დილის საათებში, დღის პირველ ნახევარში, საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვლი და თოვლჭყაპი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამის ყინვების გამო, შედარებით ეციება. ცალკეულ დღეებში ღრუბლიანი ამინდი შეიძლება ჭარბობდეს, 27 დეკემბრამდე, ეს იმოქმედებს მაქსიმალურ ტემპერატურაზე და ამიტომ, აქ დასავლეთთან შედარებით რამდენიმე გრადუსით ნაკლები იქნება, მაგრამ მგრძნობელობა იქნება სითბოსი”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

მისივე თქმით, 28-29 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. უმეტეს რაიონში იქნება ნალექი, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვა.

“შესაძლოა დედაქალაქში, 24 დეკემბერს დილას მცირე ნალექი აღინიშნოს წვიმის სახით. 25-26 დეკემბერს, შესაძლოა, თბილისში ღამის ტემპერატურამ 2-3 გრადუს ყინვამდე დაიკლოს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა აქ მოსალოდნელია 12-14 გრადუსი. 27-მდე ამაზე მეტი არაფერია მოსალოდნელი. ცალკეულ დღეებში, შესაძლოა ჭარბობდეს ღრუბლიანი ამინდი, მაგრამ ეს ნალექს არ მოგვცემს”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

 ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს რთული სიტუაციის ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიული მომავლისთვის-პეტრ პაველი 

სალომე ზურაბიშვილმა მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს აახლოებს რუსეთთან, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას უახლესი მოვლენები განიხილეს, მათ შორის ეუთო/ოდირის ანგარიში.

„გასულ პარასკევს ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი სატელეფონო ზარი უახლესი მოვლენების განსახილველად. მან მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, რომლებიც ანგარიშშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს სულ უფრო მეტად აახლოებს რუსეთთან. მე ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული სიტუაციის ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, – წერს პეტრ პაველი.