„რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის გაჭიანურების მიზეზთა ძიებაში ყურადღება უნდა მიექცეს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მიმდინარეობას, რომლებიც პერსპექტივასთან არის დაკავშირებული. ჯერ-ჯერობით ისე ჩანს, რომ პრეზიდენტებს შორის სატელეფონო ზარები, მათი სპეციალური წარმომადგენლების აქეთ-იქით სიარული და საუდის არაბეთის ქალაქებში გამართული შეხვედრა-მოლაპარაკებები სასურველ ეფექტს და შედეგებს არ იძლევა, მაგრამ სამომავლო იმედს ნამდვილად აქვს საფუძველი“ – წერს ფრანგული გაზეთ „ფიგარო“ (Le Figaro) სტატიაში, რომლის სათაურია „ამერიკულ-რუსული ვაჭრობა-გარიგება მხოლოდ იწყება, წინ ბევრი საინტერესო მოვლენაა მოსალოდნელი“ (ავტორი – რენო ჟირარი, ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპს ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინთან ერთი სატელეფონო ზარის შედეგად ომი დაუყონებლივ შეწყდებოდა. მისი შარშანდელი წინასაარჩევნო კამპანია თითქმის მთლიანად რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფ დასრულებაზე იყო აგებული – „აი, ნახავთ, მე ომს 24 საათში დავასრულებ… მე პუტინს კარგად ვიცნობ…“ და ა.შ. დონალდ ტრამპი ოცნებობს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღოს, თანაც დამსახურებულად, თავისი წინამორბედის, ბარაკ ობამასაგან განსხვავებით, რომელმაც პრემიის მიღება მშვიდობის დამყარებით ვერ დაადასტურა.
დიახ, დონალდ ტრამპს სურს, მაგრამ ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, არ არის მზად თავის ამერიკელ კოლეგას ასეთი საჩუქარი გაუკეთოს. იგი გრძნობს, რომ ომის გასაგრძელებლად ძალები შესწევს: მისი არმია წინ მიდის, უკრაინის სიღრმეში; კურსკის ოლქის ოკუპირებული ნაწილი უკვე გათავისუფლებულია (ანუ კიევს ხელში კოზირი აღარ აქვს) – შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტი არ ჩქარობს დათანხმდეს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტაზე და მოლაპარაკების დაწყებაზე. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ერთი ან ორი თვის შემდეგ მისი სამხედრო პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდება და გაძლიერდება.
რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპს ვერ შეედავები მშვიდობის დამყარების სურვილში – მას ნამდვილად უნდა, რომ სლავ „ძმებს“ – რუსებსა და უკრაინელებს – შორის უაზრო სისხლისღვრა დასრულდეს, რომელიც უკვე მეოთხე წელია გრძელდება. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ასევე მართალია იმ მხრივაც, რომ იგი უკრაინის იმედებს დონბასისა და ყირიმის დაბრუნების თაობაზე ილუზიურად და არარეალისტურად თვლის. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მან დღემდე ვერ შეძლო იმის ახსნა-განმარტება, თუ რა ზომებს მიიღებს რუსეთის შესაკავებლად კრემლის ახალი აგრესიის შემთხვევაში, სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ. უკრაინის დემილიტარიზაციაზე ვლადიმერ პუტინის პრეტენზიებს და მოთხოვნებს თეთრი სახლი მკაცრი რეაქციით არ პასუხობს, დონალდ ტრამპი საეჭვო დუმილს ინარჩუნებს, რაც მისი რუსი კოლეგის მადას უფრო აფართოებს. ამერიკის პრეზიდენტი თავის მრისხანებას მხოლოდ სუსტი უკრაინის ლიდერის – ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ იჩენს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი დამცინავად ეკიდება და აბუჩად იგდებს თავის ევროპელ მოკავშირეებს. თუ დონალდ ტრამპი და ჯეიმს ვენსი ფიქრობენ, რომ ამით ვლადიმერ პუტინს გულს მოულბობენ და ის, თავის მხრივ, მათ საჩუქრად „მშვიდობას“ მიუძღვნის, ორივე ძალიან სცდება.
გავლენის სფეროების პოლიტიკა
ბრიუსელში 4 აპრილს, ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „რამდენიმე კვირის და არა თვის განმავლობაში“ გახდება ნათელი – სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან მშვიდობის დამყარება.
უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გაჭიანურება – ეს იმ დიდი „ხის ნაწილია, რომლის უკან რუსეთ-აშშ-ის მასშტაბურ გარიგება-ვაჭრობების მთელი ტყე იმალება“. ყველაფერი მხოლოდ იწყება, წინ ბევრი მოვლენა გველოდება.
უარყო რა ის ნეოლიბერალური მულტილატერალიზმის წესრიგი, რომელსაც აშშ 1945 წლიდან ახორციელებდა, დონალდ ტრამპი ღიად უბრუნდება გავლენის სფეროების პოლიტიკის გატარებას, რომელსაც მხარს უჭერდნენ პრეზიდენტები თეოდორ რუზველტი და უილიამ მაკ-კინლი (სხვათა შორის, საიუნაგურაციო სიტყვაში დონალდ ტრამპმა მხოლოდ ისინი მოიხსენია და სხვა არცერთი თავისი წინამორბედი), მაგრამ ევროპელმა და აზიელმა მოკავშირეებმა XIX საუკუნის დიპლომატიისაკენ აშშ-ის დაბრუნებას მხარი არ დაუჭირეს.
რაც შეეხება პანამას, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ასევე მე-19 საუკუნის დროინდელი დოქტრინის აღორძინებას – პრეზიდენტ ჯეიმს მონროს მიერ გატარებულ პოლიტიკას („ამერიკა ამერიკელებისათვის“). ამერიკის კონტინენტზე სხვა კონტინენტების წარმომადგენლების (ევროპელების, აზიელების, აფრიკელების) ადგილი აღარ არის – არც ჩრდილოეთში და არც სამხრეთში. არანორმალურია, რომ ჩინეთმა პანამის არხის ზონაში დამკვიდრება მოახერხა. კარგია, რომ პეკინი პანამიდან უკვე მიდის: მარტის დასაწყისში ამერიკულმა ფონდმა BlackRock-მა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიისგან – Hutchinson-ისგან არხის ორი საკვანძო სანავსადგურო კონცესია შეიძინა.
როცა დონალდ ტრამპი მეზობელ კანადას „ხუმრობით“ აშშ-ის 51-ე შტატს უწოდებს, ამაშიც იგივე გავლენის სფეროების იდეოლოგია არის გამოკვეთილი.
პრაგმატული პრეზიდენტი
დონალდ ტრამპის თვალსაზრისით, არაფერი არანორმალური და ცუდი არ არის იმაში, რომ რუსეთი უკრაინის დაბრუნებას ცდილობს – იმ ტერიტორიისა, რომელიც ჯერ მოსკოვის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა (1654 წელს პერეიასლავლის ხელშეკრულების გაფორმების დროიდან), შემდეგ კი 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ბოლოს კი, 2014 წლის მაიდნამდე, კვლავ მოსკოვის გავლენის მქონე ტერიტორიად რჩებოდა. რა თქმა უნდა, ამერიკაც ცდილობს თავისი გავლენის სფეროების შენარჩუნებასა და ახლების მოპოვებას. აქედან გამომდინარეობს კონგრესში 2025 წლის 4 მარტს დონალდ ტრამპის გამოსვლის დროს გაჟღერებული სურვილი დანიის კუთვნილი კუნძულის – გრენლანდიის დაუფლების შესახებ, რაც, ობიექტურად თუ ვიტყვით, გაეროს წესდებას ეწინააღმდეგება.
რუსეთ-აშშ-ის დიდი გარიგება სამომავლოდ უსათოოდ შეეხება არქტიკასა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან „ჩრდილოეთის საზღვაო გზას“, რომელიც ატლანტის, ჩრდილოეთ ყინულოვან და წყნარ ოკეანეებს ერთმანეთთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს. ამჟამად „ჩრდილოეთის საზღვაო გზის“ უდიდეს ნაწილს რუსეთი აკონტროლებს როგორც ატომური წყალქვეშა ნავებით, ასევე ატომური ყინულმჭრელებით, შედარებით მოკლე მონაკვეთით კი კანადა სარგებლობს.
დონალდ ტრამპისათვის აშშ-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება გულისხმობს ამერიკული კომპანიების დაშვებას რუსულ ტერიტორიაზე – ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, უკიდურეს ჩრდილოეთში, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოკვლეული და სადაც, გეოლოგთა შეფასებით, პლანეტის უდიდესი სიმდიდრე იმალება – ოქრო, იშვიათმიწა ლითონები, ენერგომატარებლები და სხვა სასარგებლო წიაღისეული. გარდა ამისა, ამერიკის პრაგმატული პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთთან გარიგების საფუძველზე ამერიკული პროდუქციისათვის უდიდესი ბაზრის კარი გაიღება.
აშშ-ის პრეზიდენტის სწრაფვა კრემლთან ურთიერთობის ნორმალიზებისაკენ ეფუძნება აგრეთვე დონალდ ტრამპის პიროვნულ პოზიციას – ომის მიუღებლობას. საინაგურაციო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ იგი შეწყვეტს ყველა ომს და ახალს არ დაიწყებს. ტრამპისათვის ყოველთვის საძულველი იყო ომი და იგი არ იზიარებდა ნეოკონსერვატორების იდეოლოგიას, რომლებიც თავიანთ წარმოდგენებს დემოკრატიის მიმართ მშვიდობაზე უფრო მაღლა აყენებდნენ. დონალდ ტრამპი აკრიტიკებდა თანაპარტიელ ჯორჯ ბუშ-უმცროსის გადაწყვეტილებას ერაყში შეჭრაზე (2003 წლის მარტში), რომელიც ახლო აღმოსავლეთის მთლიან „დემოკრატიზაციას“ ითვალისწინებდა.
მოუტანს რუსეთ-აშშ-ის დიდი სამომავლო გარიგებები მსოფლიოს სტაბილურობას თუ პირიქით – ახალ ქაოსს შექმნის? ჯერ სიტუაცია არაერთგვაროვნად გამოიყურება და ამიტომ რაიმეს მტკიცედ თქმა ნაადრევია. საგარეო პოლიტიკა არამარტო გაზრახვების გაცხადებით ფასდება, არამედ პრაქტიკული საქმეებით და რეალური შედეგებით.
წყარო