Home Blog Page 3

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

„გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გასული 24 საათის განმავლობაში ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული სიტუაციისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა გამოხატა ევროპის საბჭოს შეშფოთება გაზრდილი პოლარიზაციისა და პოლიტიკური ჩიხის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ალენ ბერსეტმა მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან და ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევების გამოძიების მნიშვნელობას.

„ვინაიდან, საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი, გენერალურმა მდივანმა გაიმეორა ორგანიზაციის როლი ყველა დაინტერესებულ მხარესთან აზრების გაცვლის საქმეში და გაიხსენა ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების პატივისცემის ვალდებულება, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ჩათვლით. ეს არის ქართველი ხალხის, მთლიანად ქვეყნის და მისი სტაბილურობის ინტერესებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ცნობით, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა მის გადაწყვეტილებას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს მისი დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე გამოხატა მზადყოფნა, განაგრძოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით.

„ევროპის საბჭო მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ევროპულ გზაზე ქვეყნის თანმხლები იქნება. ამ კონტექსტში, გენერალური მდივანი უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ჩვეულებრივი რეპრესიებია – მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად! -გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეპრესიებს უწოდებს დ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დროულად იმოქმედონ.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ!

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს – იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. უფრო კონკრეტულად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვკლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც.

აქციისთვის ნამდვილად გვაქვს ძალიან ბევრი პარალონი, პლედი, ფოერვერკი, სნიკერსები, კვერცხები, პოლიციას რომ ვესროლოთ, ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ იყოს პროტესტი -ელენე ხოშტარია

ძალიან მოსალოდნელი მოქმედებაა. აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონი, პლედი, ფოერვერკი, სნიკერსები, კვერცხები, პოლიციას, რომ ვესროლოთ, ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ „დროას“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ განაცხადა

ხოშტარიას თქმით, პოლიცია ოფისში ლაზერებს, საღებავებს აღრიცხავს.

„მოსალოდნელი მოქმედებაა. აქციისთვის ნამდვილად გვაქვს ძალიან ბევრი პარალონი, პლედი, „ფოერვერკი“, „სნიკერსები“, კვერცხები, პოლიციას რომ ვესროლოთ. ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ იყოს პროტესტი. ბუნებრივია, მოვიდნენ. სასაცილოა, ლაზერებს, რაღაც საღებავებს აღრიცხავენ. მე მათ განვუმარტე, რომ ეს პოლიცია არის რუსული, ანტიკონსტიტუციური, ემსახურება ივანიშვილს და მიდის ევროპის წინააღმდეგ. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რას გადაჩხრეკენ, რას იზამენ, ვის რას დააბრალებენ და წაუყენებენ. მე თვითონ ვუთხარი, დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და აქცია, დიახ, ყველაფერ ამას ვიყენებთ ჩვენ აქციაზე“, – განაცხადა ხოშტარიამ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 დეკემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8468 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8746 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0278 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9894 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0252 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0358 ლარი შეადგინა.

პოლიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა

პოლიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა.

მანამდე, პოლიცია მისული იყო “კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისშიც.

ჩხრეკა ტარდება ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლშიც.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება.

„ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული მდგომარეობისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა ევროპის საბჭოს სახელით შეშფოთება გამოთქვა პოლარიზაციის გაღრმავებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჩიხში შესვლის გამო. მან ასევე ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. გენერალურმა მდივანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიების აუცილებლობას.

ვინაიდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ორგანიზაციის როლი მოუსმინოს ყველა მხარეს და ქვეყნის ვალდებულება, პატივი სცენ ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და სტანდარტებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას, რაც როგორც ქართველი ხალხის, ასევე მთლიანად ქვეყნისა და მისი სტაბილურობის ინტერესშია.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე მზადყოფნა გამოხატა, არსებული კრიზისის დასაძლევად აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ევროპის საბჭო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით, გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერბეთის პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი განსახილველად შეიტანეს

„სერბეთის სოციალისტური მოძრაობის“ დეპუტატებმა, რომლებსაც ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ვულინი ხელმძღვანელობს, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში შეიტანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „კომერსანტი“ ავრცელებს.

კანონპროექტი „უცხოურ აგენტებად“ აცხადებს არაკომერციულ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს, რომელთა ბიუჯეტის 50% საზღვარგარეთიდან მიღებული თანხებით ფინანსდება. კანონპროექტის მიხედვით, უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს „უცხოური აგენტის“ სტატუსით რეგისტრაცია და ყველა მათ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში ამ სტატუსის მითითება მოუწევთ.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, იმ პირებს, ვინც კანონს დაარღვევენ, გარკვეული საქმიანობა აეკრძალებათ, ასევე დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ან ჯარიმა 5000-დან (42 ევრო) 2 მილიონ დინარამდე (17 000 ევრო). პროექტის მიხედვით, „უცხოური აგენტების“ რეესტრს იუსტიციის სამინისტრო მართავს. მას ასევე აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი კანონდარღვევისთვის შეუჩეროს საქმიანობა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან.

პარტიაში, რომელმაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში შეიტანა, განაცხადეს, რომ ინიციატივა მიმართულია „არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობის გაზრდისკენ”, რადგანაც, დეპუტატების აზრით, ზოგიერთი ორგანიზაცია „აშკარად მუშაობს სერბეთის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“.

„სოციალისტური მოძრაობის“ ლიდერის, სერბეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ვულინის თქმით, კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ შემუშავებულია აშშ-ის შესაბამისი კანონის მიხედვით, რომელიც კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას საზღვარგარეთიდან.
თუმცა, სერბეთის ოპოზიცია აღნიშნავს, რომ იგი უფრო ჰგავს რუსეთში ან საქართველოში მოქმედ რეპრესიულ კანონებს, ხოლო აშშ-ის კანონი სხვა საკითხებს არეგულირებს.

მსგავსი კანონის მიღების ინიციატივით სერბეთში წლის დასაწყისშიც გამოვიდნენ, მაგრამ ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკის შემდეგ უკან გაიწვიეს.

როგორც „კომერსანტი“ წერსა, სერბეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ვულინი წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს რუსეთს და პასუხისმგებელია „ბრიქსის“ ქვეყნებთან ურთიერთობაზე. 2023 წელს მან ბალკანეთის რეგიონში რუსეთის საქმიანობის ხელშეწყობის გამო დაწესებული სანქციები დაარღვია.

 სკოლების პოლიტიზება არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს -ირაკლი კობახიძე

სკოლების პოლიტიზება არის ყოვლად ამორალური ქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ქმედება კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს.

„სკოლების პოლიტიზება არის კიდევ ერთი თემა, რასაც კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო. ეს არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს ზოგადად და ლიბერალური ფაშიზმის სახეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული -ირაკლი კობახიძე

ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ შემდეგ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ქვეყნის ინტერესები.

„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ შემდეგ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის, გარკვეული ზიანი მიაყენონ ბიზნესსაქმიანობას და ასე შემდეგ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ. ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე იქნება დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.

გვაწუხებს, რაც საქართველოში ხდება, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას -მარკ რუტე

epa08506676 Dutch Prime Minister Mark Rutte and Minister Hugo de Jonge of Health, Welfare and Sport (CDA) and sign interpreter Irma Sluis during the press conference after a consultation of the Ministerial Crisis Management Committee (MCCb) about the coronavirus, in The Hague, The Netherlands, 24 June 2020. EPA-EFE/BART MAAT

ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

„ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირსა და ნატო-სთან. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რაც შეეხება არჩევნებში ჩარევას ნებისმიერი მხრიდან, ეს მიუღებელია“, – განაცხადა რუტემ.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველებს შორის -მეუფე შიო

x

ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველებს შორის, – განაცხადა სამების ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა.

„ვითარება, როგორც ხედავთ ძალიან დაძაბულია, ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველებს შორის.

სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში, ამ აქციებში და მეტი დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის.

ამასთან დაკავშირებით, მე მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ყველამ, ამ პერიოდში უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად, ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისთვის და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემბერს კლინიკებში გადაიყვანეს 15 პირი, მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიის სამი წარმომადგენელი, შსს-ს ერთი თანამშრომელი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში 15 ადამიანი გადაიყვანეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაყვანილ 15 ადამიანს შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია.

„დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ადგილზე, სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.