Home Blog Page 3

 ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგონ – დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით -აშშ-ს საელჩო

ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ – დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა „ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა“.

„დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა. ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც გულანთებულია და რეალურად სურს ქვეყნის წინსვლა, დაფიქრდნენ, რომ ძალებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, არ მისცენ შესაძლებლობა, გამოიყენონ არეულობის შესაქმნელად -გივი მიქანაძე

ეს აქციები დაორგანიზებული და ძირითადად მართულია იმ ოპოზიციური ძალების მიერ, რომლებიც ვერ ბედავენ, რომ ჩრდილიდან გამოვიდნენ და კონკრეტული განცხადებები და მოთხოვნები გააკეთონ , – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდების ნაწილმა დაიჯერა „რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული“ ინფორმაცია, შესაბამისად, იგი მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად არიან „პროტესტში ჩართული, დაფიქრდნენ და არ მისცენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ძალებს შესაძლებლობა, გამოიყენონ ისინი არეულობისა და ქაოსისთვის“.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობას წარმოადგენს ის, რომ ახალგაზრდების ნაწილი, რომლებმაც დაიჯერეს ის პროპაგანდისტული ინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ და ტირაჟირებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, სწორედ ამ აღქმების ერთგვარი მსხვერპლი გახდნენ. მინდა ყველა ახალგაზრდას, ვინც მართლაც გულანთებულია და რეალურად ამ ქვეყნის წინსვლა და მომავალი სურს, მოვუწოდო, რომ აუცილებლად დაფიქრდნენ, რომ არ მისცენ ამ ძალებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ამოფარებული არიან სწორედ ამ ახალგაზრდებს შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ისინი არეულობის და ქაოსის შესაქმნელად“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ამასთან, მიქანაძის თქმით, დღევანდელი სახელმწიფო არ არის 90-იანი წლების საქართველო.

„რაც შეეხება იმ მოცემულობას, რაზეც გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია და ვიხილეთ ვიდეოჩანაწერები ერთგვარი დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებაა და თითოეული ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს. ეს არ არის 90-იანი წლები, როდესაც ერთგვარი ბანდფორმირებები იქმნებოდა, ეს არ არის ის საქართველო, როდესაც სახელმწიფოებრიობის არსებობა-არარსებობის საკითხი იდგა. ეს არის შემდგარი ქვეყანა, სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველდღიურად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, უსაფრთხოებას და შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსიც კი კრძალავს მსგავსი ფორმირებების ჩამოყალიბებას. ამიტომ, მე მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეცდომაში შეიყვანეს და უთხრეს, რომ კარგი ინიციატივა ან კარგი გადაწყვეტილებაა მსგავსი ფორმირების შექმნა, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას ჩაუყარეს საფუძველი, არ მისცენ ამას განვრცობის შესაძლებლობა, იმიტომ, რომ ამან შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.“ – განაცხადა გივი მიქანაძემ “იმედის“ ეთერში, რომელის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცლეებს.

მხოლოდ ახალი, არავითარი რიგგარეშე, არჩევნები!-ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოთხოვნაა არა რიგგარეშე, არამედ მხოლოდ ახალი არჩევნები, რომელიც „მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით“ უნდა ჩატარდეს.

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში რამდენიმე პუნქტს ასახელებს:

„მხოლოდ ახალი (არავითარი რიგგარეშე) არჩევნები! მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით!

მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ მთავრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ არჩეულ „პრეზიდენტს“ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ძირს ნიღბიანების დიქტატურა!

დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!“,- წერს გვარამია.

ასზე მეტი პოლიციელია დაზარალებული, დაახლოებით ოცამდე მათგანს ძალიან სერიული ხასიათის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა – გივი მიქანაძე

მნიშვნელოვანი და პრევენციული ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებებია, თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ საკითხზე წლებია ვმუშაობთ, ეს საკითხი აქტუალურია, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პიროტექნიკის რეგულაციების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ამ საკითხზე არაერთგზის მიმდინარეობდა მსჯელობა. სამუშაო ვითარებაშიც იხილებოდა კანონმდებლობა. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად, ახალი წლის დადგომასთან ერთად გვაქვს ათეულობით შემთხვევა, როდესაც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ადამიანები იღებენ სხეულის სხვადასხვა ფორმის დაზიანებას. მათ შორის, მცირეწლოვანი, არასრულწლოვანი პირებიც. შესაბამისად, ამ საკითხებზე მიმდინარეობდა რეგულაციები, თუმცა დამდგარმა რეალობამ და იმ მძიმე მოცემულობამ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რომ პიროტექნიკა, ფაქტობრივად ერთგვარ იარაღად იყო გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების საწინააღმდეგოდ, ასევე სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ და იცით, რომ არაერთ ინფრასტრუქტურას პარლამენტის შენობის ფორმატში ცეცხლი გაუჩნდა სწორედ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შესაბამისი ცვლილებები მომზადდეს.

ასზე მეტი პოლიციელია დაზარალებული და მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ოცამდე მათგანს ძალიან სერიული ხასიათის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ნაწილი მათგანი დღემდე კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ძირითადად, ეს დაზიანებები მიყენებული აქვთ სხვადასხვა ბლაგვი საგნების ან ქვების სროლის შედეგად. ასევე, პიროტექნიკის მათ საწინააღმდეგოდ გამოყენების შედეგად.

„ამიტომ, ვფიქრობთ, აუცილებელია პიროტექნიკის როგორც შემოტანა, ასევე ლიცენზირება განხორციელდეს. უნდა დაწესდეს შესაბამისი სახელმწიფო კონტროლი არა მხოლოდ მთლიანად ამ საკითხზე, არამედ, თუ რა სახის პიროტექნიკა შეიძლება იყოს შემოტანილი და იყოს გაყიდვაში“, – აღნიშნა მან.

გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას – დევიდ ლამი

გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი”,- ნათქვამია განცხადებაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 დეკემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7938 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0185 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9564 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9365 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0199 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ – პაველ ჰერჩინსკი

ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირას იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის 27 ელჩს, ასევე ახალ კოლეგებს ევროკავშირის ინსტიტუტებში.

„16 დეკემბერს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და განიხილავენ საქართველოს საკითხს, საქართველოს საკითხს ასევე განიხილავენ მომავალი კვირის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ის, რაც საქართველოში ხდება, ძალადობის დონე, სისასტიკის დონე აბსოლუტურად მიუღებელია. ხალხს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრები, ეს ყველა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალადობა, სისასტიკე აბსოლუტურად მიუღებელია. მოდით, ვნახოთ რა მოხდება მომავალ კვირაში. ვფიქრობ, ჩვენმა უმეტესობამ ევროკავშირის დედაქალაქებში, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როცა უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ იქნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე მოხდება შეთანხმება მომავალი კვირის ორშაბათს“, – აღნიშნა ელჩმა.

სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება.

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.

პროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის არსებული რედაქციით, პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხოლო პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს − თანამდებობაზე არჩევის დღიდან პერსონალური დაცვა ენიშნება, რომელიც უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ ერთი წლის ვადით უნარჩუნდებათ, გარდა იმ შემთხვევისა თუ უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგია.

კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგი დადგეს და შესაბამის თანამდებობის პირებს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, საჭიროა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რასაც შესაბამისი კვორუმი სჭირდება. პროექტის ინიციატორები მიუთითებენ, რომ კვორუმის არ არსებობის პირობებში დგება მოცემულობა, როდესაც ერთი მხრივ, შესაბამისმა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა და მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტში არ იქნა კვორუმი მიღწეული, კონსტიტუციის დამრღვევს უფლებამოსილება ვერ შეუწყდება.

“შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ პერსონალური დაცვა უნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონსტიტუციის დამრღვევად იქნა მიჩნეული.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, იმისათვის, რომ პერსონალური დაცვის რესურსი გამოყენებული იქნეს ეფექტურად, ამასთანავე, იმისათვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ვალდებულება კონსტიტუციის დამრღვევ თანამდებობის პირს შეუნარჩუნოს განსაკუთრებული უფლება, სახელმწიფო დაცვით ისარგებლოს, საჭიროა ცვლილება განხორციელდეს”, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელის ავტორმა – “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების არქონის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან ვერ გადააყენა და შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ბოლომდე შეინარჩუნა.

იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – მამუკა მდინარაძე

იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ „ნაცების“ დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ, – დაწერა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.

მდინარაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპის ქვეყნების შემდეგ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები რუსეთშიც აღმოაჩინეს.

„იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ „ნაცების“ დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ. ბოლოს წილებზე ვეღარ დალაგდნენ როგორც ჩანს.

მერე მომადგება რუსული ქოლცენტრიდან დაფინანსებული ტელევიზიის ჟურნალისტი და „ბატონო მამუკა, უხერხულობას არ გიქმნით ლავროვის განცხადება? – გაბრაზებული სახით მეკითხება“, – წერს მდინარაძე.

პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები 

საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: – ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მას მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და მიიღებენ.

პროექტის თანახმად, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის ნებართვას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე მთავრობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს მიიღებს. ასევე, დაამტკიცებენ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის მიზნით ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესს და პირობებს.

აღსანიშნავია, რომ ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს ექნება, ხოლო ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.

იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელიც კანონის ამოქმედებამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტს, ექსპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას ახორციელებენ, გარდამავალი პერიოდი წესდება. კერძოდ, მათ განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ 2025 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყონ საქმიანობის შესაბამისობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. აგრეთვე, 2025 წლის 1-ელ მარტამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის ნებართვა/ლიცენზიის მიღების მიზნით სააგენტოს უნდა მიმართონ.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასურის ოდენობა – 500 ლარი, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარი იქნება.

რაც შეეხება კანონის დარღვევაზე მოსალოდნელ პასუხისმგებლობას, ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ და “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლები დაემატება.

პარლამენტში წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ნებართვა/ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასჯადი იქნება და გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. სანქციის სახით 6 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც. სანქციის სახით შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, სამართალდარღვევის ახალ სახეს წარმოადგენს ასევე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში სანქციის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გამოიწვევს ქმედების პირველად ჩადენისთვის გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას, ხოლო დადგენილ ვადაში სანებართვო/სალიცენზიო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის/ლიცენზიის გაუქმებას.

ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის წესის დარღვევისთვის. კერძოდ, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად მისი ფლობის/გამოყენების უფლება არა აქვს, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სანქციის სახით 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც.

დასჯადი იქნება, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად, მისი შეძენის, ფლობის და გამოყენების უფლება არ ექნება. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორი არიან “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: – რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი – პრემიერი

ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში, ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია. პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებს რეალურად არაფერი აქვთ მოსათხოვნი.

„კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 4 წელიწადში, 2028 წლისთვის ჩვენ ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად გაგრძელდება და ეს კარგად გაიგო საზოგადოებამ, მათ შორის დარწმუნებული ვარ, ძალიან კარად გაიგეს ეს ყველაფერი პროტესტის შესაბამისმა მონაწილეებმაც. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნა მათი მხრიდან დღის წესრიგში ვეღარ დგება იქიდან გამომდინარე, რომ არაფერია რეალურად მოსათხოვნი. მეორე პოტენციური მოთხოვნა, რაც მათ შეიძლება გულში ედოთ, ეს არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, თუმცა, ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ ერთი, მარტივი მიზეზის გამო – როგორც კი ამ მოთხოვნას დააყენებენ, მაშინვე გაიშიფრება, რომ მათ აქვთ თავიდან ბოლომდე პარტიული დღის წესრიგი. საქართველოში მაინც და მაინც პოპულარული არ არის საკუთარი თავის მიკუთვნება ამ ოთხიდან რომელიმე პარტიისადმი.

ყველამ იცის, რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება 4 პარტიისგან: სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებისგან. არავის უნდა მისი ასოცირება რომელიმე ამ პარტიასთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ აყენებენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. შესაბამისად, რჩება უშინაარსო მიტინგები. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საბოლოოდ, ამ ადამიანებს უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის მოყრა. ერთ-ერთ მათ ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ. თუმცა, მათ მინდა დავპირდე, რომ ესენი უფრო მალე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – განაცხადა კობახიძემ.

20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი – პრემიერი

ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში, ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია. პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებს რეალურად არაფერი აქვთ მოსათხოვნი.

„კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 4 წელიწადში, 2028 წლისთვის ჩვენ ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად გაგრძელდება და ეს კარგად გაიგო საზოგადოებამ, მათ შორის დარწმუნებული ვარ, ძალიან კარად გაიგეს ეს ყველაფერი პროტესტის შესაბამისმა მონაწილეებმაც. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნა მათი მხრიდან დღის წესრიგში ვეღარ დგება იქიდან გამომდინარე, რომ არაფერია რეალურად მოსათხოვნი. მეორე პოტენციური მოთხოვნა, რაც მათ შეიძლება გულში ედოთ, ეს არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, თუმცა, ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ ერთი, მარტივი მიზეზის გამო – როგორც კი ამ მოთხოვნას დააყენებენ, მაშინვე გაიშიფრება, რომ მათ აქვთ თავიდან ბოლომდე პარტიული დღის წესრიგი. საქართველოში მაინც და მაინც პოპულარული არ არის საკუთარი თავის მიკუთვნება ამ ოთხიდან რომელიმე პარტიისადმი.

ყველამ იცის, რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება 4 პარტიისგან: სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებისგან. არავის უნდა მისი ასოცირება რომელიმე ამ პარტიასთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ აყენებენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. შესაბამისად, რჩება უშინაარსო მიტინგები. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საბოლოოდ, ამ ადამიანებს უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის მოყრა. ერთ-ერთ მათ ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ. თუმცა, მათ მინდა დავპირდე, რომ ესენი უფრო მალე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – განაცხადა კობახიძემ.