Home Blog Page 3

საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიმართვა მოქალაქეებისადმი მავნებლობაა და მიმართულია ეკონომიკური პრობლემების შექმნისკენ-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიმართვა საკუთარი მოქალაქეებისადმი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით არის მავნებლობა, რომელიც მიმართულია გარკვეული ეკონომიკური პრობლემების შექმნისკენ.

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ტურისტული მიმართულება საქართველოსთვის  ერთ-ერთი  პრიორიტეტულია და ნებისმიერ უცხოელს შეუძლია საქართველოში შემოსვლა, თუ მას ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებს.

„ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა, სხვას ვერაფერს დავარქმევ და მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შექმნან ქვეყანაში. ტურისტული მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობა და ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც ყველანაირ  საფუძველს მოკლებულია, მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ ამ სექტორის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქალაქის შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

„შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ძალიან კარგი სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეფარდებაა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა  არშემოშვებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეების არშეშვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას ვიღაცის შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობთ ქვეყნის ინტერესებით.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ უცხოელს შეუძლია, საქართველოში შემოვიდეს და გაატაროს გარკვეული დრო ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, თუ ის ბოროტი ზრახვებით არ არის განმსჭვალული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, მათთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნიდეს, მათ შორის საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობა ან აქტივობა სოციალურ ქსელებში.

მანამდე მსგავსი გაფრთხილება გაავრცელა საქართველოში პოლონეთის საელჩომ.

დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ -კახა კალაძე

ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებაზე რუსეთის შეშფოთებას ეხება.

„ამაზე მიმდინარეობდა საუბარი დიდი ხნის განმავლობაში, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თუ იქნებოდა მიღებული, რუსეთისთვის ეს იქნებოდა წითელი ხაზები და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ აღნიშნულთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, რომ შევაფასოთ, ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მოგვიწია ძალიან პრინციპული პოზიციის დაკავება, მისი დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ცილისწამება, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული, იყო უამრავი შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება. ეს ყველაფერი იყო იმის გამო, რომ ვიცავდით ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სათავისოდ. პირიქით, ჩვენ გვჭირდება ბევრი მეგობარი, ძლიერი პარტნიორი. საქართველო ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის ამ ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სენატორ სტივ დეინსის ვიზიტს საქართველოში, ჟურნალისტებთან საუბრისას მერი აცხადებს, რომ აშშ-თან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება და მეგობრობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთობები გადაიტვირთოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით „დიფ სთეითი“ რა განცხადებებს აკეთებდა, როგორ ეპყრობოდა ქართულ სახელმწიფოს, რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენთან მიმართებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, მზად არის, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და გადაიტვირთოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონს მრავალფეროვანი პროგრამით აახლებს.

ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე ივნისში სცენას აცოცხლებს ამბებით, რომლებიც გვაცინებენ, გვაფიქრებენ და მრავალფეროვანი ემოციებით გვავსებენ.

თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და Visa.

თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

 გაეცანით ივნისის თვის აფიშას:

ბენზინგასამართი სადგური – 1, 7 და 14 ივნისი, 2025

როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით „ბენზინგასამართ სადგურზე“ აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი

 

ცხვირი – 4 ივნისი, 2025d

თქვენი სახელი? სტატუსი? გავლენა? და თუ ერთ დილას აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი სხვას გადაეცა – თქვენ ვინ იქნებით? იღვიძებ და ცხვირი აღარ გაქვს. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ის გაქრა – არამედ ის, რომ ის უკვე სხვაგანაა. შენთვის განკუთვნილ ადგილას. შენს სამუშაო მაგიდასთან. შენს ტანსაცმელში. მას შენი სახელი ჰქვია, მას შენი გავლენა აქვს და შენზე მეტად სცემენ პატივს. რა რჩება ადამიანისგან, როცა მას საკუთარი ცხვირი აღარ ეკუთვნის? რა რჩება პიროვნებისგან, როცა მისი როლი და თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თავად?

 

TooTsie – 5 ივნისი, 2025

სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.

 

დირიჟორი – 6 და 13 ივნისი, 2025

1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს – ფურტვენგლერს ასამართლებენ. დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშაო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.

 

1921-1924 – 15 ივნისი, 2025

სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევიკური რეპრესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ თაობებს წაართვა მომავალი, ოცნება, მთლიანად ცხოვრება და დიდი ხნით გამოუვალ, ტრაგიკულ მდგომარეობაში გამოკეტა.

(R)

სენატორი სტივ დეინსი აცხადებს, რომ ადასტურებს საქართველოს გადამწყვეტ როლს მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ

აშშ-ის კონგრესის სენატორი, სტივ დეინსი დღეს თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი აცხადებს, რომ მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ სტივ დეინსის განცხადებაში.

„სენატორი დეინსი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით“, – ნათქვამია აშშ-ის სენატორ სტივ დეინსის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, იმედი მაქვს, ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე -მაკა ბოჭორიშვილი

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენს პრიორიტეტებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ, სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისა და ამ ურთიერთობების შინაარსზე ორიენტირებულად წარმართვისთვის მზად არის.

„სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ის საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე; იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კოდორის ხეობაში მოდიოდა თავდაცვის მაღალჩინოსანი და გვეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არის, მალე ჩავალთ სოხუმში, სააკაშვილს მანდ ყველაფერი დალაგებული აქვსო -თორნიკე გერლიანი

კოდორის ხეობაში ადგილობრივებთან მიდიოდა თავდაცვის თანამშრომელი და გვეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არის, მალე ჩავალთ სოხუმშიო. ჩვენთვის უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ამბობდნენ, სააკაშვილს მანდ ყველაფერი დალაგებული აქვსო, – ამის შესახებ კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კოდორის ხეობა ჯარმა 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვა, ადგილობრივებმა – 11 აგვისტოს. მანამდე ხეობაში მყოფი მაღალჩინოსნები კოდორის ხეობის მცხოვრებლებს არწმუნებდნენ, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკონტროლებს და ევაკუაციისთვის არანაირი პირობა არ არსებობს.

„კოდორის ხეობაში დავიბადე და გავიზარდე. კოდორის ხეობის ადგილობრივი დანაყოფის მეთაური, მის დაშლამდე, ბოლომდე, გახლდათ მამაჩემი, ზურაბ გერლიანი. თავიდან იყო ემზარ კვიციანი, შემდეგ – ზურაბ გერლიანი. ყველაფრის მომსწრე ვარ, როგორი იყო კოდორის ხეობიდან 2008 წელს ჯარის გასვლა. სამწუხაროდ, ჯერ მიდიოდა ჯარი და შემდეგ – მოსახლეობა. მე გამოვედი 11 აგვისტოს, თითქმის დაცლილი იყო ხეობა, ჩემთან ერთად, შეიძლება, 2-3 ადგილობრივი მოსახლე გამოდიოდა. ბოლო დანაყოფი, ოცეული ძალიან აგრესიულად შეგხვდა. 2008 წლის 11 აგვისტოს ჩვენით გამოვედით იქიდან, 10-ში კი ჯარი გამოვიდა, ეს გაქცევა იყო, ისინი გაიქცნენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციასო და არანაირი პირობა, რომ გახვიდეთ, ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობსო. ამას გვეუბნებოდა ჯარი და იქ ვინც იყვნენ წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

თორნიკე გერლიანის თქმით, 2006 წელს სპეცრაზმი მის სახლში „წმენდაზე“ შევიდა.

„2006-ში ჩვენთან სახლში შემოვიდნენ, ჩვენ ზედა სოფელში ვცხოვრობდით, ორი სოფელი გვქონდა და როცა შემოვიდნენ, იძახდნენ, რომ წმენდაზე შემოვიდნენ, ერთ-ერთ სპეცრაზმელს ყურსასმენი არ ჰქონდა გაკეთებული და რაციაში რომ გადასცემდა, ერთი მაღალჩინოსანი იყო, ოქრუაშვილმა გამოაცხადა, გენერალ-გუბერნატორი ხარო. სანამ თავდაცვის სამინისტრო მანდ იყო, ის განაგებდა ყველაფერს – პოლიციას, გამგებლებს, აბსოლუტურად ყველაფრის უფროსი იყო ხვიჩა გუჯეჯიანი. ის იყო ყველაზე აგრესიული. ადგილობრივი იყო, ხეობელი იყო და ის შემოვიდა ყველაზე მეტი აგრესიით. ის გადასცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე, სად არის, ხომ არ გინახავთო და როგორც კი ნახავთ, ეგრევე „იქსი“ მკერდზეო. ეს „იქსი“ ნიშნავს გადაჭრას მკერდზე. პირდაპირ „იქსი“, არანაირი აყვანა, აქამდე ცოცხალი არ ჩამოიყვანოთო. ზევიდან არის მინისტრის ბრძანებაო, რომ პირდაპირ „იქსი“ დაახალეთ მკერდზეო“, – თქვა თორნიკე გერლიანმა.

როგორც თორნიკე გერლიანმა განაცხადა, 2006 წელს კოდორში ოპერაცია რომ დაიწყო, თავდაცვის სამინისტრო ვერტმფრენებით შევიდა, ამ ოპერაციას „კოდორის ხეობის გათავისუფლებას“ ეძახდნენ.

„დაიწყეს სახლების დაბომბვა. სახლებს ვერტმფრენებიდან ესროდნენ, ვერტმფრენს აქვს ორივე მხრიდან ტყვიამფრქვევი, მსხვილკალიბრიანი ტყვია, 50 კალიბრის, არ არის ადამიანზე გათვლილი, ტექნიკის გასაჩერებლად არის. სახლს რომ ბომბავდნენ, გარეთ 49 წლის ქალი გამოვიდა, მთიდან იყო ახალი ჩამოსული და პირდაპირ სამი ტყვია ამოატარეს. ორი ჰქონდა მუცელში მოხვედრილი, ერთი ყელში და რომ შემოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პირადად ოქრუაშვილმა ჩხალთაში თქვა, რომ, აბა, რა გეგონათ, ჩვენ ასე უბრალოდ ვამბობდით, რომ ყველაფერს გავაკეთებთო? მერე ერთი ქალბატონი იყო ჩემი ნათესავი მანდ და იმას უთხრა, თუ თქვენგან აგრესია წამოვა, წინააღმდეგობა იქნება, დანა ჰქონდა ფეხზე მობმული, ტაქტიკური სამაგრი ჰქონდა, ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, აიღო ეს დანა და ანახა, ძალიან დიდი დანა იყო და ამ დანით გამოგჭრითო ყელს. თან შენობით მიმართა, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო და გამოგჭრით ყველას ყელსო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო. მადლობა თქვითო, რომ ერთი ქალი დაიღუპაო და არა 10 და 20 და 30, თორემ თქვენ სადაც დგახართ, ის მიწა უნდა დაიწვას წესით, იმდენად იყო აქ ბანდფორმირება და არ ემორჩილებოდით ცენტრალურ ხელისუფლებასო“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ დროს, 2006 წელს, მამიდამისი, რუსიკო გერლიანი ეზოში  დაცხრილეს, რაზეც თქვეს, რომ გათვალისწინებული მსხვერპლი იყო და არაუშავსო.

ქართული ლარის შემოღებიდან გამძაფრდა შეგრძნება, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, დღეს ლარი უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი სიმბოლო -ირაკლი კობახიძე

წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ლარი ჩამოყალიბებულია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.

„წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება. კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ლარის შემოღების თაობაზე. მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა. ამასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული ჩვენი ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება. ჩვენ თვალწინ დაიბადა ლარი, აიდგა ფეხი და დღეს ლარი არის უკვე ჩამოყალიბებული, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო. ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ გვაქვს ძალიან მდიდარი ისტორიული ტრადიციები და უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ქართული ფული – „კოლხური თეთრი“ ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ მოიჭრა, 800 წლის წინ თამარ მეფის სახელით მოჭრილი ფული რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ვალუტად იქცა, ერეკლე მეფის მიერ გამოშვებული ფული 260 წლის წინ ამიერკავკასიაში ყველაზე სანდო სავაჭრო ერთეული იყო. ზუსტად ამ ტრადიციების გაგრძელებაა ქართული ლარი, რომელიც უკვე 30 წელია, ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურე მთავრობის მზადყოფნა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის.

როგორც ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

„აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შევხვდი. შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. აღვნიშნე, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. აღვნიშნე, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია. შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, – წერს ირაკლი კობახიძე.

საქართველოში ამერიკის საელჩომ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა. „სენატორი სტივ დეინსი გეგმავს, გააჟღეროს ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ფილოსოფიის დღის წესრიგი და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“, – დაწერა აშშ-ის საელჩომ.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას.

„ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია. შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

“საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცე საყრდენს!” -მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლარის საიუბილეო 30 წლის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ქართული ლარის საიუბილეო 30 წელი მიულოცა და ქართული ვალუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, არსებობის სამი ათწლეულის ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ განვითარების დიდი გზა გაიარა, 2014 წლიდან კი, მისი გამორჩეული ოფიციალური სიმბოლოც შეიქმნა, რაც საერთაშორისო საფინანსო სივრცეში საქართველოს ეროვნული ვალუტის იდენტიფიცირების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

„ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ფინანსური მოქნილობისთვის, მონეტარული სუვერენიტეტისთვის, ფისკალური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის ეროვნული ვალუტის არსებობა გადამწყვეტი ფაქტორია. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს, ამ წლების განმავლობაში ეროვნული ვალუტის განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა.

ფორუმის ფარგლებში, მონაწილეები დისკუსიას მართავენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემა და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები და ცენტრალური ბანკის როლი მდგრად დაფინანსებაში.

საერთაშორისო ფორუმს სახელწოდებით – FROM TRUST TO GREATER COOPERATION ქვეყნის ეროვნული ბანკი მასპინძლობს და მასში მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი იღებს მონაწილეობას.

ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

1 ივნისს სითი მოლში თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეთავაზებები დაგხვდებათ

1 ივნისისთვის, თიბისი კონცეპტმა, სითი მოლთან და Mastercard-თან ერთად განსაკუთრებული შეთავაზებები მოგიმზადათ.

თუ 1 ივნისის გატარებას, Magic City-ის გასართობ ცენტრში გეგმავთ და თქვენს პატარებთან ერთად, კვების ობიექტის სტუმრობასაც აპირებთ, აუცილებლად თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით უნდა გადაიხადოთ, რადგან თანხის 40%-ს ულიმიტოდ დაიბრუნებთ.

Magic City-ის გასართობი ცენტრის გარდა, ულიმიტო ქეშბექები დაგხვდებათ შემდეგ კვების ობიექტებში:

  • Luca Polare
  • Lolly
  • Be yo
  • Lumier’s
  • Ska
  • Cinnabon
  • Chirifruit
  • Bamba
  • Baskin Robbins
  • Food and Market
  • იაკუძა

ბავშვთა დღის შეთავაზებები მოქმედებს სითი მოლის ორივე მისამართზე:  სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70; სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1

შეთავაზებების სრული პირობების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს –  1 ივნისი City Mall-ში.

ასევე, 31 მაისს და 1 ივნისს, სითი მოლში ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით 40-მდე შერჩეულ ობიექტში შოპინგისას, გადახდილი თანხის 40%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი დაიბრუნოთ.

თიბისის კონცეპტის შეთავაზებების სანახავად, ეწვიეთ tbcconcept.ge-ს.

(R)

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა -განგრძობითი ინტერვენციები ლარის მხარდამჭერი ფაქტორების ფონზე

 რა საერთო აქვს აშშ დოლარს განვითარებადი ეკონომიკების ვალუტებთან? ერთი შეხედვით – არაფერი, თუმცა აშშ-ის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები სწორედ განვითარებადი ეკონომიკებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს. კერძოდ, ერთი მხრივ, აშშ-ში გრძელვადიან სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო, მეორე მხრივ, დოლარი უფასურდება. 26 მაისის მდგომარეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, აშშ დოლარის ეფექტური გაცვლითი კურსი სავაჭრო პარტნიორებთან 8.5%-ზე მეტითაა შემცირებული. საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და გაცვლითი კურსის გაუფასურების კომბინირებული შოკი, როგორც წესი, განვითარებული ეკონომიკებისთვის უჩვეულოა, რისი მიზეზიც კონტრციკლური მონეტარული პოლიტიკაა – მაღალი განაკვეთები მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს და პირიქით. საპირისპიროდ, განვითარებად ეკონომიკებს ხშირად პროციკლური პოლიტიკის გატარება უწევთ, რაც საპროცენტო განაკვეთების მატებას ეკონომიკური ზრდის შენელების პერიოდებში მოიაზრებს, გაცვლითი კურსის მხარდაჭერის, ინფლაციური რისკების მოთოკვისა და კაპიტალის გადინების თავიდან არიდების მიზნით. ამდენად, მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ატიპიურია და მსოფლიო ბაზრებზე არსებულ გაურკვევლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ამ კონტექსტში, კვლავ რელევანტურია ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია, რომელიც ვალუტების უფრო საშუალო და გრძელვადიანი ნიშნულების შეფასებიდან გამომდინარეობს, როგორც ევრო/დოლარის, ასევე ლარის კუთხით, და ისტორიულად ძალზე მაღალ პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. ლარზე გავლენის მხრივ, აშშ დოლარის ბოლოდროინდელი სისუსტე მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დოლარი/ლარის გაცვლითი კურსის მოკლევადიანი წონასწორული ნიშნული, ჩვენი შეფასებით, 2.69-მდე შემცირდა. 

 

თუმცა დოლარის სისუსტე ლარის მხარდამჭერი ერთადერთი ფაქტორი არ არის. უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებები 2025 წელს უმჯობესდება, რაც საქონლით ვაჭრობის რეკორდულად დაბალი დეფიციტით (იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვით), ფულადი გზავნილების კვლავ ძლიერი ზრდით (განსაკუთრებით, სტაბილური წყაროებიდან) და ბოლო პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლების გარკვეული აჩქარებით არის განპირობებული. უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის დეპოზიტების თანდათან უკან ლარში კონვერტაციებიც – ე.წ. „კარგი დროის ბუფერი” – რისი ადრეული ნიშნებიც უკვე სახეზეა. მეორე მხრივ, შემცირებულია ზეწოლა მოთხოვნის მხრიდანაც, რაც შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის ნორმალიზებაში გამოიხატება. ჯამურად, აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა ლარის გამყარების მიმართულებით მოქმედებს.

 

გამყარების ეს ზეწოლა კი  ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების მოცულობითი შევსების საშუალებას აძლევს. ეროვნულმა ბანკმა მარტსა და აპრილში 368 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. ჩვენი შეფასებით, მასშტაბური ინტერვენციები მაისშიც გრძელდება. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ნაშთმა აპრილის ბოლოს 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თებერვლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 300 მილიონი დოლარით აღემატება.

 

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მოვლენების პროგნოზირება სავსებით შესაძლებელი იყო. კერძოდ, გარდა აშშ დოლარის დასუსტებისა, რაც ბოლო პერიოდში მოლოდინების არსებითი გაუარესებით არის განპირობებული, მკითხველს ახსოვს ჩვენი თებერვლის პუბლიკაცია „რატომ მყარდება ლარი?”, სადაც მივუთითებდით, რომ მიმდინარე მოვლენები ეკონომიკური შინაარსით სავალუტო შოკს არ წარმოადგენდა და, ამდენად, ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილებოდა. აღნიშნული ეყრდნობოდა არგუმენტებს, ერთი მხრივ, იმპორტის მოსალოდნელ შემცირებაზე, ძირითადად გრძელვადიანი მოხმარების საქონლის კუთხით, და, მეორე მხრივ, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ნაკადების ნაკლებ სენსიტიურობაზე შიდა მოვლენების მიმართ, მათი გარე ბაზრებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ვინაიდან მოვლენები სწორედ ამ სცენარით ვითარდება, ჩვენი შეფასებაც უცვლელია, რაც მოიაზრებს ლარის მხოლოდ შედარებით ზომიერ მოსალოდნელ გამყარებას მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, სამ ძირითად არგუმენტზე დაყრდნობით: რეზერვების შევსების საჭიროება, სუსტი ინფლაცია და ლარის სიახლოვე თავის წონასწორულ ნიშნულთან.

 

თუ ზემოაღნიშნულ არგუმენტებს დავუბრუნდებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციიდან მნიშვნელოვანი ზეწოლა არ იკვეთება, ლარის ეფექტური კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს, ეს კი უკვე ლარის მეტი გამყარების არგუმენტია. ბოლო პერიოდში ინფლაციური ზეწოლა შედარებით გაზრდილია, თუმცა, ამავე დროს, საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების საქონლის ფასები კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ინფლაციაში, სავარაუდოდ, სრულად ჯერ არ ასახულა. გარკვეული ზრდა შეინიშნება მომსახურებისა და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ინფლაციებში, რაც საყურადღებო ფაქტორია. საპირისპიროდ, ზეწოლა არ იკვეთება შრომის ბაზრიდან – მიუხედავად ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში რეალური ხელფასების მნიშვნელოვანი მატებისა, გაზრდილია შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელიც, რის გამოც წარმოების ერთეულზე სახელფასო ხარჯი რეალურ გამოსახულებაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. პარალელურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი გრძელვადიან წონასწორულ ნიშნულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია. ამის მიზეზი დოლარის სისუსტე და საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების თანმდევი გაძლიერებაა, მაშინ როდესაც ლარი დოლართან მხოლოდ მცირედით არის გამყარებული. ეს საკმაოდ საყურადღებოა, რადგან, ჩვენი კვლევით, საქართველოში ინფლაციის მთლიანი დინამიკის, დაახლოებით, 75% რეგიონისთვის საერთო, და არა ქვეყნის შიდა, ფაქტორებით აიხსნება, რაც იმპორტული ინფლაციის არსებით როლზე მიუთითებს. ამდენად, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

 

მიმდინარე დინამიკა – უახლესი ინდიკატორები შიდა მოთხოვნის აჩქარებაზე მიუთითებს. მარტის ეკონომიკური ზრდის შეფასება კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე ამას ეკონომიკური აქტივობის გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენი საბაზო სცენარი მოიაზრებს. მეორე მხრივ, მთლიანი უნაღდო დანახარჯების ზრდა მარტში მცირედით აჩქარდა, აპრილსა და მაისში კი გაუმჯობესებას განაგრძობს. ამავდროულად, არარეზიდენტების ხარჯები აპრილ-მაისში, პირველი კვარტლისგან განსხვავებით, საკმაოდ ძლიერია, ხოლო მიგრანტების ხარჯები, მაისში მცირედი შემცირების მიუხედავად, სტაბილური რჩება. 

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია  ბმულზე .

(R)