Home Blog Page 3

,,კონსპირაციული გეგმის არსებობა არ უნდა გამოირიცხოს”- გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის ავტორებიც ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციას მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ ეს მოწოდება. აბსოლუტურად ნორმალური, გამართლებული, სწორი, ევროპული იქნებოდა, რომ მოუწოდო პოლიტიკურ პარტიებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს არის სწორედ ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს უნდა ახასიათებდეს. მაგრამ ამის იქით იკითხება კიდევ სხვა, რომ არ არის ხელისუფლება ლეგიტიმური, რომ პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და ა.შ.

ამ ვითარებაში, როდესაც ასეთ უტიფარ, უსამართლო რეზოლუციას ან სხვა დოკუმენტს მიიღებ საქართველოს მიმართ, ამ პოზიციის გაფერადება, რომ პოლიტიკურ პარტიებს ეუბნები, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, სხვა არაფერია თუ არა ეს – თქვენ თუ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურიაო. წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე და ამას თავისი ცუდი შედეგები მოაქვს – საზოგადოებაში განწყობები იცვლება. არ იცვლება საგარეო კურსი, მაგრამ სკეპტიციზმი მატულობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.

კერძოდ, ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 1-4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ა(ა) იპ „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ბავშვთა ცენტრის“ ბენეფიციარებს, ცენტრის დირექტორს, გიორგი ნიჟარაძეს, დირექტორის მოადგილეს, თემურ წურწუმიასა და აღმზრდელს, მიმოზა პეტროსიანს მასპინძლობდა.

სამსახურმა, მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაატარა.

„ღონისძიებათა ფარგლებში, ცენტრის აღსაზრდელებმა მოინახულეს საქართველოს ძველი დედაქალაქი მცხეთა, მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი – სვეტიცხოველი, სამთავროს ფერისცვალების ტაძარი და დედათა მონასტერი, დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი.

ბავშვები გაეცნენ ქვეყნის ისტორიისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს. მოზარდებმა ინტერესი გამოხატეს, ახლოს გასცნობოდნენ საქართველოს ვეტერანებს და მათ ღვაწლს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში; სურვილი გამოთქვეს, შეხვედროდნენ სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, რომელზედაც უფროსებისგან ბევრი სმენოდათ.

კობა კობალაძემ, დღეს, ბავშვებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უმასპინძლა; უამბო ვეტერანების დამსახურებაზე ქვეყნის წინაშე და მომავალ თაობებში სამშობლოს სიყვარულის გაღრმავების აუცილებლობაზე, რადგან უახლოეს მომავალში, სწორედ მათ უნდა ჩაიბარონ და მართონ ჩვენი ქვეყანა; მოზარდებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ქართველი მეომრების სამშობლოსთვის ბრძოლის ამსახველი ფოტოგამოფენის ხილვა.

შეხვედრის დასასრულ, სამსახურის დირექტორმა, სტუმრებს და მათ აღმზრდელებს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და აღუთქვა, რომ სამსახური მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. გიორგი ნიჟარაძემ და თემურ წურწუმიამ კობა კობალაძეს და სამსახურის თანამშრომლებს, გულთბილი დახვედრისა და ბავშვებისთვის საინტერესო დღეების ჩუქებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ აქ გატარებული თითოეული დღე მათთვის დაუვიწყარი იყო.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის დავით გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს (ჭიღლაძეს), მცხეთის სალობიეს დირექტორს, დიმიტრი ალავიძეს, მთელ პერსონალს და, ასევე, ყველა იმ ორგანიზაციასა და კერძო პირს, ვინც ა(ა) იპ „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ბავშვთა ცენტრის“ ბენეფიციართა მიმართ ყურადღება, გულისხმიერება გამოიჩინა და თანადგომა გამოხატა“, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის მიწვევით, მექსიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ცესკოს ინფორმაციით, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 30-31 მაისს გამართულ საერთაშორისო ფორუმში. პირველ ივნისს კი მექსიკის ადგილობრივი და ფედერალური სასამართლო ხელისუფლების არჩევნებს დააკვირდა.

ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა გაბუნიას შეხვდნენ და ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საელჩოს დაფარვის არეალში არსებულ ქვეყნებში საარჩევნო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი ლიპარტია დაესწრნენ.

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში 29 მაისი -2 ივნისის პერიოდში იმყოფებოდა.

,,საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი პოლიტიკურად მიკერძოებულია”- ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი

საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი პოლიტიკურად მიკერძოებულია, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომიტეტის წევრებმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცეს.

„მსურს, ESN ჯგუფის სახელით უმცირესობის პოზიცია დავაფიქსირო. ნება მომეცით, რომ სამი პუნქტი წარვადგინო. ჩვენ უარვყოფთ პროექტის მეხუთე პუნქტს, რომელიც მოითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას წინასწარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, რაც კანონის უზენაესობისა და ინდივიდუალური უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. მეტიც, მსგავსი სანქციების ოჯახის
წევრებზე გავრცელება კოლექტიური დასჯის ფორმას წარმოადგენს, რაც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა დარღვევაა.

ჩვენ უარვყოფთ მერვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებისკენ მოუწოდებს, რაც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

ჩვენ უარვყოფთ მეათე პუნქტს, რომელიც საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთსულოვნების პრინციპისთვის გვერდის ავლას ცდილობს, რაც ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებს ძირს უთხრის. ამგვარად, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს შესახებ კომისიის ანგარიშის პროექტს, რომლის ტექსტი აშკარად პოლიტიკურად მიკერძოებულია. ასევე, ის შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომლებიც ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიულად და ინსტიტუციურად მიუღებელია“, – განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით, 55 ხმით დაამტკიცა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7320 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7320 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7321 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1162 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0075 ლარი შეადგინა.

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – “მთავარია გჯეროდეს”

საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოცადოს. ამ პროცესს უამრავი განსხვავებული ემოცია ახლავს თან: ცნობისმოყვარეობა, სიახლის ძიების სურვილი, აღფრთოვანება, ხშირად შიშიც კი, რომლის საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღად გამბედაობა იქცევა ხოლმე. 31 მაისსა და 1 ივნისს, სწორედ ვორქშოფ ფესტივალი იქცა იმ ადგილად, რომელმაც საკუთარი შემოქმედებითი უნარების აღმოსაჩენად, გამბედაობა მოგვცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“.

ფესტივალმა ერთი დიდი შემოქმედებითი სამყარო შექმნა, სადაც ადამიანები ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი მიმართულებით საკუთარ თავს ყოველ ჯერზე განსხვავებულად აღმოაჩენდნენ და შთაგონებით ივსებოდნენ. სტუმრებს, რომლებსაც აქამდე ეგონათ, რომ ხატვა, ცეკვა, პიცის მომზადება და კიდევ უამრავი რამ არ შეეძლოთ, დარწმუნდნენ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს.

ფესტივალზე სტუმრებს საშუალება მიეცათ, დიდი ხნის ნანატრი ჩანაფიქრები აესრულებინათ. ესწავლათ, როგორ უნდა გასინჯონ ღვინო, მოუარონ შინაურ ცხოველებს, გაუწიონ ადამიანებს პირველადი დახმარება, შექმნან კერამიკული ჭურჭლები და ა.შ. ფესტივალი სტუმრებს დაეხმარა, რომ თავიანთი შესაძლებლობებისთვის აქამდე დაწესებული საზღვრები გაბედულად გაერღვიათ და აქამდე შეუძლებელი, დაუჯერებელი გამოცდილებები რეალობად ექციათ.

მზიანი ამინდი, კარგი მუსიკა, ფესტივალის მხიარული დინამიკა, საკუთარი თავის აღმოჩენის სურვილით შეკრებილი ადამიანები ერთად ქმნიდნენ გაზაფხულის საუკეთესო დასასრულსა და ზაფხულის საუკეთესო დასაწყისს. თითოეული ვორქშოფი ახსენებდა ადამიანებს, რომ სწავლა არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ თვითრწმენის უსასრულო გაღვივებაა.

„ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ სივრცე არის განკუთვნილი ყველა ინტერესის მქონე ადამიანისთვის. შეიძლება გიყვარდეს ძერწვა, კერვა, ხატვა, ცხობა, ალკოჰოლის მომზადება, ჯანსაღი ცხოვრების წესი – ფესტივალი ნებისმიერი სახის ადამიანს დააკმაყოფილებს. ფერადი და სიცოცხლით სავსე გარემო კი გაძლევს სურვილს, რომ თავი სხვადასხვა კუთხით გამოცადო,“ -ქეთევან ჯანიაშვილი, ფესტივალის სტუმარი

სწორედ ამიტომ, თიბისის გუნდი ხშირად ვამბობთ, რომ ყველაფერი სწორედ იმ მომენტში იწყება, საკუთარ თავს აქამდე წარმოუდგენელი ვერსიით სწორედ იმ მომენტში პოულობ, როდესაც დაიჯერებ. „მთავარია გჯეროდეს“ არ ყოფილა გზავნილი, რომელიც ვორქშოფ ფესტივალის კედლებზე დარჩა, ის ყველა სტუმარმა ყოველი ვორქშოფისას მთელი არსებით იგრძნო და საკუთარ თავზე ახლებურად გამოცადა.

„ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავ განსხვავებულ და უცნობ რამეს ეცნობიან არა მხოლოდ ზრდასრულები, არამედ ბავშვებიც. ასევე, ამ პროცესში, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ და მომავალშიც უფრო საინტერესოდ ვითარდები“, –მარიამ გაბრიჩიძე, ფესტივალის სტუმარი

ასე რომ, ვორქშოფ ფესტივალმა დაგვაჯერა – ახალი დასაწყისი ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. და რომ ცხოვრების ყველაზე საინტერესო ამბები მოულოდნელად, საკუთარი თავის აღმოჩენით იწყება. ის ემოციები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ტრიალებდა, ადამიანებს ცხოვრების გზაზე სამუდამოდ გაჰყვებათ, რადგან ფესტივალმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს“.

(R)

თიბისი კონცეპტიშავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი ბათუმში ბრუნდება. ლეგენდარული არტისტების მონაწილეობით დაუვიწყარი საღამოები შავი ზღვის სანაპიროზე 11-13 ივლისს გაიმართება.

  • 11 ივლისი|ლედისი / LEDISI
  • 12 ივლისი|ვინსენ გარსია / GARCIA VINCEN | ნექსთ მუვმენტი / NEXT MOVEMENT
  • 13 ივლისი|სისთერ სლეიჯი / SISTER SLEDGE

წელს ფესტივალი, ტრადიციულ ადგილას, ბათუმის კორტებზე გაიმართება.

VIP აბონემენტის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, სამივე საფესტივალო ღამეს, კლუბში – „Take 5“, დაესწრონ ჯემსეშენს, რომელსაც ჯგუფი TNM უმასპინძლებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათის მფლობელებს, 9 ივნისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი კონცეპტის საკრედიტო ბარათებზე.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნ პრომოუშენსი“.

ფესტივალის წარმდგენია თიბისი კონცეპტი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: VISA, საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია, თეგეტა, პორშე, ისი პარი,  რესტორანი გრილ თაუნი, ალმა, Tkt.ge.

(R)

“2025 წლის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა” – ევროპარლამენტი ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზს ავრცელებს.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა შესწორებებით საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში 55 ხმით 14-ის წინააღმდეგ, ოთხმა თავი შეიკავა. ანგარიშის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.

როგორც ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ახალ ანგარიშში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ „საქართველოში 2024 წლის ოქტობრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები იყო აშკარა გარდმტეხი მომენტი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მთავრობისკენ“.

მათი თქმით, „ამ ნაკლოვანმა კენჭისყრამ გზა გაუხსნა მმართველ პარტიას, „ ქართულ ოცნებას“, უკანონოდ მიიტაცოს სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატიული გარანტიები, წინ წაწიოს რეპრესიული კანონმდებლობა და ასევე ჩაახშოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები და მშვიდობიანი დემონსტრანტები“.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტის წევრებმა გაიმეორეს მოწოდება საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით. ვიდრე ასეთი არჩევნები არ იქნება ორგანიზებული, ევროპარლამენტის წევრები შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ საკვანძო მაღალჩინოსნებისა და რეჟიმის ხელშემწყობებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. მზარდი რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვას და მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

„ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელი შემზღუდველი მედიაგარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებენ განზრახვაზე, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ ოპოზიციური პარტიები“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშს ევროპარლამენტს კენჭისყრაზე მომავალ პლენარულ სესიაზე წარუდგენენ.

რეფორმის შესახებ სპეკულაციები მიზნად ისახავს პროცესის დისკრედიტაციას, რაც ცხადყოფს რეფორმის აუცილებლობას-ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი

საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას, – ამის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ დირექტორი თამარა წულეისკირი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თამარა წულეისკირი აღნიშნავს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების თანახმად, მთლიანად გახდა ამ სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას“, – წერს თამარა წულეისკირი.

ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება -კახა კალაძე

ამ ტიპის რეზოლუცია ბევრი გვინახავს, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული ყოველწლიური ანგარიშის შესახებ.

როგორც საპასუხოდ კალაძემ აღნიშნა, მსგავსი ლობიზმით შეფუთული რეზოლუციებისა და აგენტურისადმი ქართველი ხალხის უმრავლესობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს.

„ამ ტიპის რეზოლუცია ბევრი გვინახავს. ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან. ეს ყველაფერი ლობიზმითაა შეფუთული. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ. ამ ადამიანებს, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ ქვეყანაში, საზოგადოების უმრავლესობას მათ მიმართ და მათი თანაგუნდელების მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება, რასაც იმსახურებენ. აგენტებს და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მსახურებს ყოველთვის შესაბამისი დამოკიდებულება ექნებათ ხალხის მხრიდან. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური პირები საკმაოდ მრავლადაა, თუმცა შეიცვლება ყველაფერი და ისეთ ევროპას მივიღებთ, რომლისკენაც ვისწრაფვით ოდითგანვე და არა ისეთს, როგორიც დღესაა, დაფუძნებული ტყუილზე, ცილისწამებაზე. ეს არის ზუსტად განსხვავება ჩვენსა და რადიკალებს შორის. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის დავალებას ვასრულებთ. ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა მნიშვნელოვანი. რადიკალების ამოსავალი წერტილია, რას უბრძანებენ გარედან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს -კახა კალაძე

ვიღაცები ცდილობენ, პოლიტიკური სპეკულაციებით შეფუთონ პროცესები და ისე წარმოაჩინონ, როგორც თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისთვის აწყობთ. სიმართლე არის ერთი – ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიის წარმომადგენლებმა კალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი შალვა პაპუაშვილის წერილზე.

„სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა – გარედან წახალისებული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რადიკალები, თანხები, რომლებიც გარედან შემოედინებოდა, მიმართული იყო იმაზე, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. თავიანთი განცხადებებით, პოლიტიკური პოზიციებით პირდაპირ ერეოდნენ საპარლამენტო არჩევნებში, რაც, რა თქმა უნდა, არის უდიდესი პრობლემა. ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და დგას იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები ძალიან უხერხულია.

„სიმართლე არ იმალება, ადრე თუ გვიან, ყველაფერი ცხადი და ნათელი ხდება. ოფიციალური თანამდებობის პირები როდესაც პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლამდე წარმოუდგენელია, ამაზე პირდაპირ ვისაუბრეთ. გახსოვთ, რა პროცესები მოჰყვა ამას. ვიღაცები ცდილობენ, პოლიტიკური სპეკულაციებით რაღაცები შეფუთონ და ისე წარმოაჩინონ, როგორც თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისთვის აწყობთ, მაგრამ სიმართლე არის ერთი – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა თანხა, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, უნდა იყოს გამჭვირვალე.

„ყველა თანხა, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ – ვისგან ფინანსდებიან და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება. როდესაც ხდება მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, რადიკალიზმის გაღვივება, საზოგადოების პოლარიზაცია და ამას უცხოეთიდან აფინანსებენ, ეს ძალიან მძიმეა, რასაც ყოველთვის შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა კალაძემ.

ცესკოს დელეგაცია გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში იმყოფებოდა

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის  მიწვევით, მექსიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც გიორგი კალანდარიშვილთან ერთად შედიოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და  ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი ლიპარტია, მონაწილეობა მიიღო 30-31 მაისს გამართულ საერთაშორისო საინფორმაციო ფორუმში.

ფორუმი ორგანიზებული იყო მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ფედერალური საარჩევნო ტრიბუნალის მიერ და მონაწილეებმა არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი განიხილეს. მათ შორის, მექსიკის სასამართლო ხელისუფლების არჩევნების მომზადება, გატარებული საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმები,  კენჭისყრის დღის პროცედურები, საარჩევნო დავები, ამომრჩეველთა ინფორმირება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, შედეგების დათვლა, არჩევნების ლოგისტიკა და შესაბამისი ბიზნეს პროცესები და არჩევნების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.

პირველ ივნისს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის ადგილობრივი და ფედერალური სასამართლო ხელისუფლების არჩევნებს დააკვირდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მექსიკის საარჩევნო ისტორიაში პირველი არჩევნები, როდესაც საარჩევნო უფლების მქონე პირებს შეეძლოთ აერჩიათ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც ფედერალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. არჩევნებისთვის 84 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და გამოყენებული იყო 9 სხვადასხვა ტიპის ბიულეტენი.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დელეგაციის წევრები, საერთაშორისო დამკვირვებლებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ მეხიკოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ. ისინი დააკვირდნენ როგორც საარჩევნო უბნების გახსნას, ისე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობასა და კენჭისყრის დახურვას, ასევე ზემდგომ კომისიებში ხმის დათვლის პროცედურებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე  მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ფედერალური საარჩევნო ტრიბუნალის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრები ასევე გამართა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხები და ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა თუ ღონისძიებებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულობასთან დაკავშირებით. პარალელურად სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს უსკოს თავმჯდომარემ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში 29 მაისი -2 ივნისის პერიოდში იმყოფებოდა.