Home Blog Page 3

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 

მნიშვნელოვანია, რომ არ მოერიდოთ რთულ საუბრებს და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მოერიდეთ კონფლიქტებს და იმოქმედეთ პრიორიტეტების მიხედვით. დღეს შესაძლოა ფინანსური სტაბილურობა იგრძნოთ.

კურო 

დღეს შესაძლებელია ლიდერობის შესაძლებლობები გაჩნდეს. შეინარჩუნეთ თქვენი ღირებულებები და არ დათმოთ პრინციპები.

ტყუპი

დღეს შესაძლოა პროდუქტიულობა იგრძნოთ. მოერიდეთ უსიამოვნებებს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს, განსაკუთრებით კომუნიკაციის სფეროში.

კირჩხიბი 

შეიძლება ფინანსური საკითხების გადახედვა გახდეს საჭირო. ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტს და ეცადეთ ხარჯების შემცირებას. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და შეინარჩუნეთ ფინანსური დისციპლინა.

ლომი 

დღეს შესაძლოა გეგმების გადახედვა დაგჭირდეთ. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და შეინარჩუნეთ სტრატეგიული მიდგომა. შესაძლებელია ლიდერობის უნარების გააქტიურება დაგჭირდეთ.

ქალწული

დღეს განახლების ენერგია იგრძნობა. შეიძლება ძველი გეგმების გადახედვა და ახალი მიზნების დასახვა გახდეს საჭირო. ეცადეთ არ გააკრიტიკოთ სხვები ზედმეტად და შეინარჩუნეთ პოზიტიური მიდგომა.

სასწორი

შესაძლოა ბრძნული რჩევა მიიღოთ. ურთიერთობების გადახედვა და ახალი კავშირების დამყარება დღის ერთ-ერთი თემა იქნება. მოერიდეთ კონფლიქტებს და გამოიყენეთ დიპლომატიური მიდგომა.

მორიელი

დღეს შესაძლოა ფინანსური სტაბილურობისკენ გადადგათ ნაბიჯი. შესაძლებელია ინვესტიციების გადახედვა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა. მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს.

მშვილდოსანი

ოჯახის მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნობა. მნიშვნელოვანია ოჯახური საკითხების გადახედვა და ურთიერთობების გაღრმავება. შეინარჩუნეთ ჰარმონია და მოერიდეთ დაძაბულობას.

თხის რქა 

დღეს ბალანსის პოვნა მნიშვნელოვანი იქნება. ეცადეთ სამუშაო და პირად ცხოვრებას შორის სწორი თანაფარდობა შეინარჩუნოთ. მოერიდეთ გადატვირთვას.

მერწყული 

დღეს შეგიძლიათ იგრძნოთ მეტი თავდაჯერებულობა. კარგია ახალი პროექტების დაწყებისთვის და იდეების რეალიზაციისთვის. მოერიდეთ ზედმეტ რისკს და იყავით რეალისტი.

თევზები 

შემოქმედებითი წარმატება მოსალოდნელია. შესაძლებელია ახალი იდეების განხორციელება და შემოქმედებითი პროექტების დაწყება. ეცადეთ ემოციურად ფოკუსირებული იყოთ და არ გაწბილდეთ წვრილმანებზე.

დონალდ ტრამპის წერილი რომ ავთენტური არ იყოს, პირველი საელჩო იტყოდა, სიცრუეაო – მიხეილ ყაველაშვილი

დონალდ ტრამპის წერილი რომ ავთენტური არ იყოს, პირველი გამოვარდებოდა საელჩო და იტყოდა, სიცრუეაო. ამაზე მარტივი უარსაყოფი რა იქნებოდა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში.

„განა არ იციან, მაგრამ თუ აშკარად იტყვიან, რომ ტრამპმა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს და საელჩომ ეს დაამოწმა, მაშინ პასუხი ექნებათ გასაცემი, რატომ გამოგყავართ, რისთვის გვაყვირებთ, რატომ ვართ ქუჩაში, რატომ ვებრძვით ხელისუფლებას, თუ პროცესი უკვე დალაგდა და აღიარეს ხელისუფლება? აქ არსებულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, მათ დამკვეთებს ხომ პასუხი ექნებათ გასაცემი რადიკალური ჯგუფებისთვის.

ახალგაზრდები გამოდიან, თავისუფლებას ვკარგავთო. კარგად თუ გაანალიზებენ, თავისუფლებას კი არ კარგავენ, მონობაზე მოაწერინეს ხელი და კითხვასაც ვერ სვამენ. ერთმანეთსაც ვერ უსვამენ კითხვას. ხომ იციან, რომ ეს წერილი ავთენტურია, ტრამპის ხელმოწერითაა და ტრამპის მოლოცვა არის? ამის უარყოფა შეუძლებელია. ასე რომ არ იყოს, ამაზე მარტივი უარსაყოფი რა იქნებოდა.

პირველი გამოვარდებოდა საელჩო და იტყოდა, სიცრუეაო. კითხვა ხომ პირიქით უნდა დავსვათ. ავთენტურობაზე კი არა, პირიქით, ვის ეპარება ეჭვი, საელჩოს ეპარება ეჭვი? მაგრამ ლოგიკური ჯაჭვი ჩაწყდება, რადგან ის ახალგაზრდა დასვამს კითხვას. ციხეში წავიდა ის ადამიანი, ოჯახს ფულს უხდიან, ეუბნებიან, გამაგრდი, ნუ გეშინია, ხვალ დადგება ჩვენი დღე, გაგათავისუფლებთ და შევცვლით ხელისუფლებასო. ასეთი სიყალბით ატყუებენ ახალგაზრდებს, ამ ჯგუფებს, თითქოს დაფინანსება მოდის. ეუბნებიან, ნუ გეშინიათ, ჩვენ გავიმარჯვებთო. რუსული ხელისუფლება თუ არის, როგორ უგზავნიან მოლოცვის წერილებს? როგორ ხდება ეს ყველაფერი? აქ არიან, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან დაპირისპირებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია – შალვა პაპუაშვილი

მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგვაჩნია ეკლესიის, სულიერების და სამღვდელო დასის მიმართ. სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციაზე, რომელიც ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1 700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოცხალი სარწმუნოების აღორძინების საქმეში, რადგანაც საღვთისმეტყველო დიალოგი, მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცება და თანამედროვე ენაზე დოგმატური საკითხების აუდიტორიამდე მიტანა ჩვენი ეკლესიის მისიონერული დანიშნულებისა და ცოცხალი სულიერი პროცესის დასტურია.

„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ, თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, მის ერთ-ერთ უძველეს და ისტორიულ შენობაში იმართება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700-წლოვან იუბილეს. კრების, რომელიც 325 წელს ქალაქ ნიკეაში შეიკრიბა, რათა დაემკვიდრებინა ჭეშმარიტება, დაეცვა სარწმუნოება და განემტკიცებინა ეკლესიის ერთობა. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მაშინვე შეისისხლხორცა საქართველომ და მისთვის არასოდეს გადაუხვევია. სწორედ ეს ერთგულება, ეს სიმტკიცე და ეს რწმენა გამოარჩევს ქართველ ადამიანს.
ეკლესიის მიმართ ერის და ბერის დამოკიდებულება საუკეთესოდაა ჩამოყალიბებული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ანდერძში. გადის ასწლეულები, ათასწლეულები და მიუხედავად ჟამთა სიავისა თუ სხვადასხვა ეპოქალური განსაცდელისა, ჩვენი წინაპრების რჯულსა და ანდერძს ჩვენ არ ვუხვევთ.

როგორც გადმოცემით ვიცით, მეოთხე საუკუნის საქართველოდან ორი ეპისკოპოსი ესწრებოდა ნიკეის წმინდა კრებას. ეს კრება უმნიშვნელოვანესი იყო არამარტო ქრისტეს ეკლესიის, არამედ მთლიანად მსოფლიო ისტორიის შემდგომი განვითარებისთვის, იმპერიისა და ეკლესიის ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის, ეპისკოპოსთა პრიმატისა და იერარქიულობის დადგენისათვის, ცრუ სწავლებათა დაგმობისა და რწმენის სიმბოლოს აღიარებისათვის, სამყაროს უმთავრესი მოვლენის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნის დღის განსაზღვრისათვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია ყოველწლიურად იხსენიებს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 318-ვე წმინდა მამას, მათ მიერ გამოცემულ ოცივე კანონს კი სათანადოდ აღასრულებს.

„ჩვენი ეკლესია ჩვენი სახელმწიფოს უძველესი ინსტიტუციაა, რომელიც განუყოფლადაა გადახლართული ჩვენი ერის სვე-ბედში. ქართველი ერი, მისი სამშობლო, საქართველო, და მისი სამოციქულო და ავტოკეფალიური ეკლესია, ერთმანეთთან თანაშეზრდილი და ერთმანეთისგან განუყოფელია. ვერც ერთმა მტერმა ვერ შეძლო მათი განცალკევება და ერთმანეთისგან გაგლეჯა. სწორედ ამ ერთობაშია ჩვენი ჭეშმარიტი ძალა.

ჩემი სიტყვა მინდა დავასრულო წმინდა ირინეოს ლიონელის ციტატით ერეტიკოსთა წინააღმდეგ სიტყვიდან: „სადაც არის ეკლესია, იქ არის სულიწმიდა, ხოლო სადაც არის სულიწმიდა, იქ არის მთელი ჭეშმარიტება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მეცნიერები.

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება – „გახარია-საქართველოსთვის“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატ, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

როგორც პარტია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ფაქტი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როცა სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია „მოძალადეებზე, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ.

“გახარია საქართველოსთვის” აცხადებს, რომ “უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება” და “უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება”.

„მურუსიძის სასამართლომ დღეს ორ ახალგაზრდა, 19 წლის გოგოს პოლიტიკური მოტივით პატიმრობა შეუფარდა.

ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არც ერთი ნიღბიანი მოძალადე არ დასჯილა – მოძალადეები, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ; ქვეყანაში, სადაც კორუფციული დანაშაული იქცა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ იარაღად; სადაც ადამიანები შიმშილობენ და ნარკოტიკები ოჯახებს ანადგურებს; უსამართლობის, უთანასწორობისა და უიმედობის გამო ქვეყანას ჩვენი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ.

ეს არის “ოცნების” დაპირებული სამართლიანობა და მშვიდობა.

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება. ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

ცნობილი ხდება, რომ დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და მისი ჯანმრთელობა იდეალურ მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა საფრანგეთის თასის ფინალი გამოტოვა.

ის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა თამაშის დაწყებამდე 2 წუთით ადრე მის ნაცვლად ლუის ენრიკემ დუე დააყენა. ამის მიზეზი კვარაცხელიას თავის ტკივილი იყო, რის გამოც საერთოდ მოედანი დატოვა და სახლში წავიდა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სერიოზული არაფერი იყო და კვარა მალე განაახლებდა ვარჯიშს. 

საბედნიეროდ ასეც მოხდა. შეგახსენებთ, რომ 31 მაისს პარი სენ ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, გააუქმოს ჰუმანიტარული სტატუსი 530 ათასზე მეტი იმიგრანტისთვის

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, გააუქმოს ჰუმანიტარული სტატუსი 530 ათასზე მეტი იმიგრანტისთვის კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუიდან და ვენესუელიდან და გააძევოს ისინი ქვეყნიდან.

ამგვარად, უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა ბოსტონის საოლქო სასამართლოს მოსამართლის განაკრგულება იმიგრანტებისთვის სამართლებივი დაცვის სტატუსის ჩამორთმევის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე გამოვიდა.
ჰუმანიტარული სტატუსი იმიგრანტებს შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული პროგრამა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო გამოყენებული მექსიკის საზღვარზე უკანონო იმიგრაციის შეკავების მიზნით.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული ჰუმანიტარული პროგრამების შეწყვეტის განკარგულება ინაუგურაციის დღეს გასცა. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სტატუსის ჩამორთმევა დააჩქარებს დეპორტაციის პროცესს.

რუსეთი აგრძელებს მსოფლიოდან მოწოდებების იგნორირებას, რომ ცეცხლის შეწყვიტოს, მეტიც კვირაზე მეტია რუსები ვერ ახერხებენ ე.წ. “მემორანდუმის” წარმოდგენას – ვოლოდიმირ ზელენსკი

J

რუსეთი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, რათა შემდეგმა პოტენციურმა შეხვედრამ შედეგები არ მოიტანოს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰაკან ფიდანთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შევხვდი. მადლობა გადავუხადე თურქეთსა და პრეზიდენტ ერდოღანს ჩვენი ძალისხმევების მხარდაჭერისთვის, მივაღწიოთ სამართლიან და მყარ მშვიდობას. კონკრეტულად კი, მათი დახმარებისთვის შეხვედრის ორგანიზებაში, რომელმაც შესაძლებელი გახადა რუსული ტყვეობიდან ათასი ჩვენი მოქალაქის გათავისუფლება. რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა უკრაინელის გათავისუფლება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

განვიხილეთ დიპლომატიური ძალისხმევები – როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი პარტნიორების. რუსეთი აგრძელებს მსოფლიოდან ყველა მოწოდების იგნორირებას, რომ ცეცხლის შეწყვიტოს და აგრძელებს თავის მკვლელობებს. მეტიც, კვირაზე მეტია რუსები ვერ ახერხებენ ე.წ. “მემორანდუმის” წარმოდგენას, რომლის მომზადებაზეც დაუყოვნებლივ 1000 – 1000-ზე გაცვლის შემდეგ დადეს პირობა. უკრაინას მათგან არავითარი დოკუმენტი არ მიუღია – არც თურქეთს. შეხვედრა რომ შინაარსიანი იყოს, მისი დღის წესრიგი ნათელი უნდა იყოს, და მოლაპარაკებები სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. სამწუხაროდ, რუსეთი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, რათა შემდეგმა პოტენციურმა შეხვედრამ შედეგები არ მოიტანოს.

თურქეთთან ჩვენს თანამშრომლობას ვაფასებთ, რომლის მიზანია დიპლომატია ეფექტიანი გახადოს. მადლობელი ვართ თურქეთის ცხადი პოზიციისთვის – თანმიმდევრული და სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის,” – წერს ზელენსკი.

ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მოსამართლეს იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს – ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს – ნიკა გვარამია

მოსამართლეს იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს, არ ვიცი, სიგიჟეს ვუყურებდით საათების განმავლობაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა და ნიკა მელიას ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლაზე.

მისივე თქმით, ნიკა მელია უკანონო პატიმარია. ამასთან, გვარამიამ ისაუბრა მელიას მიერ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის სასამართლო პროცესზე წყლის შესხმის ფაქტზე.

„ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს, განსაკუთრებით მოქალაქეებს, რომლებსაც მართლა მართლმსაჯულება სჭირდებათ, პოლიტიკოსები მიჩვეულები მაინც ვართ და ვიცით, რაზეა ლაპარაკი, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა, ეს კაცი არის უკანონო პატიმარი. მოსამართლე შვანგირაძეს ჰყავს უკანონო პატიმარი. ვიმეორებ, არა იმიტომ, რომ არასწორად განმარტა ნორმა, ან მტკიცებულებების გარეშე მიუსაჯა – არა, დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი ამ ვითარებაში პატიმრობაში არ შეიძლება იყოს, წერტილი აქ!

ფაქტი არის ამბავი და ფაქტი არის ის, რომ ადამიანი დააკავეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ იყო შესაძლებლობა, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები შეესრულებინა“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი განმარტებით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ნიკა მელიას შეფარდებული 50 000 ლარის გირაოს გადახდისთვის 29 დღე ჰქონდა განსაზღვრული.

„აბსურდია, 29 დღე ამ მიზნებისთვის უდრის 3 საათს! არანაირი სხვაობა არ არის. თუ 29 დღე შეეძლო გადახდა, 3 საათშიც შეეძლო. 3 საათი იყო გადამწყვეტი მოსამართლისთვის და არა, მელიასთვის. მოსამართლისთვის არის გადამწყვეტი ის, რომ სანამ ეს 3 საათი არ გავა, მანამდე პირი არ შეიძლება პატიმრობაში გაუშვას, წერტილი! არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, რას ფიქრობს, რას აცხადებს და ა.შ. გირაოს გადახდას რომ არ აპირებდა პროკურატურამ იცის, ეს ყველამ იცოდა, შეეცვალათ მაშინ, 29 რატომ ფიგურირებდა?! არაფერი, ეს ტექნიკურად გაეპარა პროკურატურას, მერე მოიგონა, რომ ვითომ არ იყო, მერე სანამ ვადა გავიდოდა უკანონოდ გაიტაცეს. ამას მართლმსაჯულება არ ჰქვია არცერთ ენაზე.

მოსამართლე იჯდა მჩხიბავივით, რაღაცებს ვარაუდობდა, კითხულობდა და მე მკითხავი არ ვარ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი განმარტებით, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს მელიას მიმართ არ გასჩენია შეკითხვა, თუ რატომ დააკავეს ის 29 მაისს.

„ამით არც დაინტერესებულა. ის მაინც გამოეკვლია, ადამიანი მართლა თავისუფლებააღკვეთილი იყო, თუ არა“, – განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ „ოლიგარქია უნდა დაემხოს, სხვანაირად არაფერი გამოვა“.

საქართველოში ზურაბ წერეთლის დაწყებული ყველა პროექტი გაგრძელდება – ინტერვიუ ვასილ წერეთელთან

ზურაბ წერეთლის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. დიდი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, მის პოლიტიკურ შეხედულებებსა და პროექტებზე მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე, “ჯორჯიან თაიმსი” ზურაბ წერეთლის შვილიშვილს, რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე- პრეზიდენტს, მხატვარ ვასილ წერეთელს ესაუბრა

-მსოფლიო შემოქმედებითი სამყაროსთვის დიდი დანაკლისია ზურაბ წერეთლის გარდაცვალება. ქართულმა მონუმენტურმა და დაზგურმა ფერწერამ დაკარგა უდიდესი მხატვარი, ქართულმა საზოგადოებამ კი- ქვეყნის მოჭირნახულე მამულიშვილი, მეგობარი და ზეგარდმო მადლით ცხებული ხელოვანი. როგორი იყო თქვენთვის ბაბუა-ზურაბ წერეთელი?

-არ უყვარდა, როცა ბაბუას ეძახდნენ. დილას ძალიან ადრე დგებოდა, პირს გაიპარსავდა, მოწესრიგდებოდა და ხატვას იწყებდა. ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო. ,,ცუდად ვარ, თავი მტკივა, ხასიათზე ვერ ვარ“,-ამგვარი სიტყვები ზურაბის ლექსიკონში არ იყო. სპორტული სამოსი არ უყვარდა. დილიდან პიჯაკში გამოეწყობოდა და მზად იყო ყველა ყოველდღიური გამოწვევისთვის. მახსოვს უყვარდა მჭადი, ძალიან მშრალი… წერეთელი იყო და ალბათ, ამიტომაც. სტუმრები რომ მოდიოდნენ, თავისი ხელით წვავდა მწვადს. პატარა რომ ვიყავი, დილიდან დავყავდი კომბინატში, სადაც ქანდაკებებსა და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდა. ხან თბილისის ზღვის პროექტი კეთდებოდა, ხან რომელიმე მონუმენტი. მახსოვს, მის გვერდით მთელი დღე ერთ წამში გადიოდა. მეგობრობა მისთვის სადღეღამისო იყო. სულ ზურაბის მეგობრებით სავსე სახლი მახსოვს. მართალია დილით ადრე იღვიძებდა, მაგრამ ოთახიდან რომ გამოდიოდა, სახლში უკვე ელოდებოდნენ მეგობრები. ხალხმრავლობა მისი სტიქია იყო. მეგობრებთან ჭირისა და ლხინის გამზიარებელი კაცი იყო.

-როგორც ბაბუას, უყვარდა შვილიშვილისთვის ჭკუის დარიგება?

-ერთადერთი, რასაც მუდმივად მეუბნებოდა: ,,წადი ხატე!“ დამიდებდა თავისი მოლბერტის გვერდით ჩემს პატარა მოლბერტს და მასთან ერთად ვხატავდი. ხანდახან სულაც არ ვიყავი ხატვის ხასიათზე, პატარა ბავშვი , რომელსაც ხან ბურთის თამაში მინდოდა, ხანაც მეგობრებთან გართობა… ბავშვობიდან მახსოვს სულ მომღიმარი ბაბუა და ბებია, ინსესა ანდრონიკაშვილი, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთ.

-როგორ აფასებდა თქვენს ბავშვურ შემოქმედებას?

-არასოდეს მაქებდა. ,,რა კაი ბიჭი ხარ“ არ მახსოვს მისგან. არც პროფესიულ რჩევებს მაძლევდა, არაფერს მისწორებდა. როდესაც ნიუ-იორკში სწავლის დასრულების შემდეგ ბოლო გამოფენაზე დავპატიჟე, სადაც ჩემი ფერწერაც და ქანდაკებაც იყო გამოფენილი, პირველად მაშინ შემაქო. ბოლომდე ელოდა ჩემი სწავლის დასრულებას და პროფესიონალად შედგომას, რის შემდეგაც დავიმსახურე მისი შეფასება.

-გასაოცარი იყო მისი შემოქმედების გეოგრაფიული არეალიც…

-არასდროს არაფერი ეზარებოდა, შეეძლო ერთ დღეს ყოფილიყო თბილისში, მეორე დღეს-მოსკოვში, 12 საათში კი ნიუ-იორკში. უყვარდა ზღვა და მზე, განსაკუთრებით გულრიფში და აფხაზეთი. მზეს თუ დაინახავდა, აუცილებლად მიუშვერდა სახეს, შეიძლებოდა დამწვარიყო კიდეც, თუმცა ამასაც არად დაგიდევდათ, რადგან მზისგან ენერგიას იღებდა. ეს განსაკუთრებული სიყვარული მზისა მის ყველა ნახატში, განსაკუთრებით კი მზესუმზირებში, თვალსაჩინოა.

-ახლობლებს ახსოვთ ზურაბ წერეთელი, როგორც არაჩვეულებრივად ენერგიული ადამიანი.

-ვთვლი, რომ ღვთისგან ბოძებული ტალანტი არ აძლევდა მოსვენების საშუალებას. სულ რაღაცას ხატავდა და ქმნიდა, სულ ახალი იდეები მოსდიოდა და შემდეგ მისი განხორციელებით იყო დაკავებული. ჰყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებლები როგორც მხატვრობაში, ისე ეთნოგრაფიაში. ისეთი დიდი ეთნოგრაფის ლექციებს, როგორიც იყო გიორგი ჩიტაია, მის შემოქმედებაში უკვალოდ არ ჩაუვლია. ბავშვობიდან მახსოვს, დასრულებულ ნახატებს როგორ ჩამოუსვამდა პატარა ხაზს. მეტყოდა ხოლმე-ეს მასშტაბიაო. სულ ფიქრობდა როგორ გამოვიდოდა მოცემული ესკიზიდან ქანდაკება. არქიტექტურისა და მონუმენტალიზმის სინთეზი მნიშვნელოვანი იყო მისთვის.

-გარდა შემოქმედებითისა, ჰქონდა დიდი ორგანიზატორული ნიჭიც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი პროექტებისთვის.

-საბჭოთა კავშირში პირველად შექმნა დიზაინერთა კავშირი, რომელიც, ამხელა ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაცია იყო ლანდშაფტის დიზაინის კუთხითაც. 1979 წელს ის მსოფლიოს ინვალიდ ბავშვთა საერთაშორისო ოლიმპიურ თამაშებს აფორმებს. დგამს ქანდაკებას, რომელიც, რომ არა მისი დიდი ორგანიზატორული ნიჭი, არ განხორციელდებოდა.

-ამბობენ იმასაც, რომ ზურაბ წერეთელი ბედის რჩეული იყო და მას ბედმა გაუღიმა, როდესაც არაერთი გამორჩეული, გლობალური  პროექტის განხორციელება ანდეს?

-არავინ იცის ის წინაპირობა, რაც განსაზღვრავდა ზურაბ წერეთლის ,,იღბლიანობას.“ მანამდე მას თბილისს, ბიჭვინთასა და ადლერში შესრულებული ჰქონდა დიდი მოზაიკური პროექტები. მისი განხორციელებული ნამუშევრების საფუძველზე გამოიცა სქელტანიანი ალბომი, რომელიც ზურაბ წერეთლის უკვე განხორციელებულ პროექტებს ასახავდა. ეს ალბომი ხელმისაწვდომი იყო არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. ასე აღმოჩნდა ზურაბ წერეთლის ნამუშევრების რეპროდუქციები ამერიკელი სტუდენტების სახელოსნოებშიც, რომლის დანახვამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ამერიკელ მხატვართა შორისაც. მალევე ქართველი საბჭოთა მხატვარი ზურაბ წერეთელი ამერიკაში მიიწვიეს.

-თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა კავშირმა ამერიკაში გამგზავრების ნება დართო იმ დროისთვის უკვე სახელმოხვეჭილ მხატვარს.

-ენდნენ იმიტომ, რომ იქამდე კანადაში, პორტუგალიასა და სირიაში გაფორმებული ჰქონდა საბჭოთა საელჩოები. მისი მთავარი თვისებაც იცოდა საბჭოთა ხელმძღვანელობამ, თუ რაიმეზე იტყოდა, რომ გააკეთებდა, სიტყვას 100%-ით ასრულებდა არა მარტო დათქმულ დროში, არამედ ხარისხიანადაც. 1979 წელს ის ბოქფორდის სამხატვრო აკადემიის პროფესორი გახდა. ის იყო ამერიკელ სტუდენტთა საყვარელი პროფესორი. ამერიკელ სტუდენტებს აინტერესებდათ ყველაფერი: რომელი ქვეყნიდან და რა კულტურის სამშობლოდან იყო გამორჩეული პროფესორი, რომელმაც ყველას ასე შეაყვარა თავი. ზურაბიც თავს არ ზოგავდა და მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდიდა ამერიკელებს საქართველოს შესახებ. ასე რომ, ჯერ კიდევ 1979 წელს, სწორედ ზურაბის წყალობით გაიგეს ამერიკელებმა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი პატარა ქვეყნის შესახებ, რომელსაც საქართველო ერქვა. ალბათ იცით, რომ ბაბუაჩემმა გააფორმა ამერიკაში შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა მსოფლიო ოლიმპიადა, რომელზეც საბჭოთა კავშირმა თავისი დელეგაცია არ გაუშვა, რადგან თვლიდნენ, რომ საბჭოეთში ინვალიდი ბავშვები, უბრალოდ, არ არსებობდნენ. ამ ოლიმპიადის გაფორმებისთვის გამოყოფილი ჰონორარი მან არ აიღო და ინვალიდი ბავშვების ფონდში ჩარიცხა მათსავე დასახმარებლად. სწორედ ზურაბ წერეთლის ქანდაკება გახდა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა ოლიმპიადების სიმბოლო 1979 წლიდან დღემდე.

სწორედ ზურაბ წერეთლის ნამუშევარია მსოფლიო ოლიმპიადის სიმბოლო დღემდე და ეს ინფორმაცია ბევრმა საქართველოში არც იცის. ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების, დახმარებაზე არასოდეს ამბობდა უარს. ამას წინათ ჩემთან მოვიდა ბოშური მუსიკის შემსრულებელი მუსიკოსი, რომლის შვილსაც, თურმე, გული სტკიოდა, მუსიკოსს კი არავითარი სახსარი მის ექიმთან წასაყვანად არ გააჩნდა. მოსულა ზურაბთან, რომლის სახლშიც იმ დღესაც, ისე, როგორც ყოველთვის, უამრავი ახლობელი ტრიალებდა, სტუმართა შორის ყოფილა უცხოური დელეგაციაც. როგორც კი ზურაბისთვის მუსიკოსს თავისი ამბავი შეუჩივლია, ყველაფერი გადაუდია, ტელეფონი აუღია და საუკეთესო ექიმებისთვის დაურეკავს. ბავშვი, რასაკვირველია, გადარჩა და საუკეთესო მკურნალობაც ჩაუტარდა. ზურაბის ეს გულშემატკივარი ხასიათი, ალბათ, მისივე ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან მოდის. მასაც და ბებიაჩემსაც, ინესა ანდრონიკაშვილს, არ ჰქონიათ დალხენილი ცხოვრება. ახსოვდათ ნებისმიერი პატარა სიკეთე, რომელიც იმ მძიმე წლებში ვინმემ გაუკეთა.

-ბავშვების სიყვარული იმ მრავალრიცხოვან მასტერკლასებში გამოიხატებოდა, რომელსაც ბატონი ზურაბი ყოველ კვირას აწყობდა?

-ბავშვებისთვის მასტერკლასებს ყოველ კვირას აწყობდა არა მარტო მოსკოვში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც. ზურაბი ხატავდა, მის ირგვლივ კი ძალიან მცირე ასაკის პატარებიდან, შედარებით უფრო დიდი ასაკის ბავშვებით დამთავრებული, ხატავდა ყველა. სულ ამბობდა, რომ ბავშვებს მშობლებმა სულ პატარა ასაკიდან უნდა აჩუქონ ფერადი ფანქრები და ფურცლები. მათ აუცილებლად უნდა აღიქვან სამყაროს ფერადოვნებაო. არასოდეს უკრძალავდა ბავშვებს არაფერს, აძლევდა მათ განვითარების საშუალებას და თავისუფლებას.

-ბატონ ზურაბთან ურთიერთობა და საუბარი ყველას სურდა. რა იყო ამის მიზეზი?

-ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან უბრალო და თავმდაბალი იყო. ჰქონდა უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე. მისი რჩევების მოსმენა სურდა არაერთ გამოჩენილ პოლიტიკოსს, ხელოვნებისა თუ მეცნიერების სფეროს წარმომადგენელს. კარგად იცოდა ისტორია, ფოლკლორი. იყო ძალზე საინტერესო მოსაუბრე. როგორც ქართველები ვამბობთ, დიდთან დიდი იყო, პატარასთან-პატარა. საერთო ენას ყველასთან პოულობდა. არ იცოდა არც ინგლისური, არც ფრანგული და იაპონური, მაგრამ ყველა ამ ერის წარმომადგენელთან საუბრობდა და არასოდეს შეჰქმნია პრობლემა. კომუნიკაციის საოცარი ნიჭი ჰქონდა.

-ზურაბ წერეთელმა საბჭოთა ხელოვნების კლიშეები ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს, სადიპლომო ნამუშევრისას დაარღვია და არც შემდეგ დაუხატავს დიდი საბჭოთა ბელადების პორტრეტები თუ ძეგლები, როგორ მიაღწია მსგავს წარმატებას საბჭოთა რეალიზმის დაკანონებული ყველა წესის დარღვევით?

-ეს, მართლაც გასაოცარი ამბავი იყო იმ დროს. აბსტრაქტულ მოზაიკებს აკეთებდა საბჭოთა რეალობაში. მისი იმპრესიონისტული ნამუშევრები ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლისას იწვევდა დიდ გაღიზიანებას მის პროფესორთა შორის. არღვევდა კლიშეებსა და აკრძალვებს. ამიტომ იყო დიდი, ვერასოდეს ეტეოდა სტანდარტებში, არც მხატვრობაში, არც ცხოვრებაში, არც სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებში…

-გაეროს მთავარი ოფისის წინ ქართველმა მხატვარმა წმინდა გიორგის ძეგლი დადგა, რომელსაც დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები წააწერა: ,,ბოროტსა სძლიან კეთილმან“. მაშინ ბევრმა ამერიკელმა პირველად გაიგო დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის, სახელი…ესეც ზურაბ წერეთლის მორიგი დიდი გამარჯვება იყო.

-1987 წელს საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის ცივი ომი დასრულდა. გადაწყდა, რომ უნდა განადგურებულიყო გარკვეული რაოდენობის ჭურვი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც კაცობრიობისთვის სიკვდილი და ნგრევა უნდა მოეტანათ. ზურაბ წერეთელმა გადაწყვიტა, ამ ჩამოწერილი ჭურვებისგან შეექმნა წმინდა გიორგისა და გველეშაპის ბრძოლის ამსახველი მონუმენტი, რომელიც ზუსტად ასახავდა ცივი ომის დასასრულის არსს. გასაოცარი იყო როგორ იფიქრებდა საქართველოში მცხოვრები საბჭოთა მხატვარი მსგავსი მასშტაბის თემებს, რომლებიც მოგვიანებით გასაგები ხდებოდა მთელი მსოფლიოსთვის. გაეროს ოფისის წინ დღეს დგას სიკეთის სიმბოლო-ქართული წმინდა გიორგი, რომელიც ამარცხებს ბოროტებას. საოცარი მიგნება იყო ისიც, რომ სწორედ ამერიკული და საბჭოთა ჩამოწერილი ჭურვები გამოიყენა მასალად ბოროტების სიმბოლოს გამოხატვისას. გასაოცარი კიდევ ის იყო, რომ ორივე ზესახელმწიფო ქვეყნის ხელისუფლებამ მისცა მხატვარს უფლება გამოეყენებინა ერთ დროს უძვირესი საბრძოლო აღჭურვილობა ძეგლის დასამზადებლად. ზურაბი მივიდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროებში ჩამოწერილი იარაღის მოსათხოვნად რომლებსაც მხოლოდ საბრძოლო ქობინები ჰქონდათ გამოცლილი, თორემ, სხვა მხრივ, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო. ამის შემდეგ კი მიიღო უფლება იმისა, რომ ეს საბრძოლო იარაღი სსრკ-დან ამერიკაში გადაეტანა ძეგლის დასამზადებლად გაერთიანებული ერების მთავარი ოფისის წინ ნიუ-იორკში.

მეორე და მთავარი პრობლემა პენტაგონიდან ჭურვების მიღების უფლება იყო. ბავშვი ვიყავი და მახსოვს, როგორი შეფუთული გადმოსცეს ბაბუაჩემს ამერიკული ჭურვები. ბურბუშელებში ჩასმული, ლეგოსავით აწყობილი ყველა დეტალი. სწორედ ადგილზე, გაეროს შტაბ ბინაში აეწყო ნაწარმოები, რომელიც წინასწარი დაგეგმარება შეუძლებელი იყო. იმ დროისთვის ამგვარი რამ მსოფლიო მონუმენტურ ხელოვნებაში გაბედული ნაბიჯი და დიდი სიახლე იყო.

საოცარი ორგანიზატორული ნიჭი უნდა ჰქონოდა ადამიანს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ნიუ-იორკში საბჭოთა რაკეტებს ჩაიტანდა წმინდა გიორგის მონუმენტის დასამზადებლად! გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის დღემდე ძალზე მნიშვნელოვანია ზურაბ წერეთლის ქანდაკების მთავარი რუსთაველისეული გზავნილი-,,ბოროტსა სძლია კეთილმან!“ დამთვალიერებლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან დღემდე ინტერესდებიან სკულპტორის ვინაობითა და მისი მთავარი გზავნილით.

-პუერტო-რიკოში ზურაბ წერეთლის ძეგლი ,,ახალი ადამიანის დაბადება“ დღემდე ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. როგორ დაიბადა ძეგლის შექმნის იდეა?

-იდეის დაბადებიდან ძეგლის დადგმამდე 26 წელი გავიდა. 126-მეტრიანი ქანდაკება აღგვიწერს კოლუმბის კარაველების ზღვაში ჩაშვებას და მის მოგზაურობას ახალი სამყაროს აღმოსაჩენად. ძეგლი ურთულესი არქიტექტურული და საინჟინრო ნამუშევარია, რომელიც ამერიკის თავისუფლების ქანდაკებაზე უფრო მაღალია, რადგან ამერიკის თავისუფლებამდე ჯერ უნდა აღმოჩენილიყო მიწა, რომელზეც თავისუფალი ადამიანები იცხოვრებდნენ. პუერტო-რიკოელები დღემდე ამაყობენ ზურაბ წერეთლის საჩუქრით, რომლის ასლებსაც ტურისტები ყიდულობენ, მისი დიზაინი იხატება რესტორნებისა და კინოთეატრების ინტერიერებში. ასე ჩაიტანა ზურაბ წერეთელმა კოლუმბიაშიც დიდი საქართველო.

-ჰქონდა ურთიერთობა მსოფლიო პოლიტიკის პირველ პირებთანაც.

-დიდი ურთიერთობა ჰქონდა კენედისთან,  შოლცთან, ბეიკერთან, აგრეთვე მსოფლიო კინოს ვარსკვლავებთან. საოცრად ენერგიული ადამიანი იყო არა მხოლოდ მხატვრობაში, არამედ ცხოვრებაშიც. ამგვარ ენერგიას გრძნობდა ის ნიუ-იორკში, ამიტომაც უყვარდა ეს ქალაქი. სწორედ ამ ქალაქში გაიცნო სალვადორ დალიც. ამერიკაში ქმნიდა, ხატავდა, ატარებდა დროს, ჰქონდა საკუთარი სახელოსნო, სადაც წელიწადში თვეზე მეტს ატარებდა. ,,ნიუ-იორკ არტს ქლაბში“ მან დიდი პერსონალური გამოფენა გამართა და საპატიო ჯილდო დაიმსახურა. ამერიკის სხვადასხვა ქალაქის საპატიო მოქალაქეა.

-ზურაბ  _ წერეთლის მიერ შექმნილი “გლოვის ცრემლი“,ისეთი გრანდიოზული და ცხოველმყოფელია , რომ კედელსაც კი ხეთქავს . ეს ძეგლი ამერიკაში , საყოველთაოდ ცნობილი ამერიკის თავისუფლების ქანდაკების მოპირისპირე მხარეს არის აღმართული . როგორ შეიქმნა ძეგლის იდეა?

 

-მოსკოვში, ისე მოხდა, რომ ვიდრე სახლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიამდე მივიდოდა, აუცილებლად უნდა გაევლო ამერიკის საელჩო. 2001 წლის 11 სექტემბერსაც, სამსახურში მიმავალმა ზურაბ წერეთელმა სწორედ ამერიკის საელჩოს წინ შეჯგუფებული ხალხისგან გაიგო დიდი ტრაგედიის შესახებ, რომელიც, ტერაქტის შედეგად, თავს დაატყდა ამერიკელ ხალხს. ბაბუასთვის შეუძლებელი იყო ეს უზარმაზარი ემოცია საკუთარ გულსა და სულში არ გაეტარებინა. ასე შეიქმნა ,,ყველა ცრემლის ცრემლი“, რომელიც დღეს ნიუ-იორკში დგას. მასში გაერთიანებულია მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ გალაშქრებაც და ტერორიზმის დამარცხებით გამოწვეული სიხარულის ცრემლიც. 2- ჯერ მენახა როგორ ტიროდა ბაბუაჩემი: დედამისის და მისი ცოლის, ინესას გარდაცვალების დროს. მესამედ ცრემლი  11 სექტემბერს წამოუვიდა…

-ხშირად ხატავდა ჩარლი ჩაპლინს…

-ჩარლი ჩაპლინის სახეში ზურაბი საკუთარ  შინაგან ემოციებს გამოხატავდა. ზურაბის ფერწერა არც ერთი მხატვრის შემოქმედებაში არ აგერევა. შეძლო და დაამკვიდრა საკუთარი შემოქმედებითი სტილი.

-მთელი მოსკოვის ცენტრი დღეს ზურაბ წერეთლის ერთგვარ პერსონალურ გამოფენასაც წარმოადგენს.

-2000 წელს დასრულდა „ქრისტე მხსნელის“ ტაძრის მოხატვა მოსკოვში. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, შეიძლება ითქვას, რომ  მოსკოვი უკვე ზურასი იყო. სიამაყით მავსებს, რომ არა მხოლოდ მოსკოვსა და თბილისში, არამედ მთელ მსოფლიოში, ხუთივე კონტინენტზე, ამდენის შექმნა და დატოვება მოასწრო ამ უნიჭიერესმა ადამიანმა. მისი  77  ნამუშევარი დგას ამერიკაში, იტალიასა და საფრანგეთში, იაპონიასა და ურუგვაიში. ყველაფერს კი თავდადებული შრომით მიაღწია. წუთის დაკარგვაც ენანებოდა, როდესაც არ ხატავდა. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მთავარი მხატვარი იყო. მოსკოვში 4 მეტროსადგური მისი გაკეთებულია. ტიშინკას მოედანზე მოსკოვში, კომუნიზმის ცენტრში, პირველი აბსტრაქტული ქანდაკება დადგა საბჭოთა დროს. ეს იყო ვაზის გამოსახულება, რომელსაც ამშვენებდა ქართული ანბანი. ამ მონუმენტსავე ამშვენებს დისიდენტი პოეტების ლექსების სტროფები, რომელიც ბრინჯაოში იყო ჩამოსხმული. ეტყობა მაშინ ხელისუფლებამ არ მიაქცია ყურადღება მონუმენტზე ამოტვიფრულ სტროფებს, თორემ ბაბუაჩემს კარგი დღე არ დაადგებოდა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან დაიწყო მოსკოვის მერის, ლუჟკოვისა და ზურაბ წერეთლის მეგობრობა. ასაკში ხომ განუყრელები გახდნენ. თუმცა ეს მეგობრობა ზურაბ წერეთელს არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ უკონკურსოდ მოეპოვებინა რომელიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების უფლება. მან გაიმარჯვა მოსკოვში 80-იან წლებში ქრისტე მაცხოვრის ტაძრის ჯვრებითა და ბრინჯაოს კარებით, ხოლო რაც შეეხება ტაძრის მოხატვას, აქ რუსეთის სამხატვრო აკადემიის ყველა ახალგაზრდა და მხცოვანი შემოქმედის იდეა გააერთიანა და საშუალება მისცა სხვადასხვა ასაკის მხატვრებს მოეხატათ ეს მნიშვნელოვანი, ერთ დროს აფეთქებული ტაძრის ნაცვლად აშენებული მთავარი ტაძარი რუსეთის დედაქალაქის ცენტრში. რაც შეეხება ჯვრებსა და კარებს, ისინი უნიკალური ტექნოლოგიითაა შესრულებული, სადაც არაა გამოყენებული შედუღების მეთოდი. მხატვრის ყველა გამარჯვებას მისივე  უნიკალური ნიჭი განაპირობებდა. დღეს, რატომღაც, ბევრი ზურაბის მოსკოვურ წარმატებას ლუჟკოვთან მეგობრობას მიაწერს, თუმცა ეს ასე სულაც არ ყოფილა. ქალაქის მერამდე წერეთლის პროექტებს უნდა გაევლოთ უამრავი საბჭო, ფედერალური მთავრობის ფილტრები, რომელსაც ავტონომიური კანონები აქვს, გარდა ამისა, ქრისტე მხსნელის ტაძრის შემთხვევაში ბევრი რამ რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. ამ უზარმაზარ ტაძარს სერიოზული დირიჟორი სჭირდებოდა, რომელიც უამრავი მხატვრის ნამუშევარსა და სტილს ერთ მთლიანობად აქცევდა.

-არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ მოსკოვში, პაკლონნაია გარაზე დადგმულ საოცარ მონუმენტზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფაა.

-მის გახსნაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოსული დამთვალიერებლები კარგა ხანს დამუნჯებულნი იყვნენ იმ ემოციისგან, რომელიც ნამუშევრის ხილვისას მიიღეს. ამავე ადგილას არის ბრინჯაოს ფილებით დამშვენებული ეკლესია, რომელიც ბიბლიურ სცენებს ასახავს. ამ ეკლესიაში დავიწერეთ ჯვარი მე და ჩემმა მეუღლემ…

-ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ზურაბ წერეთლის სახელოსნოში გამოფენილ ბრინჯაოს ფილებს, რომლებზეც მაცხოვრის ცხოვრების სცენებია ასახული, როგორ ამშვენებს ასომთავრული წარწერები ბიბლიიდან. უამრავი დამთვალიერებელი კითხულობს, რა ენაზეა შესრულებული წარწერები ბრინჯაოს სცენებზე. ესეც ქართული კულტურის დიდი პოპულარიზაციაა რუსეთსა და მსოფლიოში. აუცილებლად უნდა შეგეკითხოთ პეტრე პირველის ქანდაკების დადგმასთან დაკავშირებული დიდ პოლიტიკურ ვნებათაღელვაზე მოსკოვში. რაში იყო საქმე?

-სწორედ იმ პერიოდში დიდი პოლიტიკური დაპირისპირება იყო მოსკოვის მერ ლუჟკოვსა და რუსეთის პრეზიდენტ ელცინს შორის. რატომღაც ზურაბის ,,პეტრე პირველი“ სწორედ ამ დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცა. ყველაზე გულსატკენი კი ის იყო, რომ რუსეთის ცენზურის ნაყოფი საქართველოშიც სარკისებური ეფექტით გაიზიარეს. საქართველოში რომ ცოტა მეტად დაფიქრებულიყვნენ, მიხვდებოდნენ, რომ რასაც რუსეთში აძაგებდნენ, ის ჩვენს ქვეყანაში უნდა ექოთ და არ მოვქცეულიყავით რუსული პრესის ნარატივის გავლენის ქვეშ. გავიდა წლები და პეტრე პირველის მონუმენტისადმი დამოკიდებულება რუსეთში სრულიად შეიცვალა, რადგან აღარსად არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქანდაკების დისკრედიტაციით პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ იყვნენ დაინტერესებულნი. ჩვენ ერს ყოველთვის აძლიერებდა დამოუკიდებელი აზროვნება და დასკვნები, ყოველგვარი ქვენა პოლიტიკური მოსაზრებების მიღმა. ამან შეგვაძლებინა გაგვეძლო უამრავი დამპყრობლისთვის და გადაგვერჩინა ქართული კულტურა. ამ შემთხვევაშიც, ხომ უნდა დავფიქრებულიყავით იყო თუ არა ადვილი ქართველი ადამიანისთვის მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე საკუთარი სკულპტურების აღმართვა?

-ზურაბ წერეთლისთვის ქართველობას ხელი არ შეუშლია გამხდარიყო რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი.

-დღევანდელი რუსეთის სამხატვრო აკადემია ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემია იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის ყველა სამხატვრო აკადემიის ქოლგა იყო. საამაყო სწორედ ის იყო, რომ საქართველოს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, ქართველი მხატვარი, გახდა საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის რექტორი. ზურაბი ძალიან ამაყობდა თავისი მასწავლებლებით თბილისის სამხატვრო აკადემიიდან. ამაყობდა ქართველი მხატვრების მემკვიდრეობით: კაკაბაძით, გუდიაშვილით, ახვლედიანით, ფიროსმანით… ბედნიერი იყო, რომ ამდენი ნიჭიერი მხატვარი საქართველოში დაიბადა. ზურაბის დამსახურება იყო, რომ ნიჭიერი ქართველი მხატვრების ახალი თაობა მოსკოვში იფინებოდა. ყოველთვის ზრუნავდა სხვა, სრულიად უცნობ მხატვრებზეც. მისი ღვაწლია ახალი სახელების აღმოჩენა თანამედროვე მხატვრობაში. მხოლოდ ზურაბს შეეძლო ერთ მაგიდასთან დაესვა სრულიად განსხვავებული შეხედულებების მხატვრები და საერთო გადაწყვეტილებამდე მიეყვანა ისინი. სანამ ზურაბს აირჩევდნენ რუსეთის სამხატვრო აკადემიის რექტორად, მხატვართა შორის დიდი დაპირისპირება იყო. ზურაბმა შეძლო ამ დაპირისპირების აღმოფხვრა და მხატვრების შერიგება. მახსოვს მოსკოვში გამართა თანამედროვე რუსი მხატვრების ბიენალე, რომელმაც არნახული კრიტიკა გამოიწვია. ღონისძიება ჩაშლის პირას იყო, იქ რომ ზურაბ წერეთელი არ გამოჩენილიყო. ზურაბმა დაურიგა ახალგაზრდა მხატვრებს პრიზები, მხარი დაუჭირა მათ ხელოვნებას, საკუთარი ავტორიტეტით შეძლო თანამედროვე რუს მხატვართა გადარჩენა. მისთვის მთავარი ყოველთვის სამხატვრო სკოლის განვითარება იყო.

-გასაოცარია, როგორ ასწრებდა ამდენს?

-მეგობრები ხშირად ეკითხებოდნენ-როდის გძინავსო? ღმერთმა მრავალმხრივ ნიჭთან ერთად ადამიანების სიყვარულის დიდი უნარითაც დააჯილდოვა. მას სწამდა ღმერთისა და ადამიანის… იხსენებდა, რომ ბავშვობაში ბებიამ გულზე ჯვარი დაჰკიდა და ამ ჯვრით უმკლავდებოდა ცხოვრების გრძელ გზაზე ყველა დაბრკოლებას. სიკეთისა და სილამაზის დამნახავი კაცი იყო.

-საქართველოს სამხატვრო აკადემიასთან თუ ინარჩუნებდა ურთიერთობას?

-თბილისში ყოველი ჩამოსვლისას მიდიოდა აკადემიაში. სულ აინტერესებდა ახალი თაობის ქართველი მხატვრების შემოქმედება.

-თქვენ დაიბადეთ ზურაბ წერეთლის ოჯახში. რომ არა ბაბუის შემოქმედება, მხატვარი მაინც გახდებოდით?

-ზურაბ წერეთელი რომ არ ყოფილიყო, ცხადია მეც არ ვიქნებოდი. წვიმა რომ არ ყოფილიყო, თოვლი იქნებოდა… მთავარი ის არის, რომ მის ოჯახში დავიბადე და შვილად გამზარდა. ბავშვობაში ყველა არდადეგები მის სამხატვრო ცეხებში მქონდა გატარებული. მასთან ერთად ვმუშაობდი ჭედურობაზე, მოზაიკაზე, ფერად შუშაზე, მინანქარზე. სხვათა შორის, ქართულ მინანქარს ზურაბ წერეთელმა შეუნარჩუნა ტრადიციები და განავითარა კიდეც ის. ბაბუასთან ერთად ცეხებში გატარებული დრო, მასთან ერთად, ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო ჩემთვისაც. ეს იყო დიდი სიხარული პატარა ბიჭისთვის. მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ცხოვრებაში ხატვა-თვალისა და ხელის კოორდინაცია და ფერით განწყობის გადმოცემა. სხვათა შორის, ხატვა შეიძლება სულ სხვადასხვა ასაკში დაიწყოს ადამიანმა, ზოგი, მაგალითად, ფუნჯს ხელში 60 წლის ასაკშიც იღებს… ბაბუის გარდა, მხატვარია დედაჩემიც. მადლობელი ვარ განგების, რომ ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ოჯახში დავიბადე.

-თქვენ სამხატვრო განათლება ამერიკაში მიიღეთ, რატომ?

-ამ კითხვას ბევრი მისვამს. სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე სწავლა ამერიკაში განმეგრძო. სწორედ იქ მივიღე მოქანდაკის დიპლომი. ვთვლიდი, რომ მოსკოვის სურიკოვის სახელობის აკადემიაში სწავლის შემთხვევაში ჩემს წერეთლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა. მსურდა ყველაფრისთვის ჩემით მიმეღწია და არა ზურაბის დახმარებით. ამერიკაში ჩემთვის შეღავათი არავის გაუწევია. მე ბაბუისგან დამოუკიდებლად უნდა შევმდგარიყავი მხატვრადაც და ადამიანადაც!

-როგორც დიდი მხატვარი დამწყებს, ბოლოს და ბოლოს, როგორც ბაბუა შვილიშვილს, გაძლევდათ პროფესიულ რჩევებს დიდი ზურაბ წერეთელი?

-არა, არასოდეს. მისი წყალობით რაც კი მხატვარს შეეძლო ეკეთებინა, ყველაფერთან მქონდა შეხება. გარდა ამისა, უნივერსიტეტში ავიღე ყველა საგანი, რასაც მხატვრობასთან ჰქონდა საერთო. მე, როგორც პროფესიონალმა, დღეს ზუსტად ვიცი რა არის მხატვრობა, რას ფიქრობს მხატვარი და როგორ ფასდება მისი შრომა. ამერიკიდან მოსკოვში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაბრუნებულს, კარგად მქონდა შესწავლილი მხატვრობის ვიზუალური ანბანი, კარგად ვერკვეოდი თანამედროვე მხატვრობის ყველა მიმართულებაში. ძალიან მიხარია, რომ ღმერთმა სწორედ მე მაჩუქა ასეთი ბაბუა, ზურაბ წერეთელი, რომელმაც დიდი სიყვარულით გამზარდა და საშუალება მომცა მისგან ბევრი რამ მესწავლა… არაფერს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში!

-თქვენი ძმაც მხატვარია, რას აკეთებს უმცროსი ზურაბ წერეთელი?

-ზურაბმა გენეტიკურად მიიღო ბაბუისგან ძერწვის ნიჭი. საოცარ ნამუშევრებს ქმნის. თვალდახუჭულს შეუძლია პორტრეტის გამოძერწვა.

– 47 წლის ვასილ წერეთელი რამდენიმე წელია რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცეპრეზიდენტია. გრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას?

-რასაკვირველია დიდი პასუხისმგებლობაა. მოდის უამრავი ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვარი, რომელსაც წარმოჩენა უნდა. ამასთანავე, 4 შვილის მამა ვარ.

-ბაბუისგან გენეტიკურად ვიზუალიც გამოგყვათ, ვერაფრით იფიქრებთ, რომ უკვე 47 წლის ხართ.

– ხშირად მეუბნებიან, რომ 30 წელზე მეტს არ მომცემდნენ. ყველაფერი განწყობის ბრალია. რატომ იყო ბაბუაჩემი მუდამ ახალგაზრდა? ბოროტი არავისთვის სურდა. სხვისი სიკეთე და წარმატება უხაროდა. ბოღმიანი ადამიანი ადრე ბერდება! ბოროტება ადამიანს ხელს უშლის ცხოვრებაში, აქედან მოდის ყველა ავადმყოფობაც. ზურას კი, მეგობრებთან ერთად, სიცოცხლე უხაროდა! ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ ვიცნობ უამრავ თანამედროვე მხატვარს და საშუალება მაქვს ხელი შევუწყო მათ. საამაყოა, რომ საქართველოს ჰყავს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვარი. მადლობელი ვარ ბაბუაჩემისა, რომ ამდენ ნიჭიერ ადამიანთან ურთიერთობისა და მათგან სწავლის საშუალება მომცა. მახსოვს, ბაბუასთან ერთად ჩელსიში ჩავედით და იქ ვნახეთ ირინა პოპიაშვილის გამოფენა. ყველაფერი აინტერესებდა, რაც ქართულ მხატვრობასა და ზოგადად, თანამედროვე მხატვრობას უკავშირდებოდა. ხალხმა არ იცის ზურაბ წერეთლის პიროვნებისა და შემოქმედების ბევრი მხარე, რომელიც მისი ცხოვრების ყოველდღიურობას წარმოადგენდა. დედაჩემი ჯიფსონ ხუნდაძის მოწაფე იყო, ბოლომდე ბაბუაჩემის უახლოესი მეგობარი იყო დიდი ქართველი მხატვარი მურაზ მურვანიძე. ბოლო დღემდე მეგობრობდა კოკა იგნატოვთან. ყველას გვარს და სახელს ვერ ჩამოვთვლი, ვისთან ურთიერთობაც ზურაბ წერეთლისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

-საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზურაბ წერეთელს პოლიტიკა არ აინტერესებდა, თუმცა, ალბათ, ჰქონდა საკუთარი აზრი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე?

-მისმა მეგობრებმა გაიხსენეს ზურას აზრი, როდესაც მას სწორედ ამგვარი შეკითხვა დაუსვეს, რას ფიქრობდა ის რუსეთ-საქართველოს დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობაზე. მან თქვა, რომ ეს ყველაფერი ცოლ-ქმრის კინკლაობას აგონებდა, რომლებიც ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც რიგდებოდნენ. ის საბჭოთა კავშირში დაბადებული ბავშვი იყო, მის გარემოცვაში ყოველთვის უყვარდათ ადამიანი. ყველანაირი რწმენისა და შეხედულების მეგობრები ჰყავდა. მას ადამიანი უყვარდა და არა მათი პოლიტიკური შეხედულებები.

-როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, სწორედ მაშინ, საკუთარ სახლში, საქართველოს პატრიარქ ილია მეორესა და რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს უმასპინძლა.

-ამ შეხვედრის შემდეგ ჰყვებოდა, რომ ისხდნენ პატრიარქები ერთმანეთის პირისპირ და ცრემლები მოსდიოდათ… ისინი ხომ ამავე დროს სასულიერო სემინარიაში კურსელები იყვნენ. მსოფლიოში სულ რამდენიმე მართლმადიდებლური ქვეყანაა და მათი დაპირისპირება დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცუდი მოხდა ორი ქვეყნის პოლიტიკაში, მართლმადიდებლური ეკლესია და რწმენა ჩვენს ხალხს აერთიანებს. დღემდე აფხაზეთის ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, რაც ჩვენი პატრიარქის დიდი დამსახურებაა.

-და ბოლოს, ახლა, როცა ზურაბ წერეთელი აღარ არის, როგორ აპირებთ მისი მემკვიდრეობის გაგრძელებას თუნდაც საქართველოში?

-ყველაფერი, რაც ზურაბ წერეთელმა საქართველოში დაიწყო, გაგრძელდება. თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი კვლავაც უმასპინძლებს არაერთ ნიჭიერ მხატვარს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. განსაკუთრებით შევუწყობთ ხელს ახალგაზრდა ქართველი მხატვრების წარმოჩინებას. საქართველოს სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს შევხვდი, ძალიან კარგი მხატვარი და ორგანიზატორია. გადავწყვიტეთ, რომ თავის დროზე ზურაბ წერეთლის ძალისხმევით დაარსებულ დიზაინის ფაკულტეტზე დავაარსოთ ზურაბ წერეთლის სტიპენდია ნიჭიერი სტუდენტებისთვის.  ზურაბი ბევრ ისეთ საქმეს აკეთებდა საქართველოში, რომელსაც ვერც ხედავდნენ. ყველა მის დაწყებულ პროექტს გავაგრძელებთ. ბევრი გეგმა გვაქვს და იმედია ყველა მათგანი კეთილად დასრულდება.

ესაუბრა ია დანელია

აშშ-ის საელჩო სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან სენატორ სტივ დეინსის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან სენატორ სტივ დეინსის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საელჩო წერს, შეხვედრაზე შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა და სხვა საკითხები განიხილეს.

„სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდა, რათა განეხილა შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, ოპოზიციონერი ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებების გამო შეშფოთება და პროდასავლური საქართველოს მხრიდან აუცილებლობა, უზრუნველყოს კეთილდღეობა, პროგრესი და სტაბილურობა რეგიონში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სტივ დეინსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ დეინსმა აღნიშნა, რომ მიესალმება კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები.

რა ეღირება დოლარი და ევრო 31 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7334 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7334 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7342 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი3.0969 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0861 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0108 ლარი შეადგინა.