Home Blog Page 3

ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს -გიორგი ვაშაძე

ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს, – ასე ეხმაურება “სტრატეგია  აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვედრაზე უარი განუცხადა.

„ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა, ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ივანიშვილს უარი ეთქვა ძალადობაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, ძალაუფლების მიტაცებაზე და რომ ახალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით ქვეყანა დაბრუნებულიყო დასავლური ცივილიზაციის ოჯახში.

ივანიშვილმა ამ შანსზე უარი თქვა.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – საქართველო რჩება მარტო, კიდევ უფრო დაუცველი და ეს გამოიწვევს: მეტ სანქციებს, მეტ იზოლაციას, მეტ სიღარიბეს, უფრო მეტი ქართველის იძულებას, რომ ქვეყანა დატოვოს.

ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის მიზანმიმართული მტრული ნაბიჯი და ღალატი. როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვედრაზე უარი უთხრა. საელჩოს ინფორმაციით, ელჩს, ბიძინა ივანიშვილისთვის ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.

პუტინი ომის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან ითხოვს წერილობით პირობას, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება შეჩერდება და რუსეთის მიმართ სანქციების ნაწილი გაუქმდება -Reuters

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან ითხოვს წერილობით პირობას, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება შეჩერდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი გაუქმდება, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ნატო-ს გაფართოების შეჩერებისა და სანქციების შემსუბუქების გარდა, რუსეთის მოთხოვნებს შორის არის დასავლეთში რუსული გაყინული აქტივების საკითხის გადაჭრა და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა.

„პუტინი მზად არის მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც „როიტერს“ ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამასთან, როგორც მედიასაშუალების წყარო აღნიშნავს, თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ მშვიდობის მიღწევა მისი პირობებით შეუძლებელია, ის ეცდება, უკრაინელებსა და ევროპელებს სამხედრო წარმატებებით აჩვენოს, რომ „მშვიდობა ხვალ კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“.

რუსულ მხარეს „როიტერთან“ აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ჩვეულებრივ აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად საჭიროა მისი საწყისი მიზეზების აღმოფხვრა.

„როიტერთან“ საუბარში ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ პუტინი თუ დაინახავს ტაქტიკურ შესაძლებლობას ბრძოლის ველზე, ის უკრაინის შიგნით შეტევას გააგრძელებს. ამასთან, კრემლში სჯერათ, რომ რუსეთს შეუძლია, წლების განმავლობაში გააგრძელოს ბრძოლა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად.

კიდევ ერთი წყარო კი აღნიშნავს, რომ ამჟამად პუტინი ნაკლებად არის განწყობილი ტერიტორიულ კომპრომისზე წასასვლელად. „პუტინმა გაამკაცრა თავისი პოზიცია“, – აღნიშნა მან.

“კარგი მთავრობის ინდექსით” საქართველოს მთავრობამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 100%-დან 61%-იანი შეფასება მიიღო -ლევან ჟორჟოლიანი

„კარგი მთავრობის ინდექსით“ საქართველოს მთავრობამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 100%-იდან 61%-იანი შეფასება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მე-12 ადგილზე გავიდა გამჭვირვალობის კუთხით, 27-ე ადგილი დაიკავა სასამართლო სისტემის ხარისხით, 25-ე ადგილზე გავიდა ბიუროკრატიის ხარისხით, ხოლო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, აღნიშნული კვლევა გამოაქვეყნა ევროკომისიამ, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

„კარგი მთავრობის ინდექსით“ საქართველოს მთავრობამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. 100%-იდან 61%-იანი შეფასება მიიღო და ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის გამჭვირვალობა, მე-12 ადგილზე გავიდა, 27-ე ადგილზე გავიდა სასამართლო სისტემის ხარისხით, ბიუროკრატიის ხარისხით 25-ე ადგილზე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მეოთხე ადგილი დავიკავეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევას აწარმოებდა ჩანდლერის ინსტიტუტი და ევროკომისიამ გამოაქვეყნა აღნიშნული დასკვნები, რომელიც, ასევე, თავის მხრივ, ეფუძნება მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

„კარგი მთავრობის ინდექსი“ მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება შვიდ ფაქტორში – ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, ძლიერი კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში – გამჭვირვალობა მე-12 ადგილი, ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა 32-ე ადგილი, გრძელვადიანი ხედვა მე-16 ადგილი, ადაპტაციის უნარი მე-11 ადგილი, კოორდინაცია 24-ე ადგილი, სასამართლო სისტემის ხარისხი 27-ე ადგილი, ბიუროკრატიის ხარისხი 25-ე ადგილი, სტაბილური ბიზნეს რეგულაციები მე-15 ადგილი, ინვესტიციების მოზიდვა მე-4 ადგილი. კარგი მთავრობის ინდექსს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი, ჩანდლერის ინსტიტუტი აწარმოებს და მას ყოველწლიურად ევროკომისია აქვეყნებს.

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისისა მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის ფინალური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

ეროვნული AI ოლიმპიადის ფინალური ტური 25 მაისს გაიმართა და მასში მონაწილეობა იმ 20-მდე მოსწავლემ მიიღო, რომლებმაც ოლიმპიადის პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ოლიმპიადის ფინალს GAIA-ს პარტნიორმა საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ) უმასპინძლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.  

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

R

შსს ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა დატოვეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხაეს, სირაძეც და ხარაზიშვილიც საქმიანობას დაკავებულ თანამდებობებზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დანიშნა.

ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა -აშშ-ის საელჩო

სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებობს იმედი, რომ ომი 2026 წელს დასრულდება, რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამისთვის რუსეთზე ძლიერი ზეწოლაა საჭირო -ზელენსკი

არსებობს იმედი, რომ 2026 წელს ომი დასრულდება და რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამისთვის საჭიროა რუსეთის ფედერაციაზე ძლიერი ზეწოლისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა შესაძლოა, კატასტროფული არ იყოს, რადგან ეს ძირითადად ჩრდილოვანი ეკონომიკაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, რთულია ანალიზი, თუ რა არის ჩრდილში რუსეთში და რამდენი რეზერვი აქვს მას ომის წარმოებისთვის.

„არა მგონია ყველა დეტალი ვიცოდეთ. მაგრამ ეს მოხდება. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მზარდი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსია. ვხედავთ, მომავალ წელს ზრდას ვერ შეძლებს, შემცირდება. და ის მუდმივად შემცირდება, ანუ ეკონომიკა მთლიანად შეიცვლება, ყველაფერს ომზე დახარჯავენ. ასევე დიდი პრობლემაა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებით, კომპონენტებით, რომლებიც ჩინეთიდან, ტაივანიდან, აშშ-დან და რამდენიმე ევროპული კომპანიისგან შედის. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაახლოებით სამ ათეულ ძირითად საწარმოს მუდმივად აქვს შესაბამისი კონტრაქტები ამ ქვეყნების კომპანიებთან, რომლებიც მე ვახსენე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალგორში, ფაქტობრივად, რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო, ყოველდღიურად ელოდებოდნენ, რომ ვიღაც რაღაცას ეტყოდა -გელა შერმადინი

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გელა შერმადინს უსმენენ.

შერმადინმა კომისიის სხდომაზე 14-15 აგვისტოს ახალგორში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„როგორც მოგეხსენებათ, ახალგორში აბსოლუტურად არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ განვითარებულა, ტყვიაც არ გავარდნილა, კონფლიქტი არ მომხდარა ოსსა და ქართველს შორის, არც რამე სამხედრო დანაყოფები იყო შემოსული. უბრალოდ, 9-10 აგვისტოს ჩვენი სამხედრო დანაყოფები შემოვიდნენ ხეობაში, ალბათ მოსახლეობის დაცვის მიზნით, რომ ვიღაცები მთებიდან არ გადმოსულიყვნენ. ახალგორში, ზაფხულის პერიოდში ქსნის ხეობა სავსე იყო დამსვენებლებით. ქაოსური, ქაოტური სიტუაცია იყო, რადგან მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, რა მოხდებოდა, ახალგორში შემოვიდოდნენ რუსები, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მოსახლეობა ერთი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, 8 აგვისტოდან 15 აგვისტომდე პერიოდში ღამე გადიოდა ტყეებში, მინდვრებში გაჰყავდათ მოხუცები, ბავშვები, იქ აფარებდნენ თავს, რათა უცებ ღამე არ მომხდარიყო შემოსვლა. ახალგორში, ფაქტობრივად, რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, როდესაც უკვე გადაწყვეტილება იყო მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ არც გვეგონა, რომ შემოვიდოდნენ და დაიკავებდნენ ჩვენს ტერიტორიას. მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, არც ევაკუაცია განხორციელებულა, არაფერი. ტელევიზიით ცნობილი ფაქტია, რომ იგოეთთან ჩვენს საპოლიციო მანქანებს გადაკეტილი ჰქონდათ ტერიტორია და ბეტეერმა გაარღვიეს და წამოვიდნენ, გამოიარეს სოფელი ლამისყანა, ახმაჯი, შემოვიდნენ ეგრეთ წოდებულ ახალგორში. სოფელ ოძისში განთავსდნენ რუსები. ანუ შესასვლელი დაიკავეს მთლიანად რუსებმა, აკონტროლებდნენ შესასვლელ-გამოსასვლელებს. შემდეგ აბრევის მხრიდან ნელ-ნელა შემოიყვანეს მძიმე ტექნიკაც“, – განაცხადა გელა შერმადინმა.

კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა გელა შერმადინს მიმართა კითხვით,  ზუსტად რომელ რიცხვებში ხდებოდა ეს, რაზეც შერმადინმა აღნიშნა:

„როგორც ვიცი, დაახლოებით 14-15 აგვისტოა. ასე მახსოვს, როცა იგოეთში ბეტეერმა გამოარღვია პიკაპები, გადაყარა აქეთ-იქით. ჩვენთან ხეობაში იყო შემოსული პატარა დანაყოფები, ხალხი გამორბოდა. მეც, ჩემი ოჯახით ზუსტად ამ დროს წამოვედით ბავშვებით. გამოვასწარით, მაგრამ ყველამ ვერ გამოასწრო. უკან დარჩა მოსახლეობა, რახან რუსებმა გადაკეტეს გამოსასვლელი. სხვათა შორის, ჩვენ უკან მოდიოდნენ პოლიციელები და უკან დააბრუნეს. ახალგორში როდესაც შევიდნენ, როგორც ვიცი, ბრძანება ჰქონდათ, რომ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის შენობაში. შემდეგ რუსის ჯარებს შემოყვნენ ოსური ბანდფორმირებები და მათ დააკავეს ეს პოლიციელები. 10-15 ქართველი პოლიციელი ჰყავდათ დაკავებული ეგრეთ წოდებულ ოსურ ბანდფორმირებებს თუ საჯარისო ნაწილებს“.

სოზარ სუბარმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა გელა შერმადინს: „ომის დაწყებიდან გასულია შვიდი დღე. გაფრთხილებული იყო თუ არა მოსახლეობა, რომ საფრთხე არსებობდა, პოლიციის რაზმი უნდა გამოსულიყო, რაზეც შერმადინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო.

„ასეთი გაფრთხილება არ იყო. ყოველდღიურად ელოდებოდ მოსახლეობა, რომ ვიღაც რაღაცას ეტყოდა. მეც არ ვიცოდი, რა მდგომარეობა იყო“, – განაცხადა გელა შერმადინმა.

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება. შემდეგი შეხვედრა 29 მაისს, თბილისში გაიმართება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა – “როდის მოვკლათ ბიზნესი?”.

ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები: გაბრიელ მელივა (ტექ. ანტრეპრენერი); სოფო ბალავაძე (სელფი მობაილის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი) და ელენე ზამთარაძე (“შავი პომიდორის” დამფუძნებელი) საკუთარ ისტორიას გაგვიზიარებენ ბიზნესის წამოწყების და მასთან დამშვიდობების შესახებ. ასევე, რა სიმპტომებით ხასიათდება წარუმატებელი ბიზნესი, რა ფაქტორები იწვევს მას და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბიზნესი “მოსაკლავია”.

სპიკერები, აუდიტორიას, საკუთარი ისტორიებიდან გამომდინარე, მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ იყენებენ მიღებულ ცოდნას ახალ წამოწყებებში.

თიბისი ბიზნესის “ხუთშაბათის შეხვედრებზე” დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

®

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყება

წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

მერიის სოციალური პროექტის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„წელს პროექტის მასშტაბები იზრდება და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ივლისში, დედაქალაქში 50-ის ნაცვლად, 55 საბავშვო ბაგა-ბაღი იფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება თვის ბოლომდე. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.

„ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 55 საბავშვო ბაღში 3 300-მდე თანამშრომელი იმუშავებს“, – აღნიშნა მერმა.

მისივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. მერის თქმით, პროექტი 2025 წლის ბიუჯეტიდან 5 მლნ-მდე ლარით დაფინანსდება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის, 90-იანი წლებიდან დღემდე, ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი -თეა წულუკიანი

ვახტანგ გომელაური თავისი საქმით, პროფესიონალიზმითა და ღირსებით, ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ამ წუთებში ჩვენ შევიტყვეთ მისი ნება-სურვეილისა და გადადგომის შესახებ. მიმუშავია რა მასთან არაერთი წელი, ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი. ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმითა და ღირსებით, ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად, იმ გაგებით, რომ ხელმძღვანელად იყო პირი, ვინც იცოდა, როგორ უნდა უზრუნველყო უსაფრთხოება და იმავდროულად, დაიცვა ის ბალანსი, რომელსაც ამ დელიკატური საქმის კეთება გულისხმობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ასევე წარმატებები უსურვა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სისტემის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„ასეთია მისი ნება-სურვილი. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს მისი არჩევანია. თუმცა, ჩვენი ვალია, რომ მადლობა ვთქვათ და წარმატებები ვუსურვოით მთელ იმ დიდ სისტემას, რომელსაც ის მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აქვე ვისარგებლოთ შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს გაწული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს დატოვა.

შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე წარადგინა.

პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გელა გელაძეს მრავალწლიანი მუშაობის სტაჟი აქვს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.