Home Blog Page 3

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 მაისს ქუთაისში +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს, დღე +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +14, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +23 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უვარდებათ მათ ოჯახებში, არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით -ბექა ოდიშარია

x

უმრავლესობის წევრები მონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟშია ჩართული-აფასებენ და ბაზის შექმნის აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე საუბრობენ. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ მონაცემთა ბაზის შექმნა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას განმუხტავს

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უვარდებათ მათ ოჯახებში, არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით. ბედავენ და ურეკავენ პოლიტიკოსების მცირეწლოვან ოჯახის წევრებს, ისევე როგორც ნებისმიერ ოჯახის წევრს, არ აქვს მნიშვნელობა. ცდილობენ დააბულინგონ. ადამიანებს, რომლებიც მიდიან სახლში, სასწავლებელში საავადმყოფოში, პირდაპირ უხერგავენ გზას და აიძულებენ, რომ ან მათ მხარეს გადავიდნენ, ან მათ მოღალატეებად აცხადებენ და აბსოლუტურად მიუღებელი ეპითეტებით ამკობენ. ეს ადამიანები უნდა მოხვდნენ გარკვეულ რეესტრში“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია – ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბება .მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლები. ადგილზე მისულები მემორიალს ტრადიციულად გვირგვინით შეამკობენ.

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, ამ დღეს მინდა, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა ვუსურვო -შალვა პაპუაშვილი

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, ისევე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს არაერთ მისიასა თუ სამხედრო ოპერაციაში.

„საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოროტის დასაძლევად. ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, ისევე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს არაერთ მისიასა თუ სამხედრო ოპერაციაში.

მსოფლიო დღესაც დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კვლავ ახსენებს კაცობრიობას, რომ ომი ყოველთვის სისასტიკისა და დაუნდობლობის, უბედურების მომტანია.

ამიტომაც მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი ამოცანაა.

ჩვენი ვალია, აღარასდროს დავუშვათ ბოროტების ზეიმი, სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვება. ფაშიზმზე კაცობრიობის გამარჯვების ამ დღეს მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და სრულიად მსოფლიოს მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა!“, – წერს პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=999447648853669&set=a.328356269296147&type=3&ref=embed_post

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოვლენებით მდიდარი და აქტიური დღეა. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. საქმიანი შეხვედრები, ახალი ნაცნობობა და მოგზაურობა წარმატებული იქნება. დროა, დიდი ხნის უნახავ ახლობელს დაურეკოთ და მოიკითხოთ.

კურო

ენერგიით სავსე ხართ და მისი ეფექტურიანად დახარჯვა გსურთ. შემოსავლის დამატებით წყაროზე უარს ნუ იტყვით, მაგრამ სიფრთხილით მოეკიდეთ და ცხოვრების მთავარ მიზნად ნუ აქცევთ. არახელსაყრელი დღეა სარისკო გადაწყვეტილებებისთვის, სამაგიეროდ – მშვენიერი დღეა საოცნებო ნივთის შესაძენად.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სოციალურ და გასართობი ღონისძიებებზე დასწრებისთვის. გირჩევთ, მეტი იაქტიუროთ და გარშემო ენერგიული ადამიანები შემოიკრიბოთ. შესაძლოა, გეგმების განხორციელების შანსი მოგეცეთ და ხელიდან ნუ გაუშვებთ. უსაქმოდ ჯდომას და წუწუნს გამოსავლის ძიება სჯობს, რომელსაც აუცილებლად იპოვით.

კირჩხიბი

ამ დღეს პირად ურთიერთობებში სულიერი სიახლოვე და ჰარმონია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნათესავები მოინახულოთ. მათთან გულწრფელი საუბარი ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ. შესაძლოა, ამ დღეს ვინმეს საიდუმლო გაიგოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის, მაგრამ ეცადეთ არ გადაიღალოთ.

ლომი

დაუსრულებელი საქმეები მძიმე ტვირთს ჰგავს, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ამ ტვირთისგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ისე გააკეთეთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

ქალწული

ამ დღეს ასაკით უფროს ან თანამდებობით თქვენზე მაღლა მყოფ ადამიანთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობთ. თუ არ იზარმაცებთ, მუშაობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ეცადეთ, ემოციური ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ და არა – განცდებისკენ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა.

სასწორი

კარგი დღეა მოგზაურობის ან შვებულების დასაგეგმად. შესაძლოა, საყვარელი ადამიანისგან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღე აქტიურად გაატაროთ. თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

მორიელი

თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ცვლილებები მოხდეს. სავარაუდოდ, ისინი ნათესავებთან ურთიერთობას ან ყოველდღიურ რუტინას ეხება. ის, რაც სხვებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, შეიძლება თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. თუმცა ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ.

მშვილდოსანი

9 მაისი კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

თხის რქა

თუ სამუშაო დროს სწორად გაანაწილებთ, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილება ან გავლენის სფეროს გაფართოება საუკეთესო სტიმული იქნება, თუმცა შემდეგ საფეხურზე ასასვლელად სიზარმაცის დაძლევა მოგიწევთ.

მერწყული

ყოველმხრივ შესანიშნავი დღეა. რთული პროექტის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ თავს განტვირთვის საშუალება მისცეთ და დასასვენებლად წახვიდეთ. მონდომებული და მიზანსწრაფული ხართ, მაგრამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ ეს არ კმარა. დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის ინიციატივის გამოჩენა და გამჭრიახობა დაგჭირდებათ.

თევზები

უმჯობესია, ეს დღე ოჯახს და სახლს დაუთმოთ. შეგიძლიათ წვეულება მოაწყოთ და ნათესავები მოიწვიოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და შრომის ნაყოფიერება იმდენად გაიზრდება, რომ ყველა რთული და უსიამოვნო დავალების დასრულებას შეძლებთ.

,,ვინ არიან ეს აქტორები, ვის წარმოადგენენ? ეს არის „ნაცმოძრაობა“ – უკვე ყველა ხვდება, რომ ეს ძალა აუცილებლად უნდა გასამართლდეს”- მიხეილ ყაველაშვილი

„ვინ არიან აქტორები, რომლებიც წარმოდგენილები არიან ამ ჩანაწერებში? ვის წარმოადგენენ? ეს არის „ნაცმოძრაობა“, დავიწყებული სახელები… ონიანი პირდაპირ არბევდა აქციებს და უსწორდებოდა აქციების მონაწილეებს. მინაშვილზე აღარ ვლაპარაკობ, ერთ-ერთია მგონი, ვინც რეზოლუციას ხელი მოაწერა. მელიასა და გვარამიაზე აღარ მაქვს საუბარი – შეუძლებელია, ეს ადამიანები შეიცვალონ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ამის შესაძლებლობა 2012 წლის შემდეგ, რაღაც ნაბიჯი გადავდგით, ხელი გავუწოდეთ ამ ძალას, რომ იქნებ გაეაზრებინათ დანაშაულები და ღირსეულად ეღიარებინათ და გაეგრძელებინათ ჯანსაღი პროცესი, მაგრამ დავინახეთ ყოველ წელს მათი ქმედებები. ეს ძალა ერთ დღეში განადგურდება და მოათავებს თავის არსებობას, რომ არა გარედან მათი მხარდაჭერა.

ფაქტებია, როგორ სულდგმულობენ, როგორ აიძულეს პრეზიდენტი, როგორ გამოიყვანეს გვარამია, როგორ წაიყვანეს და დააჯილდოვეს, შემდეგ შემოაბრუნეს. თითქოს ეს ყველაფერი პოლარიზაციის დასრულებისკენ იყო მიმართული და პირდაპირ მთავარი მოქმედი პირი გახდა [გვარამია] აქციებზე.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ახალგაზრდებს და იმ საზოგადოებას, რომელსაც რაღაცნაირად ვერაფრით გავაგებინეთ, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ამ ხელისუფლებას და ჩვენს მისწრაფებებს რუსეთთან, რუსეთისკენ სვლასთან ან აღმოსავლეთისკენ სვლასთან. დამისახელონ ერთი განვითარებული ქვეყანა, სადაც ღამის 3 საათზე აფორმებდნენ ქონებებს, ართმევდნენ ბიზნესებს, შედიოდნენ მედიასაშუალებებში და არბევდნენ ჟურნალისტებს, პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ მოქალაქეებს, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს – და ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა როგორც სისტემური დანაშაული ამ ძალის, ამ მმართველობის. არაფერი ხელშესახები არ შეიძლება ჰქონოდა იმ ძალას დემოკრატიულ მმართველობასთან. როგორ შეიძლება კიდევ ავუხსნათ, რომ ეს ადამიანები არ იცვლებიან. საზოგადოება ხედავს, უკვე ყველა ხვდება, რომ ეს ძალა აუცილებლად უნდა გასამართლდეს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა

,,შეშფოთებულები ვართ როგორც კანონმდებლობით, ასევე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ანტიდასავლური რიტორიკითაც” – მეთიუ მილერი

წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვხედავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერს ჰკითხეს: „„ქართულმა ოცნებამ“ დღეს დააინიცირა კრემლის მიერ ინსპირირებული ახალი პროექტი, რომელიც მონაცემთა ბაზის შექმნას ემსახურება, რაიმე კონკრეტული პროცესი, როგორ შეიყვანენ მონაცემებს ბაზაში, არ დაუსახელებიათ. საიდან მოდის ეს?“ რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა: „არანაირი შეფასება არ მაქვს ამ კონკრეტულ საკითხზე“.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც უკვე განვაცხადეთ, ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც განიხილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ იმ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს, საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და ხშირად ეს აშკარად საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას“, – აღნიშნა მილერმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში არის ჩართული.

 

,,საქართველოს პრემიერთან კონსტრუქციული დისკუსია მქონდა”- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ეხმაურება.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან მქონდა კონსტრუქციული დისკუსია იმ სადავო კანონზე, რომელიც ეხება ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. მოხარული ვარ, რომ მათ სურთ დიალოგში ჩაერთონ თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიცაა ეუთოს გენერალური ასამბლეა“, – აღნიშნა პია კაუმამ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 მაისიდან მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან მათთან შედის სატელეფონო ზარები, რომლებიც ე.წ. “რუსულ კანონს” უკავშირდება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.

 ,,საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება”- გიტანას ნაუსედა 

საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა ჩამოერთვას, ვინაიდან, ეს გულს დაწყვეტს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებშია და თავის პროტესტს გამოხატავს. შესაბამისი განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“კანდიდატის სტატუსი ევროპული ინტეგრაციის კიბის უბრალოდ ერთი ნაბიჯია. არა მგონია, რომ ახლა რამე უნდა დავაინიცირო, რაც საქართველოს უკან დაწევს, ვინაიდან, ეს ძალიან დაწყვეტს გულს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებში გამოდის და თავის პროტესტს გამოხატავს”, – განაცხადა ნაუსედამ.

ამავე დროს, ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება უდრის “ქართულ სივრცეში რუსული კულტურის, რუსული მეთოდიკის გადატანას”.

“ეს საქართველოს უკან წევს მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ წინ წაწევით, ისინი რეალურად უკან დაიხევენ. ყველა ეს სიგნალი გაგზავნილ იქნა.

საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება”, – განაცხადა ნაუსედამ.

ამავდროულად, ლიეტუვის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თავისას მიაღწევს.

“ისინი ერთგულნი არიან მსგავსი სახის მცდელობების წინააღმდეგ იბრძოლონ, ევროპა ამის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს. საქართველოს შანსი აქვს, საქართველოს დღეს აქვს შანსი.. ასე რომ, მივცეთ საქართველოს საშუალება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალება მივცეთ მის სამოქალაქო საზოგადოებას იმოქმედოს”, – განაცხადა ნაუსედამ.

 ,,ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი ”- კობახიძე

ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პია კაუმასთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრის ძირითადი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იყო.

„ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.