Home Blog Page 3

ირაკლი კობახიძე – ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის

ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში” განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა წერილობითი კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტ ტრამპთან და რადგან პასუხი არ მიუღია, ღია წერილის გავრცელება გადაწდა.

„ჩემგან გავრცელდა ეს ღია წერილი და რა თქმა უნდა, ეს გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას და შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მე გარდა წერილებისა, საჯარო განცხადებებიც გავაკეთე, რომ აბსოლუტურად ღია ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, თან გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხს აყოვნებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ღი წერილის გავრცელება. ღია წერილში დეტალურად არის გაშლილი ჩვენი არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით და გამოხატულია ჩვენი გაკვირვება იმის შესახეb, რომ აქამდე ისმის დუმილი რეალურად იმ ფონზე, როდესაც ჩანს აშკარა ღირებულებითი თანხვედრა, ანუ გაცხადებული რაც არის, გვაქვს სრული ღირებულებითი თანხვედრა, მიდგომებთან დაკავშირებით არის სრული თანხვედრა. გავიხსენეთ კონკრეტული მაგალითებიც, მაგალითად რუმინეთის მაგალითი. ტრამპის ადმინისტრაციამ დაგმო ის, რაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით გაკეთდა რუმინეთში. კაცმა მოიგო არჩევნების პირველი ტური და საერთოდ გააუქმეს არჩევნები. არ ვიცი, ასეთი რამ სადმე თუ მომხდარა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია დასავლეთი. ასეთ რაღაცაზეც კი წავიდნენ, უხეშად ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით და მანამდე აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხარდაჭერით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს”- ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის გაწვევის გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო.

ამის შესახებ ის „ფორმულასთვის“ გაგზავნილ წერილში საბრობს და ითხოვს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახსნას, რატომ გააკეთა ეს და „რაში გაცვალა“ მისი კანდიდატურა.

„ალბათ, უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ… 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს… 3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, – აღნიშნავს ის წერილში, რომელსაც “ფორმულა” ავრცელებს.

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ ვინმეს პროტექციას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით რა შედეგს მოიტანს ეს ქმედება თქვენთვის და უფრო ხომ არ გაამწვავებთ ამ ადამიანის მდგომარეობას, სჯობს, ამჯერად, სხვამ დაარეგულიროს რთული სიტუაცია.

კურო

შესაძლოა, დღეს, შანსი გაგიჩნდეთ სარფიანად დააბანდოთ ფული პერსპექტიულ საქმეში, მაგრამ იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რადგან არის თაღლითობისა და მოტყუების ალბათობაც.

ტყუპები

შეეცადეთ, ბიზნესსა და, ზოგადად, ნებისმიერ საქმეში გამოიყენოთ მხოლოდ ის რესურსები, რომელსაც თავად განაგებთ, ეს თქვენთვის კარგ სარგებელს მოიტანს, შეგიძლიათ, ზომიერების ფარგლებში გარისკოთ კიდეც.

კირჩხიბი

ნუ იზარმაცებთ და ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ საქმეები თავისთავად მოგვარდება, ან თქვენს სამუშაოს ვინმე გააკეთებს. მოიკრიბეთ ნებისყოფა და საქმეს შეუდექით, ამოქმედდით, დაიწყეთ პროცესი და ფეხი აუწყვეთ დროის მოთხოვნებს.

ლომი

შესაძლოა, საჭირო გახდეს თქვენი საქმიანობის გადადება და მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, ტყუილად ნუ შეეცდებით განზე გადგომას, ახლა ახალი კონტაქტებისთვის კარგი დროა.

ქალწული

მძაფრი სურვილი, თუ მცდელობა სხვას დაეხმაროთ, არაფერს მოგიტანთ და საერთოდაც არავინ დაგიფასებთ. დღეს, გონივრული იქნება, ტყუილად არ დახარჯოთ ენერგია და დაზოგოთ ნერვები.

სასწორი

სასურველია, მოუსმინოთ სხვებს, მაგრამ ძალიან სერიოზულადაც ნუ მიიღებთ მათ რჩევებს, შეადარეთ მათი ნათქვამი და თქვენი შეხედულებები და თვითონვე დაინახავთ საკუთარი აზრის უპირატესობას.

მორიელი

დიდი გულისყურით მოეკიდეთ საქმიან ქაღალდებს, დოკუმენტებს. შესაძლოა, იპოვოთ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი რამ, რაც თქვენს საქმიანობას სრულიად შეცვლის, რასაკვირველია, უკეთესობისაკენ.

მშვილდოსანი

გულში ნუ დაიტოვებთ სათქმელს და თქვით პირდაპირ, ხმამაღლა და გასაგონად, რას ითხოვთ ადამიანებისგან. თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ, დაიცვათ საკუთარი უფლებები, პოზიციები და ინტერესები.

თხის რქა

არის ალბათობა, გამწვავდეს იურიდიული საკითხები, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს მიზნებს. თუ საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებით სირთულეებს, დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართეთ.

მერწყული

მოიცილეთ აბეზარი ფიქრები და ნეგატიური განწყობა, ნუ კვებავთ ეჭვებითა და წყენით თქვენს ემოციებს. ნუ ჩაიკეტებით, მიმოიხედეთ და გარშემომყოფებში გულწრფელ, საინტერესო ადამიანებს აღმოაჩენთ.

თევზები

შეეცადეთ, სწორი სტრატეგიით გაწეროთ ყოველი დეტალი საბოლოო შედეგამდე. ყველა მხრიდან, ყოველი კუთხიდან შეხედეთ, რას მოგიტანთ თქვენი გეგმის განხორციელება და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

,გვსურს, განვაახლოთ დიალოგი, თუმცა ახლა საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა”- ალენ ბერსე

მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმ მხრივ, რომ დავინახოთ რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა.

კერძოდ, მან უპასუხა საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვას, ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე და საქართველოსთან თანამშრომლობაზე. როგორც ბერსემ აღნიშნა, ყველა მოვლენა, რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ, იყო ცუდი.

ამასთან, მისი თქმით, სურს საქართველოსთან დიალოგის განახლება იმისთვის, რათა „ყველაფერზე ვილაპარაკოთ იმის ცოდნით, რომ ეს სწორი მიმართულებით არ მიდის“.

“დეკემბერში ვიყავი საქართველოში, რათა წარმოდგენა შემექმნა ვითარებაზე. ვესაუბრე ყველა მხარესა და კონტაქტს საქართველოში. ზუსტად ისაა, რაც აქამდე ითქვა – 18 თვის წინ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს. 18 თვის შემდეგ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მოვლენა, რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ, ცუდი იყო, კარგი მიმართულებით არ იყო.

სწორედ ამიტომ, დეკემბერში ვცადე კონკრეტულად საქართველოსთან ერთად მუშაობა ღირებულებებისთვის, საჭირო რეფორმებისთვის, ვინაიდან, გვყავს თბილისში მომუშავე გუნდი, გვაქვს სამოქმედო გეგმა საქართველოსთან, რომლებიც სწორედ ამისთვის მუშაობენ – რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ.

კიდევ ერთი წარმატება იყო სამუშაო ჯგუფის შექმნის მცდელობა, რომელიც სხვადასხვა კანონებსა და შესწორებებზე იმუშავებდა, და გვსურს, რომ განვაახლოთ დიალოგი, ერთად ვიმუშაოთ, სტრუქტურული დიალოგი გვქონდეს, რათა ყველაფერზე ვილაპარაკოთ იმის ცოდნით, რომ ეს სწორი მიმართულებით არ მიდის.

მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმ მხრივ, რომ დავინახოთ რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა და სიარული. საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. გვჭირდება ერთად მუშაობა. გვინდა, რომ განვითარება სწორი მიმართულებით იყოს, გვინდა მეტი საუბარი ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის. სწორედ ამას ვაკეთებთ სამოქმედო გეგმით, მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ ახლა საკმაოდ მომთხოვნი და საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა”, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.

,,თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის დაბადება თავად ამ რეგიონის ხალხმა მოიტანა”- ტრამპი

ერ-რიადისა და აბუ-დაბის ბრწყინვალე საოცრებები სულაც არ შეუქმნიათ ე.წ. ერის მშენებლებს, ნეოკონებს ან ლიბერალურ არაკომერციულ ორგანიზაციებს – ეს შექმნა იმ ხალხმა, ვინც აქ არის, ვინც მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობდა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„მნიშვნელოვანია მთელმა მსოფლიომ გაითვალისწინოს, რომ ეს დიდი გარდაქმნა არ მომხდარა დასავლური ინტერვენციების ხმაურის ან ლამაზი თვითმფრინავებით ჩამოყვანილი ადამიანების მიერ, რომლებიც ლექციებს გიკითხავენ, როგორ იცხოვროთ და როგორ მართოთ საკუთარი საქმეები. არა, ერ-რიადისა და აბუ-დაბის ბრწყინვალე საოცრებები სულაც არ შეუქმნიათ ე.წ. ერის მშენებლებს, ნეოკონებს ან ლიბერალურ არაკომერციულ ორგანიზაციებს, ისეთებს, რომლებმაც ტრილიონობით დოლარი დახარჯეს და ვერაფერი განავითარეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის დაბადება თავად ამ რეგიონის ხალხმა მოიტანა.

„სწორედ იმ ხალხმა, ვინც აქ არის, ვინც მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობდა, საკუთარი სუვერენული ქვეყნების განვითარებით, საკუთარი უნიკალური ხედვების განხორციელებით და საკუთარი ბედის თავად განსაზღვრით. მართლაც წარმოუდგენელია, რაც თქვენ გააკეთეთ“, – განაცხადა მან.

„საბოლოო ჯამში, ე.წ. ერის მშენებლებმა უფრო მეტი ერი დაანგრიეს, ვიდრე ააშენეს, ხოლო ინტერვენციონისტები ერეოდნენ რთულ საზოგადოებებში, რომლებიც თვითონაც კი არ ესმოდათ. ისინი გეუბნებოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყავით, თუმცა თავად წარმოდგენაც არ ჰქონდათ, როგორ უნდა გაეკეთებინათ. მშვიდობა, კეთილდღეობა და პროგრესი საბოლოოდ მოვიდა არა თქვენი მემკვიდრეობის რადიკალური უარყოფიდან, არამედ თქვენი ეროვნული ტრადიციების მიღებიდან და იმავე მემკვიდრეობის სიყვარულიდან, რომელიც ასე ძვირფასია თქვენთვის. და ეს მხოლოდ თქვენ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ. თქვენ თანამედროვე სასწაული მოახდინეთ არაბული გზით, და ეს კარგი გზაა“, – დასძინა ტრამპმა.

,,იმედია, ტრამპი ხელს არ მოაწერს ისეთ აქტს, რომელიც პირველ რიგში, მისივე პოლიტიკას ეწინააღმდეგება”- გურამ მაჭარაშვილი

საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინის პროცესში შექმნილი პაუზის მიზეზები ახსნა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც მან განაცხადა, პაუზის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მათ შორისაა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლისას წამოჭრა.

გურამ მაჭარაშვილმა Deep State-ის სიძლიერეზეც ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, როგორც ჩანს შტატების ახალი ადმინისტრაცია ბოლომდე ვერ გაუმკლავდა.

„ამ პაუზას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ძალიან ბევრი ის საკითხი, რაც ტრამპმა დღის წესრიგში დასვა, ასევე თავად Deep State-ის სიძლიერე, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტიც აღნიშნავდა და სხვა. ახლა ვიღაცები იცინიან – Deep State-მა დამირეკა და ა.შ. ეს არასერიოზული განცხადებებია, რადგან ამ შემთხვევაში ტრამპსაც უნდა დასცინონ. ჩვენ ამ ძალას გლობალური ომის პარტია ვუწოდეთ, ტრამპმა კი Deep State უწოდა. რადიკალებს ტრამპის დაცინვის თავი არ აქვთ, საქილიკოდ კი დიდი გული აქვთ. როგორც ჩანს, Deep State ბოლომდე ვერ აღმოფხვრა ტრამპმა…
ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს ამ პაუზის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება (პრემიერმაც სწორედ ამიტომ მისწერა აშშ-ს პრეზიდენტს ღია წერილი და პარლამენტმაც ამიტომ მიიღო კონგრესის მიმართ დადგენილება), რომ ჩვენი პოზიცია იყოს ცნობილი არა მხოლოდ ტრამპის, არამედ, მსოფლიო საზოგადოებისათვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიმართლე ძლიერია, მას ვერსად გაექცევი. 3 წელი, რასაც ჩვენ ვამბობდით და ვამტკიცებდით (ჯერ „ხალხის ძალა“ და შემდეგ ხელისუფლებასაც მიეცა ამის შესაძლებლობა ესაუბრა ოჯახურ ღირებულებაზე, პარტნიორულ ურთიერთობაზე, ჩაურევლობაზე, უსამართლობაზე), მოდის პრეზიდენტი ტრამპი და იმავეს ამბობს. ამ ნარატივით იგებს არჩევნებს და აგრძელებს მსოფლიო დღის წესრიგის შექმნას. ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში [აშშ-ს კონგრესი] იღებენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსის მქონე ე.წ. „მეგობარ აქტს“, სად არის სიმართლე? ეს სიმართლე უნდა მიუვიდეს საბოლოოდ პრეზიდენტ ტრამპს და ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის არ მოაწერს ხელს ისეთ აქტს, რომელიც პირველ რიგში, მისსავე პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ჩვენი პოლიტიკური ნარატივი – წერილები, განცხადებები, კომენტარები ხომ არის საჯარო? საჯაროა ასევე ე.წ. „მეგობარი აქტის“ შინაარსი და პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები. ჩვენი და ტრამპის განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს, ე.წ. „მეგობარი აქტი“ კი, აბსოლუტურად საწინააღმდეგოა. ჩვენ ის არ გვინდა სწორედ, რომ ტრამპმა ხელი მოაწეროს მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო აქტს, რადგან გვინდა, რომ რაღაცნაირად მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა”- ჯო უილსონი

უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა , – ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

“ოქტომბერში თავისუფლების მოყვარე ქართველი ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:

ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;

პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;

ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;

ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;

ოპოზიცია აკრძალა;

უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა.

უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა”, – წერს უილსონი.

,,საქართველო ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორია რეგიონში, ამ ურთიერთობებს კი ორივე მხრიდან გაფრთხილება სჭირდება”- მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ – ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ლუქსემბურგში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო არის ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში, ამ ურთიერთობებს კი ორივე მხრიდან სჭირდება გაფრთხილება.

„ევროინტეგრაცია არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული, ეს არის ჩვენი ისტორიული და ეროვნული სწრაფვა ევროპული ოჯახის წევრობისკენ. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი, ერთ – ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზედაც დგას დღევანდელი, თანამედროვე ევროპა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია და ის ცრუ ნარატივები, რომლებსაც თავად ქმნიან და შემდგომ, თავად ატრიალებენ საქართველოს წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში კარგად ჩანს და კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, რომ არაფრის მომცემია, არის უბრალოდ ტყუილზე აგებული. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არაერთხელ დაუდასტურებია მისი ერთგულება იმ პრინციპებისა და ფასეულობებისადმი, რაზეც დგას თანამედროვე ევროპა და არაერთხელ დაუდასტურებია, რომ საქართველო არის ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება. ამ ურთიერთობებს მხოლოდ ჩვენ ვერ გავუფრთხილდებით, მეორე მხრიდანაც სჭირდება, ვნახოთ იგივე დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ხშირად, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ორმაგი სტანდარტებით აფასებენ.

“ სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა აქტორების მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო აზრების ცირკულირება და სხვადასხვა მოვლენების ორმაგი სტანდარტებით შეფასება. პარტიების აკრძალვა უცხო არ არის არც ერთი ევროპული ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, პარტიების აკრძალვისას სხვადასხვა ქვეყნები ამბობენ, რომ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ეს არის მათთვის გამართლება. როდესაც ჩვენ გვაქვს სამართლიანი საფუძვლები, ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოშიც უნდა იყოს აღნიშნული პრაქტიკა გამოყენებული, ვხედავთ, რომ ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ საკითხის გამოყენება ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის ჯანსაღი აზრი, რომელიც ხშირად იფარება ცრუ ნარატივებით და საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი პოზიციებით.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არც დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო შეზღუდვის საკითხზე იყო ერთსულოვნება, არც ეს საკითხი მიღებულა ევროკავშირის წევრების მხრიდან ერთხმად იმიტომ, რომ ცხადია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის მოსაზრებები, ჯანსაღი აზრი, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ხშირად იფარება ცრუ ნარატივებით და საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი პოზიციებით. სიმართლეს ყოველთვის აქვს თავისი გზა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმართლე ყოველთვის იპოვის თავის გზას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ინსტიტუტებს შორის. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან, რომ არ იშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა

,,მათი რეალური ინტერესია არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, არამედ კონფლიქტის გაჯანჯლებაა”- ლევან მახაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე

პოლიტიკური შეფასებების საგანია თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადება. “ქართული ოცნებისთვის” ეს არის აღიარება, რომ გარკვეული ჯგუფების ინტერესში არ შედის ომის შეჩერება.

“სამწუხაროა, როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენთ, რადგან ეს პირდაპირ, საჯაროდ არის აღიარება, რომ მათი რეალური ინტერესი არის არა უკრაინაში მშვიდობის, რაც შეიძლება მალე მიღწევა, არამედ კონფლიქტის და დაძაბულობის გაჯანჯლება, რაც შეიძლება დიდი ხანი, რათა რუსეთი დაკავებული იყოს სხვა რაღაცებით და ნაკლები წნეხი შეუქმნას ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს. ამდენი წლის განმავლობაში, სწორედ ეს იყო მიზანი ზოგიერთების რომ საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ დაძაბულობის კერაში,” – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, კუბილიუსმა რუსულ საფრთხეებსა და ომზე საუბრის დროს თქვა, რომ თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება ან ცეცხლი შეწყდება, რუსები გააგრძელებენ იარაღის წარმოებას და ახალ საფრთხეს შეუქმნიან ევროპას. მისივე თქმით, მშვიდობა უკრაინაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი სამომავლოდ აგრესიას შეწყვეტს.

მათი რეალური ინტერესია არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, არამედ კონფლიქტის გაჯანჯლება, რათა რუსეთმა ნაკლები წნეხი შეუქმნას ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებს – ლევან მახაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე

 ,,უკრაინაში მშვიდობა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი შეწყვეტს შემდგომი აგრესიის დანერგვას”- ანდრიუს კუბილიუსი

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადება, პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. კუბილიუსმა რუსულ საფრთხეებსა და ომზე საუბრის დროს თქვა, რომ თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება ან ცეცხლი შეწყდება, რუსები გააგრძელებენ იარაღის წარმოებას და ახალ საფრთხეს შეუქმნიან ევროპას.

მისივე თქმით, მშვიდობა უკრაინაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი სამომავლოდ აგრესიას შეწყვეტს.

“თუ უკრაინაში მშვიდობა ან ცეცხლის შეწყვეტა დამყარდება, რუსები გააგრძელებენ იარაღის წარმოებას, დაგროვებას ისეთი რაოდენობით, რაც საშუალებას მისცემს, დაიწყონ ახალი აგრესია. ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა ევროკავშირზე სრულმასშტაბიან თავდასხმას დააახლოებს. რა თქმა უნდა, მშვიდობა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და ჩვენ მას მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად რეალისტურები, რომ უკრაინაში მშვიდობა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი შეწყვეტს შემდგომი აგრესიის დანერგვას,” – აღნიშნა კუბილიუსმა.

სირიის პრეზიდენტი ახალგაზრდა, მიმზიდველი, მებრძოლი კაცია, ძალიან ძლიერი წარსულით, მას აქვს შანსი, კარგი საქმე გააკეთოს -დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ახალგაზრდა, მიმზიდველი კაცია, ძალიან ძლიერი წარსულით.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ერ-რიადიდან დოჰაში გამგზავრებისას თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ალ-შარაასთან დღეს დილით გამართული შეხვედრა და აღნიშნა, რომ სირიის ლიდერი არის „ახალგაზრდა, მიმზიდველი კაცი. მაგარი კაცი. ძალიან ძლიერი წარსულით. მებრძოლი“.

დონალდ ტრამპის თქმით, ალ-შარაას აქვს რეალური შანსი სირიის ერთიანობის შესანარჩუნებლად.

„მე ველაპარაკე პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც მასთან ძალიან მეგობრულადაა. ის ფიქრობს, რომ მას აქვს შანსი, კარგი საქმე შეასრულოს. ეს დანგრეული ქვეყანაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სირია შეუერთდება აბრაამის შეთანხმებას, რომელიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს.

„მან თქვა – „კი“. თუმცა მათ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ერ-რიადში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. შეხვედრას საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ესწრებოდა, ასევე, თურქული მედიის ცნობით, მას ონლაინ ფორმატში შეუერთდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა ალ-შარაას შესთავაზა დირექტივების სერია, მათ შორის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით აბრაამის შეთანხმებებზე ხელმოწერა, ყველა უცხოელი ტერორისტის მიერ სირიის დატოვებისკენ მოწოდება, პალესტინელი ტერორისტების დეპორტაცია, შეერთებული შტატების დახმარება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელახალი აღორძინების თავიდან აცილებაში და პასუხისმგებლობის აღება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავების ცენტრებზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში.

შეგახსენებთ, 13 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანსა და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.

აჰმედ ალ-შარაა 2003 წელს ერაყში ამერიკული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის, „ალ-ქაიდას“ რიგებში იბრძოდა. 2006 წელს ის დააპატიმრეს და 2011 წელს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან დააარსა „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელიც სირიაში „ალ-ქაიდას“ შტოდ მიიჩნეოდა. 2016 წელს „ალ-ნუსრას ფრონტმა“ „ალ-ქაიდასთან“ კავშირის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მალევე მის საფუძველზე შეიქმნა ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს.-მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

„მეხანძრე-მაშველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, აღნიშნულ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეცტექნიკა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.