Home Blog Page 3

დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„მე მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს წარმატება და ახლო აღმოსავლეთისთვის მიღწეული შეთანხმება, რომელიც მან რეალურად უზრუნველყო და ეს ძლიერი შედეგია. და თუ ჩვენ შევძლებთ ამ რეგიონში ომის შეჩერებას, მაშინ სხვა ომების შეჩერებაც არის შესაძლებელი, მათ შორის რუსეთის ომის“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. კერძოდ, ზელენსკიმ თეთრი სახლის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია, რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შესახებ.

„მადლობელი ვარ ჩვენი მხარდაჭერის სურვილისთვის. განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები და შეთანხმებები, რომლებსაც ამ მხრივ ვამზადებთ. არსებობს კარგი ვარიანტები, ძლიერი იდეები, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ძალები. საჭიროა რუსების მზაობა, ჩაერთონ ნამდვილ დიპლომატიაში. ამის მიღწევა ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით -სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი

სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებისა და მთავრობის დამხობის მცდელობების ფონზე, მომხდარი არეულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების პატივისცემისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მათ „სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად, შიშის გარეშე მოქმედება უნდა უზრუნველყონ“.

„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით. დემოკრატიული მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ კანონიერი პოლიტიკური პროცესების ფარგლებში მუშაობის ვალდებულება“, – აცხადებს ლუის გრაჩა.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ერთგული რჩება.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაძაბულობის შემცირების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, დიალოგის მეშვეობით საზოგადოების ნდობის აღდგენისა და ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების მიზნით, ყველა პოლიტიკური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ერთგული რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენება იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს, ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები არ გვიკვირს -ირაკლი კობახიძე

ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გამოძიებული და გამოძიება დაადგენს ყველაფერს.

„რაც შეეხება მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ იყო ძალადობა, ვგულისხმობ ახალაიების ოჯახს, როგორც ჩანს, მათ ეს ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში. მათთვის ეს ძალადობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გლდანის ციხეში აკეთებდნენ, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს. ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები რა თქმა უნდა, არ გვიკვირს. დანარჩენს დაადგენს გამოძიება. მათ შორის უცხოურ კავშირებთნ დაკავშირებითაც გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს. მე არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გამოძიებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე გვქონდა მანამდე -ირაკლი კობახიძე

სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე მანამდე. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ასეთი მასშტაბის ძალადობა როცა ხორციელდება, იქ რეაგირება პრინციპულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისგებაში.

„შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, მარტივად გაატაროს სახელმწიფომ. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ასეთი მასშტაბის ძალადობა როცა ხორციელდება, იქ რეაგირება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა მომავალში დავაზღვიოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ცესკო-ს წარმომადგენელმა ეუთო-ს მიერ ორგანიზებულ ადამიანური განზომილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანმა, ელენე ბობოხიძემ ვარშავაში მიმდინარე ადამიანური განზომილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ეუთო-ს ორგანიზებით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მხარდაჭერითა და ფინეთის თავმჯდომარეობით იმართება.

ელენე ბობოხიძე სიტყვით გამოვიდა სესიაზე, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებსა და გამჭვირვალობას ეხებოდა. მოხსენებაში მან 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ისაუბრა, ხაზი გაუსვა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით.

წლევანდელი ფორუმი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ჰელსინკის საბოლოო აქტის მიღების 50-ე საიუბილეო თარიღს უკავშირდება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის საკითხებს, მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე ჰელსინკის აქტის პრინციპების მნიშვნელობას საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისათვის.

კონფერენცია ვარშავაში 6-17 ოქტომბერს იმართება და წარმოადგენს პლატფორმას 57 მონაწილე სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისათვის.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ევროკომისიამ „ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია 2026 – 2030“ დაამტკიცა – ევროკავშირი ლგბტქ ადამიანების უფლებების უკეთ დაცვის მცდელობების წინა ხაზზე უნდა იყოს

ევროკომისიამ 2026-2030 წლების „ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია“ დაამტკიცა.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, სტრატეგიის მიზანია ლგბტქ+ ადამიანების დაცვა მავნე პრაქტიკისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისგან, თანასწორობის ხელშემწყობი ლგბტქ+ თემებისა და ორგანოების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე წევრი სახელმწიფოებისა და სხვა აქტორების ჩართულობა.

განცხადების მიხედვით, სტრატეგიის დამტკიცებით, ევროკომისია ადგენს ზომების სერიას, რათა გააძლიეროს ქმედებები, ინტეგრირება გაუწიოს ლგბტქ თანასწორობას ყველა პოლიტიკის სფეროში და ხელი შეუწყოს ლგბტქ უმცირესობების ხმის ამაღლებას, მაგალითად, მავნე პრაქტიკის აღმოფხვრით და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებით.

ევროკომისიის განცხადების თანახმადვე, ახალი სტრატეგიის მიზანია 2020-2025 წლების სტრატეგიის ამბიციისა და მიღწევების გათვალისწინება და წარმოადგენს ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი კავშირის შექმნას, სადაც მრავალფეროვნება კოლექტიური სიმდიდრის ნაწილად იქნება აღიარებული, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია, იყოს საკუთარი თავი დისკრიმინაციის, გარიყულობის ან ძალადობის რისკის გარეშე.

„ჩვენი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა მრავალფეროვნებაში არსებული ჩვენი ერთიანობიდან მოდის: თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ფუნდამენტური უფლებებია, რომლებიც გათვალისწინებულია მის ხელშეკრულებებსა და ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიაში. ევროკომისიას, პარლამენტს და საბჭოს, წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყოს ყველასთვის თანაბარი მოპყრობა და თანასწორობა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საკანონმდებლო ცვლილებებმა, სასამართლო პრაქტიკამ და პოლიტიკურმა ინიციატივებმა გააუმჯობესა მრავალი ადამიანის ცხოვრება და დაგვეხმარა უფრო თანასწორი და მეგობრული საზოგადოებების შექმნაში, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, არაბინარული, ინტერსექსი და ქვიარი (LGBTIQ) ადამიანებისთვის. 2015 წელს კომისიამ წარმოადგინა „ლგბტ თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებების სია“, პირველი პოლიტიკური ჩარჩო, რომელიც სპეციალურად ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციას ებრძვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, ევროკავშირი ლგბტქ ადამიანების უფლებების უკეთ დაცვის მცდელობების წინა ხაზზე უნდა იყოს.

„ლგბტქ ადამიანების სოციალური მიმღებლობა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის მასშტაბით სტაბილურად გაიზარდა. ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს (FRA) ლგბტქ მესამე კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ლგბტქ ადამიანები სოციალურ გარემოში უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე, გენდერულ იდენტობაზე ან სექსუალურ მახასიათებლებზე. ეს ტენდენცია უფრო აშკარაა ტრანსგენდერ, არაბინარული, გენდერულად მრავალფეროვანი და ინტერსექს რესპონდენტებში. ამავდროულად, FRA-ს კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ლგბტქ ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული შევიწროების შემთხვევები, რომელთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ მათ მსგავსი გამოცდილება ჰქონდათ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში რესპონდენტებმა ასევე აღნიშნეს ფიზიკური და სექსუალური თავდასხმების უფრო ხშირი შემთხვევები, განსაკუთრებით ტრანსგენდერ, არაბინარული, გენდერულად მრავალფეროვანი და ინტერსექსი ადამიანების მიმართ. ევროკავშირი ლგბტქ ადამიანების უფლებების უკეთ დაცვის მცდელობების წინა ხაზზე უნდა იყოს. 2020 წლის ნოემბერში კომისიამ მიიღო ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია 2020-2025 წლებში, რომელიც იყო კომისიის პირველი სტრატეგია ლგბტქ თანასწორობის შესახებ და შეასრულა ევროკომისიის ვალდებულება თანასწორობის კავშირის მშენებლობის მიმართ. 2025 წლის ოქტომბერში კომისიამ მიიღო მისი მემკვიდრე სტრატეგია, ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია 2026-2030”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, ვაყენებთ საკითხს ხელისუფლების წინაშე, სასწრაფოდ გადახედოს ე.წ ევროინტეგრაციის პროცესს -“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირთან, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აცხადებს, ევროკავშირის ლგბტქ+ სტრატეგია წითელი ხაზია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.

„გუშინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია, რომელსაც ხელს აწერს ურსულა ფონ დერ ლაიენი, თუმცა ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ მისი ავტორი მხოლოდ ევროკომისიის მარიონეტი პრეზიდენტია. ეს დოკუმენტი პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობას კარგს არაფერს უქადის. უფრო კონკრეტულად, სტრატეგიის მიხედვით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი. ამასთანავე, სტრატეგია ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოზიციაა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აქამდეც ნათელი იყო საზოგადოებისთვის, აღნიშნული სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, უბრალოდ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებთან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი, სადაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლამდე ლგბტ პროპაგანდა ზენიტში იყო აყვანილი, სადაც ყველა, ვინც ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა – არათუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებოდა, გვერდზე გადადო მსგავსი თემები. მართალია, ჯერ კვლავ ამოცანად რჩება ჩვენთვის, ეს არის „დიფ სთეითის“ მოდერნიზაციის მცდელობა თუ პრეზიდენტი ტრამპი რეალურად ებრძვის არაფორმალურ ოლიგარქიულ  მმართველობას, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ში დღეს ლგბტ თემატიკა მაქსიმალურად უკანა პლანზეა გადასული.

ევროკავშირში კი, როგორც ვხედავთ „დიფ სთეითის“ ეს მახინჯი იდეოლოგია ახალი ძალით იწყებს საზოგადოების ცნობიერებაზე, სახელმწიფოთა იდენტობაზე და ქვეყანათა ისტორიაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას. ლგბტქ+ სტრატეგია, რომელიც მომდევნო 5 წელზეა გათვლილი, პირველად და უკვე ღიად ითრევს ბავშვებს სქესის შეცვლის ხაფანგში,  რასაც ცხადია, „დიფ სთეითის“ პროპაგანდა ევროკავშირში „პიროვნების თავისუფლების“ საფარქვეშ გაყიდის. გარდა იმისა, რომ ეს სტრატეგია ფიზიკურ საფრთხეს უქმნის ბავშვების მომავალს, ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც შემდგომ ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში გავრცელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ იწყებს კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს რეფერენდუმი და გამოირკვეს, სურთ თუ არა მოქალაქეებს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ევროკავშირის ამ კოშმარული სტრატეგიის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა სავალდებულო, არამედ მისი უდიდესი ნაწილი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებში მყოფ ქვეყნებსაც ეხება, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აყენებს საკითხს საქართველოს ხელისუფლების წინაშე, სასწრაფოდ გადახედოს ეგრეთ წოდებული ევროინტეგრაციის პროცესს. ასევე, გვინდა მარტივი კითხვა დავსვათ, რომელი ევროკავშირისკენ მიგყავთ ქვეყანა 2030 წელს, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა ნებისმიერ ექიმთან, მშობლების თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი და სადაც დედას და მამას უფლება არ ექნებათ, არათუ ხელი შეუშალონ ამ სიგიჟეს, არამედ პოზიციის დაფიქსირებაც კი არ შეეძლებათ? რომელი ევროკავშირის წევრობას უპირებთ საქართველოს 2030 წელს, სადაც ამ დროისთვის ადამიანისთვის არც სქესი, არც იდენტობა, არც ეროვნულობა, არც რელიგია და არც ტრადიციები აღარ იარსებებს?

ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას, პარალელურად კი, ვიწყებთ კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საქართველოში რეფერენდუმი, რომელიც უტყუარად გამოარკვევს საქართველოს მოსახლეობის ნებას, სურს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველო გახდეს ისეთი ევროკავშირის წევრი, სადაც ბავშვები სქესს იცვლიან, ხოლო მშობლები ხმას ვერ იღებენ. სადაც ლგბტქ+ პროპაგანდის კრიტიკა სისხლის სამართლის წესით ისჯება, ხოლო ამ იდეოლოგიის სამსახურში ყოფნა უხვად ჯილდოვდება.

რეფერენდუმის საშუალებით უნდა გამოვარკვიოთ – არის თუ არა თანახმა ქართველი ხალხი, ქვეყანა შეუერთდეს ასეთ ევროკავშირის, ხოლო ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს, რა გზით ატაროს მომავალში ჩვენი სამშობლო“, – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ამბობენ თქვენზე ხელმძღვანელი პირები და საქმეში გამოცდილი ადამიანები. მათი რჩევები და გამოცდილება დაგეხმარებათ იპოვოთ სწორი გამოსავალი და მოაგვაროთ უთანხმოებები.

კურო

თუ დიპლომატიურად იმოქმედებთ, ადვილად მოიპოვებთ წონასწორობას, როგორც შინაგან, ასევე გარე სამყაროშიც. იზრუნეთ თქვენს იმიჯზე, რათა გახდეთ უფრო თავდაჯერებული და დადებითი გავლენა მოახდინოთ ირგვლივ მყოფებზე.

ტყუპები

შესაძლოა, წარსულიდან თავი შეგახსენონ ადამიანებმა ან სიტუაციებმა, ან გაიგოთ რაღაც გასაიდუმლოებული ინფორმაცია. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები გავლენიან ადამიანებთან.

კირჩხიბი

ეჭვები და დაბნეულობა იქნება უთანხმოების მთავარი მიზეზი. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას და დასკვნების გამოტანას, რადგან ამ პერიოდში შესაძლოა, ვითარება ობიექტურად ვერ შეაფასოთ.

ლომი

წარმატებით მოაგვარებთ ყოველგვარ საქმესა და ურთიერთობებს, უბრალოდ, შეეცადეთ, მოუსმინოთ ოპონენტებსაც და დიალოგი მშვიდობიანად წარმართოთ.

ქალწული

შესაძლოა, შეიტყოთ საქმიანობასთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია, გამოჩნდებიან თქვენდამი კარგად განწყობილი, გავლენიანი ადამიანები, რომლებიც მფარველობას გაგიწევენ და პროგრესს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი

შეეცადეთ, საქმიან სფეროში ორიენტირებული იყოთ ადამიანის პროფესიულ თვისებებზე და კონცენტრირდეთ ორივე მხარისთვის სასიკეთო მოგებასა და სარგებელზე.

მორიელი

სასურველია, იფიქროთ თქვენი სამუშაოს სტილისა და მიდგომების შეცვლაზე, პარტნიორებთან ურთიერთობებზე. განაახლეთ ყველაფერი მოძველებული და შეიტანეთ სიახლეები.

მშვილდოსანი

მეგობრული კავშირები უფრო სანდო და მისაღები ხდება, რის შედეგადაც მატულობს თქვენი წარმატების შანსები. როგორც საზოგადოებრივ, ასევე, პირად სასიყვარულო სფეროში.

თხის რქა

სასურველია, ეს დრო გამოიყენოთ პარტნიორებთან პროფესიული საკითხების განხილვისთვის. ოღონდ, გაითვალისწინეთ , რომ პრეტენზიებით და ზედმეტი მოთხოვნებით საქმეს მხოლოდ გააფუჭებთ.

მერწყული

შედეგიანი იქნება საქმიანი ვიზიტები. სასიკეთოა წარმოების რეორგანიზაცია, ხელშეკრულებების დადება. დაგეგმეთ ღონისძიებები და საპასუხისმგებლო გამოსვლები, დიდი ალბათობით, იოლად გადალახავთ ყოველგვარ წინააღმდეგობას.

თევზები

ახალი სასიკეთო შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. ცვლილებებია მოსალოდნელი კოლეგებთან და პარტნიორულ ურთიერთობებში. მნიშვნელოვნად მატულობს თქვენი თავდაჯერებულობა, რის გამოც ნებისმიერ სფეროში წარმატებას ადვილად მიაღწევთ. 

მელანია ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებებს მართავს უკრაინელი ბავშვების ოჯახებთან გაერთიანების თაობაზე

ვიმედოვნებ, რომ მშვიდობა მალე დაისადგურებს, ეს შეიძლება, ჩვენი შვილებით დაიწყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა.

მელანია ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების შესახებ კომუნიკაცია აქვს. მელანია ტრამპის თქმით, მასსა და პუტინს შორის თანამშრომლობის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა ბავშვი დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს.

როგორც მელანია ტრამპმა განაცხადა, ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ალიასკის სამიტის დროს პრეზიდენტ პუტინს მისი წერილი გადაეცა. პირველი ლედის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მას წერილობით უპასუხა და გამოხატა პირდაპირი დიალოგის მზადყოფნა, ასევე დეტალები მიაწოდა რუსეთში მყოფ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტ პუტინს და მე ბავშვების კეთილდღეობასთან დაკავშირებით გვაქვს ღია კომუნიკაციის არხი. ბოლო სამი თვის განმავლობაში ორივე მხარემ კეთილსინდისიერად  მიიღო მონაწილეობა რამდენიმე არაფორმალურ  შეხვედრასა და სატელეფონო ზარში. ჩვენ შევთანხმდით ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ამ ომში ჩართული ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ. ჩემი წარმომადგენელი პირდაპირ თანამშრომლობს პრეზიდენტ პუტინის გუნდთან, რათა უზრუნველყოს ბავშვების უსაფრთხო გაერთიანება ოჯახებთან რუსეთსა და უკრაინას შორის. შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა ბავშვი დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს“,  – განაცხადა მელანია ტრამპმა.

მელანია ტრამპის თქმით,  რუსეთმა გამოავლინა მზადყოფნა მიეწოდებინა ობიექტური და დეტალური ინფორმაცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, რუსულმა მხარემ ამერიკულ მხარეს მიაწოდა გასულ კვირაში დაბრუნებული ბავშვების ბიოგრაფიები, ფოტოები, ასევე ინფორმაცია სოციალური, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ. ამასთან, მას მიეწოდა დეტალური ანგარიში აღნიშნულ ბავშვებთან დაკავშირებით, რომელიც შემუშავდა ერთობლივად უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრისა და რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა ომბუდსმენის ოფისის მიერ და დასტურდებოდა აშშ-ის მთავრობის მიერ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს – ლევან ნემსაძესა და მიხეილ ჯინჯოლიას მოუსმინა.

კანდიდატების მოსმენამდე,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სრულად შესაბამისობაშია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან ნემსაძეს 14-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს  და იგი 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე  საქართველოს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციას იკავებს.

მიხეილ ჯინჯოლიას სამუშაო გამოცდილება ასევე 14 წელია. იგი 2023 წლის 1 დეკემბერს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა, 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე კი, თბილსის საქალაქო სასამართლოს  სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა გასაუბრების პროცესში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ორივე კანდიდატს მხარი დაუჭირეს.

პროკურატურამ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა, მათგან ერთ-ერთის, გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ამირან დოლიშვილმა, გიორგი ქორქიამ, ზაქრო ალბუთაშვილმა, ირაკლი ჩხვირკიამ, ანტონ უპერმა, ანტონ ვარდანიძემ, გიორგი მულაძემ, ხვიჩა გოგოხიამ, გიორგი ჩახუნაშვილმა, რამაზ მამულაძემ, გენადი კუპრეიშვილმა, ალექსანდრე ჩილაჩავამ, სულხან ტუღუშმა, ლევან ჯიქიამ და ლაშა ივანაძემ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავდროულად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,  დაკავებული კიდევ ორი პირი – ია დარახველიძე და ავთანდილ სურმანიძე სხვა პირებთან ერთად სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მათ მიმართ ახორციელებდნენ აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, გამოხატავდნენ აგრესიას და მათი მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 8, 9 და 10 ოქტომბერს დააკავეს.

ამირან დოლიშვილს, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, ანტონ უპერს (დაუსწრებლად), ანტონ ვარდანიძეს (დაუსწრებლად), გიორგი მულაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი ჩახუნაშვილს, რამაზ მამულაძეს, გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, სულხან ტუღუშს, ლევან ჯიქიასა და ლაშა ივანაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების  მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ია დარახველიძესა და ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, ორი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვილს, სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ბრალდებულები არიან და პატიმრობაში იმყოფებიან ზემოთ აღწერილი დანაშაულებრივი ქმედების უშუალო ორგანიზატორები – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ამავდროულად, 2025 წლის 4 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე დამატებით ბრალდებულია სხვა 26 პირი, რომელთაც ასევე შეფარდებული აქვთ პატიმრობა“, – აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7117 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7125 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1385 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1517 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა.