Home Blog Page 3

ბაკურიანში ძიუდოს ჩემპიონატი “ბაკურიანი 2025” გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში ძიუდოს ჩემპიონატი “ბაკურიანი 2025″ გაიმართა.

ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს 2008-2009 და 2010-2011 წლებში დაბადებულმა ვაჟებმა და გოგონებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან.

ჩემპიონატი 15 წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, სიგელები, და სიმბოლური საჩუქრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დავით მორგოშიამ, ტიტულოვანმა ძიუდოისტებმა ლუხუმ ჩხვიმიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა გადასცეს.

ტურნირის არბიტრთა შორის გახლდათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსი, აფხაზეთის, სამაჩაბლოს და 2008 წლის ომების ვეტერანი, სპორტის ოსტატი ჭიდაობა ძიუდოში, ეროვნული კატეგორიის მსაჯი, გია ედილაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, ასპარეზობის მონაწილე სპორტსმენები დაბა ბაკურიანში 10 დღის განმავლობაში ვარჯიშობდნენ და ემზადებოდნენ.

ასპარეზობას ასევე ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები და ვეტერანები.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ”აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემია, სადაც ჭიდაობა ძიუდოში 5-17 წლის მოსწავლე-ახალგაზრდები ვარჯიშობენ, უსასყიდლოდ წვრთნის ვეტერანთა, სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს.

უკრაინაში მიმდინარე ომმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მილიარდობით შემოსავალი მოუტანა და ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მისცა-ზელენსკი

უკრაინაში მიმდინარე ომმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მილიარდობით შემოსავალი მოუტანა და ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მისცა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკულ კომპანიებს აქვთ იარაღის კონტრაქტები ყველაზე მაღალი ფასებით ბოლო 50 წლის განმავლობაში, ომის შედეგად გამოწვეული დიდი მოთხოვნის გამო.

„ევროპის ყველა ქვეყანას აქვს ასეთი თხოვნა. ხალხს ეშინია. ეს არის ბევრი ფული. ამერიკულმა კომპანიებმა მილიონობით დოლარი მიიღეს ლიცენზიებითაც კი, რადგან მათ აქვთ ოფისები ევროპაში. და მე მჯერა, რომ ამ ომმა ზუსტად მოიტანა ეს, გარდა ყველაფერი ცუდისა“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდა დასავლეთის ქვეყნებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა თანამედროვე დიდი სახმელეთო ომის გამოცდილება – და არა მხოლოდ დაზვერვის დახმარებით, არამედ თავად სამხედროებისგან, რომლებიც იყენებენ ამერიკულ იარაღს.

„რომელი ამერიკული იარაღი მუშაობს, რა არ მუშაობს, რა არის ეფექტური. ჩვენ თვითონ განვავითარეთ უპილოტო თვითმფრინავები რუსული აღჭურვილობის, ენერგეტიკული ქსელების და სამხედრო მიზნების წინააღმდეგ, რაც შეერთებულ შტატებს არ ჰქონდა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ივანიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა – ივანიშვილის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დახურულ სხდომაზე დაკითხვა დასრულდა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მისმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა თემო წიქვაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

„დღევანდელი დაკითხვის შედეგად კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად, ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას. სხვა გარემოება დღევანდელი დაკითხვიდან გამომდინარე არ გამოკვეთილა.

ფაქტი შემიძლია დავადასტურო. თქვენც იცით როდის დაიწყო სასამართლო სხდომა, თავდაპირველად რამდენიმე შუამდგომლობის განხილვა იყო, რაც ნახევარი საათი გაგრძელდა, 1 საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას. ამ დროის გასვლის შემდეგ, არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს, როგორც პატივცემულ წარმომადგენლებს და პატივცემულ გიორგი ბაჩიაშვილს მეტი კითხვა არ ჰქონიათ. ეს ჩემი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ საკითხი ძალიან მარტივადაა, ყველა გარემოებით, მტკიცებულებებით, ჩვენებებით დასტურდება, რომ ინვესტორი ამ საქმეში ჩემი მარწმუნებელია. როდესაც არ გაქვს ფული, არ გაქვს უზრუნველყოფა და საკუთარ თავზე არ იღებ ინვესტიციიდან გამომდინარე რისკებს, ვერავინ დაგიძახებს ინვესტორს“, – განაცხადა წიქვაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული

თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას“ განაგრძობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველთვის გვერდში დაუდგება იმ მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ ესაჭიროება მხარდაჭერა და თანადგომა.

„განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხებია გათვალისწინებული. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ყოველთვის გვერდში დავუდგებით იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ესაჭიროება. ამასთანავე, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისე განვითარდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები გაჭირვებული ოჯახი და ადამიანი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა შევიდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამისკენ არის მიმართული, რათა ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება. ეს უნდა იგრძნოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, თბილისის მერიაში 2022 წლიდან მოქმედებს „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, წელსაც ვასრულებთ მას. ვაუჩერის წლიური ღირებულება შეადგენს 500 ლარს, რომლის გამოყენებაც სოციალურად დაუცველ თბილისელ პენსიონერებს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ამ პროგრამით, საჭიროა მხოლოდ ოჯახის ექიმთან ვიზიტი. პაციენტის შემოწმების შემდეგ ექიმი დანიშნულ მედიკამენტებს სპეციალურ პროგრამაში შეიტანს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის განმარტებით, პენსიონერს ვაუჩერის განაღდება ელექტრონულად, ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში შეუძლია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ბიუჯეტში 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„ეს პროგრამა წარმატებით მუშაობს. სამი წლის განმავლობაში, 25 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ჩვენ წელსაც გვინდა, შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს და, გარკვეულწილად, შევუმსუბუქოთ ყოველდღიური ყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის შერჩევა გრძელდება

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონის მოწყობისთვის კვლევების პირველი ეტაპი დასრულდა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, პოლიგონის მოსაწყობად თბილისის შემოგარენში უკვე შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია და მათი დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.

„დედაქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის მოძიება გრძელდება. იცით, რომ არსებული პოლიგონი დიდ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში, მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის – არის საკმაოდ მძიმე ვითარება, გაუსაძლისი სუნი. სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და დაშორება მცირეა, პოლიგონის არსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივებს შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი, ჩვენ მათთან არაერთი შეხვედრა გვქონდა. ჯერ კიდევ გასულ წელს დავპირდით, რომ ამ საკითხზე მუშაობას დავიწყებდით. ყველა საერთაშორისო სტანდარტს ვიცავთ. დავიწყეთ შესაბამისი კვლევები. შერჩეულია უკვე რამდენიმე ლოკაცია თბილისის შემოგარენში, 50 კმ რადიუსში და დეტალურ შესწავლას ვიწყებთ, თუ სად შეიძლება აღნიშნული პროექტის განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება არსებულ პოლიგონს და იმ პრობლემებს, რომლებიც მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, დედაქალაქის მერის თქმით, დაპირებისამებრ ყველაფერი მოწესრიგდება.

„ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ ევროპისა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, მათი სპეციალისტები ჩართულნი არიან პროცესში. პირველ რიგში, ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ. ნაჟური წყლები, რომელიც ერთ-ერთ არხში ჩაედინება და მოსახლეობას ძალიან აწუხებს, უნდა მოწესრიგდეს. აღნიშნულ საკითხზე გვქონდა კომუნიკაცია „თბილსერვის ჯგუფთან“. პირველ რიგში, ადგილზე ყველა პრობლემას გადავჭრით, რაც მოსახლეობას აწუხებს. სამწუხაროდ, 15 წლის წინ, როცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი დიდ ლილოში მოწყობილიყო, არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. უბრალოდ მივიდნენ, დაიწყეს ამოთხრა და ამდენი წელია პრობლემა არსებობს, მოსახლეობას კი ეს ყოველივე ძალიან აწუხებს. ჩვენ მათ დავპირდით და ყველაფერს მოვაწესრიგებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

200-მდე ელექტროდამტენის მონტაჟის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით გამოცხადებული აუქციონები დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. 2017 წლიდან რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი არის ელექტრომობილების წახალისება. ქალაქში დავიწყეთ ელექტროდამტენების მონტაჟი სხვადასხვა უბანში, თუმცა ეს არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. შესაბამისად, გამოვაცხადეთ აუქციონები ქალაქის მასშტაბით, 200-მდე ელექტროდამტენის განთავსებაზე. გამოითქვა ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და აუქციონებში ბევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, დიდი კონკურენცია იყო. გვყავს გამარჯვებულები, რომლებიც ვალდებული არიან, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა  თვის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ თითოეულ ლოკაციაზე ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტი „ჭკვიანი“ აპარატის განთავსება და შემდგომი 10 წლის განმავლობაში, მათი უწყვეტი ფუნქციონირება უზრუნველყონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პროიორიტეტია.

საიდუმლო არაა, რომ დონორებს აქვთ მითითება, მათი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ისევ წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ – შალვა პაპუაშვილი

ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას.

,,ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა.

არ ვურჩევდი რომელიმე დონორს ამ თემაში შესვლას, ორი მიზეზის გამო:ო

▪️ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას, და ამავე დონორებისგან განსხვავებით, ამ ხარჯის თითოეული თეთრი საჯაროა, მისი ხარჯვის მიზნობრიობა კი დადასტურებული (შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიოში N1 ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობით).

▪️მეორე და მთავარი. დიდი საიდუმლო არ არის, რომ დონორებს აქვთ მითითება, მათი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ისევ წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ. ასე რომ, სადაც რომელიმე დონორი მისი თანხის ხელისუფლებისკენ მიმართვაზე ისაუბრებს, იქვე ისიც თქვას, ამ თანხიდან რამდენი დააბრუნა უკან, მის ქვეყანაში, მისი ხელისუფლების სასარგებლოდ,” – წერს პაპუშვილი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებები განიხილა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.

საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დგას, არიან: – მარიკა არევაძე, ლაშა ბაქრაძე, თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია, ანა გოგოლაძე, სოფია გოლეთიანი, ანა დოლიძე, გიორგი ვაშაძე, თენგიზ თევზაძე, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი იმედაშვილი, გიორგი კირთაძე, ცოტნე კობერიძე, მაია კოპალეიშვილი, თამარ კორძაია, ირაკლი კუპრაძე, თამარ ლალიაშვილი, გიორგი ლემონჯავა, ნანა მალაშხია, ნიკა მელია, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ლევან სამუშია, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი ქავთარაძე, ოქტაი ქაზუმოვი, ბორის ყურუა, ფიქრია ჩიხრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გიგი წერეთელი, ანა წითლიძე, ივანე ჭყონია, ლევან ხაბეიშვილი, მამუკა ხაზარაძე, ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ხვადაგიანი, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე, გაიოზ ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სოფიო ჯაფარიძე.

სხდომა და ხალხისთვის ინფორმაცია მხოლოდ იქ იხურება, სადაც ივანიშვილის პირადი ინტერესია – ეს მისი ხელწერაა, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს – გიორგი ბაჩიაშვილი 

დღევანდელ პროცესზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეკრავს სანქცირებულ სამეულს – პროკურატურას, სასამართლოს და თვითონ ივანიშვილს, რომელიც რეალურად ამ პროცესის სახეა და თვითონ არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც – ივანიშვილის პირადი ინტერესი სადაც არის, მხოლოდ იქ იხურება ხალხისთვის ინფორმაცია,- ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის კითხვებზე პასუხის გაცემის ეშინია და სწორედ ამ მიზეზს მიიჩნევს სასამართლო სხდომის დახურვის წინაპირობად.

„რა თქმა უნდა, ამ სასამართლო პროცესს დახურავენ იმიტომ, რომ ივანიშვილს ეშინია კითხვებზე პასუხის გაცემის. ის ყოველთვის გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, დიდი ხანია არ გამოჩენილა ტელევიზორში და მარიონეტების ხელით ახორციელებს ტერორს და დიქტატურისკენ გზაზე სვლას, რაც საქართველოში ხდება. მე ვიქნები სხდომის დახურვის წინააღმდეგი, ხალხმა უნდა იცოდეს – ვინ არის ადამიანი, რომელიც სათავეში ქვეყანას უდგას.

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების საქმე რომ მიმდინარეობდა სასამართლოში, იქ უფრო ბევრი შიდა საბანკო საქმე განიხილებოდა და ისიც კი საჯარო იყო. ივანიშვილის პირადი ინტერესი სადაც არის, მხოლოდ იქ იხურება ხალხისთვის ინფორმაცია. ეს მისი ხელწერაა, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი აარიდოს“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, ჩვენებას დახურულ რეჟიმში აძლევს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიძინა ივანიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმეზე, ჩვენებას სასამართლოს დახურულ სხდომაზე აძლევს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენებას დახურულ სხდომაზე აძლევს.

სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

როგორც მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, სხდომის ნაწილობრივ დახურვის არგუმენტი კომერციული საიდუმლოების დაცვაა. ამასთან, დაკითხვის დროს, საუბარი შეიძლება შეეხოს ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობებს.

ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, კომერციული საიდუმლოების მიზნით სხდომის დახურვის მოთხოვნა ზოგადი ფრაზებით არ უნდა იყოს დასაბუთებული.

თავად ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს ობიექტური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა.

“მთელმა ქვეყანამ იცის, რომ პროცესის დახურვა ემსახურება იმას, რომ ივანიშვილმა საჯაროდ არ გასცეს კითხვებს პასუხი. ძალიან გთხოვთ, ობიექტური იყოთ შეფასებაში”, – მიმართა ბაჩიაშვილმა სასამართლოს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.

ბიძინა ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა გასულ სხდომაზე პროკურატურამ მოითხოვა. ამის საფუძვლად პროკურორმა დაზარალებულის ასაკი და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ის დაუსაბუთებელი იყო.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ცალკეულ მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და თანხმობას აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბრალდებულ მ.ა.-ს კლინიკა “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით.

ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.

განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.

მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ქ. თბილისში 5 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი, შესაძლებელი ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.