Home Blog Page 3

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ეს ადამიანები იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის, – ასე წარადგინა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ადგილობირივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული კანდიდატები დაიცავენ მომავალში მოსახლეობის ინტერესებს თბილისის საკრებულოსა და მერიაში.

„გაგაცნობთ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომელთა დიდ ნაწილს უკვე კარგად იცნობთ, ნაწილი კი ახალი სახეებია. ჩემო თბილისელებო, ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის აწმყოსა და მომავალზე. ეს ადამიანები დაიცავენ თქვენს ინტერესებს საკრებულოსა და მერიაში; აქტიურად ჩაერთვებიან საკანონმდებლო საქმიანობაში თქვენი კეთილდღეობისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდასაჭერად; იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! – ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არის საქმით დამტკიცებული რეალობა, რასაც შენარჩუნება და განმტკიცება სჭირდება. ჩვენ მზად ვართ, გავამართლოთ თქვენი ნდობა და მეტი სიკეთე შევძინოთ თბილისს. გვჯერა თქვენი მხარდაჭერის, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, რადგან გვჭირდება გამარჯვებული საქართველო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

მთაწმინდის რაიონი – ზურაბ აბაშიძე;

ვაკის რაიონი – ალექსანდრე ასათიანი, ბექა გელენავა;

საბურთალო – ბექა მიქაუტაძე, არჩილ ნიჟარაძე, შალვა პერანიძე;

კრწანისის რაიონი – ლევან ჯაფარიძე;

ისნის რაიონი – კახაბერ ლაბუჩიძე, ბექა მენთეშაშვილი, დავით ხაბეიშვილი;

სამგორის რაიონი – გიორგი დოხტურიშვილი, ზაქარია წიკლაური, ვაჟა კოკაია, მამუკა ხაბარელი;

ჩუღურეთის რაიონი – ზურაბ ჩიკვილაძე;

დიდუბის რაიონი – გივი ჩხარტიშვილი, შოთა ქევხიშვილი;

ნაძალადევის რაიონი – ირაკლი ბენდელიანი, შალვა მაისურაძე, დავით ჭელიძე, ვალერიან პაპუაშვილი;

გლდანის რაიონი – შალვა ოგბაიძე, ცოტნე ჩიქვინიძე, მიხეილ რეხვიაშვილი, ჯაბა კოღუა.

კახა კალაძე მესამე ვადით თბილისის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად 31 ივლისს წარადგინა.

ისრაელი ღაზის სექტორის ანექსიას არ მოახდენს -ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი ღაზის სექტორის ანექსიას არ მოახდენს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ტერიტორიაზე კონტროლის გადაცემას „გარდამავალი მმართველი ორგანოსთვის“ გეგმავს.

ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ წარადგინა ისრაელის მთავარი მიზნები. ეს არის „ჰამასის“ სრული დაშლა და ყველა დარჩენილი მძევლის უპირობო დაბრუნება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კონფლიქტი შეიძლება, სწრაფად დასრულდეს, თუ „ჰამასი“ იარაღს დაყრის და მძევლებს გაათავისუფლებს. ისრაელის მედიის თანახმად, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა დღეს გვიან გაიმართება, რათა განიხილონ, გაგრძელდება თუ არა ღაზის სექტორის სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაცია.

სი ძინპინი არ დაუშვებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანახმდეს -The Daily Telegraph

დონალდ ტრამპს შესაძლოა მართლაც სურს უკრაინაში მშვიდობის დამყარება – რუსეთის თანხმობის მიღწევა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ჩინეთის ნეგატიური პოზიციით გამოიხატება, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სი ძინპინი არ დაუშვებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანახმდეს“ (ავტორი – რებეკა კოფლერი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ექს-თანამშრომელი). „ჩინეთს აშშ-სა და რუსეთის  ომის სხვისი ხელებით წარმოება სურს

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი სხვადასხვა ფორმით ახდენს ზეწოლას ვლადიმერ პუტინზე, რომ იგი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე დაითანხმოს: ერთი მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ხისტ ზომებს მიმართავს: ტარიფების გაზრდით ემუქრება ინდოეთს, რომელიც რუსულ ნავთობს ყიდულობს – „კრემლი ნავთობშემოსავლებს ომის გასაგრძელებლად იყენებს, ამიტომ ინდოეთმა რუსეთთან ვაჭრობა უნდა შეწყვიტოსო“. ასევე დონალდ ტრამპმა მკაცრი რეაგირება მოახდინა ექს-პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე, რომელმაც აშშ ბირთვული ომის დაწყების მცდელობაში დაადანაშაულა. საპასუხოდ ტრამპმა რუსეთის ნაპირებთან ახლოს ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავები გაგზავნა.

მეორე მხრივ, ამერიკის ლიდერი დიპლომატიურადაც ცდილობს რუსეთის დაყოლიებას – მისი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 6 აგვისტოს კრემლში ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და, როგორც ამბობენ,  გადაწყდა, რომ  მომავალ კვირას პრეზიდენტებმა ერთმანეთს სადღაც (ადგილი ჯერ ზუსტად არ არის გარკვეული) პირადად შეხვდებიან. რა თქმა უნდა, ერთ კვირაში რთულია ესოდენ მაღალი დონისა და მნიშვნელობის მქონე შეხვედრის მომზადება, თუმცა დონალდ ტრამპი იმედს არ კარგავს.

სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპი სხვადასხვა ინსტრუმენტების ტესტირებას ახდენს. იმუშავებს თუ არა რომელიმე მათგანი, ამას ჩვენ მალე გავიგებთ… მაგრამ ახლა აშკარად მოჩანს იმის ნიშნები, რომ დონალდ ტრამპის „ხელოვნებას გარიგების დადების“ საკითხში, ამ შემთხვევაში რუსეთთან, შეიძლება ჩინეთმა ძირი გამოუთხაროს.

ის, რაც პრეზიდენტმა და მისმა თანაშემწე-მრჩევლებმა არ გაითვალისწინეს თავიანთ სტრატეგიაში რუსეთთან მიმართებით, არის ჩინეთი პოზიცია. პეკინი თვლის, რომ ამ ომში თვითონ უნდა იყოს გამარჯვებული და ამიტომ დაინტერესებულია რუსეთისადმი დახმარების გაწევის გაგრძელებით. ისევე როგორც აშშ და ევროკავშირია დაინტერესებული უკრაინის მეშვეობით დაასუსტოს რუსეთი, ასევე ჩინეთია დაინტერესებული, რომ რუსეთის მეშვეობით აშშ და ევროკავშირი დაასუსტოს. ანუ ჩინეთი თავის ომს აწარმოებს დასავლეთთან რუსეთის მეშვეობით, რომელიც ასევე სუსტდება.

პეკინი თავს იკავებს რუსეთში კონკრეტული და სრულად აწყობილი სამხედრო ტექნიკის გაგზავნისაგან, სამაგიეროდ, მოსკოვს უხვად აწვდის ორმაგი დანიშნულების მქონე მოწყობილობებს და ტექნოლოგიებს, თუმცა ამას მუდმივად უარყოფს. ორმაგი დანიშნულების კომპონენტებს მიეკუთვნება მიკროელექტრონიკა, ოპტიკური ხელსაწყოები (რასაც ტანკებში იყენებენ), თნამგზავრული სენსორებს, ნავიგაციურ მოწყობილობებს და სხვა პროდუქციას. ეს ყველაფერი იყიდება სახელმწიფო საწარმოების მეშეობით, ან საშუამავლო კომპანიებით,, თითქოსდა სამოქალაქო მომხმარებლისა და მოსახლეობისათვის. სინამდვილეში კი ამ პროდუქციით რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნები მარაგდება.

განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩინეთი რუსეთისათვის უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) მიწოდების საქმეში. მოსკოვი არა თუ მილიონობით დოლარის დრონების იმპორტს ახდენს ჩინეთიდან, არამედ ამას ემატება მათი წარმოება რუსეთის შიგნით არსებულ ერთობლივ ქარხნებში (…).

ეხმარება რა რუსეთის სამხედრო ეკონომიკას, ჩინეთი, ინდოეთთან ერთად, რუსული ნედლი ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს მომხმარებელს წარმოადგენს, რომლის მოცულობამ 2025 წლის ივნისისათვის მთელი რუსული ექსპორტის 47% შეადგინა.

გასულ კვირას პეკინმა უარყო აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის მუქარა ჩინური პროდუქციის მიმართ 100%-იანი ბაჟების შემოღებაზე და პირიქით, რუსეთიდან ენერგომატარებლების, მათ შორის მილსადენური ბუნებრივი გაზის იმპორტი გაზარდა, იმავდროულად კი შეამცირა აშშ-დან თქცევადი გაზის იმპორტი.

რატომ არის ჩინეთი ესოდენ დაინტერესებული რუსეთისადმი დახმარების გაწევით უკრაინასთან ომის დროს? პეკინის მოქმედების ლოგიკის ილუსტრირება შეიძლება შემდეგი ჩინური ალეგორიით მოვახდინოთ: „სანამ ორი ვეფხვი დაბლობში ერთმანეთს ებრძვის, ჭკვიანი მაიმუნი მთაზე ზის, ქვემოთ იყურება და ელოდება, სანამ ყველაფერი არ დასრულდება“. პეკინი საკუთარ თავს ჭკვიან მაიმუნად თვლის და მოთმენით ელოდება, სანამ მოსკოვი და ვაშინგტონი თავიანთ ძალებს არ ამოწურავენ.

მართლაცდა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი და მოსკოვი ერთმანეთის მოკავშირეებად პოზიციონირებენ და ერთმანეთს „უსაზღვრო პარტნიორობას“ ეფიცებიან (2022 წელს დადებული შეთანხმების მიხედვით), სინამდვილეში ისინი ერთმანეთის სტრატეგიულ მოწინააღმდეგებად გამოდიან. მათ ორივეს ერთი მიზანი აქვთ – დასავლეთისა და აშშ-ის გეოპოლიტიკური ბატონობის შეზღუდვა. ცხადია, ორმხრივი ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში ჩინეთი და რუსეთი არაერთხელ შეჯახებიან ერთმანეთს და მიუხედავად უკვე იურიდიულად დადგენილი საზღვრისა, ჩინეთს მაინც აქვს არაოფიციალური პრეტენზიები ჩრდილოელი მეზობლის მიმართ. რუსეთს დემოგრაფიული პრობლემები აქვს შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთს კი ჭარბი მოსახლეობა ჰყავს – ათწლეულობით გრძელდება ჩინელთა მიგრაცია რუსეთში, რაც რეგიონში მცხოვრებ რუსულ მოსახლეობას შევიწროვებით ემუქრება. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ 2000 წელს ამბობდა, რომ „თუ ხელისუფლება რეალურ ძალისხმევას არ განახორციელებს შორეული აღმოსავლეთის განვითარებისათვის, მაშინ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად ჩინურ, იაპონურ და კორეულ ენებზე იალაპარაკებსო“.

ჩინეთი დაონტერესებულია უკრაინის ომის გაგრძელებით კიდევ იმიტომ, რომ მას სურს ამერიკას იარაღი მარაგი შეუმცირდეს, რომელიც ისედაც მცირეა ადრინდელ მარაგებთან შედარებით, ირსაელისა და უკრაინისადმი დახმარების გამო. ჩინეთი თვლის, რომ ამერიკელთა საბრძოლო მზადყოფნის დონეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მაშინ, როცა პეკინი ტაივანზე შეჭრას გადაწყვეტს – სავარაუდოდ, დაახლოებით 2027 წლისათვის. პეკინისათვის თავისი გრანდიოზული „ერთი ჩინეთის“ გეგმის განსახორციელებლად პრიორიტეტი უფრო ტაივანის გაკონტროლება იქნება, ვიდრე აშშ-სთან საქმიანი ურთიერთობების შენაჩუნება და სავაჭრო ომის თავიდან აცილება.

დღემდე რუსეთი ძირითადად იგნორირებდა დონალდ ტრამპის სხვადასხვა მანევრებს. პეკინი კი ამ დროს იაპონიის ზღვაში რუსეთთან ერთობლივ სამხედრო წრთვნებ ატარებს. მოსკოვისა და პეკინის სიგნალი ვაშინგტონისათვის აშკარაა – უკრაინაში მშვიდობის დამყარება ორივეს გეგმებს ეწინააღმდეგება.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6993 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1466 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.

როდესაც ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს რისკის ქვეშ არ დააყენებდა ქვეყნის უსაფრთხოებას – ბოჭორიშვილი

როდესაც ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ქვეყნის უსაფრთხოებას

როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და გარკვეულ რეაგირებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, – აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცნობილ ესპანურ მედიაგამოცემა El MUNDO-სთან ინტერვიუში.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რაც საფრთხის წინაშე აყენებდა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

„2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რაც საფრთხის წინაშე აყენებდა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და რუსეთთან ახალი კონფლიქტის დაწყების რისკს აჩენდა. ჩვენ ზედმიწევნით გავაანალიზეთ, თუ რა ძალები იდგნენ ამ კამპანიების უკან. როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და გარკვეულ რეაგირებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამგვარ პირობებში, ცხადია, ძლიერდება ჩვენი პასუხისმგებლობა – ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა El MUNDO-სთან ინტერვიუში.

დავაკავეთ ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი – გეკა გელაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„საზოგადოებას მსურს, მივაწოდო ინფორმაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შესახებ, რომლის შედეგად დავაკავეთ ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისათვის იყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციას, სოციალურ ქსელებს და ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში, ინტენსიურად აგრძელებენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკორეალიზატორების დასაკავებლად კომპლექსური ღონისძიებების ჩატარებას, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს“,-განაცხადა შს მინისტრმა.

რუსეთი და აშშ უახლოეს დღეებში პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ – კრემლი

რუსული და ამერიკული მხარეები უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

მისი თქმით, ახლა ორი ქვეყნის ლიდერების სამიტზე მუშაობა მიმდინარეობს. მხარეებმა შეხვედრის ადგილიც შეათანხმეს. ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობა – აღნიშნა უშაკოვმა.

„ამერიკული მხარის წინადადებით, პრინციპში, მიღწეულია შეთანხმება უახლოეს დღეებში უმაღლეს დონეზე ორმხრივი, ანუ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ჩატარების შესახებ“, – განაცხადა პუტინის თანაშემწემ.

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

10 წლის წინ ორი სტუდენტი გოგონას – სოფი მუხულიშვილისა და თამო აფციაურის ონლაინ გაყიდვებით დაწყებული ბიზნესი დღეს ერთ-ერთ გამორჩეული, ფერადი და თემატური ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდია.

როგორც „კოსმოს“ თანადამფუძნებელი სოფიკო მუხულიშვილი ამბობს, ბრენდი მხოლოდ ადამიანური კაპიტალით და დიდი ენთუზიაზმით შეიქმნა. საქმეში თუ მომხმარებელთან გულწრფელმა და გულისხმიერმა დამოკიდებულებამ, კოსმოელების თავდაუზოგავმა შრომამ, ბრენდის სტრატეგიამ — ყოფილიყო უშუალო და მეგობრული, მუდმივად სიახლეების ძიებისა და განვითარების სურვილმა შედეგი გამოიღო და კოსმო ონლაინ სივრცეში მალევე ძალიან პოპულარული გახდა.

„დღეს ბრენდი 80 ადამიანისგან შემდგარ კოსმიურ გუნდს, 9 ფილიალს და უამრავ „კოსმოელ მომხმარებელს“ აერთიანებს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.  ბრენდის წარმატების მთავარი ძალა კოსმოელები არიან — ადამიანები კოსმოს შიგნით და გარეთ”, ამბობს სოფიკო მუხულიშვილი.

 2018 წლიდან „კოსმომ“ ახალი ეტაპი დაიწყო  აქსესუარებთან ერთად, წარმოადგინა ტყავისა და ხის კომბინაციით დამზადებული ჩანთების კოლექცია, რომელიც ქართული კულტურის შტრიხებს აცოცხლებდა. 2019 წელს კი ამ კოლექციიდან მოდელები ვუდლი და თანი ჰონგ-კონგში გამართულ APLF-ის საერთაშორისო გამოფენაზე საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. 2022 წელს „კოსმომ“ ჩოხის მოტივებზე შექმნილი ჩანთა –  „ჩოხჩა“ წარადგინა დუბაიში გამართულ კონკურსზე და გაიმარჯვა ხალხის რჩეულის ნომინაციაში.

კოსმო ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ხალხის როლს, ვინც ქმნის ქართულ იდენტობას. ერთ-ერთი გამორჩეული კამპანია  – „ქალები ბაზრიდან“ სწორედ ამას ასახავს. ბრენდმა ბაზარში დასაქმებულ ქალებს ერთი განსაკუთრებული დღე მიუძღვნა: გადაიღო მათი ფოტოპორტრეტები, მოუსმინა მათ ისტორიებს, შექმნა ჟურნალი და ასახა მათი ყოველდღიურობა. ამ კამპანიამ Ad Black Sea-ზე სამი ჯილდო მიიღო, მათ შორის ოქროს მედალი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის კატეგორიაში.

ბრენდის უახლესი ინიციატივაა „ღია სახელოსნო“ –  სივრცე, სადაც მომხმარებელი თავად ხდება კოსმოს ნაწილის შემქმნელი. აქ შეგიძლია კოსმოს ოსტატებთან ერთად შექმნა საკუთარი ჩანთა, აირჩიო ფერები, დიზაინი, წარწერა და დატოვო მასში შენი ემოცია.

„თითოეული ამ ინიციატივისა და იდეის ერთგული მხარდამჭერი თიბისია. თიბისისთან მეგობრობა ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან იწყება. ბიზნესის ტექნოლოგიური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და განსაკუთრებით მაშინ, როცა ნედლეულის შესაძენად ფინანსების მობილიზება გვჭირდებოდა, სწორედ თიბისის მხარდაჭერა გახდა გადამწყვეტი.ამ პარტნიორობის წყალობით შევძელით, რომ „კოსმოში“ შექმნილი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაგვეტანა. უკვე ორი წელია, დანიაში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ქსელთან ვთანამშრომლობთ და დიდ პარტიებად ვაწვდით ჩვენს ხელნაკეთ ნივთებს ნიშნით „Made in Georgia “.

„კოსმო“ ამტკიცებს, რომ შენს ჩანთას შეუძლია ილაპარაკოს, თქვას რაღაც მნიშვნელოვანი შენზე, შენს ისტორიაზე, შენს ხასიათზე. ეს არის “კოსმო” – ადამიანური, ფერადი და კოსმიური.

გერმანია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები – საქართველოში გერმანიის საელჩო

გერმანია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც ემსხვერპლა ძალადობასა და ომს, ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც ომის გამო დევნილად იქცა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. გერმანია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული არიან ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერები – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის სამი მენეჯერი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი კომპანია, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებდა ონლაინ პლატფორმის, აპლიკაციისა და მომსახურების ოფისების მეშვეობით.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია ახორციელებდა ვირტუალური აქტივის და ნაღდი ფულის კონვერტაციას და ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებას. ასევე, კომპანია ასრულებდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქციას.

„კომპანიას დიდი ოდენობით მიღებული შემოსავლის მიუხედავად, არ უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაყადაღებულია აღნიშნულ პირთა ქონება და ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის გამზირზე არსებული ოფისებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდების გამოსავლენად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა 

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში შერწყმა/შეძენის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა – „სილქ როუდ ჯგუფმა” სასტუმრო Rooms Kokhta-ს შენობა შეიძინა, რომელიც “აჭარა ჯგუფის” საკუთრებაში იყო. თიბისი კაპიტალმა ამ ტრანზაქციაში გამყიდველის ექსკლუზიური მრჩევლის როლი შეასრულა. 

თიბისი კაპიტალის მრჩეველთა გუნდის ჩართულობით შეთანხმება უმოკლეს ვადაში, ორ თვეზე ნაკლებ დროში, განხორციელდა. გაყიდვის პროცესი მოიცავდა: ბიზნესის შეფასებას, მყიდველის მოძიებას, მხარეთა შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობასა და ტრანზაქციის წარმატებით დახურვას.  

ბაკურიანში 2019 წლიდან გახსნილი Rooms Kokhta 95 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ახალ ბრენდზე, ობიექტის მართვასა და განვითარებაზე “სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი კომპანია “სილქ ჰოსფითალითი” იზრუნებს. ახალი მფლობელების მიზანია, სასტუმრო გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულების წერტილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.  

“სილქ როუდ ჯგუფსა” და “აჭარა ჯგუფს” შორის ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისთვის შერწყმა/შეძენის მე-9 გარიგებაა. საინვესტიციო ბანკს ამ მიმართულებით 3 ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში – ჯამურად 350 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები აქვს განხორციელებული.  

„თიბისის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან. მოხარული ვარ, რომ ამ ორ ჯგუფს შორის გარიგება სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. ჩვენი გუნდი კლიენტებს ეხმარება ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და შემდგომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების აღსრულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი წარმატებული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ამ მიმართულებაში ახალ გარიგებებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.  

„თიბისი ბანკი აჭარა ჯგუფის მრავალწლიანი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ჩვენს გუნდსა და სამომავლო ხედვას პირველივე ნაბიჯებიდან ენდობა და ფინანსურ პარტნიორობას უწევს. თიბისი კაპიტალთან კი აჭარა ჯგუფი მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს, რაც არაერთ წარმატებულ პროექტში გამოიხატება, მათ შორის, ამ შეთანხმებაში. წარმატებას ვუსურვებთ „სილქ როუდ ჯგუფს“ როგორც სასტუმროს, ასევე რეგიონის განვითარების ხედვის განხორციელებაში“,- ლუკა თავზარაშვილი, „აჭარა ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.

“მოხარული ვართ, რომ გარიგება “აჭარა ჯგუფთან” წარმატებით დაიხურა. “სილქ ჰოსფითალითის” პორტფელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივი შეემატა. ქონების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია  და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში შეძლებს საოპერაციო კუთხით  სასტუმროს გადმობარებას. “სილქ როუდ ჯგუფი”  და მისი დამფუძნებლები ათწლეულებია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებენ სამთო-სათხილამურო სპორტს, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ ხედვის კვალდაკვალ კიდევ უფრო დიდი შემართებით მოხდება ბაკურიანის კურორტისა და კონკრეტულად სასტუმროს განვითარება”,- ნონა ონიანი, “სილქ როუდ ჯგუფის” ფინანსური დირექტორი.

R

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს.

411 დაღუპული, დევნილად ქცეული 130 000-მდე ადამიანი, განადგურებული სოფლები, დაბომბილი გორი და სტრატეგიული ობიექტები, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირება – ასეთია ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შედეგი.

2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის არმიის შემოსვლა მოჰყვა.

ომიდან 17 წლის თავზე ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით დაყოფილი სოფლები, მოქალაქეთა გახშირებული გატაცებები, გადაადგილებისა და სამედიცინო დახმარების მიღების წართმეული უფლებები – ასეთია რეალობა საოკუპაციო ხაზთან.

არაერთი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ ექვსპუნქტიან შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს. მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოს იმ ისტორიულ გადაწყვეტილებასაც იგნორირებას უკეთებს, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებლად სწორედ რუსეთი მიიჩნია და ყველა დარღვეულ უფლებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.