საბანკო საქმე მხოლოდ ფულის მართვა როდია; საბანკო საქმე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბანკირის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე.
„ბანკირის პროფესიულ დღეს შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ ბანკირებისა და ფინანსისტების მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 187 წელი გავიდა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან. მან, ქართული ეროვნული ღირებულებების აღორძინებასთან ერთად, ქართული ბანკის დაფუძნება და განვითარებაც ითავა. ეს ფაქტი მოწმობს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ერის, ხალხის, სახელმწიფოს განვითარებაში საბანკო საქმის სათანადოდ წარმართვას. საბანკო საქმე მხოლოდ ფულის მართვა როდია; საბანკო საქმე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საბანკო-საფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია და მცირე მეწარმიდან მსხვილ საწარმომდე, სოფლად მყოფი ფერმერიდან ქალაქში მყოფ სტუდენტამდე, ყველას ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი მიზნები და მიიღოს დახმარება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
„ჯანსაღი საბანკო სისტემა უნდა განვიხილოთ, როგორც არა მარტო ეკონომიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი.
ამ მხრივ, მინდა ყურადღება გავამახვილო ეროვნული ბანკის განსაკუთრებულ როლზე ჩვენს ქვეყანაში სტაბილური საფინანსო გარემოს შენარჩუნებაში. ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მას დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, პირდაპირი საინფორმაციო თავდასხმების პირობებში, რომლებიც, მათ შორის, ჩვენს ვალუტას ეხება, ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. დიდი მადლობა ქალბატონ ნათია თურნავას პროფესიონალიზმისთვისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, წლების განმავლობაში საბანკო-საფინანსო სექტორის წარმატებული განვითარების შედეგად საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი გახდა.
„ჩვენ ვართ თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების დანერგვის, მომხმარებელთა მომსახურებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების მხრივ დიდი პროგრესის მომსწრენი. ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიკური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა.
დღესდღეობით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის, ფინანსური მომსახურებების ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე, თქვენი მოქნილობა და ინოვაციური მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დარწმუნებული ვარ, წარმატებით გააგრძელებთ სიახლეების დანერგვას და მომავალშიც უზრუნველყოფთ ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების სტაბილურობასა და განვითარებას.
ბანკირის დღეს თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით თქვენი საქმიანობისთვის. პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ფინანსური მომსახურებების ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და საბანკო-საფინანსო წრეების წარმომადგენლები.