Home Blog Page 3

ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, მაგრამ ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში-პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები სავარაუდოდ სექტემბერში ჩატარდება. შესაბამისი განცხადება ბურჭულაძემ ამ თემასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ესტონეთში არსებობს ტელეფონებით არჩევნების ჩატარების პრაქტიკა.

„უკვე, ასე თუ ისე, ისახება გეგმები, რისი გაკეთებაც გვინდა. გვინდა, შედგეს აუცილებლად ნამდვილი არჩევნები და არა ის ცრუ არჩევნები, რომლებიც ტარდებოდა აქამდე. ჩვენ გვაქვს ბევრი ვარიანტი, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ეს არჩევნები. არ შეიძლება ასე გაგრძელება, ჩვენს თანამებრძოლებს უკვე ნელ-ნელა ციხეც ემუქრებათ, რადგან ცრუ კომისიაა, ცრუ დადგენილებას იღებს და ცრუ მოსამართლეებმა უნდა ჩასვან ციხეში. ამის დაშვება არ შეიძლება. ამიტომ, ჩვენ ვქმნით ერთ დიდ ალტერნატივას, რასაც ჰქვია საქართველოს ხალხი, საქართველოს დღევანდელი ე.წ. პარლამენტის წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს, ე.წ. პარლამენტი თუ საქართველოს ხალხი.

მიდის მსჯელობაც, როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ასეთი დევიზი იქნება, რომ არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს. ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენია ეს ქვეყანა და ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას დადებითად სჭირდება. სამართლებრივად ძალიან კარგად წარმომიდგენია. ჩვენ გვყავს ნამდვილად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით. ჩვენ გვყავს ის მთავრობა, ჯერ კიდევ უზენაესი საბჭო, რომელიც არავის არ გაუუქმებია. ეს არის ზვიად გამსახურდიას მთავრობა, რომელმაც მოიყარა თავი და ისიც გვერდით გვიდგას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, არავინ არ ჰყავს, თვითონ დაინიშნა თავისი თავი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ტელეფონით ჩატარდება თუ არა არჩევნები, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ესტონეთში ამის პრაქტიკა არსებობს და საქართველოშიც გადმოღებას აპირებენ.

„შეიძლება, ვინმეს გაეცინოს, რომ ტელეფონებით, თუმცა ესტონეთში უკვე ამის კარგი პრაქტიკაა და ჩვენ გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც ჟონავს „ქართული ოცნების“ ქაღალდი და ტელეფონებით ვაპირებთ ამის გაკეთებას. გვაქვს ვარაუდი, რომ არჩევნები ამ სექტემბერში ჩატარდება. რუსთაველის გამზირის ხალხიც არის აქ და ჩვენ აქედან გავდივართ. ისინი მზად არიან, რომ გავიდეთ რეგიონებში და ყველა მოვიყვანოთ ამ აზრებთან ახლოს.

გახარიები არ იყვნენ დღეს, მაგრამ გახარიასთან მე მქონდა პირადი შეხვედრა და ბატონმა გიორგიმ ბრძანა, რომ თქვენ თუ ჩაატარებთ ამ არჩევნებს, აუცილებლად თქვენთან ერთად მივიღებ მონაწილეობასო. ჩვენ აქ მესამედ შევიკრიბეთ. სალომე ზურაბიშვილი ამის წინააღმდეგ რატომ უნდა წავიდეს? მასაც უნდა საქართველოში იყოს სამართალი. ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ის, რასაც ვენდობი და ამ არჩევნებში თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, კაი ბატონო. მაშინ ჩვენ შევალთ პარლამენტში კი არა, ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ეჭვი ძალიან მეპარება“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საარჩევნო ბიულეტენში პარტიების ჩამონათვალი როგორი იქნება, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ეს პარტიების გადასაწყვეტია.

„შორს წახვედით, პარტიები როგორ შეიკრიბებიან, როგორი კოალიცია იქნება, ეს მათი გადასაწყვეტია. დღეს ჩვენ არ ვთხოვთ პარტიებს, რომ გაერთიანდნენ ერთ დიდ პარტიად, ჩვენ ვთხოვთ გაერთიანდნენ ჩვენი იდეის გარშემო, რასაც ჰქვია ეს შეხვედრები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდნენ, მათ შორის თაკო ჩარკვიანი, ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გია ბუღაძე, კობა ხაბაზი, პაატა მანჯგალაძე.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eTN.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2020 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ ნინუა გადადგა, რათა მის თანამემამულეს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს აეყვანა ის სამსახურში. ის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ნინუა პოლოლიკაშვილის სკოლის მეგობარია და სწორედ აქ შეიძლება განვითარებულიყო კრიმინალური შეთქმულება.

სტატიის თანახმად, მიხეილ ნინუამ თავისი და იტალიაში საქართველოს გენერალურ კონსულად დანიშნა.

„იტალიას ჯერ არ ჰყავს საქართველოში ელჩი, მაგრამ მოსალოდნელი იყო, რომ ილია გიორგაძე გახდებოდა პირველი ქართველი ელჩი. გიორგაძემ 2018 წელს ზურაბ პოლოლიკაშვილის პოსტი დაიკავა, როგორც საქართველოს ელჩმა ესპანეთში. ესპანეთში ის რუმინეთიდან გადავიდა, სადაც საქართველოს ინტერესებს ელჩის რანგში ხელმძღვანელობდა.

შესაძლოა, ილია გიორგაძე ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად მონაწილეობდა ვიქტორ დე ალდამასთვის – ესპანეთში გახმაურებული „კოლდოს საქმის“ მთავარი ფიგურანტი – საქართველოს საპატიო კონსულის წოდების მინიჭებაში. იტალიის ნაცვლად, ის ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა.

პირველად, გასულ კვირას, პოლოლიკაშვილმა მედიას მიმართა და განაცხადა, რომ მას ბატონ ალდამას ბიზნეს გარიგებებთან საერთო არაფერი ჰქონდა, ასევე უარყო მისი მონაწილეობა ნავთობის ბიზნესში.

ილია გიორგაძის ქალიშვილი, მაშა, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისთვის დისტანციურად მუშაობს საქართველოდან. როგორც ჩანს, ის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის ყოფილმა დირექტორმა, იტალიელმა ალესანდრა პრიანტემ დაასაქმა.

2018 წელს პოლოლიკაშვილის დანიშვნისა და სადავო არჩევნების შემდეგ, მან გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის რეორგანიზაცია ჩაატარა და საქართველოდან 6 წევრი დაასაქმა, რათა მის თანამემამულეებსა და მეგობრებს მასთან ემუშავათ.

2021 წელს მიხეილ ნინუა პასუხისმგებელი იყო ერ-რიადში გაეროს ტურიზმის რეგიონული ოფისის გახსნაზე, რისთვისაც საუდის არაბეთმა მილიონები გადაიხადა.

2021 წლის 26 მაისს ერ-რიადში გამართულ გახსნის ცერემონიაზე, გაეროს ტურიზმის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს შეუერთდნენ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი, აჰმედ ალ ხატები და პრინცესა ჰაიფა ალ-საუდი, ტურიზმის მინისტრის მოადგილე სტრატეგიისა და ინვესტიციების საკითხებში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახლო აღმოსავლეთისა და სხვა რეგიონების ტურიზმის მინისტრები, ისევე, როგორც კერძო სექტორის ლიდერები.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საუდის არაბეთში მდებარე ოფისში მცირე აქტივობა შეინიშნებოდა, რადგან ვარაუდობენ, რომ მიხეილ ნინუა ზედმეტად იყო დაკავებული სამეფოში უცხოელი ბიზნესმენებისთვის და ასევე ზურაბ პოლოლიკაშვილის მამისთვის საბანკო ანგარიშების გახსნით, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნავთობის სფეროში სავარაუდო ბიზნეს საქმიანობასთან. ეს ინფორმაცია eTN-ს ზურაბთან დაახლოებულმა ცნობილმა და სანდო წყარომ მიაწოდა.

წყაროს თანახმად, 2024 წლის ივლისის ბოლოს ნინუა საქართველოში დაბრუნდა ნავთობთან დაკავშირებული ბიზნესის ხელმძღვანელობისთვის. მისი ოჯახი ერთი წლით ადრე დაბრუნდა. დუბაიში ის FIA-ს პრეზიდენტს, მოჰამედ ბენ სულაიემს დაუახლოვდა და ის თავის მეგობარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს გააცნო.

სულაიემი 2024 წლის სექტემბერში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მდგრადი ტურიზმის ელჩად დაინიშნა კატეგორიაში „სპორტი“.

შაიხა ნასერ ალ ნოვაისი, რომელიც ამჟამად გაეროს ტურიზმის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატია, გლობალურად აღიარებული ლიდერია ტურიზმის, სასტუმროებისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში. მან ხელი შეუწყო მდგრადი ტურიზმის, ეთიკური მმართველობისა და ინკლუზიური ზრდის განვითარებას სხვადასხვა რეგიონში. მისი ოჯახი ფლობს სასტუმროების ჯგუფ „როტანას“.

მუსლიმურ საზოგადოებაში მარტოხელა ქალის არჩევის შანსები ნულის ტოლია. ამიტომ პოლოლიკაშვილის კავშირების გათვალისწინებით დუბაისთან, მისი კანდიდატურის მიზანი შეიძლება იყოს პირველ ტურში ხმების გაყოფა, პოლოლიკაშვილის ხელახალი არჩევის შანსების გაზრდა და ამავე დროს შაიხას საოჯახო ბიზნესის, სასტუმროების ქსელ „როტანას“ ინტერესების წინ წამოწევა.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს პოლოლიკაშვილის მოქმედების სტილს, რომელმაც არასდროს მისცა eTN-ს მასთან საუბრის საშუალება და აკრძალა ამ ახალი ამბების გამოცემის დასწრება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ყველა ღონისძიებაზე. სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ეს ქალბატონი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გენერალური მდივნის კავშირებით იყო მოთავსებული, რათა ხმები გაეყო და გაერთულებინა პოლოლიკაშვილის სადავო მესამე ვადის წინააღმდეგ მყოფი ნებისმიერი კანდიდატისთვის მომავალ არჩევნებში ერთ ტურში გამარჯვება.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია არის გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია პასუხისმგებლიანი, მდგრადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ტურიზმის ხელშეწყობაზე. ვიქტორ დე ალდამა, რომელიც გლობალური მასშტაბის კრიმინალურ გამოძიებაში ფიგურირებს, როგორც ჩანს, მიხეილ ნინუას ახლო მეგობარი იყო.

eTurboNews-მა გაავრცელა ინფორმაცია ინსაიდერებზე დაყრდნობით, რომელთა თქმითაც, პოლოლიკაშვილი ჩეფერინის შემდეგ უეფა-ს პრეზიდენტობაზე ოცნებობდა. შესაძლოა, ის ასევე ცდილობს მიიღოს მაღალანაზღაურებადი პოზიცია საუდის არაბეთში, სადაც 2034 წელს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

წყარო

ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი იშლება, ჩვენს გეოგრაფიაში ყალიბდება სრულიად ახალი განტოლება, რომლის ცენტრში არის თურქეთი-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სწრაფად აღწევს იმ პოზიციას, რასაც იმსახურებს ახალ ეპოქაში.

„დიახ, თურქეთის ჰორიზონტი ფართოვდება. თურქეთის ვარსკვლავი სულ უფრო კაშკაშებს. თურქეთი დიპლომატიის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა სფეროების ახალ ლიგაში ასპარეზობს“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, იბადება ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომლის ცენტრალურ ადგილს თურქეთი იკავებს.

„ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი იშლება, ჩვენს გეოგრაფიაში ყალიბდება სრულიად ახალი განტოლება, რომლის ცენტრში არის თურქეთი“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე ისაუბრა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ განიარაღებასა და დაშლაზე, რასაც მრავალწლიანი ძალადობის დასრულებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სპეცსამსახურები ყურადღებით დააკვირდებიან დაჯგუფების განიარაღების პროცესს.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გუშინ ტელეფონით ოთხმხრივი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან და სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან. ასევე, ბოლო დღეებში ტელეფონით კომუნიკაცია ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, ემანუელ მაკრონთან და ჯორჯია მელონისთან. ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტი ალბანეთში გაემგზავრება, სადაც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სამართლიანი უნდა იყოს და მისი ღირსების შელახვა არავინ უნდა სცადოს, “მეგობარი აქტი” ტყუილებით არის გაჯერებული -არჩილ გორდულაძე

საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სამართლიანი უნდა იყოს და მისი ღირსების შელახვა არავინ უნდა სცადოს. „მეგობარი აქტი“ ტყუილებით არის გაჯერებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ პარტნიორული ურთიერთობები მაღალ ხარისხში იყოს.

„„მეგობარი აქტის“ სახელით მიღებულია „დიფ სთეითის“ მიერ მართული პროცესი, მტრული აქტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც ტყუილებით არის გაჯერებული. ამ დოკუმენტის ერთადერთი მიზანია, თემა აქტუალური იყოს და მასზე კომენტარები გაკეთდეს, ეს ადამიანები შეეცადონ, ქვეყანაში გაჩნდეს აღქმა, რომ ურთიერთობები გაფუჭებულია, თუმცა ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გვინდა. ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯებს, რომ პარტნიორული ურთიერთობები მაღალ ხარისხში იყოს. სამწუხაროდ, ისეთ პასუხებს ვიღებთ, რაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.  

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს რეპუტაცია შეულახოს, თან პოლიტიკას შეეფარონ და საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცნენ -არჩილ გორდულაძე

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ინსტიტუციების ჩამოქცევა უნდა, ცდილობენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს რეპუტაცია შეულახონ, თან პოლიტიკას შეეფარონ და საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონი მკაცრია და შესასრულებლად სავალდებულო.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ინსტიტუციების ჩამოქცევა უნდა, მათი გადაწყვეტილება ინსტიტუციური უპატივცემულობაა. წარმოიდგინეთ შემთხვევა, თუ სხვა ბრალდებული გირაოს არ გადაიხდის, რა შედეგი დადგებოდა და სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელებდა თუ არა? რა თქმა უნდა, იმსჯელებდა, რადგან კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ზუსტად იგივე მოხდა ოქრუაშვილის შემთხვევაში. ეს ადამიანები ცდილობენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს რეპუტაცია შეულახონ, თან პოლიტიკას შეეფარონ და საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცნენ. ეს ადრეც გაუკეთებიათ და ახლაც იმავეს აგრძელებენ, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ კანონი მკაცრია და შესასრულებლად სავალდებულო, იმის მიუხედავად, ეს ადამიანი რამდენჯერ გამოჩნდება „ნაცმოძრაობის“ არხებზე“, – განაცხადა არჩილ გორუდლაძემ.

“მეგობარი აქტი” აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება -გია ვოლსკი

„მეგობარი აქტი“ აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება, – ამის შესახცებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „მეგობარი აქტი“ სიცრუეს შეიცავს, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს.

„„მეგობარი აქტი“ არათუ უსამართლოა, არამედ გეგმაზომიერი სიცრუეა, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. აბსოლუტური აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა დაუკავშირა ირანს ან საგარეო კურსი შეცვალა და რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდა. ასეთი არცერთი ფაქტი არ არსებობს, მით უმეტეს, 2012 წლიდან. არ შეიძლება, საქართველოს პოზიციის ცალკე განხილვა იმ ვითარებიდან, რომელიც მსოფლიოში არსებობს. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. არ შეიძლება, ჩუმად იყო, როცა არჩევითი ორგანო ასეთ განცხადებას/რეზოლუციას უჭერს მხარს. აუცილებელი იყო ამ კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ ამ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე, რაც მოვისმინეთ. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება. განცხადება გამოქვეყნდა, თითქოს საქართველო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კორუმპირებულს უწოდებს. ეტყობა, ვიღაცაში ვეშლებით – „მაკკეინის ინსტიტუტში“, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი დაიქირავა, ხელფასს უხდის და ადმინისტრაციას აგინებს. ეს ის ხალხია, ვისაც ჯო უილსონი თანაუგრძნობს და გვერდში უდგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7425 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7425 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7436 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0732 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0822 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0090 ლარი შეადგინა.

ქუთაისში ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ქუთაისში, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 54 სტატუსის მაძიებელი პირის საქმე განიხილეს. კომისიას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის ძირითადი ამოცანაა, ვეტერანისა და ვეტერანის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი სტატუსის მაძიებელ იმ პირთა განცხადებების განხილვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის/დაღუპვის ფაქტის დადგენა, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია.

ასევე, იმ პირთა განცხადებების განხილვა, რომელთა დოკუმენტაციიდან არ დგინდება კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად მივლინების ფაქტი და არ გააჩნიათ ბრძანება კონფლიქტის ზონიდან დაბრუნების შესახებ.

სტატუსის მაძიებელი, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენის თაობაზე, განმეორებით კომისიის სხდომაზე აღარ დაიშვება; გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ფაქტობრივი, ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის გადაწყვეტილებას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი, ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს მაძიებლისათვის უფრო ხელსაყრელი, ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის განახლებული შემადგენლობა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დონალდ ტრამპმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 15 მაისის ნომერში რუბრიკით „რედაქციის ხედვა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს“.

პუბლიკაციაში ნათქვამია:

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ბოლო დროს შეთანხმებები გააფორმა დიდ ბრიტანეთთან, ჩინეთთან და ახლა საუდის არაბეთთან და ყატართან, იგი საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რომელიც ეჭვებს აჩენს მისი გამოცდილების მიმართ გარიგებების დადების საკითხში.

დღეს, 15 მაისს, უკრაინელი და რუსი მომლაპარაკებლები სტამბოლში ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან. მანამდე კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, მაგრამ არა რომელიმე დაბალი რანგის მქონე ჩინოვნიკს. უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინები არ გამართლდა – ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ გაემგზავრა და თურქეთში თავისი თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი გაგზავნა. სწორედ ის არის კრემლის დელეგაციის ხელმძღვანელი.

დონალდ ტრამპმა, სანამ ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში ვიზიტით წავიდოდა, მანამდე განაცხადა, რომ თუ პუტინი სტამბოლში ჩასვლას დააპირებდა, თვითონაც შეცვლიდა ვიზიტის მარშრუტს და შეიძლებოდა რუს ლიდერს სტამბოლში შეხვედროდა. სამწუხაროდ, ტრამპის მოლოდინი არ გამართლდა.

აშშ-ის პრეზიდენტს ისღა დარჩენია, რომ მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. დონალდ ტრამპს ასევე მოუწევს იმავდროულად ევროპელთა მოქმედების კოორდინაციაც მოახდინოს, რომელიც დღეისათვის საკმაოდ დეზორგანიზებულია: პარიზი, ლონდონი და ბერლინი მოსკოვის მიმართ სასურველ მიზანს ვერ აღწევენ.

მისტერ დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, თანდათან აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს არ უნდა ენდოს და რომ ზეწოლა მშვიდობის დამყარებისათვის კიევზე კი არ უნდა მოახდინოს, არამედ მოსკოვზე. სამწუხაროდ, აშშ-ის ლიდერმა მმართველობის პირველ დღეებში საშიში შეცდომები დაუშვა. შესაბამისად, ახლა მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინს სხვა არჩევანი არ ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ დაეთანხმოს წაყენებულ პირობებს და უსამართლო ომი შეწყვიტოს.

გასაგებია, რომ ევროპელები ცდილობენ რუსეთის შეკავებას, მაგრამ ისინი ძალიან დაყოვნებით მოქმედებენ რუსეთთან ჯერ კიდევ შემორჩენილი ეკონომიკური კავშირების გასაწყვეტად. გარდა ამისა, მათ მათ შიდა პრობლემებიც აქვთ – ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ანტირუსული პოლიტიკის გატარებას ეურჩება. შესაბამისად, რადგან ახალ მასშტაბურ სანქციებს კონსენსუსი ჭირდება, ისინი მიღებული არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს რუსეთთან მიმართებით ამერიკის დახმარება ჭირდებათ – უიმისოდ ევროკავშირის ნაბიჯები რაიმე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი არ იქნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირება, რომ 2027 წლისათვის ევროკავშირის რუსული მილსადენური გაზის იმპორტს მთლიანად შეწყვეტსო, შეიძლება შეუსრულებელი დარჩეს.

ექნება თუ არა დონალდ ტრამპს ამ ამოცანის შესრულების სურვილი, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამასთან, აშკარაა, რომ ევროკავშირი უუნარო და სუსტია, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად რაღაც შეცვალოს. უკრაინას აშშ-ის და კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერა ჭირდება, თუ ჩვენ სასურველი შედეგის მიღება გვსურს.

წყარო

უკრაინასთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უხმაუროდ იცვლება – Financial Times

„უკრაინასთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უხმაუროდ იცვლება“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – გაი ჩაზანი), რომელშიც განხილულია აშშ-ის ლიდერთა დამოკიდებულების ტრანსფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით: თეთრი სახლი სულ უფრო იხრება უკრაინის მხარდაჭერისაკენ და მიიჩნევს, რომ რუსეთს გადაჭარბებული ამბიციები აქვს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საგარეოპოლიტიკურ ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში შვიდ მაისს გაიმართა, როცა ვიცე-პრეზიდენტს ჯეიმს დევიდ ვენსს უკრაინის შესახებ კითხვა დაუსვეს, დამსწრე დიპლომატები ელოდნენ, რომ იგი, ჩვეულებრივ, უკრაინას გააკრიტიკებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მათ „სრულიად სხვა პასუხი მოისმინეს“: ჯეიმს ვენსმა ისაუბრა რუსეთის მოთხოვნებზე კიევის მიმართ და აღნიშნა, რომ „ჩვენი აზრით, კრემლს ძალიან ბევრის მიღება სურს“.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა იგივე გაიმეორა მომდევნო დღეს ტელეარხ „ფოქს ნიუსთან’ ინტერვიუში და დაამატა, რომ „რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმ ტერიტორიის გადაცემის იმედი, რომელიც მას ჯერ არ დაუკავებია“.

აშშ-ის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად ავლენენ მოუთმენლობას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ. თავდაპირველი ეჭვები, რომ ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ყველაზე დიდ დაბრკოლებას მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკი უქმნის, ახლა იმით შეიცვალა, რომ სამშვიდობო პროცესის ყველაზე მთავარ დამამუხრუჭებელს ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს. ანუ შეერთებული შტატები ამჟამად სწორედ ვლადიმერ პუტინს თვლის ხელშემშლელ ფაქტორად, რომლისთვისაც კომპრომისები მიუღებელია.

„ამერიკელებს უბრალო იდეა ჰქონდათ – მოდით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ზეწოლა მოვახდინოთ და რუსეთი მოვხიბლოთ. კრემლს ასე უფრო იოლად დათანხმდება გარიგებას. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის მოხიბვლა არასაკმარისი ყოფილა“, – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა, გერმანელმა დიპლომატმა, ყოფილმა ელჩმა აშშ-ში. მან აღნიშნა, რომ მოხარულია ჯეიმს ვენსის თვალსაზრისი ცვლილებით რუსეთის მიმართ და რომ კრემლთან დამოკიდებულების საკითხში აშშ-სა და ევროპის პოზიციები ერთმანეთს უახლოვდება. იმავდროულად ვოლფგანგ იშინგერმა მიუთითა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯერ არ გადაუდგამს მორიგი ლოგიკური ნაბიჯი და არ უთქვამს, რომ მოსკოვის მიმართ „ქანჩები უნდა იქნას მოჭერილი“.

დამკვირვებელთა აზრით, რუსეთის უარი კომპრომისზე დონალდ ტრამპს ძალიან აღიზიანებს. „აშშ-ის პრეზიდენტის დიტყვებში სინანული გამოსჭვივის. მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ძალიან ბევრი გასცა და ამის სანაცვლოდ უკან არაფერი არ მიუღია“, – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში.

კიდევ ერთი დიპლომატის – უილიამ ტეილორის თქმით (იგი აშშ-ის ელჩი იყო კიევში 2006-2009 წლებში), „დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მეგობარი  არ არის… მისი ნდობა არ შეიძლება. გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ კრემლი სერიოზულ მოლაპარაკებას არც აპირებს“.

„დონალდ ტრამპი ნათლად ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არ არის თანამშრომლობისათვის… თუმცა მე დარწმუნებული არ ვარ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტავის რუს კოლეგაზე მნიშვნელოვან ზეწოლას განახორციელებს“, – აღნიშნავს ერიკ გრინი, კარნეგის ფონდის თანამშრომელი, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზდენტობის დროს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პროგრამების მთავარ დირექტორად მუშაობდა და რუსეთთან დაკავშირებულ კვლევებს ხელმძღვანელობდა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტიდან, როცა დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ შეკამათდნენ, საკმაო დრო გავიდა, აშშ-ის და უკრაინის ურთიერთობა ნორმალური რეჟიმით მიმდინარეობს, რასაც ხელი შეუწყო მინერალური რესურსებით სარგებლობის შესახებ ხელმოწერილმა შეთანხმებამ. უკრაინელი ჩინოვნიკების აზრით, აღნიშნული გარიგება ზრდის იმის ალბათობას, რომ აშშ უკრაინის თავდაცვის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს. „დონალდ ტრამპი დღეისათვის „თამაშში უკვე ჩართულია“, – თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა დიპლომატმა.

იმავდროულად პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – მართლაც არის დონალდ ტრამპი სიმპათიურად განწყობილი უკრაინის მიმართ თუ იგი უბრალოდ იმას აჩვენებს, რომ თითქოსდა მზადაა რუსეთის დასასჯელად  კრემლის ჯიუტობის გამო? ბევრმა დასავლელმა ლიდერმა და მათ შორის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა კიტ კელოგმა გააკრიტიკეს ვლადიმერ პუტინის წინადადება რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკების შესახებ საომარი მოქმედებების შეწყვეტის გარეშე, რასაც დასავლეთი და უკრაინა ითხოვს, თუმცა თვითონ დონალდ ტრამპმა „პუტინის გამბიტი მოიწონა“.

ექსპერტების აზრით, რუსეთი ელოდება, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ დონალდ ტრამპის მოთმინების ფიალა აივსება და იგი თავის მცდელობებს შეწყვეტს. „პუტინი გრძელვადიან თამაშს თამაშობს და თვლის, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს. კრემლი ელოდება, რომ დონალდ ტრამპი ინტერესს დაკარგავს, ამერიკელები სამხედრო დახმარებას შეწყვეტენ და ამის შედეგად უკრაინის არმია დასუსტდება“, – ამბობს მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში.

ექპერტები ადასტურებენ, რომ ბოლო ხანებში იმის რისკი, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას ბედის ანაბარად მიატოვებს, მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ექს-თანამშრომელი თომას გრემი ამბობს, დონალდ ტრამპისათვის რთული იქნება თავისი ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევა – რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა – უკრაინის საკითხის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე. „ამჟამად ბევრი რამ არის სასწორზე დადებული. დიახ, მას შეუძლია უკრაინის მიტოვება, მაგრამ თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, მისი ნაბიჯი კრახს დაემსგავსება“, – ასკვნის თომას გრემი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

13 მაისს, ლონდონში, თიბისი ლიზინგს და EBRD-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმსხვილესმა სალიზინგო კომპანიამ 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.


აღნიშნული ტრანზაქცია ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ნაწილია და ასახავს ორგანიზაციების მზაობას, ხელი შეუწყონ ქართული ბიზნესების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას.


დაფინანსების 50% მიმართული იქნება მწვანე ინვესტიციებზე, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ სპეციალური სალიზინგო პროდუქტებით განახლებადი ენერგიის და მდგრადობაზე ორიენტირებული აქტივების მიმართულებით. მეტ ქართულ კომპანიას ექნება საშუალება გაეცნონ მსოფლიო ტენდენციებს გარემოსდაცვითი, მდგრადი გადაწყვეტილებების მიმართულებით და მიიღონ დაფინანსება საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.


“პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ ისეთ საიმედო პარტნიორთან, როგორიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია მრავალწლიან თანამშრომლობას კიდევ უფრო ვაღრმავებთ, რაც ხელმოწერილი ხელშეკრულებითაც დასტურდება. ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართულია საქართველოს მცირე და საშუალო სექტორის გაძლიერებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც მდგრადი განვითარება და მწვანე დაფინანსებაზე გაზრდილი წვდომაა. მოზიდული 11 მილიონი ევროს რესურსი, სწრაფად განვითარებად ბაზარზე SME (მცირე და საშუალო საწარმოების) მხარდაჭერას მოხმარდება” – გაიოზ გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“ – ირაკლი კობახიძე

გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ჩვენ ვიქნებით ამისთვის მზად, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკული მხარის მიმართ გაკეთებულია ძალიან კონკრეტული შეთავაზებები და არის სრული მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვისთვის.

„ჩვენ გვაქვს შეთავაზება ამერიკული მხარის მიმართ, ეს შეთავაზება არაერთგზის გავაჟღერეთ, გვქონდა კომუნიკაცია, მათ შორის საჯარო განცხადებები მქონდა მანამდე გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ სრულად მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. რეალურად ძირითადად იგივე გზავნილი იყო გახმოვანებული ჩემს ღია წერილშიც. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ამას ელოდება ქართული საზოგადოებაც. თუ არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, ეს იქნება უტყუარი ნიშანი იმის, რომ „დიფ სთეითი“ ინარჩუნებს უპირატესობას ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც იქნება ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი. გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება უკვე შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ჩვენ ვიქნებით ამისთვის მზად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.