Home Blog Page 297

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

🌨 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. ❗️საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. ❗️❗️დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი. (საფრთხის დონე საშუალო).

,,მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია,”- ვატო შაქარიშვილი

მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციისგან მიღებული დარტყმების შედეგად, აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ირაკლიალასანიას სახით, ახლა ხავსს ეჭიდება. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, “დიფ სთეითში” ვერ გაიგეს მთავარი – საქართველოში მათი მარცხის მიზეზი, არა მხოლოდ პერსონები, არამედ, საქართველოსთან მიმართებით მათი რეალური მიზნებია.

„მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია. მისი “ქამბექიც” შესაბამის პლატფორმაზე მოხდა, სპეცსამსახურების განყოფილების – „რადიო თავისუფლების” ეთერში.

ვრცელი ინტერვიუს დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ რესპონდენტი კონკრეტული დავალების შესასრულებლად გამოიძახეს და ისიც მალევე შეუდგა ტყუილების მოყოლას.

ისეთი აბსურდები ილაპარაკა საჰაერო სისტემებზე, სააკაშვილი რომ ამბობდა, ისეთი ბეტონის ორმოები ავაშენე თბილისის შემოგარენში 6 თვე გავუძლებთ რუსეთის შემოტევასო.

„გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული დარტყმებისგან აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ახლა ხავსს ეჭიდება, ხავსი კი ამ შემთხვევაში ალასანიაა.

ერთი და მთავარი ვერ გაიგეს იქ Deep State-ში, რომ საქართველოში მარცხის მიზეზი, მხოლოდ პერსონებში არ არის, არამედ ამის მთავარი მიზეზი მათი რეალური მიზნებია ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში.

აგენტურული ხელისუფლების დაბრუნებას ვერც ლომჯარია-გიგაურის ხელით შეძლებენ და ვერც ირაკლი ალასანიას ხელით.
განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ალასანიას CV ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროიდან, როდესაც ის ოპოზიციაში ჩანერგეს და ჩამშლელის როლი განუსაზღვრეს. ქართული ოცნების კოალიციაშიც იგივე ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ დროულად მოხდა მისი გამოაშკარავება, ხოლო ცალკე რასაც წარმოადგენს და როგორი მხარდაჭერაც აქვს იქვე გამოჩნდა 2016 წლის არჩევნებში, ბარიერს მიღმა რომ დარჩა.

მის პიროვნებაზე ასევე მკაფიოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერთა უმრავლესობა მას გაემიჯნა და დღეს ქვეყნის სამსახურში დგანან და არა Deep State-ის.

ასე რომ, ტყუილად ჰგონიათ ჩვენი ქვეყნის მტრებს, რომ სტაჟიან აგენტს დრო გაასუფთავებს და მის რეალურ სახეს ვერ ვიცნობთ!

P.S. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტაჟიანი აგენტის შემოცურების მცდელობა იქვე დასამარდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ურცხვად თქვა – ის საკუთარ ფინანსებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებსო…” – წერს ვატო შაქარიშვილი.

,,გვჯერა, ევროკავშირშიც შეიცვლება ვითარება, ის ძალები იქნებიან წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ”- მიხეილ ყაველაშვილი 

ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები, პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ გაზრდილიყო პოლარიზაცია, ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, სჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ.

„ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დღეს არ დაწყებულა, საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენი ისტორიული სურვილია, ვიყოთ ევროპის წევრი. ჩვენს ხალხს მთელი ისტორიის მანძილზე სურვილი ჰქონდა, საერთო  ღირებულების ნაწილი ვყოფილიყავით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია. ევროკავშირთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ორმაგმა სტანდარტებმა და არასწორმა დამოკიდებულებამ წარმოშვა. ზოგიერთი ბიუროკრატის, განსაკუთრებით, ბრიუსელის და ევროპარლამენტის წევრების, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის, რომლებიც ორმაგი სტანდარტით და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ევროპის იდეას ანგრევდნენ. ამაზე გვქონდა ჩვენ მუდმივად საუბარი და ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. მინდა, ვახსენო აშშ- ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, ზუსტად ერთი ერთში არის იგივე გზავნილი, რაზეც ჩვენ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები. პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ აქ გაზრდილიყო პოლარიზაცია. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ იდეას და ღირებულებებს. ჩვენ ამას წინ აღვუდექით და გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. ეს ბრძოლა არ გაჩერებულა, ჩვენ გვწამს ევროპის და გვინდა, მისი ნაწილი ვიყოთ. გვჯერა, გამოსწორდება იქ სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც ამ ღირებულებებს პატივს სცემენ. სხვა შემთხვევაში, როგორც აქამდე ვაცხადებდით, ჩვენთვის პირველი ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომელიც პრინციპში გადარჩენასთან არის ასოცირებული. ჩვენ ისეთ ღირებულებებს ვიცავთ ამ ორმაგი სტანდარტისგან, რომელსაც სახელმწიფოს გაძლიერება ჰქვია. ისინი აკეთებდნენ იმას, რომ შესაძლებელი იყო, საქართველო საერთოდ განადგურებულიყო. ამ რეგიონში ყოფილიყო ცეცხლი, ომი და უბედურება. მათი დამოკიდებულების, ამ ორმაგი სტანდარტის შედეგი შეიძლება, ყოფილიყო რაც უკრაინაში ხდება, ანალოგიური მომხდარიყო კავკასიაში. ამას აღვუდექით წინ და გამოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

,, 2024 წლის აპრილიდან 2025 წლის თებერვლამდე რუსეთმა დონეცკის ოლქის სამ ქალაქთან 20 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა”- უკრაინული ანალიტიკური პროექტი 

2024 წლის აპრილიდან 2025 წლის თებერვლამდე რუსეთმა უკრაინაში დონეცკის ოლქის სამ ქალაქთან 20 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინული ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის“ ანგარიშში.

ანალიტიკოსების გათვლით, რუსეთის არმიის ზარალი დაღუპულების, დაჭრილების და ტყვედ ჩავარდნილების სახით შეფასდა ბელოგოროვკაში, ჩასოვ იარში და ტორეცკში.

აღნიშნულ სამ ქალაქში რუსეთის არმიის 7,5 ათასამდე ჯარისკაცი მოკლეს.

აღნიშნულ პერიოდში ტორეცკში რუსულმა არმიამ 4 ათასი ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულების სახით, 8 400-ზე მეტი დაშავდა, 44 კი ტყვედ ჩავარდა.

ბელოგოროვკაში რუსეთის არმიის 1 543 ჯარისკაცი მოკლეს, 1 455 დაშავდა, 15 კი ტყვედ ჩავარდა. რაც შეეხება ჩასოვ იარს, აქ რუსული არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 1 967-ს აღწევს, 2 897 დაშავდა, 16 კი ტყვედ ჩავარდა.

ვიქტორ ორბანი – უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე მისი გაწევრიანება უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება

უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე მისი გაწევრიანება უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„უკრაინის გაწევრიანება გაანადგურებს უნგრელ ფერმერებს და არა მხოლოდ მათ, არამედ მთელ უნგრულ ეკონომიკას“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა უნგრეთის შიდა საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ და სამ შვილიანი დედები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან და მიმდინარე წლის აპრილიდან საცხოვრებელი სახლისთვის სესხების საპროცენტო განაკვეთებს 5%-მდე შეამცირებს.

„ჩვენ ვაცხადებთ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო შემცირების პროგრამას“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

,,მისასალმებელია, რომ მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, ჩინეთთან დავამყაროთ ურთიერთობა, ეს კი მთელი რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს” – ყაველაშვილი

მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც არის ჩინეთი, ურთიერთობა დავამყაროთ, რაც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი, ასევე აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს გზაა ევროპული იდეა, რომელიც ღირებულია და ახლოსაა ქვეყანასთან.

„საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ ამ ბრძოლაში და ამ პროცესში. ჩვენი სურვილია, გავხდეთ ღირსეული და ძლიერი ქვეყანა, ეკონომიკით და კეთილდღეობით, ეროვნულ ინტერესებზე, ტრადიციებზე, ოჯახურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა. ასევე ჩვენი გზაა ევროპული იდეა, რომელიც ყველაზე მეტად ღირებულია და ახლოსაა ჩვენთან, ჩვენი მცდელობა გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ევროპაშიც შეიცვლება სიტუაცია, როგორც აშშ-ში. ჩვენ ვთვლით, რომ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობები, ნებისმიერ დიდ ქვეყანასთან და იცით, რომ ჩინეთი საკმაოდ დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ამ დერეფანში მისი ინტერესიც არსებობს. ამ პროცესში ასეთი დიდი ქვეყნის მონაწილეობა ძალიან სასარგებლოა ჩვენი, აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, ასეთი მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან დავამყაროთ ურთიერთობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბულგარეთში აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის მისიის შენობას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

ბულგარეთის ულტრამემარჯვენე პარტია „აღორძინების“ რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა სოფიაში, ევროკავშირის მისიის შენობას წითელი საღებავი შეასხა, შენობას ესროლეს პეტარდები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც შენობის შესასვლელ კარს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

როგორც „როიტერი“ ბულგარეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, დაახლოებით 10-მა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო ექვსი ადამიანი დააკავეს.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ „გადადექით“ და „არა ევროს“.

ქვეყნის მთავრობამ ევროკავშირის შენობებზე თავდასხმა დაგმო. აღინიშნა, რომ „მსგავსი თავდასხმები მიუღებელია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს“.

„არ გვინდა ბულგარეთის ფინანსური დამოუკიდებლობის განადგურება. გვინდა, შევინარჩუნოთ ბულგარული ლევი. აქ თავისუფლების დასაცავად ვართ“, – განაცხადა პარტია „აღორძინების“ თავმჯდომარემ, კოსტადინ კოსტადინოვმა.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვმა განაცხადა, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით 3%-იან დეფიციტს დააწესებს, რაც გზას გაუხსნის ევროს შემოღებას 2026 წლის 1-ლი იანვრიდან. „რიოტერი“ წერს, რომ ბულგარელების ნაწილს აწუხებს, რომ ეს გამოიწვევს ფასების მკვეთრ ზრდას, როგორც 2023 წელს ხორვატიაში მოხდა.

გიორგი ვოლსკი: გრანტის მომცემი ორგანიზაციები ყველა დათანხმდა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ

გრანტის მომცემი ორგანიზაციები ყველა დათანხმდა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ – შავი ფულის შემოდინება და მისი გამოყენება რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ამერიკული „ფარას“ ზუსტ ანალოგზე, ახალ კანონზე საუბრისას.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, კანონის გამკაცრებაა საჭირო იმრიგად, რომ იგი არ ცდებოდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და სტანდარტებს.

„ჩვენ ვეცადეთ, რომ საკმაოდ რბილი, ლოიალური კანონით ეს აუცილებლობა დაგვენახებინა პარტნიორებისთვის. შევთანხმდით კიდეც. ძირითადი, გრანტის მომცემი ორგანიზაციები ყველა დათანხმდა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ – შავი ფულის შემოდინება და მისი გამოყენება რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, კანონის გამკაცრებაა საჭირო იმრიგად, რომ იგი არ ცდებოდეს დემოკრატიულ პრინციპებს, სტანდარტებს, რომელიც დემოკრატიის ციტადელში, აშშ-ში მუშაობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ მოქმედი კანონით, კონკრეტული ორგანიზაციები ფინანსური გაუმჭვირვალობისგან თავის არიდებას ახერხებდნენ, რის გამოც გახდა საჭირო უფრო მკაცრი კანონის მიღება, როგორიცაა ამერიკული „ფარა“. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ახალი კანონი ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი იქნება.

ცნობილი გახდა, რა შემთხვევაში დაუშვებენ რუს სპორტსმენებს 2028 წლის ოლიმპიადაზე

ლოს ანჯელესის 2028 წლის ზაფხულის თამაშებამდე სამ წელზე მეტი რჩება. მომავალი ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება იქ რუსი სპორტსმენების დაშვება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთმა კანდიდატმა სებასტიან კოუმ განაცხადა, რომ რუსების მონაწილეობა 2028 წლის ოლიმპიადაზე შესაძლებელი იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები მოახერხებს რუსეთთან შეთანხმებას.

„ჩემი საქმე არ არის მშვიდობიანი მოლაპარაკებები. ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება. მნიშვნელოვანია, სად დგას ეს მაგიდა, ვინ ზის მასთან და როგორ გამოიყურება მაგიდაზე გაშლილი რუქა. თუ მიაღწევენ მშვიდობიან შეთანხმებას, მაშინ ოლიმპიური აკრძალვის მოხსნის საკითხი დეტალურ განხილვას მოითხოვს“, – განაცხადა კოუმ პირს მორგანთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტის არჩევნები 20 მარტს გაიმართება. ამ დღეს ორგანიზაციის 110 წევრი შეიკრიბება საბერძნეთში, რათა აირჩიოს შვიდი კანდიდატიდან ერთი.

ვარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს – სამი ქართველი დაკავებულია

ვარშავაში ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ვარშავის პოლიცია და პოლონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საქართველოს 31 წლის მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მომხდარ ჩხუბში მკერდის არეში დანით დაჭრეს.

პოლიციის ინფორმაციით, მის გარდა ჩხუბში საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა.

გამოცემა Polsat News-ის ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტთან დაკავშირებით, პოლონელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ განაცხადა, რომ 2024 წელს პოლონეთში საქართველოს 1895 მოქალაქე დააკავეს, მათგან 136 – დააპატიმრეს. მისი თქმით, გასულ წელს პოლონეთიდან საქართველოს 2589 მოქალაქე გააძევეს, ხოლო 322 პოლონეთის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება.

მედია აღნიშნავს, რომ ვარშავაში ქართველებისგან შემდგარი დაჯგუფებების პრობლემებზე ცოტა ხნის წინ ვარშავის მერმა, რაფალ ტჟასკოვსკიმაც ისაუბრა.

საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა

საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი ჩამოეწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით – 66 183 ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა.

აქვე განვმარტავთ, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge-ზე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ( 62 593 ფიზიკურ პირზე 287 244 620 ლარი), ასევე პირადი მომართვის საფუძველზე (3 590 ფიზიკურ პირზე 152 259 309 ლარი).

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს და პროცესი გულისხმობს, იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით ჩამოწერას, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე. განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი (2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება) შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობაა.

ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ფიზიკური პირის მიმართ გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა. შ ავტომატურად გაუქმდება. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააგენტო The Associated Press ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

სააგენტო The Associated Press ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. მიზეზი ისაა, რომ სააგენტოს ჟურნალისტებს პრეზიდენტთან წვდომა შეუზღუდეს.

თეთრი სახლის განმარტებით, შეზღუდვის მიზეზი ისაა, რომ სააგენტო საკუთარ მასალებში „ამერიკის ყურის“ ნაცვლად კვლავ ტერმინს – „მექსიკის ყურეს“ იყენებს.

გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც „მექსიკის ყურეს“ სახელი „ამერიკის ყურით“ შეუცვალა.