Home Blog Page 297

 Associated Press-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

სააგენტო Associated Press-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Associated Press-ი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას იმის გამო უჩივის, რომ თეთრმა სახლმა სააგენტოს ჟურნალისტებს პრეზიდენტთან წვდომა შეუზღუდა.

თეთრი სახლის ცნობით, Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავზე Air Force One-ზე იმის გამო არ უშვებენ, რომ სააგენტო „ამერიკის ყურის“ ნაცვლად კვლავ „მექსიკის ყურეს“ იყენებს.

„აშშ-ში პრესასა და ყველა ადამიანს საკუთარი სიტყვების არჩევის უფლება აქვს, ისე რომ ხელისუფლების მხრიდან შურისძიების მსხვერპლი არ გახდეს. კონსტიტუცია ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების კონტროლის უფლებას არ აძლევს და ხელისუფლების მიერ მსგავსი კონტროლი და საპასუხო რეპრესიები ყველა ამერიკელის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია Associated Press-ის სარჩელში.

გასულ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც „მექსიკის ყურეს“ სახელი „ამერიკის ყურით“ შეუცვალა.

 უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს -The Wall Street Journal

უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხელშეკრულება ჯერ მზად არ არის.

სტატიის თანახმად, უკრაინის მთავრობასთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „დიდი როლი“ შეასრულა ხელშეკრულების პირობების კოორდინაციაში, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების ნდობა გააძლიერა კიევში სამდღიანი ვიზიტის დროს.

ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს  -მარკო რუბიო

ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.

„პრეზიდენტ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზად არის გადაწყვეტისთვის, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას გამოიწვევს და არა დროებით პაუზას. ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წელი გადის. ეს ომი დიდხანს და რუსეთისა და უკრაინისთვის საშინელ ფასად გაგრძელდა“, – ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.

მისი თქმით, გაერო თავის ფუნდამენტურ დანიშნულებას უნდა დაუბრუნდეს, რომელიც გაერო-ს ქარტიაშია დაფიქსირებული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, მათ შორის, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ითვალისწინებს.

„აშშ-მა გაერო-ში მარტივი, ისტორიული რეზოლუცია წარადგინა და ჩვენ წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზას მხარი დაუჭირონ. ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ვადასტურებთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა და გაერო-ს მის დასრულებაში წვლილის შეტანა შეუძლია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გლობალური USAID-ი ცდილობდა უკრაინისგან ახალი „ჰამასი“ შეექმნა-ალექსეი არესტოვიჩი

x

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ გლობალური USAID-ი ცდილობდა უკრაინისგან ახალი „ჰამასი“ შეექმნა.

„გლობალური USAID-ი ცდილობდა უკრაინისგან ახალი „ჰამასი“ შეექმნა. რეცეპტი უბრალოა – თქვენ მსხვერპლი ხართ, მსხვერპლისთვის კი ყველაფერი შეიძლება, ჩვენ ფულს მოგცემთ. საბედნიეროდ, ვერ მოასწრო, მაგრამ ძალიან ახლოს იყო [USAID]“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, თუ უკრაინას სურს იყოს, როგორც ისრაელი და არა როგორც „ჰამასი“, ერთადერთი, რაც უნდა ახსოვდეს არის ის, რომ სუბიექტურობა ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა თვითნებობას.

ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შრომისუნარიანობის შესახებ სიცრუე იყო და მის რეალურ მდგომარეობას მალავდნენ -თეთრი სახლის პრესმდივანი

ინფორმაცია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შრომისუნარიანობის შესახებ სიცრუე იყო და მის რეალურ მდგომარეობას მალავდნენ, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მედიამ ყველაფერი იცოდა, აგრძელებდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

„ჟურნალისტები კამერებს მიღმა გეტყვიან, რომ მათ იცოდნენ ბაიდენის არაკომპეტენტურობის შესახებ, რომ თეთრი სახლის თანამშრომლები შუა დღემდე არ ჩნდებოდნენ. არანაირი სამუშაო არ მიდიოდა“, – განაცხადა ლევიტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა. ტრამპმა ასევე გაიხსენა სპეციალური პროკურორის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ბაიდენს „მეხსიერების პრობლემები“ აქვს.

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.

სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობას – მიხეილ ბერიშვილს, დუდა სანაძეს, რატი ანდრონიკაშვილს, გოგა ბითაძეს, ალექსანდრე მამუკელაშვილს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ბექა ბექაურს, ლუკა ლიკლიკაძეს, გიორგი ტურძილაძეს, დავით კაკუშაძეს, ბექა ბურჯანაძეს, გიორგი ცინცაძეს, თადუს მაქფადენს, გიორგი კორსანტიას, ალექსანდრე ფევაძეს, ლუკა მაზიაშვილს, მათე ხატიაშვილს, კამარ ბოლდუინს, გიორგი ოჩხიკიძეს, ოთარ ფხაკაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, რევაზ როგავას, ჯოზეფ თომასონს;

ღირსების ორდენზე ასევე წარდგენილია საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი – ილიას ზუროსი, ალექსანდარ ჯიკიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, გეორგიოს ლიმნიატისი, დავიდ დუფორი, ფილიპ მიჰაილოვიჩი, მარკო ესპოსიტო, ირაკლი შიოშვილი, ნიკოლოზ ცინცაძე;

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა – ფედერაციის პრეზიდენტი – ვიქტორ სანიკიძე; ფედერაციის გენერალური მდივანი – ლაშა გამყრელიძე; ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – დავით საყვარელიძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა.

სპორტის დარგში გამორჩეული მიღწევისა და გაწეული ღვაწლისთვის სახელმწიფო ჯილდოზე – ბრწყინვალების ორდენზე წარდგენილნი არიან საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრები: ორგზის ევროლიგის გამარჯვებული და ორგზის ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი შერმადინი; 2019-2020 წლების კალათბურთში ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული – თორნიკე შენგელია.

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოების მიზნით პრეზიდენტს წარუდგინეს საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პერსონალი.

ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს გაეგზავნა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი): დღეს შესაძლოა იგრძნოთ ენერგიის მოზღვავება და მოტივაციის ზრდა. მიუხედავად უქმე დღისა,  გამოიყენეთ ეს დრო ახალი პროექტების დასაწყებად ან არსებული საქმეების დასასრულებლად.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი): ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დიდ ინვესტიციებს და ყურადღებით განიხილეთ ყველა შეთავაზება.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი): კომუნიკაციის უნარები დღეს განსაკუთრებით გამოგადგებათ. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია ან შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მომავალზე დადებითად იმოქმედებს.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი): დღეს ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ემოციურ კეთილდღეობაზე. განიხილეთ მედიტაცია ან სხვა გამაჯანსაღებელი პრაქტიკები.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო): შემოქმედებითი ენერგია პიკს მიაღწევს. გამოიყენეთ ეს დრო ახალი იდეების განსახორციელებლად ან ჰობიში ჩასართავად.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი): სახლთან და ოჯახთან დაკავშირებული საკითხები წინ წამოიწევს. შესაძლოა, დაგეგმოთ რემონტი ან ოჯახური შეკრება.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი): დღეს კომუნიკაცია და ურთიერთობები იქნება ყურადღების ცენტრში. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო შემოთავაზებები ან შეხვდეთ ძველ მეგობრებს.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი): ფინანსური საკითხები აქტუალური გახდება. ყურადღებით განიხილეთ ხარჯები და შემოსავლები, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი სიურპრიზები.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი): დღეს შესაძლოა იგრძნოთ მოგზაურობის ან ახალი ცოდნის მიღების სურვილი. განიხილეთ სწავლის ახალი შესაძლებლობები ან მცირე მოგზაურობა.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი): მიუხედავად უქმე დღისა, სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები წინ წამოიწევს. შესაძლოა მიიღოთ ახალი პასუხისმგებლობები ან განიხილოთ კარიერული ცვლილებები.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი): დღეს სოციალური აქტივობები და მეგობრებთან ურთიერთობა იქნება პრიორიტეტული. შესაძლოა შეხვდეთ ახალ ადამიანებს ან ჩაერთოთ ჯგუფურ პროექტებში.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი): დღეს ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ მიზნებზე და გეგმებზე. შესაძლოა, მიიღოთ შთაგონება ახალი პროექტის დასაწყებად, ან არსებული იდეების განსახორციელებლად.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ზოგადი პროგნოზებია და ინდივიდუალური გამოცდილება შეიძლება განსხვავდებოდეს.

ბედნიერ უქმეებს გისურვებთ!

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია – ტრამპი

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია.

„როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ არ იყო მიწვეული შეხვედრაზე, ეს არ იყო პრიორიტეტი, რადგან მან აქამდე ძალიან ცუდად იმუშავა მოლაპარაკებებში. ომი არ უნდა ჰქონოდა და თუ ომი დაიწყო, მაშინვე უნდა მოგვარებულიყო. ამის გაკეთება შეიძლებოდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„მათ [უკრაინელებს] თავს დაესხა ძალა, რომელიც ბევრად უფრო დიდი და ძლიერია, რაც ცუდია. რუსეთის გადარწმუნება მარტივად შეიძლებოდა. ომი არასდროს უნდა მომხდარიყო“, – დასძინა მან.

რომ არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელები, ზელენსკის აღარ ექნებოდა ქვეყანა – თეთრი სახლის სპიკერი

JPG resized with https://ezgif.com/resize

ამერიკელი გადასახადის გადამხდელები აფინანსებდნენ ამ ომს, რომ არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელები, ზელენსკის აღარ ექნებოდა ქვეყანა – ამიტომ, პრეზიდენტი იმედგაცრუებულია ზელენსკის კომენტარებით, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.

„ყველაფერი, რაც პრეზიდენტმა თქვა, სიმართლეა. უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზელენსკიმ მართლაც დაუწესა საომარი მდგომარეობა უკრაინელ ხალხს. ეს არის ფაქტები. პრეზიდენტმა გაზარდა ზეწოლის კამპანია, რადგან მას სურს სამშვიდობო გარიგების დადება, მას სურს შეაჩეროს მკვლელობა ამ ომში“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„ამერიკელი გადასახადის გადამხდელები აფინანსებდნენ ამ ომს. რომ არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელები, ზელენსკის აღარ ექნებოდა ქვეყანა. ამიტომ, პრეზიდენტი იმედგაცრუებულია ზელენსკის კომენტარებით“, – აღნიშნა მან.

კაროლინ ლევიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპს სჯერა დიალოგისა და ხისტი დიპლომატიის.

24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის შესახებ საკითხებს განიხილავენ.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა გრძელდება და რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტი შიმშილობს.

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და კომისარმა მარტა კოსმა 2 და 7 იანვარს მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავონ ახალი რეპრესიული კანონების მიღებისაგან.

წარმომადგენლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააძლიერეს სიძულვილის ენა, პირადი თავდასხმები ევროკავშირისა და ევროკავშირის ღირებულებებსა და ინსტიტუტებზე.

აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე, რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა – შსს

ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე, რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და სახდელის შეფარდება, ხოლო თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ.

საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას და ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე, რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სახდელის შეფარდება.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები.

საჩივრის განხილვის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების დამატებით დეტალურ გამოკვლევას და საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.