Home Blog Page 294

,,მისასალმებელია, რომ მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, ჩინეთთან დავამყაროთ ურთიერთობა, ეს კი მთელი რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს” – ყაველაშვილი

მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც არის ჩინეთი, ურთიერთობა დავამყაროთ, რაც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი, ასევე აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს გზაა ევროპული იდეა, რომელიც ღირებულია და ახლოსაა ქვეყანასთან.

„საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ ამ ბრძოლაში და ამ პროცესში. ჩვენი სურვილია, გავხდეთ ღირსეული და ძლიერი ქვეყანა, ეკონომიკით და კეთილდღეობით, ეროვნულ ინტერესებზე, ტრადიციებზე, ოჯახურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა. ასევე ჩვენი გზაა ევროპული იდეა, რომელიც ყველაზე მეტად ღირებულია და ახლოსაა ჩვენთან, ჩვენი მცდელობა გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ევროპაშიც შეიცვლება სიტუაცია, როგორც აშშ-ში. ჩვენ ვთვლით, რომ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობები, ნებისმიერ დიდ ქვეყანასთან და იცით, რომ ჩინეთი საკმაოდ დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ამ დერეფანში მისი ინტერესიც არსებობს. ამ პროცესში ასეთი დიდი ქვეყნის მონაწილეობა ძალიან სასარგებლოა ჩვენი, აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, ასეთი მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან დავამყაროთ ურთიერთობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბულგარეთში აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის მისიის შენობას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

ბულგარეთის ულტრამემარჯვენე პარტია „აღორძინების“ რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა სოფიაში, ევროკავშირის მისიის შენობას წითელი საღებავი შეასხა, შენობას ესროლეს პეტარდები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც შენობის შესასვლელ კარს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

როგორც „როიტერი“ ბულგარეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, დაახლოებით 10-მა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო ექვსი ადამიანი დააკავეს.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ „გადადექით“ და „არა ევროს“.

ქვეყნის მთავრობამ ევროკავშირის შენობებზე თავდასხმა დაგმო. აღინიშნა, რომ „მსგავსი თავდასხმები მიუღებელია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს“.

„არ გვინდა ბულგარეთის ფინანსური დამოუკიდებლობის განადგურება. გვინდა, შევინარჩუნოთ ბულგარული ლევი. აქ თავისუფლების დასაცავად ვართ“, – განაცხადა პარტია „აღორძინების“ თავმჯდომარემ, კოსტადინ კოსტადინოვმა.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვმა განაცხადა, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით 3%-იან დეფიციტს დააწესებს, რაც გზას გაუხსნის ევროს შემოღებას 2026 წლის 1-ლი იანვრიდან. „რიოტერი“ წერს, რომ ბულგარელების ნაწილს აწუხებს, რომ ეს გამოიწვევს ფასების მკვეთრ ზრდას, როგორც 2023 წელს ხორვატიაში მოხდა.

გიორგი ვოლსკი: გრანტის მომცემი ორგანიზაციები ყველა დათანხმდა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ

გრანტის მომცემი ორგანიზაციები ყველა დათანხმდა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ – შავი ფულის შემოდინება და მისი გამოყენება რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ამერიკული „ფარას“ ზუსტ ანალოგზე, ახალ კანონზე საუბრისას.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, კანონის გამკაცრებაა საჭირო იმრიგად, რომ იგი არ ცდებოდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და სტანდარტებს.

„ჩვენ ვეცადეთ, რომ საკმაოდ რბილი, ლოიალური კანონით ეს აუცილებლობა დაგვენახებინა პარტნიორებისთვის. შევთანხმდით კიდეც. ძირითადი, გრანტის მომცემი ორგანიზაციები ყველა დათანხმდა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ – შავი ფულის შემოდინება და მისი გამოყენება რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, კანონის გამკაცრებაა საჭირო იმრიგად, რომ იგი არ ცდებოდეს დემოკრატიულ პრინციპებს, სტანდარტებს, რომელიც დემოკრატიის ციტადელში, აშშ-ში მუშაობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ მოქმედი კანონით, კონკრეტული ორგანიზაციები ფინანსური გაუმჭვირვალობისგან თავის არიდებას ახერხებდნენ, რის გამოც გახდა საჭირო უფრო მკაცრი კანონის მიღება, როგორიცაა ამერიკული „ფარა“. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ახალი კანონი ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი იქნება.

ცნობილი გახდა, რა შემთხვევაში დაუშვებენ რუს სპორტსმენებს 2028 წლის ოლიმპიადაზე

ლოს ანჯელესის 2028 წლის ზაფხულის თამაშებამდე სამ წელზე მეტი რჩება. მომავალი ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება იქ რუსი სპორტსმენების დაშვება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთმა კანდიდატმა სებასტიან კოუმ განაცხადა, რომ რუსების მონაწილეობა 2028 წლის ოლიმპიადაზე შესაძლებელი იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები მოახერხებს რუსეთთან შეთანხმებას.

„ჩემი საქმე არ არის მშვიდობიანი მოლაპარაკებები. ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება. მნიშვნელოვანია, სად დგას ეს მაგიდა, ვინ ზის მასთან და როგორ გამოიყურება მაგიდაზე გაშლილი რუქა. თუ მიაღწევენ მშვიდობიან შეთანხმებას, მაშინ ოლიმპიური აკრძალვის მოხსნის საკითხი დეტალურ განხილვას მოითხოვს“, – განაცხადა კოუმ პირს მორგანთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტის არჩევნები 20 მარტს გაიმართება. ამ დღეს ორგანიზაციის 110 წევრი შეიკრიბება საბერძნეთში, რათა აირჩიოს შვიდი კანდიდატიდან ერთი.

ვარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს – სამი ქართველი დაკავებულია

ვარშავაში ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ვარშავის პოლიცია და პოლონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საქართველოს 31 წლის მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მომხდარ ჩხუბში მკერდის არეში დანით დაჭრეს.

პოლიციის ინფორმაციით, მის გარდა ჩხუბში საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა.

გამოცემა Polsat News-ის ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტთან დაკავშირებით, პოლონელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ განაცხადა, რომ 2024 წელს პოლონეთში საქართველოს 1895 მოქალაქე დააკავეს, მათგან 136 – დააპატიმრეს. მისი თქმით, გასულ წელს პოლონეთიდან საქართველოს 2589 მოქალაქე გააძევეს, ხოლო 322 პოლონეთის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება.

მედია აღნიშნავს, რომ ვარშავაში ქართველებისგან შემდგარი დაჯგუფებების პრობლემებზე ცოტა ხნის წინ ვარშავის მერმა, რაფალ ტჟასკოვსკიმაც ისაუბრა.

საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა

საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი ჩამოეწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით – 66 183 ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა.

აქვე განვმარტავთ, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge-ზე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ( 62 593 ფიზიკურ პირზე 287 244 620 ლარი), ასევე პირადი მომართვის საფუძველზე (3 590 ფიზიკურ პირზე 152 259 309 ლარი).

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს და პროცესი გულისხმობს, იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით ჩამოწერას, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე. განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი (2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება) შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობაა.

ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ფიზიკური პირის მიმართ გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა. შ ავტომატურად გაუქმდება. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააგენტო The Associated Press ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

სააგენტო The Associated Press ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. მიზეზი ისაა, რომ სააგენტოს ჟურნალისტებს პრეზიდენტთან წვდომა შეუზღუდეს.

თეთრი სახლის განმარტებით, შეზღუდვის მიზეზი ისაა, რომ სააგენტო საკუთარ მასალებში „ამერიკის ყურის“ ნაცვლად კვლავ ტერმინს – „მექსიკის ყურეს“ იყენებს.

გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც „მექსიკის ყურეს“ სახელი „ამერიკის ყურით“ შეუცვალა.

 “დიფ სთეითი”, რომელსაც ჩვენ დავარქვით გლობალური ომის პარტია, დაინტერესებული იყო, დიდხანს გაგრძელებულიყო ომი, რასაც ვამბობდით, ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს -მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების, იარაღის გაგზავნას, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რაზეც ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს.

„რეალობით, რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით არის, მხედველობაში მაქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები, გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან ომით. ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი „დიფ სთეითზე“, ჩვენ ამას დავარქვით გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესიც იყო, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ომი. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით ამ თემაზე და ახლა ამაზე საუბრობს ტრამპის ადმინისტრაცია. ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, მეტი აქტიურობა გამოეჩინა ომზე, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების, პირდაპირ იარაღის გაგზავნას, რაც კავშირში იყო, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში. წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ამ ზეწოლის გზას იმეორებდნენ. დღეს ტრამპის შეხედულებებზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ მკაფიოდ არის ხაზი გავლებული, რასაც ჩვენ, ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ ვამბობდით, ერთი ერთში იმეორებს ტრამპის ადმინისტრაცია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია -დავით მათიკაშვილი

საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ჩინოვნიკების ჩართულობა საქართველოს შიდა საქმეებში ორ მხარეს შორის ურთიერთობას აფუჭებს.

„ჯეფრი საქსის შეფასებები, შეგვიძლია, გამორჩეულად ადეკვატურად მივიჩნიოთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ეს პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ცდილობს, სწორად შეაფასოს და სწორი პასუხები გასცეს იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ცხადია, რომ ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკები, ევროპარლამენტარები თუ რომელიმე ევროპული სახელმწიფოს თანამდებობის პირები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მონაწილეობენ ანტისახელისუფლებო მიტინგებში, იღებენ მონაწილეობას გარკვეულ ტრენინგებზე, სადაც პირდაპირ დესტრუქციაზე და რადიკალიზმზეა საუბარი, ეს ჩართულობა ურთიერთობას აფუჭებს. საქართველოში დასავლური განწყობის გაფუჭება და შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ამ ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია. ჩვენი ხელისუფლება ამას ყოველთვის ადეკვატურად აფასებდა და, როგორც ხედავთ, ევროპის მაღალი ტრიბუნებიდანაც ისმის შესაბამისი შეფასებები, რომლებიც აბსოლუტურად სწორია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით – „მშვიდობის გეოპოლიტიკა“ განაცხადა, რომ „ევროპარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები რომ ჩადიან საქართველოში, ეს ანგრევს საქართველოს“.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი, პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

მუხათგვერდიდან სამხედრო მოსამსახურეებმა წილკანის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

შვიდი წლის წინ, 2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. სამხედროს ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები დაისჯებიან -ირაკლი ჩიქოვანი

დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, რომლის ტრაგედიამ შეძრა და, ამასთან, გააერთიანა სრულიად საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით აუცილებლად დადგება მართლმსაჯულება და ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, – წერს ჩიქოვანი.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. უმცროსი სერჟანტი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია, ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს-გიორგი ვოლსკი ჯეფრი საქსზე

როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია, ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ამერიკელი პროფესორის, ჯეფრი საქსის ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოში ჩამოდიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის ქვეყანაში არ არიან პოპულარულები და მოწინავე პოლიტიკურ პოზიციებზე მყოფი ადამიანები.

„აქ სურთ, რომ ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და უკარნახებენ იმას, რომ მეიდნის სცენარია ყველაზე მისაღები ქვეყნისთვის, თავისი ინტერესი გააჩნიათ და უნდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მათი ინტერესის რეალიზაცია ასეთი ბოროტი გზით მოხდეს. ამაზე საუბრობს ჯეფრი საქსი – გამოჩენილი მეცნიერი და პოლიტოლოგი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართული დისკუსიების ფარგლებში საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა.

„თქვენი ევროპარლამენტარები, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში ჩადიან, ეს ანადგურებს საქართველოს, ეს არ იცავს საქართველოს“, – აღნიშნა ამერიკელმა პროფესორმა.