Home Blog Page 293

საქართველოში 14-16 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი იგეგმება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოში 14-16 იანვარს ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვლენ თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, „ლიბერალ დემოკრატების ალიანსი“) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“). ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერად ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.

„ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე. ვიზიტის დროს თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები ხვდებიან“, – ნათქვამია პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, თანამომხსენებლები გეგმავენ ზოგიერთი დაკავებული დემონსტრანტის მონახულებას, რომელთა დაკავება და მათთვის წარდგენილი ბრალდებები შეშფოთებას იწვევს. ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა, თანამომხსენებლებთან კონსულტაციით, 2024 წლის 23 დეკემბერს ვენეციის კომისიის სასწრაფო შეფასება ითხოვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების კუთხით.

ბუნდესტაგის წარმომადგენლები აცხადებენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული, ეუთო-ს მონაცემებით კი, მათ მისიაში 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი შედიოდა

ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების ავტორები არიან „თავისუფალი დემოკრატების“ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი ულრხი ლეხტე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალურ კავშირის“ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი იურგენ ჰარდტი, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი ნილს შმიდი და „მწვანეების“ წარმომადგენელი დებორა დიურინგი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან იყო არაერთი მინიშნება არჩევნებზე სერიოზული გავლენისა და მანიპულაციების შესახებ.

„ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებამ, რომ ის გამორიცხავს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე და არ მიიღებს ევროკავშირისგან საბიუჯეტო მხარდაჭერას, გამოიწვია მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვგმობთ პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემული საკუთარი დაპირებების საწინააღმდეგოდ. ეს წარმოადგენს გადახვევას საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკისგან და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან.

2022 წლის მარტში ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენა საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო. ერთი წლის წინ, 2023 წლის დეკემბერში, ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, რომელიც ქართველებს დიდი ხანია, სურდათ. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა და გაწევრიანების პროცესი წინ წაწიოს რეფორმების ვალდებულებების შესრულებით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ უფრო ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი აიღო. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან იყო არაერთი მინიშნება არჩევნებზე სერიოზული გავლენისა და მანიპულაციების შესახებ. მაგალითად, არ იყო დაშვებული ეუთო-ს გრძელვადიანი დაკვირვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე კრიტიკულ ნიშნულზეა. განცხადების მიხედვითვე, სწორია, რომ ფედერალური მთავრობა აწარმოებს კამპანიას ევროკავშირის დონეზე მიზანმიმართული სანქციების დაწესების მოთხოვნით მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების სერიოზულ დარღვევაზე.

„პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობს. არსებობს ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან რეპრესიების გაზრდის რისკი. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ქართველების უფლებების შელახვით, რომლებიც გაბედულად გამოდიან ქუჩაში ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, რათა გააპროტესტონ „ქართული ოცნების“ განზრახვა, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აქციის მონაწილეების დაპატიმრება. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც მკაცრად უნდა იქნეს დაცული. ყველა ძალადობრივი აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

სწორია, რომ ფედერალური მთავრობა აწარმოებს კამპანიას ევროკავშირის დონეზე მიზანმიმართული სანქციების დაწესების მოთხოვნით მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების სერიოზულ დარღვევაზე. ქვეყანაში შესვლის ეროვნული აკრძალვა უკვე დაუწესდა ცხრა ძირითად პასუხისმგებელ პირს. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა ხდება და რომ მხარდაჭერის მრავალი ზომა უკვე შეჩერებულია ან აღარ დამტკიცდა.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და კეთილდღეობისა და დემოკრატიისკენ სწრაფვის მიმართ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოში დემოკრატების გვერდით და გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, რათა ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნდეს. ახლა საჭიროა დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის პლურალისტური პროცესი, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება განცხადებაში იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, თითქოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე არ დაუშვეს ეუთო-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს მისიაში გრძელვადიანი დამკვირვებლები შედიოდნენ. ამის შესახებ ეუთო-ს მიერ 2024 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზშიც არის აღნიშნული.

„მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი“, – ნათქვამია პრესრელიზში.

“გაიცანით პენჯაბელი დარპან პრაშერი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ინდოეთ-საქართველოს კულტურულ კავშირების განმტკიცებაში”-The Indian Times

„საქართველოში უკვე ათ წელზე მეტი აღინიშნება დივალი, ჰოლი, იოგას დღე და რამდენიმე სხვა ინდური დღესასწაული, ეწყობა ფესტივალები ინდური დიასპორას მონაწილეობით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად – და ეს ყველაფერი ხდება ერთი ჩვეულებრივი პენჯაბელის დარპან პრაშერის ძალისხმევით, რომლისთვისაც კულტურული ბარიერები თბილისში დიდი ხანია გადალახულია“, – წერს ინდოეთის გაზეთი “ინდიან თაიმსი” (The Indian Times), რომელშიც გამოქვეყნებულია ინტერვიუ სათაურით: “გაიცანით პენჯაბელი დარპან პრაშერი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ინდოეთ-საქართველოს კულტურულ კავშირების განმტკიცებაში“ (ავტორი – ანჯუ აგნიჰოტრი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: 

დარპანი საქართველოში პირველად 2002 წელს ჩავიდა და მას შემდეგ აქტიურად განამტკიცებს ქართულ-ინდურ კავშირებს. მისი როლი განსაკუთრებით აქტიურად გამოვლინდა გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამოძიებისას, როცა გაზის გაჟონვის შედეგად ინდურ რესტორანში 11 ინდოელი მოქალაქე დაიღუპა.

ამჟამად საქართველოში თითქმის 20 ათასამდე ინდოელი სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, უმეტესობა კი მედიცინას ეუფლება. ასევე ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში ინდოელი სპეციალისტები სხვადასხვა სფეროში – ბიზნესში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. , – ამბობს „ინდიან ექსპრესთან“ ინტერვიუში დარპან პრაშერი, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისათვის“. იგი საუბრობს კულტურულ დიპლომატიაზე და ხაზს უსვამს, რომ ხალხებს შორის კულტურული განსხვავება დაბრკოლებას კი არ ქმნის ურთიერთობებში, არამედ მას თავისი ძლიერი მხარეებიც აქვს.

დარპან პრაშერი ინტერვიუში იხსენებს ბოლო წლებში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებს, კერძოდ, ქართველი მხატვრებისა და სტუდენტების ჯგუფის ყოფნას ინდოეთში: „ჩვენი მიერ ჩატარებულმა ინდურ-ქართულმა ფესტივალმა 2020 წლის თებერვალში, ნიუ-დელის უნივერსიტეტისა და უტარ-პრადეშის სტატიის კულტურის დეპარტამენტის დახმარებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობებში“, – ამბობს იგი.

კითხვაზე, თუ რით ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაცია ინდოელ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში სწავლისას ხშირად გარკვეული პრობლემატური საკითხების წინაშე დგებიან, დარპან პრაშერი პასუხობს, რომ იგი ცდილობს სტუდენტებს ჩვეული მშობლიური [ინდური] გარემო შეუქმნას – თუნდაც ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის დროს. გარდა ამისა, იგი ყოველწლიურად მონაწილეობს ინდოეთის საელჩოს მიერ ერევანში (სომხეთში) გამართულ თათბირებში (ჯერ-ჯერობით საქართველოში ინდოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არსებობს), რომლის დროსაც ხშირად იხილება საკონსულო ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები. კორონავირუსის პანდემიის დროს ორგანიზაციამ საქართველოში მცხოვრებ ინდოელებს დაეხმარა სამედიცინო ნიღბებით უზრუნველყოფაში, აგრეთვე ორგანიზება გაუწია ჩარტერულ ავიარეისებს და სამშობლოში დააბრუნა ინდოელი სტუდენტები.

„ინდოელი სტუდენტები ქართველ მეგობარ სტუდენტებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, ხშირად აწყობენ ეკოლოგიურ ღონისძიებებს, მაგალითად, პლასტიკური ნარჩენების გაწმენდას საზოგადოებრივ ადგილებში. ეწყობა კონცერტები ინდური მუსიკალური ინსტრუმენტებით, სპორტული შეჯიბრებები ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით“, – ამბობს ინტერვიუში დარპან პრაშერი.

„ქართული ენა კარგად ვიცი. ქართველები „დარისპანს“ მეძახიან, რომელიც ქართული სახელია და ინდურს ჰგავს. ვთვლი, რომ ესეც ერთგვარი გამოხატულებაა იმისა, რომ ქართველები არასამტავრობო ორგანიზაციის მუშაობას დადებითად აფასებენ“, – აღნიშნავს ინდოელი ენთუზიასტი გაზეთ „ინდიან თაიმსის“ კორესპონდენტტან საუბრისას.

დარპან პრაშერმა 2021 წელს ინდოეთის პრეზიდენტისაგან „პრავასი ბჰარატ-სამანის“ პრემია დაიმსახურა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტისაგან – ქვეყნის საპატიო მოაქალეობა და „ქართული კულტურის დეპანის“ საპატიო წოდება. დარპან პრაშერის საქმიანობას ძალზე პოზიტიურად აფასებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

პასუხისგება მოუწევს ბევრ ადამიანს, მით უმეტეს, დღესაც გრძელდება მცდელობა კვლავ ეს სისტემა დაბრუნდეს მმართველობაში – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართვლობის დროს ჩადენილი დანაშაულები აუცილებლად არის შესასწავლი, რომელთა შორის ყველაზე დიდი დანაშაული ქვეყნის 20%-ის ოკუპირებაა.

მისი თქმით, პასუხისგება ბევრ ადამიანს მოუწევს.

“თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია, რასაკვირველია, ამ დანაშაულთა შორის ყველაზე დიდი დანაშაულია. ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ სააკაშვილი ბოლო წუთამდე გვარწმუნებდა, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი ინტერესი ცხინვალში თუ აფხაზეთში შემოსვლის. თვითონ ამ პერიოდის დანაშაულებია შესაფასებელი, თავი რომ დავანებოთ იმ სადისტურ სისტემურ დანაშაულებს, რომლებშიც ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იღებდა მონაწილეობას, რომელიც პოლიტიკურ ველზეა. მე ვფიქრობ, პასუხისგება მოუწევს ბევრ ადამიანს, მით უმეტეს, დღესაც გრძელდება მცდელობა კვლავ ეს სისტემა დაბრუნდეს მმართველობაში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის.

აქციებზე დაკავებულთა ადვოკატებმა მოსამართლეს დარბაზის შეცვლის  და პროცესის უფრო დიდი დარბაზში გაგრძელების შუამდგომლობით მიმართეს, რაც დაკმაყოფილდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატებმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძესთან, სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა, ვიდრე შუამდგომლობას განიხილავდა, ჯაჭვაძემ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილ დარბაზს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, ამასთან, საუბარი იყო 11 დაკავებულის უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მოსამართლის თქმითვე, სასამართლოს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, სხდომა პატარა დარბაზში ჩაეტარებინა, რის შემდეგაც მან ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, მოთხოვნილი დარბაზის მდგომარეობის გადასამოწმებლად.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ პროცესი იმ დარბაზში გადაიტანა, რომელსაც ადვოკატები ითხოვდნენ.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები განმარტავდნენ, რომ საქმე მოცულობითია, 11 დაკავებულია, დარბაზის მოცულობიდან გამომდინარე კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან კომუნიკაციაც კი შეუძლებელია. ამასთან, უფლებადამცველების თქმით, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესია და დარბაზში არათუ დაინტერესებული პირები, ბრალდებულების ოჯახის წევრებიც ვერ შედიოდნენ.

სხდომის დაწყებამდე ადვოკატებს დამატებითი მაგიდები და სკამები დაუდგეს, ვინაიდან მათთვის განკუთვნილ ადგილზე ისინი რაოდენობიდან გამომდინარე ვერ განთავსდნენ.

ერთ-ერთი ადვოკატის ნათქვამზე, რომ მოწმის ტრიბუნა მაინც ისე განეთავსებინათ, რომ მისთვის ხელი არ შეეშალა, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ რეპლიკით უპასუხა.

„მე მაქვს იდეა, წავაქციოთ”.

ბრალდების მხარემ შუამდგომლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნულის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივა იყო.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულებმა მოსამართლის კითხვაზე, ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცეს.

პროკურატურა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქართულმა ოცნებამ“ თავი უნდა მოიწონოს საკუთარ ამომრჩეველთან და დაპირებების შესრულება დაიწყოს – გიორგი ბოტკოველი

საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის. კომისია ექვსი თვე იმუშავებს და დასკვნას სექტემბერში დაამტკიცებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა დღეს არსებული მოცემულობიდან გამომდინარე არასერიოზულია.

“ნაციონალური მოძრაობა” 2025 წელს, 2003-დან 2012 წლამდე პერიოდის შესწავლას არარელევანტურს უწოდებს. “ქართულ ოცნებაში” კი პასუხად აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის სამართლებრივი შეფასება აუცილებელია. აქვე ამბობენ იმასაც, რომ ომის პერიოდს შეისწავლიან და გამოძიების ადრესატები სამხედრო პირები არ იქნებიან.

პარტიის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, “ქართული ოცნება” საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ცდილობს თავის მოწონებას.

“ქართულმა ოცნებამ” თავი უნდა მოიწონოს საკუთარ ამომრჩეველთან და დაპირებების შესრულება დაიწყოს. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ არის იმ ქმედებების გაგრძელება, რასაც ისინი ახორციელებენ. საქმისთვის უნდა მიეხედათ მათ, თუმცა ქართველი ხალხი მათ საქმის კეთების საშუალებასაც აღარ მისცემს. ისინი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ქვეყნისთვის ავტორიტეტის გაფუჭებით იყვნენ დაკავებულები. გამოსაძიებელი თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაში, ზუსტად ის კორუფციულ-მოღალატეობრივი სისტემაა, რომელიც “ქართულ ოცნებამ” ჩამოაყალიბა ქვეყანაში”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ახლა არააქტუალური საკითხია.

“კომისიის შექმნა, დღეს თავისთავად არის არააქტუალური საკითხი. მაგრამ, ნებისმიერი პირი, ეს იქნება პოლიტიკოსი თუ სხვა თანამდებობის პირი, ბუნებრივია კონკრეტული დანაშაულების გამო პასუხი უნდა აგონ. როდესაც ქვეყანა დაბრუნდება დემოკრატიულ რელსებზე და ევროკავშირის წევრობის პროცესი შეუქცევადი გახდება, ეს თავისთავად ითვალისწინებს კანონის უზენაესობას ადამიანების უფლებების დაცვას”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერის საპასუხოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების სანქცირების კანონპროექტი მიიღო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერის საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სანქციებს უწესებს სასამართლოს ოფიციალურ პირებს.

კანონპროექტის მიხედვით, აშშ დააწესებს სანქციებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ცდილობენ „აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დაცული პირების“ გამოძიებას ან დაკავებას. სანქციები მოიცავს ქონებრივ შეზღუდვებს და ვიზების გაუქმებას.

ამასთან, კანონპროექტი მოითხოვს ისრაელის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაცემული ორდერების „უმკაცრესად დაგმობას“.

სენატი, რომელსაც ახლა რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ამ კანონპროექტს მალე განიხილავს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასულ წელს დაკავების ორდერები გასცა ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის და „ჰამასის“ მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებათ სამხედრო დანაშაულების ჩადენა 2023 წლის 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმის დროს და შემდგომ პერიოდში.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციებზე დაკავებული 9 პირის, მხარდასაჭერად ახლობლები და მსახიობები შეიკრიბნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციებზე დაკავებული 9 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის მხარდასაჭერად ახლობლები და მსახიობები შეიკრიბნენ.

პარალელურად სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი, სადაც ყველა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

სასამართლოში მყოფი მსახიობები აცხადებენ, რომ დაკავებული პირები ციხეში უსამართლოდ იმყოფებიან, ამიტომ, არსებული ვითარების ფონზე რთულია იმსჯელონ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო.

“არ მინდა რაღაცით თავი დავიიმედო, რადგან არ მაქვს ჯერ რაღაც მოლოდინი. ვნახოთ, რა იქნება. ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემთვის ანდრო ჭიჭინაძე არის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ანდრო ჩემი თეატრის მსახიობია. ვიცი, რომ ის მხნედ არის და ყველაფერი კარგად იქნება, თავს ვიმშვიდებ”, – განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება

ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება.

საქმის მოსამართლემ, ხუან მერჩანმა უკვე განაცხადა, რომ ის ტრამპს პატიმრობას არ მიუსჯის. ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობას დაიკავეს, როგორც სისხლის სამართლის საქმეში მსჯავრდებული.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი სასამართლო სხდომას არ დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს ონლაინ, ფლორიდაში მდებარე საკუთარი სახლიდან.

დონალდ ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა ბიზნესჩანაწერების გაყალბების ბრალდებით დამნაშავედ მაისში ცნეს. ტრამპს ედავებიან 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, გამოძიების ვერსიით, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი საერთოდ უარყოფს, რომ მას ინტიმური სახის ურთიერთობა ჰქონდა შტორმი დენიელსთან, ისევე, როგორც მისი დუმილის სანაცვლოდ წინასაარჩევნო ფონდიდან თანხების უკანონოდ გამოყენებას.

ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს 

10 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, მზიანი და უნალექო იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა +17  გრადუსი რამდენიმე ქალაქშია მოსალოდნელი.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +16 – მზიანი

სოხუმი +17 – მზიანი

ზუგდიდი +18 – მზიანი

მესტია +9 – მზიანი

ფოთი +17 – მზიანი

ბათუმი +18 – მზიანი

ოზურგეთი +18 – მზიანი

ქუთაისი +18 – უმეტესად მზიანი

ამბროლაური +14 – მზიანი

ახალციხე +8 – მზიანი

ბორჯომი +8 – მზიანი

ბაკურიანი +6 – მზიანი

გორი +11 – მზიანი

ცხინვალი +11 – მზიანი

სტეფანწმინდა +5 – მზიანი

გუდაური +1 – მზიანი

თელავი +12 – მზიანი

რუსთავი +12 – მზიანი

თბილისი +12 – მზიანი

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სიყვარული — საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გულწრფელობა და ურთიერთგაგება იგრძნობა. მარტოხელა ვერძმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემთხვევით შეხვედრას – ის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.

კარიერა — კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ენერგიულობა და პრინციპულობა რთული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ, რაც მენეჯმენტზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ჯანმრთელობა — ენერგიით სავსე ხართ. სუფთა ჰაერზე გასეირნება და მსუბუქი ვარჯიში თქვენს სულსა და სხეულს გააძლიერებს.

ფინანსები — ამ დღეს შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა გაჩნდება. ყურადღება მიაქციეთ პერსპექტიულ შეთავაზებებს

კურო

სიყვარული — დაოჯახებულ კუროებს შეუძლიათ პარტნიორისგან სასიხარულო სიახლეების მიღების იმედი ჰქონდეთ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით.

კარიერა — ამ დღეს თქვენი პრაქტიკულობა განსაკუთრებით დაფასდება. შეიძლება ახალ პროექტში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შემოგთავაზონ.

ჯანმრთელობა — მავნე საკვებზე უარი თქვათ და სწორად კვება დაიწყოთ. არც საჭირო რაოდენობით წყლის დალევა დაგავიწყდეთ. კარგი დღეა მასაჟის სალონში ვიზიტისთვის.

ფინანსები — შესაძლებელია მცირე, მაგრამ სასიამოვნო შემოსავალი მიიღოთ. ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის დაგეგმვისთვის.

ტყუპები

სიყვარული — თქვენი მომხიბვლელობა შეუმჩნეველი არ დარჩება. ეს დღე ხელსაყრელია რომანტიკული თავგადასავლებისთვის.

კარიერა — ახალი იდეებით სავსე ხართ. ამ იდეების საშუალებით შეიძლება სამუშაო პროცესი საინტერესო და სახალისო გახადოთ. გირჩევთ თქვენი აზრები კოლეგებს გაუზიაროთ.

ჯანმრთელობა — სრულფასოვანი დასვენების შესახებ არ დაივიწყოთ. სასურველია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება.

ფინანსები —მოულოდნელი შემოსავალი გელით. კარგი დღეა მცირე შესყიდვებისთვის.

კირჩხიბი

სიყვარული — იდეალური დღეა გულწრფელი საუბრებისთვის. თქვენს გრძნობებს გაგება და მხარდაჭერა ელით.

კარიერა — კოლეგები თქვენს ინტუიციას და საზრიანობას ღირსეულად დააფასებენ. შეიძლება რჩევების მიცემაც კი გთხოვონ.

ჯანმრთელობა — შეინარჩუნეთ ემოციური წონასწორობა, მოუსმინეთ თქვენს საყვარელ მუსიკას ან მედიტაცია გააკეთეთ.

ფინანსები — ამ დღეს ვარსკვლავები სტაბილურობას გვპირდებიან.

ლომი

სიყვარული — ემოციებით სავსე დღე გელოდებათ. საყვარელი ადამიანის სიურპრიზები ამ დღეს დაუვიწყარს გახდის.

კარიერა — წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ. თქვენი ლიდერობის უნარი ყურადღებას და მოწონებას დაიმსახურებს. ეცადეთ თავდაჯერებულად იმოქმედოთ!

ჯანმრთელობა — შესანიშნავი დღეა სპორტული აქტივობებისთვის. სუფთა ჰაერზე სირბილი ან ვარჯიში ენერგიით აგავსებთ.

ფინანსები — სასიამოვნო ბონუსები გელით. გრძელვადიან ინვესტიციებს ყურადღება მიაქციეთ.

ქალწული

სიყვარული — თქვენი ზრუნვა საყვარელი ადამიანების მიმართ ღირსეულად დაფასდება. მარტოხელა ქალწული შეიძლება შეხვდეს ადამიანს, რომელიც მის ინტერესებს იზიარებს.

კარიერა — საფუძვლიანი და ანალიტიკური მიდგომა სასურველ შედეგს მოიტანს.

ჯანმრთელობა — დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ახალი, ჯანსაღი ჩვევები გამოიმუშავოთ. გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. კარგად გააზრებული ქმედებები სტაბილურობას და კეთილდღეობას მოიტანს.

სასწორი

სიყვარული — ურთიერთობებში ჰარმონია და წონასწორობა თქვენი ბედნიერების გასაღებია. ახალი ნაცნობობა შეიძლება დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.

კარიერა — შესანიშნავი დღეა ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისთვის. თქვენი პიროვნული ხიბლი საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობა –გამონახეთ დრო დასვენების იოგის ან მედიტაციისთვის.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა მომავლის დაგეგმვისთვის. შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

მორიელი

სიყვარული — მძაფრი ვნებებისა და ახალი აღმოჩენების დღეა. თქვენი გრძნობა ახალ სიღრმეს შეიძენს.

კარიერა —თანდაყოლილი გამჭრიახობა რთული საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია საკუთარ ინტუიციას ენდოთ.

ჯანმრთელობა — იზრუნეთ იმაზე, რომ ლამაზი სხეული და მხნეობა შეინარჩუნოთ. მსუბუქი ვარჯიში ან ცეკვა შესანიშნავ განწყობას შეგიქმნით.

ფინანსები — გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ.

მშვილდოსანი

სიყვარული — საყვარელი ადამიანის სიურპრიზები ამ დღესდაუვიწყარს გახდის. მარტოხელა მშვილდოსანს მოულოდნელი კომპლიმენტი ელის.

კარიერა – ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის ემზადებით.

ჯანმრთელობა — ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეტი იმოძრაოთ. პატარა გასეირნებაც კი თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.

ფინანსები – ეს დღე ხელსაყრელია ახალი ფინანსური სტრატეგიების განხილვისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის.

თხის რქა

სიყვარული — საყვარელი ადამიანისგან გულწრფელ ემოციებს და ზრუნვას გრძნობთ. მშვენიერი დროა გულწრფელი საუბრებისთვის.

კარიერა —პასუხისმგებლობის გრძნობა და მონდომება დამსახურებულ აღიარებას მოგიტანთ.

ჯანმრთელობა —ცხელი აბაზანა ან მასაჟის სეანსები თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ.

ფინანსები — ფინანსური სტაბილურობა თავდაჯერებას შეგმატებთ.

მერწყული

სიყვარული – თქვენი ორიგინალურობა და გულწრფელობა საინტერესო ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს.

კარიერა — თქვენი ორიგინალური აზროვნება და საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა კოლეგებისა და მენეჯმენტის მოწონებას დაიმსახურებს.

ჯანმრთელობა – ენერგიით სავსე ხართ. შეგიძლიათ რაღაც ახალი მოსინჯოთ, უნდაც ფიტნესის უჩვეულო ფორმა.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყების ან ინვესტიციების შესწავლისთვის.

თევზები

სიყვარული — მთელ დღეს რომანტიკულ განწყობაზე გაატარებთ. შესაძლოა, პარტნიორმა სასიამოვნო სიურპრიზით გაგახაროთ.

კარიერა —მდიდარი წარმოსახვის უნარი და შემოქმედებითი აზროვნება რთული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ გარშემო მყოფებს საკუთარი იდეები თამამად გაუზიაროთ.

ჯანმრთელობა — ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობას. მედიტაცია ან არტთერაპია მოდუნებაში დაგეხმარებათ.

ფინანსები — კარგი დღეა ოჯახური ბიუჯეტისა და სამომავლო ხარჯების დასაგეგმად.