Home Blog Page 291

უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს – შალვა პაპუაშვილი

უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და რწმენების ერთგულნი დავრჩით. ამიტომაცაა, რომ, გასული წლის ოქტომბერში, მეოთხედ აგვირჩიეს ხელისუფლებაში, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

„ეროვნული ინტერესები ჩვენი ხელისუფლების წარმმართავი პრინციპია, რომელიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოიცავს. ამგვარად ჩამოყალიბებული ეროვნული ინტერესები, ამავე დროს, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. სწორედ ეროვნული ინტერესების ამგვარი გაგება ედო საფუძვლად ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ მივიღეთ.

მივყვეთ ბოლო წლების ძირითად თარიღებს, რათა გავიხსენოთ, თუ როგორ განაპირობებდა ჩვენი ეროვნული ინტერესები საქართველოს საგარეო კურსს.
ჯერ კიდევ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის შესახებ, რომელშიც „ომის დაუშვებლობაზე“ იყო საუბარი და რომელიც ყველა მთავრობას მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ ვითარების ესკალაციისაგან. სამი წლის წინ მიღებული ეს რეზოლუცია კარგად ეხმიანება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მოსაზრებებს, რომლებიც მშვიდობის ქვაკუთხედადაა მოაზრებული.
ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს:

▪️ვიყავით თანაავტორი და ხელმომწერი ყველა საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტისა, რომელიც რუსულ აგრესიას გმობდა;
▪️გამოვრიცხეთ რუსეთზე დადებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა;
▪️მივაწოდეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას;
▪️შევიფარეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად.

თუმცა, ღია და ფარული წნეხის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვიწესებია ორმხრივი სანქციები რუსეთისათვის და არც სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეგვიზღუდავს, ვინაიდან, ნათელი იყო, რომ ამგვარი ესკალაცია რუსეთისათვის საგრძნობი საერთოდ არ იქნებოდა, საქართველოსთვის კი, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო გარანტიების არარსებობის პირობებში, ეკონომიკურ კოლაფსსა და ახალ ომს გამოიწვევდა.


უკრაინის მიმართ ჩვენი ქმედითი სოლიდარობის მიუხედავად, ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გაუგებარი აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ უკრაინის მთავრობამ საქართველოდან ელჩი გაიწვია, თავად ზელენსკიმ კი საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო შეკრებას მიმართა სიტყვებით, რომ „ქართველი ხალხი უკეთესი იყო, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება“, რითაც ცხადად წააქეზა საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველმა, ღიად მოგვიწოდეს, ძალით დაგვებრუნებინა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ „ბომბები ერჩივნათ იმ სირცხვილს“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია.

დასავლეთის ზოგიერთი დედაქალაქის რეაქციაც არ იყო ამაზე უკეთესი. იმ ფონზე, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი თავად მოგვიწოდებდნენ „სტრატეგიული მოთმინებისაკენ“, მათ ახლა, მოულოდნელად, ჩვენი მთავრობისაგან რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიციის დაკავება მოითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პოზიცია განმეორებითი სამხედრო კონფლიქტის მომაკვდინებელ საფრთხეს შეიცავდა. და ეს ყველაფერი ხდებოდა რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიისა თუ ეკონომიკური სოლიდარობის შემოუთავაზებლად.

უკრაინის ომის პირველი დღეებიდანვე საქართველოს მოუწია გაეძლო საშინაო და საერთაშორისო წნეხისათვის, რათა თავიდან აგვერიდებინა რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმა.

▪️2022 წლის ზაფხულში საქართველოს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მოწინავე ქვეყანა ვიყავით აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატში, ევროკავშირის ყველა ინდიკატორის მიხედვით, და დღემდე ვრჩებით, ბევრი ნიშნით, მოწინავე ქვეყნად ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. ამ გადაწყვეტილებამ რადიკალური ოპოზიციისა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მიერ მართული პროტესტის ტალღა გამოიწვია.

▪️2023 წლის და, შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონის“ მიღების გაპროტესტების საბაბით, რადიკალურ ოპოზიციასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს მიეთითათ, მოეწყოთ ძალადობრივი დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. ასევე, დაიწყო ორკესტრირებული საერთაშორისო კამპანია საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით.

▪️2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე იმ საბაბით, რომ არჩევნები გაყალბდა, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო მოხსენება არაფერს ამის მსგავსს არ შეიცავდა. ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი კიდევ უფრო ძალადობრივი გახდა, ხოლო დასავლეთის ზოგიერთი მთავრობის მხრიდან ამ ძალადობის შეფასება გამაოგნებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათ „მშვიდობიანად“ მოიხსენიებდნენ, ხოლო საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურ რეაქციას „ძალადობრივს“ უწოდებდნენ.

როგორც ქვეყნის შიდა რადიკალების, ასევე მათი უცხოელი მფარველების მხრიდან გამუდმებული წნეხის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა დანაღმულ ველზე ქვეყნის მშვიდობიანი გაყვანა. ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ორიენტირი, რომელმაც საშუალება მოგვცა, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით წაგვეყვანა, იყო ჩვენი ხალხის სიბრძნეში რწმენა და ეროვნული ინტერესების ერთგულება.


2009 წლის მარტში, რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან სულ რამდენიმე თვეში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, „გადატვირთვის“ სიმბოლური ღილაკი გადასცა. მომდევნო წელს, ამერიკელმა და დასავლელმა სამხედროებმა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღნიშვნაში. საქართველო მიგდებული აღმოჩნდა. დასავლეთში ეს სამარცხვინო ფაქტი ვერც კი შენიშნეს, მაგრამ საქართველომ საჭირო გაკვეთილი მიიღო.

როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის ოქტომბერში არჩევნებში გაიმარჯვა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სუვერენიტეტის დაცვისათვის ზრუნვა დაიწყო და წარმატებასაც მიაღწია ეროვნული ინტერესების დაცვაში. ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დავაყენეთ, ვიდრე საერთაშორისო სოლიდარობის ნებისმიერი ყალბი ფილოსოფია, რომელიც ჩვენ მანამდე უკვე გამოცდილი გვქონდა, როდესაც, საბჭოთა ოკუპაციის ათწლეულებში, საქართველოს ეროვნული მისწრაფებები „კომუნისტური ინტერნაციონალის პროლეტარული სოლიდარობის“ სახელით ითრგუნებოდა. ამის მსგავსად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გვიბიძგებდნენ იქითკენ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ახალი ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის გაუგებარი მოთხოვნებისთვის დაგვექვემდებარებინა.

ეს არ მოხდება, მით უმეტეს, „ქართული ოცნების“ მმართველობისას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 საჭიროა, არსებობდეს მედიასტანდარტების დაცვის მექანიზმი, ხელისუფლების სურვილი არ არის, მედია ცენზურის ქვეშ იყოს -ირაკლი ქადაგიშვილი

x

საჭიროა, არსებობდეს მედიასტანდარტების დაცვის მექანიზმი, ხელისუფლების სურვილი არ არის, მედია ცენზურის ქვეშ იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოში მედიასტანდარტი ისედაც არსებობს, მაგრამ ამ სტანდარტის აღსრულება არ ხდება.

„მედიასთან დაკავშირებით ყველაზე გამოცდილი და ტრადიციული კანონმდებლობა, ბრიტანული მოდელი ავიღეთ. არის თუ არა ეს, მედიის ჩარჩოებში მოქცევა? მედიასტანდარტი ისედაც არსებობს, მაგრამ საქართველოში ამ სტანდარტის აღსრულება არ ხდება, აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. ფაქტია, თვითრეგულაციამ არ იმუშავა. აქედან გამომდინარე, საჭიროა, მედიასტანდარტების დაცვის მექანიზმი არსებობდეს. ხელისუფლების სურვილი არ არის, რომ მედია ცენზურის ქვეშ იყოს. ამ ხელისუფლების პირობებში არცერთ მედიასაშუალებას რაიმე სისტემური ან სხვა სახის პრობლემა არ შეჰქმნია, რადგან ეს არ არის ამ ხელისუფლების მიზანი და ხასიათი. მოცემულობა და ფაქტია, რომ მედიასივრცე დღეს დაზიანებულია. სწორედ ამას სჭირდება მოწესრიგება, დარეგულირება. ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიარეგულაციები არსებობს და იქ მაღალი სტანდარტის მიღწევის საშუალებას თუ ნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში საპირისპიროს რატომ უნდა ნიშნავდეს?“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ლეღვთახევში, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ლეღვთახევის ტერიტორიაზე,უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტირება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზეგანხორციელდადა ტერიტორიაზე ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ლეღვთახევში სარეაბილიტაციო სამუშაოები გვაქვს დაწყებული. ტერიტორიაზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო – დაწყებულია ფერდის გამოფიტვა და ქვათაცვენის საშიშროება არსებობდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სივრცე მთლიანად გამაგრდეს. სამუშაოდ რთული ადგილია და მოგვიწია დროებითი პლატფორმის მოწყობა.პროექტის დასრულებას ვგეგმავთ აგვისტოში. გვინდა, რომ ტერიტორია სექტემბრიდან გაიხსნას, თუ რაიმე დამატებითი არ გამოჩნდა. არის კონკრეტული ადგილები, სადაც ფერდები კიდევ უფრო მეტად გამოფიტულია და მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტულიადგილები, სადაც ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული სივრცე იქნება სრულიად უსაფრთხო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ქვათაცვენისა და კლდეზვავური პროცესების წარმოქმნა-განვითარების რისკის მოხსნამდე, ტურისტებისთვის ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი პაპავა, ასევე, კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და რაიონისმაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

 ძალიან მძიმეა, რაც უკრაინაში მოხდა, აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს შეთანხმება და ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაერო-ში აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციას -კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, სამი წელი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან გავიდა, საქართველოს ხელისუფლებისთვისაც რთული იყო, ვინაიდან მასზე დიდი ზეწოლა მიმდინარეობდა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა.

„არ იყო მარტივი. თქვენ გახსოვთ, თუ როგორი შემოტევა მიდიოდა საქართველოს ხელისუფლებაზე, რა ზეწოლა იყო. იყო უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარები, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, დავდექით ძალიან მტკიცედ. ამ გამოწვევას მივუდექით ძალიან პრინციპულად და გავატარეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები – არ შევუერთდით სანქციებს, რომელიც იქნებოდა დამანგრეველი საქართველოს ეკონომიკისთვის, მეორე ფრონტის გახსნით კი, შეიძლება, სახელმწიფოებრიობა საერთოდ დაგვეკარგა. დღეს მარტივია საუბარი ამ ყველაფერზე, მაგრამ გახსოვთ, თუ რამხელა შემოტევა იყო იმ უსამშობლო რადიკალების მხრიდან, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ, აგენტურა მაქვს მხედველობაში, ასევე გარეთა ძალები. ამასთან დაკავშირებით ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი ისაუბრა და მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა „დიფ სთეითის“ დამარცხება, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. შესაბამისად, ძალიან რთული იყო ეს სამი წელი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მისივე თქმით, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, შესაბამისად, საქართველომ მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ გაერო-ში წარდგენილ სამშვიდობო რეზოლუციას.

„ძალიან  კარგი იქნებოდა, რომ მომხდარიყო ამ ომის თავიდან არიდება, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. ჩვენ იმიტომ ვართ პოლიტიკაში და იმიტომ გვირჩევს ხალხი, რომ საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას. სამწუხარო და ძალიან მძიმეა, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ რეზოლუციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა გზით შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება, მერი ამბობს, რომ პოლიტიკოსებს იმისთვის ირჩევს ხალხი, რომ მათ ქვეყანას საფრთხეები აარიდონ.

„ჩვენ, პოლიტიკოსები, რატომ ვართ პოლიტიკაში? ცხადია, არსებობს გამოწვევები. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ამ აგენტურის ნებისმიერი  წარმომადგენელი და არა „ქართული ოცნება“, საქართველოში გვექნებოდა იგივე კატასტროფული მდგომარეობა, რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს, გამოვლილი გვაქვს 2008 წლის ომი, ყველას კარგად გვახსოვს, რამხელა უბედურება მიიღო ქვეყანამ და დღესაც ვერ მოგვიშუშებია ჭრილობები. შესაბამისად, პოლიტიკაში იმისთვის ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას და ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თუნდაც რომელიმე უფრო დიდ, ძლიერ ქვეყანას, მისი ინტერესები იყოს გატარებული ჩვენი ქვეყნის მკვლელობის, გაუბედურების ხარჯზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 ევროკავშირის მინისტერიალისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს-კახა კალაძე

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრისგან საქართველოს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდი საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულების თვალსაზრისით გამორჩეული იყო.

„ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში იმდენი უსამართლო გადაწყვეტილებისა და უსაფუძვლო განცხადების  მომსწრენი ვიყავით, რომლებიც სიცრუეს ეფუძნება, რომ, შესაბამისად, მინისტრების შეხვედრისგან არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდები. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდება და ამ მიმართულებით  კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, თუმცა, ყველას თავისი პრობლემა აწუხებს, და ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვზრუნავთ. შესაბამისად, დავაკვირდებით პროცესებს – რეალურად იქნება თუ არა გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში. ამას როგორ დავინახავთ? რა თქმა უნდა, ეს აისახება საქართველოსთან ურთიერთობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე ადრე დაიწყო საუბარი, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ღრმად აქვთ ფესვები გადგმული.

„ეს უდიდესი პრობლემაა. ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით კონკრეტული დაჯგუფებების მიერ დაორგანიზებულ განცხადებებს. მათი მთავარი მიზანი და სურვილი იყო, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიღწევა, რათა თავიანთი აგენტურა მოეყვანათ ხელისუფლებაში, რომელიც რასაც დაავალებდნენ, იმას გააკეთებდა და ქვეყანა გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, რაც უმძიმესი იქნებოდა საქართველოსთვის. ჩვენ დავრწმუნდებით, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხებულია მაშინ, როდესაც საქართველოსთან მიმართებით განსხვავებული დამოკიდებულება იქნება და ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყება, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“დაესწრება თუ არა დონალდ ტრამპი მოსკოვში გერმანიასთან ომში გამარჯვების ტრადიციულ ზეიმს”-Le point

ფრანგული ჟურნალ „ლე პუენში“ (Le point) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დაესწრება თუ არა დონალდ ტრამპი მოსკოვში გერმანიასთან ომში გამარჯვების ტრადიციულ ზეიმს“ (ავტორი – ფრანსუა-გიომ ლორენი). მართალია, აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მოსკოვში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების ტრადიციულ დღესასწაულს არ დაესწრება (რაც ამ ეტაპისათვის კრემლმაც დაადასტურა), მაგრამ 9 მაისამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას: 

ვლადიმერ პუტინისათვის 9 მაისი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის მეორე მსოფლიო ომში – რუსეთისათვის „დიდ სამამულო ომში“ – გერმანიაზე გამარჯვების თარიღი. ეს ის ომია, რომელიც უფლებას აძლევს კრემლს ამტკიცოს, რომ მთელი მსოფლიო საბჭოთა კავშირზე უნდა ლოცულობდეს, რომელმაც ფაშისტური გერმანია დაამარცხა და პლანეტა ჯიტრელის მონობას გადაარჩინა. 9 მაისი სიმბოლური დღეა რუსეთისათვის: მოსკოვს იალტისდროინდელი  რეალობის დაბრუნება სურს, როცა კომუნისტებს მთელი აღმოსავლეთი ევროპა ჰქონდათ ოკუპირებული და „გაწითლებული“. 9 მაისი ვლადიმერ პუტინისათვის ის დღეა, როცა იგი სიტყვით გამოდის და მე-20 საუკუნის ისტორიულ მოვლენას საკუთარი შეხედულებით „ჭრის და კერავს“.

„საბჭოთა საინფორმაციო ბიუროსაგან…“

ის, რაც 1945 წლის მაისში მოხდა, ევროპისათვის და რუსეთისათვის განსხვავებულ დღეებში აღინიშნება – კაპიტულაციის აქტს ხელი 8 მაისს მოეწერა, გვიანი საღამოს 23 საათზე, როცა მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო, ღამის პირველი საათი. ამიტომ გამარჯვების დღე დასავლეთში 8 მაისს აღინიშნება, რუსეთში კი – 9 მაისს.

სხვათა შორის, უფრო მეტი სიზუსტე რომ დავიცვათ, კაპიტულაცია სინამდვილეში ქალაქ რეიმსში 7 მაისს გაფორმდა, ცენტრალური ევროპის დროით, ღამის 2 საათსა და 41 წუთზე, რომელიც იურიდიულ ძალაში შედიოდა 8 მაისს,  გვიან საღამოს 23 საათსა და 01 წუთზე. იოსებ სტალინმა მოითხოვა, რომ კაპიტულაციის აქტი სწორედ ბერლინში მომხდარიყო და ამიტომ სცენა მეორედ გათამაშდა – გამარჯვებული და დამარცხებული ქვეყნების დელეგაციები ამჯერად ბერლინის გარეუბან კალრჰორსტში შეიკრიბნენ… და შემდეგ უკვე 9 მაისი ისე დაწესდა, როგორც ზემოთ ვთქვით.

როგორ გამარჯვებას იზეიმებდნენ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, 9 მაისს წითელი მოედანზე აღმართულ ტრიბუნაზე რომ მდგარიყვნენ? ალბათ, არა იმდენად 1945 წლის მაისში მიღწეულ გამარჯვებას, არამედ უფრო თავიანთს, საკუთარს – უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების დასრულებას და ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელიც აშშ-ის სპეცწარმომადგენელ ტიმ კელოგის გეგმით… 9 მისს უნდა დასრულდეს. თუ ყველაფერი, დავუშვათ და ისე მოხდება, როგორც თეთრ სახლს და კრემლს აქვთ ჩაფიქრებული, მაშინ 2025 წლის 9 მაისის ტრიუმფით უპირველესად ვლადიმერ პუტინი ისარგებლებს, რომელიც უკრაინას ნაცისტურ ქვეყანას უწოდებს. ანუ პუტინისებურად ასე გამოდის: გერმანულ ნაციზმზე გამარჯვებიდან 80 წლის შემდეგ რუსეთი მეორეზე – უკრაინულ ნაციზმზეც იმარჯვებს.

აშშ-ის ლიდერი კრემლის ტრიბუნაზე? ეს ადრეც მომხდარა…

მართალია, დონალდ ტრამპს უკრაინა ნაცისტურ და ჰიტლერულ ქვეყნად არ შერაცხავს, მაგრამ მან უკვე გამოიყენა ტერმინი „დიქტატორი“ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. თუ აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავა, მაშინ მისი ნაბიჯი მთელი მსოფლიოსათვის უფრო მეტად იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მისთვისაც უკრაინა ფაშისტურ ქვეყანას წარმოადგენს.

არადა, კაცმა რომ თქვას, აშშ-ის პრეზიდენტები 9 მაისს მოსკოვში რამდენჯერმე იყვნენ: 1995 წლის 9 მაისს – დემოკრატი ბილ კლინტონი, ბორის ელცინის მიწვევით: მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა ირანის, ბოსნიისა და ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, ორივე პრეზიდენტმა ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინეს, ხოლო 2005 წლის 8-9 მაისს მოსკოვში იყო ჩასული რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშ-უმცროსი, ვლადიმერ პუტინის მიწვევით…

სავარაუდოდ, არ არის გამორიცხული, რომ 2025 წლის 9 მაისს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთად უყურონ კრემლის ტრიბუნიდან წითელ მოედანზე მიმდინარე სამხედრო  აღლუმს… ამ შემთხვევაში ეს იქნება გამარჯვების სიმბოლური ფიალის ბოლომდე შესმა ევროპელთა დასანახად, რომლებიც თავიანთ ტელევიზორის ეკრანებზე ნახავენ, თუ როგორ ესალმებიან  რუს ჯარისკაცებს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები!

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

“ქართველი მხატვარი საპროტესტო აქციებში: “ერთადერთი გამოსავალი წინააღმდეგობის გაწევაა”- Der Tageszeitung

გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Der Tageszeitung) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ნიდერლანდებში (უტრეხტში) მცხოვრებ ქართველ მუსიკოსთან და კომპოზიტორთან ანუშკა ჩხეიძესთან, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. პუბლიკაციის სათაურია „ქართველი მხატვარი საპროტესტო აქციებში: „ერთადერთი გამოსავალი წინააღმდეგობის გაწევაა“ (ესაუბრება შტეფან გრეინერი).

„ანუშკა ჩხეიძე 1997 წელს ხარაგაულში დაიბადა და გაიზარდა. დაინტერესდა ელეტრონული მუსიკით და ამ სფეროში – ციფრულ მუსიკაში – ცოდნა ჯერ გერმანიაში და შემდეგ ნიდერლანდებში გაიღრმავა“, – ნათქვამია ინტერვიუს შესავალში.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

– თქვენ უტრეხტში ცხოვრობთ, მაგრამ ახლა თბილისში გესაუბრებით – აქტიურად მონაწილეობთ ქვეყნის მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ავტორიტარული და პრორუსული კურსის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში. რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა?

– არ შემეძლო მღელვარების გარეშე მეყურებინა ტელევიზორში საზღვარგარეთიდან, თუ როგორ სცემდნენ პოლიციელები ქართველ ხალხს. ეს საშინელებაა, ამიტომ დავბრუნდი თბილისში და პროტესტანტებს შევუერთდი… მართალია, დემონსტრაციებში მონაწილეობა ბევრ დროს მართმევს – სასამართლოდან მივდივარ პარლამენტის წინ, შემდეგ ტელეეთერში გამოვდივარ ხოლმე… მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ქვეყანას ჩვენი დახმარება ჭირდება. პროტესტებმა კონკრეტულ შედეგებამდე უნდა მიგვიყვანოს…

– თქვენ ახლაც აგრძელებთ თქვენს მუშაობას მუსიკაში?

– რთულია ასეთ დროს [შემოქმედებითი მუშაობა]. აი, ახლა, მეტროთი უნდა წავიდე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის მისაღებად, რადგან მე ვეწინააღმდეგები ყოველგვარ უსამართლობას.  უცხოეთიდან მირეკავენ პროექტებში მონაწილეობის მიზნით, მაგრამ ბევრი რამ გადავდე. ვხედავ, რომ საქართველო კრიტიკულ წერტილს უახლოვდება. ბევრი ხელოვანისთვის შეიძლება ასეთი ვითარება შთამაგონებელია, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის. მე უპირატესობას მივანიჭებდი დემონსტრაცია ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამეტარებინა და არა მუსიკის ისეთ მოღვაწეებთან ერთად, რომლებიც თავიანთ ნაწარმოებებს პროტესტების დროს ქმნიან.

– თქვენ ელოდებით, რომ საპროტესტო აქციებში ისევ 300 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობს?

– უკვე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სიტუაცია დაძაბული იყო. ამას დაემატა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკებას წყვეტსო… დაიწყო აქციები დაახლოებით 300 000 ადამიანის მონაწილეობით, რასაც მთავრობის მხრიდან რეპრესიები მოჰყვა. ვფიქრობდი, რომ სიტუაცია დაწყნარდებოდა, თუ ხელისუფლება განმეორებით არჩევნებს დანიშნავდა და პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდა. მაგრამ რადგანაც ასე არ მოხდა, იძულებულნი ვართ პროტესტები გავაგრძელოთ. თუმცა მგონია, რომ აქციის მონაწილეთა ძალები იწურება.

– თქვენ, ალბათ, მხედველობაში გაქვთ ქართული კულტურის მოღვაწეთა საპროტესტო აქციები. რაში გამოიხატება მათი აქციების აზრი?

– მსახიობთა გაფიცვები თეატრებში გასულ დეკემბერში დაიწყო, შემდეგ მათ მხარი დაუჭირეს მუსიკოსებმაც, სოლიდარობის ნიშნად. გერმანიაში, როგორც ვიცი, არსებობს წესი, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს დავები შრომით კოლექტივსა და ხელმძღვანელობას შორის, ჩვენთან, საქართველოში კი ამ მხრივ პროფკავშირები საერთოდ არ არიან. როცა შენს გვერდით ადამიანს სცემენ, თეატრში სპექტაკლების დადგმას და მათში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია აქციებში მუშათა კლასის მონაწილეობაც, ანუ საყოველთაო გაფიცვა. ამასთან, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თვითონ გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა.

– მოიტანა თუ არა შედეგები აქციებმა?

– გარკვეულ მომენტში აქტიურობის პიკი ნამდვილად იყო. ამჟამად ადამიანები სამსახურებს უბრუნდებიან. თანდათანობით ისევ გაიხსნა კულტურის დაწესებულებები, ბარები და კლუბები. მათ შემოსავლები შემოაკლდათ და ის უნდა აინაზღაურონ. შემოსავლების გარეშე ისინი ვერ იარსებებენ. გაფიცვა გრძელდება მხოლოდ კინოსა და თეატრის მსახიობებს შორის – ალბათ, იმიტომ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე არის უკანონოდ დაპატიმრებული. ვფიქრობ, აქციები უნდა გაგრძელდეს, სანამ ყველა პატიმარი არ იქნება გათავისუფლებული.

– არ გეშინიათ, რომ თქვენც დაგაპატიმრონ?

– ყოველდღე მეუფლება შიშის გრძნობა. გუშინ, მაგალითად, კრიტიკული სიტუაცია იყო, აქციას სასამართლოს წინ ვატარებდით. ჩვენ ცოტანი ვიყავით და პოლიციის გაძლიერებული დაცვის წინაშე აღმოვჩნდით. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები შეტყობინებას იღებენ – მიტინგებში მონაწილეობისათვის პასუხისმგებლობა გეკისრებათო. ზოგჯერ პოლიციელები აქციის მონაწილეებს ჯიბეში ჩუმად ნარკოტიკებს უდებენ და შემდეგ იჭერენ… ან საიდუმლოდ იწერენ საუბრებს. ანდრო ჭიჭინაძე და სხვები საპყრობილეში ყალბი ვიდეოჩანაწერების შედეგად აღმოჩნდნენ. შესაძლოა მათ დიდხანს მოუწიოთ ციხეში ყოფნა. რა თქმა უნდა, მეც მეშინია, მაგრამ პროტესტის გარდა, სხვა გამოსავალი არ არის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო

PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო.

PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი.

მომხმარებლები ფულადი ვაუჩერის კოდს SMS-ის სახით მიიღებენ, შენაძენის გაკეთებიდან მეორე დღეს.

ფულადი ვაუჩერის გამოყენებას მომხმარებელი PSP-ს აფთიაქებში 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ნებისმიერ შენაძენზე შეძლებს.

“PSP კვლავ განაგრძობს სიახლეების შეთავაზებას. მომხმარებელს ყოველ 100+ ლარიან შენაძენზე საჩუქრად 10ლ ფულადი ვაუჩერი გადაეცემა; ყოველ ახალ შენაძენზე დაჯამების გარეშე, ერთი ვაუჩერის გამოყენებას შეუძლია. მომხმარებლისთვის საინტერესო აქციების, აქტივობების, ფასდაკლებების, სარგებლიანი ვაუჩერებისა და მრავალფეროვანი შეთავაზებებით კომპანია ყველა ასაკის და გემოვნების მომხმარებლის ინტერესსა და საჭიროებას პასუხობს. სწორედ ამიტომ ირჩევს ყოველთვიურად 2 მილიონი მომხმარებელი თავისი „ოჯახის აფთიაქად“.- აცხადებენ PSP-ში.

(R)

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების მესამე წლისთავზე კიევში ჩავიდნენ.

„უკრაინაში, უკრაინის შესახებ, უკრაინასთან“, – დაწერა ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაში ჩანს, ევროკავშირის ლიდერებს კიევის რკინიგზის სადგურში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდნენ.

„რუსეთის სასტიკი ინტერვენციის მესამე წლისთავზე, ევროპა კიევშია. ჩვენ ვართ კიევში დღეს, რადგან უკრაინა არის ევროპა. გადარჩენისთვის ამ ბრძოლაში სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედია. ეს ევროპის ბედია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ჩემთვის პრიორიტეტია ევროპის სწრაფად გაძლიერება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას აშშ-ისგან, ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ თავხედური იყო, ვიდრე ჩარევა მოსკოვიდან -ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და ევროპას აშშ-ისგან დისტანცირებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, სადაც ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ დებატები გაიმართა.

„მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ბევრ პრემიერ-მინისტრთან და ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებთან და ჩემთვის პრიორიტეტია ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას აშშ-ისგან. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა მსგავსი რამის თქმა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის უკანასკნელი განცხადებების შემდეგ ნათელია, რომ ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში ამ ამერიკელებს, ამ ადმინისტრაციას ძირითადად არ აინტერესებთ ევროპის ბედი“, – აღნიშნა მერცმა.

მან ასევე განაცხადა, რომ გაურკვეველია, რა ელოდება ნატო-ს მომავალში და მოუწევს თუ არა ევროპას სწრაფი მოქმედება საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად. მერცმა ასევე გააკრიტიკა ილონ მასკი გერმანიის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო.

„ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ მკვეთრი, დრამატული და, საბოლოო ჯამში, არანაკლებ თავხედური იყო, ვიდრე ჩარევა, რომელიც მოსკოვიდან ვიხილეთ“, – აღნიშნა მერცმა.

შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 29 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16 პროცენტი აქვს.

უამინდობის გამო საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზეც. დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათ ურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.  

დიდთოვლობის გამო რკინიგზა რეისებს აუქმებს

დიდთოვლობის გამო რკინიგზა რეისებს აუქმებს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაუქმებულია დღევანდელი რეისები: ოზურგეთი-თბილისი; ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; რიონი-ქუთაისი-რიონი და ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის რეისები.

უქმდება 25 თებერვლის შემდეგი რეისებიც: თბილისი-ოზურგეთი; რიონი-ქუთაისი-რიონი; ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი და ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმის რეისი.

გაუქმებულია 26 თებერვალს დაგეგმილი ოზურგეთი-თბილისისა და რიონი- ქუთაისი-რიონის რეისიც.

მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.