Home Blog Page 29

საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა – მაკა ბოჭორიშვილი მაკრონის განცხადებაზე

საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინფორმაციების საფუძველზე იქმნება არასწორი აღქმები.

„საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. ესეც ალბათ მან უნდა იცოდეს. თუ არ იცის, ეს ალბათ საფრანგეთის ელჩს უნდა ვკითხოთ რამდენად სწორად ახდენს ინფორმირებას საკუთარი ხელისუფლების საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინფორმაციების საფუძველზე იქმნება არასწორი აღქმები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი იყო ჩარეული.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა ოჯახებს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით უსამძიმრებს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს სოლიდარობას უცხადებს.

„ღრმად დამწუხრებული ვართ ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები დაშავებულებთანაა და ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ მძიმე დროს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას – შალვა პაპუაშვილი კაუმას განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ინტერვიუს „რადიო თავისუფლებისთან, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

კერძოდ, პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც პია კაუმა აცხადებს, რომ გარედან არავინ უნდა თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა, ვინაიდან, ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებს.


„„მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას“, – აუხსნა უცხო ქვეყნის ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას შესაბამისი პასუხი მოჰყვება – ისრაელ კაცი

დასავლეთ სანაპიროზე გუშინ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას შესაბამისი პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა შემთხვევის ადგილზე ვიზიტისას განაცხადა.

„ეს უღირსი, სასიკვდილო ტერორისტული თავდასხმა, რომელიც გუშინ აქ მოხდა, რეალურად ომის აქტს წარმოადგენს და მას შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ცნობისთვის, გუშინ დასავლეთ სანაპიროზე, სოფელ ალ-ფუნდუქთან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა და 8 დაშავდა. დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ.

„მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, „მეფე ლირი“ გაუქმდა – ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები: „მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, „მეფე ლირი“ გაუქმდა. მიზეზი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში ყოფნაა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ, 8, 9, 20, 21/01 „მე გადმოვცურავ ზღვას”; 13 / 01 ” ალუბლის ბაღი”; 22 /01 „მეფე ლირი” გაუქმდა.

ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე TKT.GE ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი ) გილოცავთ შობას. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციამ ზუსტად ის „რუსული შობა“ იზეიმა, რომელსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ უარყოფდა – შალვა პაპუაშვილი

წინა შობას მე დავწერე ასეთივე პოსტი, რათა მემხილებინა ცილისმწამებლური კამპანია ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მიმართ ფსევდოლიბერალური რადიკალების მხრიდან და გაგიკვირდებათ, მაგრამ წელს ქართულმა ოპოზიციამ, სასწაულებრივი გარდაქმნის აქტის შემდეგ, ზუსტად ის „რუსული შობა“ იზეიმა, რომელსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ უარყოფდა, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„წინა შობას მე დავწერე ასეთივე პოსტი რათა მემხილებინა ცილისმწამებლური კამპანია ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მიმართ ფსევდოლიბერალური რადიკალების მხრიდან. აი ამონარიდი: „ეკლესიაზე თავდასხმის მიზანი არის 7 იანვრის თარიღის კომპრომეტირება, როდესაც შობა აღინიშნება (ანუ 25 დეკემბერს იულიუსის კალენდრით, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია მიჰყვება). ოპოზიციამ გამოიყენა ეს სუფთა კანონიკური საკითხი, რომელიც კალენდრების სხვაობას ეხება და უწოდა დღესასწაულს „რუსული შობა“. თქვენ შეიძლება გაოცებულები დარჩეთ, მაგრამ ამ წელს ქართულმა ოპოზიციამ, სასწაულებრივი გარდაქმნის აქტის შემდეგ, ზუსტად ის „რუსული შობა“ იზეიმა, რომელსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ უარყოფდა“, – წერს პაპუაშვილი.

უკრაინამ 400 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა და ომის კიდევ ერთი წელი, შესაძლოა, ვერ გადაიტანოს -The Washington Post

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება, კრიტიკულ წერტილს მიუახლოვდა, და უკრაინა ომის წაგების წინაშე აღმოჩნდა. სტატიას ამ შინაარსით The Washington Post-ი ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის მტკიცებით, შემდეგ რამდენიმე კვირაში გამოჩნდება, შეძლებს თუ არა უკრაინა არსებობას, როგორც სუვერენული სახელმწიფო საკუთარ საზღვრებში.

The Washington Post-ის სტატიაში აღინიშნება, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე აკონტროლებს და ყოველ დღე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიიწევს წინ, განსაკუთრებით პოკროვსკისა და კურახოვოს რაიონებში.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, რომლებმაც გასული წლის აგვისტოში რუსეთის კურსკის ოლქი დაიკავეს, დაკავებული ტერიტორიების 40% უკვე დაკარგეს. ისინი ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე დგანან.

„უკრაინა აგრეთვე საკუთარ ჯარისკაცებს ისეთი სისწრაფით კარგავს, რომ ეს მას ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობას აცლის. ოფიციალური დანაკარგი 400 ათასს მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს, თუმცა ეს ციფრიც ძალიან შეკვეცილია“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტის წინა ხაზიდან გარბის.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა დამანგრეველი ომის კიდევ ერთ წელს გაუძლოს. მაგრამ მოლაპარაკებების გზით პრობლემის გადაწყვეტის ძიებაში გამოვლენილი სიჩქარე, შესაძლოა, კონფლიქტის ცუდ დარეგულირებამდე მივიდეს, რაც პუტინისთვის წართმეული ტერიტორიებისთვის ჯილდო იქნება და მას ახალი შეტევის დაწყების გარანტიას მისცემს, როგორც კი მას დაქანცული არსენალის აღდგენის საშუალება მიეცემა“, – აღნიშნავს The Washington Post-ი.

ამასთან ერთად, ომის სასწორის პინაზე ნატოსა და აშშ-სადმი ნდობის საკითხი დევს. კონფლიქტის ცუდი დარეგულირების შემთხვევაში, უკრაინელები მთელ ჯავრს დასავლელ პარტნიორებზე იყრიან და მათ ღალატში დაადანაშაულებენ.

 ყველამ თავის თვალში დაინახოს ბეწვი, სხვის თვალში დირეს ძებნის მაგივრად -ირაკლი ქადაგიშვილი

სამწუხაროა, როდესაც ისეთი დიდი ქვეყნის, როგორიც საფრანგეთია, პრეზიდენტი არაკომპეტენტურია. სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა და ამიტომ, ვერავითარ ჩაყრაზე აქ ვერ იქნება საუბარი, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შეფასებისას.

„როდესაც ასეთ არაკომპეტენტურ ინფორმაციაზე ან არაკომპეტენტურ ანალიზზე ეყრდნობა რაიმე განცხადება, ეს განცხადება ფასს კარგავს. კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ ყველამ თავის თვალში დაინახოს ბეწვი, სხვის თვალში დირეს ძებნის მაგივრად“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი იყო ჩარეული.

 საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ წარმატებით დაიცვა შობის დღესასწაული ფსევდოლიბერალების თავდასხმისგან და საბოლოოდ, ისინი აიძულა, დღესასწაული თავადაც ეღიარებინათ -ირაკლი კობახიძე

შარშან, შობა დღეს, როდესაც ფსევდოლიბერალები 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს დაესხნენ თავს, მე მათ ვუსურვე, ჭეშმარიტებას ზიარებოდნენ. მიხარია, რომ ჩემი ნატვრა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ახდა, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ფსევდოლიბერალებს 7 იანვარს შობის აღნიშვნის წინააღმდეგ წელს სიტყვა არ დასცდენიათ და დღესასწაულისთვის, შარშანდელისგან განსხვავებით, არც „რუსული შობა“ უწოდებიათ.

„შარშან, შობა დღეს, როდესაც ფსევდოლიბერალები 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს დაესხნენ თავს, მე მათ ვუსურვე, ჭეშმარიტებას ზიარებოდნენ. მიხარია, რომ ჩემი ნატვრა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ახდა.

ფსევდოლიბერალებს 7 იანვარს შობის აღნიშვნის წინააღმდეგ წელს სიტყვაც არ დასცდენიათ და დღესასწაულისთვის, შარშანდელისგან განსხვავებით, არც „რუსული შობა“ უწოდებიათ. მეტიც, 7 იანვარს მათ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლების მსგავსად, შობა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გალობითაც კი აღნიშნეს”, – წერს პრემიერი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ყველგან და ყველაფერში გახლეჩილი იყოს და მას არაფერი აერთიანებდეს.

„ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ყველგან და ყველაფერში გახლეჩილი იყოს და მას არაფერი აერთიანებდეს. არ უნდა გვაერთიანებდეს არც მწუხარება და არც სიხარული, არც 8 აგვისტო და არც 7 იანვარი. ზუსტად ამ მიზნით ავალებდნენ გასულ წლებში ლიბერალებს, 7 იანვარს შობის აღნიშვნა კოორდინირებულად დაეგმოთ და დღესასწაულისთვის „რუსული შობა“ ეწოდებინათ. ბუნებრივია, დღესასწაულზე თავდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმასაც ნიშნავდა და შესაბამისად, ეს ყველაფერი ეკლესიის იმიჯის დაზიანებასაც ისახავდა თანმდევ მიზნად.

თუმცა, წელს ფსევდოლიბერალებს განსხვავებული დავალება ჩამოუვიდათ, რადგან პოლიტიკურმა დღის წესრიგმა, ფსევდოლიბერალებისკენ ფართო საზოგადოების გულის მოსაბრუნებლად, მათი მოჩვენებითი „მოქცევა“ მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფსევდოლიბერალების ეს ყალბი ფერისცვალება მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი და ამდენად, სრულიად ყალბი და მოჩვენებითია, ის მაინც საზოგადოების ჯანსაღი უმრავლესობის გამარჯვებად უნდა შეფასდეს. საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ წარმატებით დაიცვა შობის დღესასწაული ფსევდოლიბერალების თავდასხმისგან და საბოლოოდ, ისინი აიძულა, დღესასწაული თავადაც ეღიარებინათ.

ზუსტად ასევე, თუნდაც მოჩვენებითად და პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახით, ფსევდოლიბერალები უნდა ვაიძულოთ, საჯაროდ დაგმონ ლგბტ-პროპაგანდა და ე.წ. პრაიდი და მოიწონონ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

ფსევდოლიბერალებს 2025 წლის შობა დღესაც ვუსურვებ, ჭეშმარიტებას ეზიარონ, ოღონდ ახლა უკვე არა მოჩვენებითად და ფარისევლურად, არამედ მთელი გულით და შეგნებით!

საქართველოს მთავრობა თითოეული მათგანის მოქცევას სიყვარულით შეხვდება და უპასუხებს!“, – აღნიშნავს პრემიერი.

ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელება ღია მხილებაა, რასთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ, რომ ზურაბიშვილი უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა -შალვა პაპუაშვილი

ეს უკვე ღია მხილებაა, რასთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ, რომ ქალბატონი სალომე უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა საქართველოში. ეს არის სტანდარტული გზა, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა სალომე ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებასთან დაკავშირებით.

„შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი როდესაც წავიდა ხელისუფლებიდან, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მისცეს მკვლევრის სტატუსი და დასვეს. რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, ჩვენ გვახსოვს, რა როლი ჰქონდა მას და აქვს ამ არეულობებში, რომელიც საქართველოში ორგანიზდებოდა. გახსოვთ მათი პირდაპირ დაწერილი სცენარი, ქალბატონი ლორა თორნტონის. ის პირდაპირ წერდა, არჩევნები რომ ჩატარდება და აღიარებენ ამას დამკვირვებლებიო, მაინც პროტესტები იქნებაო და ამ პროტესტს უნდა დავუჭიროთ მხარიო. შემდეგ გახსოვთ, როგორი იმედგაცრუებული იყო ქალბატონი ლორა თორნტონი, გაკვირვებული იყო, კი მაგრამ მსხვერპლით როგორ არ დასრულდა ეს ძალადობრივი აქციებიო. ეს არის, საერთო ჯამში, კიდევ ერთი მხილება, რასთან გვაქვს საქმე. სირცხვილია უბრალოდ, როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ ასეთ გზაზე როცა დადგება ადამიანი, მას უკვე სირცხვილის გრძნობა აღარ აქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა.

მაკკეინის ინსტიტუტის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ, როგორც კისინჯერის სტიპენდიატი, სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს დიპლომატის, ლიდერის და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას თავის ქვეყანაში ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზისკენ სწრაფვისთვის.

 პია კაუმამაც დაინახა, რა სამარცხვინო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე, ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს, ჯერ თითქმის რუსად გამოაცხადეს და როგორც კი თქვა, არ ჩამოვდივარო, ტაში დაუკრეს- შალვა პაპუაშვილი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდიოდა, რომ შეხვედროდა ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც და ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში, ამ ყველაფერში კარგიც უნდა დავინახოთ, თავად პია კაუმამაც დაინახა, რა სამარცხვინო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე საქართველოში.

„გახსოვთ, პირველად სიტყვა პოლარიზაცია რომ ახსენა ზოგიერთმა უცხოელმა და ხელისუფლებას მოგვიწოდებდა დეპოლარიზაციისკენ, უცხოელების მხარდაჭერილი, ხელშეწყობილი, თავზე ხელგადასმული ოპოზიციის ქცევა რა იყო. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდიოდა, რომ შეხვედროდა ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც, ყველას, ვისაც მასთან შეხვედრის სურვილი ექნებოდა და ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე ჩვენ,  საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ხოლმე, ზოგი არ იჯერებდა. შეხედეს ხომ?! შეხედეს, რომ არის აბსოლუტური ექსტრემისტების ჯგუფი, პოლიტიკური რადიკალები და ექსტრემისტები, რომლებიც აბსოლუტურად ყველას გადაუვლიან. მანამდე, ქალბატონი პია ლამის რუსად გამოაცხადეს და როგორც კი მან თქვა, რომ კარგი, არ ჩამოვდივარო, შემდეგ ტაში დაუკრეს. არაადეკვატური რადიკალების ჯგუფთან გვაქვს საქმე.

მე მგონი, კარგი იქნება, გარდა ვიზუალისა, ოპოზიცია ცოტა კითხვაზეც თუ გადავა და პია კაუმას წერილსაც თუ წაიკითხავს, სადაც ის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, პრემიერ-მინისტრთან საუბარს და პარლამენტთან თანამშრომლობას ახსენებს. უბრალოდ სასაცილო, საბავშვო ბაღი აქვს მოწყობილი ოპოზიციას და მათ მფარველ უცხოელებს. რა დონესთან გვაქვს საერთოდ საუბარი და საერთო ჯამში, ბატონყმური დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას, რომ ქართველი ხალხისგან კი არ უნდა ლეგიტიმაცია, ქართველ ხალხთან საარჩევნო კამპანიაც კი არ ჩაუტარებია. მათ ლეგიტიმაცია უნდათ რომელიღაცა უცხოელი პოლიტიკოსისგან, თუ რაღაც პოლიტიკური ჯგუფისგან. კარგია, რომ ამ არჩევნებმა ეს რეალობა დაგვანახა, საბოლოო ჯამში, ვისთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“. ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს. პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთიც. მისი თქმით, „პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა“.

გუშინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო. მოგვიანებით პია კაუმამ მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია: „გმადლობთ გაგებისა და თანამშრომლობისთვის, ვიმედოვნებ, შევძლებთ ერთად მუშაობას დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების განმტკიცებისთვის“.

გრენლანდია თუ გახდება, და როდესაც გახდება ჩვენი ქვეყნის ნაწილი, მას გარე მსოფლიოსგან დავიცავთ, გავხადოთ გრენლანდია კვლავ დიადი- ტრამპი

დონალდ ტრამპი უმცროსი გრენლანდიაში ჩასვლას გეგმავს.

როგორც „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ვაჟი გრენლანდიაზე ერთი დღით ჩასვლას გეგმავს, სადაც პოდკასტისთვის ვიდეოს გადაღებას აპირებს. მას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ან პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.

„მე გავიგე, რომ გრენლანდიის ხალხი არიან MAGA. ჩემი ვაჟი და სხვადასხვა წარმომადგენელი გაემგზავრებიან იქ, რათა ეწვიონ ზოგიერთ ყველაზე შესანიშნავ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს. გრენლანდია წარმოუდგენელი ადგილია და ხალხი უზარმაზარ სარგებელს მიიღებს, თუ და როდესაც ის გახდება ჩვენი ქვეყნის ნაწილი. ჩვენ მოვუვლით და დავიცავთ მას ბოროტი გარე მსოფლიოსგან. გავხადოთ გრენლანდია კვლავ დიადი!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

კუნძული გრენლანდია არის დანიის სამეფოში შემავალი ავტონომიური ტერიტორია.